[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

„ქართული ოცნების“ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ევოლუცია: დესკრიპტიული ანალიზი

რთული დასაწყისი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა მმართველმა ელიტამ საქართველოს სტრატეგიული არჩევანის მიმართ ერთგულება დაადასტურა და მეტიც, ამოცანად საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხარისხობრივად სხვა დონეზე აყვანა და საოცნებო ევროპულ ოჯახში მისი დამკვიდრება დაისახა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მორიგი ცვლა, რომელიც ფორმალურად არჩევნების შედეგად მოხდა, ამით არ დასრულებულა. წინა წლებში საქართველოს კონსტიტუციაზე ჩატარებულმა „ექსპერიმენტებმა“ არჩევნების დამთავრებისთანავე წარმოშვა მეტად უჩვეულო პოლიტიკური ვითარება. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ დამარცხება აღიარა და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ გამარჯვებულ კოალიციას ხელისუფლების შეუფერხებლად გადაცემა აღუთქვა, ორი პოლიტიკური ძალის თანაარსებობა ისე გაგრძელდა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ინერციით კვლავ შეჯიბრების ხასიათს ატარებდა.

წინასაარჩევნო კამპანია იმდენად მძაფრი დაპირისპირების ფონზე წარიმართა, რომ  არავის გაჰკვირვებია უკვე არჩევნების შემდგომი, „კოჰაბიტაციად“ წოდებული, პროცესის ბუქსაობა.  ასე მაგალითად, წინასაარჩევნო რბოლაში ყოფილი მმართველი პარტია, საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ხშირად კანონიერების დარღვევით, კონკურენტთა დემონიზებისთვის ყველანაირ სახელმწიფოებრივ რესურსს იყენებდა. შეიძლება ითქვას, რომ მან თავის მიზანს ნაწილობრივ მიაღწია კიდეც. კერძოდ, დასავლეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილსა და მედიის საშუალებებს შთააგონა, რომ „ქართული ოცნება“, მისი ლიდერის თაოსნობით, რუსოფილი პოლიტიკური ძალა იყო და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პროდასავლური კურსიდან გადაუხვევდა. შთაგონება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ისტებლიშმენტის წარმომადგენლებს ვერ აეხსნათ, რატომ გადაირჩია ქართველმა ამომრჩეველმა „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული ქვეყნის ხელისუფლება, ხოლო თავად არჩევნებს „მოულოდნელს“ (surprise elections) უწოდებდნენ.

ასე გაჩნდა „კოჰაბიტაციის“ დაწყებიდან სულ რაღაც ორი კვირის თავზე დასავლეთის წამყვან ქვეყნებში „პოლიტიკურად ანგაჟირებული“ ელჩების შეცვლის საჭიროება. ახალ მთავრობას მნიშვნელოვან პარტნიორ-სახელმწიფოებში საგარეო-პოლიტიკურ ინტერესთა გასატარებლად საკუთარი ლოიალური საელჩოები სჭირდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალზე გაუჭირდებოდა „რუსული პროექტის“  მანკიერი დამღისგან გათავისუფლება, რომელიც საარჩევნო კამპანიის პროცესში მას ყოფილმა მთავარმა კონკურენტმა - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასვა. საქართველოს პრეზიდენტი, თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ მიერ შერჩეული ელჩების დანიშვნაზე ფორმალურ თანხმობას მაქსიმალურად აყოვნებდა.

ამავე დროს, „ქართული ოცნების“ კოალიცია შეეცადა წინასაარჩევნო ერთ-ერთი მთავარი დაპირების - სამართლიანობის აღდგენის - აღსრულებას, რაც კანონიერების დარღვევაში მხილებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისგებაში მიცემას გულისხმობდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი მოხელეების სისხლისსამართლებრივი დევნის მიზანშეწონილობის თაობაზე ქვეყნის შიგნით ეჭვები არ არსებულა, პრეზიდენტმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, პიარტექნოლოგიებით ოსტატურად მანიპულირებითა და შენარჩუნებული კავშირების გამოყენებით, ამ პროცესს პოლიტიკური ელფერი ადვილად შესძინეს და ამაში საერთაშორისო საზოგადოებრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის დარწმუნებაც მოახერხეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად „ქართული ოცნების“ კოალიცია და მისი ხელქვეითი მართლმსაჯულებაც უწყობდნენ ამას ხელს ბრალის წაყენების პროცედურის დარღვევის, თუ წინასწარი პატიმრობის ნორმის არამართლზომიერი გამოყენებით. ამგვარი მანკიერი პრაქტიკის ყოველი გამოვლინება, რაც ქვეყანაში ისტორიულად დამკვიდრებული „პოლიტიკური ვენდეტის“ ტრადიციის გაგრძელებად აღიქმებოდა, დასავლელი პარტნიორების მხრიდან მძაფრი კრიტიკის საფუძველი ხდებოდა. განსაკუთრებით მიიქცია ყურადღება ერთ-ერთი გავლენიანი კონგრესმენის მცდელობამ, აშშ-ის 2014 წლის ფისკალური წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეეტანა დებულება იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელებულიყო იმის მიხედვით, „შეჩერდებოდა თუ არა პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდებოდნენ თუ არა პოლიტპატიმრები“.[1] ასევე, გასაგები მიზეზების გამო, ისტებლიშმენტი შესამჩნევად მგრძნობიარე იყო უკვე ყოფილი პრეზიდენტის, მ. სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თუ ბრალის წაყენების შემთხვევებში. რამდენიმე ხმაურიანი საქმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშშიც მოხვდა. შედეგად, ახალ ხელისუფლებას, „ვარდების რევოლუციის“ პერიოდის სააკაშვილის გუნდისგან განსხვავებით, თავისი საქმიანობის საწყის ეტაპზე დასავლელი პარტნიორების მხრიდან ისეთივე ნდობით არ უსარგებლია, რაც ესოდენ აუცილებელი იყო დამწყები, ნაწილობრივ გამოუცდელი მთავრობისთვის. ამ დროისთვის ფაქტობრივად დასრულდა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან და მაღალი თანამდებობის სხვა პირებთან პირად კავშირებზე დაფუძნებული მეგობრული ურთიერთობები.[2] მეტიც, უმაღლეს დონეზე ეს ურთიერთობები ლამის სადღესასწაულო თარიღების წერილობითი მილოცვებით შემოიფარგლებოდა.

„ქართული ოცნების“ კოალიცია მეტად რთული დილემის წინაშე აღმოჩნდა - ერთი მხრივ, მას უნდა შეესრულებინა წინასაარჩევნო დაპირება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ და, მეორე მხრივ, დაპირებისამებრ, მიჰყოლოდა ქვეყნის განვითარების დასავლურ ვექტორს, რასაც ჯერ კიდევ წინა საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და ქართული საზოგადოება დიდი უმრავლესობით მხარს უჭერდა. პირველი ამოცანის შესრულება „ქართული ოცნების“ კოალიციას ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციას უმყარებდა, სამაგიეროდ, ქვეყნის გარეთ მის მიმართ კითხვებს ბადებდა. არადა, საგარეო რეპუტაცია მას ჰაერივით სჭირდებოდა მეორე ამოცანისთვის - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან შემდგომი დაახლოებისთვის, რაც, როგორც აღვნიშნეთ, ასევე ქვეყნის შიგნიდან მომავალი, მაგრამ უკვე ტრადიციადქცეული დაკვეთა იყო.  

მეორე ამოცანის შესრულება კოალიციაში შემავალ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს (რესპუბლიკურ პარტიას, თავისუფალ დემოკრატებს) და დასავლეთის დედაქალაქებში საქართველოს საელჩოებს დაეკისრათ. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა დიპლომატიურმა და ლობისტურმა მუშაობამ ვაშინგტონსა და ბრიუსელში, სადაც „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირების გამოკვეთილი ფრონტის ხაზი გადიოდა. ეს უკანასკნელი საკმაოდ ეფექტიანად ახერხებდა ჩრდილი მიეყენებინა ახალი ხელისუფლების რეპუტაციისთვის, თუმცა „ქართული ოცნების“ სასიკეთოდ მოვლენები ნელა, მაგრამ მეთოდურად ვითარდებოდა.

"პრორუსულის" დამღის მოცილება

2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებამ და, შედეგად, ცნობილი „კოჰაბიტაციის“  დასრულებამ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ახალი ხელისუფლების მიმართ პირველი დადებითი ემოციები გააჩინა. ასევე მნიშვნელოვანი იყო იუსტიციის სფეროში სიღრმისეული რეფორმების დაწყება. მაგრამ მთავარი მაინც იყო საქართველოს ახალი ხელისუფლების ძლიერი ნება ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის მიმართულებით და ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში აქტიური მონაწილეობის გაგრძელების კუთხით. „ქართული ოცნების“ ახალ ხელისუფლებას არათუ არ უფიქრია ნატოსთან, აშშ-ის ან დასავლეთის რომელიმე მთავრობასთან აღებულ რაიმე ვალდებულებაზე უარის თქმა, პირიქით, კიდევ უფრო ხმამაღლა აცხადებდა მზაობას და სურვილს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. კულმინაცია იყო საქართველოს მიერ 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და იმავე წლის ნატოს სამიტზე საქართველოსთვის არსებითი ღონისძიებათა პაკეტის დამტკიცება. პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ახალი მექანიზმი  - წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (Joint Training and Evaluation Center – JTEC).  სამიტზე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა საქართველო ასპირანტ ქვეყნებს შორის ნატოსთან ყველაზე თავსებად პარტნიორად (The Most Interoperable Partner) აღიარეს და სხვა ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან (შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია, იორდანია) ერთად „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების ჯგუფში“ (Enhanced Opportunity Partner’s Group) მიიწვიეს. ყოველივე ეს აშშ-ის და ალიანსის სხვა წამყვანი წევრი-სახელმწიფოების აქტიური მხარდაჭერით გაკეთდა. ამ ყველაფერმა ყველა „ურწმუნო თომას“ მოუსპო საფუძველი, ეჭვი შეპარვოდა ახალი ხელისუფლების ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებების ერთგულებაში. 

2014-2016 წწ. აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში სამი პლენარული სხდომა და სამუშაო ჯგუფების ათზე მეტი შეხვედრა ჩატარდა სხვადასხვა მიმართულებით. გამოიკვეთა სამუშაო ჯგუფების ფარგლებში წარმატებული დიალოგის კონკრეტულ პროგრამებსა და პროექტებში გარდასახვის ტენდენცია. ამან საფუძველი დაუდო იმას, რომ უკვე მაშინ აშშ-ს ჩვენი რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის თემატურად ყველაზე მრავალფეროვანი დღის წესრიგი საქართველოსთან ჩამოუყალიბდა. მხოლოდ USAID-ის ხაზით საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 40-მდე პროგრამა ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება  400 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო წლიური ბიუჯეტი  70 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.[3]

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 და 2016 წწ. საქართველოში ზედიზედ ორჯერ გაიმართა უპრეცედენტო მასშტაბის წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“, სადაც 500 ქართველი, 150 ბრიტანელი და 650 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ამერიკული ჯავშნიანი ტექნიკის თანხლებით მონაწილეობდა. ხსენებული ვარჯიშები ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და ნდობით აღსავსე ურთიერთობების თვალსაჩინო დასტური იყო.

2016 წლისთვის „ქართული ოცნების“ კოალიციამ, შეიძლება ითქვას, ძირითადად მოახერხა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგება. აშშ-თან ურთიერთობები, მრავალი თვალსაზრისით, უკვე სტრატეგიულ ხასიათს ატარებდა და სამაგალითო იყო რეგიონში. გამორჩეული მოვლენა იყო საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტი. ვიზიტი წინ უძღოდა ნატოს ვარშავის სამიტს და ამით იგი კიდევ ერთხელ მიუთითებდა აშშ-ის მხარდაჭერაზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხში. თუმცა მისი მთავარი შედეგი იყო აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმის  ხელმოწერა. ეს  იყო სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შემდეგ ხელმოწერილი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამული დოკუმენტი. მემორანდუმი კიდევ ერთხელ ადასტურებდა და აფართოებდა აშშ-სა და საქართველოს გრძელვადიან და ეფექტიან თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდა, სამხედრო და უსაფრთხოების თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა. მემორანდუმის საფუძველზე მალევე დაიწყო „საქართველოს მზაობის პროგრამის“ (Georgia Readiness Program) განხორციელება, რომელმაც დასაბამი დაუდო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით წვრთნისა და აღჭურვის მიმართულების თვისობრივად განსხვავებულ პროცესს. როგორც მემორანდუმში იყო გაცხადებული, საქართველოს შეეძლებოდა განეხორციელებინა თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვები.

