[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / სტატია

კონფედერაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ქართულ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ოფიციალურ და საზოგადოებრივ დისკუსიებში

ავტორი: ზურა წურწუმია

წინასიტყვაობა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველო მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციით, არაერთი საშინაო თუ საგარეო პრობლემით შეხვდა. წინასაარჩევნო დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხიც იყო. დისკუსია მმართველი პარტიის მიერ იქნა ინიცირებული და არჩევნებამდე რამდენიმე თვე ეს საკითხი მედიის, პოლიტიკური აქტორების, ექსპერტებისა თუ მკვლევრების ყურადღების ერთ-ერთ ცენტრალურ სამსჯელო თემად იქცა. ამ საკითხზე მსჯელობა ისმოდა როგორც საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში, ისე - რუსეთშიც. წარმოდგენილი დოკუმენტის მიზანია მიმოიხილოს ოფიციალური და არაოფიციალური დისკუსიები ქართულ და რუსულენოვან მედიაში, რომელიც აქტიურად აშუქებს როგორც საქართველოს, ისე - რეგიონის ამბებს.

კვლევა ეფუძნება შემდეგ მეთოდოლოგიას:

ანალიზისთვის შეირჩა ყველა ის მედიაპლატფორმა, რომელიც პოპულარულია რეგიონში. იგულისხმება ტელევიზიები, ონლაინ გამოცემები და სოციალური ქსელები, როგორიცაა Telegram და YouTube არხები, ასევე ბეჭდური მედიის რამდენიმე ონლაინ გამოცემა, რომელიც აფხაზურ საინფორმაციო სივრცეში გავლენით სარგებლობს.

წყაროების შერჩევის კრიტერიუმი მათ მიერ ამ თემატიკაზე 2024 წლის მაისი-ოქტომბრის მონაკვეთში დაწერილი/გამოქვეყნებული მასალები იყო. ჯამში გამოიკვეთა 50-ზე მეტი უნიკალური წყარო, რომლებმაც სხვადასხვა ფორმატის 800-ზე მეტი ნიუსი, სტატია, სიუჟეტი, ტელეგრამ პოსტი თუ ვიდეო გამოაქვეყნეს.[1] წინამდებარე კვლევა მოძიებული ინფორმაციის ნარატიულ ანალიზს წარმოადგენს.

მიღებული მონაცემების უშუალო ანალიზამდე და დაკვირვებების გაზიარებამდე, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის პოლიტიკური კონტექსტი და წინაპირობები, რომელთა პირობებშიც ქართულ საზოგადოებასა და ზოგადად კავკასიის რეგიონში საუბარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარშემო განახლდა.

პოლიტიკური კონტექსტი

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრალური ნაწილი თითქმის არასდროს ყოფილა. ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირებისა და აგვისტოს ომის შედეგად დამძიმებული პოლიტიკური გარემოს პირობებში ხელისუფლებაში მოსული პარტიის მთავარი რიტორიკა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე იყო კონცენტრირებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე, იმავე წლის ნოემბრიდან, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნა, რამაც შექმნა ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი. ფორმალურ დონეზე სახელმწიფო სტრუქტურები აღნიშნავდნენ და მიუთითებდნენ ოკუპაციის არსებობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის პრაქტიკებზე, მოითხოვდნენ რუსეთისგან 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების შესრულებასა და საოკუპაციო ძალების გაყვანას ქვეყნის ტერიტორიიდან. კრიტიკულ სიტუაციებში კი [გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება, და ა.შ.], ხელისუფლება ცდილობდა საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ მომხდარიყო,  ამ მოვლენებს გავლენა არ მოეხდინათ რუსეთთან ურთიერთობაზე და არ გადაზრდილიყო ანტირუსულ რიტორიკაში. „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები ამას რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკად აფასებდნენ.

ოკუპაციის თემა რიტორიკიდან ნელ-ნელა განიდევნა, თუმცა ეს საკითხი შიდა პოლიტიკური დისკუსიის დროს ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირებისას კვლავ აქტიურად გამოიყენებოდა. თავად ეს რიტორიკაც, წლების მანძილზე ფრთხილი გახლდათ, რადგან 2008 წლის ომის საკითხსა და თუ ზოგადად ოკუპაციის პრობლემაზე საუბრისას მთავარი აქცენტი ყოფილი ხელისუფლების შეცდომა/დანაშაულზე კეთდებოდა და რუსეთის ქმედებებს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

ოკუპაციის მიმართულებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკას შემდეგი მახასიათებლები ჰქონდა: ა) რუსეთისთვის გამაღიზიანებელი რიტორიკა ოკუპაციასთან დაკავშირებით, რაც ნაციონალური მოძრაობის დროს თვალშისაცემი იყო - გაქრა; ბ) განცხადებები ფორმალური და ცერემონიალური ხასიათის გახდა; გ) შიდა პოლიტიკურ დისკუსიაში ოკუპაციის პრობლემაზე საუბრისას რუსეთი, როგორც დამნაშავე მხარე, სულ უფრო ნაკლებად მოიხსენიებოდა და ამის პარალელურად გაიზარდა ყოფილი ხელისუფლების დანაშაულზე საუბარი; დ) ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი თითქმის სრულად ჩაიხსნა შიდა პოლიტიკური დისკუსიიდან და ყურადღება სხვა საკითხებზე გადავიდა.

მხარეთა ოფიციალური განცხადებები და პოზიციები

ამ ქვეთავის მიზანია ქრონოლოგიურ ჭრილში წარმოაჩინოს ის საკვანძო ეტაპები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ დეოკუპაციისა თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით ბოლო წლებში გაიარა. პროცესის ბოლო, გარდამტეხი ეტაპი რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომიდან იწყება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი პოლიტიკურ რიტორიკაში სწორედ ამ პერიოდიდან ბრუნდება.

