[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / თვალსაზრისი

კულტურა და ხელოვნება სოციალური გარდაქმნებისთვის

ფოტო: On.ge

უკვე წლებია ერთი და იმავე პრობლემის წინაშე ვდგავართ. ქართულ და აზერბაიჯანულ საზოგადოებებს შორის არსებობს ინტეგრაციის პრობლემა და საქართველოში მცხოვრები ხალხები არ ცნობენ ერთმანეთის კულტურას. მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ნაბიჯებისა, სიძულვილის ენა და ქსენოფობია გარკვეული ფორმებით მაინც იჩენს თავს ჩვენს საზოგადოებაში და ერთმანეთს კიდევ უფრო ღრმად გვაშორებს. ჩნდება კითხვა: რატომ არის ინტეგრაციის პროცესი ასეთი ნელი და ხარვეზიანი, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში გაძლიერდა და ბოლო წლებში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით? შევეცდები ამ კითხვას კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელობის წარმოჩინებით ვუპასუხო და გაგიზიაროთ ჩემი რწმენა, რომ მათ სოციალური გარდაქმნების ხელშეწყობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ვიცით, რომ ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობის 45,1% ეთნიკურად აზერბაიჯანელები შეადგენს. მეორე და მესამე ადგილებს კი ეთნიკური ქართველები 44,7% -ით და ეთნიკურად სომხები 6,4%-ით იკავებენ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ რაც უფრო ეთნიკურად მრავალფეროვანია ქვეყანა, მით უფრო მდიდარია მისი კულტურა და მით უფრო დიდია მისი ეთნიკური ტურიზმის პოტენციალი ქვეყანაში. ეთნიკური ტურიზმი აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას როგორც შიდა, ისე საგარეო ტურიზმზე ზემოქმედებით. ეკონომიკაზე ეთნიკური ტურიზმის დადებითი გავლენის გარდა, ის ასევე დააჩქარებს ხალხებს შორის ინტეგრაციას და საშუალებას მისცემს საქართველოში მცხოვრებ ხალხებს უკეთ გაეცნონ ერთმანეთის კულტურას.

მაგრამ მოდით, საკუთარ თავს ვკითხოთ, რამდენად იყენებს საქართველო ეთნიკური ტურიზმის პოტენციალს? ამას რომ თავი დავანებოთ, დავსვათ კითხვა, რამდენად ითვლება საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობად საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობა? ასევე რას აკეთებს სახელმწიფო ეთნიკური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად? პასუხები დამაიმედებელი არ არის.

მე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალში ვცხოვრობ. ჩვენს სოფელში, „ძველ სასაფლაოდ“ წოდებულ ადგილას დაახლოებით ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვის ვერძის ძეგლები არსებობს. სოფელ თაქალის გარდა, ზოომორფული ძეგლები გვხვდება საქართველოს სხვა კუთხეებშიც, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ (ბოლნისი, დმანისი, აღბულაგი და სხვ.) ამ ადგილებში მდებარე ვერძის ფორმის ძეგლები კიდევ უფრო ძველია. ისტორიული წყაროების მიხედვით ეს ძეგლები საქართველოში მე-12 საუკუნიდან, დავით აღმაშენებლის მეფობის დროიდან არსებობს. წყაროების მიხედვით, ზოომორფული ძეგლების კულტურა საქართველოში აღმაშენებლის მიერ გადასახლებული თურქმა ხალხმა. ყივჩაღებმა შემოიტანეს და შემდგომში ეს კულტურა გავრცელდა საქართველოში მცხოვრებ თურქ ხალხებს შორის.

მე მიმაჩნია რომ, საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობად უნდა ითვლებოდეს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობაც. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოომორფული ძეგლები საქართველოში მდებარეობენ და აქვთ ხანგრძლივი ისტორია, დღეს არც ერთი მათგანი არ არის დაცული სახელმწიფოს მიერ და არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული ისტორიულ ძეგლებად. ეს ძეგლები წყლისა და ქარის ზეგავლენისგან დროთა განმავლობაში ექვემდებარებიან ეროზიას, ასევე ანთროპოგენურ ზემოქმედებას. სამწუხაროდ, ზემოქმედების ამ ფაქტებმა ვანდალიზმშის ფორმებიც კი მიიღო.

ისტორიული ზოომორფული ძეგლები არსებობდა ჩვენი სოფლის ახლოს მდებარე ბაბეკერის მთებშიც. მოგვიანებით მოსახლეობაში გავრცელდა ჭორი, რომ ძეგლების შიგნით ოქრო არის შენახული. ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა დაიჯერა ჭორი. ფარულად ავიდნენ ბაბაკერის მთაზე და დაინგრიეს ძეგლები. ამჟამად ისტორიული ზოომორფული ძეგლები ბაბაკერის მთაზე აღარ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიული ძეგლები საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და სახელმწიფოს მისი დაცვის ვალდებულება უნდა ჰქონდეს. სხვა რაიონებში არსებული ამგვარი ძეგლები ასევე განადგურების საფრთხის წინაშეა.ბევრი მათგანი ეროზიის შედეგად კარგავს ფორმას და ორნამენტებს და დღეს ისინი უბრალოდ ქვის ნატეხს უფრო ჰგვანან .