ყოველივე ამის მთავარი მამოძრავებელი ძალა ფასეულობებისა და სტრატეგიული ინტერესების მზარდი თანხვედრა იყო. იგივე ტენდენცია გამოიკვეთა ევროკავშირთან ურთიერთობებში, რამაც მოგვიანებით (2017 წელს) ვიზალიბერალიზაციის ისტორიული გადაწყვეტილება განაპირობა. მანამდე, კოალიციის შიგნით მოძლიერებულმა „ქართული ოცნების“ პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ცალკე იყარა კენჭი და საკონსტიტუციო უმრავლესობით დაეუფლა ხელისუფლებას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიკერებული „რუსული პროექტის“ დამღა „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად უკვე მოშორებული ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების რამდენიმე ოდიოზური ფიგურა უკვე პასუხისგებაში მიცემული, ან ემიგრაციაში წასული იყო, მათ შორის, მ. სააკაშვილიც, ამ დროისთვის უკვე არსებითად მილეული იყო „სამართლიანობის აღდგენის“ ჟინი. თუმცა ახალი ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის „საქმე ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყო მიყვანილი“. მიუხედავად ამისა, ყველას ესმოდა, რომ ეს იყო დასავლელ პარტნიორებთან „ურთიერთობების დალაგების“ საფასური,[4] რომელიც „ქართული ოცნების“ კოალიციას უნდა გადაეხადა.

პროდასავლური კურსი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე

„ქართული ოცნების“ კოალიციის ხელისუფლებაში ყოფნისას (2012-2016) „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირება ინტენსიური არ ყოფილა. ხელისუფლება რამდენიმე პარტიისგან დაკომპლექტებული კოალიციისგან შედგებოდა, რაც პოლიტიკას უფრო პლურალისტური დემოკრატიის ხასიათს სძენდა. თუმცა 2016 წლის არჩევნებამდე ეს პარტიები „ქართულ ოცნებას“ გამოეყვნენ და მომდევნო მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდნენ. ახალ ვითარებაში კი პოლიტიკა კვლავ ბინარული გახდა და ორ მთავარ პარტიას შორის დაპირისპირებას სიმძაფრე მოემატა. 2018 წელს, უკრაინაში მოღვაწე მ. სააკაშვილის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო დაუსწრებლად გასამართლებისა და მისთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯის ფაქტმა ეს სიმძაფრე კიდევ უფრო გააძლიერა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ განაგრძობდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით წარმატებით სვლას. ასე მაგალითად, 2016 წლის მოწვევის პარლამენტმა, სადაც „ქართულ ოცნებას“ 115 მანდატი ჰქონდა, პირველი, რაც გააკეთა, სპეციალური რეზოლუციით ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსისადმი ერთგულების დადასტურება იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში საქართველო თავისი რეფორმებით მოწინავე პოზიციაზე გავიდა. მეტიც, „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატშიც ლიდერი გახდა. მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს „ქართული ოცნების“ ინიციატივით კონსტიტუციაში ჩაიწერა (78-ე მუხლი) საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება და ამ მიმართულებით ყველა სახელმწიფო უწყების მაქსიმალური ძალისხმევით მუშაობის ვალდებულება. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია დასავლელი პარტნიორების ხელშეწყობით და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით იყო განპირობებული. პარალელურად, საქართველო განაგრძობდა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში დავას. მორიგი, მეოთხე, სარჩელი 2018 წელს შევიდა.[5] ასევე, გრძელდებოდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიური რეზოლუციების[6] წარდგენა, რომლებიც თავისი სულისკვეთებით ანტირუსულ ხასიათს ატარებდა. თუმცა ეს ყველაფერი ქვეყნის შიგნით მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე მიმდინარეობდა. მთავარ პარტიებს შორის კონკურენციას აღარ ჰქონდა უბრალო შეჯიბრების სახე. დაპირისპირება სულ უფრო მწვავე და სასტიკ სახეს იღებდა. აშკარა იყო, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა ახალი ენერგიით განახლდა. ამ დაპირისპირებაში საკმაოდ მკაფიოდ იკითხებოდა ორივე პარტიის მოტივაცია, ერთმანეთთან ბრძოლა ისე წარმოეჩინათ, თითქოს ალტერნატივა არ არსებობდა და ამიტომ ამომრჩეველს არჩევანი სწორედ მათ შორის უნდა გაეკეთებინა. „ქართულ ოცნებას“ არ აწყობდა ასპარეზზე ამომრჩევლის ნდობის მქონე კიდევ ერთი პოლიტიკური ძალის გამოჩენა, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა შეენარჩუნებინა მომავალი მთავრობის ფორმირების ექსკლუზიური უფლება და დარჩენილიყო „ქართული ოცნების“ ერთადერთ ალტერნატივად. ამგვარი სტატუსი უზრუნველყოფდა სოციალური ბაზის შენარჩუნებასა და ფინანსური წყაროების სტაბილურობას.

მთავარ პარტიებს შორის კონფრონტაციის მკვეთრი ესკალაცია 2019 წლის ივნისში, ე.წ. გავრილოვის ღამის პერიპეტიებით დაიწყო. ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ  არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა. ამ ფაქტს დიდი რეზონანსი ჰქონდა საზოგადოებაში. საპროტესტო ტალღის შედეგად თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ხოლო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა. სიტუაციის დამშვიდების მიზნით, 2019 წლის 24 ივნისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე დააანონსა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. ამ სიახლეს, რომელსაც ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვდა, დადებითად შეხვდნენ. მოგვიანებით, ამ დაპირების მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები აღარ მიიღო. „ქართული ოცნების“ მიერ პირობის დარღვევის შემდეგ საპროტესტო აქციები და პარლამენტის პიკეტირება დაიწყო, რომელიც სპეცრაზმმა რამდენჯერმე დაშალა. ყველა პოლიტიკური პოლარიზაციის ფენომენზე ალაპარაკდა. დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებდნენ კომპრომისის მოძიებას. რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ მოლაპარაკებებში დიპლომატიური კორპუსი ჩაერთო. 2020 წლის 8 მარტს, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რომელიც პროპორციული სიით 120 დეპუტატის, ხოლო მაჟორიტარული სიით 30 დეპუტატის არჩევას გულისხმობდა.

მიუხედავად საარჩევნო მოდელზე შეთანხმებისა, თავად არჩევნები დიდი ხმაურით ჩატარდა. ცხრა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომლებმაც გადალახეს ბარიერი საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობის მოსაპოვებლად, უარი თქვეს ოფიციალურ შედეგებზე და „ქართული ოცნება“ ხმების მოსყიდვაში, დაშინებასა და გაყალბებაში დაადანაშაულეს. ვითარებას დრამატიზმი შემატა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პარალელური დათვლის არასწორმა შედეგებმა.[7] საერთაშორისო დამკვირვებლებმა კი განაცხადეს, რომ მიუხედავად უამრავი დარღვევისა, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა, არჩევნების შედეგები ზოგადად თავისუფალი და კონკურენტული იყო. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით, პროტესტს განაგრძობდა. მან უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე და ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. შეიქმნა პარლამენტის მუშაობის პარალიზების საფრთხე.

პროდასავლური ვექტორის ტრანსფორმაციული ძალის დაქვეითება

რამდენიმე შემთხვევაში საქართველოს ევროპულმა მისწრაფებებმა ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა ბერკეტად გამოეყენებინა ქვეყნის პროევროპული გეოპოლიტიკური ვექტორი და საქართველოს შიდაპოლიტიკური კრიზისის განტვირთვაში მედიატორის როლი შეესრულებინა. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს და შემდეგ მ. სააკაშვილის გადაწყვეტილება მშვიდობიანად ეღიარებინა დამარცხება 2012 წელს, სწორედ ამ შემთხვევებს მიეკუთვნება. თუმცა ბოლო პერიოდში ეს ბერკეტი შესუსტდა, რაც ხელისუფლების მიერ ბრიუსელისა და ვაშინგტონის რჩევების საჯაროდ უარყოფაში გამოიხატა.

2021 წელს ევროკავშირი შეერთებული შტატების დახმარებით შეეცადა შეესრულებინა შუამავლის როლი საპარლამენტო არჩევნების ირგვლივ მხარეებს შორის გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის  უდიდესი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც დასრულდა ოპოზიციის ბოიკოტი და გზა გაეხსნა შემდგომ საარჩევნო და სამართლებრივ რეფორმებს. შეთანხმება მალევე გახდა პოლიტიკური პოლარიზაციის მსხვერპლი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა შეთანხმებას, რის შემდეგაც „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა შეთანხმების პირობების შესრულებაზე იმ მოტივით, რომ ამ შეთანხმებას მხარს არ უჭერდა მისი მთავარი მოწინააღმდეგე. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ შეთანხმებაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერის არარსებობა, სინამდვილეში, საბაბად გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც არ სურდა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო რეფორმის განხორციელების ვალდებულება აეღო და, ამით, რისკის ქვეშ დაეყენებინა სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი.[8]

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ გაწეული შუამავლობის გამოცდილებამ თვალნათლივ აჩვენა, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროგრამებს უკვე არასაკმარისი ტრანსფორმაციული ძალა ჰქონდა. ამის მორიგი მაგალითი იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ უარი თქვა 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხზე. ეს უარი მოჰყვა ევროკავშირის მუქარას ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ, თუკი თბილისი ჩააგდებდა ხსენებულ სასამართლოს რეფორმას.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყოველთვის სჭირდებოდა და ახლაც სჭირდება სესხები ევროკავშირისგან, „ქართული ოცნების“ მთავრობამ საკუთარი ინტერესები დაიცვა და მოსამართლეების დანიშვნის მისთვის პოლიტიკურად ხელსაყრელად მიჩნეული პროცესი გააგრძელა.

არანაკლებ სერიოზული ინციდენტი იყო 2021 წლის 12-13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში სასულიერო პირების,  ქართველი ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უცხოელი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეების საუბრების ამსახველი ათასობით ფარული ჩანაწერის გავრცელება. ფაილებში ასახული იყო ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩისა და სხვა დიპლომატთა საუბრების დეტალები. ელჩმა ჰარცელმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ დიპლომატების სავარაუდო მოსმენა „კითხვებს ბადებს ვენის კონვენციის თვალსაზრისით და არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ისეთი ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც საქართველოა, ამ ტიპის მოქმედებებშია ჩართული ჩვენ წინააღმდეგ“.[9] საქართველოს ხელისუფლებამ უყურადღებოდ დატოვა დიპლომატიური კორპუსის შეშფოთება და არათუ არ გამოუძიებია ეს შემთხვევა, ელჩი ჰარცელი აითვალისწუნა და სათანადოდ არც კი დამშვიდობებია, როდესაც ამ უკანასკნელმა საქართველოში თავისი მისია დაასრულა.

2021 წლის მიწურულს საქართველოში არსებული ისედაც არასახარბიელო პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა საქართველოში ფარულად და კანონდარღვევით შემოპარული მ. სააკაშვილის დაპატიმრებამ. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობები უკრაინასთან, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ მიმართ ზოგადად სკეპტიკურად განწყობილ გავლენიან პოლიტიკოსებთან ევროპასა და აშშ-ში. საქართველო, ერთ დროს სანდო პარტნიორი, საერთაშორისო პარტნიორების თვალში, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურებოდა.

ომი უკრაინაში, ევროპული პერსპექტივა და „ქართული ოცნების“ ტრილემა

2022 წლის თებერვალში უკრაინაში დაწყებულმა რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ საქართველოს გარე სამყაროსთან ურთიერთობები საგრძნობლად შეცვალა.  პირველ რიგში, ეს შეეხო უკრაინასთან ისედაც გაფუჭებულ ურთიერთობებს. ერთი მხრივ, საქართველომ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, ხოლო ქართველმა ხალხმა ჩამოსული უკრაინელი მიგრანტები თბილად მიიღო. გარდა ამისა, საქართველო საერთაშორისო პლატფორმებზე ყველგან უჭერდა მხარს პროუკრაინულ გადაწყვეტილებებს. მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა უკრაინაში საომრად ქართველი მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნაზე ისევე, როგორც უკუაგდო უკრაინის  ზოგიერთი ჩინოსანის მოწოდება, ესარგებლა შექმნილი ვითარებით და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დაბრუნების მიზნით რუსეთისთვის „მეორე ფრონტი“ გაეხსნა.[10] უკრაინის ხელმძღვანელობა განარისხა „ქართული ოცნების“ მთავრობის პოზიციებმა და გაორმაგებული ძალისხმევით დაიწყო საქართველოს ხელისუფლების, პირადად ბ. ივანიშვილის, საერთაშორისო ასპარეზზე კომპრომეტირება, მათ შორის დასანქცირების მოთხოვნით. მან საქართველოდან გაიწვია საკუთარი ელჩი, ხოლო საქართველოს ელჩი გამოაძევა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის მხარე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ წარმართულ კამპანიაში მთავარ არგუმენტად იყენებდა და დღემდე იყენებს საკუთარი მოქალაქის, მ. სააკაშვილის, უკანონო დაპატიმრებას და მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის საქართველოსა და უკრაინას შორის ოფიციალური ურთიერთობები მინიმალურ ნიშნულზეა, რაც ქართულ-უკრაინული მეგობრობის ხანგრძლივი ისტორიის, მათ შორის პოსტსაბჭოთა პერიოდის,  გათვალისწინებით ანომალიური მოვლენაა.

