საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ბოლო დღეებში სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს და მოვუწოდებთ მთავრობასა და პარლამენტს გაიაზრონ რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სისტემური გამოწვევები და მისი მძიმე სოციალური ეფექტები და დროულად დაიწყოს ამ სფეროში ფუნდამენტური რეფორმები. მათ შორის, გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და დაუყოვნებლივ შექმნას ამ სფეროში რეფორმის დემოკრატიული და ინკლუზიური პროცესი.
მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი თემების მზადყოფნითა და სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით კონფლიქტის დეესკალაციისა და შერიგების მიზანი სოფელ ბუკნარში მიიღწა. თუმცა, მიგვაჩნია, რომ არსებითია სახელმწიფო უწყებებმა შეისწავლონ ამგვარი რელიგიური დევნის, შევიწროების, კონფლიქტებისა და გაუცხოების პრაქტიკის სისტემური სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური მიზეზები და მას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ, ასევე მაკრო და მიკრო სოციალურ დონეებზე პოზიტიური ჩარევითა და რეფორმებით უპასუხონ.
სოფელ ბუკნარში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი რელიგიური შევიწროება არ არის პირველი და ერთეული შემთხვევა. ამგვარი რელიგიური კონფლიქტების ჯაჭვი გამოვლინდა წინა წლებშიც სოფელ ციხისძირში (2011), სოფელ ნიგვზიანში (2012), სოფელ წინწყაროში (2013), სოფელ სამთაწყაროში (2013), სოფელ ჭელაში (2013), ქობულეთში (2014), სოფელ მოხესა (2014) და სოფელ ადიგენში (2016). სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებებს აღნიშნულ კონფლიქტებზე სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება არ ჰქონიათ. ზოგიერთ შემთხვევაში სიტუაციის განმუხტვა მუსლიმი თემის რელიგიური უფლებებისა და საჭიროების სრული უგულებელყოფის ხარჯზე მოხდა (მაგალითად, სამთაწყაროში ჯამეს გახსნა ადგილობრივი თემის მიერ შეძენილ კერძო სახლში მაინც ვერ მოხერხდა, ქობულეთის მუსლიმური პანსიონატი ამ დრომდე დაკეტილია, მოხის ისტორიული მეჩეთისთვის ამგვარი სტატუსის მინიჭება ამისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისიის მუშაობის მიუხედავად არ მომხდარა). ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა თითქმის არც ერთ ინციდენტზე და რელიგიური დევნისა და ძალადობის ფაქტებზე არავის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, მათ შორის, მაშინ როცა ადგილობრივი მუსლიმი გლეხების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების აშკარა შემთხვევები დაფიქსირდა (მაგალითად, სოფელ ჭელასა და მოხეში). უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების პრობლემის მიღმა, არც ერთ შემთხევაში სახელმწიფო უწყებებს მსგავსი კონფლიქტის სისტემური მიზეზები არ შეუსწავლიათ და არ გაუტარებიათ გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა, რაც კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებში სოლიდარული, თანასწორი და მულტიკულტურული სოციალური გარემოს შექმნას შეუწყობდა ხელს.
მნიშვნელოვანია, რომ ბუკნარში გამოვლენილი რელიგიური შევიწროების შემთხვევაზე სახელმწიფოს შედარებით აქტიური რეაგირება ჰქონდა. წინა გამოცდილებებისგან განსხვავებით, რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის სასარგებლო განცხადებები გაკეთდა მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან, ადგილზე მედიაციის პროცესი ხარვეზებით, თუმცა მაინც დროულად დაიწყო და გამოჩნდა პოლიციის სამართლებრივი რეაგირებაც. თუმცა, დომინანტური რელიგიური თემის შიგნით გამოვლენილი პრობლემური ხედვებისა და სენტიმენტების, ასევე ჩვენს გარემოში გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიის გათვალისწინებით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი გვგონია სახელმწიფომ სოფელი ბუკნარის თემში და ასევე, რელიგიური/ეთნიკური კონფლიქტის გამოცდილების ან ამგვარი რისკის მქონე თემებში გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა გაატაროს.
