საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
19 ნოემბერს გამოქვეყნდა ენერგეტიკული გაერთიანების მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშში, რომლითაც ენერგეტიკული გაერთიანება ნამახვანი ჰესის გარშემო მთავრობის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის წარმართულ უპრეცედენტოდ მასშტაბურ, მნიშვნელოვან და თავისი ფორმატით გამორჩეულ მედიაციის პროცესს დასრულებულად აცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ ენერგო-გაერთიანების მოწვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი დამოუკიდებელი საერთაშორისო სპეციალისტების მიერ სახელმწიფოსა და კომპანია "ენკა"-ს შორის დადებული ხელშეკრულებისა და ნამახვანჰესის პროექტის გარემოსდაცვითი დოკუმენტების კვალიფიციური შეფასება იყო, ეს სამწუხაროდ მიღწეული არ არის. გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიში დამოუკიდებელი შეფასებების მომზადებას, რომლის სამოქმედო გეგმა მედიაციის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებისა და ეკონომიკის სამინისტროსთან ექვსი თვის ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა, შეჩერებულად აცხადებს. პროცესი მხოლოდ პროექტის განახლების შემთხვევაში გაგრძელდება.
იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკის მინისტრის ბოლო განცხადების მიხედვით ენკას პროექტიდან გასვლისა და მისი დარჩენის შესაძლებლობები თანაბარია, მიგვაჩნია, რომ მედიატორის ეს გადაწყვეტილება, რომ მედიაციის პროცესის ამოწურვასთან ერთად შეჩერებულიყო შეფასებების პროცესიც, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სათანადო კონსულტაციებისა თუ დისკუსიების გარეშე იქნა მიღებული. სამწუხაროა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების აღნიშნული ანგარიში პასუხგაუცემელს ტოვებს მთავარ შეკითხვას ნამახვანი ჰესის პროექტის ავკარგიანობასთან დაკავშირებით, რაც უკვე წელიწადზე მეტია საზოგადოების წუხილი საგანია და თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური მოძრაობის გაჩენის საბაბიც გახდა. ნამახვანი ჰესის პროექტის შეფასების გარეშე დატოვება ისევ აჩენს რისკებს მთავრობის მხრიდან ამ პროექტის გარშემო სპეკულირებისა და თვითნებური გადაწყვეტილებების შესახებ.
ენერგო-გაერთიანების მიერ წარმოდგენილ ანგარიშში არ საბუთდება, თუ რატომ უქმდება დამოუკიდებელი შეფასებების მომზადების პროცესი მაშინ, როდესაც ნამახვანი ჰესის პროექტის პრობლემურობა და მისით გამოწვეული ზიანის მასშტაბის შესახებ ჩვენი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული პირველადი შეფასებები და ვარაუდები უკვე მართლდება. გავრცელებული ინფორმაციით, ენკას მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის მოთხოვნა, მაღალ საბიუჯეტო დანახარჯებს იგულისხმებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რის შესახებაც, ენერგო-გაერთიანების პროცესიდან გასვლით, პროექტის სათანადო სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეფასება შეუძლებელი ხდება.
გარდა ამისა, მედიაციის მონაწილე ორგანიზაციებს ექვსი თვის განმავლობაში არ დაგვიკლია მცდელობა მედიატორებისთვის მიგვეწოდებინა ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია საკანონმდებლო მოთხოვნების შეუსრულებლობისა და ფუნდამენტური დარღვევების შესახებ. თუმცა მიუხედავად ამისა, მედიაციის შესახებ წარმოდგენილი ეს ანგარიში სათანადო შეფასების გარეშე გადმოსცემს არაერთი კანონდარღვევითა და ადამიანის უფლებრივი სტანდარტის უგულებელყოფით წარმართულ პროცესს. ანგარიშის ეს ტექსტი ასევე არ აღწერს ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებულ საჩივრებს თუ სასამართლო მოთხოვნებს, იქნებოდა ეს სახელმწიფო საზედამხედველო ფუნქციების შეუსრულებლობით გამოწვეულ ჩავარდნებთან დაკავშირებით, თუ სახელმწიფო უწყებების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გადამეტების და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევების შესახებ. დამატებით, ანგარიში მშვიდობის აღდგენად აფასებს ვითარებას ხეობაში, სადაც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა დაუსაბუთებლად ნარჩუნდებოდა თვეების განმავლობაში, ხოლო პროტესტი კი ამ დრომდე გრძელდება და უკმაყოფილება ამოწურული არ არის.
შეგახსენებთ, რომ ენერგო-გაერთიანება გეგმავდა ნამახვანი ჰესის პროექტზე გაფორმებული ხელშეკრულების დამოუკიდებლად შეფასებას, რაც ამ კაბალური ხელშეკრულების ვალიდურობისა და ლეგიტიმურობის საკითხს კიდევ ერთხელ ახსნიდა და შესაძლებლობას მოგვცემდა პრევენცია მოგვეხდინა სხვა მსგავსი შეთანხმებებისა სამომავლოდ, რაც თავის მხრივ ასევე შექმნიდა საქართველოში ენერგო-პროექტების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ძირეულად გადაფასების შესაძლებლობას.
რიონის ხეობის მცველებმა ე.წ. მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე ა.წ. სექტემბერში განაცხადეს უარი, სწორედ იმ ეტაპზე, როდესაცენერგო-გაერთიანების მიერ კიდევ ერთი რევიზიის, გარემოზე ზემოქმედების შესახებ მიღებული სახელმწიფო გადაწყვეტილებების შესახებ დამოუკიდებელი შეფასებების მომზადების, საკითხი განიხილებოდა. აღნიშნულ ეტაპზე სახელმწიფო დაუსაბუთებელი არგუმენტით ეწინააღმდეგებოდა ნიდერლანდების გარემოსდაცვითი კომისიის მიერ დამოუკიდებელი შეფასების მომზადებას, ალტერნატიული შეფასებისთვის საჭირო ფინანსების მობილიზება კი ჭიანურდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ორგანიზაციები მედიაციის პროცესის შესახებ ალტერნატიულ ანგარიშის გამოქვეყნებას ვგეგმავთ, სადაც ახსნილი იქნება, ერთი მხრივ, ექვსი თვის მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი და, მეორე მხრივ, მისი საბოლოო მიღწეული თუ მიუღწეველი შედეგები.
ინსტრუქცია