[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / თვალსაზრისი

„ხოპანი“, რუსული გავლენები და უსაფრთხოება

ტიგრან თარზიანი 

ფოტო: სოფო აფციაური

ტიგრან თარზიანის ბლოგი სომხურ ენაზე შეგიძლია იხ. მიმაგრებულ ფაილში.

ჯავახეთზე საუბრისას გვერდს ვერ აუვლი ისეთ საკითხებს, როგორიცაა რუსული გავლენები ან უსაფრთხოება.

ჯავახეთის მოსახლეობის 60-65% ფულს რუსეთში გამოიმუშავებს. უმრავლესობა არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, რადგან თვითდასაქმებულია, ათასობით ადამიანს დაკარგული აქვს მოქალაქეობა და ამის გამო, არანაირი სერვისით არ სარგებლობს.

ჩვენთან სეზონურ სამუშაო მიგრაციას „ხოპანს“ ვეძახით. არავის სიამოვნებს რუსეთის ცივ ქალაქებში სიარული, საერთო საცხოვრებლებსა და სარდაფებში ცხოვრება იმისთვის, რომ ჯავახეთში დარჩენილი ოჯახისთვის რაღაც მაინც იშოვოს.

„ხოპანი“ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდანაა შემორჩენილი. ჯავახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სეზონურ მიგრაციაშია ჩართული და სახსრების საძებნელად რუსეთში მიდის. 1990-2008 წლებში ჯავახეთიდან საქართველოს სხვა რეგიონებში და უცხოეთში (ძირითადად რუსეთში) გადასახლდა 100 ათასი ადგილობრივი.

სამცხე-ჯავახეთის სომხური მოსახლეობა წლების განმავლობაში ეკონომიკურად რუსეთს დაუახლოვდა. იქ ძირითადად ფიზიკურ სამუშაოს ასრულებენ, სამშენებლო კომპანიებში მუშაობენ და მთელი წლის სარჩენ ფულს აგზავნიან აქ დარჩენილი ოჯახებისთვის. მათ მიერ ნაშოვნი ფული ბოლო კაპიკამდე იხარჯება საქართველოში. ამ ფულით იხდიან კომუნალურ გადასახადებს, აღებულ სესხს ყოველთვიურად აღნიშნული ფულით ფარავენ და ა.შ.

ჯავახეთში დარჩენილი ოჯახის წევრები მისდევენ მეცხოველეობას ან დაკავებული არიან მეკარტოფილეობით. წარმოიდგინეთ, სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანების უმრავლესობას არა აქვს ყოველთვიური ან ყოველდღიური შემოსავალი. მაგალითად, კარტოფილს თესავენ მაისის დასაწყისში, 5-6 თვე ენერგიას სრულად ხარჯავენ კარტოფილის მოვლაზე, ყოველგვარი შემოსავლების გარეშე და შემოსავალს მიიღებენ კარტოფილის მოსავლით. ასეთია რეალობა თითქმის ყველა სოფელში.

საბჭოთა კავშირიდან „მემკვიდრეობითაა“ აქ „გადმოცემული“ რუსეთზე დამოკიდებულება. რუსული ენის ცოდნა, რუსეთში ჯავახეთის სომხური მოსახლეობის საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა და ნათესაური კავშირები, ის, რომ ჯავახეთის მოსახლეობა დიდწილად რუსეთით ირჩენს თავს, ამ ქვეყანაზე დამოკიდებულებას ეს კიდევ უფრო ზრდის. წლების განმავლობაში, დიდი თანხა შემოდიოდა და შემოდის რუსეთიდან საქართველოში. კიდევ გავიმეორებ, ეს თანხები ბოლო კაპიკამდე იხარჯება საქართველოში.

ჯავახეთიდან სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფასიან სექტორზე, წლიური სწავლის გადასახადს რუსეთში ნაშოვნი ფულით იხდიან.

  • რას აკეთებს სახელმწიფო ამ დროს?

ბევრს არაფერს!

შრომითი მიგრაცია, როგორც გამოწვევა, ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულად მოსაგვარებელი საკითხი უნდა გახდეს.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სხვა მეგობარ ქვეყნებთან ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება.

