[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / თვალსაზრისი

მემორანდუმი სოფლის მოსახლეობასთან - მომპოვებლების ახალი ინსტრუმენტი

გიორგი ცინცაძე 

სამთო-მოპოვების ზონებში ბოლო წლებში გაჩენილ მწვავე გარემოსდაცვით კონფლიქტებს ერთი ახალი პრაქტიკა აერთიანებს: კრიზისების გადაჭრის გზად მხარეები უფრო და უფრო ხშირად ეყრდნობიან სამართლებრივად ბუნდოვან, დახურულ და ხშირად კონფიდენციალურ ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატს, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა და მომპოვებელი კომპანია მონაწილეობენ. მოლაპარაკების შედეგად მომპოვებელი კომპანია მოპოვების არეალში ან მის მიმდებარედ მაცხოვრებელ მოსახლეობასთან აფორმებს ურთიერთთანამშრომლობის „მემორანდუმს“, რომელმაც მათი ურთიერთობა უნდა მოაწესრიგოს. მოსახლეობასთან დადებული ეს „მემორანდუმები“ ქმნიან მომპოვებლისა და ადგილობრივების ურთიერთობის მომაწესრიგებელ ფსევდო-სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც ფორმალურად მოპოვების მარეგულირებელ სხვა დოკუმენტებს - ლიცენზიას, ნებართვას ან გარემოზე ზემოქმედების შეფასებას - ემატება, პრაქტიკაში კი მათ ანაცვლებს. ამ პრაქტიკის გაჩენას და გავრცელებას ხელს უწყობს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებაც, რომლის წარმომადგენლებიც ხშირად პროცესში შუამავლის ან მეთვალყურის როლს ირგებენ. მოლაპარაკების ეს ფორმა და მემორანდუმის ფორმატი ბოლო წლებში გარემოსდაცვითი კრიზისების მართვის ძირითად ინსტრუმენტად იქცა წიაღისეულის მომპოვებელ რეგიონებში.

ამ პრაქტიკის გავრცელება ყველაზე თვალსაჩინო ჭიათურის სოფლებშია. 2019 წლიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტის ორ მომიჯნავე სოფელში - ჯერ შუქრუთში, ხოლო მოგვიანებით ითხვისში - მსგავსი შინაარსის გარემოსდაცვითი კონფლიქტები გაჩნდა. ითხვისშიც და შუქრუთშიც, სოფლის მოსახლეობა მათი საცხოვრებელი სახლების და ქონების დაზიანებას მანგანუმის მოპოვებას უკავშირებდა. შუქრუთში ადგილობრივები წლების განმავლობაში მიყენებულ ზიანზე საუბრობდნენ, რამაც სოფლის სახლები 2019 წლისთვის უკიდურესად ამორტიზებულ მდგომარეობამდე მიიყვანა. ითხვისში სახლები ერთბაშად, მეწყრის შემდეგ დაზიანდა და დავის საგანი მეწყრული პროცესის გამომწვევი მიზეზები გახდა.

შუქრუთისა და ითხვისის მოსახლეობა მსგავსი პრობლემის წინაშე დგას: არასათანადო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის და გაუმჭვირვალე კორპორატიული პრაქტიკების გამო, სანდო და ზუსტი გარემოსდაცვითი და გეოლოგიური ინფორმაციის არარსებობის პირობებში, ადამიანები, საცხოვრებელი სახლები, ქონება და ბუნებრივი გარემო მუდმივი საფრთხის ქვეშ ექცევა, ხოლო ზიანის კონკრეტული შემთხვევების დამოუკიდებელი და სრულყოფილი გამოკვლევა შეუძლებელი ხდება. ითხვისის და შუქრუთის კრიზისების საერთო და სისტემური წყარო საერთო და სისტემური გამოსავლის აუცილებლობაზე მიუთითებს: მოპოვების სივრცითი ფარგლების მკაფიოდ განსაზღვრა და გასაჯაროება, მაღალი რისკის ზონების გამოყოფა, საცხოვრებელი და ინდუსტრიული ზონების გამიჯვნა, გარემოსდაცვითი და ტექნიკური ზედამხედველობის გაუმჯობესება, კომპენსაციის და განსახლების საერთო სტანდარტის დაწესება. თუმცა, ნაცვლად გამჭვირვალე სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯებისა, ჭიათურის სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლება და მომპოვებელი კომპანია ცდილობენ ორმხრივი და დახურული მოლაპარაკება აწარმოონ სოფლების მოსახლეობასთან და სისტემური პრობლემა კერძო დავებად აქციონ. შუქრუთში დაზარალებულ ოჯახებთან ინდივიდუალური შეთანხმებები გაფორმდა, ხოლო ითხვისში მოლაპარაკება ამ დრომდე გრძელდება. ასეთ მოლაპარაკებებში ერთმანეთის პირისპირ დგანან ძლიერი, ფინანსური და პოლიტიკური კაპიტალის მქონე მომპოვებელი კომპანია და ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც ხშირად ასეთი მოლაპარაკების წარმოების არც გამოცდილება აქვს და არც შესაბამის სამართლებრივ კონსულტაციაზე მიუწვდება ხელი.

შუქრუთში ინდივიდუალურად გაფორმებული შეთანხმებები სოფლის მოსახლეობასთან გაფორმებულ „მემორანდუმს“ დაეყრდნო. ერთ-ერთ დაზარალებულ ოჯახთან დადებული შეთანხმებიდან ირკვევა, რომ 2020 წელს „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორმა კომპანია „შუქრუთი +“-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სოფლის მოსახლეობასთან და „სამთო-მოპოვებითი საქმიანობიდან გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ვალდებულება“ იკისრა ინდივიდუალური შეთანხმებების საფუძველზე. შეთანხმების მიხედვით ლიცენზიის მფლობელმა, „ჯორჯიან მანგანეზმა“, „იკისრა კომპანიასა და მესაკუთრეებს შორის მოლაპარაკების პროცესში შუამავლის როლი, რომლის ფარგლებშიც იგი აცხადებს მზაობას მონიტორინგი გაუწიოს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების დროულ და ეფექტურ აღსრულებას.“ შუქრუთში გაფორმებული მემორანდუმი კარგად ასახავს იმ ბუნდოვან როლს, რომელსაც ეს დოკუმენტი უნდა ასრულებდეს - ცხადია, მოპოვებითი საქმიანობის შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ვალდებულება მომპოვებელს ისედაც აქვს და ამას მემორანდუმი არ სჭირდება. ცხადია ისიც, რომ მემორანდუმმა ზარალის ანაზღაურების მყარი და ადგილობრივთათვის მისაღები წესი ვერ შექმნა - პროტესტის მონაწილე 11 ოჯახს ინდივიდუალური შეთანხმებების გაფორმებისთვის მრავალთვიანი და უმძიმესი ბრძოლა დასჭირდათ.

როგორც შუქრუთის, ისე ითხვისის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტები ან საერთოდ არ ერთვებოდნენ გაჩენილი გარემოსდაცვითი კონფლიქტების გადაჭრაში, ან ცდილობდნენ პროტესტის რეპრესიული მეთოდებით ჩახშობას. შუქრუთში ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფოს მათი მოთხოვნების ადრესატადაც კი არ განიხილავდა - პროტესტის ერთ ეტაპზე, როდესაც მათ პერმანენტული აქციის გამართვა გადაწყვიტეს თბილისში, აქციის ადგილმდებარეობად დაზარალებულებმა არა რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების შენობა, არამედ ამერიკის საერჩო აირჩიეს. ითხვისში მომხდარ მეწყერზე საუბრისას, სახელმწიფოს წარმომადგენლები ჯორჯიან მანგანეზის პოზიციას იმეორებენ, შემსწავლელი კომისია კი კომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო. ორივე შემთხვევაში პრობლემის „შესწავლის“ და კონფლიქტის „გადაჭრის“ პასუხისმგებლობა მთლიანად „ჯორჯიან მანგანეზის“ უფლებამოსილებად ითარგმნა. მემორანდუმი ამ ძალთა თუ პასუხისმგებლობათა ბალანსს ფსევდო-სამართლებრივად აფორმებს.

