საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
14 დეკემბერს, უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის მე-17 დღეს, ქართულმა ოცნებამ „პრეზიდენტი“ არაპირდაპირი წესით - საარჩევნო კოლეგიის საშუალებით აირჩია. პარლამენტის შენობაში კენჭისყრის პროცედურა მასშტაბური პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. რუსული კანონის ერთ-ერთი ინიციატორისა და ქართული ოცნების სატელიტი, მკვეთრად გამოხატული ანტიევროპული გაერთიანების „ხალხის ძალის“ ლიდერის - მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნამ და დღის ბოლოს საპროტესტო ლოკაციაზე საზეიმო ღონისძიების დააანონსებამ მოქალაქეების შეკრებას ახალი საფუძველი შესძინა. საგარეო კურსის ცვლილებისა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმის მიმართ წინააღმდეგობის გამოხატვის მიღმა, შეკრებილმა მომიტინგეებმა არალეგიტიმურ პრეზიდენტსაც გამოუცხადეს უნდობლობა.
პრეზიდენტის დანიშვნის მიზნით პარლამენტში სხდომა 14 დეკემბერს დილის 9 საათზე დაიწყო. მოქალაქეები დილის 7 საათიდან შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე და მთელი დღის განმავლობაში მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს. თბილისის გარდა, მოქალაქეები შეიკრიბნენ ბათუმში, ქუთაისში და ზუგდიდშიც.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 14 დეკემბერს პროტესტის მიმდინარეობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის შემდეგი ტენდენციები გამოკვეთა:
პრეზიდენტის არჩევა
პირველად საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის მე-6 „პრეზიდენტი“ არაპირდაპირი წესით იქნა არჩეული. პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი აირჩია. კენჭისყრა 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სხდომაზე დამსწრე 225 წევრიდან ყაველაშვილს მხარი 224-მა დაუჭირა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი.[1]
მიუხედავად იმისა, რომ 14 დეკემბერს პარლამენტში კენჭისყრის პროცედურული მხარე დაცული იყო, პრეზიდენტის არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდა, რის გამოც ამ პროცესს სახალხო და საერთაშორისო ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ეს რამდენიმე ფაქტორით აიხსნება:
კახა კალაძის ბრიფინგი და საზეიმო ღონისძიების გადადება
13 დეკემბრის განცხადებით, თბილისის მერმა - კახა კალაძემ პრეზიდენტის არჩევის დღეს უწყვეტი პროტესტების მთავარ ადგილას - რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე ნაძვის ხის ანთება და საზეიმო ღონისძიების ჩატარება დაანონსა. 14 დეკემბერს კი კალაძემ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას შეატყობინა, რომ ღონისძიების გადადების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის შუშის ბოთლების სროლა სცენის მიმართულებით. კალაძე პროვოკაციად მოიხსენიებს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის განცხადებებსაც. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ „რადიკალურ ოპოზიციას“ ბავშვების ინტერესები არაფრად მიაჩნია და ამიტომ სურდა ღონისძიების გაუქმება.[3]
კალაძის განცხადება საპროტესტო აქციებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობაა. ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, კალაძეც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ცდილობს პროტესტის მონაწილეები მონიშნოს როგორც აგრესიული, რადიკალური ძალები, რაც აშკარად უსაფუძვლო ბრალდებაა მიმდინარე პროტესტების მშვიდობიანი ხასიათის გათვალისწინებით. მეორე მხრივ, ამ განცხადებით, კალაძე ცდილობს იმის ჩვენებასაც, თითქოსდა სახელისუფლებო ძალა ანგარიშს უწევს არასრულწლოვნების ინტერესებსა, რაც ასევე ირონიული განცხადებაა. სინამდვილეში, პროვოკაციული ხასიათი არა საპროტესტო აქციას, არამედ ქართული ოცნების წარმომადგენლების გადაწყვეტილებას ჰქონდა, რომ საზეიმო ღონისძიება სწორედ იმ ლოკაციაზე უნდა გამართულიყო, სადაც 17 დღეა უწყვეტად იმართება აქციები და სადაც არაერთი აქციის მონაწილე, მათ შორის არასრულწლოვნები, სასტიკად სცემეს. ბუნებრივია, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებას სიმბოლური დანიშნულება აქვს შეკრების მონაწილეებისთვის, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება კი ვერ ჩაითვლებოდა შეკრების თავისუფლებაში ჩარევისა და მით უფრო შეკრების დაშლის ლეგიტიმურ საფუძვლად. აღსანიშნავია, რომ “საზეიმო” ღონისძიების უზრუნველსაყოფად ადგილზე მობილიზებული იყო და სცენას იცავდა უამრავი პოლიციელი. ამასთან, განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება თბილისის მერმა პრაქტიკულად ბოლო მომენტში გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” მიერ მობილიზებული ჯგუფები უკვე დაძრული იყვნენ ღონისძიების ადგილისკენ, არაერთი მათგანი უკვე ადგილზე იყო, ხოლო ზოგიერთმა ღონისძიების გადადების შესახებ მხოლოდ მედიისგან შეიტყო. ეს გარემოება აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ “საზეიმო” ღონისძიებაზე ადამიანების მობილიზება დასაშვებად მიიჩნია და მხედველობაში არ მიიღო ის რისკები, რაც შესაძლოა, ადგილზე ვითარების ესკალაციას მოჰყოლოდა. საბოლოოდ, ღონისძიების გადადების მიზეზი, როგორც ჩანს, არა სამოქალაქო მშვიდობის და ადამიანების ჯანმრთელობის გაფრთხილება, არამედ ის აღმოჩნდა, რომ ქალაქის მერმა საკმარისი ადამიანების შეკრება ვერ შეძლო.
