[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / სტატია

ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლების მკაცრი სამართლებრივი რეჟიმი და პრაქტიკა

2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ შექმნილმა ვითარებამ ახალი საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა და მათ შორისაა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონიც“. კანონის მიზანია, განსაზღვროს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი და სამართლებრივი რეჟიმი. ძირითადი შეზღუდვები შეეხო საკუთრების უფლების, სამეწარმეო საქმიანობის და თავისუფალი გადაადგილების უფლებებს ამ ტერიტორიებზე. გადაადგილების რეჟიმს კანონის მე-4 მუხლი ამგვარად განსაზღვრავს: აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში − გორის მუნიციპალიტეტიდან. გარდა ამისა, ნორმა ითვალისწინებს გამონაკლისებს, რომლებზეც აკრძალვა არ ვრცელდება. გარდა მითითებული კანონისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის შესახებ თავი, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის. სისხლის სამართლის კოდექსის 3221-ე მუხლით დასჯადია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ნორმა სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი კი − თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე. 2008 წელს სისხლის სამართლის კოდექსში აღნიშნული ჩანაწერის გაჩენის შემდეგ სასჯელის ზომა არ შეცვლილა.  

შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში − გორის მუნიციპალიტეტიდან,  სხვა ყველა მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე და პირებისათვის აკრძალულია და ისჯება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

საგულისხმოა, რომ ვენეციის კომისიამ რამდენიმე დასკვნა მოამზადა კანონის შესახებ, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც, სადაც გააკრიტიკა  არსებული კანონმდებლობა. კომისია უთითებდა, რომ კანონს უფრო სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა და ცალმხრივად აწესებდა ფართო მასშტაბის შეზღუდვებს, მათ შორის − გადაადგილებასთან  დაკავშირებით.  ასევე  მიიჩნევდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილების წესის დარღვევისთვის დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მეტად მკაცრი იყო და  ქმედების სრულად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გადატანა უფრო შესაფერი იქნებოდა შექმნილი ვითარებისათვის და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მეტ ჩართულობას შეუწყობდა ხელს. დამატებით რეკომენდაციის სახით, ვენეციის კომისიამ სახელმწიფოს მოუწოდა, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისას ფორსმაჟორი ერთ-ერთ გამონაკლისად განსაზღვრულიყო.[1] მიუხედავად  კრიტიკული კომენტარებისა,  რომელთა ნაწილის ასახვას სახელმწიფო შემდგომ წლებში შეეცადა,  მთელი რიგი რეკომენდაციები  კანონის მიღმა დარჩა.

ადამიანის უფლებების დაცვის და კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ინტერესის გათვალისწინებით, წინამდებარე სტატიის მიზანია, გაანალიზოს, თუ როგორ წესრიგდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეების არმქონე პირებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი, რა სამართლებრივ პრობლემებს ქმნის ამ  ქმედების სისხლისსამართლებრივი  დასჯადობა, როგორ განიმარტება ნორმა საგამოძიებო ორგანოებისა და საერთო სასამართლოს პრაქტიკაში და რა ძირითადი კრიტიკა ახლავს თან საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას.

გადაადგილების_თავისუფლება_1686073881.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Opinion on the 2013 draft amendments to the law on the occupied territories of Georgia.par.6-7.

https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2013)036-e

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“