[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / სტატია

მაღალმთიანი აჭარის მუსლიმი ქალები

მარიამ შალვაშვილი 

ნაწილი პირველი

მცირე თეორიული შესავალი

საქართველოს პოპულარულ დისკურსში მუსლიმი ქალების შესახებ ცოდნა და მათი ხმები ხშირად გამოტოვებულია. დანარჩენებისთვის ეს ქალები უმეტესად უჩინრები არიან და მათზე საკმაოდ მწირი ინფორმაცია და წარმოდგენა არსებობს. ხოლო მეორეს მხრივ, განსაკუთრებით ლიბერალურ ფემინისტურ დისკურსში, მათ შესახებ წარმოდგენები ხშირად თავსაფრის შესახებ დისკუსიით შემოიფარგლება და ისინი ისლამის გამო დაჩაგრულ ქალებად წარმოისახებიან. ეს ტენდენციები მხოლოდ საქართველოს არ ახასიათებს, ათწლეულებია, ფემინისტი მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მრავალფეროვანი მუსლიმთა საზოგადოებები და მუსლიმური უმცირესობები დასავლელი მოაზროვნეების (და დასავლელი ფემინისტების) მიერ ხშირად არიან აღქმულები, როგორც ერთგვაროვანი (ჰომოგენური) ჯგუფი, რომელთა ცხოვრების ყველა მთავარ ასპექტს ისლამი განსაზღვრავს და ხშირად სრულიად უგულვებელყოფილია ის კონკრეტული სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ[1]. მეტიც, ისლამურ საზოგადოებებს და მუსლიმურ უმცირესობებს ხშირად დროში გაყინულ ერთობად წარმოისახავენ, რომელთა ყოველდღიურობაც ისტორიული გარემოებებით კი არაა განპირობებული, არამედ წარმოდგენილები არიან დროის მიღმა.[2] დასავლელი მოაზროვნეების დიდი ნაწილი ამ საზოგადოებებსა და ჯგუფებში თითქმის ყველანაირ ქმედებას და ჩაგვრას ისლამს უკავშირებს და ვერ ახერხებს მუსლიმთა ყოფის (მათ შორის ჩაგვრის) მრავალშრიან აღწერას. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ფუნდამენტური და დაუძლეველი გახლეჩილობის და განსხვავებულობის წარმოსაჩენად, ამ სურათ-ხატს ხშირად უპირისპირებენ დასავლურ, ქრისტიანულ/სეკულარულ საზოგადოებებს, რომელთა ყოფა და მოქმედების მიზეზები ბევრად უფრო დეტალურად და კომპლექსურად არის აღწერილი და მხოლოდ რელიგიაზე არ დაიყვანება. ეს დისკურსი მუსლიმური საზოგადოების კრიტიკისთვის ასევე ხშირად იყენებს მუსლიმი ქალების ხატს, როგორც ისლამის მიერ ჩაგრულების და მათი ჩაგვრიდან ამოყვანის გზად საბურველის მოხსნას სახავს. თავსაბურავი, ჰიჯაბი, ბურქა და მოკრძალებული ჩაცმულობა ხშირად ხდება-ხოლმე ის ერთადერთი მსაზღვრელი, რომელიც ქალების ჩაგვრის მაჩვენებელია, კომპლექსური რეალობა ამ სიმბოლომდე დაიყვანება და ისლამი წარმოისახება ქალთა უფლებებისა და კეთილდღეობის მტრად, რომელიც ქალებს თავისუფლებას უზღუდავს.

ეს შეხედულებები ბევრი მიზეზის გამოა პრობლემური. როგორც ლილა აბუ-ლუღოდი აღნიშნავს, მუსლიმი ქალების გამოცდილება ხშირად არასწორადაა გაგებული და მათი მდგომარეობა თავისუფლების შეზღუდვის მარტივ ფორმულებამდე დაიყვანება. ავტორი ხაზს უსვამს, რომ „არჩევანისა და თავისუფლების მსგავსი ცნებები მათი [მუსლიმი ქალების] ცხოვრების ხარისხისა და დინამიკის გასაგებად ბლაგვი ინსტრუმენტებია,“[3] ამასთან, ხშირად სრულიად გამოტოვებულია ქალების მწვავე პრობლემების აღწერა და მათი გამომწვევი პოლიტ-ეკონომიური მიზეზები.[4] აბუ-ლუღოდი აღნიშნავს, რომ მუსლიმთა საზოგადოებებში ქალების პრობლემებისა და ჩაგვრის ასპექტები ნამდვილად არ უნდა გამოვტოვოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩაგვრის ნამდვილი მიზეზების ძიება. უნდა ვეცადოთ ვუპასუხოთ კითხვებს: რა არის ის მარკერები, რომლებმაც შეიძლება ქალების რეალურ ჩაგვრაზე ან პრობლემებსა და წუხილებზე მიგვითითოს? რა იწვევს ქალების დაქვემდებარებას ან ჩაგვრას? და რა უნდა მოვიმოქმედოთ ამის გადასაჭრელად?

