[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

გორის ხელოვნების სახლის დახურვა მუნიციპალიტეტის მხრიდან დისკრიმინაციულია და სამოქალაქო საზოგადოების დევნის პოლიტიკის გაგრძელებაა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება გორის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებას, რომლითაც გორის ხელოვნების სახლს უზუფრუქტის ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყდა. მერიის გადაწყვეტილების შედეგად გორის ხელოვნების სახლს, სადაც სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს და რეგულარულად ტარდება საზოგადოებრივი და კულტურული ღონისძიებები, აღარ აქვს უფლება ისარგებლოს მუნიციპალური შენობით, რის გამოც სივრცე დახურვის რისკის წინაშეა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ გორის მერიის გადაწყვეტილება გარდა იმისა, რომ დისკრიმინაციულია და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კოლექტივების დევნის პოლიტიკის გაგრძელებას.

წინა წლებში დღევანდელი გორის ხელოვნების სახლის შენობა უფუნქციო იყო და ის საზოგადოებრივ საპირფარეშოდ და ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა. 2016 წელს ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა სივრცის გასუფთავება და რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული შენობის მოწყობა და განვითარება ამ ორგანიზაციის მრავალწლიან და მუხლჩაუხრელ შრომას უკავშირდება. საბოლოოდ კი, გორის ხელოვნების სახლი ქალაქი გორის კულტურული და საზოგადოებრივი ცენტრი გახდა, სადაც ტარდება სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები - გამოფენები, საჯარო ლექციები, ვორქშოფები, კინოჩვენებები და სასწავლო კურსები. გორის ხელოვნების სახლი ყოველთვის ღია იყო დაინტერესებული აქტორისთვის და მან გორში დემოკრატიული და პროგრესული საზოგადოებრივი სივრცის იდენტობა შეიძინა.

2016 წლიდან გორის მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბს შორის სამართლებრივი ურთიერთობები 2 წელიწადში ერთხელ განახლებადი უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით იყო დარეგულირებული. ბოლოს, გორის მერიასა და გორელ ფოტოგრაფთა კლუბს შორის უზუფრუქტის ხელშეკრულება 2024 წლის 23 სექტემბერსაც გაფორმდა, ისევ ორი წლის ვადით. თუმცა მოულოდნელად, 2 თვის შემდეგ მერიამ ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა.

გორის ხელოვნების სახლის ორგანიზატორები ხელშეკრულების შეწყვეტას 2024 წლის 16 ნოემბერს ამ სივრცეში გამართულ კოლაბორაციულ გამოფენას უკავშირებენ, რომელიც იყო რეფლექსია ქვეყანაში მიმდინარე პროტესტებზე და აერთიანებდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე პროტესტის მონაწილეების მიერ გამოყენებულ ფრაზებს. გამოფენის მთავარი გზავნილი იყო “ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის.” სწორედ აღნიშნული გამოფენის ჩატარებიდან 5 დღეში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხელოვნების სახლის ორგანიზატორებს გაუგზავნა შეტყობინება უზუფრუქტის ხელშეკრულების დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ.

ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მუნიციპალიტეტი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა. თავდაპირველად ის საუბრობდა ააიპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბის მხრიდან თითქოსდა ელექტროენერგიის სისტემის განმხოლოების პირობის შეუსრულებლობას. თუმცა ეს არგუმენტი აშკარად დაუსაბუთებელი ჩანდა, რადგან წინა წლებშიც ელექტროენერგიის საფასურს მერია იხდიდა და მიმდინარე წელს ააიპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბს უკვე ჰქონდა მიმართული ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიისთვის ინდივიდუალური გამრიცხველიანების თხოვნით და სწორედ მათგან ელოდნენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. მოგვიანებით კი მერიამ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აღნიშნულ შენობაში ახალგაზრდებისთვის ინოვაციური ცენტრის მოწყობის ინტერესი არსებობდა.

2024 წლის 20 დეკემბერს ხელოვნების სახლის ორგანიზატორებმა სამოქალაქო სარჩელით მიმართეს გორის საქალაქო სასამართლოს. სასამართლოში გორის მერიას მოუწევს დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად გეგმავს ახალგაზრდებისთვის ინოვაციური ცენტრის მოწყობას ამ სივრცეში და რომ მას არ შეუძლია ეს ინტერესი სხვა რესურსების გამოყენებით შეასრულოს. მან უნდა ამტკიცოს ისიც, რომ ახალგაზრდებისთვის ინოვაციური ცენტრის მოწყობის საჭიროება და ინტერესი არ ჰქონდა 2024 წლის 23 სექტემბერს, როცა უზუფრუქტის ხელშეკრულება ააიპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან ხელახლა გააფორმა.

მერის არათანმიმდევრული დასაბუთება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ მერიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, თვითნებური და მის უკან აშკარად გამოხატული დისკრიმინაციული საფუძვლები და მოტივები დგას. როგორც ჩანს, გორის მერია ცდილობს დასაჯოს ადგილობრივი აქტივისტები და კრიტიკული არტისტები იმ სამოქალაქო პოზიციების გამო, რომელიც მათ ქვეყანაში ავტორიტარიზმის აღზევებისა და ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით გამოხატეს.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიღებული “რუსული კანონის” შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების დევნის პრაქტიკები დაფიქსირდა სხვა ქალაქებში. მაგალითად, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი მერიამ ასევე თვითნებურად დახურა და ახალგაზრდებს ადგილზე ერთადერთი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი წაართვა. წინა წლებში თვითმმართველობებთან სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის სხვა ფორმები და ფორმატებიც ამ დროისთვის შეწყვეტილია და “ქართული ოცნება” პერიფერიულ ადგილებშიც კი ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებასა და დევნას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულ სოლიდარობას უცხადებს გორის ხელოვნების სახლს და მზად არის გამოიყენოს საკუთარი რესურსები მათი მხარდაჭერისთვის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“