მიმდინარე წლის მაისში მემორანდუმი გაფორმდა სპილენძის მომპოვებელ RMG-სა და ადგილობრივებს შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში. მემორანდუმში ადგილობრივ მოსახლეობას წარმოადგენს „სოფელ მუშევანის სამუშაო ჯგუფი,“ რომელიც სოფლის ხუთი მაცხოვრებლისგან შედგება. მემორანდუმში „სამუშაო ჯგუფი და სოფელ მუშევანის მოსახლეობა ადასტურებენ ხელმოწერებით, რომ კომპანიის მიერ ტერიტორიის თვისება არ იწვევს მათზე არსებითი ხასიათის სოციალურ ანდა ეკონომიკურ ზემოქმედებას და რომ მზად არიან უარი განაცხადონ აღნიშნული ტერიტორიების საძოვრებად გამოყენებაზე და სანაცვლოდ, კომპანია ადასტურებს მზაობას მისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წყალმომარაგების პროექტის განხორციელების თაობაზე...“ ამასთან, მემორანდუმის მიხედვით კომპანია ვალდებულია „სოფელ მუშევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილზე სამუშაოების პროცესში, არ განახორციელოს გადამუშავების სამუშაოები.“ სამუშაო ჯგუფი, თავის მხრივ, ვალდებული ხდება „ხელი შეუწყოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას. დაეხმაროს კომპანიას სოფლის მოსახლეობასთან კომუნიკაციაში. სოფლის ინტერესების გათვალისწინებით კომპანიას წარუდგინოს წინადადებები და პროექტები. კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სამუშაოების მონიტორინგი.“

მემორანდუმის გაფორმება შესთავაზეს შქმერის მოსახლეობასაც რაჭაში, როგორც მომპოვებელ კომპანიასა და ადგილობრივებს შორის გაჩენილი უთანხმოების გადაჭრის გზა. შქმერში მანგანუმის საბადოს შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი, გიორგი ნინიკაშვილი, ბუნებრივ გარემოსთან დაკავშირებული რისკების შესახებ საუბრისას მოსახლეობას „მემორანდუმის“ გაფორმებას სთავაზობდა და ამბობდა, რომ „წყლის დაბინძურებაზე [მოსახლეობას] მემორანდუმი შევთავაზეთ, რომ არასოდეს შქმერში მანგანუმის გამამდიდრებელი ფაბრიკა არ გაკეთდება. თუ დავარღვევთ ამ პირობებს, ამის საფუძველზე ლიცენზია გაუქმდება. მადნის გარეცხვას არათუ შქმერში, არც რაჭაში არანაირად არ ვაპირებთ. მიწის ნაყოფიერი ფენაც შეინახება, ამასაც მემორანდუმში ავსახავთ, რომ რამდენ 200 მეტრს ამოვთხრით, შეინახება მიწის ნაყოფიერი ფენა და შემდეგ ისევ ამოივსება. ეს პირობა თუ დაირღვევა, გაუქმდება ლიცენზია.“ მომპოვებელი კომპანია სოფელს ეკლესიის შეკეთებას და წყლის მილების შეძენაში დახმარებასაც სთავაზობდა. მიუხედავად იმისა, რომ მომპოვებელი კომპანიის წარმომადგენლებმა მემორანდუმის გაფორმების მიზნით შქმერის მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს, მემორანდუმთან დაკავშირებით შეთანხმება არ შედგა.

გარემოსდაცვითი კონფლიქტების „გადაჭრის“ თუ დავიდან აცილების ეს გზა სპონტანურად არ გაჩენილა. ამ პრაქტიკის გავრცელებას სოციალური, პოლიტიკური და სტრუქტურული მიზეზები აქვს. მემორანდუმების გაფორმების პრაქტიკის გავრცელება უნდა გავიგოთ როგორც უფრო გრძელვადიანი და ზოგადი ტენდენციის ნაწილი, რომლის შედეგადაც სახელმწიფო ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო პასიურ როლს თამაშობენ ბუნებრივი რესურსების მართვასა და ათვისების მეთვალყურეობაში. საკუთარი როლის გადააზრების ნაცვლად, გაჩენილ კონფლიქტებსა თუ წუხილებზე პასუხად სახელმწიფო გამოსავალს მომპოვებლისა და მოსახლეობის ურთიერთობაში ხედავს, და არა მის ურთიერთობაში მომპოვებელ კომპანიებთან.

