საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ადგილობრივ აქტივისტს ნესტან ანანიძეს, რომელმაც ველზე მუშაობის დროს მეგზურობა და მხარდაჭერა აღმომიჩინა
აჭარაში ველის კვლევა სოფელ თაგოდან დავიწყეთ. სოფელს დაბა ხულოსთან და დანარჩენ საქართველოსთან ყველაზე მარტივად საბაგირო გზა აკავშირებს, რომელიც მთაზე აღმართულ ორად-ორ ბოძს შორისაა გადაჭიმული. თაგოს გარდა, კვლევისას ვიყავით დაბა ხულოში, ხულოსთან ახლომდებარე ორი დასახლებაში და ბეშუმის რამდენიმე იეილაში.[1] კვლევის დროს ვიყავით 12-ზე მეტ ოჯახში, რამდენიმე სავაჭრო მაღაზიაში, აფთიაქში, კაფეში და ვესაუბრეთ 50-მდე ქალს.
წინამდებარე სტატია აჭარაში მუსლიმი ქალების ყოფის შესახებ ჩატარებული შესწავლის მეორე ნაწილია. პირველ ნაწილში აღწერილი იყო ისლამის მნიშვნელობა აჭარელი მუსლიმი ქალებისთვის და მათი აგენტობის (agency) გამოხატვის სხვადასხვა გზა. სტატიის მეორე ნაწილის ძირითადი ფოკუსია აჭარის პოლიტ-ეკონომიკურ ასპექტებზე საუბრის და ქალების ყოფის მრავალშრიანი აღწერის წამოწყება.
ძირითადი საქმიანობა, უმუშევრობა და არასტაბილური დასაქმება
მაღალმთიან აჭარაში ყველაზე მეტად გავრცელებული საქმიანობებია მესაქონლეობა და მიწათმოქმედება. აჭარლები ასევე ხშირად დადიან თურქეთში ჩაის ან თხილის საკრეფად. თხილზე უფრო ქალები დადიან, ჩაიზე უფრო მეტად კაცები. თურქეთში წასულები დილის 8 საათიდან დაახლოებით საღამოს 6 საათამდე მუშაობენ მცირე შესვენებებით. „იქ ვმუშაობდით წვიმაშიც, ქარშიც. იქ სხვა რა გზა გქონდა?“ აღნიშნავს ერთ-ერთი ქალი, რომელიც თურქეთში დადიოდა სამუშაოდ. პანდემიის პირობებში სოციალური კრიზისი თვალშისაცემია, რადგან შემოსავლის ეს გზა სოფლის მაცხოვრებლებს შეეზღუდათ: „თურქეთში ალბათ 30-50% მაინც დადიოდა. ხშირად დადიან მთელი ოჯახით. დედ-მამა და შვილებიც.“
ხულოდან და სხვა მუნიციპალიტეტებიდან ბათუმში ბევრი მიდის სამუშაოდ მშენებლობაზე და დღიურ დაქირავებულ მუშად. „აბა მარტო სოფლის ამარა თავს ვერ ვინახავთ,“ ამბობს რამდენიმე მაცხოვრებელი. „ბევრი იძულებულია, ბათუმში გააკეთოს 2 კაპიკი და დაიცალა სოფელი. ბევრი ისეთია ქალაქში წასული, იძახის, სოფელში რომ მქონდეს საშუალება, აქედან არსად წავალო,“ აღნიშნავს ერთ-ერთი საშუალო ხნის ქალბატონი. თუმცა მეორე ფიქრობს, რომ ხულოში ახალგაზრდები დიდ ხანს არ დარჩებიან: „ჩემს შვილს ურჩევნია ქალაქში. სოფელში რა უნდა ნახოს, სად იმუშაოს? მაგრამ ჩვენ არ მოვშლით სოფელს, შევინარჩუნებთ სანამ შეგვეძლება.“
ხულოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების აზრით, დაახლოებით 90% თვითდასაქმებულია. დანარჩენები საჯარო დაწესებულებებში, აფთიაქში, ბანკებში მუშაობენ. „განა რამდენი ბანკია რომ ბევრი დასაქმდეს ან განა მერია რამხელაა,“ ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი, რომლის ოჯახსაც სავაჭრო მაღაზია აქვს. ის აღნიშნავს, რომ პანდემიის დროს ვაჭრობა საგრძნობლად შემცირდა. დასაქმების ალტერნატივები ხულოში თითქმის არ არსებობს. მაღაზიის მფლობელი ქალის თქმით: „აქ ერთი ფაბრიკაა, რომელიც 3-3 თვე ყოველწლიურად იხსნება, მაგრამ მალევე იხურება. ავეჯის ფაბრიკაც კი გააკეთეს, მაგრამ თავისით ვერ იმუშავა, თორემ დიდი შვება იყო მოსახლეობისთვის. რაიონში არაა რძის პროდუქტების ფაბრიკა, რომ მეწარმეებმა ჩააბარონ რძე ან ყველი. აქ ხილიც მოდის, მაგრამ ჩასაბარებელი ქარხანა არ არის. არადა შეგვეშველებოდა. ზოგი კიდევ კარტოფილს რომ მოიყვანს, კაპიკები რჩება. ბათუმში ჩაბარება ძვირი გვიჯდება გზის გამო, თითო ტომარა კარტოფილში 3 ლარი უნდა გადაიხადო და შენც ხომ უნდა წახვიდე და მერე წამოხვიდე. საზღვარგარეთიდან უფრო იაფად შემოაქვთ. აქ ძალიან ძვირი ჯდება მოყვანა.“
ხანდახან საქართველოში სოფლის მეურნეობის სუბსიდირების იდეას ჯანსაღი კონკურენციის არგუმენტით აკრიტიკებენ, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თურქეთიდან შემოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტი სუბსიდირებულია. თურქეთის სახელმწიფომ, თავის დროზე, საკმაოდ დიდი თანხა ჩადო მოსახლეობისთვის მეურნეობის ახალი ტექნოლოგიების სწავლებაში და შემდეგ ფერმერებისთვის სხვადასხვა ხარჯის შემცირებაში. ახლაც თურქული პროდუქტი სუბსიდირების გამოა იაფი. თურქეთი თავად აწარმოებს სასუქსაც, მცენარის სამკურნალო წამალსაც და არც თურქეთის კუპიურის გაუფასურება არ მოქმედებს დიდად სურსათის მოყვანის ფასებზე. სოფლის მეურნეობაზე რამდენიმე ტრენინგი ხულოშიც იყო, თუმცა ბევრი ამბობს, რომ ინფორმაციას თავის დროზე მათ ყურამდე არ მიუღწევია და ეს ტრენინგები ინტენსიურ ხასიათს არ ატარებს. ადგილობრივები იხსენებენ, რომ საბჭოთა კავშირში ბრიგადირები ასწავლიდნენ დანარჩენებს ნათესის მოვლას. ახლა კი თვითონ მშობლებისგან რაც იციან, იმ ცოდნას იყენებენ. შესაბამისად, საქართველოში პროდუქტიულობის გაზრდის და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის და სუბსიდირების გარეშე მოყვანილი კარტოფილი და სოფლის პროდუქცია ბევრად უფრო ძვირია. მცირე შეღავათებია დახვნაზე, თუმცა ეს არავის ჰყოფნის. „სახელმწიფო სუბსიდირება რომ იყოს კარგი იქნება. ძალიან მძიმეა სამუშაო და რთული მოსავლელია საქონელიც და მიწაც,“ მეუბნებიან ხულოში.
„მშრომელი ხალხია აჭარლები. თან მიწაზე შრომობენ, ფიზიკურად ბევრი შრომა უწევთ. აჭარის სულში ესაა ჩასახული. ხშირად მოხუცი ბებიებიც კი შრომობენ, რომ შვილიშვილებს დახმარების ხელი გაუწოდონ,“ ამბობს მაღაზიის მეპატრონე ქალი იმის ხაზგასასმელად, რომ რეგიონში სიღარიბე შრომის ნაკლებობით კი არაა გამოწვეული, არამედ არასამართლიანი გარემოთი. ეს სენტიმენტი აჭარაში ხშირად ისმის ფრაზაში „რომ იყოს რამე სამუშაო, არ დავზარდებით.“
ხულოს ცენტრში უხვად არის საკრედიტოები და ბანკები. საკრედიტოებისა და ბანკების სიუხვე წალკის ცენტრშიც არის თვალშისაცემი. ხულოსა და წალკაში, სადაც სულ რამდენიმე მაღაზიაა, საკრედიტოს არსებობა შეიძლება თავიდან გაგვიკვირდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრი სესხულობს ცოტ-ცოტა თანხას და დიდი პროცენტით აბრუნებს. საკრედიტოებს ისინი იყენებენ, ვისაც ბანკიდან თანხის გამოტანის პრობლემა აქვს ან მცირე თანხა უცებ სჭირდება. არც ბანკის ვალია აჭარაში უცხო და ეს ბანკების სიუხვითაც დასტურდება: „ბანკის ვალი ამდენ ხანს ვიხადეთ და ძირი ძირად დარჩა. ახლა ვეღარ ვიხდით, თორემ არავის დაეზარება შრომა,“ მეუბნებიან ხულოში.
