[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / თვალსაზრისი

ხმაწართმულები - გლეხების მძიმე ყოფა და სოლიდარობა ჯავახეთში

ფოტო: მონიტორი

ტიგრან თარზიანის ბლოგი სომხურ ენაზე შეგიძლია იხ. მიმაგრებულ ფაილში.

ჯავახეთში აქტიურად დაიწყო საგაზაფხულო სამუშაოები.

შემოდგომაზე დამუშავებული მიწის ნაკვეთებზე მარცვლეულის დათესვას იწყებენ. ეს 10-15 მაისამდე გრძელდება. შემდეგ იწყება კარტოფილის თესვა.

ჯავახეთში წამყვანი დარგებია მეკარტოფილეობა, მესაქონლეობა და მარცვლეული კულტურები.

რა პერიოდში უნდა მოხდეს მიწის დამუშავება, დათესვა და ნაკვეთში შესაბამისი პესტიციდებისა თუ სასუქის შეტანა კარგი მოსავლის მისაღებად?

ეს ადგილობრივებმა ძირითადად საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილებიდან იციან. თვითდასაქმებული ფერმერები, მართალია, ინფორმირებულნი არიან ახალი ტექნოლოგიების შესახებ, მაგრამ შესაბამისი სახსრების ან/და შესაბამისი განათლების არ ქონის გამო ისინი არ იყენებენ თანამედროვე ტექნიკას სოფლის მეურნეობაში მაღალი მოსავლის მისაღებად.

გარდა ამისა, მოსახლეობა წელს სხვა პრობლემების წინაშეც დგას. ისინი ჩივიან, რომ რეგიონში სასუქი და შხამ-ქიმიკატები ორმაგად გაძვირდა. ასევე გაძვირდა სათესლე მასალა და აგროტექნიკის მომსახურება. საგაზაფხულო სამუშაოებისას არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ ყველა სოფელში. ამ ყველაფერს ასევე ემატება საწვავის სიძვირე.

ამ ვითარებაში წელსაც სახელმწიფო ფერმერებს დახმარების მიზნით სთავაზობს 1 ჰა მიწაზე 300 ლარის ერთჯერად დახმარებას.

ბოლო დღეებში სულ ყანებში ვიყავი, თან ვსაუბრობდი მოსახლეობასთან, თან ოჯახს ვეხმარებოდი თესვაში.

ძალიან მომწონს ეს პერიოდი. სოფლის მოსახლეობა ერთმანეთს ეხმარება, ვინც ადრე მორჩება, სხვასთან მიდის დასახმარებლად და ერთობლივი შრომის ეს დღეები ძალიან ძვირფასია. ჩემი სოფელი პატარაა, აქ ერთად ვიწყებთ და ერთად ვამთავრებთ საქმეს. თანადგომის და თანაშრომის პროცესი ყოფას გვიმსუბუქებს.

წელს ასე გაზრდილი თესლის ფასების გამო ახალი პრაქტიკული მიდგომა შეიმუშავეს ჩემმა თანასოფლელებმა, ერთმანეთში სესხულობდნენ მარცვლეულს. მაგალითად, ვისაც საჭიროზე მეტი ჰქონდა შენახული სათესლე მარცვლეული, აძლევდა მეორეს, იმ პირობით, რომ შემოდგომაზე მოსავლის აღებისთანავე გასესხებული მარცვლეული დაუბრუნდება.

ამ 300 ლარიანი დახმარებასთან დაკავშირებით სულ მესმოდა შემდეგი შედარება - 1ჰა კარტოფილის დათესვისთვის საჭიროა 13-15 პარკი სასუქი. საქართველოში წარმოებული გვარჯილის ფასი ადგილზე მერყეობს 72-75 ლარის ფარგლებში (შარშან ღირდა 38-40 ლარი). ამ ყველაფერს დაემატება თესლის, ტრანსპორტირების, მიწის დამუშავების და სხვა ხარჯი. შესაბამისად 300 ლარიანი დახმარება დღევანდელ პირობებში საკმარისი არაა.

ხელისუფლებამ კარგად უნდა შეისწავლოს თვითდასაქმებული ფერმერების საჭიროებები და ქმედითი ნაბიჯები გადადგას. მოსახლეობის უმრავლესობა სათესლე მასალის არ ქონის გამო მიწების დიდ ნაწილს ვეღარ დაამუშავებს. ამის გამო იძულებული ხდებიან მიწის ნაკვეთები გააქირაონ, ბოლოს კი ყველაფერი ერთი ადამიანის ხელში ხვდება.

მოსახლეობა პრობლემის მოგვარებისთვის სახელმწიფოსგან ითხოვს უფრო მეტ სუბსიდიას (მაგალითად საწვავის ან გვარჯილას ნახევარ ფასად ყიდვას, თანამედროვე ტექნიკის რესურსის ხელმისაწვდომობა ადგილზე შეღავათიანი პირობებით).

სამწუხაროდ მთავრობას არ ესმის გლეხის. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კი ხელფასების გაზრდის სტრატეგიით არიან დაკავებული და გლეხის პრობლემებით არც კი ინტერესდებიან.