საინტერესოა, რომ სახელმწიფო ცდილობს პირდაპირი მოლაპარაკების ფორმატს დაეყრდნოს არა მხოლოდ სამთო-მოპოვებით და სამრეწველო სექტორში, არამედ ენერგეტიკაშიც. უკანასკნელ წლებში გაჩენილ მასშტაბურ წინააღმდეგობებზე პასუხად, ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკული პროექტების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის გადახედვას გეგმავდა. ერთ-ერთი ცვლილება, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლები ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში განიხილავდნენ საინვესტიციო პროექტების საწყის განვითარებას ეხებოდა. სამინისტრო ცდილობს დანერგოს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ინვესტორ კომპანიებს გაუჩნდათ ვალდებულება პროექტის განვითარების საწყის ეტაპზე შეხვედროდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და პროექტი მათთან წინასწარ განეხილათ. საქართველოს მთავრობის სტრატეგია ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატით შეამციროს გარემოსდაცვითი კონფლიქტები ენერგეტიკის სექტორში პრობლემური აღმოჩნდა არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისა თუ პროფესიული წრეებისთვის, არამედ უშუალოდ ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული ინვესტორებისთვისაც. მაგალითად, ერთ-ერთი მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის დირექტორი ინტერვიუში აცხადებდა, რომ „მთავრობა ცდილობს, სოციალურ პრობლემას ინვესტორმა მოუაროს და მოსახლეობას ის მოელაპარაკოს,“ რაც მის საქმიანობას ართულებს.

  • რატომაა მემორანდუმის გაფორმების პრაქტიკა პრობლემური?

ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატის და მემორანდუმების გავრცელება იმის მანიშნებელია, რომ არსებული სალიცენზიო თუ სანებართვო პროცედურა ადგილობრივი მოსახლეობისა და ინვესტორის ურთიერთობას სათანადოდ ვერ აწესრიგებს. მოპოვების ლიცენზიისა და ნებართვის, ისევე როგორც დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა თავის თავში უნდა მოიცავდეს დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებასა და მონაწილეობას. თუმცა დღეს, ამ ინსტიტუციური პროცესების მხოლოდ ფორმალური, არაეფექტური ხასიათის გამო, რიგითი ადამიანების ხმა ბუნებრივი რესურსების მართვასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო სტრუქტურებს შიგნით არ ისმის. მათი პოზიცია, როგორც წესი, ჟღერდება გადაწყვეტილების მიღების ფორმალური პროცესის მიღმა და ხშირად გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. როცა მოპოვებითი საქმიანობის შესახებ გარემოსდაცვითი თუ სოციალური შინაარსის უთანხმოება ჩნდება, ამ ეტაპზე სახელმწიფო რგოლებს საკუთარი ფუნქცია, მათივე აზრით, უკვე ამოწურული აქვთ.

არსებული სანებართვო და სალიცენზიო პროცედურა ვერ უზრუნველყოფს ვერც საქმიანობის პირობების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად შეთანხმებას - ანუ კრიზისების თავიდან აცილებას - და ვერც იმ მექანიზმების ეფექტურობას, რაც ადგილობრივთა ქონების, ჯანმრთელობის ან ბუნებრივი გარემოს დაზიანების შემთხვევაში უნდა ამუშავდეს - ანუ კრიზისებზე რეაგირებას. როგორც ზემოთ ნახსენები მაგალითები ცხადყოფს, მემორანდუმების გაფორმების დღეს გავრცელებული პრაქტიკა ორივე ჩავარდნას ირეკლავს. მუშევანში გაფორმებული მემორანდუმი მოპოვებითი საქმიანობის გარემოსდაცვით საზღვრებს აწესებს - კრძალავს მოპოვების კონკრეტულ ფორმებს, აწესრიგებს ხმაურისა და ტრანსპორტის საკითხებს და აწესებს ზედამხედველობის ნორმებს. მემორანდუმი, ამ გზით, იმ ფუნქციის შესრულებას ცდილობს, რაც, კანონმდებლობით, სანებართვო და სალიცენზიო პროცესის ნაწილია.

მეორე მხრივ, შუქრუთში გაფორმებული მემორანდუმი ეხება პასუხისმგებლობას შესაძლო ზიანზე და ზარალის ანაზღაურებას. ეს საკითხებიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კანონმდებლობით რეგულირდება და არა რომელიმე კონკრეტულ მომპოვებელსა და მოსახლეობის რომელიმე ჯგუფს შორის დადებული შეთანხმებით. მემორანდუმით შესაძლოა განისაზღვროს კანონის მოთხოვნებზე უფრო მაღალი სტანდარტი, თუმცა საბაზისო პასუხისმგებლობის და ძირითადი ვალდებულებების განსაზღვრას ეს ფორმატი არ სჭირდება.