ომის პირველ ფაზაში რუსეთის სამხედრო ძალების წარუმატებლობების ფონზე, ქართულ საზოგადოებაში არაფორმალურ დონეზე გაჩნდა დისკუსია „ისტორიულ შანსებზე“, რომ სამხედრო ძალით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა შესაძლებელი გახდა. სწორედ ამ პერიოდიდან გახშირდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან სამშვიდობო რიტორიკა, ომის დაუშვებლობის აუცილებლობა და ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის მშვიდობის შენარჩუნებაზე საუბარი. იმავე წლის ბოლოს საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ანგარიშის წარდგენისას „ქვეყნის გაერთიანებაც“ ახსენა და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ საბჭოზე აფხაზეთში 10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებაზე ჰქონდათ საუბარი.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ პროცესში მშვიდობიანი გზების ძიება დოკუმენტების დონეზე უცვლელად აისახებოდა სამთავრობო პროგრამებში. მეტნაკლებად იდენტური ტექსტი გვხვდება 2020 წლის გიორგი გახარიას, 2021 წლის ირაკლი ღარიბაშვილისა და 2024 წლის ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილ სამთავრობო პროგრამებში. რეაქცია რუსეთისგან, ისევე როგორც დე-ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან, როგორც წესი, მათ, ან არ მოჰყოლია, ან იდენტურად ფორმალური იყო. ისინი, როგორც წესი, საქართველოს მთავრობებს მოუწოდებდნენ ეღიარებინათ და შეგუებოდნენ რეგიონში 2008 წლის შემდეგ ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ რეალობებს, რაც, ბუნებრივია, იკითხებოდა მოწოდებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარებაზე. სწორედ ამგვარი რეაქცია ჰქონდა 2023 წლის თებერვალში ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამის წარდგენაზე ცხინვალის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, 2023 წლის 7 მარტს, პარტია „დროა“-მ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და, ამავე დროს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკისა და ქართული წარმოშობის რუს ბიზნესმენ, დავით ხიდაშელის შეხვედრის ფოტომასალა გაავრცელა. ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე კონფედერაციის საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ვაჭრობისა და რკინიგზის აღდგენის, ასევე დე-ფაქტო მთავრობებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარების საკითხები განიხილეს. გიორგი ვოლსკის არც შეხვედრა უარუყვია და არც ნახსენები თემები. თუმცა იგი სრულად დისტანცირდა კონფედერაციის თემისგან და განმარტა, რომ არსებულ ვითარებაში [ომი უკრაინაში] კონფედერაციაზე საუბრისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. თემის იგნორირება მოხდა სოხუმიდან და ცხინვალიდან. ვოლსკი-ხიდაშელის შეხვედრაზე კომენტარი მხოლოდ აფხაზეთის დე-ფაქტო შსს მინისტრმა გააკეთა და ყურადღება ვაჭრობის საკითხებზე გაამახვილა. რობერტ კიუტმა უარყო რკინიგზის აღდგენაზე რაიმე სახის მოლაპარაკებები და დასძინა, რომ ამგვარი მოლაპარაკებები მისი უწყების კომპეტენციაში ისედაც არ შედიოდა.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხმა შემდეგ ჯერზე უკვე 2024 წლის 26 მაისის საზეიმო აღნიშვნისას გაიჟღერა. „ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე. ამ სიტყვებს შეფასება მოჰყვა რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ზატულინისგან, რომელმაც პრემიერ კობახიძის სიტყვები პატრიოტიზმის გამოვლინებად და დასავლეთის წინაშე თავის მართლების სურვილად შეაფასა. რუსეთის ოფიციალური წრეებიდან ამ საკითხს ფედერაციული საბჭოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინიც გამოეხმაურა. კობახიძის განცხადება მანაც შიდა პოლიტიკური პროცესის ნაწილად შეაფასა, და  მსჯელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ეშმაკისეული უწოდა.

პრემიერ კობახიძის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, სერგეი შამბამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ცვლილებებსა და კონფედერაციის თემაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ ხედავს რეალურ სცენარებს, სადაც რუსეთმა შეიძლება უკან წაიღოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფედერაციული კავშირი დამყარდეს. თუმცა დასძინა - ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ ეს იქნება სხვა ფორმატი, სხვა სახის ინტეგრაცია, რომელიც უფრო მეტად საკავშირო სახელმწიფოს ფორმის იქნება. ამ კომენტარით სერგეი შამბამ საქართველოსთან ინტეგრაციის იდეა სრულად არ უარყო და ახსენა ინტეგრაციის სხვადასხვა ფორმატი, რომელთაგან, როგორც ჩანს, სოხუმისთვის სამოკავშირეო ფორმატი, მსგავსად რუსეთ-ბელორუსიისა, უფრო მეტად იყო მისაღები, ვიდრე - კონფედერაცია. პრემიერ კობახიძის 26 მაისის განცხადებიდან რამდენიმე საათში სერგეი შამბას პოზიცია უფრო მკაფიო და მკაცრი გახდა. მისი თქმით, აფხაზეთის მიზანი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაა და სოხუმი არ აპირებს კონფედერაციის, ან რაიმე სხვა ურთიერთობის საკითხების განხილვას „ამ სახელმწიფოსთან“. კობახიძის სიტყვებს რეაქცია მოჰყვა ცხინვალიდანაც. დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში უადგილო უწოდა საქართველოსთან შეერთებაზე საუბარს.

2024 წლის მაისის მონაცემებით, არც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყოფილა კონკრეტული განცხადება კონფედერაციისა თუ სხვა რაიმე სახის კონკრეტული გეგმების შესახებ, გარდა განცხადებისა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილის შესახებ. ხოლო დე-ფაქტო მთავრობებიდან და რუსეთის პოლიტიკური წრეებიდან გამოხმაურებები აჩვენებს, რომ ისინი მსჯელობებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე სერიოზულად არ განიხილავდნენ. მეტიც, მათთვის ეს დისკუსია საქართველოს შიდა პოლიტიკას ან საქართველო-დასავლეთის ურთიერთობებს უფრო ეხებოდა,  ვიდრე - ქართულ-რუსულ ან ქართულ-აფხაზურ-ოსურ ურთიერთობებს.