არსებითია იმის აღნიშვნაც, რომ ბუკნარის შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარების ქვეშ მოქმედი და რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე მთავრობის ექსკლუზიური უწყების - სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მკვეთრად არაეფექტიანი როლი და წლების განმავლობაში მისივე ორგანიზებული პოლიტიკის მძიმე შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყების კომპეტენციაში რელიგიური დაპირისპირების გადაჭრის ხელშეწყობა შედის, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კონფლიქტების გადაჭრაში უწყება აქტორი არ ყოფილა და მათი მონაწილეობა მედიაციის პროცესში ხილვადი არ იყო, რაც ამ უწყების მიმართ არსებული მკვეთრი კრიტიკითა და უნდობლობით უნდა აიხსნას. მეტიც, მედიაში უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის რეალურ გამოწვევებსა და რელიგიური თემების საჭიროებებს ღიად უგულებელყოფს. ამასთან ცალკე ყურადღება უნდა დაეთმოს სოფელ ბუკნარის კონფლიქტზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიმართ მუსლიმი თემის მიერ გაჟღერებულ კრიტიკას, რომელიც სწორედ სააგენტოს და უფრო ფართოდ მთავრობის მხრიდან არადომინანტური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგია. ხელმომწერი ორგანიზაციები აქვე ჩვენს პირად პატივისცემას ვადასტურებთ სამუფტო სამმართველოს ხელმძღვანელებისა და სხვა თანამშრომლების მიმართ.
წლების განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციები, ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორები, მათ შორის, სახალხო დამცველი, ვუთითებთ რელიგიის თავისუფლების სფეროში დაგროვილი არაერთი სისტემური გამოწვევის შესახებ, რომელიც კანონმდებლობის, ადმინისტრაციული პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის დონეზე, ასევე მიკრო სოციალურ/სათემო დონეზე არსებობს. ეს გამოწვევები უკავშირდება კანონმდებლობაში არსებულ დისკრიმინაციულ ჩანაწერებს (მაგალითად, დისკრიმინაციული ჩანაწერები რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების წესში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, ტყის კოდექსში), რელიგიური უმცირესობების საჭიროებებისა და უფლებების მრავალწლიან უგულებელყოფასა და გამოტოვებას (მაგალითად, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ კანონისა და პოლიტიკის არ არსებობა, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის და შენარჩუნების პრობლემა) პოლიტიკურ ენაში გამოხატულ არასეკულარულ და თანასწორობის საწინააღმდეგო შინაარსს, დისკრიმინაციულ ადმინისტრაციულ პრაქტიკებს (მაგალითად, რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პროცესში წარმოშობილ დაბრკოლებებს, საჯარო სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის შემთხვებებს), რელიგიური შეუწყნარებლობით მოტოვირებულ დანაშაულებზე არაეფექტიანი რეაგირებასა და პრევენციას.
2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნების შემდეგ არც ერთი ეს მნიშვნელოვანი საკითხი არ გადაჭრილა. ამის საწინააღდეგოდ ჩვენ მუდმივად ვხედავდით სააგენტოს მკვეთრად რეგრესულ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე არსებობს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა, ასევე ჩანს პოზიტიური რეფორმების დინამიკა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის, ასევე განათლების სამინისტროს სისტემებში, ფუნდამენტური პრობლემები რელიგიის თავისუფლების სფეროში კვლავ გადაუჭრელი რჩება.
ჩვენი დაკვირვებით, ცვლილიებების პროცესს არსებითად აფერხებს მთავრობის მიერ რელიგიის თავისუფლების სფეროს დანახვის პრობლემური პერსპექტივა და მისი ინსტიტუციური მოწყობა, სადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამ სფეროში მთავრობის ექსკლუზიური აქტორად განიხილება. ჩვენთვის წარმოუდგენელია ამ უწყებისა და მისი პოლიტიკის არსებობის პირობებში რელიგიის თავისუფლების სფეროში პოლიტიკის პოზიტიური ცვლილება და ამისთვის აუცილებელი დემოკრატიული კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან, რადგან აღნიშნულ უწყებას 1. პრობლემური მანდატი და ბუნდოვანი კომპეტენციები აქვს, რომელიც მას თვითნებობის და არადემოკრატიული/არაგამჭირვალე მუშაობის შესაძლებლობებს აძლევს; 2. რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის მეტწილად უსაფრთხოებაზე და იერარქიებზე დაფუძნებული ხედვები აქვს; 3. ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო მუშაობის გამოცდილება აქვს; 4. რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა აქტორების დაბალი ნდობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ უწყების მიმართ მკვეთრი კრიტიკა აქვთ დაფიქსირებული საერთაშორისო ორგანიზაციებს (FCNM [1], ECRI [2]) და ავტორიტეტულ ექსპერტულ წრეებს (რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ოსლოს კოალიცია [3], საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის ანგარიში [4] მთავრობისთვის).
