[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / თვალსაზრისი

"ხოპანი" - ჯავახეთის ახალგაზრდების ერთადერთი დასაქმების ადგილი

ტიგრან თარზიანი 

ახალგაზრდების უმუშევრობა აღიარებულია ყველაზე მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევად. ჯავახეთში ახალგაზრდებთან საუბრისას ყოველთვის მთავარ პრობლემად ისინიც უმუშევრობას ასახელებენ.

ჯავახეთში ახალგაზრდები თავის სარჩენად სეზონურ შრომით მიგრაციაში მიდიან ხოლმე. ადგილზე ვინც რჩება, ძირითადად ოჯახს ეხმარება შინამეურნეობის საქმეებში. საოჯახო მეურნეობაში შრომის მიღმა, ამ მოზარდებისა და ახალგაზრდების დიდი ნაწილი მთელი წლის განმავლობაში სამუშაოს ორ სეზონზე შოულობენ - ესაა ბალახის თიბვის სამუშაოები და კარტოფილის ამოღების პროცესი. კარტოფილის ამოღების პროცესში, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, ჩართული არიან სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებიც, ძირითადად ბიჭები. ახალგაზრდები ასრულებენ ყველაზე მძიმე სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია მძიმე ფიზიკურ შრომასთან, ესაა 40-45 კგ კარტოფილით სავსე ტომრების ჩატვირთვა სატვირთო მანქანებში და შემდგომ ცივ და ნესტიან საცავებში აღნიშნული მძიმე ტომრების დალაგება (ეს საცავები ძირითადად აშენებულია მიწისქვეშ, რათა კარტოფილი შეინახონ ცივ ზამთარშიც).

არიან ახალგაზრდები, რომლებიც შედარებით მარტივ გზას ირჩევენ და სოფელში მწყემსად მუშაობენ.

კვირაობით დავდივარ ხოლმე ჯავახეთის ულამაზეს მთებში. სეირნობის დროს გავიცანი ახალგაზრდა, რომელიც მწყემსად მუშაობს. როგორც წესი, ჯავახეთში მწყემსად მუშაობენ სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები, რომელთა შვილები ვერც სკოლაში ახერხებენ კარგი განათლების მიღებას. ერთგვარად მემკვიდრეობით საქმიანობადაა ქცეული მწყემსობა ასეთი ოჯახებისთვის. ამას ემატება სკოლებში მათ მიმართ უთანასწორო მოპყრობა მასწავლებლების მხრიდან. მთაში ამ ახალგაზრდასთან ვისაუბრე თითქმის ყველაფერზე, სოფლის მეურნეობაზე, სომხურ ლიტერატურაზე და მხატვრობაზეც კი. როგორც გავარკვიე ეს ბიჭი ძალიან კარგად ხატავს და წუხდა, რომ ეს საქმე სკოლაში არ ასწავლეს. ტელეფონში ჰქონდა ათობით სურათი, რომლებიც მაჩვენა და ნამდვილად გაოცებული დავრჩი. ჯოხი, რომელიც ხელში ეჭირა მოხატული ლამაზი სიმბოლოებით. ყველა ამ სიმბოლოს მნიშვნელობა მე არც ვიცოდი. ხატვა მას პატარა ასაკიდან უსწავლია. თვითნასწავლი მხატვრის ოცნება იყო ერევანში სწავლის გაგრძელება და საკუთარი სალონის გახსნა.

მხატვარს, რომელმაც სკოლა შარშან დაამთავრა, რამდენიმე დღის წინ კიდევ შევხვდი თავისივე სოფელში, შუადღეს (ამ დროს მწყემსს სოფელში ვერ ნახავთ) და იქვე დავუსვი ნახევრადხუმრობით კითხვა: რას აკეთებ შენ შუადღით სოფელში? მიპასუხა: ძველი სამუშაო წარსულშია, ახლა „ხოპანში“ დავდივარო.

ჯავახეთიდან საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულ ადგილობრივებს „ხოპანჩის“ უწოდებენ. ამ სიტყვის გამოყენება საბჭოთა წლებში დაიწყო, როდესაც სსრკ-ს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მარცვლეულის მოყვანის არეალის გაფართოების შესახებ ხოპანის - უნაყოფო (დაუმუშავებელი) მიწების დამუშავების ხარჯზე. 1950-იან და 1970-იან წლებში მილიონობით ჰექტარი ყაზახეთში, ვოლგის რეგიონში, ურალში, ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში გადაიქცა სასოფლო-სამეურნეო მიწებად სხვადასხვა საბჭოთა ქვეყნებიდან წასული მუშების ხელით. საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მათ, ვინც აქტიურად მონაწილეობდა ნაყოფიერი მიწების დამუშავებაში, „ხოპანჩიებს“ ეძახდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი ჯავახეთიდან კაცები მიდიან რუსეთსა და ყოფილ სსრკ-ს რესპუბლიკებში სეზონური სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.

