[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი კრიზისის გადასაჭრელად, აუცილებელია, შეიცვალოს მენეჯმენტი და მაუწყებელი დაუბრუნდეს საზოგადოებას

საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი კრიზისი სულ უფრო მეტად ღრმავდება და არ ჩანს, რომ არსებულ მენეჯმენტს აქვს მზადყოფნა და შესაძლებლობა ის სათანადოდ გადაჭრას. საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებისა და მისი პროგრამული პრიორიტეტების შესრულებისთვის აუცილებელია, მაუწყებელში შეიცვალოს მენეჯმენტი და მაუწყებელი რეალურად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში  მიმდინარე საყოველთაო მშვიდობიანი პროტესტებისა და წინააღმდეგობის კიდევ ერთი ადგილი საზოგადოებრივი მაუწყებელია, სადაც მოქალაქეთა თვითორგანიზებული ჯგუფები ღია ეთერის დათმობასა და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გადაცემებში საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების სათანადო გაშუქებას მოითხოვენ. საზოგადოების მხრიდან პროტესტის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროტესტის მონაწილეებთან შეთანხმებული სტუმრები გადაცემაში ყოველდღიურად მიიწვიოს და მათ დაახლოებით 1 ან 2 საათი დაუთმოს.  მიუხედავად ამისა, ერთი მხრივ, არ არის ცხადი, რამდენად სტაბილური იქნება ეს ფორმატი, მეორე მხრივ კი ბუნებრივია, ამგვარი მსჯელობებისთვის მხოლოდ 1 ან 2 საათი დათმობა დღეღამეში არასაკმარისია და ვერ ასახავს საზოგადოების რეალურ ინტერესებსა და საჭიროებებს. ამ გადაცემებზე დაკვირვებაც აშკარად ცხადყოფს, რომ წამყვანები ავლენენ მიკერძოებას და შესაბამისად, მთლიანობაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს და არ ასახავს საზოგადოების რეალურ ინტერესებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო სიკეთის იდეაზეა დაფუძნებული და მისი მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლობა, საზოგადოებისთვის მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება და პლურალისტური, პროგრესული საზოგადოებრივი დისკუსიების წახალისება.[1] საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც არ უნდა ექვემდებარებოდეს არც ერთ სახელმწიფო უწყებას.[2]

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების მიხედვით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური ინფორმაციის დროულად მიწოდება საზოგადოებისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, მის მნიშვნელობასა და იმ ვალდებულებებზე, რაც ევროკავშირის კანდიდატობის მსურველ ქვეყანას ეკისრება. ამასთან მაუწყებელმა ყველა საჭირო ზომას უნდა მიმართოს ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით, ჰიბრიდული ომის ვითარებაში.

აღნიშნული ამოცანების მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე წლებია მუშაობს, როგორც პოლიტიკურად მიკერძოებული მედია ორგანიზაცია, რომელიც ტირაჟირებს ხელისუფლების ანტიდასავლურ პროპაგანდას, ხელს უწყობს ევროსკეპტიციზმის გაღრმავებას და ვერ ასრულებს მის კონსტიტუციურ ფუნქციას შექმნას პოლიტიკურად ნეიტრალური, საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული პლურალისტური მედია შინაარსი და სამუშაო გარემო ორგანიზაციის შიგნით. 

სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღემდე ვერ ახერხებს საკუთარი მისიის სათანადოდ შესრულებასა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დაცვას.

წლების განმავლობაში, ტელევიზიის დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრებად „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები ინიშნებიან[3] და  ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ მუშაობენ, რაც მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე აისახება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მოჩვენებითად ცდილობს დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, სინამდვილეში კი იგი ვერ ახერხებს მაყურებელს შესთავაზოს იმგვარი ფორმატი, სადაც სიღრმისეულად და თანაბრად კრიტიკულად იქნება განხილული პარტიების ხედვები, რაც მაყურებელს უფრო მეტად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემდა. საგანგაშოა, რომ გადაცემების მსვლელობისას ცალსახად  იგრძნობა წამყვანების მიკერძოებული დამოკიდებულება ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ.[4] ამასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ინტერვიუირებისას მაუწყებლის ჟურნალისტები განზრახ ირგებენ პასიურ როლს, თავს იკავებენ კრიტიკული შეკითხვების გაჟღერებისგან. ხელისუფლების წევრებს მოწვევის დროს ჟურნალისტები მათ საშუალებას აძლევენ, ისაუბრონ მმართველი ძალის პოზიტიურ დღის წესრიგზე და არა კონკრეტულ პრობლემებზე, რომლებიც, შეიძლება, მოსახლეობას აწუხებდეს[5].

მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპთან ერთად, საზოგადოებრივი  მაუწყებელი უხეშად უგულებელყოფს მისსავე დასახულ პროგრამულ პრიორიტეტებსაც, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციას.[6]

საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშუქება ნაკლოვანი და მიკერძოებული იყო მიმდინარე პოლიტიკური კრიზისების ფონზეც. მაგალითად, 2024 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა.  ევროკავშირის მთავარ ინსტიტუტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, ქართული მედიის განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა იმსახურებდეს, თუმცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას პირდაპირი ეთერი არ დაუთმო.[7]

საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მენეჯმენტი ხშირად  ავრცელებს ევროსკეპტიკური განწყობებს და განცხადებებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე ამჟამად  პოდკასტების სერიას უძღვება, რომლის ძირითადი თემაა საქართველოს საგარეო პოლიტიკა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვასილ მაღლაფერიძე და გიორგი გვიმრაძე სისტემატურად გამოხატავენ ევროსკეპტიკურ მოსაზრებებს, ამტკიცებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია ევროპიდან მზაობის არ არსებობის გამო და რომ, საქართველოს სჭირდება ალტერნატიული საგარეო ინტეგრაციის მოდელები.[8]

ამასთან მაუწყებელი არღვევს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმის ასახვის მოთხოვნასაც. მაგალითად, 2024 წლის გაზაფხულზე, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, საზოგადოებრივი მაუწყებელი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ კანონმდებლობასა და საპროტესტო აქციებს სახელისუფლებო პრიზმიდან აშუქებდა. აღნიშნული საკითხის განხილვისას, მაუწყებელში მოწვეულნი იყვნენ, არა ის ორგანიზაციები, რომლებიც რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების უშუალო სამიზნე გახდნენ, არამედ  ის პირები, რომლებიც თავიანთი ნარატივით აძლიერებდნენ სახელისუფლებო პროპაგანდას და წამყვან, გიორგი გვიმრაძესთან ერთად, აძლიერებდნენ სამოქალაქო საზოგადოების მარგინალიზებასა და აგენტად მონიშვნის მავნე პრაქტიკას.[9]

პრობლემურია ისიც, რომ სამეურვეო საბჭოს არ გააჩნია მის მიერვე განსაზღვრული მაუწყებლობის პრიორიტეტების შემდგომი იმპლემენტაციის შეფასების ეფექტიანი მექანიზმი, რის გამოც, მაუწყებლის მიერ დასახული ამოცანებისა და საბაზისო პრინციპების  სისტემური დარღვევის შემთხვევები რეაგირების გარეშე რჩება და სარედაქციო პოლიტიკის ორგანულ ნაწილად იქცევა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი ასევე ითხოვს მაუწყებლის მენეჯმენტისგან,  რომ ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ და კრიზისულ დროს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნას და გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ- პოლიტიკური მსჯელობისთვის, თუმცა, არაერთ საჯარო მიმართვასა თუ ოფიციალურ წერილს არ მოჰყვა საქმიანი და არგუმენტირებული გამოხმაურება მენეჯმენტის მხრიდან.[10]

მკვეთრად პოლარიზებულ მედიაგარემოსა და ნდობის კრიზისის პირობებში, უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ასრულებდეს კონსტიტუციურ ვალდებულებას, და მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად ასახავდეს. თუმცა არსებულ კრიზისზე მენეჯმენტის რეაგირების ფორმები და რეზისტენტულობა აჩვენებს, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დემოკრატიზება და საზოგადოებრივი ინტერესების დაბრუნება მის მუშაობაში, რადიკალური დემოკრატიული ცვლილებების გარეშე შეუძლებელია.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოითხოვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მენეჯმენტი უნდა გადადგეს და მაუწყებელი უნდა დაუბრუნდეს მის ნამდვილ მიზნებსა და ამოცანებს. ეს ცვლილება არსებითია მაუწყებლის საქმიანობის კონსტიტუციურ წესრიგში დაბრუნებისთვის და ასევე კრიზისის დაძლევისა და დეპოლარიზებაზე მიმართული პროცესის ხელშეწყობისთვის. 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ,  მე-2 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტი.

[2]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/2/569, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/DeMrabaI

[3]ვასილ მაღლაფერიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი გახდა, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/qeMr95UJ

[4]საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა, გვ.4, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/1eMt5wDK

[5] იქვე. გვ.6-7

[6]2023 წლის 2 ნოემბრის სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #566, ოქმი#499-სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის და სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული შინაარსობრივი ვალდებულებების და პროგრამული პრიორიტეტების შეფასების შესახებ.

[7]10 ადგილობრივი ორგანიზაციის განცხადება, ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/peMyZaVG

[8] იქვე.

[9]64Project,„საზოგადოებრივი მაუწყებელი - საქართველოს ტელევიზია“, 30:58-წუთიდან,ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/JeMuvvlk

[10] ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/XeMuV6Yk

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“