ასევე - ადგილობრივ კომპანიებთან შეთანხმება ამ ადამიანების დასაქმების თვალსაზრისით. მესმის, რომ პრობლემიდან გამომდინარე ძალიან რთული იქნება, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც მართავს ქვეყანას, ვალდებულია იფიქროს და იზრუნოს თავის მოქალაქეებზე. თუ არადა, დამოკიდებულება იმ ქვეყანაზე, საიდანაც ოჯახის სარჩენი ფულის შოვნაა შესაძლებელი, შენარჩუნდება.

  • დაპირებები...

ბაქო-თბილი-ყარსი რკინიგზის მშენებლობა 15 წელია მიმდინარეობს... ახალქალაქის სადგურის მშენებლობის პროცესში იგეგმებოდა 15 ათასი ადგილობრივის დასაქმება...

საბოლოო ჯამში - დასაქმდა არავინ/ან სულ რაღაცა 50-მდე ადამიანი სეზონური სამუშაოების შესასრულებლად, დაბალანაზღაურებად პოზიციებზე.

(მოსახლეობა რკინიგზაზე ადგილობრივების არ დასაქმებას მათ ეთნიკურობას უკავშირებს). არადა ადგილობრივებს რკინიგზის დიდი იმედი ჰქონდათ. ახალქალაქის სადგურის აშენება სხვა სფეროების განვითარებასაც შეუწყობდა ხელს. მაგალითად, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის აყვავებას ჯავახეთში, თუმცა რკინიგზა დღემდე სათანადოდ ვერ ამუშავდა. ჯავახეთში საჯარო სამსახურის და სოფლის მეურნეობის გარდა სხვა სამსახური არ არის.

  • ეროვნულ მედიაზე შეზღუდული წვდომა

მეორე საკითხი, რომელსაც აქტიურად განიხილავენ, ინფორმაციის წყაროებზე ხელმისაწვდომობაა. ჯავახეთში ინფორმაციის ძირითადი წყარო რუსული და სომხური ტელეარხებია. ბოლო წლებში ჯავახეთის მოსახლეობისთვის ინფორმაციის სომხურ ენაზე მიწოდება დაიწყეს დამოუკიდებელმა ქართულმა მედია საშუალებებმა. სომხურ ენაზე ინფორმაციას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდიც. პირველი არხის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება მოამბე 21:00 საათზე სინქრონულად ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. მარტო „მოამბის“ სინქრონული თარგმნა არასაკმარისია, რადგან წლებია რუსეთის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები რჩება ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვან წყაროდ რეგიონში.

რუსული საინფორმაციო არხებზე მიბმა პირდაპირ კავშირშია ენობრივ ბარიერთან.

ამასთან, თუ ის პრობლემებიც არ გაშუქდა, რაც მოსახლეობისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუ ისინი არ გრძნობენ თავს ქვეყნის მოქალაქეებად, რომლებზეც ზრუნავენ, ფიქრობენ, თუ აქაურ ცენტრალურ არხებზე მათი ხმა არ ისმის, რა გასაკვირია, რომ არც მოსახლეობა იქნება დაინტერესებული ყურებით?

ჯავახეთში საბჭოთა დროიდან მოყოლებული პოპულარულია რუსული პირველი არხი. პრობლემის მოგვარება მარტივია - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაზარდოს რეგიონის მასშტაბით მათთვის გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოცულობა და გაამრავალფეროვნოს ის. შექმნას შესაბამისი მედია პროდუქტები, უფრო ხშირად გააშუქონ რეგიონში მცხოვრები ხალხის ისტორია, კულტურა და ყოფა.

ომი, გეოპოლიტიკა და ჯავახეთი 2008 წლის აგვისტოს ომმა ისეთივე თავზარი დასცა ჯავახეთის მოსახლეობას, როგორც საქართველოს ნებისმიერი სხვა კუთხის მცხოვრებლებს. რუსეთის აგრესიას მოსახლეობის უმრავლესობა გმობდა, მართალია, აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა ომის გამომწვევი მიზეზების შესახებ, იყვნენ და არიან ისეთი, ადამიანები, ჯგუფები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, თუმცა ეს მასობრივი არაა და ჯავახეთში მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები საქართველოს ინტერესებიდან შორს არ დგანან.