კონკურენტული გარემო-პირობების პარალელურად აჭარაში საინტერესო პრაქტიკები არსებობს, რომლებიც ურთიერთდახმარებას ეფუძნება. აჭარაში ნადის ტრადიცია ძალიან გავრცელებულია. ნადი გულისხმობს უსასყიდლოდ მუდმივად ერთმანეთის მიხმარებას მოსავლის დათესვის, მიწის ხვნის, მოსავლის აღების პროცესში ან სხვა საქმიანობის დროს. როგორც აჭარელი ქალები ყვებიან, ისინი თვითორგანიზდებიან და ერთმანეთს სხვადასხვა საქმის კეთებაში ეხმარებიან. „როდესაც მოახლოვდება ყანაში მძიმე საქმის კეთების დრო, ვსხდებით ერთ საღამოს რომელიმე ოჯახში და მოვილაპარაკებთ. ჯერ ერთის ოჯახში დავიწყებთ ყანაში მუშაობას, მერე მეორესთან გავაგრძელებთ და ასე. ჩვენს სამეზობლოში 4 ოჯახი ვართ და საღამოს დავგეგმავთ-ხოლმე. მაგალითად, ამას წინათ დილის 6-ზე დავიწყეთ საქმე და შუადღის 12-ზე უკვე მოვრჩით,“ მიხსნიან ნადის წესს აჭარაში. „ან თუ ვხედავ, რომ ვინმე მარტო მუშაობს, რა დაშავდება მივეხმარო, ტყუილად სახლში ჯდომას არ სჯობს საქმის გაზიარება?“ ქალები ერთმანეთს ყურუთის[2] კეთების დროსაც ეხმარებიან. „როცა 200 ცალ ყურუთს ვაკეთებ მარტო გაკეთება შეუძლებელია. გადავძახებ მეზობელს, 2-3 ადამიანს და ერთად უფრო მალე გავაკეთებთ,“ ამბობს საშუალო ხნის ქალი. ოჯახები ორგანიზდებიან მათ დასახმარებლადაც, ვინც ავადმყოფობს ან ფიზიკურად შრომა არ შეუძლია და საქმეებს უსასყიდლოდ უკეთებენ - ყანას უბარავენ, თესავენ, ხნავენ, მოსავალს იღებენ ან სხვაგვარად ეხმარებიან.
ქალები განსაკუთრებით ხშირად მისდევენ ნადის წესს. შესვენებებზე ისინი ერთად ყავას სვამენ და განიხილავენ სხვადასხვა ამბავს. ზოგადად, მაღალმთიან აჭარაში ყავის იგივე „კოფეს“ დალევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ქალები ნადის საშუალებით ივსებენ თავისუფალი დროის დანაკლისს, ეს ქალებისთვის სოციალიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი გზაა. თუმცა ამასთან ერთად, ნადის ტრადიცია კონკურენციასა და შეჯიბრობითობის ალტერნატივადაც შეგვიძლია დავინახოთ. იმის მიუხედავად, რომ არსებული კაპიტალიზმის პირობებში ნადი კონკურენციასთან ერთად თანაარსებობს, ის საინტერესო პრაქტიკაა ალტერნატიულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე საფიქრალად და საძიებლად. ის უმთავრესად გაზიარებას, ერთმანეთის დახმარებას ეფუძნება სარგებელის მიღების ნაცვლად. ეს განსაკუთრებით იმ დროს არის აშკარა, როდესაც ადამიანები ავადმყოფი ან მოხუცი თანასოფლელებისთვის გაწეული სამუშაოების სანაცვლოდ არაფერს ელიან გაჭირვებულ ეკონომიკურ პირობებშიც კი.
მემთეურები
მაღალმთიან აჭარაში ბევრი ოჯახი სეზონურად მომთაბარეობს. მემთეურები[3] ბეშუმში ყოველ ზაფხულს 3 ან 4 თვით მიდიან და თან მიჰყავთ საქონელი, რადგან სხვა სოფლებში საძოვარი საკმაოდ მცირეა. სანამ კაცებს საქონელი საძოვრად დაჰყავთ, შეშას ჩეხავენ, თივას აშრობენ და აბინავებენ, ყანაში მუშაობენ, ქალები ამ პერიოდში საქონელს წველიან, ზამთრისთვის ამუშავებენ რძეს, აკეთებენ ყველს, კარაქს, ყურუთს, კაიმაღს,[4] ხავიწს,[5] კომპოტს, ყანაში მუშაობენ, ალაგებენ და სადილს აკეთებენ. ბევრ მათგანს ბეშუმში თან მიჰყავს შვილები ან შვილიშვილები და მათი აღზრდითაა დაკავებული. ბეშუმში რამდენიმე ოჯახი დამსვენებლებზე ყიდის რძის პროდუქტებს, კარტოფილს, ხილს, თუმცა მყიდველი ბევრი არაა. ბოლო წლებში ისინი აღნიშნავენ, რომ ყველაფერი გაძვირდა, მაგრამ თავად ვერ აძვირებენ გასაყიდი პროდუქტის ფასს, რადგან მაგ შემთხვევაში აღარავინ აღარაფერს იყიდის. შესაბამისად, წლიდან წლამდე პროდუქტიდან მათი შემოსავალი უფრო და უფრო მცირდება.
