[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / სტატია

რას ითხოვენ ქალი ამომრჩევლები?! - ქალების ნამდვილი საჭიროებები და წუხილები

ქალ ამომრჩეველთა წინაშე დაგროვილ მრავალ გამოწვევას შორის, წინამდებარე სტატიაში მხოლოდ მცირე ნაწილზე ვისაუბრებთ. ქალთა საჭიროებების შესახებ საქართველოში ჩატარებულ კვლევებში ძირითადად სოციალური და ეკონომიკური საკითხები დომინირებს. მართალია, ქალთა წუხილები ბევრად ფართო სპექტრს მოიცავს, თუმცა მოცემული დოკუმენტი იმ კონკრეტული თემების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში ქალთა ცალკეული ჯგუფების უთანასწორო მდგომარეობას განსაზღვრავს. ამავე დროს, ანალიზის მიზანია, გენდერული პრიზმიდან შეხედოს სოციალურ გამოწვევებს, რათა შესაძლებელი გახდეს განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილებების უკეთ აღქმა, პრობლემების სწორად შეფასება და ნაბიჯების დაგეგმვა რეალური ცვლილებებისთვის.

ქალები ბევრს საუბრობენ შემაფერხებელ ბარიერებზე, ისევე როგორც, კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მონაცემები მეტყველებს ქალთა სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის პოლიტიკაში მთელი რიგი სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე. გაჟღერებულმა ხმებმა და რაოდენობრივი კვლევების მაჩვენებლებმა, საშუალება მოგვცა შეგვერჩია ქალთა ის სოციალური ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ პოლიტიკურ მხარდაჭერას და რომელთა ხილვადობა კვლავაც არასაკმარისია პოლიტიკურ დღის წესრიგში. ამრიგად, დოკუმენტი აერთიანებს ახალგაზრდა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ლგბტქი თემის წარმომადგენელი, სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, ემიგრანტი, კონფლიქტით დაზარალებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არაფორმარულ სექტორში დასაქმებული (გარემოვაჭრე) ქალების საჭიროებებს. საჭიროებებს, რომლებიც, თავის მხრივ, მრავალფეროვანია და ხარისხობრივად განსხვავებული სიმწვავით ვლინდება ქალაქში, სოფელსა თუ მთაში მცხოვრები ქალებისთვის.

საქართველოს მოსახლეობის 52%-ს და საარჩევნო სიებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 54%-ს ქალები შეადგენენ.[1] სწორედ ქალთა ჩართულობამ და ხმების მობილიზებამ შეიძლება შეიძინოს კრიტიკული მნიშვნელობა გარდამტეხი ცვლილებებისთვის. ამ დროს კი, ქალები ქვეყანაში აუნაზღაურებელ საშინაო შრომას კაცებზე სამჯერ მეტ დროს უთმობენ და თან, ქვეყნის ეკონომიკურ სარგებელსაც ქმნიან.[2] საერთო სარგებლისთვის გაწეულ შრომაში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) 2022 წლის მონაცემებით, „ქალის საშუალო თვიური ხელფასის თანაფარდობა კაცის საშუალო თვიურ ხელფასთან - 68.3%-ია“.[1] ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს მოსახლეობის 66 პროცენტი ჩართულია აუნაზღაურებელ საოჯახო საქმიანობაში. ეს მაჩვენებელი მკვეთრად განსხვავდება ქალებისა (88.3 პროცენტი) და კაცებისათვის (39.6 პროცენტი). საოჯახო საქმიანობაში მონაწილეობის დონე ყველაზე მაღალია სოფლად მცხოვრებ ქალებში (90.3 პროცენტი).

 საშუალოდ, საქართველოს მოსახლეობა დღეში 2.1 საათს ხარჯავს აუნაზღაურებელ საოჯახო საქმიანობაზე, თუმცა გენდერული სხვაობა საკმაოდ დიდია. ყველა ტიპის დასახლებაში კაცები ამ აქტივობებზე დღეში 0.7 საათს ხარჯავენ, ხოლო ქალების მიერ დახარჯული დრო 5-ჯერ მეტია სოფლებში (3.6 საათი დღეში) და 4.7- ჯერ მეტია თბილისსა და სხვა ქალაქებში (3.2 საათი დღეში)“.[3] ქალაქებსა და რეგიონებს შორის დისბალანსის კვლევისას, განსხვავება ასევე თვალნათელია სიღარიბის მაჩვენებლების შეფასებისას, სადაც უთანასწორობა კიდევ უფრო მეტად შესამჩნევია, რადგანაც ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო საბაზო პირობები, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ქალაქისგან განსხვავებით, რიგ რეგიონებსა თუ სოფლებში ბევრად დაბალია.