ადმინისტრაციული დაკავების მექანიზმი, როგორც პოლიტიკური შურისძიების იარაღი
28 ნოემბრიდან დღემდე 500-მდე დემონსტრანტია დაკავებული. ამ დღეების განმავლობაში პროტესტის ჩახშობის მეთოდებთან ერთად შეიცვალა დაკავების მექანიზმის გამოყენების სტრატეგია. თუ პროტესტის პირველ დღეებში ძალოვნები უშუალოდ საპროტესტო აქციებზე აკავებდნენ მანიფესტანტებს და შეკრების ადგილიდანვე იწყებდნენ მათზე ძალადობას, უკანასკნელი რამდენიმე დღეა ე.წ. ნიღბიანი სამართალდამცავები სახლებთან ხვდებიან ან/და გზაში იტაცებენ აქციის მონაწილეებსა და ქართული ოცნებისთვის პოლიტიკურად მიუღებელ პირებს. ეს კიდევ უფრო აშკარად აჩვენებს, რომ დაკავება სადამსჯელო მექანიზმია და არ ემსახურება რაიმე ლეგიტიმური მიზნის, მათ შორის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
14 დეკემბრის ღამით, კოსტავას ქუჩაზე, ნიღბიანმა „სამართალდამცავებმა“ ნიკოლოზ (ნიკო) მანაგაძე გაიტაცეს, ჩასვეს ავტომობილში და დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, მანაგაძის დაკავება რამდენიმე საათით ადრე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე უარის თქმას უკავშირდება, რადგან ნიღბიანები ავტომობილში ეკითხებოდნენ ნიკოს: „რატომ არ მოხვედი განყოფილებაში, რას გვაწვალებ“. მას ასევე ჩამოართვეს პირადი ნივთები და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ნიკო მანაგაძეზე ზეწოლა განყოფილებაშიც გაგრძელდა, სადაც ეკითხებოდნენ „როდემდე უნდა იარო აქციებზე“ და ა.შ. პოლიცია მას ედავება პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ასეთ ფაქტებს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
ნიკო მანაგაძე ერთადერთი პირი არ არის, ვინც ნებაყოფლობით გამოკითხვაზე უარის თქმის გამო დააკავეს. რამდენიმე დღის წინ მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი, კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილი საპროტესტო აქციაზე მისვლამდე, საკუთარი მანქანიდან დააკავეს პოლიციის „კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის“ მუხლით. დაკავებას ჩახუნაშვილის შემთხვევაშიც წინ უსწრებდა ერთი დღით ადრე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაბარება.[4]
მასობრივი ადმინისტრაციული დაკავების მანკიერ პრაქტიკას სასამართლოც ახალისებს დემონსტრანტების სამართალდამრღვევებად ცნობით. 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ რონდელის ფონდის მკვლევარ ვატო ბჟალავას, რომელიც 12 დეკემბერს ქუჩაში, ძაღლის გასეირნებისას დააკავეს, უფორმო პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით, 4 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ვატო ბჟალავა სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ მან საკუთარი ნებით წარუდგინა პირადობა პოლიციელებს და გაყვა მანქანაში, რასაც ვიდეოკადრებიც ადასტურებს. მისი თქმით, არცერთ დამკავებელს არ ჰქონია რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომ სამართალდამცველები იყვნენ. მოთხოვნის მიუხედავად, მათ არც ვინაობა გააცნეს დაკავებულს.[5] გარდა იმისა, რომ ვატო ბჟალავას წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციელებისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. შესაბამისად, მოქალაქისთვის აღქმადი უნდა იყოს, რომ ისინი პოლიციის თანამშრომლები არიან. კანონმდებლობით, მათ დაკავების დროს ვინაობის გაცნობის და დაკავების საფუძვლის განმარტების ვალდებულებაც აქვს. თუმცა ამ გარემოებებს სასამართლო არ ითვალისწინებს და შაბლონურად ადგენს სამართალდარღვევის არსებობას.