2008 წელს მე 13 წლის ვიყავი, კარგად მახსოვს ომის პერიოდში ჯავახელები მოუსვლელ კარტოფილს ნაადრევად იღებდნენ, რომ დევნილებისთვის გაეგზავნათ.

1828-29 წლებში რუსეთ-ოსმალეთს შორის დადებული ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით რუსებმა საომარი ოპერაციების დროს დაკავებული ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიის დიდი ნაწილი დატოვეს. სომხებს ოსმალეთის იმპერიის წინაშე მარტო დარჩენისა და ფიზიკური განადგურების საფრთხე დაემუქრათ. ამიტომ ისარგებლეს ადრიანოპოლის ხელშეკრულების იმ მუხლებით, რომელთა მიხედვითაც მეომარი მხარეების მოსახლეობას უფლება ეძლეოდა დაუბრკოლებლად გადასულიყო საცხოვრებლად ერთი ქვეყნიდან მეორეში, და რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე გადმოსახლდნენ. (ყარსის, ერზრუმის და ბაიაზეთის ვიალიეთები) შემოყვანილნი კი, ძირითადად, სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მაზრაში დასახლდნენ. 1915 წლის 24 აპრილს კონსტანტინოპოლში დაიწყო სომეხთა მასობრივი დაკავება და დევნა, რომელიც 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სამი წლის განმავლობაში, მილიონზე მეტი სომეხი დაიღუპა. ამდენივე ოსმალეთის იმპერიიდან გაიქცა და მთელ მსოფლიოში გაიფანტა. ისტორიული მოვლენებიდან გამომდინარე ჯავახეთის მოსახლეობას თურქეთის მიმართ განსაკუთრებული განწყობა ან შიში აქვს, რაც წლების განმავლობაში დამახასიათებელი იყო საქართველოს ამ რეგიონისთვის. ამ ყველაფრის შესახებ ძალიან კარგადა ინფორმირებული რუსეთი. ყოველთვის მისი პროპაგანდისტული მედიასაშუალებით და რბილი ძალის მეშვეობით იყენებს ამ ფაქტს დესტაბილიზაციის მიზნით.

სომხების გენოციდიდან 107 წელია გასული, მაგრამ ჯავახეთში მცხოვრებ თითოეული ოჯახის წევრი დღემდე ახსოვთ ამ ამბებს. ყოველწლიურად 24 აპრილს ჯავახეთში მსხვერპლთა პატივსაცემად და გენოციდის აღიარებისთის აწყობენ მსვლელობას.

ერთი სიტყვით, ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამ საკითხზე, თუმცა ჩემი მიზანი არაა საგარეო საფრთხეების შეფასება, არამედ აღნიშნული პრობლემის მიმართ ჩემი დაკვირვების გაზიარება.

მე უფრო ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ ვიბრძოლო და შეცვალო ეს დამოკიდებულობა რეგიონის მიმართ.

უფრო რაციონალურია ვისაუბროთ არსებული ტრადიციული პრობლემების მოგვარებაზე და არსებული რესურსების ამ კუთხით მიმართვაზე, ვიდრე აღნიშნული მდგომარეობა გამოვიყენოთ კარგი პროექტების მოსაპოვებლად, სადაც ეს რეგიონი საფრთხედ არის დანახული და პროექტებით ჩარევის აუცილებლობა ადვილად საბუთდება. ადგილზე აქტიურად მომუშავე ორგანიზაციები 30 წელზე მეტია ერთი და იგივე კონტექსტით საუბრობენ. 90-იანი წლების მოვლენები და დამკვიდრებული თბილისური ნარატივი ისევ აქტუალურია. იყო დრო, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვიზიტით ჩამოვიდა ჯავახეთში და ახალქალაქის ცენტრში, რამდენიმე აქტივისტს პირდაპირ სეპარატისტი დაუძახა. თბილისი ფიქრობდა, რომ ჯავახელები ითხოვენ ავტონომიას. დღეს ეს ლოზუნგები/ნარატივი ჩვენთვის/ახალგაზრდებისთვის წარსულში დარჩა, მაგრამ ეს დისკურსები არ გამქრალა.