ამ ორნაწილიანი სტატიის მიზანია, ერთის მხრივ, აჩვენოს, რომ აჭარაში ისლამი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და ანახოს მისი მნიშვნელოვნება. მეორეს მხრივ კი არ დაუშვას ცხოვრების ყველა ასპექტის რელიგიამდე დაყვანა და რელიგიით ახსნა, ამიტომ დასავლეთში გავრცელებული დომინანტური დისკურსის გამოწვევა სტატიების ძირითად ხაზს წარმოადგენს. ეს სტატიები არის მცდელობა, ოდნავ მეტი ცოდნა შეიქმნას აჭარის რეგიონსა და მუსლიმ აჭარლებზე - აღიწეროს ის პირობები, რომლებშიც მაღალმთიან აჭარაში მაცხოვრებელი ქალები ცხოვრობენ: უთანასწორო ეკონომიკური მდგომარეობა, შრომის მძიმე პირობები, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმიუწვდომლობა და გეოგრაფიული და კულტურული პერიფერიისთვის დამახასიათებელი გარიყულობა და ასევე აჩვენოს, თუ როგორ გამოიხატება მუსლიმი ქალების აგენტობა (agency). სტატიის პირველი ნაწილი სწორედ ქალების მიერ აგენტობის გამოვლენას ეხება. აჭარელი ქალები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, შეხედულებებსა და გულისტკივილზე გვიყვებიან, გვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის შესახებ და ხსნიან ისლამის და საკუთარი საქმიანობის მნიშვნელობას. ჩემი ყველა რესპონდენტი რელიგიურ პრაქტიკაში აქტიურად ჩართული არ არის, თუმცა პირველ ნაწილში წარმოდგენილი ქალების უმრავლესობა ღრმადმორწმუნე მუსლიმია. ვფიქრობ, ერთის მხრივ, ეს ამ ქალების აგენტობის[5] გამოვლინებაც არის - საქართველოში ისლამის მარგინალიზების პირობებში ისინი მკაფიოდ აფიქსირებენ, რომ დომინანტური ჯგუფისგან განსხვავებული რწმენა აქვთ და ისლამის უჩინარობას არ ეპუებიან.

ქალთა ქველმოქმედება და სოლიდარობა აჭარაში

ზაფხულში მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას თვალშისაცემია ქალების ყოველდღიური შრომის სიმძიმე. ისინი მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევიან ჭალაში, უვლიან საქონელს, ბევრი მათგანი მთელს ზაფხულს ზამთრისთვის მომზადებაში და სანოვაგის დაგროვებაში ატარებს - ზაფხული ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი სეზონია. აჭარაში გავრცელებულია ქალებს შორის შრომის, რესურსებისა და წუხილის გაზიარება და ერთმანეთის მხარდაჭერა სხვადასხვა გზით. იმის მიუხედავად, რომ ქალების მონაწილეობა საჯარო სფეროში დიდი არ არის, ბოლო რამდენიმე წელია ბევრი აჭარელი ქალი, მათ შორის თავდახურული ქალები, უფრო და უფრო მეტად იკავებს სხვადასხვა საჯარო სივრცეს. თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, იმ ქალებსაც, რომლების ძირითადი საქმიანობაც შინშრომაა, ხვნა-თესვის, ძირძველი აჭარული რეცეპტების, მცენარეების მოვლისა თუ ისლამის შესახებ საინტერესო, სპეციფიკურ ცოდნას ფლობენ და სხვადასხვა საკითხზე საკმაოდ საინტერესო ხედვები აქვთ.

