საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ორი დღეა ჯავახეთში თოვს. ეს არაა პირველი თოვლი ჩვენთან. აქ თოვლის მოსვლა სხვა რეგიონებისგან იმით განსხვავდება, რომ შემდეგი 4-5 თვის მანძილზე ჯავახეთი დაიფარება თეთრი საფარით და ყინვისგან ნინოწმინდაში ტბები იყინება. ამ პერიოდში ჯავახეთში განსაკუთრებულს ვერაფერს ნახავთ, გარდა გათეთრებული მინდვრებისა და გაყინული ტბებისა. თეთრი და მუქი ლურჯი ფერები იმდენადაა ერთმანეთთან შერეული, რომ ვერ გაარჩევთ სად მთავრდება მინდორი და სად იწყება ცა.
კი, ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია, მითუმეტეს დილით მზიან ამინდზე, ყინვისგან პრიალა თოვლი პირდაპირ თვალებში გიტყამს. საღამოს კი ცა პრიალებს ვარსკლავებისგან. გეთანხმები მისტიურია.
ჩვენთან ზამთარი მშრალი და უფრო ცივია, ზაფხული - ხანმოკლე და უფრო თბილი, ვიდრე საქართველოში იმავე სიმაღლეზე მდებარე სხვა მაღალმთიან რეგიონებში. ტემპერატურის სეზონური მერყეობის მიუხედავად, დღისა და ღამის ტემპერატურათა სხვაობა შესამჩნევია. ეს ქმნის ჯავახეთის რეგიონში უმკაცრეს კლიმატს.
თოვლი ჯავახეთში ასოცირებულია არა სილამაზესთან, არამედ არაერთ გამოწვევასთან. მაგალითად, დაკეტილ და გაყინულ გზებთან, გაყინული სასმელი წყლის მილებთან, გაზიფიფიცირების არარსებობთან და გათბობის ალტერნატივაზე ფიქრი საჭიროებასთან და ა.შ., რაც აორმაგებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ ხარჯებს.
გაზიფიცირების პრობლემა, ალბათ მარტო ჯავახეთის რეგიონს არ აწუხებს, არამედ სხვა მაღალმთიანი დასახლებებსაც. თუმცა, ჯავახეთი უტყეო მხარეა. ხელოვნურად გაშენებული ფიჭვის ხეები და ბუნებრივი ტყის ფრაგმენტები ჩვენს ლანდშაფტში იშვიათადაა წარმოდგენილი და ამის გამო, ჩვენ გათბობის ბუნებრივი რესურსებიც შეზღუდული გვაქვს.
მიუხედავად ასეთი მკაცრი კლიმატური პირობებისა, ჯავახეთში (ახალქალაქი-ნინოწმინდა) 30-მდე სოფელი არაა გაზიფიცირებული. ტყის მასის არარსებობის გამო, შეშა აქ ძალიან ძვირია, ამიტომ მოსახლეობას უწევს სახლების გათბობა ბიო-საწვავით, ჯავახური წივით. აღსანიშნავია, რომ იანვარ-თებერვლის თვეებში ზოგჯერ ტემპერატურა - 25-28 გრადუსამდე ეცემა. რეგიონის მკაცრი კლიმატის გამო, ადგილობრივები გათბობის საშუალებაზე ფიქრს ზაფხულის პირველივე თვიდან იწყებენ. გათბობის ძირითად საშუალებაა. ჯავახეთის იმ სოფლებში, სადაც არაა გაზიფიცირებული საჯარო სკოლები და ბაღები, გასათბობად იყენებენ შეშის ღუმელს.