მომდევნო ორნახევარი თვის განმავლობაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა „ქართული ოცნების“ რიტორიკიდან პრაქტიკულად ისევ გაქრა. ეს საკითხი აგვისტოს მეორე ნახევარში გაცოცხლდა და ამჯერად აშკარად საარჩევნო თემას დაუკავშირდა. „ქართული ოცნების“ განცხადებით, მათ 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდებოდათ და 4 მთავარ მიზანს შორის დასახელებული იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. „მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“. ამ განცხადებას იმავე დღეს უპასუხა ცხინვალის-დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ქართულ მხარეს მოუწოდა შეგუებოდა ახალ რეალობებს და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამავე განცხადების მიხედვით, ცხინვალში „ქართული ოცნების“ პოზიცია ისევ შიდა საარჩევნო პროცესს დაუკავშირეს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საარჩევნო დღის წესრიგში სწორედ ამ პერიოდიდან აქტიურად დამკვიდრდა, „ქართული ოცნება“ ამ თემას რამდენჯერმე დაუბრუნდა. 2024 წლის სექტემბერში კი, ჯერჯერობით ყველაზე ხმამაღალი და, ამავე დროს, მეტი შინაარსის მატარებელი განცხადება ბიძინა ივანიშვილმა, გორში საარჩევნო კამპანიის შეხვედრაზე გააკეთა. მან, ერთი მხრივ, ნაციონალური მოძრაობის დანაშაულზე, მეორე მხრივ - ოსებთან ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა. მისი სიტყვებით, სწორედ ბოდიშისა და შერიგების გზით შეიძლება დასრულდეს ძმათამკვლელი დაპირისპირება ქართველებსა და ოსებს შორის. ივანიშვილმა მთავარ მიზნად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარდა ოს ხალხთან შერიგება და ნდობის აღდგენა გამოაცხადა. ამ ორ მიზანს მან თანაბარი მნიშვნელობა მიანიჭა, ხოლო თავისი ხედვა/გეგმა ბოდიშის მოხდასა თუ ქართულ „ნიურნბერგის პროცესზე“ სწორედ ნდობის აღდგენის წინაპირობად გამოაცხადა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ განცხადებას უპასუხა, სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი იყო. მან სამხრეთ ოსეთის აღიარება და ოსური ტერიტორიების [თრუსოს ხეობა, გუდაური და სხვ.] დაბრუნება მოითხოვა. ივანიშვილის განცხადება მოიწონა ასტამაზ ბიბილოვმაც, რომელიც ცხინვალის რეგიონში ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ოსეთის“ ლიდერია. მისი თქმით, ქართული მხარის განცხადებები გულწრფელად მაშინ ჩაითვლება, როდესაც საქართველო აღიარებს 1920, 1989 და 1992 წლებში მომხდარ ოსი ხალხის გენოციდს, აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, აღიარებს 2008 წლის ომის დაწყებას და სამხრეთ ოსეთში ჩადენილ ომის დანაშაულებებს. კომენტარი გააკეთა ცხინვალში დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა იური ვაზაგოვმაც. მისი შეფასებით, ივანიშვილის ეს განცხადება სრულად უკავშირდებოდა საარჩევნო პროცესს და მხოლოდ ქმედითი ნაბიჯების შემდეგ დაიჯერებდნენ ქართული მხარის ბოდიშის გულწრფელობას. ცხინვალის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც ქართული მხარის კრიტიკით შემოისაზღვრა. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერის სიტყვები უფრო შიდა პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდებოდა, ვიდრე რეალურ საქმეს. მათი კრიტიკა ივანიშვილისა და კობახიძის განცხადებებში სხვაობამ გამოიწვია. საქართველოს პრემიერმა ივანიშვილის სიტყვის კომენტირებისას დასძინა, რომ ბოდიში და დანაშაული ნაციონალურ მოძრაობას მიემართება და არა სახელმწიფოს. აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, ქართულ მხარეს ჩადენილი დანაშაულებების გამო აფხაზებისთვისაც ჰქონდა ბოდიში მოსახდელი. მთლიანობაში ორივე დე-ფაქტო საგარეო უწყების ოფიციალური განცხადებები იდენტური იყო. მათ ბოდიშის მოხდის სურვილი ხაზგასმით მოიწონეს, თუმცა ჩამოთვალეს ის კონკრეტული ნაბიჯებიც, რასაც თბილისისგან მოელოდნენ. საუბარი იყო საზღვრების დემარკაცია/დელიმიტაციასა და მხარეებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რაშიც პირველ რიგში თავდაუსხმელობისა და იარაღის გამოუყენებლობის შეთანხმება იგულისხმებოდა.

რუსული პოლიტიკური წრეებიდან კომენტარი დუმის დსთ-ის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ ზატულინმა გააკეთა. ივანიშვილის განცხადება მანაც საარჩევნო პროცესს დაუკავშირა, ხოლო საქართველოს გაერთიანებაზე საუბრისას თავისი წინა განცხადებების ხაზი გააგრძელა. საქართველოს გაერთიანებაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ „ამ მატარებელმა უკვე ჩაიარა. საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ დაბრუნდებიან. რუსეთი რესპუბლიკების გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენასა და მათზე ზეწოლას არ აპირებს, რომლის იმედიც შეიძლება ზოგიერთებს ჰქონდეთ. ჩვენ სრულიად სხვა დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე. არავითარი გეგმა, შევცვალოთ ჩვენი გადაწყვეტილება რაიმე სახის ეფემერული სარგებლის სანაცვლოდ, არ არსებობს და ვერც იარსებებს“.

„ქართული ოცნების“ გზავნილებს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. 28 სექტემბრის პრესკონფერენციაზე მან განაცხადა: „საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება პატიოსნად აფასებს წარსულს. მათ ასე თქვეს კიდეც, რომ              „გვსურს ისტორიული შერიგება“. რა სახით და როგორი ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება - ეს თავად ამ ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გადასაწყვეტიც არის. ისინი საქართველოს მეზობლები არიან და კონტაქტები ისედაც გარდაუვალია. თუკი ურთიერთობების ნორმალიზაციის, თავდაუსხმელობის ხელშეკრულების სურვილი ყველა მხარეს ექნება - ჩვენ მხარეების დაინტერესების შემთხვევაში მზად ვართ დავეხმაროთ“.

4 ოქტომბერს ლავროვი ორივე ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებსაც შეხვდა. სერგეი შამბასთან შეხვედრისას ლავროვმა მიუთითა, რომ რუსეთი გააგრძელებდა აფხაზეთის საერთაშორისო სტატუსის განმტკიცებას, ხოლო რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პირობებში გაგრძელდებოდა. ახსარ ჯიევთან შეხვედრისას კი განაცხადა, რომ 2008 წლის გადაწყვეტილებები არ გადაიხედებოდა [იგულისხმება ორივე რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება].

ამ შეხვედრებიდან ორ დღეში, 6 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს სპეციალური ფეისბუკ პოსტი მიუძღვნა. მან გამორიცხა კონფედერაციის ვერსია და ანტიეროვნულ საკითხად მოიხსენია, რადგან ის ორივე რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებასაც ითვალისწინებდა. მდინარაძემ გაიმეორა პრემიერის 26 მაისის სულისკვეთება და ერთიანი საქართველოს იდეა ქართულ ოცნებად მოიხსენია. განცხადება სპეციალური ჰეშ-თეგებით დაასრულა - #აფხაზეთისაქართველოა და #სამაჩაბლოსაქართველოა.

2024 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის გაჟღერებული ოფიციალური განცხადებების დაკვირვება საშუალებას იძლევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში გამოიკვეთოს მხარეების [„ქართული ოცნება“, რუსეთის ხელისუფლება, დე-ფაქტო ხელისუფლებები] ხედვა/პოზიციები.