უკრაინის გარდა, სახე იცვალა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებმაც. თავიდან ეს ურთიერთობები უკეთესობისკენ წავიდა. საქმე ის არის, რომ ომით განპირობებულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ევროკავშირისთვის მიზანშეწონილი გახადა „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებისთვის გაეხსნა გაწევრიანების პერსპექტივა, თანაც დაჩქარებულ რეჟიმში. უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ მიიღეს წევრობის განაცხადის შეტანის შეთავაზება. შეთავაზებას ქართული საზოგადოება დიდი ენთუზიაზმით შეხვდა.[11] საქართველოს ხელისუფლებამაც, პრემიერ-მინისტრის ზედამხედველობით, მალევე მოამზადა და შეიტანა განაცხადი.[12] ევროკომისიამ 2022 წლის 17 ივნისს  მოამზადა, ხოლო 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად „ევროპული პერსპექტივა“ მიენიჭა.[13] მხედველობაში იქნა მიღებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში გამოვლენილი სიღრმისეული დემოკრატიული რეფორმების მიუღებლობა  და ის სიხისტე, რასაც ამჟღავნებდა პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესში დასავლელი პარტნიორების მხრიდან რჩევების და მოწოდებების იგნორირებისას. ამავე დროს, საქართველოს მიეცა რეკომენდაციები და სახელმძღვანელო მითითებები პრიორიტეტულ რეფორმებთან დაკავშირებით. განისაზღვრა 12 პრიორიტეტი, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების აუცილებელი წინაპირობა. საქართველოს ხელისუფლება უკმაყოფილებას ვერ მალავდა და ხაზს უსვამდა, რომ ყველა პარამეტრით წინ უსწრებდა „ასოცირებული ტრიოს“ დანარჩენ ორ ქვეყანას, რომლებმაც „ომში ჩართულობის გამო“ წამახალისებელი ჯილდოს სახით მიიღეს კანდიდატის სტატუსი. „ყველა პარამეტრში“ ხელისუფლება გულისხმობდა „ასოცირების დღის წესრიგის“ თანახმად შესრულებულ, ძირითადად, ტექნიკური ხასიათის ვალდებულებებს, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ნაწილში. ამ თვალსაზრისით, საქართველო მართლაც მოწინავე იყო „ასოცირებულ ტრიოში“. თუმცა, ეს გარემოება არ აღმოჩნდა საკმარისი პირობა, რომლის თანახმადაც ევროკავშირი წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებდა. ეს წყენა, რასაკვირველია, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს ზიანს აყენებდა. თუმცა, ამ ურთიერთობებში ახალმა პრობლემამაც იჩინა თავი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა,  ფუნდამენტური ხასიათი ჰქონდა. საქმე ის არის, რომ ზემოხსენებული 12 პრიორიტეტი გულისხმობდა სიღრმისეულ რეფორმებს ისეთ მგრძნობიარე სფეროებში, როგორიც არის საარჩევნო გარემო, სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა, ანტიკორუფციული სამსახური, ოლიგარქიული მმართველობა და სხვ. ეს ის სფეროებია, რომელზეც დგას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ძალაუფლების მტკიცედ ფლობის საკითხი კი მეოთხე ვადით არჩევის მოსურნე პოლიტიკური ძალისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა. გაჩნდა დილემა - პროევროპული რეფორმები, თუ შენარჩუნებული ძალაუფლება? ამ დილემას ბუნებრივად ემატება მესამე ამოცანა - უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მშვიდობის შენარჩუნება. შესაბამისად, გაჩნდა ზეამოცანა, ერთგვარი ტრილემა, რომელიც ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროპული პერსპექტივის რეალიზაციის შესაძლებლობა, მაგრამ ისე, რომ ამ გზაზე სიარულმა არ შეასუსტოს ძალაუფლების კონტროლის უნარი და, თანაც, უკრაინაში წარმოებული სამხედრო დაპირისპირების კვალდაკვალ თავიდან იქნას აცილებული რუსეთის აგრესიის პროეცირება საქართველოზე.

"გლობალური ომის პარტია" და "კანდიდატის სტატუსი"

„ქართულ ოცნებაში“ და პირადად მის ლიდერში, ბიძინა ივანიშვილში, როგორც ჩანს, უკვე დაესადგურებინა შიშს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გარე ძალების დახმარებით და ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციით შეეძლო ხელისუფლებაში დაბრუნება. იმის ფონზე, რომ 2012 წლის არჩევნების წინ დაპირებული სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეასრულა, ხოლო „მიშა მოდის“  და „სისხლიანი 9 წელი“, როგორც პიარტექნოლოგიური გზავნილები, სავარაუდოდ, დიდხანს ვეღარ იმუშავებდა, ცხადი გახდა, რომ ძალაუფლების შენარჩუნება, განსხვავებით წინა წლებისგან, იოლი აღარ იქნებოდა. პირველმა ზარმა ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩამოჰკრა, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ძლივს გაიმარჯვა. ამ შიშის ფონზე 12-პუნქტიანი პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებული ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მოთხოვნები და შეფასებები „ქართული ოცნების“ მხრიდან სულ უფრო მტრულად აღიქმებოდა. დასავლელთა კრიტიკის გასანეიტრალებლად სასწრაფოდ შეიქმნა „ხალხის ძალა“, „ქართული ოცნების“ წიაღიდან მივლინებული დეპუტატებისგან შემდგარი „პარტია“, რომელიც მოწოდებული იყო პირდაპირი (არადიპლომატიური) რიტორიკით „მოეგერიებინა“ აშშ-სა და ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებისგან მომდინარე კრიტიკა. მთავარ სამიზნედ ამოღებულ იქნა აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი და ევროპარლამენტი, სადაც რამდენიმე აქტიური დეპუტატის ინიციატივით კრიტიკული რეზოლუციები იქნა მიღებული. ეს რეზოლუციები, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლებას დატუსაღებული მ. სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ. ერთ-ერთი მთავარი „სამხილი“, რითაც „ხალხის ძალა“ საპასუხოდ ოპერირებდა, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეების მხრიდან „მეორე ფრონტის“  გახსნის მოთხოვნა გახდა. ასე გაჩნდა მის რიტორიკაში „გლობალური ომის პარტია“, რომელიც მოგვიანებით თავად „ქართული ოცნების“ ლექსიკაშიც დამკვიდრდა. ქვეყნის გარედან კრიტიკის მოგერიების გარდა, „ხალხის ძალას“ დაევალა სამოქალაქო სექტორიდან მომდინარე კრიტიკის გასანეიტრალებელი სამართლებრივი ზომების დატესტვაც. ასეთი სამართლებრივი ზომა გახლდათ კანონპროექტი „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“, რომლის მიღებაც პარლამენტმა 2023 წლის მარტში სცადა. ათი წლით ადრე რუსეთში მიღებული მსგავსი კანონი მომდევნო წლებში კიდევ მეტად გამკაცრდა და საბოლოოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ხელისუფლების ბრძოლის მძლავრ რეპრესიულ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა. სწორედ ამის გამო, ამ კანონს ქართულმა საზოგადოებამ, ძირითადად ახალგაზრდებმა, „რუსული“ უწოდა და მძლავრად გააპროტესტა ქუჩაში. საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გამო, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ჩააგდო და თქვა, რომ საკითხს აღარ მიუბრუნდებოდა.[14]

ამასობაში სულ უფრო იძაბებოდა საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობები. „ქართულ ოცნებაში“ არ მოსწონდათ ერთ დროს მათ მიერ მხარდაჭერილი   ს. ზურაბიშვილის დამოუკიდებელ პოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბება, რომელიც ხელისუფლებისადმი სულ უფრო კრიტიკული ხდებოდა. გარდა ამისა, თვალსაჩინო გახდა პრეზიდენტის მზარდი დიპლომატიური რესურსი, რომელსაც იგი წარმატებით იყენებდა მაღალი რანგის ევროპელ ლიდერებთან კავშირების დასამყარებლად. ეს ძალისხმევა, ძირითადად, მიმართული იყო საქართველოსა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების თაობაზე ევროპელთა ცნობიერების ამაღლებისკენ. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის ეს როლი, რა თქმა უნდა, არ მოსწონდათ. სავარაუდოდ, მასში პოტენციურ ძლიერ პოლიტიკურ კონკურენტს ხედავდნენ. ამიტომ, წინასწარი ნებართვის არმიცემით, ხელს უშლიდნენ საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელებაში. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი რამდენჯერმე მაღალი დონის ვიზიტით მაინც გაემგზავრა ევროპის წამყვან დედაქალაქებში. ეს გარემოება გამოიყენა „ქართული ოცნებამ“ და საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე წარდგინება შეიტანა, რასაც  პარლამენტის 80 დეპუტატი აწერდა ხელს. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პრეზიდენტს მთავრობის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება არ ჰქონდა, იმპიჩმენტი მაინც ვერ შედგა, ვინაიდან საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ძალისხმევით ხმების სათანადო რაოდენობა ვერ მოგროვდა.

ამავე დროს, ხმაურის თანხლებით გრძელდებოდა 12-პუნქტიანი რეფორმების პროგრამის შესრულების ირგვლივ მუშაობა. ოპოზიცია, ასევე, დასავლელი დამკვირვებლები და პოლიტიკოსები, განაგრძობდნენ ხელისუფლების კრიტიკას რეფორმების გასატარებლად არასათანადო მონდომებისთვის. ხელისუფლება კი ცდილობდა თავი ემართლებინა. ეს ყველაფერი მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 12-დან მხოლოდ სამი პრიორიტეტული საკითხის მოგვარება შეძლო, რაც ქმნიდა საფრთხეს, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა. პარალელურად, ხელისუფლება ინტენსიურად ავრცელებდა გზავნილს თავის დროზე უსამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც „ასოცირებული ტრიოდან“ მხოლოდ საქართველოს არ მიენიჭა ეს სტატუსი. სხვათა შორის, ამ გზავნილს, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც იზიარებდა, თუმცა მიაჩნდა, რომ თორმეტივე პუნქტი ადრე თუ გვიან მაინც უნდა შესრულებულიყო. საბოლოოდ, ევროპულმა საბჭომ, კვლავ გეოპოლიტიკური კონტექსტისა და ქართული საზოგადოების ძლიერი პროევროპული განწყობების გათვალისწინებით, საქართველოს მაინც მიანიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი,[15] რამაც უდიდესი საყოველთაო სიხარული გამოიწვია. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, თავის დამსახურებად წარმოეჩინა ევროპის საბჭოს ეს გადაწყვეტილება, თუმცა ევროპელი პოლიტიკოსები და კომენტატორები აღნიშნავდნენ, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ქართული საზოგადოების სურვილი და მოლოდინი იყო.[16] ასევე, ყურადღება მახვილდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ფაქტორზეც, მის პირად ძალისხმევაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ლობირების კუთხით.

მიუხედავად ამისა, უეჭველი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ეცდებოდა კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიული ფაქტი წინასაარჩევნოდ თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ პრივილეგირებულ პირობებში მყოფი პატიმრის, მ. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მანამდე ხელისუფლების ქვეყნის შიდა და გარე ოპონენტების მუდმივი სპეკულირების თემა იყო, საგრძნობლად გაუმჯობესდა და ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოულოდნელად მოიხსნა. მალევე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე, „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, დაადგინა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.[17] ყოველივე ამის ფონზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, შიდა კრიზისის გამო, ორად გაიყო და, შესაბამისად, დასუსტდა როგორც კონკურენტი ძალა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, უკვე ბევრი მიიჩნევდა, რომ „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გარანტირებული ჰქონდა გამარჯვება. თავად სახელისუფლებლო პარტიის წარმომადგენლები კი საჯაროდ არ მალავდნენ განზრახვას, არჩევნების შედეგად დაებრუნებინათ საკონსტიტუციო უმრავლესობა. მაგრამ 2023 წლის მიწურულს, ყველასთვის მოულოდნელად, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბ. ივანიშვილმა, ჩრდილიდან გამოსვლა და აქტიურ პოლიტიკაში მორიგჯერ დაბრუნება გადაწყვიტა. მიზეზად დასახელდა პოლიტიკური გუნდისთვის მეტი ყურადღების მიქცევის საჭიროება, რომელსაც სუსტი ოპოზიციის პირობებში, შესაძლოა, კორუფციის ცდუნება და/ან შიდა დაპირისპირების საფრთხე შექმნოდა. ეს, მოახლოებული არჩევნების კონტექსტში, რისკის ქვეშ დააყენებდა პარტიის ზემოხსენებულ მიზანს - არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო ხმების მიღებას. მართლაც, დაახლოებით ერთ თვეში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის სახელთანაც არაერთი კორუფციული სკანდალი იყო დაკავშირებული, შეიცვალა და ეს, თითქოს, ელიტურ კორუფციასთან ბრძოლის დაწყებას მოასწავებდა. თუმცა, როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, პროცესები ამ მიმართულებით არ წასულა. შესაბამისად, ბ. ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ შემობრუნების ნამდვილი მიზეზი მაინც ამოსაცნობი დარჩა.

