საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ჯავახეთში წამყვანი დარგები მეკარტოფილეობა, მესაქონლეობა და მარცვლეული კულტურებია. თავისი პოტენციალით ჯავახეთს შეუძლია დიდი წვლილის შეტანა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, თუმცა ეს რეგიონი ისევ ღარიბი და განუვითარებელი რჩება. არა და ჩვენ ხალხს არ ეზარება შრომა და გაჭიანურებული ზამთრის, ჩამოშლილი ინფრასტრუქტურის და დაბალი მხარდაჭერის გარეშე აგრძელებს შრომას მიწაზე. ჯავახეთში უკვე 3 კვირაზე მეტია, რაც კარტოფილის მოსავლის ამოღების პროცესი დასრულდა. კარტოფილს იღებენ კაცები, ქალები, ბავშვები. კარტოფილი ხომ მათი მეორე პურია?! თუმცა, როგორც ყოველ წელს, წელსაც ჯავახეთში დიდ პრობლემას წარმოადგენს კარტოფილის (ისევე როგორც სხვა როდუქტის (რძე, ყველი, ქერი, შვრია, ხორბალი და სხვა)) რეალიზაციას. ჯავახეთში მცხოვრებმა ფერმერებმა გაზაფხულზე შარშანდელი მოსავლის გაყიდვაც კი ვერ შეძლეს და ათეული ტონობით კარტოფილი ნაგავსაყრელზე დატოვეს. დღეს ახლად მიღებული მოსავალი ისევ არ იყიდება და ფერმერი ისევ ვერ ახერხებს მისი შიშველი შრომით მიღებული მოსავლის რეალიზაციას.
კარტოფილის რეალიზაცია ახალქალაქში სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ ძირითად ბარიერად იქცა. რაში მდგომარეობს ეს ბარიერი? რატომაა ასეთი რთული სოფელში მცხოვრები გლეხისთვის საკუთარი მძიმე შრომით მოპოვებული მოსავლის რეალიზაცია?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან მარტივია და ერთი წინადადებაც მყოფნის. ესაა სახელმწიფოს გულგრილობა საკუთარი ღარიბი მოქალაქეების მიმართ, რომელსაც სულ უფრო მეტად აღარ ესმის გლეხების რეალური საჭიროებები და გამოწვევები.
ჩემი აზრით, პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენმა მთავრობამ უნდა გადადგას პრობლემის მოსაგვარებლად, ეს რუსეთიდან და ბელორუსიდან კარტოფილის, მარცვლეულის, ხორცის იმპორტის რეგულირება, შემცირება და დაბეგვრაა. საქართველოში მოყვანილი კარტოფილის ფასი თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს, რადგან რუსეთიდან შემოტანილი პროდუქცია, ადგილობრივს კონკურენციას უწევს და ამარცხებს. ამ პირობებში საქართველოში მოყვანილი ტონობით მოსავლის ადგილზე გაყიდვა, რომ არაფერი ვთქვათ მის ექსპორტზე გატანაზე, ვერ ხდება. საქართველოში კარტოფილის იმპორტი გაზრდილია 577%-ით. საქართველოში წელს კარტოფილის იმპორტის 37%-ი რუსეთზე მოდის, ხოლო 33%-ი ბელორუსზე. ეს იმ დროს, როდესაც საქართველოში კარტოფილის წარმოება, წლიურად 200 ათას ტონაზე მეტია.
ამ პირობებში, როდესაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას არ გააჩნია, სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის სარეალიზაციო პროგრამა და კონკრეტული დარგების მხარდაჭერის სპეციალური მიდგომები, ადგილობრივ ბაზრის ოკუპაციას რუსული კარტოფილი ახდენს. იმ დროს როდესაც რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს 20 პროცენტი, ის ქართული ბაზრის ოკუპაციასაც ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აგრესიული ომს აწარმოებს უკრაინაში და დასავლეთის ქვეყნები რუსეთის ეკონომიკური სანქცირების რეჟიმზე არიან გადასულები, საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ბაზარი რუსეთისთვის ღია და უკონტროლო სივრცედ აქცია. ამ პოლიტიკით დღეს სხვა რეგიონის გლეხების მსგავსად, ჯავახეთის გლეხები გამორჩეულად ზიანდებიან.