ბეშუმში ისეთი ოჯახებიც დადიან, ვისაც თავად არ ჰყავს საქონელი. ერთ-ერთი ასეთი ოჯახის დიასახლისი მიყვება: „ასეთ დროს მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული ანაზღაურება. მე სხვისი საქონელი მომყავს, ნახევარ რძის პროდუქტებს მათთვის ვაკეთებ, მეორე ნახევარს - ჩვენი ოჯახისთვის. სხვა ფინანსური ანაზღაურება არ მაქვს. რასაც ვიშრომებ ნაწილი ჩვენია, ნაწილი - პატრონის. მიწა საკმაოდ ცოტა გვაქვს ოჯახს და მოსავალიც ცოტაა, ამიტომ მხოლოდ ჩვენთვისაა სამყოფი. ჩაბარებით ვერ ვაბარებთ, რადგან ბევრი არ მოდის. თუმცა მშივრები არ დავრჩებით. 12 წელია ბეშუმში საქონლის წამოყვანა და მისი მოვლაა ჩემი შემოსავალი. ბეშუმში თითქმის ყველა თვითდასაქმებულია, ამიტომ სხვა გზა არც არის - ზოგ ოჯახს 100 ლარიც არ აქვს ხელფასი, ჩვენ სხვა შემოსავლები არ გვაქვს. ხანდახან მხოლოდ დროებით თუ დასაქმდებიან ოჯახის წევრები.“
დაბა ხულოში მრავალსართულიანებში მცხოვრებ ადგილობრივებს თავიანთი მეურნეობებიც არ აქვთ. ეს ბინები მთავრობამ გამოუყო იმ ეკომიგრანტებს, რომლებიც სხვადასხვა მეწყერსაშიშ სოფელში ცხოვრობდნენ. ამის გამო ბინებში მაცხოვრებლები მთლიანად მინიმალურ ხელფასზე არიან დამოკიდებულები, თუმცა მათი ნაწილი ბაღში ან სკოლაში მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში შემოსავალი უმცირდებათ. იმის გამო, რომ ვერც საქონელი ეყოლებათ და არც სათესი მიწები აქვთ, ბინებში მაცხოვრებელი აჭარლები ბეშუმში ზაფხულობით ვაჭრობით არიან დაკავებულები - ლილოში ყიდულობენ საქონელს ერთიანად და შემდეგ ბეშუმში ყიდიან.
ქალების ყოველდღიურობა და დროითი სიღარიბე
მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალთა უმეტესობისთვის დღე 6-7 საათზე იწყება ბოსელში ძროხის მოწველით, საქონელის ველზე გადენის და ბავშვების სკოლისთვის მომზადებით. ქალების უმეტესობა საღამოს 11-12 საათამდე მუშაობს. „სულ ვშრომობთ. ესაა ჩვენი შემოსავლის წყარო. ახლაც კი ვშრომობ 70 წლის ქალი,“ მეუბნება პენსიონერი ბეშუმში.