"ივანიშვილის ოცნება"

როგორც ჩანს, ბ. ივანიშვილმა მთელი სიგრძე-სიგანით გააცნობიერა ზემოხსენებული ტრილემა და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სამივე ამოცანის (ძალაუფლების შენარჩუნება - მშვიდობის უზრუნველყოფა - ევროინტეგრაცია) ერთდროულად შესრულება შეუძლებლად მიიჩნია. საჭირო იყო ამ ზეამოცანის იმგვარი სახეცვლილება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა საკუთარი (პირადი) ინტერესების რეალიზაციას. ინტერესები კი, უპირველესად, უკავშირდება პირად კეთილდღეობას და გარანტირებულ უსაფრთხოებას. საქმე ის არის, რომ ბ. ივანიშვილს, როგორც თავად მიიჩნევს, უზარმაზარი ამაგი მიუძღვის ქვეყნის და საზოგადოების წინაშე. ეს არა მარტო მის მრავალმილიარდიან ქველმოქმედებას უკავშირდება, არამედ საქართველოს „სააკაშვილის ტირანიისგან“ გათავისუფლებას და ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობიანობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, მას აქვს დამსახურებული უფლება განუსაზღვრელი დროით დაედგომებოდეს საქართველოში, იყოს მუდმივ პატივში და  აკეთოს ის, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს - განაგრძოს პირდაპირ თუ ირიბად ბიზნესმოღვაწეობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინანსები, მშენებლობა, უძრავი ქონება, რესტორნების ქსელი, სოფლის მეურნეობა და სააფთიაქო საქმე. გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია მისი გატაცება ხელოვნების ნიმუშების შეგროვებით, ეგზოტიკური ცხოველებითა და მცენარეებით.  აქვე უნდა მიეთითოს იმაზეც, რომ პირადად ბ. ივანიშვილს არასდროს ჰქონია ლტოლვა, საკუთარი უცხოეთში არსებული ძვირადღირებული უძრავი თუ მოძრავი ქონებით (ვილები, იახტები, თვითმფრინავები) მიეღო სიამოვნება. მას ყოველთვის ახასიათებდა ძლიერი ემოციური ბმა საქართველოსთან (თბილისი, ჭორვილა, ურეკი, აბასთუმანი), სადაც მშვენივრად გრძნობს თავს. აი, ამ სურვილთა და გატაცებათა ერთობლიობას, პირობითად, „ივანიშვილის ოცნება“[18] შეიძლება ეწოდოს. მნიშვნელოვანია, რომ თავად ბ. ივანიშვილის აზრით, მას ბევრი თანამოაზრე ჰყავს, რაც მის მისწრაფებებსა და სურვილებს სრულიად ლეგიტიმურს ხდის. ამავე დროს, იგი აცნობიერებს, რომ არსებობს ძალები და გარემოებები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ „ივანიშვილის ოცნების“ ახდენას. ასე მაგალითად, ჯერ კიდევ სახეზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მიუხედავად თავად პარტიის დასუსტებისა, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერი, მ. სააკაშვილი, კვლავ ასპარეზზე რჩებიან. ასევე, აქტიურ პოლიტიკაში რჩებიან ამ პარტიის საერთაშორისო მხარდამჭერებიც. რაც მთავარია, ქვეყანაში არ გამქრალა „პოლიტიკური ვენდეტის“ ტრადიცია, რასაც თავად „ქართულმა ოცნებამაც“ შეუწყო ხელი. შესაბამისად, მომავალი ხელისუფლების მხრიდან შურისძიების ქვეცნობიერი შიში ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ბ. ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს. ოპოზიციაში გადასვლის შემთხვევაში კი არ ჩანს ამ შურისძიების თავიდან აცილების სანდო გარანტია. აქედან, ზემოხსენებული ტრილემიდან ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნება უმთავრეს პრიორიტეტად იკვეთება და, შეიძლება ითქვას, ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა. თანაც, ძალაუფლების შენარჩუნება განუსაზღვრელი ვადის ამოცანაა და, როგორც მინიმუმ, 2028 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდსაც მოიცავს. არადა, ადრე, ბ. ივანიშვილი ყველაზე მნიშვნელოვან სამომავლო ოცნებად სწორედ იმ დროს ასახელებდა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადასვლა მოუწევდა, და რომელიც, მისი სიტყვებით, „ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი იქნება ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით“.[19] ბ. ივანიშვილის წარმოდგენით, ეს დრო, როგორც ჩანს, დიდხანს არ დადგება.

„ივანიშვილის ოცნების“ ასახდენად მხოლოდ ძალაუფლების ფლობა არ არის საკმარისი. უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით,[20] რუსეთის იმპერიული ქცევა მეტად სახიფათოა საქართველოსთვის, შესაბამისად, „ივანიშვილის ოცნებისთვისაც“. აუცილებელია სამხედრო ესკალაციის საფრთხის შემცირება, რაც, პირველ რიგში, რუსეთთან სპეციფიკური ურთიერთობების აგებას მოითხოვს.

მეტად სამწუხაროა, რომ დასავლეთმა, მიუხედავად ჩვენი ქვეყნის მხრიდან მრავალწლიანი მცდელობისა, ვერაფრით მოახერხა საქართველოს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოქცევა.  ასევე აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 20-25 წლის წინ საქართველოზე გამავალი ენერგეტიკული დერეფანი შენდებოდა, საქართველოში სერიოზული ამერიკული თუ ევროპული ინვესტიციები აღარ განხორციელებულა. ეს კი უსაფრთხოების დამატებითი გარანტია შეიძლებოდა ყოფილიყო. შედეგად, საქართველო რუსეთისგან აგრესიის მუდმივი საფრთხის წინაშე იმყოფება. ამავე დროს, გეოპოლიტიკის ანაბანაა, რომ ასეთ შემთხვევებში მცირე ზომის და სუსტი სახელმწიფოები საკუთარი საგარეო კურსის იძულებით „მორგებას“, „მისადაგებას“ (adjustment) ახდენენ. თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ 2008 წლის კრიზისის მსგავსი მოვლენების ალბათობა იზრდება. ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ მთავრობა ბეწვის ხიდზე გადის, როდესაც, ერთი მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას ახორციელებს და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს მიუერთდა[21] და, მეორე მხრივ, უარი თქვა რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებაზე. აქვე, ბევრის აზრით, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებამ, ტურისტებისა და მიგრანტების შემოდინებამ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასთან ერთად, მისი რუსეთის სახელმწიფოზე დამოკიდებულების ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდაც გამოიწვია, რამაც ამ ბეწვის ხიდზე სიარულისას შეიძლება წონასწორობა დაგვაკარგვინოს.

ამავე „მისადაგების“ პარადიგმის ნაწილია ჩინეთთან გააქტიურებული ურთიერთობები. ზოგადად, ჩინეთის შემოყვანა შუა დერეფნის განვითარების პროცესში ძლიერი საერთაშორისო აქტორების, მათ შორის რუსეთის, ინტერესთა დაბალანსების მცდელობაა, რის თვალსაჩინო მაგალითსაც წარმოადგენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ტენდერში ჩინური კომპანიის შერჩევა.[22] მიუხედავად ამისა, ყოველივე ეს, ნაცვლად ინტერესთა დაბალანსებისა, რუსეთისთვის „ბაბაიას დაძახებად“ აღიქმება. თუმცა, საკუთარი 2008 წლის გამოცდილებისა და, მით უფრო, უკრაინაში მიმდინარე დამანგრეველი ომის შედეგების გაცნობიერებით, ადვილი წარმოსადგენია, თუ რაზე შეიძლება იყოს წამსვლელი რუსეთი ჩვენთან კონფლიქტის შემთხვევაში და რამდენად ქმედითი შეიძლება იყოს დასავლეთის მხრიდან აღმოჩენილი დახმარება. შესაბამისად, ცხადი ხდება მშვიდობის ნებისმიერ ფასად შენარჩუნების აუცილებლობა. შეიძლება ითქვას, ესეც ეგზისტენციალური მნიშვნელობის ამოცანაა, თანაც, როგორც ბ. ივანიშვილისთვის, ისე ქვეყნისთვის. სწორედ ამგვარი დამთხვევის გამოა, რომ ოპოზიციურად განწყობილ პარტიებთან თუ მედიასთან დებატებისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „მიშა მოდის“ და „სისხლიანი 9 წელის“ ტრადიციული გზავნილების პარალელურად „აბა, ომი გინდათ?“ გზავნილით მანიპულირებენ.

მესამე ამოცანა - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შესაბამისი რეფორმების გატარება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფუნდამენტურ პრობლემას აწყდება, ვინაიდან „ივანიშვილის ოცნებასთან“ წინააღმდეგობაში მოდის. როგორც კი დაიწყო 12-პუნქტიანი პროგრამის შესრულება, მაშინვე გამოვლინდა, რომ „ქართულ ოცნებას“, ძალაუფლების საყრდენების შესუსტების შიშით, მოთხოვნილი რეფორმების ზედმიწევნით შესრულების ნება არ ჰქონდა. იგივე გრძელდება ე.წ. 9 დათქმის შესრულებისას, რაზეც დამოკიდებულია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.[23] მეტიც, როგორც ჩანს, პოლიტიკურ გუნდში გადაწყდა, რომ თუნდაც პროევროპული რეფორმების პროცესის დაზიანების ხარჯზე, გაკეთებულიყო ყველაფერი, რაც გაზრდიდა „ქართული ოცნების“ ელექტორალურ შანსებს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსასვლელად. სავარაუდოდ, ნიადაგის შემზადება მომდევნო არჩევნებზე გათვლითაც (2028 წელს) უნდა მომხდარიყო.[24] მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, ევროკავშირში ინტეგრაციას 80-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, „ივანიშვილის ოცნებისთვის“ ევროკავშირისკენ სვლა პირველი რიგის ამოცანა აღარ არის.

ასე და ამგვარად, ხსენებულმა ტრილემამ სახე იცვალა. სავარაუდოდ, სწორედ, ამ სახეცვლილი ტრილემის რეალიზაციის გეგმით დაბრუნდა ბ. ივანიშვილი პოლიტიკაში.

ბ. ივანიშვილის გეგმა და "რუსული კანონი"

ბ. ივანიშვილის გეგმის მიზანი, სავარაუდოდ, მდგომარეობს „ქართული ოცნებისთვის“ მაქსიმალურად კომფორტული საარჩევნო გარემოს შექმნაში მანამ, სანამ დასუსტებული და დაქსაქსული ოპოზიცია გართულია წინასაარჩევნო კონფიგურაციის განსაზღვრით და შეწინააღმდეგების ნაკლები რესურსი აქვს. გარდა ამისა, გეგმის სისრულეში მოყვანას იმიტომაც ჩქარობს „ქართული ოცნება“, რომ ფაქტის წინაშე დააყენონ (fait accompli) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები, როდესაც ისინი საარჩევნო გარემოს მონიტორინგს შეუდგებიან.

გეგმის განხორციელება დაიწყო საკადრო როქით - პრემიერ-მინისტრმა ი. ღარიბაშვილმა და „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ ი. კობახიძემ ადგილები გაცვალეს, ცხადია, ბ. ივანიშვილის ნების შესაბამისად. ერთი შეხედვით, ბ. ივანიშვილმა მომავალი პოლიტიკური ბრძოლებისთვის მთავრობის ხელმძღვანელად იურიდიულად განსწავლული და უკეთესი ორატორი (ი. კობახიძე) ამჯობინა „კორუმპირებულ“ და ხისტ ლიდერს (ი. ღარიბაშვილი). ამავე დროს, ევროპელ პოლიტიკოსებთან შერყეული ურთიერთობების მოსალოდნელი შემდგომი გაუარესების რისკების დასაზღვევად, რაც ასევე გეგმის ნაწილია,  ახალი პრემიერ-მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით მალევე გაემგზავრა ბრიუსელში, რითაც „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის ევროპული გზის პრიორიტეტულობაზე მიეთითა. ვიზიტმა, გარეგნულად, დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა ეს მხოლოდ გეგმის საწყისი ეტაპი იყო.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გეგმის განხორციელება ცარიელ ადგილზე არ დაწყებულა. ჯერ კიდევ წინა წელს დაიწყო საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, რომლის საფუძველზეც „ქართულ ოცნებას“ არჩევნების წინ  უპირატესობა ეძლეოდა. ცვლილებები შეეხებოდა ცესკოს თავმჯდომარის და სხვა წევრების არჩევის წესს, ცესკოს მოადგილედ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის კვოტის გაუქმებას და სხვ. ბოლო ცვლილებები 2024 წლის თებერვალში დამტკიცდა. ამ ცვლილებების შედეგად, შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებდა.

ასევე წინა წელს, დაიწყო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა, რაც 2024 წლის გაზაფხულზეც გაგრძელდა. ამ ცვლილებებით, იურიდიულ პირებს აეკრძალათ პარტიებისთვის ფულის ჩარიცხვა შემოწირულობების სახით.[25] მას შემდეგ, რაც პარტიების ზედამხედველობა ანტიკორუფციული ბიუროს მანდატში მოექცა, პოლიტიკური ფინანსების ზედამხედველობის მიმართულებით საქმიანობაზე ინფორმაციის მოპოვება გართულდა. კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ „ანტიკორუფციული ბიუროს მიერ პარტიების პირდაპირი და არაპირდაპირი გზით დაფინანსების შემთხვევების მონიტორინგის პროცესი არ არის გამჭვირვალე, რაც აჩენს საფრთხეს, რომ ბიურო კანონის გაუმართლებლად ფართო ინტერპრეტაციით სარგებლობს და პოლიტიკურად მოტივირებულია“.[26] აგრეთვე, გაუქმდა პარტიული სიების დაკომპლექტებისას გენდერული კვოტები, რითაც, მაჟორიტარული ოლქების გაუქმების ფონზე, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ ისარგებლებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ბ. ივანიშვილის გეგმა ითვალისწინებს, 9 დათქმიდან ერთ-ერთის - სასამართლო სისტემის გაჯანსაღების - შეუსრულებლობაა. კერძოდ, საქმე ეხება სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერებისა და მათ მიერ თანამდებობრივ სარგოსთან შეუთავსებელი ქონების ფლობის საკითხის შესწავლას. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 2023 წლის მარტში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რამდენიმე ქართველ გავლენიან მოსამართლეს. დასანქცირების ფაქტი „ქართულმა ოცნებამ“ უაღრესად უარყოფითად აღიქვა და, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესების ახალი ფაზის ათვლის წერტილადაც მივიჩნიოთ.