ეთერი ხულოს რაიონში ერთ-ერთი აქტიური ქალია. ის საუბარს საკუთარ საქმიანობაზე საუბრით იწყებს: „იმის მიუხედავად რომ ისლამი ქალებს გარეთ მუშაობას არ ავალდებულებს, მე ვფიქრობ უნდა ვიმუშაო, რომ სხვის ჯამში შემყურალი არ ვიყო. აქ მამაკაცს ძალიან დიდი ტვირთი აწევს და რადგან მეუღლე ვარ, ვთვლი რომ მეც მის გვერდით უნდა ვიშრომო. ჩვენს ოჯახს პირუტყვი გვყავს და მას ვუვლით. ასევე მინდა შევძლო, რომ ვიყო ქველმოქმედი მანამ, სანამ მუშაობა შემეძლება.“ 2011 წელს ეთერმა სხვა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა „მუსლიმან ქალთა კავშირი,“ რომლის ფარგლებშიც ქალები თვეში ერთხელ იკრიბებიან. შეკრებებზე ისინი ერთმანეთთან ბევრს საუბრობენ, ერთმანეთს საკუთარ ცოდნას, წუხილს თუ გამოცდილებას უზიარებენ და ერთად ეცნობიან ისლამს. შეკრებებზე ქალები ხშირად ყურანიდან ქადაგებებს, სურებს უსმენენ, ხოჯა[6] მათ განუმარტავს ქველმოქმედების არსს, სხვადასხვა დღესასწაულის მნიშვნელობას.

ჯგუფის მთავარი მიზანი ერთმანეთის თუ სხვების გაძლიერება, მხარდაჭერა და ქველმოქმედების გაწევაა: „ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, დახმარება ვის სჭირდება და რა სარწმუნოებისაა იგი. მნიშვნელოვანია ყველას დავეხმაროთ. ამას იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ხვალ თუ ჩვენ დაგვჭირდება დახმარება, ჩვენ უნდა დაგვეხმაროს ვინმე. გვჯერა, სიკეთე გადამდებია.“ ქალების საქმიანობა სრულიად მოხალისეობრივია: „სხვადასხვა სოფელში კოორდინატორები გვყავს, რომლებიც ასევე მოხალისეობრივად მუშაობენ, ინფორმაციას ეძებენ და გვაწვდიან ამბავს მათ შესახებ, ვისაც ფინანსური დახმარება სჭირდება.“ ყოველთვიურად „მუსლიმან ქალთა კავშირი“ რეგიონში ფულს კრებს მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება. თვითონ კავშირის წევრები ფონდის აქტიური შემომწირველები არიან და თავად ხშირად გასცემენ ფინანსურ დახმარებას. დახმარება მიმართულია მათთვის, ვისაც მოულოდნელი ჯანმრთელობის ან სხვა პრობლემა ექმნება, ან ქრონიკული დაავადება აწუხებს, ხშირად ეხმარებიან ობლებს და უპოვრებსაც.

ეთერი იხსენებს, რომ მას თავის რეგიონში მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლა დიდი ხნის მანძილზე ჰქონდა გადაწყვეტილი: „მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა სურვილი სხვების დახმარების. ვიცოდით რომ ბევრის საშუალება არ გვქონდა, მაგრამ ვიფიქრეთ, „კი მარა, ფქვილს მაინც ვერ ვუყიდით გაჭირვებულებს?“ შემდეგ ამას მასიური სახე მივეცით. მეჩეთშიც გავავრცელეთ, რომ თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, წამალს მაინც ვუყიდიდით. რაღაც პერიოდი თვითონ აფთიაქში ვტოვებდით რაღაც თანხას, ვუბარებდით, თუ ვინმე მოვა, ვისაც თანხა დააკლდება წამლებზე, მას წაეხმარეთ-თქო. ახლა უკვე სოციალური ქსელით ვავრცელებთ ინფორმაციას, ხშირად იქიდან ვგებულობთ გაჭირვებულებზეც. ასევე ხშირად ვეხმარებით პანსიონატებს, რომ ბავშვებმა ცოდნა აიმაღლონ.“ მუსლიმურ პანსიონატებში მასწავლებლები მხოლოდ ისლამს არ ასწავლიან, ისინი რეპეტიტორობას უწევენ ბავშვებს სკოლის და ეროვნული გამოცდების ჩასაბარებელ საგნებში. პანსიონატში სხვადასხვა საგნის სწავლა განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ბავშვებს ეხმარებათ, ვისაც რეპეტიტორების თანხა არ აქვს. „ჩვენ ამ ამბავს მხოლოდ რელიგიური კუთხით არ ვუყურებთ, ვფიქრობთ, რომ ადამიანი უცოდინრობით ბევრს ვერ მიაღწევს,“ ამბობს ეთერი. ზოგადად, ისლამში ადამიანის განათლებას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება, ადამიანს ევალება ისწავლოს, ამიტომ მუსლიმები ხშირად აგროვებენ თანხას ბავშვების და ახალგაზრდების განათლების მისაღებად.

