[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

“ქართული ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება, რომელიც არასრულწლოვანის ქმედებებისთვის მშობლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, სამართლის საბაზისო პრინციპებთან და ადამიანის უფლებებთან მოდის წინააღმდეგობაში

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება “ქართულმა ოცნების” მიერ 13 დეკემბერს, გამარტივებული წესით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც არასრულწლოვანის ქმედებებისთვის პასუხისმგებლობას მშობელს აკისრებს. მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება სრულად უგულებელყოფს სამართლის საბაზისო პრინციპებს და წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებრივ სტანდარტებთან, ისე ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან.

საკანონმდებლო ცვლილებებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლს ემატება ჩანაწერი,[1] რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის მიერ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა, მისი მშობლის ან კანონიერ წარმომადგენლის 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.

გარდა ამისა, მშობელს ან კანონიერი წარმომადგენელს ასევე დაეკისრება ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი დაარღვევს პიროტექნიკის გამოყენების წესებს, რაც გულისხმობს პიროტექნიკური ნაწარმის შეძენას, ფლობას ან გამოყენებას ისეთი პირის მიერ, ვისაც კანონით ამის უფლება არ აქვს. აღნიშნული რეგულაცია ახალი, 1564-ე მუხლის სახით დაემატება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს და, თავის მხრივ, დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ნაწილია.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლი, რომელიც არასრულწლოვნის ქცევისთვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას გულისხმობს, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობას, ისე ბავშვთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, ცვლილებები შესაძლოა, გამოყენებულ იქნას პროტესტის ჩახშობის ინსტრუმენტად, მით უფრო, როდესაც არასრულწლოვნები აქტიურად მონაწილეობენ მიმდინარე საპროტესტო აქციებში და გასული დღეების განმავლობაში მასობრივად დაკავებულ მშვიდობიანი დემონსტრანტებს შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ.[2]

არასრულწლოვნის მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც აწესრიგებს არასრულწლოვნის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, არასრულწლოვნის მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების და სასჯელისა და სხვა ზომების აღსრულების სპეციალურ წესებს, ადგენს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული უნდა იყოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები.[3] ამავე კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჯარიმა არასრულწლოვანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაეკისროს, თუ მას აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი. აღნიშნული ნორმა არ უშვებს ჯარიმის დაკისრებას ბავშვის ქმედებებისთვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლისთვის.

ამასთან, 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-51 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანი და გადახდისუუნარო აღმოჩნდებოდა, სასამართლო მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას აკისრებდა მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს.

მართლმსაჯულების კოდექსის მიღებითა და სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლის გაუქმებით, კანონმდებელმა დაამკვიდრა პრინციპი, რომ სასჯელი უნდა იყოს ინდივიდუალური და არ უნდა ვრცელდებოდეს მესამე პირებზე, როგორიცაა მშობლები ან მზრუნველები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლში შეტანილი ცვლილება უგულებელყოფს აღნიშნულ პრინციპებს და არასრულწლოვნის ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობას კვლავ მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს აკისრებს.

გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით,[4] ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს მთავარი ფაქტორი, რომელიც მხედველობაში უნდა მიიღოს საჯარო თუ კერძო ინსტიტუტებმა, სასამართლოებმა, ადმინისტრაციულმა ან საკანონმდებლო ორგანოებმა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას თუ ქმედების განხორციელებისას. ამავე კონვენციის, მე-40 მუხლის შესაბამისად კი, არასრულწლოვნის მიმართ აღსრულებული ზომები უნდა იყოს პროპორციული, რეპარაციული და ორიენტირებული რეაბილიტაციაზე.

“ქართული ოცნების” ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს უგულებელყოფს და წარმოადგენს რეპრესიული ხასიათის ღონისძიებას. აღნიშნული ცვლილება, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის დასჯით, რეალურად მიზნად არ ისახავს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას, არამედ ფოკუსირებულია მშობლის დასჯაზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის როგორც პროპორციულობის, ისე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპებთან.

ამასთან, მართალია, კანონპროექტი პირდაპირ არ კრძალავს საპროტესტო აქციებში არასრულწლოვნების მონაწილეობას, მაგრამ მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლების დაჯარიმების მექანიზმი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოჯახებზე ზეწოლისთვის,  რათა არასრულწლოვნებმა თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან.  შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია, სავარაუდოდ, უარყოფით გავლენას მოახდენს, არასრულწლოვანების უფლებაზე, გამოხატონ თავიანთი აზრი და მიიღონ მონაწილეობა მშვიდობიან შეკრებებში, რაც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-14 და მე-15 მუხლებით არის გარანტირებული. აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით საგანგაშოა იმ პირობებში, როცა პოლიცია 173-ე მუხლს (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა), რომელიც მშობლების პასუხისმგებლობის საფუძველი გახდება, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ რეპრესიულად და დაუსაბუთებლად იყენებს. Სასამართლო კი, თავის მხრივ, ყველა შემთხვევაში იზიარებს სამართალდამცავთა პოზიციებს, დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები “ქართული ოცნების” ხელში გახდება ოჯახებზე ფინანსური ზეწოლის ინსტრუმენტი და, სავარაუდოდ, მასობრივად იქნება გამოყენებული წინააღმდეგობის დასასუსტებლად. დღეს მიღებული ცვლილებები კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტი სრულ პარტიულ კონტროლს ექვემდებარება და საკანონმდებლო ხელისუფლება, რომელიც საჯარო ინტერესის დაცვას და სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაჭრას უნდა ემსახურებოდეს, აქციების დასუსტების მიზნით ინიცირებული ანტიკონსტიტუციური და ანტისახალხო კანონების დაჩქარებული წესით მიღებით არის დაკავებული.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/373178

[2] https://publika.ge/adgilobrivi-mediis-cnobit-qutaisshi-aqciaze-arasrulwlovani-daakaves/

[3] არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი მე-4

[4] ხელმისაწვდომია: https://www.unicef.org.uk/wp-content/uploads/2010/05/UNCRC_PRESS200910web.pdf

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“