საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ნინო ზაუტაშვილის და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის უკანონო გათავისუფლებას და მიიჩნევს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო თანამშრომლების დევნამ უმძიმესი ფორმები მიიღო და ეს ღიად არღვევს ჟურნალისტების შრომის, გამოხატვისა და თანასწორობის უფლებებს. მთლიანობაში, მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციით დაცულ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური კონტროლის მოპოვების და მიტაცების უმძიმეს რეალობას აჩვენებს, რაც საქართველოში მედიის გაუარესებული მდგომარეობის ფონზე, ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის შემაშფოთებელი ტენდენციის გამოვლინებაა.
11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე გაათავისუფლეს. ორივე ტელეწამყვანი აცხადებს, რომ მოკვლევის შედეგები და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი მათთვის ცნობილი არ არის. ნინო ზაუტაშვილი 40 წელი მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მის სახელს უკავშირდება არა ერთი მაღალი საზოგადოებრივი ღირებულების მქონე მედია პროექტი, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ნამდვილ ინტერესებს და წუხილებს ასახავდა. ამასთან, ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, რომელიც აქტიურად არის ჩართული მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვაში. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მოამბის გამორჩეული ტელეწამყვანი იყო, რომელიც სხვა ჟურნალისტებთან ერთად ასევე კრიტიკას გამოხატავდა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ და 2025 წლის 4 თებერვალს ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას "დროებით ჩამოაშორეს". პროდიუსერებმა მასთან მუშაობაზე უარის თქმის მიზეზად წამყვანის მიერ ეთერში გაჟღერებული კრიტიკული განცხადებები, მათ შორის "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორისა და თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის გამოცხადება დაასახელეს.
წამყვანების გათავისუფლების გარდა, იმავე დღეს მაუწყებლის მენეჯმენტმა დისციპლინური სანქციები დააკისრა კიდევ ოთხ თანამშრომელს - გადაცემა "რეალური სივრცის" კორესპონდენტს, თამარ მშვენიერაძეს, ამავე გადაცემის წამყვანს, იოსებ კაციტაძეს, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორს, კახაბერ მელიქიძეს, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორს, ირმა ჩუბინიძეს. საყვედურის შესახებ ბრძანებების დასაბუთებაში, დისციპლინურ გადაცდომად არის შეფასებული მათ მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით "მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება".
აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული ტელეწამყვანების მიმართ სოლიდარობის ნიშნად საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ორმა თანამშრომელმა - თეა კახიანმა და დავით ველიჯანაშვილმა დატოვეს. თეა კახიანის განცხადებით, მენეჯმენტმა ყველაფერი გააკეთა, რომ არხზე თავისუფალ და ურყევი ღირებულებების მქონე ადამიანებს ადგილის პოვნა გაუჭირდეთ.
გათავისუფლებული ტელეწამყვანები, ისევე როგორც სახდელდადებული სხვა თანამშრომლები, აქამდე ღიად საუბრობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში პოლიტიკური გავლენების არსებობაზე და არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემებზე. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები მოძრაობაში "საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები", რომელიც კრიტიკულად აფასებს მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებსა და სარედაქციო პოლიტიკას. Სწორედ ეს საქმიანობა და კონსტიტუციური ორგანოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გახდა ზემოთ აღნიშნული პირების დასჯის საფუძველი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მენეჯმენტის მიერ ტელეწამყვანების წინააღმდეგ მოკვლევის დაწყებას წინ უძღოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადება, რომელშიც მათ არხის კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების განცხადებების პროკურატურის მიერ შესწავლის საჭიროებაზე მიუთითეს, რაც მაუწყებლის თანამშრომლებისთვის მათი შეხედულებების გამო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ინტერესს აჩვენებდა.
საზოგადოებრივი მაუწყებელში პოლიტიკური მოტივით მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებზე ეჭვები უკვე დიდი ხანია არსებობს. ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში, ფინანსური რესტრუქტურიზაციის ფორმალური საფუძვლით, რვა სატელევიზიო გადაცემა დაიხურა. გადაწყვეტილება შეეხო სახელისუფლებო გავლენებისგან თავისუფალ პროექტებს, მათ შორის "კაცები PLAY"-სა და "გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეს", რომელთა წამყვანებიც პროევროპულ აქციებში აქტიურად იყვნენ ჩართულები და ღიად გამოხატავდნენ კრიტიკას "რუსული კანონის" მხარდამჭერი დეპუტატების მიმართ. გადაცემების დახურვიდან რამდენიმე თვეში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური მოტივით ვადაზე ადრე შეუწყვიტა ხელშეკრულება სპორტულ კომენტატორებს - გიორგი კალატოზსა და ტატო ბაციკაძეს, რომლებიც "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას. ხელშეკრულების შეწყვეტას წინ უსწრებდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც ტატო ბაციკაძეს "პოლიტიკურად მოტივირებული" კომენტატორი უწოდა. სამსახურიდან გათავისუფლებას გამოთქმულ კრიტიკულ პოზიციებს უკავშირებს არხის დილის გადაცემის ჟურნალისტი - ანი ჯობავაც, რომელთანაც მაუწყებელმა რამდენიმე კვირის წინ, ყოველგვარი განმარტების გარეშე, შეწყვიტა თანამშრომლობა.
