[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება

11 მაისს, პროტესტის 85-ე დღეს, შუქრუთის რამდენიმე მაცხოვრებელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართ და პირი ამოიკერა, თუმცა მომპოვებელი კომპანია, ისევე როგორც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მათი მოთხოვნების მიმართ გულგრილი რჩება.

შუქრუთის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება, ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები, იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ფაქტიურად განუსაზღვრელი ლიცენზიის პირობებში საქმიანობს და გაუმჭირვალე პრაქტიკებით გამოირჩევა, მოსახლეობის წუხილი იმის შესახებ, რომ მოპოვება ზიანს აყენებს მთელი სოფლის ბუნებრივ და სოციალურ გარემოს დაუყოვნებლივ შესწავლას და რეაგირებას იმსახურებს. მდგომარეობას ამწვავებს ის ფაქტიც, რომ არასათანადო ზედამხედველობის პირობებში მიმდინარე მოპოვებითი სამუშაოები საფრთხისშემცველია ადამიანთა ჯანმრთელობისთვის და შესაძლოა გამოუსწორებელ ზიანს აყენებდეს რეგიონის ბუნებრივ გარემოს.

მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო, ადგილობრივი ხელისუფლება მას სისტემატიურად უგულებელყოფს, რაც სოფლის მოსახლეობას მომპოვებელი კომპანიის პირისპირ ტოვებს, ხოლო "ჯორჯიან მანგანეზი" საკუთარ პასუხისმგებლობას თავს არიდებს და, მიუხედავად სიტყვიერი დაპირებებისა, მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს. შედეგად, დღეს წინააღმდეგობის მონაწილეები იძულებულნი არიან პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართონ.

საგულისხმოა, რომ ადგილობრივების ცნობით, მათ არც პროტესტის გავრცობის საშუალება ეძლევათ. ადგილობრივი პოლიციისა და მერიის წარმომადგენლებმა მათ მუნიციპალური ადმინისტრაციის შენობის წინ კარვის განთავსების საშუალება არ მისცეს, რაც გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევაა.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში სოფელი შუქრუთის მოსახლეობა მათი საცხოვრებელი გარემოსა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას უკვე რამდენიმე წელია ითხოვს. ჯერ კიდევ 2020 წელს შესული მიმართვის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობა სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვდა, რომელიც საკითხს დამოუკიდებლად და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებით შეისწავლიდა. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან შუქრუთის მოსახლეობის მოთხოვნების მიმართ გამოვლენილი გულგრილობა არა მხოლოდ ამ სოფელში, არამედ მთლიანად ჭიათურაში არსებული სოციალური და ეკოლოგიური კრიზისისთვის დამახასიათებელია.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს

  • ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის, უზრუნველყონ გამჭირვალე, სამართლიანი პროცესის წარმოება მიყენებული ზიანისა და კომპენსაციის განსასაზღვრად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • არ დაუშვას პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ რეპრესიული ზომების გატარება და მისცეს შუქრუთის მოსახლეობას პროტესტის უსაფრთხო, თავისუფალ გარემოში გაგრძელების საშუალება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს

  • დროულად გამოეხმაურონ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტს და გამოიყენონ მათი უფლებამოსილების ფარგლებში არსებული რესურსები ქმედითი დიალოგის დასაწყებად ადგილობრივ მოსახლეობასთან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს

  • განახორციელოს სოფელი შუქრუთის ტერიტორიის ინსპექტირება და დაადგინოს ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობის შესაბამისობა სალიცენზიო პირობებთან.

“ჯორჯიან მანგანეზს

  • გაასაჯაროოს ყველა საჭირო ინფორმაცია მოპოვების პროცესის და მისი გეოლოგიური და ეკოლოგიური გავლენის შესახებ.
  • საკითხის შესწავლამდე არ დაუშვას საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოსთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების შესაძლებლობა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“