[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

EMC სოფელ ბუკნარში რელიგიურ დაპირისპირებას ეხმიანება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება სოფელ ბუკნარში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას და სახელმწიფოს კონფლიქტის დეესკალაციისკენ და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯების გადაგმისკენ მოუწოდებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის, ასევე ადგილობრივ თემის ლიდერებთან ჩაწერილი ინტერვიუების საფუძველზე, EMC-მ პირველადად შეისწავლა სოფელ ბუკნარში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) რელიგიური დაპირისპირების სურათი. სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემი უკვე რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობს, სადაც ისინი გურიისა და აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სხვადასხვა პერიოდში (პირველად 50-70 წლის წინ) დასახლდნენ. ამ დროისთვის ისინი ადგილობრივი თემის ნახევარს წარმოადგენენ. მუსლიმი თემი 2007 წლიდან ითხოვს მეჩეთის მშენებლობას სოფელში, თუმცა ისინი დაბრკოლებებს წააწყდა და მეჩეთის სივრცის ორგანიზება ვერ მოხერხდა. დაახლოებით 10 თვის წინ ადგილობრივმა თემმა სოფელში მუსლიმი მეზობლისგან, რომელიც წალკაში გადავიდა საცხოვრებლად კერძო სახლი შეიძინა და ამ სივრცეში მალევე რელიგიური პრაქტიკის აღსრულება დაიწყო. მუსლიმების თქმით, ისინი მინარეთის აღმართვას არ აპირებენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ მთელი ეს დრო მეზობელი ქრისტიანების „არგაღიზიანებას“. თუმცა, მათი მხრიდან ლოცვის სივრცის ორგანიზებას ადგილობრივი ქრისტიანების უკმაყოფილება მოჰყვა. მუსლიმების განმარტებით, ადგილობრივი ქრისტიანი თემის ზოგიერთი წარმომადგენელი მათ ლოცვის შესაძლებლობას არ აძლევს და აცხადებენ, რომ მუსლიმები ამ სოფელში "ჩამოსახლებულები" არიან და მათ მეჩეთის გახსნის უფლება „ქრისტიანულ მიწაზე“ არ აქვთ. კონფლიქტი ამ საკითხზე დაახლოებით 1 თვის წინ დაიყო და მას მეზობელ თემებს შორის ძირითადად სიტყვიერი შელაპარაკების და გარჩევის ფორმა ჰქონდა. სამწუხაროდ, 2020 წლის 11-12 იანვარს კონფლიქტმა ფიზიკური დაპირსპირების ფორმა მიიღო. გუშინ კი მეზობლებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის მუსლიმ ბავშვებს. დაშავებულები მიღებული არაერთი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეჩეთის გარშემო შექმნილი კონფლიქტის თაობაზე ადგილობრივი თვითმმართველობა ინფორმირებული იყო, თუმცა როგორც ჩანს მისი გადაჭრისთვის სათანადო ღონისძიებები არ მიუღია. მუსლიმი თემის განმარტებით, ჩოხატაურის მერმა ადგილობრივ თემებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და მეჩეთისთვის განკუთვნილი კერძო სახლის 3 მუსლიმის და 3 ქრისტიანის ერთობლივ საკუთრებაში გადაცემის რეკომენდაცია მისცა. ცხადია, ეს პირობა მუსლიმი თემისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარი ძალადობის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავეს. დღეს 12 საათზე დაგეგმილია ადგილობრივი თემის ლიდერების შეხვედრა გუბერნატორთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით.

როგორც ზემოთ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, გამოვლენილ ინციდენტებში ორი ძირითადი სამართლებრივი საკითხი იკვეთება. 1. ძალადობის შემთხვევა დაზარალებული მუსლიმი პირების მიმართ, რომელიც დროულ და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს და 2. სალოცავი სივრცის ფუნქციონირებისთვის უსაფრთხო და მშვიდობიანი პირობების შექმნა, რომელიც მუსლიმი თემის შევიწროებისა და დევნის ინციდენტების ეფექტიან აღკვეთას საჭიროებს.

კერძო საცხოვრებელ სახლში რელიგიური სივრცის ორგანიზება, როცა ის რაიმე სამშენებლო ინტერვენციას არ საჭიროებს, სამართლებრივ რეგულირებას ან ნებართვას არ ექვემდებარება (რელიგიური ნაგებობების მშენებლობასთან/რეკონსტრუქციასთან დაკავშირებითაც კი მოქმედი კანონმდებლობა რელიგიურად ნეიტრალურ პროცედურებს ითვალისწინებს და საკულტო ნაგებობის მშენებობისთვის სპეციალურ შეზღუდვებსა და პირობებს არ აწესებს), შესაბამისად, გუშინ ადგილობრივი თვითმმათველობის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ლოცვა კანონით დადგენილი წესით და შეთანხმებით მოწყობილ საკულტო ნაგებობაში უნდა მოხდეს, სამართლებრივად ზუსტი და ადეკვატური არ არის.

უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ რელიგიური კონფლიქტების ჯაჭვი გამოვლინდა და ის დაფიქსირდა ნიგვზიანში (2012), წინწყაროში (2013), სამთაწყაროში (2013), ჭელაში (2013), ქობულეთში (2014), მოხესა (2014) და ადიგენში (2016). ყველა ამ კონფლიქტს საერთო სოციალური და კულტურული მიზეზები და კონტექსტები ჰქონდა. კონფლიქტი ეკომიგრანტი ოჯახებით დასახლებულ მულტირელიგიურ და ზოგჯერ მულტიეთნიკურ თემებში ხდებოდა, სადაც ადგილობრივ თემებს თანაცხოვრების საერთო მეხსიერება და ტრადიცია არ არსებობდა. ამასთან კონფლიქტები ძირითად ხელისუფლების ტრანზიციის, ან არჩევნების კონტექსტს ებმოდა და ადგილობრივი თემების მხრიდან რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის ახალი შესაძლებლობების არსებობის რწმენას და განცდას უკავშირდებოდა. ყველა შემთხვევაში ადგილობრივი ქრისტიანი თემის რიტორიკა ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის პარადიგმას ეფუძნებოდა და "ქართულ მიწაზე" ისლამის პრაქტიკის დაუშვებლობის ისლამოფობიურ/ზოგჯერ თურქოფობიურ სენტიმენტებზე იდგა. ეს რიტორიკა კიდევ უფრო მძიმედ ვლინდება ქართველი მუსლიმი თემის მიმართ, რომელიც ეთნიკურად ქართველია და სწორედ ამიტომ მათი ისლამური თვითიდენტიფაკია გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის ჩარჩოსთვის ორმაგად მიუღებელი ხდება.

აღნიშნული კონფლიქტების ანალიზი აჩვენებს, რომ არც ერთ შემთხვევაზე სახელმწიფოს სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია, რაც მთლიანობაში დაუსჯელობის წახალისებას და ნორმალიზებას იწვევდა. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში თავად პოლიცია უშუალოდ მონაწილეობდა ადგილობრივი მუსლიმი თემების წინააღმდეგ ორგანიზებულ მასშტაბურ ძალადობრივ ღონისძიებებში. სოფელ ჭელასა და სოფელ მოხეში შსს-მ მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება დააორგანიზა, რასაც მინარეთის უკანონო მოჭრისა და ისტორიული მეჩეთის დემონტაჟის გამო ადგილზე მობილიზებული უკმაყოფილო მუსლიმი გლეხების ცემა და დააკავება მოჰყვა. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული კონფლიქტების ნაწილი ამ დრომდე გადაუჭრელია და მუსლიმი თემი ვერ ახერხებს საკუთარი უფლებების სათანადო რეალიზებას (მათ შორის, ქობულეთში, მოხეში, სამთაწყაროში). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებში ამ დრომდე ჩანს გაუცხოებისა და უნდობლობის გამოცდილება, სახელმწიფოს არ მიუღია სპეციალური პოზიტიური ზომები, რომელიც ნდობის აღდგენის, კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მულტიკულტურული გარემოს შექმნისკენ იქნებოდა მიმართული.

რელიგიური კონფლიქტების ეს ჯაჭვი და სახელმწიფოს არასეკულარული და უთანასწორო პოლიტიკა არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებისთვის გამაუცხოებელ და გამრიყავ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს ქმნის, რომელიც ხელს უშლის თანასწორი, დემოკრატიული და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობას. ამავდროულად ის მუსლიმი თემში ტრამვატულ მეხსიერებას და გამოცდილებას ქმნის, რომელიც სოციალურ ფრუსტრაციას და მეორეხარისხოვან მოქალაქედ ყოფნის განცდას აძლიერებს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინსტროს

მიიღოს სათანადო ზომები ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით.

გაატაროს ყველა რელევანტური ღონისძიება მეჩეთის სივრცეში მუსლიმების მხრიდან ღვთისმსახურების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის.

ადგილობრივ თვითმმართველობას და მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელ აქტორებს

შეიმუშავოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ადგილობრივ თემში კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიზნით, რომელიც ერთი მხრივ, განუხრელად დაიცავს მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებას და უპასუხებს მათ საჭიროებს სოფელში მეჩეთის სივრცის არსებობის შესახებ, და მეორე მხრივ, კი ადგილობრივ თემებს შორის ნდობის აღდგენას, მშვიდობიან, სოლიდარულ და თანასწორ გარემოში გრძელვადიან თანაცხოვრებას შეუწყობს ხელს.

EMC გამოხატავს მზადყოფნას დაიცვას დაზარალებული პირების და ადგილობრივი მუსლიმი თემის სამართლებრივი ინტერესები და ასევე მხარი დაუჭიროს სახელმწიფოს კონფლიქტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული პოზიტიური ნაბიჯების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“