  • „ქართული ოცნების“ მხრიდან კონფედერაციის თემამ პირველად პოლიტიკური სკანდალის ფორმაში გაიჟღერა. საკითხზე კომენტირებისას კონფედერაციის არასერიოზულობაზე თავადვე გააკეთეს განმარტება. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კატეგორიულად უარყო კონფედერაციის გეგმა და მას ანტიეროვნული უწოდა.
  • 2024 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აღნიშვნის ცერემონიალზე პრემიერის განცხადება წარმოადგენდა ზოგად სურვილსა და გეგმას, რომელიც 2030 წლისთვის ქვეყნის ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნის პარალელურად მიღწევას გულისხმობდა - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ევროკავშირში გაწევრიანებას.
  • ამ განცხადებას ისევ რამდენიმეთვიანი პაუზა მოჰყვა და უკვე აგვისტოს ბოლოდან, განსაკუთრებით კი, სექტემბერში გაკეთებული განცხადებებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი წინასაარჩევნო კამპანიას დაუკავშირდა. არჩევნებში გამარჯვება და, ამავე დროს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობად დასახელდა. ასევე გაჟღერდა დამატებითი წინაპირობაც - აგვისტოს ომის დაწყებაში ქართული მხარის დანაშაულის აღიარება/ცნობა, ნაციონალური მოძრაობისა და ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება ამ დანაშაულებრივი ომის დაწყებისთვის და ბოდიშის მოხდა ოსური მხარისთვის.
  • რუსეთისა და დე-ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან არასასურველი გამოხმაურებების ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ სრულად შეწყვიტა კონფედერაციისა თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე წინასაარჩევნოდ საუბარი. პარტიის ერთ-ერთმა სპიკერმა, კონფედერაცია ანტიეროვნულ ვარიანტადაც კი შეაფასა.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ უფრო შინაარსობრივი და, ამავე დროს, წინააღმდეგობრივი განცხადებების ავტორი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც ფორმალურად არცერთი სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეა. საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი და ოფიციალური პირები, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამ განცხადებებსა და კონფლიქტების მოგვარების/ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახალ მიდგომებს ჯერჯერობით სერიოზულად არ ეხმაურებიან, და მათ ქმედებებზე ეს ცვლილებები ჯერჯერობით არ ასახულა.

დე-ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან უმაღლეს დონეზე განცხადებები გაავრცელეს დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, ასევე აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელიც მოგვიანებით საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. რუსეთის ფედერაციის მხრიდან კი, განცხადებები თავდაპირველად დუმის დეპუტატებმა გააკეთეს, სექტემბრის ბოლოს - საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

რაც შეეხება თავად განცხადებებს, დე-ფაქტო მთავრობების განცხადებები ხშირად იდენტურია და ის რამდენიმე ელემენტისგან შედგება:

  • საქართველოსთან კონფედერაციის საკითხი არ განიხილება;
  • აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება;
  • საქართველომ უნდა აღიაროს ომის დაწყება და აფხაზი/ოსი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულებები;
  • საქართველომ უნდა აღიაროს ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა, დაიწყოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, ხელი მოაწეროს იარაღის გამოუყენებლობის შეთანხმებას;
  • „ქართული ოცნების“ მხრიდან განცხადებები უკავშირდება შიდა პოლიტიკურ პროცესს და წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ეს განცხადებები, შესაძლოა, ასევე უკავშირდებოდეს საქართველო-დასავლეთის გაუარესებულ ურთიერთობებს.

რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში კი იკვეთება შემდეგი პოზიციები:

  • რუსეთი არ აპირებს 2008 წლის გადაწყვეტილებების გადახედვას და დამოუკიდებლობის აღიარებების უკან გაწვევას;
  • რუსეთი მიესალმება ქართული მხარის სურვილს, აღიარონ წარსული შეცდომები და სურვილის შემთხვევაში მზად არის ხელი შეუწყოს სამივე ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზებას;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ილუზორული საკითხია და კრემლი არ აპირებს ზეწოლა მოახდინოს დე-ფაქტო მთავრობებზე საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად;
  • კონფედერაციისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი შიდა საარჩევნო პროცესის ნაწილია და მიმართულია, ერთი მხრივ, ელექტორატისაკენ, მეორე მხრივ - დასავლეთისკენ, რათა ოცნებამ მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს.

განცხადებები და პროცესები აჩვენებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის ინიციატორი „ქართული ოცნებაა“, ხოლო კონფლიქტის მეორე მხარე [რუსულ-აფხაზურ-ოსური] ამ ეტაპზე მხოლოდ პასუხობს ცალკეულ განცხადებებს. ეს განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის „ქართული ოცნების“ მიზნებთან და აქარწყლებს წარმოდგენებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშემშლელი მთავარი ფაქტორი, რუსეთის ფედერაციის სახით, დაძლეულია.

საზოგადოებრივი დისკუსია

საზოგადოებრივ დისკუსიაზე დასაკვირვებლად კვლევა იმ ფაქტოლოგიური თუ სადისკუსიო მასალის ნარატიულ ანალიზს ეყრდნობა, რომელიც ზემოთ ნახსენებ მედიასაშუალებებზე გამოქვეყნდა. საუბარია სატელევიზიო ეთერებზე, ონლაინ მედიაგამოცემებსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ბეჭდურ და ვიდეომასალაზე. დისკუსიები ქართულ, რუსულ, აფხაზურ თუ ოსურ საზოგადოებებში ორი - ფიზიკური და ონლაინ ფორმატით არსებობს. ფიზიკური დისკუსიების ნაწილი მედიის გაშუქების მიღმა რჩება და, ბუნებრივია, მისი ანალიზი რთულია. თუმცა ფიზიკურად შემდგარი დისკუსიების მეორე ნაწილი მედიის სხვადასხვა ფორმით არის გაშუქებული. მეორე მხრივ, ონლაინ დისკუსიები ავტომატურად ხელმისაწვდომია ღია მედიაწყაროებზე. გამოვლენილი რამდენიმე ათეული მედიის კონტენტის ანალიზი საშუალებას გვაძლევს მიმოვიხილოთ საკვლევი საკითხის გარშემო გამართული დისკუსიები და შევეცადოთ მათ თვისებრივ, შინაარსობრივ დახარისხებასა და გაანალიზებას.

