[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ნარკოპოლიტიკა / ანგარიში

ნარკოპოლიტიკა საქართველოში - 2023 წლის ტენდენციები

შესავალი

2023 წელს ნარკოტიკულ დანაშაულებთან და ადიქციის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები კვლავ არ ყოფილა პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. ნარკოპოლიტიკა ჯერაც რეპრესიული ხასიათისაა და უმთავრესად, ადამიანების სამაგალითოდ დასჯისა და გადაჭარბებული საპოლიციო კონტროლის ინსტრუმენტებზე დგას. ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი თუ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება სისტემურ რეფორმას, მათ შორის, ფუნდამენტურ საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს, თუმცა ეს საკითხი გამქრალია საზოგადოებრივი დებატების სივრცეებიდან და ნარკოპოლიტიკის გასაუმჯობესებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმა გვიანდება.

2023 წლის მონაცემებით, გლობალურად, ინექციური გზით 15-64 წლის ასაკის დაახლოებით 14.8 მილიონი ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს.[1] ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებელთა (ნიმ) პოპულაციის ზომის კვლევა საქართველოში უკანასკნელად 2021 წელს ჩატარდა. 2022 წელს გამართული ექსპერტთა კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, კვლევის შედეგების ქვეყნის ზოგად პოპულაციაზე გადათვლით, ინექციური გზით ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რაოდენობა ქვეყანაში 51 000-ს უტოლდება, ხოლო საქართველოს 18-64 წლის ასაკის პოპულაციაზე გადათვლით - 49 700-ს.[2] აქამდე ჩატარებული კვლევების თანახმად, 2014 წელს, საქართველოს სრულ პოპულაციაზე გადათვლით, ნიმ-ების რაოდენობა 49,700 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2016 წელს - 52,500-ს.[3] მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში, ნიმ-ების რაოდენობა მინიმუმ არ გაზრდილა და, შესაძლოა, ოდნავ შემცირებულიყო კიდეც. მიუხედავად ამისა, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების პოპულაციის ზომის მიხედვით (ქვეყნის მოსახლეობების პროპორციულობის გათვალისწინებით), საქართველო არსებითად უსწრებს როგორც სამეზობლოს, ისე ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს.[4]

სახელმწიფო, გაცხადებული პოლიტიკის დონეზე, აღიარებს პროგრესული მიდგომების დანერგვისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარების საჭიროებას. ეს, მათ შორის, 2023 წელს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული „ნარკოპოლიტიკის 2023-2030 წლების ეროვნული სტრატეგიითაც“ დასტურდება.[5] ეს მეორე მსგავსი ბუნების პოლიტიკის დოკუმენტია, რომელიც ეხმიანება და განავრცობს „2013 წლის ანტინარკოტიკულ სტრატეგიაში“[6] ჩამოყალიბებულ პრინციპებს. სტრატეგია ეფუძნება ოთხ ძირითად მიზანს, ესენია: პრევენცია; მკურნალობა და რეაბილიტაცია; ზიანის შემცირება და მიწოდების შემცირება. დოკუმენტი ზემოაღნიშნული მიზნების ეფექტიანი მიღწევის წინაპირობად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას მოიაზრებს და ინკლუზიურობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპებს ემყარება.

სტრატეგია ყურადღებას ამახვილებს ნარკოტიკულ დანაშაულებზე ლიბერალური მიდგომების გატარებასა და სასჯელის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვის საჭიროებაზეც.[7] თუმცა, შესაბამისი სამოქმედო გეგმა, ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ მოიაზრებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშის გამოქვეყნების მომენტისთვის, სამოქმედო გეგმის დამტკიცებიდან თითქმის წელიწადნახევარია გასული, ქვეყანაში კანონმდებლობის ლიბერალიზაციის კუთხით, წერტილოვანი ცვლილებებიც კი არ განხორციელებულა. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში ასევე არ ასახულა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

პოლიტიკურ დღის წესრიგში, უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, ნარკოპოლიტიკის საკითხი მხოლოდ პოპულისტური შინაარსებით ჩნდება. მთავრობის ნარატივიდან გამქრალია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ისეთი მწვავე თემები, როგორიცაა ჯანდაცვა თუ სოციალური საკითხები, ანდაც პრევენციული ინტერვენციების მნიშვნელობა. მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, ნარკოპოლიტიკის რეფორმირების საკითხი, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში, სტიგმის შემცველი ტერმინების გამოყენებით იჩენს ხოლმე თავს.[8] ამ ფონზე, გაუგებარია, თუ რა იგულისხმება თავად ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებულ პოლიტიკის დოკუმენტებში ხსენებულ „ლიბერალური მიდგომების“ მიღმა და რამდენად აქვს სახელმწიფოს სურვილი და მზაობა, რომ გაატაროს ჰუმანურობის პრინციპებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკა.

ნარკოპოლიტიკა_GEO_1726580074.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Degenhardt, L., Webb, P., Colledge-Frisby, S., Ireland, J., Wheeler, A., Ottaviano, S., & Grebely, J. (2023). Epidemiology of injecting drug use, prevalence of injecting-related harm, and exposure to behavioural and environmental risks among people who inject drugs: a systematic review. The Lancet Global Health11(5), e659-e672, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/CegZXQR7

[2] ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლის პოპულაციის ზომის განსაზღვრა საქართველოში, 2022, წვდომის თარიღი: 10.07.2024. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/KegZL7SP

[3] ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში, 2017, საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“, საერთაშორისო ფონდი კურაციო, გვ. 8, წვდომის თარიღი: 10.07.2024, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/OegZZsrw

[4] ევრაზიის ზიანის შემცირების ასოციაციის (EHRA) ინტერაქციული რუკა: https://cutt.ly/AegZZvot; ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტო (EUDA), წვდომის თარიღი: 10.07.2024, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/legZZX3w

[5] „ნარკოპოლიტიკის 2023-2030 წლების ეროვნული სტრატეგია“, წვდომის თარიღი: 10.07.2024 წელი,  ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/0egZK857.

[6] „2013 წლის ანტინარკოტიკული სტრატეგია“, წვდომის თარიღი: 10.07.2024 წელი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/JegZLuku.

[7] „ნარკოპოლიტიკის 2023-2030 წლების ეროვნული სტრატეგია“, გვ. 26, წვდომის თარიღი: 10.07.2024 წელი,  ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/LegZLvlo.

[8] ტაბულა - ირაკლი კობახიძე: „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გაგრძელებაა“, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/YekvEME2.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“