ხულოში ის ქალები ვისაც სამსახური აქვთ, ორმაგი დატვირთვის ქვეშ არიან. ადგილობრივი ექთანი ყვება: „ექვსის ნახევარზე ან ექვსზე უკვე ბაღჩაში ვარ. სამუშაოზე თერთმეტისთვის მივდივარ. უკან 4 საათისთვის ვბრუნდები. ოჯახის საქმეები, ბაღჩა ჩემზეა. თითქმის მთელი დღე ვმუშაობ. 2008 წლიდან მედდა ვარ, ჯერ ბავშვები გავზარდე და შემდეგ დავიწყე ექთნად მუშაობა, რადგან მუშაობა მინდოდა და ოჯახს ძალიან სჭირდებოდა ... რთულია, მაგრამ ექთნობით მაინც კმაყოფილი ვარ. ერთი ისაა, რომ შემოსავალი არ გვყოფნის მაინც. ხვნა-თესვა საკმაოდ დიდი ხარჯია, მაგრამ ტრადიციული მეურნეობა მაინც გვინდა გვქონდეს. აქ ხულოში პატარა მიწაა და იალაღებზე ვთესავთ-ხოლმე მოსავალს.“
იმის მიუხედავად, მხოლოდ შინშრომაშია ქალი ჩართული, საკუთარი მაღაზია აქვს თუ სხვა სახის სამსახური, ის მაინც თითქმის მთელ დღეს შრომობს. შესაბამისად, ქალებს თავისუფალი დროის სერიოზული დეფიციტი აქვთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ტენდენცია არ შეიმჩნევა მხოლოდ პერიფერიებში. ცენტრალურ ქალაქებში ქალები დროით სიღარიბეს ასევე განიცდიან, რაც მამაკაცებთან შედარებით ბევრად ნაკლებ თავისუფალ დროს გულისხმობს - ბევრი მათგანი სრულ განაკვეთზე დასაქმების მიუხედავად ოჯახის საქმეების უმეტესობას თავად ასრულებს. აშკარაა, რომ ამ პრობლემის გადაჭრა კონკრეტული ქალის მიერ დროის მენეჯმენტი ვერ იქნება, რადგან დროითი სიღარიბე არსებული ეკონომიკური გარემოს შედეგია. მხოლოდ არსებული პოლიტ-ეკონომიკური წესრიგის გადახედვის და შეცვლის მეშვეობით იქნება შესაძლებელი მისი გამოსწორება. ეს მიდგომა უნდა გულისხმობდეს აუნაზღაურებელი საოჯახო შრომის ხილულად ქცევას და არსებული ეკონომიკური უთანასწორობისა და სიღარიბის გამოსწორებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში კაცებიც საკმაოდ მძიმე შრომაში არიან ჩართულები და ხშირად მათი შრომაც ნაწილობრივ ან მთლიანად აუნაზღაურებელია ან საკმაოდ მცირე შემოსავალს გულისხმობს. კაცები ხშირად არიან ექსპლოატირებული სხვადასხვა სამუშაოზე, მათი დასაქმება ხშირად არასტაბილურია (პრეკარიულია) და ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის ხშირად ისინი არ იღებენ დამატებით შემოსავალს.
განათლებაზე ხელმიუწვდომლობა
როგორც სკოლაში მომუშავე საქმეთა მმართველი მეუბნება, ბოლო დროს ბავშვების რაოდენობა სკოლაში დაახლოებით მესამედითაა შემცირებული, ხულოს მუნიციპალიტეტი მოსახლეობისგან იცლება. სოფლებსა და დაბა ხულოში მაცხოვრებელი ბავშვების უმეტესი ნაწილი უმაღლესში აბარებს, თუმცა ქალები ამბობენ, რომ მხოლოდ სკოლის განათლება საკმარისი არ არის. რეპეტიტორებთან მომზადება აუცილებელია. უფულოდ ვერც ჩააბარებ და ვერც უნივერსიტეტში ისწავლი, რადგან შემდეგ სტუდენტებს ბინის ქირაობა და ყოველდღიური თანხა სჭირდებათ.
სკოლის საქმეთა მმართველი მეუბნება: „ვინც ვერ აბარებს უფრო ფინანსური პირობების არარსებობის გამო ვერ აბარებს. არ აქვთ ოჯახებს იმდენი, რომ გაუშვან ბავშვები და არჩინონ. ჩემმა ერთმა შვილმაც ვერ ისწავლა ფინანსური შესაძლებლობის არარსებობის გამო. მეორე სტუდენტია და ფული რომ ჰქონდეს მშენებლობაზეც მუშაობს ხოლმე. თბილისში სწავლობს, მაგრამ ახლა ოქტომბრის ბოლომდე გარე სამუშაოებში იქნება ჩართული ხულოში. თუმცა გადაწყვეტილებას ამ თანხის დახარჯვაზე მარტო ვერ იღებს, ოჯახი ვსხდებით და გადავწყვეტთ. ფული მწირია და ამიტომ გვჭირდება, რომ ერთად ვიმსჯელოთ, თუ როგორ დავფაროთ შეშისა და გადასახადების ფული. ძირითადად, ელემენტარულ საჭიროებებს ხმარდება ჩემი შემოსავალიც და შვილის ფულიც. ეს გამოცდილება ბევრისთვის არის საერთო. ხელფასები აქ ძალიან დაბალია.“ სტუდენტები თურქეთში ხშირად დადიოდნენ ზაფხულობით, რომ სწავლის ფული და ყოველდღიურობისთვის სამყოფი თანხა შეეგროვებინათ, თუმცა ეს გზა მათ აღარ აქვთ.