ხოპანჩიები წელიწადის ნახევარს საზღვარგარეთ ცხოვრობენ და მუშაობენ, მეორე ნახევარს კი სახლში არიან. ჯავახეთის იმ სოფლებში, სადაც საძოვრები ცოტაა და მესაქონლეობა არ არის განვითარებული, ყოველ მეორე ოჯახს ჰყავს ხოპანჩი.

რუსეთში სამშენებლო სეზონი აპრილში იწყება და ნოემბერში მთავრდება. ამავე პერიოდში ნინოწმინდა-ახალქალაქში იწყება და მთავრდება თესვისა და მოსავლის აღების სამუშაოები.

სანამ ზრდასრული მამაკაცები მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებენ „ხოპანში“, სოფელში ქალები და ახალგაზრდები არანაკლებ მძიმე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ეწევიან. ეს შრომა განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება ხოლმე სეზონურად, ზაფხულში - ყანებში, სადაც ახალგაზრდები სხვადასხვა ტიპის მძიმე სამუშაოებს ასრულებენ.

ზაფხულში სტუდენტების უმრავლესობა ბრუნდება სოფელში. ისინი, ოჯახს ეხმარებიან სეზონური სამეურნეო სამუშაოების პროცესში. ბევრი ახალგაზრდისთვის კი ეს სეზონი უბრალოდ ფულის შოვნის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. ვინაიდან მამაკაცების უმრავლესობა არ იმყოფება ადგილზე, სწორედ ახალგაზრდების ძალას ქირაობენ მარტო დარჩენილი ოჯახები მათი შრომის შესამსუბუქებლად. ეს სამუშაოები უკავშირდება თიბვას, მის ორგანიზებასა და თივის დამზადებას.

ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდების ასეთ შრომას არ მოაქვს დადებითი შედეგი. ეს, როგორც წესი, არაკვალიფიციური შრომაა და ძალიან ხშირად, ამ მეურნეობაში ჩართულ ახალგაზრდებს არ აქვთ დრო სწავლისთვის. მალევე კი ისინი სწავლასაც თავს ანებებენ და მიდიან „ხოპანში“.

ახალგაზრდებთან მომავალზე საუბრისას ყველა გამოხატავს სურვილს, მათ შორის მათი მშობლები, რომ მიიღონ კარგი განათლება საქართველოში და ადგილზე დასაქმების შესაძლებლობები გააჩნდეთ.

ზუსტად შვილების სწავლის ხარჯების უზრუნველსაყოფად მათი მამები ყოველწლიურად მიდიან საზღვარგარეთ სამუშაოდ. მამები, რომლებიც გავლილი აქვთ ხოპანი, ყველანაირად ცდილობენ, შვილებმა არ გაიარონ იგივე გზა. ჩვენთან ბევრ ოჯახისთვის აკრძალულ თემას წარმოადგენს შვილის გაგზავნა ხოპანში, მაგრამ ხშირად იმის გამო რომ გადარჩენის სხვა გზა არ რჩება, ოჯახები ნებდებიან. გადასარჩენად სხვა გზა არაა.

მამაჩემი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, საბჭოთა კავშირის დროს მუშაობდა თავისი პროფესიით. საბჭოთა კავშირის დანერგვის შემდეგ სულ შრომით მიგრაციაშია. მისი შრომის ერთადერთი მიზანი იყო ჩემი და ჩემი დის განათლების მხარდაჭერა. მისი მძიმე შრომით ნაშოვნი ფული სრულად ჩვენს განათლებაზე იხარჯებოდა ხოლმე.

ჩვენი მამების შრომა რუსეთში უმძიმესია. იქ არაა უზრუნველყოფილი შრომითი უსაფრთხოება; იქ ჩვენები ცხოვრობენ მუდმივი შიშის ქვეშ, რადგან ბევრ შემთხვევაში არ აქვთ შრომის ნებართვა. ხშირად გაწეული სამუშაოსთვის ვერ იღებენ ხელფასსაც კი, შრომითი ხელშეკრულება არ იცავს მათ. მამებს, რომლებმაც იწვნიეს ეს სიმძიმე, ყველაზე კარგად ესმით სიტყვა „ხოპანი“ და ყველაზე მეტად არ უნდათ საკუთარი შვილების იქ გაგზავნა. მათზე მეტად არავინ ფიქრობს მათი შვილების მომავალზე, მათზე მეტად არავინ აკრიტიკებს სახელმწიფო სისტემას. სახელმწიფოს კი მის მიერ მიტოვებული ადამიანების უკმაყოფილების მოსმენა არ სურს. ხელისუფლებებისთვის მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა ქვეყანაში უთანასწორობის, სიღარიბის აღმოფხვრა ან ღირსეული სამუშაო ადგილებისა და პირობების შექმნა.