სიღარიბის მაჩვენებლის მიხედვით, „სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილმა 2022 წელს - 15.6%, ხოლო 2023 წელს - 11.8% შეადგინა“.[1] „სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი სქესის მიხედვით კი ასეთია - 11.5% ქალი, 12.2% კაცი“.[1] საქსტატის მონაცემებით, „2023 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტს გაუტოლდა“.[1] შემოსავლების თვალსაზრისით, 2023 წელს „მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების განაწილება ქალაქ-სოფლის მიხედვით (მილიონი ლარი) შემდეგია: ქალაქი - 1,171.2; სოფელი - 632.5“.[1]

არსებული მონაცემები უკვე ქმნის მოლოდინს, რომ ქალაქებთან შედარებით, სოფელსა და რეგიონებში მცხოვრები ქალი ამომრჩევლებისთვის ცხოვრება მეტი გამოწვევებითაა დატვირთული.

საარჩევნო ყუთთან მდგომი ქალი ამომრჩეველი პოლიტიკური პარტიისთვის ხმის მიცემისას, საარჩევნო სუბიექტს, ამავე დროს, აკისრებს ვალდებულებას იმუშაოს ამომრჩეველთან, გააჟღეროს მისი ხმა და ანგარიშვალდებული იყოს მის წინაშე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გენდერულ პორტალზე ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების I ტურის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების პროპორცია ასე გადანაწილდა[4] - ქალები 49.48% (980092), კაცები 50.52% (1000552).[5] II ტურის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლები - 51.43% ქალი (290931), 48.57% კაცი (274711).[6] არსებითი ცვლილებებისთვის ქალ ამომრჩევლებთან მუშაობა უნდა გააქტიურდეს, რათა ქალთა ხმებმა შეიძინოს ის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რაც ქვეყნის უფრო უკეთეს, უფრო თანასწორ მომავალს სჭირდება.

ქალ ამომრჩეველთა მოლოდინები ერთგვარად გადაჯაჭვულია ქალ პოლიტიკოსთა საჭიროებებთან, ამაზე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ინტერპარტიულ მანიფესტშიც ვკითხულობთ. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ქალ ამომრჩევლებს მეტი მოლოდინი აქვთ ქალი პოლიტიკოსების მიმართ და პირველ რიგში, სწორედ მათგან მოელიან პრობლემური საკითხების მოგვარებას. შესაბამისად, ქალი პოლიტიკოსების ხილვადობის გაზრდასაც.[7] კავკასიის ბარომეტრის მონაცემებით, გამოკითხულთა 62% ემხრობა  პოლიტიკაში 50% ქალი, 50% კაცი - განაწილებას.[8] ქალთა ხილვადობა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ვსაუბრობთ. დღეს კი, უმრავლესობის ხმები სათანადოდ არ ისმის.

უკანასკნელ პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით, არ უწყობს ხელს ქალ პოლიტიკოსთა ხილვადობის გაზრდას. სახალხო დამცველის შეფასებით, „გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“....“ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებები“.[9] ამავე დროს, ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული დასკვნით, კვოტების გაუქმება საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევის თვალსაზრისით, უკანდახევას წარმოადგენს, და არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთოს ვალდებულებებს, რომლებიც მიმართულია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ.[10]

ქალები მთელი ქვეყნის მასშტაბით ელიან მოქმედებებს პოლიტიკოსების მხრიდან, რათა ესაუბრონ მათ, იმოქმედონ მათთან ერთად და მათთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. რეალური ცვლილებების მისაღწევად პოლიტიკური პროცესები დედაქალაქს უნდა გასცდეს, ქალი ამომრჩევლების ხმების გასაგებად პოლიტიკური დღის წესრიგის ფოკუსმა კი რეგიონებში გადაინაცვლოს.[11]

ქალთა ხმების პოლიტიკური პარტიებისთვის მისაწვდენად და წინამდებარე დოკუმენტის შესადგენად გამოვიყენეთ სამაგიდო კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეგროვდა და დამუშავდა ქალთა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის შესახებ ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩატარებული ავტორიტეტული კვლევები, ანგარიშები, პუბლიკაციები, თემატური სტატიები, მიმოხილვები და სტატისტიკური მონაცემები. მათ შორის, დამუშავდა სახალხო დამცველის ანგარიშები, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის, კავკასიის ბარომეტრის, ცესკოს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სტატისტიკური მონაცემები, საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებზე მომუშავე არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მკვლევრების მიერ შემუშავებული კვლევები.

