საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვს ჩხრეკის მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. სარჩელი შეტანილია მოქალაქე გიორგი ქებურიას სახელით, რომელიც “ბირჟა მაფიის“ საქმის ერთ-ერთი ბრალდებულია.
საკონსტიტუციო სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის ჩხრეკის ჩატარება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რაც სისხლის სამართლის საქმეთა, განსაკუთრებით კი, ნარკოტიკული დანაშაულების გამოძიებისას დაშვებულ პრაქტიკას წარმოადგენს. EMC-იმ შეისწავლა რამდენიმე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას შეეხებოდა. ყველა შესწავლილი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა ერთგვაროვანი სამართლებრივი ხარვეზები, რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს ამ საქმეებში პოლიციის მოქმედების კანონიერების და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებასთან დაკავშირებით. “ბირჟა მაფიის” საქმეში, ისევე როგორც EMC-ის მიერ შესწავლილ ყველა საქმეში, ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლო ნებართვის გარეშე, მხოლოდ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამის მიუხედავად, ყველა სისხლის სამართლის საქმეში სასამართლომ კანონიერად ცნო ჩატარებული ჩხრეკა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ჩხრეკის ჩატარებისთვის ითხოვს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობას. თუმცა, გასაჩივრებული ნორმების შინაარსი და მათი გამოყენების პრაქტიკა მიუთითებს, რომ “დასაბუთებული ვარაუდის” სტანდარტის შესაქმნელად საკმარისად არის მიჩნეული კონფიდენტის მიერ მიწოდებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის სანდოობაც სასამართლოს მიერ შემოწმებას არცერთ ეტაპზე არ ექვემდებარება.
საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, შემდეგი გარემოებები ნათლად აჩვენებს გასაჩივრებული დებულებების არაკონსტიტუციურობას:
საკონსტიტუციო სარჩელით გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული ნორმები, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან (დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს) და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით (ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს; დაცვის უფლება გარანტირებულია).
ინსტრუქცია