სხვადასხვა შეხვედრის დროს, როცა ეთერი და სხვა ქალები „მუსლიმან ქალთა კავშირის“ მიზნებზე საუბრობენ, ხაზს უსვამენ ერთმანეთისთვის წუხილის გაზიარების მნიშვნელობას და ერთმანეთის ემოციურ მხარდაჭერასაც.  ამ ორგანიზაციის წევრი ქალები ერთმანეთს გვერდში უდგანან და მიიჩნევენ, რომ ერთმანეთთან საუბარს და გასაჭირის გაზიარებას ერთად შეკრების დროს ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს.

ახალი თაობის განათლებისთვის

მაგული საშუალო ხნის ქალია, რომელიც, ძირითადად, ოჯახის მეურნეობაში და შინშრომაშია ჩართული, რაც მიწაზე მუშაობას, ბავშვების აღზრდას და ოჯახის მოვლას გულისხმობს. ის, ეთერის მსგავსად, თავსაფარს ატარებს: „მე მუსლიმი ვარ, მაგრამ საზოგადოებაში ძალიან მეამაყება როცა თავსაფრით გავდივარ. ზოგს ჰგონია, რომ თავსაფრიანი ქალი ჩაგრულია, მაგრამ მე სხვა გამოცდილებები უფრო მსმენია, ხშირად ქალებს თავსაფრის გამო აქვთ ცუდი გამოცდილება. მაგალითად, ხშირად ზუსტად თავსაფარია ხოლმე მათ დასაქმებაზე უარის მიზეზი. ამ ქალებს დამსაქმებლები ეუბნებიან: „ვერ აგიყვანთ, რადგან შენ ხარ...“ და აღარც კი აბოლოებენ ამ ფრაზას, მაგრამ უკვე გასაგებია, რასაც გულისხმობენ ... არც თბილისში, არც ბათუმში თავსაფრის გამო ჩემთვის ცუდად არ შემოუხედავთ და მე პირადად შეურაცხყოფა არასდროს მიგრძვნია.“

მაგულის თქმით, მიწაზე მუშაობა და იქიდან შემოსავლის მიღება ძალიან რთულ შრომას ნიშნავს: „აქ ძალიან ბევრი შრომა გვჭირდება რომ ფული მოვიპოვოთ. მე 17 წლის ასაკში გავთხოვდი, ეს ნამდვილად იყო ადრეული ქორწინება და ჩემთვის იმ დღიდან დაიწყო სიმინდის და კარტოფილის 2-2 მოსავლის მოყვანა. ეს იყო და არის შემოსავლის ძირითადი წყარო. თუმცა მედიცინა მაინტერესებს და სადაც რამე ჩამივარდება ყველაფერს ვკითხულობ ხოლმე, ამიტომ ცოტ-ცოტა რაღაცეები მედიცინაზე ვიცი.“

მაგული მეუბნება, რომ მის ეზოში დარგული სიმინდი და კარტოფილი უკვე წლის მეორე მოსავალია. მართალია, თვითონ ამ უნარს განსაკუთრებულად არ მიიჩნევს, მაგრამ აშკარაა, რომ მცენარეების მოყვანის და მოვლის საუცხოო ალღო და ცოდნა აქვს. მის აივანზე დიდ ქოთნებში ჩარგული ოთახის მცენარეების კენწეროები აივნის ჭერამდე აღწევს. „ესენი მხოლოდ 1 წლისები არიან, მეტის არა. ვისაც მოეწონება-ხოლმე, სხვადასხვა მცენარეებს უფასოდ ვატან. მახსოვს, როცა არანაირი საშუალება არ იყო - არც კომპიუტერი, არც სხვა ინფორმაცია, არაფერი სრულიად, მაგრამ ჩემი ინტერესი იყო ძლიერი. ზოგადად, ბუნების მოყვარული ვარ. ამიტომ ტირილში[7] თუ ვიყავი ან ქორწილში, ყველა კუთხიდან მომქონდა უცნაური მცენარეები და ვუვლიდი,“ ამბობს მაგული. ის თაობათა შორის ცოდნის გაზიარების პრაქტიკასაც იხსენებს: „ქორწილებში, ტირილში დედის დედიდან და იმის დედიდან ჩაწერილ რეცეპტებს, მცენარეების მოვლის საშუალებებს ვუზიარებდით ერთმანეთს. მაშინ ყავაც არ გვქონდა, მოხალულ, 3-4-ჯერ გაცრილ ქერს ვსვამდით, ძალიან უნდა დაგეტკბო, რომ რამის გემო ჰქონოდა. მოხუცები ამ დროს გვიყვებოდნენ ხოლმე ახალგაზრდებს ბაბუის ბაბუიდან გადმოცემულ ხვნა-თესვის წესებს.“

