საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ერთხელ ერთმა ნათესავმა მამაჩემთან და ჩემთან საუბრისას ერთ მუსლიმ სასულიერო პირზე ჩამოაგდო სიტყვა და აღნიშნა, რომ მან „დინი-მოვჰუმათ“-ი (პირდაპირ ითარგმნება როგორც „რელიგია და ცრურწმენა“, მაგრამ მე „რწმენა-ცრურწმენას“ ვამჯობინებ კეთილხმოვანებისთვის) კარგად არ იცისო. ამგვარ მთლიანობაში ეს ორი ურთიერთსაპირისპირო ცნებები არასოდეს შეგვხვედროდა და ამიტომ დიდი ინტერესით ჩავეძიეთ. აღმოჩნდა, რომ ნათესავს ტერმინ „მოვჰუმათის“ მნიშვნელობა არ ესმოდა და იგი სულაც დადებითობის გამომხატველი ზედსართავი ეგონა. მიუხედავად ამისა, მე ძალიანაც მადლიერი დავურჩი და აი, რატომ - ყოველი რელიგიისა და აღმსარებლობის ორთოდოქსიას თან ახლავს ე.წ. ხალხური რწმენა-წარმოდგენები და ცრურწმენები ისევე, როგორც რომელიმე პლანეტას თანამგზავრები და ასტეროიდები. ეს უკანასკნელნი ძალიან საინტერესონი არიან და ხშირად ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული შესწავლის საგნადაც გვევლინებიან იმდენად, რამდენადაც ადათ-წესების სახით მნიშვნელობენ და ხშირად „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიას პრინციპით“, გაუცნობიერებლად, თავად ოფიციალურ რელიგიას უპირისპირდებიან რელიგიისვე სახელით ან ზოგჯერ სულაც მის ვარიაციად წარმოდგებიან. ასე რომ ეს გამოთქმა ძალიან მენიშნა ე.ი. სასულიერო პირმა არათუ „ნამდვილი“ რელიგია უნდა იცოდეს კარგად, არამედ ის ცრურწმენებიც, რომელიც მას ახლავს, რათა, გიორგი მერჩულეს ენით რომ ვთქვათ ადვილად გამოარჩიოს და „განაგდოს ჯერკუალი იგი“. შესაბამისად, ვინც ამ ორ სფეროს სათანადოდ ვერ ფლობს, მას მცოდნის სახელის დასაკუთრების უფლება არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი მხოლოდ რელიგიას არ განეკუთვნება და ყოველ სფეროში არსებობს ნამდვილისა და ფსევდოს გამორჩევის აუცილებლობა.
აქვე ფრთხილად უნდა შევნიშნოთ, რომ თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ალბათ, ცრურწმენა ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: უწყინარი, რომელიც ცოდვად ან მძიმე ცოდვად არ ითვლება და მავნებლური, რომელიც თან მკრეხელობაა და თანაც ადამიანის თავისუფლებას, რიგ შემთხვევებში კი ჯანმრთელობას და ა.შ. უქმნის საფრთხეს. ვფიქრობ და მგონია, რომ ყოველი სასულიერო პირი ამაშიც უნდა ერკვეოდეს, თორემ განურჩევლად ყველა ცრურწმენის წინააღმდეგ ჯვაროსნულ/ღაზავათური ომის გამოცხადებამ შეიძლება პირუკუ შედეგი გამოიღოს ისევე, როგორც ჩვენ - სოფლის მომავალ მოლასა და დანარჩენებს დაგვემართა კაი ოცზე მეტი წლის წინ ჩვენსავე სოფელში „მუჰარამობასთან“ (შახსეი-ვახსეობასთან) დაკავშირებით.
რა არის მუჰარამობა?