ამასთან, უკვე რამდენიმე თვეა მაუწყებელს შეჩერებული აქვს არა ერთი გადაცემა, რომელსაც სხვა შენობაში მაუწყებლის გადაყვანის არგუმენტით ამართლებს და არა ერთი პროდიუსერი, ჟურნალისტი და სხვა თანამშრომელი იმყოფება გაურკვეველ მდგომარეობაში მათ მომავალთან დაკავშირებით.
არა ერთი დამოუკიდებელი კვლევა აჩვენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკისა და პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობის პრობლემას. Მაგალითად, "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" უახლესი ანგარიშის თანახმად, "პირველი არხი" მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების გაშუქებისას წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა. ახალი ამბების გაშუქებისას "მოამბეში" გარდა მიკერძოებისა, იგრძნობოდა ანტიდასავლური განწყობებიც, რაც "ქართული ოცნების" განცხადებებს ეხმიანებოდა. "მოამბემ" მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ანტიდასავლური მოსაზრების გასავრცელებლად, ასევე, ჰომოფობიური და კონსპირაციული თეორიების ტირაჟირებისათვის კომფორტული, ხელსაყრელი გარემო შეუქმნა". ანგარიშის თანახმად, "პირველ არხს" წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის არ ჰქონია ხელისუფლების რომელიმე შტოს მამხილებელი მწვავე, ექსკლუზიური მასალა და არხის ჟურნალისტებს არ გამოუვლენიათ კორუფციისა და ადამიანის უფლებების შემლახავი ფაქტები. ასევე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს არხი ხშირად ფორმალური ბალანსის დაცვით აშუქებდა. ანგარიშის თანახმად, აშკარა იყო გაშუქების დროს ხელისუფლების წარმომადგენლების დომინანტური წარმოჩენა: "მმართველი პოლიტიკური ძალისა და ხელისუფლების ზეგავლენა ჩანდა ფაქტებისა და კომენტარების მოწოდების რიგითობაში. "მოამბის" სიუჟეტებში საბოლოო, დასკვნითი სიტყვა სწორედ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ. ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრება ყოველთვის ბათილდებოდა ამ ხელისუფლების წარმომადგენლების, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივი კონტრარგუმენტებით".
საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები გახდა არა ერთი დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკული შეფასების საგანი. ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ (EFJ) ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სატელევიზიო ეთერიდან "დროებით ჩამოშორება" ცენზურად და დამოუკიდებელი ჟურნალისტის პოლიტიკურ დევნად შეაფასა. ფედერაციამ სოლიდარობა გამოუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც საბჭოს სხდომაზე მზია ამაღლობელის საქმის არასათანადო გაშუქება გააპროტესტეს. EFJ-მ ხაზი გაუსვა მიმდინარე პროტესტისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საზოგადოებრივი დებატების ხელშეწყობასა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი აგრეთვე მოხსენიებულია 2025 წლის თებერვალში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაში, რომლითაც მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის მიმართ სანქციების დაწესება არის მოთხოვნილი. ამდენად, საერთაშორისო პარტნიორებისთვის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები განიხილება როგორც "დემოკრატიული უკუსვლის ინდიკატორი" და ის კიდევ ერთი სფეროა, რომელიც აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული ჟურნალისტებისა და თანამშრომლების უკანონო, დისკრიმინაციული დევნა, რაც პირდაპირ უკავშირდება მათ მიერ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკას. განსხვავებული მოსაზრებების გამო თანამშრომლების გათავისუფლება და დისციპლინური სანქცირება წარმოადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობასა და შრომითი უფლებების უხეშ დარღვევას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული მოვლენები - მათ შორის მაუწყებლის ძველ შენობასთან მიმდინარე უწყვეტი პროტესტი და მასზე არხის მენეჯმენტის რეაგირება - ნათლად მიუთითებს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას: იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია და უზრუნველყოს კანონით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტების შესრულება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის.მისი მოშლა, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისის დროს, კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში მედიის თავისუფლების მდგომარეობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი ინტერესების გამოხატვასა და დაცვას.
არხის მენეჯმენტის მიერ თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით დევნა და კრიტიკულად განწყობილი, პროფესიონალი ჟურნალისტების საქმიანობიდან ჩამოშორება უმძიმესი ლაქაა მაუწყებლის ისტორიაში. ეს პროცესები მკაფიოდ აყენებს დღის წესრიგში მენეჯმენტის ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის საკითხს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს გათავისუფლებულ ჟურნალისტებს და მზად არის გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად.
ინსტრუქცია