[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / სტატია

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შეფასება უფლებრივი და ჰუმანიტარული პერსპექტივით

თეონა ფირანიშვილი 

2008 წლის ომის შემდეგ შექმნილმა შიდა და საგარეო პოლიტიკურმა მდგომარეობამ სრულიად ახალი ცნებები გააჩინა ქართულ პოლიტიკურ ველში _ დეოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები, არაღიარების პოლიტიკა. სწორედ ამ მიმართულებებით განვითარდა შემდგომი სამშვიდობო პოლიტიკა, რაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში სამართლებრივადაც განმტკიცდა. აგვისტოს ომმა, გარდა იმისა, რომ ომისთვის თანდაყოლილი ტკივილი და ტრაგედიები დაუტოვა ჩვენს ხალხებს, შეცვალა მანამდე არსებული სამშვიდობო რიტორიკა და ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების ნარატივი მთლიანად ქართულ-რუსული კონფლიქტის ჩარჩოში გადაიტანა. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის და პოლიტიკის დონეზე აღიარა, რომ მის იურისდიქციაშია ორი ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სახით და მთელი ძალისხმევა მკაცრი არაღიარების პოლიტიკისკენ მიმართა.

პოლიტიკის სრულიად განსხვავებული რაკურსით შემოტრიალება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებამ განაპირობა. რუსეთი ამ მოვლენის შემდეგ ცალსახად გამოვიდა ე.წ. მომლაპარაკებელის პოზიციიდან, რომელიც 1990-იანი წლებიდან ეკავა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სამშვიდობო პროცესებში და საქართველოსთვის, და შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოებისთვის გარდაიქმნა ოკუპანტ ძალად, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონისთვის კი _ მთავარ დასაყრდენად, რომლის გარეშეც ამ ორ რეგიონს დამოუკიდებელი არსებობა, სულ მცირე ძალიან გაუჭირდებოდა.

ჩნდება განცდა, რომ რუსეთმა საქართველო ანტირუსული და პროდასავლური პოლიტიკის გამო „დასაჯა“. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი კი საპასუხო „სადამსჯელო“ ზომა აღმოჩნდა ამ რეგიონებისთვის, ვინაიდან კანონის მიზანი ახალი არაღიარების პოლიტიკის შესაბამისად, მათი იზოლაციაა დანარჩენი სამყაროსგან. საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე მათთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისგების საკითხად იქცა. რეალურად, კანონი მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთისთვის და ცხინვალის რეგიონისთვის საქართველოს სუვერენიტეტის ქვეშ არსებობა გადარჩენის ერთადერ გზად აქციოს.

კანონის მიღებიდან ზუსტად 12 წელი გავიდა. ამ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას, კანონის არსებობის პარალელურად, არაერთი მცდელობა ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო რეჟიმებისთვის ახალ-ახალი სამშვიდობო წინადადებები შეეთავაზებინა. თუმცა, როგორც თომას დე ვაალი წერს, „დე-ფაქტო რეჟიმების უჩვეულო გამძლეობა“1 ამ შეთავაზებებისთვის ადგილს თითქმის არ ტოვებდა. სამშვიდობო ინიციატივების პარალელურად ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონიც უფრო მეტად ჰუმანური ხდებოდა ეტაპობრივი ცვლილებების შედეგად. თუმცა, სადაოა, რამდენად ქმნიდა ის კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის და ამ პროცესში უფლებრივი და ჰუმანიტარული პერსპექტივების გაჩენის საშუალებას. სტატიის მიზანია გაანალიზოს კანონის განვითარების ეტაპები, უფლებრივი და ჰუმანიტარული განზომილებები და მისი ადგილი ერთიან სამშვიდობო პოლიტიკაში.

ვრცლად, მიმაგრებულ ფაილში.

პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: “კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის მხარდაჭერა საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ ადამიანის უფლებების დისკურსის გაძლიერებით.“ პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

კანონის_შეფასება_1606484538.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“