დღეს კარტოფილი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იყიდება და სახელმწიფოს არ აქვს წარმოებული პროდუქტის შესყიდვის გეგმა, ან სარეალიზაციო ადგილები, რომელიც ფერმერის საქმეს კიდევ უფრო ართულებს. ფერმერი, რომელიც 70 ტონა გასაყიდი კარტოფილი აქვს ამბობს: „ვმუშაობ, ვწვალობ, მაგრამ მოსავალს, რომელსაც ვიღებ ნაგავში ვყრი, იმიტომ რომ ვერსად ვყიდი. რა აზრი აქვს ჩემს შრომას?!“
სამწუხაროა, რომ ჩვენს ფერმერებს, რომლებიც მიწას, მძიმე კლიმატს და ჩამორჩენილ ინფრასტრუქტუას ებრძვიან და ქვეყნისთვის საარსებო პროდუქტებს აწარმოებენ, ასეთი პრობლემა აქვთ. ხშირ შემთხვევაში კი სოფლის სამინისტრო დამნაშავედ ხედავს თავად გლეხს ხედავს, თითოს პრობლემის თავი ის არის, რომ გლეხი არ ფლობს თანამედროვე სოფლის მეურნეობის უნარებს მარკეტინგის და მენეჯმენტის სფეროში, რის გამოც ის ღარიბი და დამარცხებული რჩება. ეს მიდგომა აბსურდულია და სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობის გადაფარვას უფრო გავს. როგორ შეძლებს საშუალო ფერმერი ან გლეხი ოკუპირებულ ბაზართან დაპირისპირებას?! როგორ წარმოგვიდგენია ეს სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს რეგულირებისა და წარმოების დარგების სპეციალური მხარდაჭერის გარეშე?!
სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები პრობლემების მოსაგვარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ფერმერები უბრალოდ უარს იტყვიან მომდევნო წლებში კარტოფილის დათესვა-მოყვანაზე და ჩვენს რეგიონს უიმედობის და მიტოვებულობის უფრო მძიმე გრძნობა და გაგება მოიცავს. ალბათ კიდევ უფრო მეტი ადამიანი აირჩევს მიგრაციის და რეგიონის დატოვების გზას.
ის რომ ჯავახეთიდან ამ ყველაფრის შესახებ არ ისმის ხმა, არ ნიშნავს რომ ყველაფერი კარგადაა. ჩვენ მივეჩვნიეთ შეგუებას, დუმილს და იმას, რომ მარტოები ვრჩებით ჩვენს პრობლემებთან. როგორც ყოველ წელს ადგილობრივი სახელისუფლებო წარმომადგენლები წელსაც აცხადებენ მოითმინეთ და ყველაფერი ერთ ან ორ კვირაში დალაგდებაო. მაგრამ რა თქმა უნდა არაფერი შეიცვლება. არაფერი იცვლება უკვე რამდენიმე ათეული წელია.
არც არაფერი შეიცვლება, სანამ კარტოფილის იმპორტი ამ მასშტაბით ხდება მეზობელი ქვეყნებიდან (რუსეთიდან და ბელორუსიდან). ეროვნული ინტერესების დაცვა და კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა მოითხოვს, ადგილობრივი წარმოებისთვის უპირატესობის მინიჭება. განსაკუთრების კი კვების სფეროში, რომელიც კვების უსაფრთხოებისთვის დიდ იდეასაც უკავშირდება.
კარტოფილი ჩვენი მეორე პურია და თუ ეს რეალობა არ შეიცვალა, ჩვენი ისედაც პერიფერიული, დავიწყებული და ღარიბი რეგიონი, კიდევ უფრო გაღარიბდება. მშრომელი, ნატანჯი გლეხის იმედის დაკარგვაზე უსამართლო და მძიმე არაფერია.
ინსტრუქცია