როგორც ახალგაზრდა ქალი მეუბნება, აშკარად დგას სკოლებში განათლების საკითხი, მაგალითად, ეს განსაკუთრებით შესამჩნევია უცხო ენების კუთხით. ბევრ საგანში კი ბავშვები მოძველებური პროგრამებითა და მეთოდებით გადიან საგნებს და ზუსტად იმას სწავლობენ, რასაც ათეული წლის წინ. იმავე ქალის თქმით, ხარისხიანი განათლების მისაღებად არ არსებობს ქიმიის, ბიოლოგიის ლაბორატორიები და ბავშვები ამ საგნებში კონკურენციას ვერ გაუწევენ იმ სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც თბილისის კერძო სკოლებში სწავლობენ, კარგი აღჭურვა და სპეციალისტები ჰყავთ. „აქ თითო ოროლა ძალიან კარგი სპეციალისტია, თუმცა ბევრ მათგანს დიდი ასაკი აქვს უკვე,“ ამბობენ ხულოში.
შესაბამისად, განათლებაზე წვდომა განსაკუთრებით ურთულდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც პერიფერიებში ცხოვრობენ. მათ არ აქვთ შესაბამისი რესურსები, რომ უნივერსიტეტებში რეპეტიტორების გარეშე ჩააბარონ. ხოლო ჩაბარების შემდეგ რადგან მათ ფიზიკურად უწევთ სხვა ქალაქებში ცხოვრება, არ არსებობს სახელმწიფო პროგრამები (რამდენიმე მუნიციპალური სტიპენდიის გარდა), რომლებიც სპეციალურად რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებზე იქნებოდა მიმართული და საცხოვრებელ და ყოველდღიური ცხოვრების ხარჯებს რამენაირად დაუფინანსებდა. ამის გამო სტუდენტების დიდ ნაწილს სწავლის პარალელურად მინიმალურ ხელფასზე შრომა უწევს.
ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომლობა
აჭარაში ბალახეულობით მკურნალობა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა ყოფილა წინა საუკუნეში. უჩხოელი ქალი ყვება: „ასეთი მცენარეული რეცეპტები დედაჩემისგან ვიცი. მაწონში გახსნილი ზაფრანა წნევაზე მშველისო, ამბობდა. ბალახეულის ნაყენი საკვერცხეებისთვის არის კარგი, მაკიდოს ძირი ჯანმრთელობისთვის. მოცვი და მოცვის ფოთოლიც მკურნალია.“ მცენარეულ საშუალებებზე რესპონდენტებს იმ იმედით ვეკითხებოდი, რომ მათი მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებსა და მედიცინის ალტერნატიულ ცოდნაზე გამეგო ინფორმაცია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მცენარეულ საშუალებებს ჩემი რესპონდენტები უფრო მაშინ მიმართავენ, როცა ექიმთან წასვლის საშუალება არ აქვთ. „უფულობა რადგან არის, ექიმთან წასვლის საშუალება არ გაქვს და ვერ მიდიხარ, ასეთი საშუალებები არ დაგაზიანებს და შეიძლება ოდნავ ტკივილი შეგიმსუბუქოს. ექიმთან ხშირად ვერ დავდივართ უსახსრობის გამო.“ იმავე ქალის თქმით, რადგან ზოგ ქალს ქრონიკული ტკივილი აწუხებს და ზოგი ექიმთან ვერ მიდის, ისინი გამაყუჩებელს სვამენ, რათა ყოველდღიური მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება შეძლონ.
სოფლისა და დაბა ხულოს ექთნები მეუბნებიან, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანია, ვინც უსახსრობის გამო ვერ მიდის ექიმთან. ადგილობრივი ექთნები საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ და ხშირ შემთხვევაში ისინი უსასყიდლოდ ეხმარებიან მათ, ვისი დახმარებაც თავად შეუძლიათ. ასეთი კი საკმაოდ ბევრია. ასეთი ექთნების ანაზღაურებაც მიზერულია და ყოველთვიურად 200 ლარს ვერ ცდება.
გარემოსდაცვითი პრობლემების პირისპირ
ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქალებმა წამოჭრეს აჭარის ეკოლოგიური პირობებია. მათ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე შენიშნეს, რომ ნათესი ავადდება და მწერებიც შემოეჩვიათ. „ალბათ კლიმატის ცვლილების ბრალია. ადრე კულტურა არ ავადდებოდა, ეს ბოლო რამდენიმე წელია შევნიშნეთ. ბრძოლის ხერხებს ადგილობრივ აგრარულ პუნქტში ვსწავლობთ და ვცდილობთ ვუშველოთ. ადრე ეს არ გვჭირდებოდა,“ მეუბნება ადგილობრივი ექთანი, რომელიც საოჯახო მეურნეობაშიცაა ჩართული.
