საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებმა დიდი ხნის წინ აღიარეს ოჯახი, როგორც საზოგადოების ფუნდამენტური ერთეული, რომლის დაცვა და მხარდაჭერა სახელმწიფოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებად განისაზღვრა. საგულისხმოა, რომ არ არსებობს ოჯახის კონცეფციის ზუსტი განსაზღვრება, რამდენადაც იგი დამოკიდებულია საზოგადოების ისტორიულ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ მახასიათებლებზე. ამასთან, ოჯახის ცნება და სტრუქტურა, საზოგადოების ცნობიერების შეცვლისა და განვითარების კვლადლადკვალ იცვლება. აღნიშნული ცვლილებები დროთა განმავლობაში აისახა ქორწინებისა და განქორწინების სტატისტიკაზე, სამოქალაქო ქორწინების გარეშე თანაცხოვრების და მარტოხელა მშობლების, თუ ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინების/პარტნიორობის აღიარებასა და დაცვაზე. ამასთან, ქალები უფრო და უფრო აქტიურად ჩაერთნენ შრომის ბაზარზე, ახალგაზრდები კი, უფრო მეტ დროსა და რესურსს დებენ განათლებასა და კარიერაში, რაც შესაბამისად აისახება ოჯახის სტრუქტურასა და ქვეყნების დემოგრაფიულ მდგომარეობაზე.
აღსანიშნავია, რომ სტრუქტურული ცვლილებების მიუხედავად, თანამედროვე საზოგადოებებში, მათ შორის საქართველოში, ოჯახი ინარჩუნებს ძლიერი სოციალური ინსტიტუტის ფუნქციას, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნისა და ცალკეული შინამეურნეობების სოციო-ეკონომიკური შედეგების განსაზღვრაში. შესაბამისად, სოციალური დაცვის სისტემებში ოჯახების მხარდაჭერის პოლიტიკას, დღემდე მნიშვნელოვანი როლი აქვს. ოჯახების სტრუქტურული ცვლილებების ფონზე კი, გაიზარდა დისკუსიები ამ პროცესში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ინტეგრირების მნიშვნელობაზე, რამდენადაც, ნათელი გახდა, რომ გარდა ეკონომიკური და რეპროდუქციული ურთიერთობებისა, ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელოვანი კომპონენტია მზრუნველობითი პასუხისმგებლობები.
აღნიშნული ცვლილებებისა და დისკუსიების გათვალისწინებით, ევროკავშირში 2017 წელს მიიღეს „სოციალური უფლებების ევროპული სვეტი“, რომელმაც სოციალური დაცვის სისტემაში ოჯახების მხარდაჭერის მანამდე დამკვიდრებული პოლიტიკისთვის შექმნა ახალი სამოქმედო ჩარჩო. ევროპული სვეტი მოიცავს 20 საკვანძო პრინციპს, რომელთაგან ორი პრინციპი პირდაპირ თუ ირიბად გულისხმობს ოჯახების მხარდაჭერას: (პრინციპი 11) ბავშვზე ზრუნვა და მხარდაჭერა, (პრინციპი 9) სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების შეთავსება, რაც გულისხმობს ოჯახის მხარდაჭერას სათანადო შრომითი პირობების შექმნის გზით, რათა მშობლებმა და განსაკუთრებით დედებმა, მოახერხონ სამუშაოსა და ოჯახის საქმეების შეთავსება და უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისათვის შესაბამისი დროის ოჯახისათვის გამოთავისუფლება.[1]
საქართველომ 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით, აიღო ვალდებულება დაუახლოვდეს გაერთიანების კანონმდებლობას, პრინციპებს და პრაქტიკებს. 2023 წლის 14 დეკემბერს კი, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რითიც თანამშრომლობის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის ევროპული ცხოვრების დონე და პირობები, ქვეყნის განვითარების საუკეთესო მოდელად მიიჩნევა. ეს განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამას აჩვენებს, როგორც საზოგადოებრივი აზრის კვლევები[2], ისე მიმდინარე საჯარო დისკუსიები, თუ პროტესტები.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ შემუშავებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის საფუძველზე და მასთან მიმართებით, შეისწავლოს საქართველოში ბავშვიანი ოჯახების კეთილდღეობისთვის დანერგილი სისტემები და მექანიზმები. ანალიზის საფუძველზე, დოკუმენტი წარმოადგენს რეკომენდაციებს, რათა საქართველოში ოჯახებზე ზრუნვა გასცდეს პოლიტიკურ პოპულიზმს, შემუშავდეს მიზანზე დაფუძნებული და შედეგზე ორიენტირებული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმები.
წინამდებარე დოკუმენტი ეფუძნება ვრცელ სამაგიდო კვლევას, რომლის ფარგლებში დამუშავდა ბავშვისა და ოჯახის სოციალური დაცვის სისტემის ირგვლივ გამოცემული ანგარიშები, კვლევითი და ანალიტიკური დოკუმენტები, სახელმწიფო უწყებების მიერ გამოქვეყნებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი ოფიციალური ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები. ევროკავშირში და საქართველოში ოჯახის კონცეფციის, მისი სამართლებრივი საფუძვლებისა და მხარდაჭერის პოლიტიკის მიმოხილვისას, დამუშავდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები და ეროვნული კანონმდებლობა. ისტორიულ-პოლიტიკური, დემოგრაფიული და ეკონომიკური მახასიათებლების მსგავსების გათვალისწინებით, საქართველოსთან ერთად, დოკუმენტი მოკლედ მიმოიხილავს ესტონეთისა და ლიეტუვას გამოცდილებას ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის მიმართულებით, რათა უკეთ იქნეს აღქმული ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიდგომები.
რამდენადაც, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა მრავალგანზომილებიანია და კომპლექსურ მიდგომებს გულიხმობს, მიმოხილვისას დოკუმენტი ეყრდნობა სოციალური უფლებების ევროპული სვეტის ზემოთ აღნიშულ პრინციპებს. შესაბამისად, დოკუმენტი არ მიმოიხილავს სოციალური პოლიტიკის ყველა ასპექტს, სოციალური სერვისების მიმღებ ყველა ჯგუფს და სოციალური მხარდაჭერის სერვისის განხორციელების ტექნიკურ დეტალებს, რამდენადაც დოკუმენტის ძირითადი ინტერესი საკითხის ფართო პოლიტიკური კონტექსტია.
[1] The European Pillar of Social Rights in 20 Principles. 2017. პრინციპი 9 და 11.
[2] NDI. 2023. საზოგადოების განწყობა საქართველოში. 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგები. ხელმისაწვდომია: https://www.ndi.org/sites/default/files/NDI%20Georgia_GGF%20poll_October_2023_Geo_VF.pdf
ინსტრუქცია