ისლამის წინასწარმეტყველის შვილიშვილი, ჰაზრათი (ითარგმნება როგორც ბრწყინვალე) იმამი ჰუსიეინი ქრისტიანული წელთაღრიცხვით 680 წელს, დღევანდელი ერაყის ქალაქ ქერბალაში (იქ მაშინ ამ სახელწოდების ქალაქი ჯერ კიდევ არ დაარსებულიყო), არაბული კალენდრის მუჰარამის თვის 10 რიცხვში, ოჯახის მამაკაც წევრებთან და თანამოაზრეებთან ერთად, უმაიანთა დინასტიის მეორე „ხალიფად“ აღზევებულმა წარმომადგენელმა - იაზიდ იბნ მუავიამ მოაკვდინა. ამ ფაქტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ხუთწლიან სამხედრო ამბოხებასაც დაუდო სათავე. ხოლო ლიტერატურაში შეიქმნა ახალი ჟანრი „მაყთულები“ (არაბულად ნიშნავს „მოკლულს“), რომელიც ქრისტიანული ჰაგიოგრაფიის ფარდია და ახალი ძალა შთაბერა „მარსიებსაც“ - გლოვის ლექსებსაც, რომელიც ჯერ კიდევ ისლამამდელ ხანაში იყო ცნობილი. გარდა ამისა, სათავე დაუდო ათდღიან გლოვას, რომელიც ყოველ წელს იმართება და სადაც ხსენებულ მარსიებს წარმოთქვამენ-ხოლმე. აქვე ხაზგასასმელია, რომ „მუჰარამობა“ ერთადერთი რელიგიური რიტუალია, რომლის დროსაც მუსლიმურ თემთა და სახელმწიფოთა ეთნიკურ/ეროვნულ ენებს მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ (სხვა შემთხვევებში უპირობოდ არაბული დომინირებს) - ყველა ერს საკუთარ ენაზე შეუძლია გლოვის ლექსების შექმნა და წარმოთქმა. სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტი ანუ გასაგებობაც უნდა მივიჩნიოთ თუნდაც ჩვენს სოფლებში „მუჰარამობისადმი“ (რომელსაც „მარსალიქ“-ს ანუ „მარსიობას“ ვუწოდებთ) იმ დიდი მოწიწების საბაბად, რომელსაც თვით კომუნისტურმა წყობამ არათუ ვერაფერი დააკლო, პირიქით, აკრძალვის კომპონენტით კიდევ უფრო მიმზიდველი და ლამის „დისიდენტურიც“ გახადა. ბუნებრივია, რომ ქერბელას მოვლენები იმთავითვე საკრალური იყო, ხოლო ყოველივე საკრალურში სიმბოლოებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ და შესაბამისად, მუჰარამობის მთავარ ატრიბუტად „ალამი“, იგივე დროშა, იგივე ბაირაღი წამოიმართა. „ალამი“ თავის სათავეს ზუსტად ქერბელას მოვლენებიდანვე იღებს, რადგან გადმოცემებიდან ვიცით, რომ თავისი მცირერიცხვოვანი რაზმის (72-ნი იყვნენ) მოწყობისას, იმამმა დროშა შექმნა და ის თავის ძმას ჰაზრათი აბულფაზლ აბასს ჩააბარა (ამიტომაც ეს უკანასკნელი მარსიებში ხშირად იხსენიება, ვითარცა „ალამდარი“ იგივე „მედროშე“). იმ შეტაკებებში წმინდა აბულფაზლმა მკლავები დაკარგა და შესაბამისად, შემდგომში ალამის ტარის თავზე ფიცრისგან გამოჭრილი თუ რკინისგან ჩამოსხმული ხელის მტევნის მიმაგრება ტრადიციად იქცა. რა თქმა უნდა, დროშაზე რაღაც უნდა ეხატოს ან ეწეროს-ხოლმე და ალბათ, ვინაიდან არაბულწარწერებიან დროშას საბჭოეთში ვერსად მიაკვლევდნენ ან შიშით ვერ გამოაჩენდნენ, ამიტომაც ალამის ტარზე თავშალების (ე.