შუქრუთში გაფორმებული მემორანდუმი საინტერესოა მონაწილე მხარეებისა და მათი ფუნქციების გადანაწილების გამოც. მოპოვების საქმიანობაზე პასუხისმგებელ მხარედ ქვე-კონტრაქტორი, „შუქრუთი +“ გვევლინება, ლიცენზიის მფლობელი „ჯორჯიან მანგანეზი“ კი შუამავალია მომპოვებელსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. სახელმწიფოს - ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქცია - მემორანდუმში არ იკითხება. ცხადია, „ჯორჯიან მანგანეზი“ და „შუქრუთი +“ ერთი კორპორატიული სხეულის ორი ნაწილია, სახელმწიფო კი ერთადერთია, ვისაც მისი რეგულირების, სანქცირების და ზედამხედველობის უფლება და უნარი აქვს. თუმცა მემორანდუმი ცდილობს შექმნას მხარეთა ალტერნატიული გადანაწილება რომელშიც „ჯორჯიან მანგანეზი“ შუამავალია მისსავე ქვე-კონტრაქტორსა და მოსახლეობას შორის, სახელმწიფო კი ფაქტობრივად არ არსებობს.

მხარეთა წარმოების მხრივ საინტერესოა მუშევანის მემორანდუმიც. ამ მემორანდუმში სოფლის მოსახლეობას სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს, რომელსაც სოფლის ინტერესების დაცვა, სოფლისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის განკარგვა (წელიწადში 300,000 ლარი) და მოპოვების გარემოსდაცვითი ზედამხედველობა დაევალა. ამით მუშევანის მემორანდუმი შქმერის მოსახლეობისთვის შეთავაზებული მემორანდუმის მსგავსია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამუშაო ჯგუფი ძალისხმევას არ დაიშურებს, ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მას ძალიან გაუჭირდება. ნებისმიერი სოფლის მოსახლეობა მრავალფეროვანია და ინტერესებისა თუ პოზიციების დიდ სპექტრს მოიცავს. შესაბამისად, წარმომადგენლობითი სტრუქტურის შექმნას შესაბამისი სიფრთხილე და სისტემა სჭირდება, რაც, მაგალითად, თანხის სოფლის პრიორიტეტების მიხედვით განკარგვას უზრუნველყოფდა. მემორანდუმს ორი მხარე ჰყავს (სამუშაო ჯგუფი და მომპოვებელი კომპანია), თუმცა მასზე ხელს 100-ზე მეტი მოსახლე აწერს, რაც სამუშაო ჯგუფისთვის წარმომადგენლობითობის მინიჭების ფსევდო-სამართლებრივ მცდელობად უნდა მივიჩნიოთ.

აშკარაა ისიც, რომ ტექნიკური რესურსები და კომპეტენცია სჭირდება გარემოსდაცვით ზედამხედველობასაც, რისთვისაც არსებობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სახელმწიფო სტრუქტურები, თუმცა მემორანდუმი, მათ ჩანაცვლებასაც ცდილობს. შესაბამისი მზადყოფნის გარეშე სამუშაო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის მინიჭება გაუმართლებელია.

ორმხრივი მოლაპარაკების და მემორანდუმის ფორმატის გავრცელება იმის სიმპტომიცაა, რომ საქართველოში სამართალწარმოება გარემოსდაცვითი კონფლიქტების თავიდან აცილების თუ გადაჭრის ეფექტური გზა არ არის. მიუხედავად საკანონმდებლო რეფორმებისა, გარემოსდაცვითი პრობლემებით დაზარალებულებს სამართლებრივი ინსტრუმენტების ნაკლებად ეიმედებათ. ამის მიზეზი, თავის მხრივ, სასამართლოს შეზღუდული ხელმისაწვდომობა, სამართალწარმოებასთან დაკავშირებული რესურსების არქონა ან სასამართლო მექანიზმის არაეფექტურობა.