გასათვალისწინებელია ის პოლიტიკური და მედიაგარემო, რომელშიც კვლევისთვის შერჩეული მედიაწყაროები ოპერირებენ. განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა საქართველოში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთში. ზოგადად, კავკასიის რეგიონში. მედიის თავისუფლების ხარისხი მთლიანობაში პრობლემური ან დაბალია, თუმცა სხვადასხვა პლატფორმა თავისუფალი მსჯელობისა და კრიტიკული დისკუსიის განსხვავებულ სივრცეებს ქმნის. მაგალითისთვის, ონლაინ და სატელევიზიო სივრცე ოკუპირებულ ტერიტორიებსა თუ რუსეთში მაღალი ხარისხის პოლიტიკური კონტროლით ხასიათდება. სანაცვლოდ, მედია სოციალური ქსელებით ცდილობს ამ თავისუფლების კომპენსირებას, რასაც ვაკვირდებით ტელეგრამ არხებზე აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში, ან თუნდაც ემიგრაციაში მაუწყებელი რუსული „ტვ დოჟდი“, რომელიც რუსულ მედიასივრცეში ერთ-ერთ ალტერნატივად ჩამოყალიბდა. ქართული მედიის შემთხვევაში სახეზე გვაქვს, ერთი მხრივ, პოლიტიკური პოლარიზაცია, მეორე მხრივ - მედიის პოლიტიზება. ამ სივრცეში ონლაინ მედია ავსებს დისკუსიის მოთხოვნებს, თუმცა მისი მუშაობის სპეციფიკა შეზღუდულია. ალტერნატივის ფუნქცია სოციალურმა ქსელებმა იტვირთეს, თუმცა ჯერჯერობით YouTube-ისა თუ სხვა სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი არ არის იმდენად განვითარებული, რომ მათ სრულად შეასრულონ ალტერნატიული მედიის როლი. მიუხედავად ამისა, ამ პირობებშიც კი, საკმაო მასალას ქმნის YouTube-ის ქართული სეგმენტი, რაც რამდენიმე საინტერესო არხით არის წარმოდგენილი.

სწორედ ამგვარი პარალელურად არსებული მედიასაშუალებების კონტენტის ანალიზი იძლევა იმის საშუალებას, რომ დავაკვირდეთ და აღმოვაჩინოთ ის საზოგადოებრივი დისკუსიები, რომლებიც მიმდინარეობს ადგილობრივ საზოგადოებასა თუ ზოგადად - რეგიონში.

ქართული საზოგადოებრივი დისკუსია

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, ბუნებრივია, კონფლიქტების აქტიური, სამხედრო ფაზის დასრულების შემდეგ მუდმივად იდგა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში.

აგვისტოს ომის შედეგად დამდგარმა უპერსპექტივობამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ქართული პოლიტიკური დღის წესრიგიდან ან სრულად განდევნა, ან - შორეული მომავლის პერსპექტივად აქცია. ეს ცვლილება განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ბორდერიზაციამ, გამყოფ ხაზზე დაკავებებმა, თუ მკვლელობებმა გადაფარა და, შედეგად, ეს საკითხი პოლიტიკური სცენიდან თითქმის სრულად განიდევნა. ის მხოლოდ ოფიციალურ, ფორმალურ განცხადებებში ინარჩუნებდა თავის ადგილს.

ქართული საზოგადოების ბოლო წლების პრობლემა, რაც პოლიტიკური პოლარიზაციით გამოიხატება, დაღს ასვამს კონფლიქტების გარშემო საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ დისკუსიებს. სწორედ ამგვარი პოლარიზაციის პირობებში გაცოცხლდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა და მასთან ერთად კონფედერაციის საკითხი, როგორც ამ მიზნის მიღწევის შესაძლო გზა.

მედიის პოლიტიზება და თავად პოლიტიკური სივრცის პოლარიზაცია ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რის გამოც ქართულ საზოგადებაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საკითხი შიდა პოლიტიკის პრიზმით განიხილება. ეს, ერთი მხრივ, სულ უფრო მცირე სივრცეს ტოვებს თავისუფალი ანალიზისთვის, ხოლო, მეორე მხრივ - თავად პოლიტიკურ აქტორებს სწორედ შიდა პოლიტიკური მიზანშეწონილობით მოქმედებისკენ უბიძგებს. დისკუსია და მსჯელობა, როგორც წესი, სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ დახურულ შეხვედრებში, მაღალი სტანდარტის მქონე რამდენიმე ონლაინ გამოცემის გვერდებზე ან სოციალურ ქსელებში [მეტწილად YouTube-ზე] მიმდინარეობს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ წყაროების ავტორების რეალური ვინაობა თუ მათი ინტერესები უცნობი და გაურკვეველია. ეს კი დამატებით ეჭვებს აჩენს.

სოციალურ ქსელებში [მეტწილად YouTube-ზე], ამ სქემებზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ბლოგერი/არხი საუბრობს, რომლებიც უმეტესწილად ავითარებენ კონფედერაციის იდეის რეალურობას ან ქმნიან განწყობას, წარმოდგენებს, რომ რუსეთთან „ქართული ოცნების“ დაახლოება/დასავლეთთან დისტანცირება ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებას რეალურს ხდის. ეს არხები, როგორც წესი, უმეტესწილად რუსულენოვანია და რთულია ქართულენოვანი აუდიტორიის ზუსტად დადგენა, თუმცა ვიდეოების ქვეშ კომენტარებში ქართულენოვანი მომხარებლების აქტიურობა მიუთითებს, რომ მას ქართული საზოგადოების ნაწილიც უსმენს/უყურებს. ამგვარ კონტენტს ქმნის Seregei Chichinadze, Caliber Az. უნდა ითქვას, რომ წყაროების ეს ჯგუფი უფრო მეტად მარგინალურია და დიდ გავლენას ზოგადად ქართულ საინფორმაციო ველზე არ/ვერ ახდენს. გამომდინარე აქედან, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივის მხარდამჭერი საინფორმაციო მასალა ძირითადად ფიზიკურ სივრცეში იქმნება პარტიიდან ან პარტიასთან დაკავშირებული პირებისა და ჯგუფების მიერ, ან  ამ ინიციატივის მხარდაჭერა ცალკეული განცხადებებისა თუ დისკუსიების ფორმით ხორციელდება. მაგალითად, გენო პეტრიაშვილის კომენტარი/განმარტება „ქართული ოცნების“ ბოდიშის იდეაზე.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალურობასა და ბოდიშის მოხდის საკითხზე საუბარი ძირითადად სამთავრობო მედიასაშუალებებში მიმდინარეობდა, ისიც, რამდენიმე დღის განმავლობაში. თუმცა ამ წყაროებზე გამოქვეყნებულ მასალაზე დაკვირვებამ აჩვენა ის მსჯელობა და ლოგიკა, რაზეც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალურობა დგას:

  • საქართველოს კონფლიქტების მოგვარების გასაღები მოსკოვშია და რუსეთის თანხმობის გარეშე ამ პრობლემას თბილისი ვერ მოაგვარებს;
  • რუსეთს ოკუპირებული რეგიონები სინამდვილეში თბილისზე ზეწოლისთვის სჭირდება, არ გეგმავს მათ მიერთებას და თბილისთან ურთიერთობის დალაგების შემთხვევაში ადვილად დათმობს მათ;
  • აფხაზურ/ოსურ მხარესა და რუსეთს შორის გამწვავებული კონფლიქტი/უკმაყოფილებები, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია ვაკვირდებით, სწორედ ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებისა და კრემლის უკანდახევის მანიშნებელია.
  • „ქართულმა ოცნებამ“ უცხო ქვეყნის გავლენის შესახებ კანონითა და დასავლეთთან დისტანცირებით დაიზიანა ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალაუფლება. ამ რისკიანი პოლიტიკის საფასური, შესაძლოა, სწორედ ის მოლაპარაკებები და პერსპექტივებია თბილისსა და მოსკოვს შორის, რაც ტერიტორიულ მთლიანობას ეხება.

ამგვარ მსჯელობებს აძლიერებს, ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ სიტყვაძუნწი დაპირებები და მინიშნებები ტერიტორიულ მთლიანობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ოპოზიციის კრიტიკა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეგნებულად ბრუნდება რუსულ ორბიტაზე.

მეორე ჯგუფი წყაროებისა, რომელიც ასევე იძლევა მსჯელობისა და ანალიზის პლატფორმას, წარმოადგენს ონლაინ მედია გამოცემებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც ვებგვერდების, ისე ფეისბუკ გვერდებისა და YouTube არხების საშუალებით. როგორც უკვე აღინიშნა, სატელევიზიო არხები ყველაზე მეტად პასიურობდნენ ამ საკითხის გაშუქებისას და ამ პლატფორმებზე თემის გარშემო მნიშვნელოვანი დისკუსიები არ გამართულა. ინტერვიუების, მსჯელობებისა და დისკუსიების მთავარი მონაწილეები ექსპერტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ თემის გარშემო დისკუსიაში სამოქალაქო სექტორი აქტიურად იყო ჩართული როგორც მონაწილის, ისე - ორგანიზატორის ფუნქციით, თუმცა ამ მსჯელობების უმეტესობა ფიზიკურ რეჟიმში, მედიის გაუშუქებლად მიმდინარეობდა, რაც ამ შეხვედრებზე დაკვირვებისა და ანალიზის საშუალებას არ იძლეოდა.

 ონლაინ დისკუსიის ნარატივები რამდენიმე სახისაა: რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის არსებობს არაოფიციალური კონტაქტი, კომუნიკაცია, თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ან ღია პროცესი, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი სერიოზულად განიხილება.

  • „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი არ იკვეთება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპისთვის ამის სერიოზული ნიშნები არ ჩანს. მეტიც, რუსეთის მხრიდან ოფიციალური განცხადებები სრულად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ რიტორიკას და უგულებელყოფს რაიმე სახის პერსპექტივას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა თუ კონფედერაციის მიღწევის კუთხით.
  • თბილისის მიერ დასავლეთთან დაპირისპირებისა თუ დისტანცირების პოლიტიკა, ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბრები, შიდა პოლიტიკური პროცესის ნაწილია, რომელიც, ერთი მხრივ, ძალაუფლების კონსოლიდაციას, მეორე მხრივ კი - მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერის გაზრდას ისახავს მიზნად. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ის პოპულისტური გზავნილია, რომელსაც „ქართული ოცნება“ წინა არჩევნებზე არ იყენებდა, თუმცა ახლა მიზანშეწონილობიდან გამომდინარე დასჭირდა.
  • დაპირისპირება მოსკოვს, სოხუმსა და ცხინვალს შორის არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ეს პროცესები რაიმენაირად შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოსთვის ტერიტორიების დაბრუნებას. ეს კონფლიქტები შიდა რუსულ/აფხაზურ ან რუსულ/ოსურია. მეტიც, ამ კონფლიქტების პროგნოზირება ისედაც შესაძლებელი იყო, თუკი ბოლო წლებში მათ შორის ურთიერთობის დინამიკას და წარმოშობილ პრობლემურ საკითხებს დავაკვირდებოდით. მაგალითისთვის, სოხუმისთვის დაფინანსების შეჩერების მუქარა რუსული ინტერესების აფხაზეთში გატარების ჩავარდნაზე რეაქციაა და არა იმის მცდელობა, რომ კრემლი ამ რეგიონების თავიდან მოშორებას შეუდგეს.

ქართული საზოგადოებისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, მიუხედავად ბოლო წლებში ამ საკითხის სათადარიგო პლანზე გადაწევისა, მნიშვნელობას არ კარგავს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოებას ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთი დაპირებისა თუ საბოლოო ჯამში წარუმატებელი პოლიტიკის გამოცდილება დაუგროვდა. ამგვარი იმედგაცრუება და პოლიტიკური პოლარიზაცია განაპირობებს ორაზროვან განწყობებს მიმდინარე პროცესების მიმართ. ერთი მხრივ, ფაქტები, რეალობა და მეორე მხრივ, სურვილი და მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა - ნდობა პოლიტიკური ავტორიტეტების მიმართ, ასაზრდოებს როგორც სკეპტიციზმს, ისე - დაუსაბუთებელ ოპტიმიზმსაც.