ახალგაზრდების უმრავლესობა კი იმ იმედით ტოვებს სოფელს, რომ სხვაგან უკეთესი პირობებია.

მეც სოფელში დავამთავრე სკოლა და როცა გავხდი სტუდენტი თბილისში, მივხვდი, რომ ძალიან დიდი სხვაობა იყო რეგიონსა და ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის. რეგიონი, სადაც მე ვცხოვრობ განსხვავდება კლიმატური პირობებით, შემოსავლის სიმცირით, სამუშაო ადგილების არ არსებობით, გაუმართავი ინფრასტრუქტურით, ხანგრძლივი ზამთრით და სხვა. უფროსი თაობისგან ჩვენში ხშირად გაიგონებთ - ქალაქში მცხოვრებთ საფიქრალი არაფერი აქვთ, მათ არ აშინებთ, რომ სეტყვა იქნება ან გვალვა და გაანადგურებს ნათესებს, ისინი მაინც თვის ბოლოს იღებენ კუთვნილ ხელფასს.

უთანასწორო შესაძლებლობები რეგიონში უფრო მკაფიოდ ჩანს ქალაქთან შედარებით, თუნდაც განათლების საკითხში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ არსებობს არაფორმალური განათლების მიღების ცენტრები, პროფესიული სასწავლებლები, უცხო ენების შესწავლის შესაძლებლობა და სხვა. ამიტომაცაა რომ, რეგიონიდან გარბის ხალხი, დღეს ფილოლოგიც, ხელოვანიც და მექანიკოსიც მუშაობს თბილისის რომელიმე უბნის მაღაზიაში, რადგან დაბრუნება რეგიონში უდრის უმუშევრობას, მიგრაციას, ან მძიმე ფიზიკურ უშედეგო შრომას. ასეთ პირობებში განვითარება შეუძლებელია. უმუშევრების რიგებში ახალგაზრდებს დიდი წილი უკავიათ, რის გამოც იზრდება სოციალური რისკები, საფრთხე ექმნება ქვეყნის მომავალს. აგრეთვე უფასურდება ადამიანური კაპიტალი, რომლის განვითარებაც ინვესტირებულია ოჯახის მიერ, საკუთარი მძიმე შრომით. საზოგადოება კარგავს ეკონომიკურ დოვლათს, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნებოდა ახალგაზრდების ინტელექტუალური პოტენციალის ეფექტიანი გამოყენებით.

წელს 12 წელია გასული 1+4 პროგრამის ამოქმედებიდან. ის იყო იმედი და დარჩა მხოლოდ იმედად. რეალურად ეს პროგრამა არ განაპირობებს სოციალურ ცვლილებას ჩვენი დასაქმების და სოციალური განვითარების მიმართულებით. დროებით მექანიზმად შემოღებულ ამ პროგრამას უნდ მოჰყოლოდა რეფორმები სკოლამდელი განათლებისა და ზოგადი განათლების სფეროში, თუმცა რეფორმები ამ დრომდე არ დაწყებულა ჩვენთვის. ამ პროგრამით დასაქმებული ახალგაზრდების რიცხვი კი მიზერულია. აშკარაა, რომ სისტემაში რაღაც არსებითად არასწორია.

ჩვენ კი.... ჩვენ ვშრომობთ, ვიჯერებთ ცვლილების იმედს, მაგრამ სისტემა კარებს ბოლომდე არ გიღებს და უთანასწორობა მოჯადოებულ წრეზე გვაგდებს ისევ და ისევ.. ისევ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ილუზია, რომ ინდივიდუალური ადამიანები ბიზნესის კეთებით, ძალიან მძიმე შრომით ან/და მანკიერი სოციალური დახმარების სისტემით გადარჩენას მოახერხებენ, მაგრამ არც ერთი ეს სტრატეგია სოციალურ ცვლილებას ვერ მოიტანს, იმიტომ რომ სამართლიანობა ყველას გათანასწორებას ან თანასწორი შესაძლებლობას ნიშნავს და არა ერთეულების.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“