იმ პირობებში, როცა მოპოვების ზონებში კანონის აღსრულებაც ჭირს, ცხადია არც მემორანდუმში გაწერილი პირობების შესრულებაა გარანტირებული - მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მემორანდუმი არასავალდებულო ძალის დოკუმენტად მიიჩნევა. მემორანდუმის და მემორანდუმზე დაფუძნებული შეთანხმების აღსრულება არაერთხელ გაპრობლემდა, მათ შორის ჭიათურაშიც. ამის გათვალისწინებით უნდა მივიჩნიოთ, რომ მემორანდუმები, სხვა ფუნქციასთან ერთად, იმასაც ემსახურებიან, რომ მომპოვებელმა კომპანიებმა გარკვეული ვალდებულებების საკუთარ თავზე აღების განცდა შექმნან, რეალური სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღიარების გარეშე. ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატს მომპოვებელი კომპანია არა მხოლოდ გაჩენილი წინააღმდეგობის საპასუხოდ მიმართავს, არამედ წინააღმდეგობის პრევენციისთვისაც. მომპოვებელ კომპანიები მოსახლეობის ვალდებულებებსა თუ უფლებებზე საუბრისას მემორანდუმზე მიუთითებენ, თითქოს ადგილობრივებს ეს დოკუმენტი სამართლებრივად ზღუდავდეს. ასეთი მანიპულაციური ინტერპრეტაციის გავრცელებაში მათ ის ფაქტიც ეხმარება, რომ მოლაპარაკების თუ მემორანდუმის გაფორმების პროცესში ადგილობრივებს სამართლებრივ კონსულტაციაზე ხელი არ მიუწვდებათ.

სისტემური და საყოველთაო გამოსავლის გზების ძიების ნაცვლად, მოპოვების ზონებში წარმოქმნილი გარემოსდაცვითი კონფლიქტები დახურული მოლაპარაკების გზით და ბუნდოვანი ძალისა თუ შინაარსის მქონე ორმხრივი მემორანდუმების გაფორმებით სრულდება. ეს ამ კრიზების არა გადაჭრის, არამედ გადავადების გზაა. კორპორატიული მომპოვებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ერთმანეთის პირისპირ დატოვება არა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის საშუალება, არამედ მწვავე გარემოსდაცვითი კონფლიქტების წარმოების გზაა. მემორანდუმების პრაქტიკის გავრცელების ყველაზე მავნე ზეგავლენა ალბათ ისაა, რომ ამ გზით სისტემური და საყოველთაო პრობლემები კერძო დავებად თუ მოლაპარაკების საგნებად ვიწროვდება, სახელმწიფო კი უჩინარდება.

ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატი მომპოვებელ კომპანიებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის სხვა ქვეყნებშიც გვხვდება - ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ არის. უფრო მეტიც, ადგილობრივი მოსახლეობასთან სარგებლის თუ შემოსავლის განაწილების ფორმატი, რაც შესაბამისი შეთანხმებით ფორმდება (community benefits agreement), სამთო-მოპოვებით ინდუსტრიაში გლობალურად მზარდი პრაქტიკაა. არსებობდა იმედი, რომ ამ ტიპის შეთანხმებები მომპოვებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთობას მოაწესრიგებდა და ამით სამთო-მოპოვებით საქმიანობასთან დაკავშირებული ეკოლოგიური და სოციალური რისკების ნაწილი მაინც შემცირდებოდა. თუმცა არსებული ლიტერატურა მიუთითებს არაერთ პრობლემაზე, რომელიც ასეთ ფორმატებს ახლავს თან. მათი დიდი ნაწილი შეთანხმებების სუსტ აღსრულებას, ადგილობრივი მოსახლეობის შიგნით არსებული მრავალფეროვანი პოზიციების გათვალისწინებას და მომპოვებლების მიერ პროცესის ან პროცესით მანიპულირებას უკავშირდება. ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატს მომპოვებლებსა და მოსახლეობას შორის წარმატების შანსი მხოლოდ მაშინ აქვს თუ ფორმატი თანასწორ და სამართლებრივად გამართულ ჩარჩოში მოქმედებს, და არა მაშინ როცა ის სისტემურ და სამართლებრივ მოწესრიგებას ანაცვლებს.

მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში „წყლის და მინერალური რესურსების მდგრადი და დემოკრატიული მართვა საქართველოში". მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“