[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

1 მაისს მზარდი ავტორიტარიზმისა და მშრომელთა უფლებების კრიზისის პირობებში ვხვდებით

1 მაისს მსოფლიო შრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე ყველა ჩვენგანისთვის სოლიდარობისა და მშრომელების ბრძოლის მნიშვნელობის კიდევ ერთი შეხსენებაა.

შრომის საერთაშორისო დღეს საქართველო კრიზისითა და მშრომელთა უფლებების უმძიმესი დარღვევებით ხვდება. მნიშვნელოვანი რესურსების მქონე ავტორიტარული რეჟიმი, ხალხის მობილიზაციის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვის, რადგან მან, შესაძლოა, ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესს საფრთხე შეუქმნას. სამწუხაროდ, მშრომელთა მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივები უკიდურესად მწირია.

უმწვავესი კრიზისია ჭიათურაში, სადაც მარტის დასაწყისში მშრომელებმა შეიტყვეს იმის შესახებ, რომ “ჯორჯიან მანგანეზი” მანგანუმის მიწისქვეშა წესით მოპოვებას აღარ გააგრძელებდა. კომპანიის გადაწყვეტილებამ 3 500 ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა. “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ადგილობრივების შრომისა და საცხოვრებლის უფლებების უხეშ დარღვევებსა და სოციალური კატასტროფის რისკებზე სახელმწიფოს არანაირი რეაქცია არ ჰქონია და საკუთარი მოქალაქეები ფაქტობრივად უკიდურესი სოციალური მოწყვლადობისთვის გასწირა. სრული უგულებელყოფის ფონზე, მოსახლეობა შიმშილის ზღვრამდე მივიდა.

სისტემური ჩაგვრის, ეკონომიკური გაჭირვების, უგულებელყოფისა და გაურკვევლობის პირობებში წარმოქმნილი კონფლიქტის კონტექსტში რამდენიმე დღის წინ, სისხლის სამართლის წესით 4 მოშიმშილე მაღაროელი დააკავეს. მათ 4-დან 6 წლამდე და 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მშრომელების წინააღმდეგობის ლიდერების დაკავებას ქალაქში მკაცრი საპოლიციო რეჟიმის დამყარება და კონტროლი მოყვა.

მძიმე მდგომარეობაა ტყიბულშიც. გასული წლის დეკემბერში, კომპანია “საქნახშირმა”, შრომითი უფლებების სტანდარტების უხეში დარღვევით, 38 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გათავისუფლებული პირები ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიისთვის არასასურველ კადრებს წარმოადგენდნენ, რამაც მათი სამსახურის დაკარგვა გამოიწვია.

დევნასა და უფლებების მკვეთრ გაუარესებას განიცდიან საჯარო მოხელეებიც. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუარესა მათი უფლებრივი გარანტიები და სექტორის პოლიტიზაციას შეუწყო ხელი. ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს რეპრესიებს განსხვავებული აზრის მქონეთა წინააღმდეგ. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, საჯარო სექტორიდან 700-მდე ადამიანი მხოლოდ იმიტომ გათავისუფლდა, რომ მათ რეჟიმის კრიტიკა გაბედეს და საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული გეზის მიმართ ერთგულება დააფიქსირეს. რეპრესიული ღონისძიებებით მმართველი პარტია ცდილობს, ჩამოაყალიბოს ისეთი სისტემა, სადაც ადამიანის ღირსებასა და პროფესიონალიზმზე მეტად პოლიტიკური ლოიალურობა ფასობს.

უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებიც. ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლებისა და არაერთი თანამშრომლისთვის საყვედურის გამოცხადების შემდგომ, ნათელი გახდა, რომ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო თანამშრომლების დევნამ უმძიმესი ფორმები მიიღო. შედეგად, ჟურნალისტების შრომის, გამოხატვისა და თანასწორობის უფლებები უხეშად ირღვევა.

ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას სოლიდარობასა და ხალხის მობილიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ფართომასშტაბიანი წინააღმდეგობის, მათ შორის, საყოველთაო გაფიცვების, ორგანიზებას ძლიერი და დამოუკიდებელი პროფკავშირები სჭირდება. ხელისუფლება მათში საკუთარი ძალაუფლებისთვის საფრთხეს ხედავს, რის გამოც მათი დევნაც დაიწყო. ამის გამოხატულებაა 24 აპრილს, დამოუკიდებელ პროფკავშირ “ლაბორის” ოფისის ჩხრეკა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლების (მუხლი 182 - მითვისება ან გაფლანგვა, ჩადენილი დიდი ოდენობით; მუხლი 362 - დოკუმენტის გაყალბება) საფუძველზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

რეპრესიებთან და დევნასთან ერთად, 1 მაისს მშრომელები ღირსეული სოციალური პირობების გარეშე ხვდებიან:

  • ინფლაციისა და ყოველდღიური ხარჯების ზრდის ფონზე, საქართველოში მინიმალური ხელფასი კვლავ 1999 წელს განსაზღვრული 20 ლარია;
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2023 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი მხოლოდ 1 238 ლარი იყო, რაც საცხოვრებელ ხელფასს (1706 ლარი) დაახლოებით 470 ლარით ჩამორჩებოდა. მდგომარეობა კრიტიკული იყო არაერთ უმნიშვნელოვანეს სფეროში, როგორიცაა განათლება (835 ლარი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება (934 ლარი), ასევე, წყალმომარაგება, კანალიზაცია და ნარჩენების მართვა (855 ლარი). ეს აჩვენებს იმას, თუ რეალურად რამდენად არაპრიორიტეტულია ეს სექტორები სახელმწიფოსთვის;
  • სურვილის მიუხედავად, 600 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმებას ვერ ახერხებს, ხოლო ათიათასობით დასაქმებული მწირ ხელფასზე მუშაობს. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მარტში 101 966-მა ადამიანმა 500 ლარზე ნაკლები, ხოლო 267 198 - მა ადამიანმა - 1 000 ლარზე ნაკლები ხელფასი მიიღო;
  • ქვეყანაში არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევა, რომელიც მყიფე შრომის ბაზრის პირობებში, სამუშაოს დაკარგვის შემდეგ, დასაქმებულებისათვის რამდენიმე თვის განმავლობაში ფულად მხარდაჭერას გაითვალისწინებდა. ამ მექანიზმის არარსებობის პირობებში, შემოსავლის გარეშე დარჩენილ მშრომელებს ხშირად უწევთ მათთვის მიუღებელი ანაზღაურებით, მძიმე შრომაზე დათანხმება, დასაქმების შეუძლებლობის შემთხვევაში კი - უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრება.

ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას არაფორმალურ სფეროში დასაქმებულთა მხარდაჭერის მექანიზმების არარსებობაც წარმოადგენს. თვითდასაქმებულები, ოფიციალური სტატუსის არარსებობის გამო, მინიმალური სოციალური გარანტიებით ვერ სარგებლობენ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ვაჭრობის სფეროში ჩართული პირები, რომლებსაც, საჯარო სივრცეებიდან განდევნასთან ერთად, სახელმწიფოსგან მასშტაბური ინციდენტებისგან დაზღვევის მექანიზმებზე წვდომაც არ აქვთ. მათი მოწყვლადობის ერთ-ერთ მაგალითს, 30 აპრილს, ვაგზლის ბაზრობის ხანძარი წარმოადგენს, როდესაც გასაყიდი საქონლის მასობრივი განადგურების შემდეგ, სოციალური კატასტროფის წინაშე მდგომი მოვაჭრეების მხარდაჭერის ინიციატივა სახელმწიფოს ამ დრომდე არ გამოუთქვამს. ერთადერთ გამონაკლისს შემოსავლების სამსახური წარმოადგენს, რომლის განცხადებითაც, მოვაჭრეების მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე, 10 სამუშაო დღეში განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს ჩამოაწერს. აღნიშნული ინიციატივა არაადეკვატურია იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებსაც ასეთი მასშტაბის ფინანსური ზარალი მიადგათ და საბანკო ვალდებულებების გადავადების იმედიც ფაქტობრივად არ აქვთ.

იმ პირობებში, როდესაც “ქართული ოცნების” მთავარი პროპაგანდისტული გზავნილი ეკონომიკური ზრდაა, ცინიკური და უსამართლოა შრომისა და სოციალური დაცვის ის მინიმალისტური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას აქვს. თუმცა ეს დამახასიათებელია ოლიგარქიული ავტორიტარიზმისთვის, რომელიც არა ხალხის ინტერესებს, არამედ ოლიგარქისა და მისი გარემოცვის ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება. ასეთი რეჟიმები იცავენ იმ მცირე ჯგუფის ძალაუფლებას, რომელიც ოლიგარქიული პირამიდის სათავეშია მოქცეული და ფლობს, მოიპოვებს და აკონტროლებს სიმდიდრეს, დანარჩენი საზოგადოება კი განწირულია ექსპლუატაციისა და გაჩუმებისთვის. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ავტორიტარული მმართველობა ვერ იარსებებს აქტიური, მომთხოვნი და ორგანიზებული მოქალაქეების პირობებში. აქედან გამომდინარე, ის დაინტერესებულია, ჰყავდეს მორჩილი, მოწყვლადი და ატომიზებული მოქალაქეები. სწორედ ამიტომ შრომითი და სოციალური დაცვის პოლიტიკის დეგრადაცია ავტორიტარული პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილი ხდება.

დღეს, როგორც არასდროს, მშრომელების მიმართ და მშრომელებს შორის სოლიდარობის ხიდების მშენებლობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. არსებითია, ყველამ გაიაზროს, რომ ორგანიზებისა და სოლიდარობის კავშირების გარეშე ცვლილებების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ორგანიზებისა და სოლიდარობის ნებისმიერი შესაძლებლობები მოსპოს, დასაქმებულები დამსაქმებელთა მორჩილებისა და კონტროლის ქვეშ მოაქციოს და საბოლოოდ სრული კონტროლი მოიპოვოს მის შრომაზე, ღირსებაზე და მოქალაქეობაზე. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენი ბრძოლის მიზანი არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკის დაგმობაა, არამედ სოციალურ თანასწორობასა და კეთილდღეობაზე დაფუძნებული ახალი ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც დაცული იქნება ყველა ადამიანის ღირსება, შრომა, სოციალური უფლებები და საბოლოოდ, დემოკრატიული მოქალაქეობა.

სოლიდარობა და ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ყველა მშრომელს!

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“