საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადეკვატურ საცხოვრისზე წვდომის უფლება ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის უფლების ნაწილია და ცენტრალური მნიშვნელობისაა ყველა სხვა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით სარგებლობისთვის.[1] სოციალური პრედიქტორიების გარდა, ადეკვატური საცხოვრისის საკითხთან მჭიდრო კავშირშია ძალადობა და სოციალური მოწყვლადობა, რომელიც ყველაზე ხელსაყრელ გარემოს ქმნის უსახლკარობისთვის. ძალადობა და დისკრიმინაცია, ხშირად, უსახლკარობის მიზეზიც არის და შედეგიც. შესაბამისად, მათ, ვინც ექვემდებარებიან დისკრიმინაციას რასის, საცხოვრებელი ადგილის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის, გენდერის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის, ასაკის და სხვა ნიშნების გამო, უფრო მეტად ემუქრებათ უსახლკარობა.[2]
გლობალურად ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ლექსბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ახალგაზრდები უსახლკარო ადამიანთა დიდ ნაწილს შეადგენენ და ექვემდებარებიან დამატებით სტიგმატიზაციასა და სოციალურ გარიყულობას თავიანთი ოჯახებისა და თემის მხრიდან, მეტად არიან ძალადობის რისკის ქვეშ და თავშესაფრებიც, ხშირად არ არის მათზე მორგებული.[3]
გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიხედვით, უსახლკარობა ინდივიდუალური გარემოებებისა და ფართო სისტემური ფაქტორების შედეგია. ადამიანის უფლებათა ჩარჩო კი ორივე მათგანს უნდა პასუხობდეს. უსახლკარობის მიმართ ადამიანის უფლებათა მიდგომა იაზრებს, რომ ის, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ინდივიდუალურ დინამიკებთან, როგორიცაა ფსიქოსოციალური პრობლემები, სამუშაოს დაკარგვა და სხვა ფაქტორები, ისევე როგორც სახელმწიფოთა არაეფექტიანი მექანიზმები, რომლებიც ვერ პასუხობს ინდივიდთა უნიკალურ გარემოებებს მათი ღირსების პატივისცემითა და თანაგანცდით. ადამიანის უფლებათა მიდგომამ ასევე უნდა უპასუხოს უსახლკარობის ყოვლისმომცველ სტრუქტურულ მიზეზებს, რომლებიც განსხეულებულია ეროვნულ პოლიტიკებში, პროგრამებსა და კანონმდებლობაში, ისევე როგორც საერთაშორისო ფინანსურ და განვითარების შეთანხმებებში, რომელიც ხელს უწყობს და ქმნის უსახლკარობისთვის ნიადაგს.[4]
გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი მიიჩნევს, რომ საცხოვრისის უფლება არ უნდა განიხილებოდეს ვიწრო გაგებით, არამედ, უნდა გულისხმობდეს ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლების გარანტირებას.[5] FEANTSA-ს (European Federation of National Organisations Working with the Homeless) და უსახლკარობის ევროპული ობსერვატორიის მიერ შემუშავებული დეფინიციისა და ტიპოლოგიის/კლასიფიკაციის (ETHOS) მიხედვით, საცხოვრისის ცნებას სამი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს - საცხოვრებელი სივრცის ფიზიკური, სოციალური და სამართლებრივი ასპექტები. საცხოვრებელი სივრცის ფიზიკური განზომილება გულისხმობს პირობებს, რომლებიც იქ მცხოვრები ადამიანების საჭიროებების ადეკვატურია; საცხოვრისის სოციალური სივრცე განისაზღვრება როგორც უსაფრთხო და პრივატული გარემო, რომელიც სოციალური ურთიერთობების შესაძლებლობას იძლევა; საცხოვრებლის სამართლებრივი განზომილება კი ამ სივრცის ფლობის სამართლებრივ გარანტიებს გულისხმობს. კვლევითი ლიტერატურის მიხედვით, ცალკეული პირობების გაუარესება, გარკვეული ელემენტების დანაკლისი ან ამ ხდომილებათა ერთობლიობა უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის არქონის მდგომარეობას განსაზღვრავს.[6]
საქართველოში არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც უსახლკარობის მიზეზების გამოვლენის საშუალებას მოგვცემდა. შესაბამისად, შეუძლებელია ლგბტქ პირთა შორის უსახლკარობის გამოცდილების მასშტაბის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასება, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სოციალური დაცვის სისტემების იმგვარად ორგანიზება, რომ ის პასუხობდეს და იცავდეს ყველა სპეციფიკურ ჯგუფს, რომელიც დგას ან შესაძლოა დადგეს უსახლკარობის რისკის წინაშე.
მასალა სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში
[1] CESCR General Comment No. 4: The Right to Adequate Housing (Art. 11 (1) of the Covenant).
[2] A/HRC/31/54, Report of the Special Rapporteur on adequate housing as a component of the right to an adequate standard of living, and on the right to non-discrimination in this context, 2015, პარა. 39.
[3] A/HRC/31/54, პარა. 44.
[4] A/HRC/31/54, პარა. 28.
[5] ECONOMIC, SOCIAL AND CULTURAL RIGHTS, Report of the Special Rapporteur on adequate housing as a component of the right to an adequate standard of living, Miloon Kothari, 2005, პარა. 13.
[6] Kate Amore, Michael Baker and Philippa Howden-Chapman, The ETHOS Definition and Classification of Homelessness: An Analysis, European Journal of Homelessness _ Volume 5, No. 2, December 2011.
ინსტრუქცია