[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

ტყიბულში 40-მდე მეშახტის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოა და განსხვავებული აზრის დევნის ნიშნებს ატარებს

 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება ტყიბულში 40-მდე მეშახტის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს და მიიჩნევს, რომ კომპანიის აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის შრომის უფლების სტანდარტებთან და განსხვავებული მოსაზრების გამო სავარაუდო დისკრიმინაციული დევნის ნიშნებს ატარებს.

ტყიბულში მოქმედმა სამთომომპოვებელმა საწარმომ ,,საქნახშირი’’ 3 თვის წინ რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო, რომლის შედეგად კომპანიაში დასაქმებული 38 პირი სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებულ პირებს კომპანიამ კომპენსაციის ორი ვარიანტი შესთავაზა: 1. სამი თვის კომპენსაცია, გადამზადება და გადამზადებისა და გამოცდის შემდეგ სამსახურში შესაძლო დაბრუნების ბუნდოვანი პერსპექტივა; 2. გათავისუფლება და ოთხი თვის კომპენსაცია[1].

რეორგანიზაციის პროცესს კომპანია ახალი სტანდარტებისა და ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირებს მოპოვებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. კომპანიის განცხადებით, ამ მიზნებით საწარმოში შემოწმდა დასაქმებულების ცოდნა და კვალიფიკაცია, რის შედეგადაც 38 სამუშაო ადგილი შეამცირეს და სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს გადამზადება შესთავაზეს[2].

კომპანია ,,ქვანახშირში’’ რეორგანიზაციის საფუძველზე მეშახტეთა სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი არაერთი მიმართულებით არის შეუსაბამო შრომის სამართლის ფუნდამენტურ სტანდარტებთან.

  1. შრომის საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, დასაქმების შეწყვეტის ვალიდურ საფუძველს შესაძლოა წარმოადგენდეს დაწესებულების/საწარმოს რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოწვეულია არსებითი ოპერაციული/ფუნქციური ცვლილების საჭიროებით, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, სტრუქტურულ ან სხვა მსგავს მიზეზებს[3]. თუმცა მოცემულ შემთხვევაში, კომპანია ,,საქნახშირი’’ რეორგანიზაციის საფუძვლად მხოლოდ ფორმალურად უთითებს საწარმოში ტექნოლოგიური ცვლილებებისა და ახალი სტანდარტების დანერგვის ზოგად საჭიროებაზე. კომპანიის მიერ გავრცელებული საჯარო ინფორმაციიდან არ იკვეთება ამ ცვლილებების მკაფიო შინაარსი და მასშტაბი. ეს საკითხი ბუნდოვანია ასევე სამსახურიდან გათავისუფლებული მშრომელებისათვის, რადგან კომპანიის მხრიდან არ მომხდარა მათი სრულფასოვანი განმარტება. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არის თუ არა სახეზე არსებითი ხასიათის ტექნოლოგიური ცვლილებები, რამაც 38 ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება რეალურად განაპირობა.

ამ კუთხით ხაზგასასმელია ასევე, რომ ტექნოლოგიური ცვლილებების საფუძველზე საწარმოს რეორგანიზაციისა და მოდერნიზაციის დროს, მშრომელებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ადაპტირდნენ ახალ სამუშაო პირობებთან, სტანდარტებთან და ტექნოლოგიებთან[4]. ეს გულისხმობს მათ გადამზადებას და ახალ პირობებში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას. ,,საქნახშირის’’ მიერ მშრომელებთან მიმართებით განხორციელებული მოქმედებები - ჯერ სამსახურიდან გათავისუფლება, შემდეგ გადამზადება და ამის შემდეგ სამსახურში დაბრუნების ბუნდოვანი პერსპექტივა ცალსახად ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს ფუნდამენტურ შრომით უფლებრივ სტანდარტებს.

  1. ,,საქნახშირში’’ განხორციელებული რეორგანიზაციის მნიშვნელოვან ხარვეზებს შორის უნდა გამოიყოს ასევე შემცირებულ პირებთან ჩატარებული გასაუბრებების პროცესი. მეშახტეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ ზეპირი გასაუბრებების შედეგად, რასაც წინ არ უძღოდა წინასწარი ინფორმირება, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდებოდა მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის შეფასება[5]. ზოგიერთ შემცირებულ პირთან გასაუბრება საერთოდ არ ჩატარებულა. კომპანიის ოფიციალური განმარტებით, ,,ზოგიერთი კადრი ისე შემცირდა, უბრალოდ’’ [6].
  2. ,,საქნახშირში’’ განხორციელებული შემცირებების კიდევ ერთი შემაშფოთებელი ასპექტია ის, რომ გათავისუფლებულებს შორის არიან პირები, რომელთა მიმართ, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ზეწოლას პოლიტიკური შეხედულებებისა და განსხვავებული მოსაზრებების გამო. ეს პირები დეტალურად ჰყვებიან კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მათ წინააღმდეგ განხორციელებული დაშინების სხვადასხვა ფორმების შესახებ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისა და/ან კომპანიაში არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიციების გაჟღერების გამო[7].