ამიტომაც მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი, რომ მარტო სტატუსად არ დარჩეს საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა და მუშაობა რეგიონის საბაზისო სოციალური ინფრასტრუქტურული საკითხების გასამართად. თან რაზე ვსაუბრობთ?! გათბობის საბაზისო პირობებზე, რომელიც ღირსეული ცხოვრების საფუძველია. ამ სასიცოცხლო გარანტიების გარეშე ჩვენი ცხოვრება თვითგადარჩენისთვის ბრძოლას უფრო ემსგავსება, ვიდრე ცხოვრებას ბედნიერებისთვისა და განვითარებისთვის.
საინტერესო ისიც, რომ ჩვენს რეგიონში ჩვენი გეოგრაფიული სპეციფიკა არც კი „იყიდება.“ ვგულისხმობ ტურიზმს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის დომინანტური სფეროა და რომელმაც საქართველოს სხვა რეგიონებში ინფრასტრუქტურა და სახელმწიფოს მეტი ყურადღება „შეიტანა“. წლები გადის და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ჩვენს რეგიონში არაფერი კეთდება. ტურიზმის ფეტიში ჩემთვის მიუღებელია და მასზე ორიენტირებული განვითარებაც, მაგრამ მაინც მიჩნდება კითხვა: ნეტა ვის რისი ეშინია?!
თემებისთვის, რომლებსაც გათბობა და გაზი არ აქვთ, ხელისუფლების ლამაზი განცხადებები რეგიონების მდგრადი განვითარების შესახენ გაუგებარი ხდება. ადგილობრივ მოსახლეობას უკვე აღარც ახსოვს, რამდენჯერ მიმართეს შესაბამის ორგანოებს სოფლის ბუნებრივი აირით მომარაგების მოთხოვნით. თუმცა ისინი ყოველთვის უარყოფით პასუხს იღებდნენ. მიზეზი ფინანსური რესურსების ნაკლებობა და დიდი ხარჯებია. ბევრი ახალგაზრდისგან მომისმენია ბრაზიანი მოწოდება:
ყოველწლიური პრიორეტეტების დოკუმენტებში გაზიფიცირიბი შესახებ ფორმალური აღნიშვნის ნაცვლად - დაიწყეთ რეალური მუშაობა გაზიფიცირებაზე!
ყოველწლიური და სარჩევნო დაპირებების ნაცვლად - დაიწყეთ დაპირებების რეალური შესრულება!
ყოველწლიურად ადგილობრივი პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების გაზრდის ნაცვლად, გაზარდეთ ბიუჯეტში გაზიფიცირებისთვის საჭირო რესურსების წილი.
წლიდან წლამდე მოწოდება ისევ მოწოდებად რჩება და ბრაზის ხმაც სულ უფრო და უფრო სუსტდება!!!
ჯავახეთის რეგიონის უსამართლო მდგომარეობას სხვა პოლიტიკურ და სოციალურ მიზეზებთან ერთად, გეოგრაფიული მიზეზები ქმნის. გეოგრაფიული სპეციფიკის, შეგვიძლია ვთქვათ, გეოგრაფიული უსამართლობის გარეშე ჩვენს რეგიონზე მსჯელობა შეუძლებელია. სახელმწიფოს მხრიდან ამ „ბუნებრივი“ რეალობის შემსუბუქების და კომპენსირების გარეშე, მკაცრი კლიმატი ჩვენი თემისთვის მძიმე ტვირთიდან სოციალურ უსამართლობად იქცევა. კიდევ ერთხელ მაღალმთიანი ჯავახეთის 30 სოფელი მძიმე და ხანგრძლივ ზამთარს გაზიფიცირების გარეშე ხვდება! იქნებ სწორედ ეს უცვლელი რეალობაა ჩვენებში ნიჰილიზმის მიზეზი?! აქ თოვლი ისევ მოვა და ისევ წაიღებს ჩვენს ძალებს, აქ ისევ დაგვპირდებიან ცვლილებებს, მაგრამ ისევ არაფერი შეიცვლება, ჩვენ, გადარჩენისთვის შეწირულებს კი პოლიტიკური ძალა უბრალოდ აღარ გვრჩება.
ინსტრუქცია