გამოკითხვაზე უარის თქმის გამო მოქალაქეებზე ჩასაფრება და მათი დაკავება არღვევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. კანონმდებლობით, გამოკითხვა ნებაყოფლობითია და დაუშვებელია გამოსაკითხი პირის იძულება ინფორმაციის გაცემის ან მტკიცებულების წარმოდგენის მიზნით.[6] საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების იძულების მიზნით, მოქალაქეების ქუჩიდან აყვანა და თავისუფლების შეზღუდვა, შემდეგ კი „შურისძიების“ მიზნით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება, იმთავითვე უკანონო პრაქტიკად უნდა ჩაითვალოს.
Amnesty International-ის ანგარიში
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა საქართველოში 29 ნოემბერს დაწყებულ აქციებზე პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე ანგარიში გამოაქვეყნა.[7] ანგარიშში განხილულია კონკრეტული ფაქტები და მათზე დაყრდნობით კრიტიკულად არის შეფასებული ხელისუფლების მზარდი რეპრესიები, ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და პოლიციის მხრიდან არასაჭირო/გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემთხვევები.
ანგარიშში რამდენიმე ძირითადი ასპექტია ხაზგასმული:
გასული დღეების განმავლობაში, “ქართული ოცნების” ქმედებები აშკარად აჩვენებს ისინი ირჩევენ ესკალაციის გზას და ქვეყანა პოლიტიკური ჩიხისკენ მიყავთ. პროევროპული მასობრივი დემონსტრაციების ფონზე პრეზიდენტად გამორჩეულად ანტიდასავლური ორიენტაციის პირის არჩევა პარლამენტის მიერ, რომელიც, თავის მხრივ, არალეგიტიმურად შეიკრიბა, კონსტიტუციურ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს.
პარალელურად, მოქალაქეთა დაკავებების მზარდად თვითნებური პრაქტიკა აჩენს განცდას, რომ ხელისუფლება სრულად უგულებელყოფს არა მხოლოდ ადამიანის უფლებების სტანდარტებს, არამედ საქართველოს შიდა კანონმდებლობის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი.
“ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ინიციატივები
ამასთან, ოცნების მიერ ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები გადახვევაა ქვეყანაში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგისგან და მთელი რიგი მიმართულებებით, არსებითად აუარესებს დაწესებულ უფლებრივ სტანდარტებს. ამ ცვლილებებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:
[1] რადიო თავისუფლება - ორი პარასკევი 14-დან 29 დეკემბრამდე - რა ხდება ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ? ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/meV78TQr
[2] რადიო თავისუფლება - "საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია" - ევროპელი პოლიტიკოსები ყაველაშვილის არჩევაზე“. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/aeV4rNVf
[3] კახა კალაძის ბრიფინგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ვიდეო ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/geV4fBG3
[4] რადიო თავისუფლება - აქციების მონაწილე ექიმი კოტე ჩახუნაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/qeCTCyS0
[5] ნეტგაზეთი - ვატო ბჟალავას, რომელიც სახლთან ძაღლს ასეირნებდა და უფორმო პოლიციელებს “არ დაემორჩილა”, 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ueV7qeiL
[6] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 113.
[7]Amnesty International- GEORGIA: BRUTAL CRACKDOWN ON PROTESTORS AND JOURNALISTS IN GEORGIA:“THEY MAY HAVE BROKEN OUR BONES, BUT THEY WON’T BREAK OUR SPIRITS”. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/KeV7NpZd
[8] იქვე, გვ. 3.
[9] იქვე, გვ. 8.
[10] იქვე, გვ. 18.
ინსტრუქცია