ბ. ივანიშვილის გეგმის თანახმად, შემდეგი ნაბიჯი საარჩევნო ველის „მოსუფთავებაა“. აპრილის დასაწყისში სახელმწიფო რეესტრმა გააუქმა „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტინფო“). ვარაუდობენ, რომ კონკრეტულად „ალტინფოს“, ისევე, როგორც მანამდე წახალისებულ სხვა ჯგუფებს, მომავალი არჩევნებისთვის ხელისუფლება უკვე ხელის შემშლელებად აღიქვამს, ამომრჩევლების მაქსიმალურად მობილიზების მიზნის მისაღწევად. ამას გვაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ ბოლო გამოკითხვებით, „ალტინფოს“ ამომრჩეველთა მხოლოდ ერთი პროცენტი უჭერს მხარს.[27] მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ ამ ერთ პროცენტსაც ჰქონია მნიშვნელობა.[28] „ალტინფოს“ პარტიის გაუქმებას იურისტები და პოლიტიკის ექსპერტები ყველასთვის სახიფათო სიმპტომად თვლიან - ამ პრორუსული, ულტრამემარჯვენე ჯგუფის მიმართ დამოკიდებულების მიუხედავად. ლოგიკა ასეთია - თუკი ხელისუფლება ასე მარტივად აუქმებს ერთ პარტიას, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გააუქმოს სხვაც.[29] დასავლელ პარტნიორებს ამ ფაქტისთვის ჯეროვანი ყურადღება ჯერ არ მიუქცევიათ.

ზოგადად, ცნობილია, რომ „ქართულ ოცნებას“ კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლისთვის ექსკლუზიური არჩევანის პრეტენზია აქვს, არა მარტო „ალტინფოს“ ამომრჩევლის მიზიდვის ხარჯზე. ხელისუფლებას, პირველ რიგში, ეკლესიის თანადგომის ეიმედება, რასაც საარჩევნო პერიოდში წინა ხელისუფლებების დროსაც ჰქონდა ადგილი.[30] ასევე, ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ პარლამენტის მიერ „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონის მიღება და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტების პაკეტის ინიცირებაც.

ბ. ივანიშვილის გეგმის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი სამოქალაქო სექტორის იმ აქტორების „გაჩუმებაა“, რომლებიც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. ესაა ინსტიტუციურად და ფინასურად ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები, ე.წ. „უოჩდოგები“, რომლებიც ძირითადად საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით მუშაობენ. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს ორგანიზაციები უცხოეთიდან მიღებულ დაფინანსებას  ქვეყანაში ანტისახელმწიფოებრივი და რადიკალური განწყობების ჩამოყალიბებას მოახმარენ და, შესაბამისად, „რევოლუციურ სცენარზე“ მუშაობენ. ამ ორგანიზაციებს და მათ მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებს „აგენტურის“ სახელითაც მოიხსენიებენ. ხსენებული ორგანიზაციების დონორებად, ყველაზე ხშირად, სახელდებიან „აშშ-ის დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდი“ (National Endowment for Democracy) და „ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy), რომლებსაც ფასდაუდებელი წვლილი აქვთ შეტანილი პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ამავე თვალსაზრისით ბ. ივანიშვილის გეგმის მნიშვნელოვანი სამიზნე კრიტიკული მედიაც არის, რომელიც, მართალია, მიკერძოებულია, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროსამთავრობო მედიაპროპაგანდის დაბალანსებაში და ამომრჩევლის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობაში.

ბევრისთვის მოულოდნელად, სწორედ ხსენებული სუბიექტების გასაჩუმებლად, „ქართულმა „ოცნებამ“ აპრილის დასაწყისში მოახდინა წინა წელს უკან გაწვეული უცხოელი აგენტების შესახებ კანონის, ე.წ. რუსული კანონის, რეინიცირება, ამჯერად „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სახელწოდებით. სწორედ კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის გაჩუმების მიზანი და განზრახვა,[31] და არა კანონპროექტის რომელიმე ცალკეული პუნქტი, აღმოჩნდა ის მთავარი რამ, რის გამოც გაჩნდა „რუსული კანონის“ იარლიყი.. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ახალ ვერსიაში ტერმინი „უცხოელი აგენტი“ აღარ ფიგურირებს და მის ნაცვლად შემოთავაზებულია ტერმინი „უცხო ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია“, ამგვარმა ქმედებამ მყისიერი საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებდა.  საპოლიციო ძალებმა რამდენჯერმე სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები. იყო მომიტინგეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევებიც. პარალელურად, მიმდინარეობდა დაშინების კამპანია კანონის მოწინააღმდეგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს მოიცავდა ძალადობრივ თავდასხმებს, მუქარის ზარებს და შეურაცხმყოფელ გზავნილებს. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მმართველმა პარტიამ და მთავრობამ წაახალისეს და გააღვივეს სიძულვილი ოპონენტების მიმართ, პირდაპირ თუ ირიბად დაუჭირეს მხარი ბევრ ასეთ ინციდენტს, ან უბრალოდ თვალი დახუჭეს.[32] მალევე, საქართველო, განსაკუთრებით მისი დედაქალაქი, აშშ-ისა და ევროპის პოლიტიკური წრეებისა და მედიის საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. საერთაშორისო პარტნიორებმა, პირელ რიგში აშშ-მა და ევროკავშირმა, „ქართული ოცნების“ ქმედებებსა და განზრახვაში ავტორიტარული მისწრაფებები შენიშნეს. შესაბამისად, პარტიის ლიდერებისა და მთავრობის ხელმძღვანელობის მისამართით გახშირდა კრიტიკული განცხადებები. კრიტიკის საგანს, ძირითადად, რეინიცირებული კანონი წარმოადგენდა. ყველას აინტერესებდა პასუხი კითხვაზე, რატომ გადაიდგა ეს ნაბიჯი ახლა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა? საერთოდ, რა საჭიროა ცალკე კანონის მიღება, როდესაც უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლით ისედაც შეიძლებოდა? ბ. ივანიშვილმა არ დააყოვნა და 29 აპრილს თავის საჯარო გამოსვლაში მკაფიოდ და გულწრფელად ჩამოაყალიბა კანონპროექტის რეინიცირების მიზანი და მიზეზიც: „ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტის გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ. შეგახსენებთ, თუ როგორი გამალებით ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს შერყევას. სასამართლოში დღემდე ითხოვენ ეგრეთწოდებულ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს. მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა...[გარდა ამისა] დასაგროვებელი [საპროტესტო] ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის. შესაბამისად, კანონპროექტის ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული“ .

ნათელია, რომ ბ. ივანიშვილი ძალაუფლების საყრდენებს თვალისჩინივით უფრთხილდება და ყველაზე დიდ საშიშროებად უკონტროლოდ აგორებული საპროტესტო ტალღა მიაჩნია. მაგრამ ვინ არის ის, ვინც „არ ასვენებს“ ძალაუფლების კონსოლიდაციის მოსურნე მმართველ ელიტას და წყლის ამღვრევას ესწრაფვის, რათა, ოპოზიციის სისუსტის მიუხედავად, საარჩევნოდ საქმე გაურთულოს „ქართულ ოცნებას“? როგორც ჩანს, როდესაც ბ. ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების გეგმას ამუშავებდა, ამ კითხვებზე სათავისო პასუხები უკვე ჰქონდა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი (იგივე „რუსული კანონი“) იქცა სიმბოლურ საჯილდაო ქვად, ერთი მხრივ, ხელისუფლების კონსოლიდაციის მოსურნე შინაგანად ავტორიტარულ პოლიტიკურ ძალასა, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს ევროპული მომავლის მოსურნე საზოგადოებასა და გეოპოლიტიკურ პარტნიორებს შორის.[33] მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები ყოველმხრივ ცდილობენ თავი გაიმართლონ ან აირიდონ ყოველი ახალი ბრალდება, სულ უფრო ფართო ხასიათს იღებს დემოკრატიული მთავრობებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებები კანონის უკან გაწვევასთან დაკავშირებით. სხვა მრავალ მოწოდებასთან ერთად, აღსანიშნავია ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე 36 ქვეყნის ერთობლივი განცხადება, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შეწყვიტოს კანონის ოპონენტების წინააღმდეგ დაშინების კამპანია და დაიცვას გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება“.[34]

ისევ "გლობალური ომის პარტიის" შესახებ

მასობრივი საპროტესტო აქციების პარალელურად „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკა დასავლელი პარტნიორების მიმართ სულ უფრო კონფრონტაციული გახდა. პირველად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში წარმოიშვა და განვითარდა ხელისუფლებისგან ინიცირებული ანტიდასავლური პროპაგანდა. ახალი ენერგიით გავრცელდა მითები ე.წ. გლობალურ ომის პარტიაზე, რომელიც თითქოს დაჟინებით ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას. არადა, მხედველობაში თუ არ მივიღებთ უკრაინელი რამდენიმე ჩინოსანის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ 2022 წლის პირველ ნახევარში გამოუცდელობით გაკეთებულ მიამიტურ მოწოდებებს, სხვა ანალოგიური მოწოდებების შესახებ, მათ შორის დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ღია წყაროებით ინფორმაცია არ იძებნება. თუ რამ დახურული არხებით გადმოიცა, ამის შესახებ ხელისუფლება დუმს და ამით, ფაქტობრივად, მოგვიწოდებს სიტყვაზე ვენდოთ, ვირწმუნოთ მისი არსებობა.

საფიქრებელია, რომ „გლობალური ომის პარტიის“ ცნების ოპერირებით ხელისუფლება ცდილობს, ერთი მხრივ, იქით შეედავოს ქართული დემოკრატიის უკუსვლისადმი კრიტიკულად განწყობილ დასავლელ პოლიტიკოსებსა თუ ინსტიტუციებს, მეორე მხრივ, შექმნას საზოგადოებაში განცდა, თითქოს საქართველოს იდენტობა და სუვერენიტეტი საფრთხეშია და დაცვა სჭირდება. ამ დროს, დაცვა თურმე არა ტერიტორიების 20 პროცენტის მიმტაცებელი რუსეთისგან არის საჭირო, არამედ „გლობალური ომის პარტიისგან“, რომლის წევრადაც რუსეთი, ან რუსი პოლიტიკოსები, რატომღაც არ სახელდებიან. და საერთოდ, ვინ არის ეს „გლობალური ომის პარტია“? როდის გაჩნდა? სად იყო წინა წლებში? რატომ მანამდე არაფერი გვსმენია მასზე? საქართველოს გარდა კიდევ ვის ერჩის? ჩვენს გარდა რატომ არავინ ჩივის „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობის გამო? ამ კითხვებზე პასუხი „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსში, როგორც ჩანს, არ აქვთ. ნაცვლად ამისა, გვეუბნებიან, რომ „გლობალური ომის პარტიაში“ „ძალიან სახიფათო ხალხია“, იმდენად, რომ მათი სახელის წარმოთქმაც სარისკოა. როგორც „მასონებს“, მათ „კრიტიკული გავლენა“ აქვთ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ეს ჯგუფი წლებია უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს, - რომელმაც საქართველოში მათი „აგენტურის მმართველობა“ დაასრულა.[35] სინამდვილეში კი საქმე ის არის, რომ როდესაც „ომში ჩათრევის“ ბრალს ვერ ბედავ ან ვერ ახერხებ რომ წაუყენო გადაწვეტილების მიმღებ კონკრეტულ პირს ან ინსტიტუტს (უცხო ქვეყნის პრეზიდენტს, სახელმწიფო დეპარტამენტს, თეთრ სახლს, მსხვილ კომერციულ ბანკს და სხვ.), ასეთ დროს შეთქმულების თეორიების მოშველიება ყველაზე იოლი გამოსავალია. ასე გაჩნდა მითი გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომელიც თურმე ათასი უხილავი ძაფით არის დაკავშირებული დასავლურ ინსტიტუციებთან და რაღაც მანქანებით მიზანმიმართულ ზეგავლენას ახდენს იქ არსებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. რატომღაც, ამგვარი ზეგავლენის „მსხვერპლი“ ხან აშშ-ის ელჩი ხდება, ხან ევროპარლამენტარები, ხან შვეიცარიის კომერციული ბანკი და ა.შ. თანაც ეს ზეგავლენა, ასევე უცნაურად, მხოლოდ საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით ჩნდება. აბა, მაშინ სხვა ქვეყნების ხელისუფლებები რატომ არ ჩივიან?[36]

სტრატეგიული ურთიერთობების მოშლა

სამწუხაროა, რომ ანტიდასავლური პროპაგანდა დასავლელ პარტნიორებთან კონფრონტაციის იზოლირებული მოვლენა არ არის. გაუარესებულმა რიტორიკამ ასახვა ჰპოვა საკუთრივ ურთიერთობებზეც, როგორც აშშ-თან, ისე ევროკავშირთან. მაისის დასაწყისში სრულიად უპრეცედენტო ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. ქართულ მხარეს უარი უთქვამს აშშ-ის მხარის წინადადებაზე, ვაშინგტონში გამართულიყო მაღალი დონის კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო განვითარებული მოვლენების გარდა, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის თემებსაც განიხილავდნენ. ვისთვისაც მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვის საკითხები უცხო არ არის, ადვილად მიხვდება, რომ პროტოკოლით თეთრ სახლში შეხვედრების გამართვა იყო განზრახული, სულ ცოტა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დონეზე. იმის გათვალისწინებით, რომ ქალბატონ კამალა ჰარისის საგარეო-პოლიტიკური პორტფელი არ მოიცავდა კავკასიის რეგიონს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრები თავად პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დონეზე უნდა გამართულიყო. ქართული დიპლომატიისთვის ამერიკის პრეზიდენტთან უმაღლესი დონის კონტაქტი ყოველთვის გამორჩეული მოვლენა იყო, რამეთუ ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების მოგვარების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. მიუხედავად ორ ქვეყანას შორის ახლო პარტნიორული ურთიერთობისა, ამგვარი შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება ადვილი არ არის. ამ შემთხვევაში კი ინიციატივა თავად ამერიკული მხრიდან მოდიოდა, რაც  კიდევ უფრო ზრდიდა შეხვედრის მნიშვნელობას საქართველოსთვის.