სამაგიდო კვლევაზე დაყრდნობით, გამოიკვეთა ქალთა რვა ჯგუფი, რომელთა შესახებ, გენდერულ ჭრილში გვეძლევა შესაძლებლობა ჯგუფის საჭიროებებზე მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი წარმოდგენა შევიქმნათ და გამოვყოთ ის პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით საყურადღებოა ქალთა კეთილდღეობისთვის თანაბარი პირობების შესაქმნელად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

სტატია მომზადებულია პროექტის, “კონფლიქტების ტრანსფორმაციის წახალისება განგრძობადი კონფლიქტის კონტექსტის კრიტიკული გადააზრებისა და ფემინისტური პერსპექტივების გაძლიერებით“ ფარგლებში, რომელსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოში ფონდ “კვინა ტილ კვინას“ (Kvinna Till Kvinna Foundation) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. მასში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს საქართველოში ფონდ “კვინა ტილ კვინას“ პოზიციას.

ქალი_ამომრჩევლები_1730982097.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი. 2020. „იკითხე პოლიტიკა“  ვინ არის ქალი ამომრჩეველი? https://feminism-boell.org/ka/2020/11/19/vin-aris-kali-amomrcheveli

[2] გაეროს ქალთა ორგანიზაცია (Unwomen). 2022. აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომა საქართველოში. მოკლე მიმოხილვა. გვ. 2.

[3] გაეროს ქალთა ორგანიზაცია (Unwomen). 2022. დროის გამოყენების გამოკვლევა საქართველოში 2020-2021. გვ. 13-14.

[4] არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლები - ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ქალი და კაცი, რომლებმაც მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. მთელი საქართველოს მასშტაბით ქალების აქტივობამ (ანუ არჩევნებში მონაწილე ქალი/კაცი ამომრჩევლების შეფარდება ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებული შესაბამისი სქესის ქალი ან კაცი ამომრჩევლების საერთო რაოდენობასთან) შეადგინა 52.07%, კაცების - 61.4%. II ტურის მონაცემებით, ქალების აქტივობამ - 24.83%, კაცებისამ 28.36% შეადგინა.

[5] ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო). 2020. 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები (I ტური). ამომრჩეველთა ერთიანი სია. https://genderstatistics.cec.gov.ge/ge/gender?tour_id=16&voters_list_category_ids%5B%5D=1

[6] ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო). 2020. 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები (II ტური). ამომრჩეველთა ერთიანი სია.  https://genderstatistics.cec.gov.ge/ge/gender?tour_id=19&voters_list_category_ids%5B%5D=1

[7] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP). 2023. ინტერპარტიული მანიფესტი - ქალი ამომრჩევლის მოლოდინები და ქალი პოლიტიკოსების გამოწვევები: როგორ პასუხობენ პარტიები დაკვეთას?. გვ. 13.

[8] კავკასიის ბარომეტრი (Caucasusbarometer). 2023. NDI: საზოგადოების განწყობა საქართველოში, 2023 წლის მარტი. https://caucasusbarometer.org/ge/nm2023ge/BESTPRP/

[9] საქართველოს სახალხო დამცველი. 2024. სახალხო დამცველის განცხადება გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით. https://www.ombudsman.ge/geo/siakhleebi/sakhalkho-damtsvelis-gantskhadeba-genderuli-kvotirebis-gaukmebis-shesakheb-initsiirebul-sakanonmdeblo-tsvlilebastan-dakavshirebit

[10] OSCE/ODIHR. 11 June 2024. Opinion on Two Organic Laws of Georgia Amending the Election Code and The law on Political Unions oc Citizens in Relation to Gender Quotas https://legislationline.org/sites/default/files/2024-06/2024-06-20%20FINAL%20Urgent%20Opinion_Organic%20Laws%20Abolishing%20Gender%20Quotas_ENGLISH.pdf .  გვ. 2.

[11] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP). 2023. ინტერპარტიული მანიფესტი - ქალი ამომრჩევლის მოლოდინები და ქალი პოლიტიკოსების გამოწვევები: როგორ პასუხობენ პარტიები დაკვეთას?. გვ. 17.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“