აშკარაა, რომ სოფლებსა და რეგიონებში ქალების შრომიდან და მათი მეურნეობიდან შემოსული ძირითადი ფინანსები მომავალი თაობის აღზრდისა და მათი განათლებისკენაა მიმართული. ადვილი შესამჩნევია ისიც, რომ ქალების წარმოდგენით ეს მათ შრომას განსაკუთრებით მნიშვნელოვან ღირებულებას სძენს. მაგულიც, სხვა რამდენიმე ქალის მსგავსად მეუბნება, რომ შვილების განათლება მისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია: „მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი. არ მომეცა ამის საშუალება. თან მაშინ სწავლას არ ჰქონდა დიდი ფასი. ამიტომ ჩემი შვილების მიმართ მაქვს ის შემართება, რომ მათი სწავლისთვის ყველაფერს გავიღებ.“

65 წლის მაროს ნათქვამშიც შეხვდებით მსგავს სენტიმენტს. „ახლა დიდები არიან და თავიანთი საქმეები აქვთ, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხოლმე ზაფხულობით შვილიშვილების ბეშუმში წამოყვანა და აღზრდა. დღესაც ჩემი და ჩემი ქმრის შემოსავალს მათ სწავლას ვახმართ, მათი განათლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ ამბობს იგი. მაროს უმაღლესი განათლება არ მიუღია, თუმცა ახლა ორ სხვადასხვა მეჩეთში არაბულს ასწავლის, რომელიც ოჯახში შეისწავლა: „ბაბუა არაბულს კარგად კითხულობდა და შვილიშვილებს გვასწავლიდა. 1955 წელს დავიბადე და 1965 წლისთვის ყურანი უკვე წაკითხული მქონდა. ახლა თავად ვასწავლი ბავშვებს ჯამეში[8] არაბულად წერა-კითხვას უჩხოშიც და ბეშუმშიც, დაახლოებით 20 მოსწავლე მყავს-ხოლმე. მინდოდა რაც კი ვიცოდი ყველაფერი მესწავლებინა მოსწავლეებისთვისაც და შვილიშვილებისთვისაც.“

როდესაც აჭარაში ისლამზე საუბრობენ, საბჭოთა პერიოდს ბევრი იხსენებს, იხსენებენ იმ დროს, როცა რწმენის დამალვა უწევდათ. ხშირად იხსენებენ მარხვის პერიოდში ჩამოფარებულ სქელ ფარდებს, ეჭვების გასაქარწყლებლად მარხვის დროს სხვების თვალწინ დალეულ წყალს[9] და ჩუმად აღვლენილ ლოცვებს. მარო მიყვება: „მე რაც არაბული ვიცი, ოჯახიდან ვიცი - ბაბუამ არაბული ჩუმად გვასწავლა. იმ დროს აკრძალული იყო ყურანი. ბავშვობაში ღამე ვლოცულობდით-ხოლმე, რომ არავის დავენახეთ. ყურბანსაც ჩუმად ვწირავდით. სქელ ფარდებს ვაფარებდით, არ გვინდოდა მარხვის დროს დაენახათ, რომ მთელი დღე არაფერი გვქონდა ნაჭამი და ღამით ვდგებოდით საჭმელად.“

ამ მოგონებების მნიშვნელოვნება ალბათ იმითიცაა გამოწვეული, რომ ისლამი ქართულ საზოგადოებაში, საჯარო დისკურსში, სკოლის სახელმძღვანელოებსა და საკლასო ოთახებში, მედიასა და სხვადასხვა საჯარო სივრცეებში, წარმოსახულია როგორც უცხო და გარედან თავსმოხვეული. ის დანახულია როგორც სარწმუნოება, რომელიც აჭარლების გულთან არასდროს მისულა და ყოველთვის იძულებითი იყო. მაგრამ ის ისტორიები, რომლებსაც ქალები ყვებიან, საპირისპირო ნარატივს და აზრს ავითარებს - მაშინაც კი, როდესაც ისლამი და მუსლიმად ყოფნა აკრძალული იყო, ოჯახები ისლამის გადარჩენას და შეძლებისდაგვარად მისი წესების აღსრულებას ცდილობდნენ, რადგან ისლამი მათთვის მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენდა. ამ ამბების მეშვეობით, სწორედ ისლამი წარმოისახება იმ ფასეულობად, რომელსაც აჭარლები ჩუმად ათწლეულების მანძილზე იცავდნენ და ინახავდნენ.

