[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება / ინფოგრაფიკა

რეფორმების ხედვები მართლმსაჯულებისა და სამართალდაცვითი მიმართულებით VII

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება უსაფრთხოების სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, პრობლემურია ერთ უწყებაში როგორც მოსმენების ინფრასტრუქტურის, ასევე საგამოძიებო და კონტრდაზვერვითი უფლებამოსილებების მოქცევა. არაეფექტიანია როგორც ანგარიშვალდებულების სისტემა, ასევე დემოკრატიული კონტროლის მექანიზმები.

დოკუმენტში შემოთავაზებული რეფორმები შემუშავებულია იმ გააზრებით, რომ ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის, სახელისუფლებო შტოებს შორის არსებული ბალანსის მოდელები არ იცვლება.

ამჯერად გთავაზობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განსახორციელებელი ცვლილებების ზოგად მიმოხილვას. დეტალურ რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ დოკუმენტში.

2015 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა. მიუხედავად ცვლილებისა, სუს-ის რეალური და შინაარსობრივი რეფორმა, ამ უწყების ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაცია არ მომხდარა.

დღემდე გამოწვევად რჩება სუს-ის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. მოქმედი კანონმდებლობა სუს-ის კომპეტენციაში აქცევს როგორც კონტრდაზვერვით, ასევე საგამოძიებო საქმიანობას. სუს-ის ვერტიკალური იერარქიიდან გამომდინარე, პრობლემურია უწყების უფროსის პოლიტიკური დანიშვნა-გათავისუფლების მექანიზმიც. კვლავ გამოწვევად რჩება სამსახურის მიერ ფარული მიყურადების პრაქტიკა და ამ კონტექსტში სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (ოტ-ის) ინსტიტუციური მოწყობა და დაქვემდებარება სუს-ზე.

სუს-ის რეფორმამ ვერ უზრუნველყო უწყების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და დემოკრატიული, ანგარიშვალდებულების სისტემის ჩამოყალიბება. მთავარ პრობლემად რჩება სუს-ის უფროსის დანიშვნა-გათავისუფლების წესი, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკურ კონსენსუსს და მარტივი უმრავლესობის საფუძველზე ერთ პარტიას აძლევს საშუალებას შეარჩიოს ან გაათავისუფლოს უწყების ხელმძღვანელი.

სუს-ის პარტიული გავლენებისგან გასათავისუფლებლად, აუცილებელია, რომ შეიცვალოს უწყების ხელმძღვანელის დანიშვნის წესი და გაიზარდოს კვორუმი, რომლითაც მისი დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღება.

ახლანდელი მოწყობით, სუს-ის უფლებამოსილება მოიცავს როგორც კონტრდაზვერვით საქმიანობას, ასევე გამოძიების წარმოებას, მეტწილად, სამოხელეო და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე.

გარდა ამისა, სუს-ის დაქვემდებარებაშია სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოც (ოტ-ი), რომელიც ელექტრონული თვალთვალის წარმოებაზეა პასუხისმგებელი.

სუს-ის ამგვარი ძალაუფლებით აღჭურვა აჩენს მაღალ რისკს, რომ მის ხელთ არსებული თვალთვალის ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც კონტრდაზვერვითი საქმიანობით მოპოვებული ინფორმაცია, ბოროტად იქნეს გამოყენებული, მოქალაქეთა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებში უხეში ჩარევით.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, ოტ-ი გამოეყოს სუს-ს და სრულად პარლამენტის წინაშე იყოს ანგარიშვალდებული. მეორე მხრივ კი, სუს-ს ჩამოშორდეს საგამოძიებო ფუნქცია, ის ქვემდებარეობის შესაბამისად გადაეცეს სხვა შესაბამის უწყებებს და სუს-ის ხელში დარჩეს მხოლოდ კონტრდაზვერვითი საქმიანობის წარმოება.

მიუხედავად იმისა, რომ სუს-ის საქმიანობაზე ორი ტიპის - სასამართლო და საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები ვრცელდება, აუცილებელია მათი ეფექტიანობის გაზრდა. მნიშვნელოვანია, რომ მათი მოქმედება გაფართოვდეს, რათა კონტროლს დაექვემდებაროს უწყების საქმიანობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი კონტრდაზვერვის ფარგლებში განხორციელებული სპეციალური ღონისძიებები.

გარდა სასამართლო ზედამხედველობისა, უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი არსებითად არის გასაძლიერებელი. აუცილებელია, ფუნდამენტურად გადაიხედოს ნდობის ჯგუფის მანდატი, მისი დაკომპლექტების წესი და ამ მექანიზმის სამართლებრივი/ინსტიტუციური სტატუსი. პარლამენტის არსებული საკომიტეტო სისტემის გათვალისწინებით, შესაძლოა გონივრული იყოს ნდობის ჯგუფის ცალკე კომიტეტად, ან ქვე-კომიტეტად გარდაქმნა. ამავდროულად, ახალ საპარლა­მენტო კონტროლის მექანიზმს უნდა ჰქონდეს საკმარისი მატერიალური, ადამიანური და ექსპერტული რესურსი, რათა სრულყოფილად და ეფექტიანად განახორციელოს ზედამხედველობა სუს-ის საქმიანობის ყველა ასპექტზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“