2013 წელს აჭარისწყალზე ჰესის მშენებლობა დაიწყო და რამდენიმე წლის წინ დასრულდა, თუმცა ჰესი დღემდე არ ამუშავებულა, რადგან მისი ყოველი ამუშავებისას ახალ-ახალი პრობლემა იქმნება. 2017 წელს ამუშავებიდან მალევე რამდენიმე გვირაბი ჩამოიშალა, 2020 წელს კი ჩართვისას ცხადი გახდა, რომ კედლებიდან წყალი ჟონავს. არსებობს მყარი ვარაუდი, რომ შუახევი ჰესის მშენებლობის დროს გარემო პირობები ძირეულად არ გამოკვლეულა ისედაც მეწყერსაშიშ რეგიონში. აჭარის ბევრი სოფელი ათწლეულებია მეწყერსაშიშ ზონაშია, რის გამოც ბევრი ოჯახი ეკომიგრანტების სახით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობს.
ჰესის მშენებლობას ბევრი საპროტესტო აქცია უძღვოდა. თუმცა, ხელისუფლების თქმით, ამ ჰესს რეგიონისთვის წინსვლა უნდა მოეტანა. მოსახლეობას პირდებოდნენ, რომ ის მინიმალურ ზიანს მოუტანდა გარემოს, თუმცა ჰესი დღემდე ვერ ირთვება. სოფელ ოქრუაშვილებში ქალბატონი მეუბნება: „ჰესების გამო იგრძნობა, რომ ჩვენმა სახლმა დაიწია. აშკარად დაქანებაა სახლში. ცოტათი შევასწორეთ რამდენიმე წლის წინ, მაგრამ სახლმა კიდევ დაიწია.“
სოფელ უჩხოს მაცხოვრებელი ქალი მიყვება, რომ ჰესებმა მოსავლის რაოდენობაზეც უარყოფითად იმოქმედა: „აჭარაში მცირემიწიანობაა. რთულია 10 ტონა ან მეტი მოიყვანო ერთმა ოჯახმა. თან მოსავალმა მოიკლო ისედაც. 5-6 წელია წყლის ნაკლებობაა, დაავადებები ჩნდება. სიცხე ვეღარ აუტანია მოსავალს და მწერები უჩნდება. შრომაც ხანდახან ფუჭია. სასუქი და მოხვნა ძალიან ძვირია. სოფლებს ხელშეწყობა არ აქვს, შრომა და მოსავლის მოყვანა ძვირი ჯდება და ძალიან რთულია ფიზიკურად, მაგრამ ვინმე რომ შემოგეშველოს იშრომებდი. ახლა მხოლოდ ჩვენი ოჯახისთვის გვაქვს საკმარისი მოსავალი, ჩაბარება ან გაყიდვა გამორიცხულია.“
ამას გარდა ადგილობრივები სასმელი წყლის პრობლემას უჩივიან. რამდენიმე მათგანი აღნიშნავს, რომ ყოველი წვიმის მოსვლის დროს სასმელი წყალი მღვრიეა. ბევრ რეგიონსა და სოფელში ხშირად ხარისხიანი და სუფთა წყალი დიდ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით დიდი წვიმის დროს.
ჩაგვრის ძირითადი ასპექტები
აჭარაში და ზოგადად საქართველოში ქალებს საკმაოდ ბევრი პრობლემა უდგათ. ეს პრობლემები კიდევ უფრო მძიმდება გეოგრაფიულ თუ კულტურულ პერიფერიებში: სიღარიბე, ეკოლოგიური პრობლემები, განათლებაზე ხელმიუწვდომლობა, ჯანდაცვასა და სხვა სერვისებზე ხელმიუწვდომლობა, დროითი სიღარიბე, ოჯახში ძალადობა, რელიგიურ უმცირესობად ყოფნა.[6] მუსლიმ ქალებზე საუბრისას დასავლელი ავტორების დიდი ნაწილი ხშირად საერთოდ არ საუბრობს ქალების ყოველდღიურობისა და ჩაგვრის მნიშვნელოვან ასპექტებზე (განათლებაზე, პოლიტიკური უფლებების მოპოვებაზე, სიღარიბეზე, ჯანდაცვაზე და სხვა პრობლემებზე) და მუსლიმ ქალებზე მათი „წუხილი“ ძირითადად რელიგიური საკითხებით და მუსლიმი ქალების თავისუფლებაზე საუბრით შემოიფარგლება.[7] ისლამური საზოგადოებები ძალიან მრავალფეროვანია და მათი ამჟამინდელი მდგომარეობის მსაზღვრელი ისევეა ისტორიული პროცესები, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, როგორც ყველა სხვა რეგიონში და საზოგადოებაში. ეს სტატია სწორედ პროცესების წარმოჩენის მცდელობა იყო. რეგიონის ცხოვრების ყოველდღიურობის მაგალითზე ვეცადე აღმეწერა, თუ როგორ მუშაობს უსამართლო პოლიტ-ეკონომიკური სისტემის გარკვეული ასპექტები. რასაკვირველია, სტატია ფრაგმენტულია და კომპლექსური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების აღწერისკენ გადადგმული მცირე ნაბიჯია, რასაც მეტი კვლევა სჭირდება.
