საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მწვანე ალტერნატივა და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავენ და ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გაუქმებას მოითხოვენ.
სოფელ შქმერში წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ორი ლიცენზია მიმდინარე წლის ივლისში გასცა. როგორც აუქციონის გამოცხადების, ისე ლიცენზიის გაცემის მომენტში სააგენტომ დაარღვია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული გარანტიები და ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ. დარღვეულია ორჰუსის კონვენცია, რომელიც გარემოსდაცვითი საკითხების თაობაზე საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის ვალდებულებას განსაზღვრავს და დაუშვებლად მიიჩნევს გადაწყვეტილებების მის გარეშე მიღებას.
კანონით გათვალისწინებული გამჭირვალე და ჩართულობითი პროცესის უზრუნველყოფის ნაცვლად, სახელმწიფო უწყებებმა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გამოიყენეს. ლიცენზიების გაცემამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის იანვარში, ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. ადგილობრივებს, ვინც საკუთარ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწები 2018-2020 წლებში კანონიერად დაიმტკიცეს, სახელმწიფო ახლა ამ მიწის ნაკვეთების თაღლითური გზით დარეგისტრირებას ედავება. აშკარაა, რომ ეს ბრალდებები სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ინტერესმა განაპირობა. სამსახურეობრივი სიყალბის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სოფელ შქმერის გამგებელზეც, რომელმაც თითქოს უკანონოდ გასცა ადგილობრივ მაცხოვრებლებზე საკუთრების რეგისტრაციის თანხმობები. სისხლისსამართლებრივი დანაშაულის არსებობის ფაქტს ადგილობრივი სასამართლოც დაეთანხმა. 2021 წლის ივნისში როგორც შქმერის გამგებელი, ისე ადგილობრივი მაცხოვრებლები დამნაშავედ ცნეს, მათ კანონიერად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთვათ და ფულადი ჯარიმებიც დაეკისრათ.1 მოსახლეობის სადავო მიწები სწორედ მანგანუმის მოპოვების სალიცენზიო კონტურებს ემთხვევა. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, გამოძიება შქმერის ხუთამდე მკვიდრის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. დაზარალებულები აღნიშნავენ, რომ ხშირ შემთხვევაში მათ დაცვის უფლებით სათანადოდ სარგებლობაც კი ვერ მოახერხეს.
2014 წლის აღწერით შქმერის მოსახლეობა 24 ადამიანს შეადგენს, სალიცენზიო არეალის მიმდებარედ, ორ სხვა სოფელში, უშოლთასა და ხარისთვალში კი 14-15 ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად მაღალმთიანი სოფლების დაცლისა, ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ფლობდა, ამუშავებდა და მოიხმარდა მიწებს. მაღალმთიანი რეგიონის ეს მოსახლეობა ინარჩუნებს აქტიურ კავშირს რაჭის სხვა მრხივ დაცლილ სოფლებთან და ამით სრული გაქრობისგან იცავს ადგილობრივ სოციალურ ქსოვილს.
ამ ეტაპზე უცნობია, რა რაოდენობის და ხარისხის წიაღისეული გვხვდება შქმერში, თუმცა მისი მოპოვება აქამდეც უცდიათ, 2006-2008 წლებში. მაშინ მოპოვება, სხვა ფაქტორებთან ერთად, გზის არარსებობამ გაართულა, დღეს კი საჩხერე-ონის ახალი გზა ამ პრობლემას წყვეტს და რაჭის წიაღისეულს მოპოვებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.
სამწუხაროდ, მანგანუმის მოპოვების სხვა შემთხვევები საქართველოში იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ სახელმწიფო მოსახლეობის უფლებების დაცვის ნაცვლად, მხოლოდ კომპანიების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს. ასეთი მძიმე გამოცდილებები მრავლად გხვდება ჭიათურასა და მის მიმდებარე სოფლებში. მოპოვებითმა საქმიანობამ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე უკვე დააყენა ჭიათურის მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი მაცხოვრებლები. ჭიათურაში კერძო საკუთრების შელახვა, ჩამორთმევა, საკუთარი სახლების მომპოვებელი კომპანიისთვის დათმობის იძულება და მოსახლეობის მიმართ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა.2
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია რომ სოფელ შქმერში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით გაიცა. ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვისა და ბუნებრივი გარემოს განადგურების ხარჯზე წიაღისეულის მოპოვება დაუშვებელია. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიების დაუყოვნებლივ გაუქმებას ვითხოვთ.
1. შქმერში მანგანუმის მოპოვება სურთ - https://mtisambebi.ge/news/people/item/1326-shqmershi-manganumis-mopoveba-surt-gaiziarebs-tu-ara-zemo-racha-chiaturis-beds
2. შუქრუთის გოდება- https://mtisambebi.ge/news/ecology/item/1296-shuqrutis-godeba-reportaji-soplidan,-romeliz-mixas-chaaqvs
ინსტრუქცია