მეჩეთში

ბეშუმის მეჩეთთან მყოფებს ადგილობრივი ხოჯა[10] - თეონა შეგვხვდა და  ჯამეში ყოველკვირეულ სწავლებაზე მიგვიპატიჟა. მეჩეთში შვიდი 60 წელს გადაცილებული ქალბატონი, 2 ახალგაზრდა გოგო და 4 პატარა ბავშვი დაგვხვდა. სწავლების დროს თეონა მრავალცოლიანობის საკითხზე გაჩერდა. “ხშირად ამბობენ, ისლამში მრავალცოლიანობა არისო. შუამავალსაც ხომ ბევრი ცოლი ჰყავდაო?! ამაზე რას იტყოდით?” “ქალები რომ ჩაგრულები იყვნენ ამის გამოსწორება უნდოდა,” უპასუხა ახალგაზრდა გოგომ. “ასეა. რომელი ქალიც დაქვრივდებოდა, ხშირად მის ქონებას საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ შუამავალი მათზე ქორწინდებოდა, რომ ეს ქალები არ დაჩაგრულიყვნენ და ქონება დარჩენოდათ. ასეთ ქვრივებთან მას თანაცხოვრება არასდროს ჰქონია. თუმცა რადგან მაშინ მრავალცოლიანობა მიღებული იყო, ის ასევე დაქორწინდა რამდენიმე სხვადასხვა გვარის ქალზე, რათა უფრო გავრცელებულიყო ისლამი. დღეს მრავალცოლიანობა ყველანაირად მიუღებელია.”

სწავლების შემდეგ თეონამ გამიზიარა, ხშირად წარმოუდგენიათ, რომ აჭარაში ქალები ისლამის გამო ძალიან შეზღუდულები არიან, მაგრამ ეს ასე არააო: „მნიშვნელოვანია, კანონები კარგად იცოდე ისლამში. მაგალითად, აჭარაში ქალების ძალით გათხოვება ეპოქის ბრალი იყო და არა ისლამის. რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ ძალით გვათხოვებენ, მაგრამ მე მასზე დავქორწინდი, ვისზეც მინდოდა. ჩვენთვის ერთად გავლა-გამოვლაც არავის დაუშლია. აქაც ისე ხდება, როგორც სხვაგან. მე ვიცი კონსტიტუცია, ჩემი უფლებები, ეს ყველაფერი კარგად წამიკითხავს. არავის გადავავლებინებ ზედ, კონსტიტუციას და ისლამს მოვიშველიებ. მაშინ იჩაგრები, თუ ეს კანონები არ იცი. ხოლო თუ იცი ისლამი და კონსტიტუცია, ბევრად მარტივია შენი თავის დაცვა ... ისლამმა მუჰამედის მოვლენის შემდეგ ბევრად მეტი თავისუფლება მისცა ქალებს, ვიდრე იქამდე. ვინც არ იცის ისლამი კარგად, ის შურისძიებას აფრქვევს ქალებზე. თუ ისლამი კარგად იცი, ამას არ იზამ.“

თეონა 17 წლის ასაკში თურქეთში წავიდა სასწავლებლად, სადაც 4 წელი ისწავლა: „ვისწავლე ისლამის ძირი, არაბულად კითხვა, თარგმნა, ფილოსოფია. მეცნიერება მაინტერესებდა ... ასეთი აზრია, რომ საქართველოში ისლამი ძალით მიაღებინეს, ამის გამო ომები იყოო, მაგრამ სრულფასოვანი მუსლიმობა არაა ამგვარი ცხოვრება. მაგალითად, როგორც ახლა არსებობენ ისლამის მტრები ტერორისტების სახით, ადრეც იყვნენ მტრები ომების სახით. ისლამი თავისუფალი და ცივილიზებული მიმდევრობაა, ომის გზით შუამავალს ისლამი არ გაუვრცელებია. ისლამი ნებით და ცოდნით უნდა მიიღო, ძალით - მიუღებელია. საქართველოს ისტორიაში რომ ვკითხულობდი, ძალით გაამუსლიმანესო, არ მომწონდა და მხოლოდ ნიშნების გამო ვსწავლობდი ... წიგნში ისლამზე ამის გარდა საერთოდ არაფერი ეწერა, მხოლოდ ომებზე იყო საუბარი. ამიტომ მერე მოვიძიე და წავიკითხე ისლამის საფუძვლები და მივსდევ ჩემს რწმენას.“