მოსაზრებები ოსურ და აფხაზურ საზოგადოებებში

მსგავსად ქართული საზოგადოებისა, აფხაზური და ოსური საზოგადოებებიც, ამ პროცესში საკუთარი გამოცდილებიდან, გაცხადებული პოლიტიკური მიზნებიდან და ამჟამად რეგიონს შიგნით თუ გარეთ არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ეს კომპლექსურობა განსაკუთრებით საგრძნობია აფხაზეთში, სადაც გარდა ქართულ-აფხაზური კონტექსტისა, პარალელურად მიმდინარეობს რუსულ-აფხაზური ურთიერთობები და თავად რეგიონს შიგნით დე-ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დაპირისპირება. დამოუკიდებლობისა თუ სუვერენიტეტის დაკარგვა ან აფხაზეთის სტატუსის ცვლილება სოხუმში შიდა პოლიტიკური მანიპულაციის საკითხად ადვილად იქცევა. შესაძლოა, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე სოხუმიდან ისმის ტრადიციული პასუხები, რომლებიც სრულად გამორიცხავენ აფხაზეთის სტატუსის [ე.წ. დამოუკიდებლობის] გადახედვას, და აქცენტს თბილისთან იარაღის გამოუყენებლობაზე შეთანხმების მიღწევას, თუ სულაც დამოუკიდებლობის აღიარებაზე აკეთებენ. ოფიციალურ აფხაზურ მედიაში, როგორც ონლაინ, ისე - ტელეარხებზე, ინფორმაცია, როგორც წესი, ფორმალური განცხადებებისა და ფაქტების კონსტატაციის სახისაა. თითქმის იდენტური სურათია სამხრეთ ოსეთის შემთხევაში. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ტელეგრამ არხების შემთხვევაში აფხაზეთში მათი ადმინისტრატორები უცნობი, ანონიმი მომხმარებლები არიან, რომლებიც, როგორც წესი, ამ პლატფორმას შიდა პოლიტიკური დებატებისთვის, ოპონენტების კრიტიკა/“გაშავებისთვის“ იყენებენ. რაც შეეხება სხვა სივრცეს - ის ძირითადად წარმოდგენილია რეგიონული/საერთაშორისო მედიით, სადაც თავად აფხაზი/ოსი ავტორები მეტი სარედაქციო თავისუფლების ხარჯზე მსჯელობის ორგანიზებას ახერხებენ. ამ განსხვავებული წყაროების მიმოხილვით შესაძლებელია გამოვკვეთოთ ის ძირითადი მოსაზრებები, რომლებზეც აფხაზური და ოსური საზოგადოებები საქართველოსთან გაერთიანების კონტექსტში მსჯელობენ:

  • ორივე საზოგადოებაში იგრძნობა განცდა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები შეიცვალა, დათბა და ეს განაპირობებს შიშს, რომ დიდმა მოთამაშეებმა მათი ბედი, შესაძლოა, მათგან დაუკითხავად გადაწყვიტონ. ეს შიში გამოწვეულია ორი ფაქტორით - მათ არ სურთ საქართველოსთან გაერთიანება და ამავე დროს, მათი სურვილის შემთხვევაშიც კი, მათ ანგარიშს არც მოსკოვი გაუწევს და არც თბილისი. მეორეხარისხოვანი აქტორის როლი ყოვლად მიუღებელია ორივე საზოგადოებაში.
  • კონფედერაციის თემის გაცოცხლება, ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარი უფრო მეტად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება და რეალურად რუსეთი თბილისისთვის მათი „დამოუკიდებლობის“ დათმობას არ აპირებს.
  • რუსეთის ინტერესში არ შედის სოხუმისა და ცხინვალის თბილისისთვის დაბრუნება და გამომდინარე ამ ლოგიკიდან - არარეალისტურია ის, რასაც „ქართული ოცნება“ აცხადებს და ჰპირდება ქართველებს.
  • საქართველო დისტანცირდა დასავლეთისგან და ერთი შეხედვით რუსულ ორბიტაზე ბრუნდება, თუმცა თბილისი ამ ეტაპზეც კი, პრორუსულ პოლიტიკას არ ატარებს, თუნდაც მათი რეგიონების მიმართ: ძალაშია კანონი ოკუპაციის შესახებ, საქართველო აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას, უარს აცხადებს იარაღის გამოუყენებლობის ხელშეკრულებაზე და ა.შ.
  • რუსეთის მკაცრი პოლიტიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ნაკლებად არის დაკავშირებული მოსკოვსა და თბილისს შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე შესაძლო მოლაპარაკებებთან. მოსკოვს აფხაზეთის რესურსებზე სრული წვდომა ამოძრავებს და ეს პოლიტიკა, წლებია, მიმდინარეობს, ხოლო სამხრეთ ოსეთის შემთხევაში დე-ფაქტო დეპუტატებისთვის პასპორტის ჩამორთმევა, თუ დე-ფაქტო არჩევნების დროს გარკვეულ თემებზე ტაბუს დადების მოთხოვა უფრო „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანი იყო, ვიდრე იმის წინაპირობა, რომ მოსკოვი რეგიონს დათმობდა.
  • ქართულ-რუსული შეთანხმების შემთხვევაშიც კი, გასათვალისწინებელი იქნება ადგილობრივი ფაქტორები, ქონებასთან თუ დევნილებთან დაკავშირებით, რომლის მოგვარებისთვის მზაობა არც აფხაზურ, არც ოსურ საზოგადოებებში არ არის. შესაბამისად, ეს პროცესი, შესაძლოა, წლობით გაიწელოს და ცხინვალსა და სოხუმს ამით საშუალება მიეცეს ეს კრიზისული პერიოდი ნაკლები დანაკარგებითა და სუვერენიტეტის დაცვით გაიარონ.

აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში პროცესების მიმართ უნდობლობა იგრძნობა. ამ გაურკვევლობას, ყველაზე მეტად რუსეთ-საქართველოს შორის ტრადიციულად დაძაბული ურთიერთობების ცვლილება განაპირობებს. ეს დაპირისპირება თბილისისგან დაცვის გარანტიებს ქმნიდა, თუმცა ახლა, თბილისსა და მოსკოვს შორის შეცვლილი რიტორიკა, გაურკვეველია, რა შედეგებამდე მიიყვანს ამ რეგიონებს. ორივე საზოგადოებაში, გამონაკლისების გათვალისწინებით, იგრძნობა საქართველოსთან გაერთიანების იდეის მიუღებლობა.

განწყობები რუსეთში

რუსეთში მიმდინარე პროცესებსა თუ არსებულ განწყობებზე ინფორმაციის მიღება რუსული ტრადიციული და ახალი მედიის დაკვირვებით არის შესაძლებელი. თუმცა ორივე ტიპის მედია, გასაკუთრებით უკრაინასთან ომის პირობებში, თითქმის სრულად კონტროლდება კრემლის მიერ. მიუხედავად ამისა, დაკვირვება ცხადყოფს, რომ საკამათო და წინააღმდეგობრივი მოსაზრებები, თუნდაც კონტროლირებად მედიასივრცეშიც ისმის. მაგალითისთვის, უკრაინის ომთან დაკავშირებით პოპულარულ თოქ-შოუებსა თუ მრავალრიცხოვან ტელეგრამ არხებზე პერიოდულად ისმის ხელისუფლების, ჯარისა თუ კონკრეტული უწყებების/თანამდებობის პირების კრიტიკა. ამასთანავე, არსებობს ე.წ. მიგრაციაში მომუშავე რუსული მედია, პირველ რიგში, „ტვ დოჟდი“. პოლიტიკური შემეცნებითი მედიასივრცის ნაწილს ავსებენ ცალკეული ავტორები და ბლოგერები, თუმცა მათი ინტერესი უფრო მეტად რუსეთს, მიმდინარე ომს ეხება.