ამ უცნაურ ნაბიჯს მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ობრაიანის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გაუგებრობების აღმოფხვრის მორიგ მცდელობას წარმოადგენდა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, რომელიც ვიზიტის პროგრამის მთავარი ღონისძიება იყო, მხარეებმა „ერთმანეთს ვერ გაუგეს“. პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილის სახელით საუბრობდა, ვინაიდან თავად „ქართული ოცნების“ ლიდერმა უარი თქვა შეხვედრაზე. საუბარმა, როგორც ჩანს, ზემოხსენებული შეთქმულების თეორიის ჩარჩოში ჩაიარა. როგორც შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სახტად დარჩენილმა ჯ. ობრაიანმა აღნიშნა, „ფაქტი, რომ მსგავსი გავლენიანი პირი [ბ. ივანიშვილი] ამ დონეზე არასწორად ინფორმირებულია, შოკისმომგვრელი და იმედგამაცრუებელია“. შემდეგ ჯ. ობრაიენმა განაცხადა: „თუ [გამჭვირვალობის შესახებ] კანონი ისე წავა წინ, რომ ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში არ იქნება, მოხდება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ადგილი ექნება ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მაშინ შეერთებული შტატების მხრიდან აუცილებლად იქნება შეზღუდვები, რაც გულისხმობს ფინანსურ და/ან სამოგზაურო შეზღუდვებს ამ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახების მიმართ“.[37] მოგვიანებით, კანონის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ზედმიწევნით გადახედვა დააანონსა.[38] იმავე დღეს, ამერიკელმა სენატორებმა სენატში კანონპროექტი „ქართველი ხალხის აქტი“ წარადგინეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებებისა და პოლიტიკის საპასუხოდ, საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს უწესებს, საგარეო დახმარებას გადახედავს და ხელახლა შეაფასებს არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს.[39] თავის მხრივ, იმავე შინაარსის კანონპროექტი, სახელწოდებით MEGOBARI Act, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაშიც წარადგინეს.[40] აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მესამედ მოსმენით მიღების წინ იქნა მიღებული და პრევენციული ხასიათი ჰქონდა იმ იმედით, რომ „ქართულ ოცნებაში“ საღი აზრი გაიმარჯვებდა და კანონს საბოლოოდ აღარ მიიღებდნენ. პასუხად, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ცინიკურია, როდესაც იმ კანონს, რომელიც განიხილება კონგრესში, ეწოდება მეგობარი აქტი, როცა პირდაპირ მტრობაზეა საუბარი. მე ამ კანონს ვუწოდებდი DAUDZINEBELI აქტს, ასე უფრო მოუხდებოდა. ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას“.[41] საბოლოოდ, ასობით ათასი ადამიანის პროტესტის მიუხედავად, კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით მაინც მიიღო, რასაც სახელმწიფო მდივნის მიერ დაანონსებული სანქციების პირველი ტრანში[42] მოჰყვა.

თავის მხრივ, ევროკავშირშიც ამზადებენ სანქციების შესახებ დოკუმენტს. წინასწარი ინფორმაციით,[43] დოკუმენტი ითვალისწინებს, ერთი მხრივ, მოკლევადიან ზომებს, ხოლო მეორე მხრივ, ნაბიჯებს, რომლებიც იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიდგას, თუ მომავალში საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება. პირველ კატეგორიაში შედის ისეთი ზომები, რომლებიც როგორც ბრიუსელმა, ისე ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ შეიძლება მიიღონ. მოკლევადიან ზომებს შორისაა: ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მხრიდან უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების, შეხვედრებისა და ღონისძიებების გაუქმება (პირველ ყოვლისა, ნაგულისხმევია შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან და მინისტრებთან); ისეთი ფინანსური დახმარების შეწყვეტა, რომლითაც უშუალოდ სარგებლობს ხელისუფლება და მათთვის განკუთვნილ სამომავლო ფინანსურ დახმარებაზე დისკუსიების შეწყვეტა; ფინანსური დახმარების პორტფელის გადახედვა, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გაძლიერებას (არ შეეხება რეგიონულ დახმარებას); ევროპის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი 30-მილიონევროიანი დახმარების გაყინვას. სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, რაც შეიძლება გულისხმობდეს, ერთი მხრივ, „მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას“, მეორე მხრივ კი, „მნიშვნელოვან დარღვევებს საარჩევნო პროცესში“, შესაძლოა, უფრო მძიმე ზომებიც მიიღონ: წევრი სახელმწიფოებისათვის რეკომენდაციის გაცემა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატებისათვის უვიზო რეჟიმის დროებით შეწყვეტის შესახებ; შემზღუდავი ზომები (სანქციები) იმ ადამიანებისა და ორგანოების მიმართ, ვინც ჩართული იქნება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში; პოლიტიკურ დონეზე საქართველოსთან დიალოგის შემდგომი შეჩერება; ფინანსური დახმარების შემდგომი გადახედვა, შემდგომი საბიუჯეტო დახმარების შეჩერება და სახსრების შემდგომი გადამისამართება; საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში დახმარების შემდგომი შეჩერება.

ხსენებული მენიუდან კონკრეტულად რომელ ზომას და როდის მიიღებს ევროკავშირი, დროთა განმავლობაში გამოჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რაც ხდება, სიურეალისტურად გამოიყურება. ნამდვილად ძნელად წარმოსადგენია, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით შეიძლება ხდებოდეს. მრავალ განსაცდელგამოვლილ საქართველოში მტერიც შემოგვსევია, სახელმწიფო გადატრიალებაც მომხდარა, რევოლუციაც, სამოქალაქო ომშიც კი დაპირისპირებიან ქართველები ერთმანეთს, მაგრამ არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ ქართველი ხალხის არჩევანი, გახდეს დასავლეთის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სივრცის ნაწილი. არადა, ზემოთ მოყვანილ ნუსხაში ჩამოთვლილი კონკრეტული ზომები თუ რეალობად იქცა, ჩვენ წინ ის გამყოფი კედელი აღიმართება, რომელიც სანუკვარ დასავლურ სამყაროსკენ გზას გადაგვიღობავს.

"პრორუსულის" დამღა განმეორებით

საქართველო, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გამუდმებით იმყოფება რუსეთიდან ნასაზრდოები ანტიდასავლური პროპაგანდის ქვეშ, მაგრამ არასდროს ყოფილა, რომ ამ პროპაგანდის ნაირსახეობა საკუთრივ ქართული ხელისუფლების მიერ ყოფილიყო ინიცირებული. მტრისა და მოყვრის გარჩევა ქართველებს ყოველთვის შეეძლოთ, რასაც „ქართლის დედა“ მთელი თავის სიდიადით გამოხატავს. დღეს კი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროპაგანდა ტრადიციულ მოყვარეს მტრად წარმოაჩენს, ხოლო ტრადიციული მტერი - რუსეთი - თითქოს აღარც არსებობს. იგი გამქრალია ხელისუფლების ნარატივში. „ახალი“ მტერი „გლობალური ომის პარტია“ და მის მიერ მართული დასავლური მთავრობები და ინსტიტუციებია, ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებაში მოკალათებულ „აგენტურასთან“ ერთად. ამავე დროს, ხელისუფლებას ესმის, რომ ქვეყნის მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი, მათ შორის ელექტორატის ახალგაზრდა და ენერგიული ნაწილი, ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის ფანჯრის არსებობა ძალაუფლების შემდგომი კონსოლიდაციის მოსურნე „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა, პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას აკონტროლებს,[44] პოლიტიკურად უაღრესად წამგებიანია, ვინაიდან მისი დახურვის პერსპექტივაც კი, სერიოზული პოლიტიკური ფასი უჯდება ელექტორატის ყოველდღიურად დაკარგვის სახით. ამიტომ იგი წინასაარჩევნოდ გამალებით ცდილობს შეინარჩუნოს სტრატეგიული კომუნიკაციის ბუნდოვანება და ევროკავშირის [და აშშ-ის] დადანაშაულების[45] პარალელურად, განაგრძოს ევროკავშირში გაწევრიანების როგორც პრიორიტეტის წარმოჩენა, ისე ზოგადად დასავლური ვექტორისადმი ერთგულება. „ქართული ოცნების“ ლიდერები ცინიკური ნიშნის მოგებით იმაშიც კი ცდილობენ ქართველი ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ თითქოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებით ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შანსები გაიზარდა.[46] რამდენად წარმატებით ახერხებს ამას, ყველაზე ზუსტად არჩევნები აჩვენებს. სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უკვე დაკარგა ზოგადად პროდასავლური და კონკრეტულად პროევროპული რეფორმატორი აქტორის იმიჯი როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქართველი ამომრჩევლის თვალში. მით უმეტეს, რომ მას განმეორებით დაესვა „პრორუსულის“დამღა, რომლის მოშორებასაც თავის დროზე ხანგრძლივი და თანმიმდევრული ძალისხმევა დასჭირდა. ახლა, ეს დამღა უფრო ღრმაა იმიტომ, რომ ამჯერად იგი მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა, ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა და დასავლელმა პარტნიორებმა ერთად ამოტვიფრეს „ქართული ოცნების“ იმიჯზე. სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ რებრენდინგს ადვილად ვერ მოახერხებს და ეს იმიჯი ამ პოლიტიკურ სუბიექტს მომავალ წლებშიც გაჰყვება.

აქვე, სავარაუდოა, რომ თავად „ქართული ოცნების“ ერთგულ ამომრჩეველსაც კი, რომელიც უპირობოდ იღებს სახელისუფლო ნარატივის ანტიდასავლურ გზავნილებს, არ სჯერა პარტიის ლიდერების დაპირების, რომ 2030 წელს საქართველო აუცილებლად შევა ევროკავშირში. მეტიც, მას ეს აღარც უნდა, იმიტომ, რომ „ევროპას ჩვენი ომში ჩათრევა სურს“, „ევროპამ სულიერი დეგრადაცია განიცადა“, „ჩვენ თავად უნდა დავიცვათ საკუთარი ღირსება და სუვერენიტეტი“. ვიზუალურად, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული „საერთო-სახალხო მსვლელობები“ მასშტაბური ჩანს. აშკარაა, რომ სახელისუფლო პროპაგანდა მუშაობს. ეს პროპაგანდა ყველაზე მეტად იმით არის საშიში, რომ გამუდმებული ანტიდასავლური რიტორიკით, ევროპის და ყოველივე ევროპულის ძაგებით იკარგება ქვეყნის ღირებულებითი და საგარეო-პოლიტიკური ორიენტირი, ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ალბათ, ის ზიანი, რაც ბოლო არასრული ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ წარმოებული პროპაგანდით მიადგა დასავლელი პარტნიორების ავტორიტეტს და, ზოგადად, საქართველოს ევროპულ არჩევანს,  აღემატება იმ შედეგს, რაზეც გათვლილია ათწლეულების განმავლობაში რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ ანტიდასავლური კამპანიის ფარგლებში წარმოებული დეზინფორმაცია.

სავაჭრო ურთიერთობებისგან განსხვავებით, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში კომპლემენტარიზმი ან მრავალვექტორულობა დღევანდელ „რეალპოლიტიკის“ ზეობის ხანაში რთულად განსახორციელებელია. ერთდროულად რამდენიმე სკამზე ჯდომა გართულებულია. ცხადი ხდება, რომ „ქართული ოცნება“ ამას ვერ უმკლავდება, ირღვევა ბალანსი ევროპული ვექტორის ხარჯზე. თანაც, ეს პროპაგანდა ყველაზე ეფექტიანია იმ ამომრჩეველში, ვისაც მ. სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლებისადმი ზიზღნარევი შიში აქვს და მზად არის ყველაფერი დათმოს, მათ შორის ქვეყნის ევროპული მომავალი, ოღონდ „ის დრო არ დაბრუნდეს“. ამჟამად, ძნელია იმის ზუსტად განსაზღვრა, „ქართულ ოცნებას“ რამდენი ამგვარი ერთგული ამომრჩეველი ჰყავს. ერთი რამ კი ცხადია, რომ ყბადაღებული პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც ბოლო წლების განმავლობაში უკიდურესად გამძაფრებულია და ჩვენი ქვეყნის სამწუხარო სავიზიტო ბარათი გახდა, საზოგადოებასაც გადაედო და სახეზე გვაქვს მეტად არასახარბიელო ვითარება საზოგადოებრივი პოლარიზაციის სახით.