მეორე პრობლემა, რაც აწუხებს სოფლის მოსახლეობას (ძირითადად მცირე მიწიან თვითდასაქმებულებს, ვინც ფლობს 0,25-იდან - 0.65- მდე ჰექტარი მიწას) ისაა, რომ ამ 300 ლარის დახმარებით ყველა არ, ან ვერ სარგებლობს. აღნიშნული დახმარების მისაღებად ბენეფიციარი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში და სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა - იდან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები. პრობლემა იმაშია, რომ სოფელში მოსახლეობის უმრავლესობა არ აქვს ახალი წესით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ე.წ. „შევარდნაძის დოკუმენტებით“ სარგებლობენ და ასეთ შემთხვევაში ისინი არ იღებენ დახმარებას. მიწის სისტემური რეგისტრაცია ახლახან დაიწყო და ეტაპობრივად განხორციელდება.

ჯავახეთს თავისი პოტენციალით შეუძლია დიდი როლის შესრულება საქართველოს ეკონომიკაში. თუმცა მიწის მცირე რესურსები არარენტაბელურს ხდის როგორც მეკარტოფილეობას, ასევე მეცხოველეობასაც, რადგან მცირე მიწაზე ვერ მოჰყავთ ცხოველის გამოსაკვებად საკმარისი გამხმარი ბალახი - თივა, ჩალა. ასეთ ვითარებაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დამოკიდებული ხდება ერთეულ ადამიანებზე, რომლებსაც დასაკუთრებული აქვთ მიწის რესურსების უდიდესი ნაწილი.

მიწის საკითხთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ვიყავი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში. სოფლის მოსახლეობის თქმით, ასობით ჰექტარი მიწა, რომლითაც სარგებლობდა სოფლის მოსახლეობა, 73-75 ოჯახი, ახლა 2 ან 3 ადამიანის საკუთრებაშია, რომელთაგან ერთ-ერთი მესაკუთრე სოფლის რწმუნებულია. ადგილობრივი მკვიდრთ, რომლებიც წლების მანძილზე სარგებლობდნენ მიწებით, მაგრამ ოფიციალურად არ ჰქონდათ რეგისტრირებული, ერთი ან ორი პიროვნება, რომლებიც მუშაობენ ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებში ან ფლობენ კავშირებს ხელისუფლებასთან ადვილად მიითვისეს მოსახლეობის საკუთრება. აღნიშნული პიროვნებების საქმე იმანაც გაუადვილა, რომ სოფლის მამაკაცების უმრავლესობა დადიან სამუშაო მიგრაციაზე. შედეგად, ის მიწები, რომლებსაც მოსახლეობა მთელი ცხოვრების მანძილზე გამოიყენებდა და წლების განმავლობაში საკუთარი ეგონა, სულ სხვა ადამიანების საკუთრებაში გადავიდა. უმიწოდ დარჩენილები სამართლიანობის აღსადგენად სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

ყოველთვის, როდესაც ვხვდები ადგილობრივ მოსახლეობას, ვესაუბრები მათ და მახსენდება მეოცე საუკუნის პოლიტიკური მოღვაწე ანტონიო გრამშის მიერ შემოთავაზებული კონცეფცია სუბალტერნი.

სიტყვა სუბალტერნი აღნიშნავს ძალაუფლებრივ ურთიერთობებში დაქვემდებარებულ, ჩაგრულ ჯგუფს ან ადამიანს. შემდგომ გრამშიმ ამ სიტყვის მნიშვნელობა გააფართოვა და იმ სოციალური ჯგუფების აღმნიშვნელად აქცია, რომელთა ხმა არ ისმის. ჩვენ შემთხვევაშიც სუბალტერნს მივეკუთვნებით, რადგან არ ისმის ჩვენი ხმები, ყველაზე მეტად ვართ მოკლებული სოციალურ მობილობას და სიღარიბეში დაბადება გარდაუვალი განაჩენია!

დღეს ზემოაღნიშნულ პრობლემებს „ხალხის სიბნელით“ ხსნიან.

ხელისუფლებისთვის ან დომინანტური პოლიტიკური პარტიებისთვის ხალხი/მოსახლეობა აქტუალურია მხოლოდ არჩევნებისთვის და ისიც არა როგორ ამომრჩეველი, არამედ როგორც საარჩევნო ხმა, ციფრი ოქმზე.

სუბალტერნის აზრს მნიშვნელობა არა აქვს. მისი ხმა არ ისმის. მისი წუხილი არალეგიტიმურია. ჩვენი გლეხები, როგორც თვითდასაქმებულები, არც გადასახადის გადამხდელები არიან, რომ ხელისუფლებამ (რომელიც სინამდვილეში სახელმწიფო ხელისუფლება არაა, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ელიტური ჯგუფია) მათ საჭიროებებზე იზრუნოს.

დიდი ალბათობით ხელისუფლება სიღარიბეს მოსახლეობის სიზარმაცეს აბრალებს და 300 ლარიანი დახმარებით მოსახლეობაში „მოტივაციას“ შექმნას ცდილობს. მაგრამ მხოლოდ სიზარმაცეში და მოტივაციაშია საქმე, მხოლოდ ჩვენს უმწიფრობაში? თუ იმ ისტორიულად ჩამოყალიბებულ უსამართლო რეალობაში, რომელიც არჩევანს არ გვიტოვებს? გამოსავლის ძიებას ჩვენი და არა ერთი ჩაგრული ჯგუფის მობილიზაცია სჭირდება. ვიცი, რომ ამის ძალა ახლა არ გვაქვს, მაგრამ ამ ძალის ოპტიმიზმით მაინც ვაგრძელებთ მუშაობას.

Լռակյացները_-_Գյուղացիների_ծանր_ապրուստը_1654509115.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“