მშრომელების სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით გათავისუფლების შესახებ მეტყველებს ასევე ისიც, რომ მათ მიმართ არ იკვეთება რაიმე საყვედურის არსებობა კომპანიაში შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით. პირიქით, საწარმოში მუშაობის მრავალი წლის განმავლობაში, კომპანიის მხრიდან ხდებოდა მათი ეტაპობრივი თანამდებობრივი დაწინაურება დაკისრებული ფუნქციების წარმატებით შესრულების გამო.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი ანტი-სახელისუფლებო პროტესტისა და ხელისუფლების მხრიდან გახშირებული რეპრესიების ფონზე, იქმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიისათვის ეს პირები არასასურველ კადრებს წარმოადგენდნენ, რომლებიც რეორგანიზაციის საბაბით კომპანიამ გაათავისუფლა.

რეორგანიზაციის პროცესში დაფიქსირებული შრომითი უფლებების მწვავე დარღვევები და ამ პროცესთან დაკავშირებით კომპანია ,,საქნახშირის’’ მიერ გაკეთებული ზედაპირული განმარტებები წარმოაჩენს, რომ კომპანიას არ აქვს სათანადოდ გააზრებული მშრომელთა რეალური საჭიროებები და შრომითი უფლებებთან დაკავშირებით კომპანიის ცენტრალური ვალდებულებები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კომპანიის სახელს უკავშირდება უმძიმესი სამუშაო პირობები მშრომელებისთვის, რასაც არა ერთი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა მოყვა. განსაკუთრებით შემზარავი ტყიბულისთვის 2018 წელი იყო, როდესაც ერთ წელიწადში ქალაქში 12 მეშახტე დაიღუპა. უმძიმესი იყო 2022 წლის 30 იანვარს, ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი აფეთქება, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. მთლიანობაში ტყიბულის შახტებში 2007 წლიდან ამ დრომდე 40 ადამიანი დაიღუპა. მძიმე პირობების მიუხედავად “საქნახშირი” ტყიბულში მცხოვრები ადამიანების დასაქმების და შემოსავლის მიღების მთავარი წყაროა. ტყიბულის შახტებში 1250-მდე ადგილობრივი მუშაობს. ტყიბულის მუნიციპალიტეტი გამოირჩება მაღალი სიღარიბით და მსხვილი კომპანიის მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი ქონების და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი მიზერულია. ამ პირობებში ტყიბულში მაღალია მიგრაცია და მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. 

2019 წელს საწარმოში შექმნილი უმძიმესი შრომითი პირობებისა და მასობრივი გაფიცვის შემდეგ, კომპანიის მფლობელი შეიცვალა. 2019 წლის ბოლოდან „საქნახშირის“ მესაკუთრე შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“ გახდა. 2019 წლის ნოემბრიდან საქნახშირის გენერალური დირექტორი შპს კოალ ოფ ჯორჯიაა. 2019 წელსვე კოალ ოფ ჯორჯიაას 50% წილი უსასყიდლოდ გადაეცა შპს “დათვს”. თავად შპს „დათვის“ 90% კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მიხაილ სოცკი ფლობს. აღნიშნული კომპანიის მენეჯმენტი აჩვენებს მაღალ ლოიალობას “ქართული ოცნების” მიმართ და როგორც ჩანს კომპანიის შიგნით დაორგანიზებული წმენდის მიზეზები და მოტივები, ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს გათავისუფლებულ მეშახტეებს გამოთქვამს მზადყოფნას სამართლებრივი მექანიზემბით დაიცვას მშრომელების უფლებები.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ნეტგაზეთი - ,,ტყიბულის შახტების 38 თანამშრომელი გაათავისუფლეს – რა ხდება?’’:

https://netgazeti.ge/life/757445/.

[2] კომპანია ,,საქნახშირის’’ განცხადება: https://www.facebook.com/saknakhshiri/posts/pfbid052D7z7cHtBycTckthRigJSzMktqEZCkSnCxdjWwRU3vqAVgbP2iDc3f4Rp2cRkTol.

[3] International Labour Organization - Note on Convention No. 158 and Recommendation No. 166 concerning Termination of Employment, page 2:

https://www.ilo.org/media/137211/download.

[4] International Labour Organization – Report “Protection against Unjustified Dismissal”, paragraph 97: https://webapps.ilo.org/public/libdoc/ilo/P/09661/09661(1995-82-4B).pdf.

[5] მაუწყებელი:

https://www.facebook.com/mautskebeli.ge/videos/9234032320018691.

[6] ნეტგაზეთი - ,,ტყიბულის შახტების 38 თანამშრომელი გაათავისუფლეს – რა ხდება?’’:

https://netgazeti.ge/life/757445/.

[7] მაუწყებელი:

https://www.facebook.com/mautskebeli.ge/videos/9234032320018691.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“