მართლა პრორუსულია "ქართული ოცნება"?

ზემოხსენებული ტრილემა პირადად ბ. ივანიშვილისა და ზოგადად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის დაუძლეველ ზეამოცანად იქცა. მათ ადგილზე სხვა, უფრო დემოკრატიული ხელისუფლება ამგვარი ზეამოცანის წინაშე არ აღმოჩნდებოდა, ვინაიდან არ იარსებებდა ხელისუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნების ამოცანა. შესაბამისად, არ დაადგებოდა ევროპული რეფორმების საბოტაჟის გზას. ფაქტია, რომ ევროკავშირის წევრობის არცერთი სხვა კანდიდატი ქვეყნის ხელისუფლება არ მდგარა მსგავსი ტრილემის წინაშე.[47] მაგრამ, ვინაიდან, ხელისუფლების კონსოლიდაციისკენ აღვირახსნილი ლტოლვა მხოლოდ ავტორიტარული მიდრეკილების მქონე ხელისუფლებების მახასიათებელია, „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია პროევროპული რეფორმების საბოტაჟი. დიახ, ავტორიტარული მიდრეკილება აქვს „ქართული ოცნების“ მმართველობას, რომელიც არა მარტო ერთპარტიულია, არამედ ერთპიროვნულიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელი ასახსნელია ის შესაშური „ერთსულოვნება“, რაც ამ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, საპარლამენტო უმრავლესობამ, არნახული მორალურ-პოლიტიკური წნეხის პირობებში გამოიჩინა ე.წ. რუსული კანონის მიღების პროცესში.

„ქართული ოცნების“ ოპონენტები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე დასავლეთის მთავრობებსა და ინსტიტუციებში, ხელისუფლების ამგვარ ავტორიტარულ მიდრეკილებებს ხშირად მისი რუსოფილობით ხსნიან და პრორუსული პოლიტიკის გატარებაში სდებენ ბრალს. ანუ, ავტორიტარულ მიდრეკილებებსა და პრორუსულ გეოპოლიტიკურ არჩევანს შორის მიზეზშედეგობრივ კავშირს ხედავენ და მიიჩნევენ, რომ ავტორიტარული მიდრეკილებები მეორადია, ხოლო პირველადი - რუსეთის სასარგებლოდ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანია. თითქოს ამგვარი ცივილიზაციური არჩევანის ბრალია ევროპული და ევროატლანტიკური გზიდან გადახვევაც. აქედან გაჩნდა იარლიყი - „პრორუსული ხელისუფლება“ და არა „ავტორიტარული ხელისუფლება“, ან „დიქტატურა“, ან „ტირანია“ და ოპოზიციისთვის ჩვეული სხვა რადიკალური ეპითეტები. ოპოზიციურ რიტორიკაში ხშირად გაიგონებთ - „რუსეთში მიგვაქანებენ“, „მალე კრასნოდარში გამოვიღვიძებთ“, „პუტინის სამსახურში არიან“, „გაგვარუსებენ“ და ა.შ.

სინამდვილეში,  ყველაფრის თავი და თავი „ივანიშვილის ოცნების“ ასრულების აუცილებელი წინაპირობა - ხელისუფლების შენარჩუნებისა და მისი შემდგომი კონსოლიდაციის დაუოკებელი სურვილია, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, არანაირად არ არის „პრორუსული“ ან „რუსული პროექტი“. ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა მართალი, მის მიერ გატარებული პოლიტიკა მიზანმიმართულად რომ ყოფილიყო ორიენტირებული რუსეთის სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე. შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებები მავანს მართლაც მოსწონს რუსეთში, ან მიღებული კანონები ძალიან ჰგვანან რუსეთში მიღებულ კანონებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილებები და კანონები უპირველესად საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების მიზნით მიიღება. მეტი სიზუსტისთვის, პროევროპული რეფორმების გატარებაზე უარის თქმა ავტომატურად არ ნიშნავს პრორუსულობას. შესაბამისად, ამ ხელისუფლების დასახასიათებლად სწორი სახელდება „რუსულის მსგავსი“ (à la russe) ან „რუსულის იმიტატორი“ იქნებოდა, და არა „პრორუსული“. რაც შეეხება რუსეთისადმი ლოიალობას („ბაბაიას დაძახებას“), ეს არა ცივილიზაციური არჩევანით, არამედ გეოპოლიტიკური აუცილებლობით უნდა აიხსნას. ეს კი სხვადასხვა რამაა. სხვა სიტყვებით, ჩვენს სიახლოვეს მძვინვარე ომის ფონზე მშვიდობის შენარჩუნებას რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობების აგება სჭირდება. მაგრამ, საქმე ის არის, რომ ეს გარემოება წარმატებით გამოიყენება ხელისუფლებისთვის ბრძოლაში და „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარული სულისკვეთების გადაწყვეტილებების საპასუხოდ ხდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ვექტორის შებრუნება და ხელისუფლებაზე „პრორუსულის“ იარლიყის მიკერება. ამ პიარტექნოლოგიურმა ფანდმა გაამართლა - „ქართულ ოცნებას“ გარე და შიგა ოპონენტებთან დაპირისპირებაში უზარმაზარი პრობლემები შეექმნა: ქვეყნის შიგნით ხელისუფლების კონსოლიდაციისთვის ბრძოლაში, ქვეყნის გარეთ - ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გარკვევაში. ნაკლებ ინფორმირებული დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ბ. ივანიშვილის მრავალმილიარდიანი ქონების რუსული წარმომავლობა, მისი და მისი ახლობლების ახლანდელი ბიზნესინტერესები და ნაცნობობა რუსეთში (პირობითი ევტუშენკოვები), ან თუნდაც საქართველოს მთავარ პროკურორად რუსეთის ფსბ-სთან თანამშრომლობაში მხილებული პირის[48] დანიშვნა საფუძველია (და თან საკმარისი პირობაა) საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებისთვის, რაც თითქოს უკვე ხდება.

ზოგიერთი განსხვავებულად ფიქრობს და ვარაუდობს, რომ დასავლური კურსის შეცვლა ნებაყოფლობითი პრორუსული ცივილიზაციური არჩევანით კი არა, კრემლიდან მიღებული გეოპოლიტიკური შეკვეთით ან „დავალებით“ არის განპირობებული. სანაცვლოდ, ბ. ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნების წინ „რაღაც მნიშვნელოვანს“ ელის. ვრცელდება მოარული ხმები, თითქოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევა ერთგვარი სავაჭრო მონეტაა ბ. ივანიშვილის ხელში, რათა რუსეთის მხრიდან მოიპოვოს კეთილგანწყობა და მიიღოს სამაგიერო სარგებელი ქვეყნისთვის. ამავე მოარული ხმების თანახმად, რუსეთთან კულისებს მიღმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან კონფედერაციული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებები წარმოებს. არადა, ობიექტურად არავითარი წინაპირობა ორ ქვეყანას შორის წლობით დაგროვილი ფუნდამენტური პრობლემების მოგვარებისთვის არ არსებობს. ასე მაგალითად, არ არსებობს ფორმატი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება მიმდინარეობდეს მოლაპარაკება (ე.წ. „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატი ფაქტობრვად აღარ ფუნქციონირებს); უცნობია, რა არის ის საფასური, რის სანაცვლოდაც რუსეთი შეიძლება დაინტერესდეს საქართველოსთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებით. თუ ეს, პირობითად, ნატოში შესვლაზე უარის თქმაა,[49] ეს ხომ ჯერ კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებს გულისხმობს?; რაც მთავარია, საზოგადოებრივი აზრი მზად არ არის ამ ტიპის გარიგებისთვის. სხვათა შორის, არც ქართველებსა და აფხაზებს ან ქართველებსა და სამხრეთელ ოსებს შორის არსებული კონფლიქტების დარეგულირების წინაპირობებია. არჩევნებამდე კი სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი.

შესაძლებელია ურთიერთობების გადატვირთვა?

თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა ხელისუფლების დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზე. სამწუხაროდ, ეს გარემოება საქართველოს, როგორც ქვეყნის მიმართ, ურთიერთობებზეც აისახა.  ერთ დროს რეგიონში დასავლელ პარტნიორებთან სამაგალითო ურთიერთობები წარსულს ჩაბარდა.

ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა საქმე, თავად დასავლელი პარტნიორების საქართველოსთან ურთიერთობებში წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომებიც არის. ეს საკითხი ცალკე ვრცელი მსჯელობის თემაა, თუმცა რამდენიმე მაგალითს მაინც მოვიყვანთ. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში პრეზიდენტ ელცინის დროინდელი რუსეთისადმი აშშ-ის და ევროპული სახელმწიფოების იმედიანი დამოკიდებულების გამო პოსტსაბჭოთა სივრცე, მათ შორის საქართველო, რუსეთის „უკანა ეზოდ“ ჩამოყალიბდა, სადაც რუსეთს სრული „კარტ ბლანში“ მიეცა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი სისტემის ჩამოყალიბებაში. საქართველოს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა დასავლეთის მიმართ მისწრაფებებით, უაღრესად უჭირდა რუსეთის ორბიტიდან თავის დაღწევა. ამ ამოცანას ამძიმებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების დარეგულირების პროცესში რუსეთის დესტრუქციული როლი, რომელსაც დასავლეთი ქმედითად არ ეწინააღმდეგებოდა. კერძოდ, ვერაფრით მოხერხდა, მაგალითად, აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაცია და დსთ-ს ნაცვლად გაეროს ეგიდით წარმართვა. მეორე, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე დაიბლოკა საქართველოსთვის [და უკრაინისთვის] გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემა და, ნაცვლად ამისა, შემოთავაზებულ იქნა გაწევრიანების ორაზროვანი და ბუნდოვანი ფორმულა, რამაც კოსოვოს სუვერენიზაციით დაბოღმილ და განრისხებულ რუსეთს ხელფეხი გაუხსნა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის სამხედრო ავანტიურისთვის. მესამე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თავიდან ასარიდებლად საკმარისი არ აღმოჩნდა დასავლელი პარტნიორების დიპლომატიური ძალისხმევა. მიუხედავად იმისა, რომ შედეგიანი იყო მათი ჩართულობა უკვე გაჩაღებული ომის შეჩერებაში, ამან ვერ აარიდა საქართველოს რუსეთის მიერ ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია. მეოთხე, დასავლეთმა ფაქტობრივად ვეტოს უფლება გადასცა რუსეთს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პროცესში. მიუხედავად საქართველოს აქტიური მონაწილეობისა ნატოს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო და სამხედრო ოპერაციებში, რუსეთის „არ გაღიზიანების“ პოლიტიკა ყოველთვის მძლავრობდა და საქართველოს მუდმივად მიუთითებდნენ „ახალ საშინაო დავალებებზე“, რომელთა შეუსრულებლად გაწევრიანების გზაზე შემდგომი ნაბიჯები არ იდგმებოდა. ეს მიდგომა დღემდე ძალაშია. შესაბამისად, საქართველო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე რჩება და თავად აქვს საზრუნავი რუსეთიდან მომდინარე რისკების მართვაზე.

ამასობაში, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური წესრიგის ტრანსფორმაციის კვალდაკვალ ადგილი აქვს გავლენის სფეროების ახლებურ დელიმიტაციას. ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი ირღვევა, და ამის ფონზე რევიზიონისტული რუსეთი ცდილობს ევრაზიის სივრცეში ოდესღაც იმპერიული დიდების აღდგენას, მათ შორის ძალისმიერი მეთოდებით. თავის მხრივ, ჩინეთი მის ხელთ არსებული მძლავრი ფინანსურ-ეკონომიკური ბერკეტებით მიისწრაფვის მსოფლიო ჰეგემონიისკენ. გლობალური მასშტაბით, სახეზეა ანტიდემოკრატიული სივრცის ექსპანსია. ასეთ ვითარებაში, ისტორიულად ცივილიზაციების გზაგასაყარზე მდებარე სუსტი და პატარა საქართველოსთვის უაღრესად რთულდება დასავლური ყაიდის ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ამოცანა, რომლის აუცილებელ წინაპირობას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცესთან შეზრდა წარმოადგენს. შესაძლოა, აქ დევს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების ტრანსფორმაციის გასაღებიც. მშვიდობის, კეთილდღეობის, წესრიგისა და პროგრესის სივრცე, რასაც ევროპული განვითარების მოდელი მოიაზრებს, წესით, მიმზიდველი უნდა აღმოჩნდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანამოქალაქეებისთვის. ამავდროულად, ყველასგან დამოუკიდებელი, სუვერენული, ნეიტრალური და ავტარქიული სახელმწიფოს აშენების ყოველი მცდელობა გარდაუვლად ფუჭი აღმოჩნდება, შესაძლოა, საბედისწეროც კი.