წ. „კასინკების“), ქალაღაიების მიბმა წესად იქცა. თუმცა ამ უკანასკნელის მხოლოდ ამით ახსნა მაინც არ იქნება მართებული, რადგან შესაძლოა ომში მიმავალთა დროშის ტარზე თავშალების მიბმის ადათითაც იყოს ნაკვები. ყოველ შემთხვევაში ქალებისთვის ეს შემოწირულობის თვალსაზრისით მნიშვნელობდა/მნიშვნელობს (მას ან თავად ქალები შეაბამდნენ ხოლმე ან ოჯახის წევრ მამაკაცს გამოატანდნენ). შემდეგში ალამზე შებმულმა თავშალებმა კიდევ ერთი ფუნქცია შეითვისეს, კერძოდ ალამის ჩამოტარებისას შესაწირი თანხა გამოინასკვებოდა მათში. მუჰარამობის დაწყება ალამის „გაღვიძება-წამოდგომით“ იყო მინიშნებული. ბავშვებს გვეჯერა, რომ მოლას სახლში მდებარე ყუთში ჩასვენებული „ხელის მტევანი“ მუჰარამის თვის პირველივე რიცხვში გატოკებას იწყებდა და ყუთის კედლებზე შეხებით რაკუნებდა, შემდეგ კი იგი ქუჩაში გამოჰყავდათ და ოჯახ-ოჯახ ჩამოატარებდნენ. მოსახლეობას გულწრფელად სწამდა და ზოგან დღესაც სწამს, რომ ალამს „გაფიცხება“ სჩვევია, რაც მისი დამტარებლის ტორტმანში, ადგილიდან უცებ მოსხლტომასა და გამეტებულ სირბილში, ზოგჯერ ღობეებზე გადახტომაში და წაქცევაში, აქა-იქ მიხეთქებაში გამოიხატებოდა. ამის შემყურეთ ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ ეს ადამიანი კი არ გარბის თავად, არამედ ალამის ძალა სწევს მას და ატარებს თავის ნებაზე. ასაკოვნები ამბად ჰყვებოდნენ თუ როგორ აგნებს ალამი საგანგებოდ მის გამოსაცდელად მიმალულ შესაწირს (შევსწრებივარ ისეთ მომენტს როცა ვერ მიუგნია და დამტარებელი გაბრაზებულა დროზე გამოიტანეთ თორემ ალამი ეზოდან არ გადისო) ან როგორ გადააფრინა ერთი კაცი მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე. ბავშვებს გვიყვარდა ალამის დამტარებელთა მარაქაში გარევა და შიშნარევი ინტერესით ვუყურებდით მთელ ამ სანახაობას. ეს ჩვენთვის წმინდასთან და საკრალურთან მიახლების ყველაზე ხელსაყრელი შესაძლებლობა იყო, რადგან საღამოთი გამართულ სამგლოვიარო მეჯლისებზე მთავარ როლს მამაკაცები ასრულებდნენ, ქალები მოშორებით ისხდნენ სასოებით, ხოლო ბავშვები ხმაურისა და ფეხებში გამოდების გამო ხშირად ვიკიცხებოდით.
ჩემი თაობა ცოტათი რომ წამოიზარდა და რელიგიური განათლებაზე წარმოდგენის შექმნა სულ ოდნავ ხელმისაწვდომი გახდა, აღმოჩნდა, რომ ალამის ასეთ მაგიურ ძალაზე არსად არაფერი ეწერა და მით უმეტეს, არც ჩვენი ალამი იყო მაინცდამაინც ერთადერთი.