სასიხარულოა, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ არის გულგრილი ამ საკითხის მიმართ და აქტიურად მუშაობს ეთნიკური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობად განხილვასა და დაცვაზე. ამის ნათელი მაგალითია საზოგადოებრივი ორგანიზაცია, სოლიდარობის მუზეუმი, რომელიც უკვე ორი წელია ფუნქციონირებს და დაფუძნებულია აქტიური აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მიერ. ეს აქტიური ახალგაზრდები ცდილობენ რომ, ეთნიკური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობა ჩაითვალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობად და ქართული კულტურა უფრო მრავალფეროვან კულტურად წარმოაჩინონ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, არის ხელოვნება. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ კულტურა და ხელოვნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური პრობლემების გადაჭრაში და ამ ელემენტების გამოყენებით შესაძლებელია უფრო მშვიდი და სოლიდარული საქართველოს შექმნა. მახსოვს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მაშინ 18 წლის ვიყავი. უნივერსიტეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის დარბაზში რეჟისორი და მსახიობი ანარ რაფიგღლუს სპექტაკლი „მე მაპატიე“ გაიმართება. სპექტაკლის თემა იყო ქალთა მიმართ ძალადობა. სპექტაკლი იმდენად კარგად აშუქებდა ამ თემას, რომ სპექტაკლის ბოლოს მაყურებელთა უმეტესობამ, მათ შორის მეც, ცრემლები ვერ შევიკავეთ. მაშინ დავრწმუნდი, რომ ხელოვნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერი სოციალური პრობლემის გადაჭრაში.

გარწმუნებთ, რომ სპექტაკლმა ჩემზე და სხვა მაყურებელზე მეტად იმოქმედა, ვიდრე ნებისმიერმა შეხვედრამ და პროექტმა, რომელსაც ვესწრებოდით ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე.

მაგრამ რამდენად განვითარებულია ხელოვნება ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ კუთხეებში ? ჩემი სოფლის მეზობელი სოფელია კაჩაგანი. ის ერთ-ერთი დიდი სოფელი და იქ მდებარეობს ძველი სოფლის კულტურის სახლის შენობა. ადრე ამ სოფლის კულტურის სახლში სპექტაკლები იმართებოდა სხვადასხვა თემაზე. კაჩაგანის და მეზობელი სოფლების მოსახლეობა თავისუფალ დროს აქყურებით ატარებდნენ. თუმცა, დაახლოებით 1995 წლიდან კულტურის სახლში სპექტაკლები არ გამართულა. სოფელი გაჩაგანის კულტურის სახლი მარნეულის კულტურის სახლივით დიდია და თავისი სილამაზე აქვს. მაგრამ ახლა შენობა ცუდ მდგომარეობაშია. წვიმის დროს სახურავიდან ჩამოსული წყალი ანგრევს ოთახებს. სოფელ გაჩაღანის კულტურის სახლის ერთ-ერთ დარბაზში ამჟამად ფუნქციონირებს ჩაიხანა. კულტურის ცენტრი გადაკეთდა ჩაიხანად, სადაც მამაკაცები თავისუფალ დროს ატარებენ ხოლმე. მერწმუნეთ, სოფლის კულტურის სახლი დღეს რომ ფუნქციონირებდეს, ის თემში მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძველი გახდებოდა. სოციალურ პრობლემებს მოსახლეობას სპექტაკლებით და ფილმებით უჩვენებდნენ და არსებული განწყობების და დამოკიდებულებების პოზიტიურ ტრანსფორმაციას შევუწყობდით ხელს. დღეს შესაძლოა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ჰქონდეს. მაგალითად, სოფლებში დგას სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, გზები გასარემონტებელია, ბიუჯეტის რესურსების გადანაწილებისას ამ პრობლემებს უფრო მეტი პრიორიტეტი შეიძლება მივანიჭოთ. მაგრამ ეს ყველაფერი იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ კულტურული ცენტრები ჩაის სახლებად იქცეს და ხელოვნების და კულტურის საზოგადოებრივი მნიშვნელობა ვუგულებელყოთ. ვფიქრობ, ძნელი იქნება გარემოს შეცვლა უკეთესობისკენ, თუ საზოგადოების სული კულტურითა და ხელოვნებით არ განაყოფიერდება. საზოგადოებისთვის გაგვიჭირდება იმის მტკიცება, რომ ნორმალიზებული პრობლემები ნორმალური არ არის. ჩამოყალიბებული ჩარჩოების მსხვრევას დიდი შრომა და დრო დასჭირდება. ამ პროცესს სამოქალაქო საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნებისა და კულტურის მხარდაჭერისთვის საჭირო უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. სოციალური სამართლიანობა გადანაწილებასთან ერთად კულტურისა და ხელოვნების გამოყენებით მიიღწევა და ეს არ უნდა დავივიწყოთ! დღეს ჩვენი სასიცოცხლო სივრცეები ცარიელია კულტურისგან და კიდევ უფრო მეტად ცარიელდება! ჩვენ ვცდილობთ მის შევსებას ჩვენი ძალებით, მაგრამ სახელმწიფოს რეალური და ძირეული მხარდაჭერის გარეშე ცვლილებების მიღწევა რთული იქნება. ამიტომაც ვითხოვთ, მოვითხოვთ კულტურის პოლიტიკის შეცვლას და ეთნიკური უმცირესობების კულტურის და მისი განვითარების მნიშვნელობის აღიარებას!!

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“