ამ უწყების მიმართ ღრმა უნდობლობა და კრიტიკა რელიგიური ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა აქტორების მიერ დაფიქსირდა მისი დაარსებიდან პირველივე დღეებში, როცა მაკონტროლებელი „რელიგიური სამინისტროს“ შექმნის რისკებს ვხედავდით და ამ უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ რეგრესულ, უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებსა და განცხადებებს ვისმენდით. სამწუხაროდ, ეს კრიტიკა და ნდობის კრიზისი მთავრობას სერიოზულად არასდროს განუხილავს და მას შემდეგ არა თუ რეფორმის პროცესი, სახელმწიფოსთან თავისუფალი დემოკრატიული კომუნიკაციაც კი შეჩერდა ამ თემაზე.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კიდევ ერთი კრიზისის ფონზე მაინც, გამოხატონ მაღალი ინტერესი რელიგიის თავისუფლების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი მძიმე უფლებრივი და სოციალური შედეგების მიმართ და
ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვთქვამთ მზადყოფნას ზემოთ წარმოდგენილ საკითხებზე კომუნიკაცია გავაგრძელოთ საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან.
[1] ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენციის (FCNM) მრჩეველთა კომიტეტი უთითებს, რომ მასთან დისკუსიაში რელიგიურმა უმცირესობებმა გამოხატეს დაბალი ნდობა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ და ამავდროულად მათ აჩვენეს მაღალი ნდობა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიმართ, რომელიც 33 რელიგიურ ორგანიზაციას აერთიანებს და მათთვის ჰორიზონტალური და დამოუკიდებელი ორგანიზაციების ჩარჩოს ქმნის;
[2] რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) შეფასებით, მისი რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა გაეძლიერებინა კომუნიკაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სახალხო დამცველს შორის, არ შესრულდა და სააგენტომ არ გადადგა სერიოზული ნაბიჯები საბჭოსთან თანამშრომლობის მიზნით. კომისია ხაზს უსვამს რომ, თანამშრომლობის ნაცვლად, ამ ორ ორგანოს შორის შეინიშნება დაძაბულობა და ცალსახა აცდენაა მათ პოზიციებს შორის, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს გამოვლინდა 2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების პროცესში, როდესაც იყო ინიციატივა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის. ამ ინიციატივის წინააღმდეგ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არ გამოვიდა, რაც მნიშვნელოვანი სიგნალი იყო რელიგიური ჯგუფებისთვის და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის განეხილათ სააგენტო როგორც რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისთვის შექმნილი ინსტრუმენტი;
[3] ოსლოს კოალიციის შეფასებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მის მიერ ჩაწერილ ინტერვიუში დადასტურდა ის მნიშვნელოვანი წუხილები, რომელიც მათ შეხვედრამდე ჰქონდათ: მისი მანდატი არ არის ცხადი; მისი პასუხისმგებლობები და ძალაუფლება არ არის ნათელი; მას არ გააჩნია პროცედურული სახელმძღვანელოები მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებისთვის; მას არ აქვს გამჭვირვალების და ანგარიშვალდებულების მექანიზმები. ამდენად, ჩანს, რომ სააგენტო, რომელიც მთავრობის უწყებაა, მის არსებით მისიად ხედავს არა რელიგიის თავისუფლების დაცვას ყველა მოქალაქისთვის, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის ფინანსური და მატერიალური ინტერესების დაცვას;
[4] მეგი ნიკოლსონის ანგარიშში იკითხება, რომ სააგენტო დაარსდა 2014 წელს, როგორც რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო, თუმცა, ეს უწყება მცირე ნდობით სარგებლობს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ნაცვლად იმისა, სააგენტო მიიჩნეოდეს რელიგიის თავისუფლების დაცვის უწყებად, ის განიხილება, როგორც რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის მექანიზმი, რაც არაერთხელ აღინიშნა სხვადასხვა აქტორის მიერ;
ინსტრუქცია