უშუალოდ საქართველოსთან მიმართებით რუსულ ოფიციალურ წრეებსა თუ მედიაში  საქართველო-დასავლეთს შორის გაუარესებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით აშკარად იგრძნობა კმაყოფილება. თუმცა ეს კმაყოფილება არ არის გადაზრდილი იმ ფუნდამენტურ თემებში, როგორიცაა საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. ლავროვის, ზატულინისა და კარასინის ზემოთ ნახსენები განცხადებები თვისებრივად რუსეთში არსებული პოლიტიკური განწყობების მთავარ გზავნილებს შეიცავს:

  • 2008 წლის შემდეგ საქართველოს საზღვრები შეიცვალა და მასში აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი არ შედიან. თბილისი უნდა შეეგუოს ამ რეალობას და აქედან გამომდინარე აწარმოოს საგარეო პოლიტიკა;
  • რუსეთს, შესაძლოა, სირთულეები ჰქონდეს ამ რეგიონების დაფინანსებასა თუ სრულ კონტროლში, თუმცა ეს არ გულისხმობს მათ დათმობასა და თბილისისთვის დაბრუნებას.
  • ამასთანავე, თავად თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის გადასაწყვეტია, რა სახის ურთიერთობები ექნებათ ერთმანეთში. მოსკოვი მხარს დაუჭერს ურთიერთობების მოგვარებას;
  • არანაირი კულისებს მიღმა დიალოგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს.

ხშირად ისმის უკმაყოფილება და კრიტიკა აფხაზეთთან მიმართებით, განსაკუთრებით, როდესაც საქმე რუსეთისთვის საჭირო კანონმდებლობის მიღებას ეხება. თუმცა ეს კრიტიკა არ იწვევს სერიოზულ მსჯელობებს რეგიონის დათმობისა და საქართველოსთვის დაბრუნების შესახებ. საქართველოს, ჯერ კიდევ იმპერიისა და საბჭოთა პერიოდიდან არსებული პრიზმით აფასებენ და ცნობენ კავკასიაში მის როლსა და მნიშვნელობას. ზოგჯერ იკვეთება სინანული თბილისთან გაფუჭებული ურთიერთობების გამო, თუმცა არსებული ვითარების გადახედვა და ოკუპაციის დასრულება სერიოზული მსჯელობის საგანი არ ხდება. რუსულ ოფიციალურ განცხადებებსა და მედიაში მიმდინარე დისკუსიებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ რუსული პოლიტიკური წრეები ამ ეტაპზე არ განიხილავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს, და მით უფრო მასში თბილისის სასარგებლოდ მოქმედებას. ეს თემა პრაქტიკულად არ ისმის, არ არსებობს. რაც შეეხება ქართულ-რუსულ სამომავლო ურთიერთობებს, ის დამოკიდებულია თბილისის გონივრულობაზე. მიუხედავად კრემლის ე.წ. პროპაგანდისტების მხრიდან „ქართული ოცნების“ არაერთი შექებისა, ჯერჯერობით რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკაში არანაირი ცვლილება არ იკვეთება. მეტიც, ეს პოლიტიკა არათუ ცალსახად მხარს არ უჭერს „ქართული ოცნების“ განცხადებებს კონფედერაციასა თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ის სწორედ ჩანასახშივე აქარწყლებს ამგვარ წარმოდგენებსა და განწყობებს.

დასკვნა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი 2024 წლის ქართულ პოლიტიკაში სრულიად მოულოდნელად და ისიც სკანდალის სახით გაცოცხლდა. საკითხის გარშემო დისკუსიის პიკი სექტემბერში იყო, ხოლო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ის სრულად გაქრა პოლიტიკური თუ მედია დღის წესრიგიდან.

„ქართული ოცნების“ განცხადებები, იგულისხმება პარტიის საპატიო თავმჯდომარის განცხადებები გორში, მთლიანად საარჩევნო თემატიკასთან იყო დაკავშირებული და პოლიტიკური რიტორიკის ფორმას არ გასცდენია. ამ განცხადებების პარალელურად არავითარი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა მთავრობისა თუ სხვა ოფიციალური უწყებების მხრიდან. მეტიც, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებას, არამედ პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას მიება. ეს კიდევ უფრო მეტად აჩენს ეჭვს, რომ ეს პროცესი მხოლოდ არჩევნებს უკავშირდებოდა და არა - რეალურ პოლიტიკურ გეგმას. ფაქტები ამავე დროს იმ მოსაზრებების საწინააღმდეგოდ მეტყველებდნენ, რომლებიც „ქართული ოცნების“ მთავრობასა და კრემლს შორის ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო არსებულ მოლაპარაკებებს რეალობად წარმოაჩენდნენ. როგორც დე-ფაქტო მთავრობების, ისე რუსეთის მაღალჩინოსნების განცხადებები მეტყველებდნენ სწორედ იმაზე, რომ ამ თემის გარშემო რაიმე სახის მოლაპარაკება მეტად საეჭვო იყო.

არჩევნების შემდეგ ქართული და, მათ შორის, აფხაზური საზოგადოება შიდა პოლიტიკურ კრიზისებში გადაეშვა. ამ და სხვა მიზეზებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი გამქრალია პოლიტიკური დღის წესრიგიდან, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, ეს საკითხი არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, თავად „ქართულმა ოცნებამ“ მიივიწყა.

განცხადებების შინაარსები, ფორმები და ფაქტები მეტყველებს, რომ ეს მეტწილად ზედაპირული და შინაარსგამოცლილი წინასაარჩევნო კამპანია უფრო იყო, ვიდრე რეალური და ხელშესახები პროცესი. თუმცა გაკეთებული განცხადებების ბუნდოვანება და გაურკვევლობა კვლავ ტოვებს ეჭვებს, ვარაუდებს, რომ ეს საკითხი სამომავლოდ შეიძლება კვლავ გაცოცხლდეს. შესაბამისად, პოლიტიკური მანიპულაციისთვის ნიადაგი კვლავაც არსებობს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] წყაროების ნახევარზე მეტი ქართულენოვანია. თავისი აქტიურობით დომინირებენ ონლაინ მედიაგამოცემები, რომლებმაც სხვა ტიპის მედიასაშუალებებთან შედარებით რამდენჯერმე მეტი მასალა მოამზადეს და გამოაქვეყნეს. აღნიშნულ თემატიკაზე აქტიურობის სიხშირით მეორე - ტელეგრამ არხები გამოიკვეთნენ, ხოლო ტელევიზიები ყველაზე პასიური მედიასაშუალებები იყვნენ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“