თეონა თავსაბურავს ატარებს და დახურული ტანსაცმელი აცვია. სწავლების დროს მან თავსაფარზე საკუთარი გამოცდილება გაიხსენა: “გამიგია უთქვამთ, “ფუ რას გავს!” “რა შეძონძილია!”. ზოგს შესაცოდი და დასაცინი ვგონივარ და დამცინის. არ ვიცი ვისი დასაცინი რა მჭირს ... ღმერთის საჩუქარია ეს ბუნება, მთები, ჰაერი. ღმერთი ვინმეს განასხვავებს? არსებობენ ადამიანები, ვისაც ღმერთის არ წამს, მაგრამ ყველასთვის ამოდის მზე და ბაღჩაში მოსავალი ყველასთვის მოდის. ეს ქვეყანა ყველასია ... ადრე უფრო განრისხდებოდნენ ხოლმე შემოსილ ქალზე, უფრო უკვირდათ. ახლა მეტია პატივისცემა. მგონი დაცინვაც შემცირდა. ქრისტიანებსაც კი უთქვამთ, ყოჩაღ, როგორ ემსახურები ღმერთსო. თუ ქრისტიანი ადამიანი მორწმუნეა, ის არ მიაყენებს რელიგიას და მუსლიმ ქალებს შეურაცხყოფას.” აჭარაში თავსაფართან დაკავშირებით სხვა ქალებმაც გაიხსენეს მტკივნეული გამოცდილება: „თავსაფრიან ქალებზე ამბობენ ხოლმე, შეფუთული დადის, თათარიაო. თათრები არ ვართ, ქართველები ვართ ... თუ ადამიანურად მაფასებ, ისეთი უნდა მიმიღო, როგორიც ვარ. განსხვავებული ჩაცმულობით არ უნდა მაფასებდე. ეს გულისწყვეტას იწვევს.“

მეჩეთში თავსაბურავზე საუბრისას დიალოგში პენსიონერი ქალი ჩაერთო, რომელიც პენსიაზე გასვლამდე მასწავლებლად მუშაობდა, სკოლის დირექტორიც იყო და არაბულად წერა-კითხვაც იცის: “მე თავზე 55 წლის ასაკში დავიხურე. ძალიან მინდოდა თავზე თავსაბურავის დახურვა, მაგრამ არაფრით შემეძლო. სურვილი კი ძალიან დიდი მქონდა, მაგრამ ეს თავისით უნდა მოვიდეს. მასე არაა, რომ ვიღაცამ გითხრას, დაიხურეო და დაიხურო. ჩემთვის ეს 55 წლის ასაკში მოვიდა და მას მერე თავდახურული დავდივარ.” მან ის გულისტკივილი გაიხსენა, რომელსაც მუსლიმობის გამო განიცდის: „ხშირად გამიგია, თითქოს ისლამით თურქობა შემოდის საქართველოში და თუ საქართველოში მუსლიმი ცხოვრობს, ეს საქართველოს გაათურქებსო. მაგრამ ეს ასე არაა ... ასე ამბობენ, დემოკრატიულ ქვეყანას ვქმნით, თავისუფალ ქვეყანას ვქმნითო. არადა 2 წლის წინ ჩემი ქმარი დაიღუპა და მორბენალ სტრიქონში არაფრით გვაწერინებდნენ, რომ მეჩეთიდან იქნებოდა გასვენება მანამ, სანამ მუფთს არ დავარეკინეთ ტელევიზიაში. ალბათ თუ რიგითი მორწმუნე ხარ, იმხელა უფლება არ გაქვს ... ადრე რედაქციაში წერილის გამოქვეყნება გადავწყვიტე - მუსლიმურ და ქრისტიანულ ურთიერთობებზე დავწერე. რედაქტორმა რომ გაიგო მუსლიმი ვიყავი, ჩემი გაქრისტიანება გადაწყვიტა. მეუბნებოდა, შენისთანები გადამიყვანია ჩემს სარწმუნოებაზეო?“ ქალების ნაწილი მკაფიოდ ცდილობს იმის დაფიქსირებას, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ქრისტიანების მხრიდან თავს დამცირებულად არ მოიაზრებს. თუმცა საქართველოში მუსლიმების მეორეხარისხოვნობაზე ბევრი ქალი მიუთითებს. მათი აზრით, ისინი სახელმწიფოსთვის არ არიან თანაბარუფლებიანი მოქალაქეები, რაც ბათუმის მეჩეთის მშენებლობის ნებართვის არგაცემით თუ პოლიტიკაში ღიად მუსლიმი ადამიანების არარსებობითაც ჩანს - აჭარაში აღნიშნავენ, რომ დღემდე არცერთ პოლიტიკოსს არ განუცხადებია ხმამაღლა, რომ ის მუსლიმია.