ვინაიდან ყოველივე ახალი ძველთან გარდაუვალ მეტოქეობაში ებმება, ჩვენც ჩვენი ახალგაზრდა სასულიერო ლიდერის მოთავეობით ულმობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ ალამისადმი ასეთ ბრმა მორჩილებას - ვლაპარაკობდით ყველგან, სადაც მოგვიხერხდებოდა და ასჯერ მეტს კი მუჰარამობისას, რომ ეს ალამი კი არ „ფიცხდება“ არამედ ადამიანი, რომელსაც სჯერა ამის ან თავს გვაჩვენებს, რომ სჯერა. ოღონდ სათქმელია, რომ ალამის ამგვარი ძალის დამცველთა რიგებში უმეტესობა სულაც არ იყო ასაკოვანი, არამედ ბევრი ჩვენი თანატოლიც ერია. გამოხდა ხანი და თითქოს გავიმარჯვეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ალამის კვალობაზე მუჰარამობისადმი კრძალულებამაც თვალშისაცემად იკლო, რაც ჩვენს გეგმებში სულაც არ შედიოდა. ეს კი იმით გამოიხატა, რომ მეჯლისებზე ასაკოვანი ხალხი ჯერ შეცოტავდა და შემდეგ სულაც გაქრა. ჩემი დაკვირვებით ეს ორი ფაქტის გამო მოხდა: 1) მათი რწმენა ალამზე იყო მიბმული და მისი დესაკრალიზაციის შემდეგ ყველაფერს ხიბლი დაეკარგა და 2) ასპარეზზე ახალი თაობა გამოვიდა, რომლებთანაც საპაექროდ მათ ცოდნა არ ჰყოფნიდათ.
უფროსი თაობის ჩამოშორება ძალიან მტკივნეული იყო, რადგან მეჯლისის საყრდენს წარმოადგენდნენ, ხოლო ასეთ საყრდენგამოცლილი და მხოლოდ ყმაწვილების იმედად შთენილი შეკრებები, რიგ შემთხვევებში, სამგლოვიაროზე მეტად საზეიმო-სალაზღანდარო თავშეყრის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მწიგნობრული რელიგიის სიმკაცრემ და უკომპრომისობამ მართალია სტიქიური, მაგრამ სათუთი სჯულისმაგვარი წარმოდგენებიც მოსპო და ლამის ეულად დარჩა ამ ველზე.
ალამის წინააღმდეგ მიმართული ჩვენი ნაქადაგები ნელ-ნელა მეზობელ სოფლებსაც გადასწვდა და ჯერხნობით მხოლოდ ერთმა არ დათმო.
გავიდა რამდენიმე წელი და ვცდილობ მეჯლისებზე ისევ დავაბრუნო ალამი, ოღონდ არა ძველი ფორმით, არამედ როგორც სიმბოლო და ატრიბუტი უსამართლობის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლისა, იდეალებისთვის შეწირულობისა, აგრეთვე ბავშვობის მოგონებებისა.
ასე, რომ „დინთან“ ერთად „მოვჰუმათიც“ სათუთ მოპყრობას მოითხოვს და ზოგჯერ ყოველივე ეს ასე ხელერთპირად ამოსაძირკვი „ჯერკუალი“ სულაც არაა. დასტურ ამას იმოძღვრება ერთი თქმულება მოსე წინასწარმეტყველზე - ერთხელ წმინდა მოსე წინასწარმეტყველი სადღაც მიდიოდა და მთაზე მლოცველ მწყემსს წამოადგა თავზე თურმე, სიტყვებს მიაყურადა და სახტად დარჩა. მწყემსი მხოლოდ ამ წინადადებას ბუტბუტებდა და ყოველ ჯერზე შუბლს მიწას ახებდა: თეთრი ცხვარი, შავი ცხვარი, ღმერთს დიდება! მოსემ გააჩერა და რასაა რომ აკეთებ, ასე ლოცვა სად გაგონილაო და დიდი მონდომებით შეუდგა ლოცვის სიტყვებისა და წესების სწავლებას. ერთობ გაწვალდა ჩვენი მწყემსი, მაგრამ მოსემ როცა მიიჩნია, რომ მისია აღსრულებული იყო, დაემშვიდობა. გვარიანად გამოცილებულს კი ღმერთის ხმა ჩამოესმა: „აბა, ეს რა ჰქენი მოსე? იმ მწყემსს როგორც შეეძლო ისე აღმივლენდა ლოცვას, შენ კი გაურთულე. ახლა ვერც ნასწავლს იხსენებს, ძველებურად ლოცვისა კი ერიდება და ნაღველსაა მიცემულიო“. მოსე მყისვე შემობრუნდა და როგორც იცი ისე ილოცეო, გაახარა მწყემსი.
ინსტრუქცია