ჯავახეთი ტბებით ყველაზე მდიდარი რეგიონია. ასევე მაღალმთიანი რეგიონია საინტერესო ციკლოპური ნაგებობებით და მრავალფეროვანი კულტურის მქონე ხალხით. ეს რეგიონი და აქ მცხოვრები ხალხები საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის უცნობია. არადა ჯავახეთიც საქართველოს ნაწილია, განსხვავებული პრობლემებით, კულტურით, ლანდშაფტით და ისტორიით. ჩამოდით ცივ ჯავახეთში და გაეცანით ამ განსხვავებულ რეგიონს.

ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი ხუმრობით, ყოველთვის ამბობს „ჩვენ აქ, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფომ კონპენსაცია უნდა დანიშნოს, რადგან წელიწადში 8 თვე ზამთარია, სახელმწიფოსგან კი მიტოვებულები ვართ, არავინ დარდობს ჩვენზე“.

ყველანი თანხმდებიან, რომ ადგილობრივი პრობლემები მხოლოდ ადგილობრივი (და არავითარ შემთხვევაში - სომხური ან მით უმეტეს რუსული) ხელისუფლების გადასაწყვეტია.

ჯავახეთში რუსულ გავლენებზე საუბრისას აღნიშნული საკითხების გარდა სხვა უამრავი გამოწვევაა, რაც კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას. ათასობით ადამიანი, რომელიც მოქალაქეობის გარეშეა დარჩენილი, ინტეგრაცია, რუსულენოვანი სკოლები, რუსული ენის სწავლება სკოლებში, თემში ერთიანობის ან დისკუსიის კულტურის ნაკლებობა, გეოპოლიტიკური გავლენები რეგიონზე და ა.შ.

  • რეგიონი მიტოვებულია სახელმწიფოსგან!

არაა სამუშაო ადგილები, არაა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არაა დემოკრატიული პროცესები და ნდობა ჩვენი ხალხის მიმართ, ხარისხიანი განათლების მიღება ასევე ძალიან რთულია.

დღეს მე და ბევრი ახალგაზრდა ვიბრძვით რეგიონში არსებული პრობლემების წინააღმდეგ, მათ შორის ვიბრძვით რუსული პროპაგანდის, გავლენის შესამცირებლად. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია.

ჩვენი აქტიური ახალგაზრდების ბრძოლა ხანძარსაწინააღმდეგო ხანძარს ჰგავს. ხანძარსაწინააღმდეგო ხანძარი არის დიდი/მასშტაბური ხანძრისგან დასაცავი მეთოდი. ამ მეთოდით ავსტრალიაში ერთ-ერთი კუთხის მკვიდრები აქრობენ ხანძრებს. ხელოვნური/გეგმური ხანძრების დაორგანიზებით მაღალი ტემპერატურის მიუხედავად იქ შეძლეს ბუნებრივი ხანძრისგან თავიანთი მიწების 65 პროცენტის დაცვა. ამ მეთოდის გამოყენებით შეძლეს გადაშენების პირას მყოფი მრავალი ენდემური სახეობის გადარჩენა. იქაურებისთვის ხანძარი არა მხოლოდ პრობლემა, არამედ მასთან ბრძოლის საშუალებაცაა.

დღეს ჯავახეთში ბევრი ასეთი პატარ-პატარა „გეგმური“ ხანძრის კერებია, რომლებიც იბრძვიან რუსეთის გავრცელებული დეზინფორმაციის შესამცირებლად, ამ მოვლენებზე საუბრობენ ხმამაღლა და არ ეშინიათ სირთულეების. დღეს ჯავახეთიდან უამრავი სტუდენტი სწავლობს თბილისის სხვადასხვა უმაღლესი დაწესებულებაში, უამრავი ახალგაზრდა მსახურობს საქართველოს ჯარში და ეს ახალგაზრდები თავიანთი პროფესიების შესაბამისად მზად არიან დაიცვან და განავითარონ საქართველო მათი შესაძლებლობის და უნარების ფარგლებში.

Խոպան_1655374400.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“