როგორც EMC-ის ახალი კვლევები აჩვენებს, ისლამი აჭარაში ხშირად უხილავია. მისი კვალი არ ჩანს მუზეუმებში, ტურისტულ მარშრუტებში, საჯარო პოლიტიკურ დისკუსიებში, პოლიტიკაში. სინამდვილეში ისლამს აჭარაში ძალიან დიდი კულტურული და სოციალური მნიშვნელობა აქვს. აჭარლები ისლამს და ისლამურ ეთიკას პოლიტიკურ თუ საშინაო ცხოვრებაში საინტერესოდ იყენებენ, ახლებურ პრაქტიკებს ქმნიან და საკუთარი აგენტობის (agency) სხვადასხვაგვარად გამოყენებას ცდილობენ. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს რელიგია აჭარლების ყველა ასპექტის ასახსნელად გამოდგება, ჩვენ არ უნდა დაგვეკარგოს ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა, რომელშიც აჭარლები ცხოვრობენ და რაზეც სტატიის მეორე ნაწილში ვისაუბრებ. ისლამი დასავლურ პოპულარულ დისკურსში ხშირად არის სხვადასხვა ტიპის ჩაგვრის მთავარ მიზეზად წარმოდგენილი, თუმცა ეს მოსაზრება საკმაოდ ხარვეზიანი და არასწორია. არასწორია ის წარმოდგენაც, თითქოს ქალების ჩაგვრის მთავარი გამომწვევი მიზეზი ისლამია. აჭარელი ქალების მოსაზრებებში შეგვიძლია სხვადასხვა ტიპის ჩაგვრისთვის (მათ შორის მეორეხარისხოვან მოქალაქედ ყოფნისთვის) წინააღმდეგობის გაწევის, საქართველოში ისლამის შესახებ ისტორიული მეხსიერების გადახედვის, პოლიტიკური წესრიგის გადააზრების, ერთმანეთისთვის მხარდაჭერისა და სოლიდარობის აღმოჩენის შესაძლებლობები დავინახოთ.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] ნარაიანი, უმა. 2018. „კულტურის არსი და ისტორიის საზრისი: კულტურული ესენციალიზმის ფემინისტური კრიტიკა.“ წიგნში ფემინისტური საკითხავი: დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ, 159-191. თბილისი: Heinrich Böll Stiftung.

მოჰანტი, ჩანდრა ტალპად. 2018. „დასავლური მზერის ქვეშ: ფემინისტური კვლევა და კოლონიური დისკურსები.“ წიგნში ფემინისტური საკითხავი: დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ, 71-133. თბილისი: Heinrich Böll Stiftung.

აბუ-ლუღოდი, ლაილა. 2016. „შესავალი: სჭირდებათ თუ არა მუსლიმ ქალებს ხსნა?.“ წიგნში თარგმანების კრებული. 33-52. თბილისი: EMC.

ჰუდფარი, ჰუმა. 2019. „საბურველი მათ გონებაში და ჩვენს თავებზე: თავის დაფარვის პრაქტიკები და მუსლიმი ქალები.“ წიგნში სამხრეთიც არსებობს. 240-284. თბილისი: EMC

 

[2] მოჰანტი, ჩანდრა ტალპად. 2018. „დასავლური მზერის ქვეშ: ფემინისტური კვლევა და კოლონიური დისკურსები.“ წიგნში ფემინისტური საკითხავი: დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ, 71-133. თბილისი: Heinrich Böll Stiftung.

 

[3] აბუ-ლუღოდი, ლაილა. 2016. „შესავალი: სჭირდებათ თუ არა მუსლიმ ქალებს ხსნა?.“ წიგნში თარგმანების კრებული. 33-52. თბილისი: EMC, 51.

 

[4] აბუ-ლუღოდი, ლაილა. 2016. „თავი 1: სჭირდებათ თუ არა მუსლიმ ქალებს ხსნა?.“ წიგნში თარგმანების კრებული. 53-72. თბილისი: EMC, 57.

[5] რასაკვირველია, აგენტობაში (agency) არ ვგულისხმობ თავისუფლებას მისი ლიბერალური გაგებით, არამედ სხვადასხვა სტრუქტურისგან გარკვეულ, თუნდაც მცირე დამოუკიდებლობას. აგენტობის თემაზე ჩემეული შეხედულების უკეთ გასაგებად შეგიძლიათ გაეცნოთ სიუელის სტატიას სტრუქტურისა და აგენტობის შესახებ.

[6] სწავლული, ისლამში განსწავლული

[7] იგულისხმება სამძიმარი ან დასაფლავება

[8] მეჩეთში

[9] მარხვის პერიოდში მზის ჩასვლამდე მუსლიმები არაფერს ჭამენ და სვამენ.

[10] აჭარაში ამ სიტყვით მოიხსენიებენ როგორც რელიგიის როგორც კაც, ასევე ქალ სწავლულებს და მასწავლებლებს

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“