ზემოთ წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, აჭარაში ქალების ჩაგვრის სამი ძირითადი ღერძი იკვეთება - არსებული ეკონომიკური სისტემა, პატრიარქატი და ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი, რომელიც ეთნიკური და რელიგიური მარკერებით სხვადასხვა სოციალური ჯგუფების იერარქიზებას ახდენს. თავის მხრივ, ეკონომიკური სისტემაც და ნაციონალიზმიც ეყრდნობა პატრიარქატს და ქალთა შრომას ხდის უხილავს და მათ შინშრომას, საოჯახო მეურნეობებსა და ზრუნვის შრომას აღიარების და ანაზღაურების მიღმა ტოვებს.[8] თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აჭარის მოსახლეობის უმრავლესობა, კაცებიც, ქალებიც და ბავშვებიც, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ცხოვრობს და კაცების შრომაც არ არის ადეკვატურად დაფასებული. ასევე პრობლემურია ნაციონალიზმის იმ სახით განხორციელება, რომელიც ქართველში (თუ საქართველოს მოქალაქეში) მოიაზრებს მხოლოდ ქართველ ქრისტიანებს, და სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მსგავსად, ქართველ მუსლიმებს ხშირად მოქალაქეობის უფრო დაბალ საფეხურზე ათავსებს. კანონის წინაშე თანასწორობა ხშირად არ ითარგმნება პოლიტიკურ ნაბიჯებში და აჭარლების ნაწილის აზრით ისინი თავიანთ თავზე გრძნობენ, რომ სახელმწიფოსთვის ისინი ისეთივე ღირებული მოქალაქეები არ არიან, როგორებიც სხვები. ისლამის შესახებ გავრცელებული კოლონიური ხედვა, რომელიც მას მუდმივად მონიშნავს უცხოდ, ნაკლებად ცივლიზებულად, საშიშად ან მიუღებლად, დამატებითი შრეა, რომელიც მუსლიმი თემების მიღებას და ინკლუზიას ჩვენს საზოგადოებაში აფერხებს.
სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მნიშვნელოვანია ჩაგვრის ძირითადი ღერძების თანადროული დანახვა და მათი კრიტიკა. ერთის მხრივ, უნდა გადაიხედოს ის პოლიტ-ეკონომიკური სისტემა, რომელიც ბუნებრივად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობის და განსაკუთრებით პერიფერიებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ღარიბად ყოფნას. მეორეს მხრივ, ხილული უნდა გახდეს ქალთა შრომა. ამასთან გაკრიტიკებული უნდა იყოს ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი და ის კოლონიური დისკურსები, რომლებიც ისლამის შესახებ არსებობს.
ამავე თემაზე:
[1] ბეშუმის სოფლებს იეილა ჰქვია
[2] კეთდება ნადუღის, მჭადის ფქვილის, ნაღებისა და რძისგან, შემდეგ მზეზე შრება და ზამთარში იჭმევა ერბოსთან ერთად ან იწვება კარაქში.
[3] მომთაბარეები
[4] აჭარული ნაღები
[5] მზადდება ნაღებითა და მჭადის ფქვილით
[6] მოჰანტი, ჩანდრა ტალპად. 2018. „დასავლური მზერის ქვეშ: ფემინისტური კვლევა და კოლონიური დისკურსები.“ წიგნში ფემინისტური საკითხავი: დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ, 71-133. თბილისი: Heinrich Böll Stiftung.
[7] აბუ-ლუღოდი, ლაილა. 2016. „შესავალი: სჭირდებათ თუ არა მუსლიმ ქალებს ხსნა?.“ წიგნში თარგმანების კრებული. 33-52. თბილისი: EMC.
Ahmed, Leila. 1992. Women and gender in Islam. London: Yale University Press.
[8] ფედერიჩი, სილვია. 2016. „ანაზღაურება საშინაო შრომისთვის.“ წიგნში თარგმანების კრებული, 73-81. თბილისი: EMC.
ინსტრუქცია