საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
25 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,[1] უმეტეს ნაწილში გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიციები და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შეფასებისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ ჩხრეკის ჩატარების მომენტისთვის არსებული ვითარება და ჩხრეკის შედეგს არ უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა.
აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ წარედგინა, რაც 2017 წლის 9 ივნისს სამართალდამცავებმა ჰიპ-ჰოპ პროექტის, Birja Mafia-ს წევრები, Young Mic და Kay-G დააკავეს ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვის ბრალდებით. რეპერების დაკავებას მაშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა და მოგვიანებით, საქმეზე არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობის გამო, პროკურატურამ ორივე დაკავებულის მიმართ შეწყვიტა საქმის წარმოება.[2] აღნიშნულმა საქმემ ნათლად გამოაჩინა როგორც მკაცრი ნარკოპოლიტიკის პრობლემურობა, აგრეთვე ე.წ. ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში პოლიციის თვითნებობის და მათი მხრიდან ნარკოტიკის „ჩადების“ საფრთხეები. აღსანიშნავია, რომ ამგვარი საქმეები, სადაც პოლიციის თვითნებობაზე და ნივთმტკიცების „ჩადებაზე“ მიუთითებს ბრალდებული, იშვიათობას არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ არის სასამართლოს 25 დეკემბრის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მომავალში მსგავსი პრაქტიკების თავიდან ასაცილებლად.
საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ სისტემურად შეაფასა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესაბამისობა კონსტიტუციის იმ დებულებებთან, რომლებიც ადგენენ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას (კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი) და გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ მტკიცებულებით სტანდარტს (კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი). სასამართლომ დაადგინა, რომ:
საკონსტიტუციო სასამართლომ თავისთავად არაკონსტიტუციურად არ ცნო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკის ჩატარება, მაგრამ განმარტა, რომ ასეთ ვითარებაში, სამართალდამცავებს ვალდებულება აქვთ, რაღაც ფორმით გადაამოწმონ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სანდოობა. ამავდროულად, უშუალოდ ოპერატიული ინფორმაციის მიღმა, უნდა არსებობდეს სხვა ფაქტი თუ ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს ჩხრეკის დასაბუთებულობაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მეტად მნიშვნელოვანია სამართლიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია სამართალდამცავებისთვის უმნიშვმელოვანეს ინსტრუმენტს წარმოაგენს, მაგრამ ამ მიმართულებით დღევანდელი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარისი გარე-კონტროლისა და გამჭვირვალობის მექანიზმბებს. გადაწყვეტილება ასევე აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის მტკიცებულებების მარეგულირებელი კანონმდებლობა სისტემურ დახვეწას საჭიროებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 1 ივლისამდე განუსაზღვრა საქართველოს პარლამენტს ვადა, რათა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ჩხრეკის შედეგად მოპოვებული უკანონო ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნის დადასტურებას სხვა ნიეტრალური მტკიცებულებებით, გარდა ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელის ჩვენებისა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ის ნორმა (ნორმის ნორმატიული შინაარსი), რომელიც უშვებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას სამართალდამცავის იმ ჩვენებით, რომელიც ეფუძნება მხოლოდ ოპერატიულ წყაროს, ძალადაკარგულია 2020 წლის 25 დეკემბრიდან. ამავე თარიღიდან არის ძალადაკარგული ის ნორმა (ნორმის ნორმატიული შინაარსი), რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად.
[1] საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ხელმისაწვდომია: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=10430 (წვდომის თარიღი: 25.12.2020).
[2] On.ge, 27 სექტემბერი, 2019. https://bit.ly/2KuwHXQ (წვდომის თარიღი: 25.12.2020).
ინსტრუქცია