ამის ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასავლელ პარტნიორებთან სერიოზულად გართულებული ურთიერთობები ქვეყნისთვის უაღრესად დამაზიანებელია მრავალი თვალსაზრისით და ამის ნიშნები უკვე ჩანს. ასე მაგალითად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში, სადაც ტრადიციულად გამოხატულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ზოგიერთი ახალი ფორმულირება მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოს დელეგაციისთვის.[50] ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის 2025 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს დახმარების შესახებ ჩანაწერი აღარ არსებობს.[51] დამატებით, ურთიერთობების გაუარესების ნიშნად/შედეგად აშშ-მა  გაურკვეველი ვადით გააუქმა ერთობლივი ყოველწლიური სამხედრო ვარჯიშები „ღირსეული პარტნიორი“,[52] შეჩერებულია თანამშრომლობის/დახმარების პროგრამები სხვადასხვა სფეროში. გაცივდა ურთიერთობები ნატოსთანაც. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შემდეგ პირველად, ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელიც მოკავშირე სახელმწიფოების მეთაურებმა 2024 წლის 11 ივლისს მიიღეს, არ შეიცავს ფორმულირებას, რომ „საქართველო გახდება ალიანსის წევრი“.[53] თუმცა, საქართველოსთან ურთიერთობების სრული გაწყვეტისგან როგორც აშშ,[54] ისე ევროკავშირი[55] და ნატო თავს იკავებენ. სავარაუდოდ, არის იმედი, რომ უახლოეს პერიოდში ვითარება შეიცვლება და შესაძლებელი გახდება ურთიერთობების აღდგენა და შემდგომი გაღრმავება. ამავე დროს, „ქართული ოცნების“ და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დროდადრო გაისმის განცხადებები ურთიერთობების „გადატვირთვის“ საჭიროების შესახებ, მაგრამ შინაარსი, რაც ამ ცნებაში იდება, განსხვავებულია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, სავარაუდოდ, მიხვდა, რომ დასავლელ პარტნიორებთან კინკლაობით ზედმეტად გაერთო და სურს ურთიერთობები „გადატვირთოს“, მაგრამ ისე, რომ სახეც შეინარჩუნოს და საარჩევნო ამოცანებიც შეასრულოს. სახის შენარჩუნებაში იგულისხმება „სუვერენიტეტისა“ და „მშვიდობიანობის“ დაცვის შესახებ გზავნილების მუდმივი გაჟღერების პარალელურად ევროატლანტიკური ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მტკიცედ გამზიარებელი ძალის იმიჯიც აღიდგინოს. საარჩევნოდ მთავარი ამოცანა კი არჩევნებში მოპოვებული ხმების ლეგიტიმაციას უკავშირდება. საქმე ის არის, რომ ზოგიერთმა პოტენციურმა საერთაშორისო არბიტრმა, მაგალითად, ვენეციის კომისიამ, უკვე გამოთქვა კრიტიკა „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო და მოუწოდა ხელისუფლებას, გამოასწოროს მითითებული ხარვეზები.[56] სხვათა შორის, ვენეციის კომისიამ შენიშვნები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონისა“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც გამოთქვა.[57] დემოკრატიული სტანდარტებიდან გადახვევის მანიშნებელი ეს და სხვა კანონები თუ გადაწყვეტილებები ერთმანეთთან კავშირშია და არჩევნების შეფასების დროს იქონიებს გავლენას. არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის პრობლემას აქტუალურს ხდის ის ზოგადი გარემოებაც, რომ 2020 წლის არჩევნების პერიოდთან შედარებით დღეს ვითარება თვისობრივად არის შეცვლილი - ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და კოლექტიურ დასავლეთს შორის გაუარესებულია. შედეგად, პირველად „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, არჩევნების შეფასება შეიძლება უარყოფითი იყოს, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სტაბილურობას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

რაც შეეხება დასავლელ პარტნიორებს, მათაც სურთ ურთიერთობების „გადატვირთვა“, მაგრამ, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, აშშ, ევროკავშირი და ნატო აუცილებელ პირობად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ გაუქმებას და ზოგადად დემოკრატიული ქცევისკენ ხელისუფლების დაბრუნებას ასახელებენ. ეს უკანასკნელი, პირველ რიგში, არჩევნების ჭეშმარიტად თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას გულისხმობს. მაგრამ, „ქართული ოცნების“ ინიციატივით ზემოხსენებული „არადემოკრატიული ნაბიჯების“ ერთობლიობით არჩევნებისთვის საჭირო სამართლიანი გარემო უკვე აღარ არსებობს. არადა, თავიდან, როდესაც პრემიერ-მინისტრი ი. კობახიძე ვაშინგტონში მიიწვიეს კონსულტაციებისთვის, უფრო ხელსაყრელი სიტუაცია იყო გადატვირთვისთვის. გადატვირთვის ბოლო, როგორც გაირკვა, წარუმატებელი, მცდელობა კი ჯ. ობრაიანის თბილისში ვიზიტი აღმოჩნდა. ამჟამად ურთიერთობების გადატვირთვაზე თითქმის აღარც საუბრობენ, ვინაიდან სახეზეა მხარეებისთვის „გადატვირთვის“ მიზნების, პირობების და მოლოდინების აცდენა. ეს თვალნათლივ გამოჩნდა 12 აგვისტოს სენატორ შაჰინისა და კონგრესმენ ტერნერის პრემიერ-მინისტრ ი.კობახიძესთან გამართულ შეხვედრაზე.[58] საქართველოს ხელისუფლების მიმართ ათწლეულების განმავლობაში ნაშენები ნდობა დაკარგულია. ამუშავებულია სანქციების მანქანა.  მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი პარტნიორები ფეხს ითრევენ უფრო მძიმე სანქციების დაწესებისგან, იმედი იმისა, რომ ხელისუფლება უკან გაიწვევს კანონს და სანქციების დამძიმება აღარ გახდება საჭირო, სულ უფრო მცირდება. თუმცა, დრო კიდევ რჩება.

არის გამოსავალი?

შექმნილ ვითარებაში საპარლამენტო არჩევნები ერთგვარი ჭეშმარიტების წამია. კრიტიკული მნიშვნელობა მიენიჭება მის შედეგებს. „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის დასრულების შემთხვევაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ისევე, როგორც სხვა საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ერთობლიობაში დემოკრატიის უკუსვლად არის შეფასებული, გაუქმდება და საქართველო დაუბრუნდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს. ეს რომ მოხდეს, ამისათვის უმოკლეს დროში გადასაწყვეტია ბ. ივანიშვილისთვის (და არა იმდენად „ქართული ოცნების“ გუნდისთვის) ფიზიკური, პოლიტიკურ-სამართლებრივი და ფინანსური გარანტიების საკითხი. ხელისუფლების დათმობის შემთხვევაში მას ეს გარანტიები ჰაერივით სჭირდება. მხოლოდ ამგვარი გარანტიების არსებობის შემთხვევაში შეიძლება იგი დაყაბულდეს, პირველ რიგში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სასწრაფოდ გაუქმებას, ან უკიდურეს შემთხვევაში, არჩევნების დასრულებამდე მის შეჩერებას და, მეორე რიგში, დარჩენილ პერიოდში არჩევნების ჭეშმარიტად სამართლიან, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფას. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კონგრესის ხსენებული დელეგაცია მზად იყო ბ. ივანიშვილთან პირადად ესაუბრა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ლიდერი ამერიკულ მხარეს ან კომუნიკაციის დონეს უწუნებს, ან არ არის მზად შემხვედრი ვალდებულებების ასაღებად.

უკვე არჩევნების შემდგომ, დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ გადადგმული ნაბიჯები დამოკიდებული იქნება იმაზე, დაუბრუნდება თუ არა საქართველო, პირველ ყოვლისა მისი ხელისუფლება (რა კონფიგურაციისაც არ უნდა იყოს იგი), ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და გაატარებს თუ არა სიღრმისეულ დემოკრატიულ რეფორმებს (9 დათქმა, „ქართული ქარტია“ და სხვ.). 

თუ ზემოხსენებული „გადატვირთვა“ ვერ განხორციელდა, მოვლენები ყველასთვის არასახარბიელო სცენარით შეიძლება განვითარდეს, კერძოდ:

მიუხედავად უკვე გაუარესებული საარჩევნო გარემოსი, თუკი რომელიმე მხარემ საგრძნობი უპირატესობით გაიმარჯვა, არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის პრობლემა არ დადგება. მაგრამ სხვაგვარად იქნება საქმე, თუკი არჩევნების დღეს პროცესი დარღვევებით ჩატარდა და წინასწარი დათვლით შედეგებიც თანაბარი აღმოჩნდა. ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პრობლემები შეექმნება. საპროტესტო ტალღა, რისიც ბ. ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია, ისევ აგორდება და საერთაშორისო წნეხიც გაიზრდება. დაპირისპირებამ შეიძლება ძალადობრივი ხასიათი მიიღოს, ხოლო ამ დროს ხელისუფლების აპელირებას „გლობალურ ომის პარტიასა“ თუ „აგენტურაზე“ აზრი აღარ ექნება. თუმცა „ქართული ოცნების“ „სამართლიანად“ და დამაჯერებლად გამარჯვების შემთხვევაში, დესტაბილიზაცია ნაკლებად არის მოსალოდნელი, მაგრამ ახლად არჩეული ხელისუფლების პირობებში დასავლეთის ქვეყნებს საქართველოსთან ადრე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა მაინც აღარ ექნებათ. „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება დასავლელი პარტნიორების მხრიდან ნდობის დაბრუნება, რაც არ უნდა ამტკიცოს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულია და აღარასოდეს დააყენებს ამას ეჭვის ქვეშ. პოტენციური „ორბანისეული უნგრეთის“ თავის რიგებში ხილვა არავის მოესურვება. შესაბამისად, დასავლელი პარტნიორები გააგრძელებენ საქართველოს მიმართ შეცვლილ პოლიტიკას: გაიყინება ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა; თანამშრომლობის უკვე შეკვეცილი პროგრამები და პროექტები აღარ აღდგება, პირიქით, ისინი დამატებით შეიზღუდება; შემცირდება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მხარდაჭერაც. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ეცდება ნეიტრალიტეტის, როგორც პრაგმატული იდეოლოგიის კულტივირებას, რისი პრაქტიკაში განხორცილებაც, ისტორიული და პოლიტიკური ფაქტორების გამო, საქართველოსთან მიმართებით შეუძლებელი ამოცანაა. ამასობაში, დასავლეთისგან გარიყული და იზოლირებული საქართველოსთვის გეოპოლიტიკური ხასიათის რისკები გაიზრდება.

დასავლეთთან ერთგვარი „ცივი ომის“ მდგომარეობა გაგრძელდება მომავალ კულმინაციამდე, სავარაუდოდ, 2028 წლის არჩევნებამდე. მანამდე, სანქციების ქვეშ მყოფ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სულ უფრო გაუჭირდება ქვეყნის ეკონომიკის ჯეროვნად გაძღოლა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება. მომავალი საარჩევნო ციკლის ბოლოს უკვე ნათელი იქნება, რომ 2030 წელს დაგეგმილ ევროკავშირის მორიგი გაფართოების ტალღაში საქართველო ვეღარ ექცევა. ამავე დროს, ცხადი გახდება, რომ დასავლეთისგან იზოლირებულად ე.წ. „სუვერენული მმართველობის“, არსებითად ავტარქიული, მოდელი ვეღარ ამართლებს და, შესაბამისად, გაზრდილი პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების სამართავად ხელისუფლებას სულ უფრო ხშირად მოუწევს რუსეთისთვის „ბაბაიას ძახილი“.[59] 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების თეორიულ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული „ბაბაიას ძახილში“ კონსტიტუციის 78-ე მუხლიც გაუქმდეს. ამას კი ტრადიციულად პროდასავლურად განწყობილი ელექტორატი ვერ შეეგუება. ასეთ ფონზე მოსალოდნელია, რომ სიტუაციის გასაკონტროლებლად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებები როგორც საკანონმდებლო კუთხით, ისე პოლიტიკური ქცევის თვალსაზრისით, სულ უფრო რეპრესიული გახდება. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთი ერთში დაემსგავსება რუსეთის ანალოგიურ კანონს მისი დღეს არსებული სახით და კიდევ მეტად დაუმკვიდრებს მისთვის შერქმეულ სახელს - „რუსული კანონი“. თავად საქართველოს კი საბოლოოდ დაუმკვიდრდება ავტორიტარული ქვეყნის იმიჯი და ნათელი გახდება, რომ ხელისუფლება, თუნდაც უნებურად, ცვლის საგარეო-პოლიტიკურ კურსს. უკიდურესად გაღრმავებული პოლიტიკური პოლარიზაციისა და საზოგადოებრივი მღელვარების პირობებში ქვეყანას მწვავე პოლიტიკური კრიზისი მოიცავს და ერთიორად გაიზრდება საგარეო ინტერვენციის საფრთხე. ამგვარი სცენარი ნებისმიერი ხელისუფლების ისტორიული რეპუტაციისთვის დამღუპველია.

აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული „გადატვირთვის“ ფორმულა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ყველასთვის. ერთი მხრივ, დასავლეთი თავიდან აიცილებდა „ურჩ და ავტორიტარულ“ საქართველოში კრიზისის მართვის თავის ტკივილს, ხოლო მეორე მხრივ, ბ. ივანიშვილს გარანტიებთან ერთად მიეცემოდა სამომავლოდ პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად  ღირსეულად დარჩენის შანსი. რაც შეეხება თავად „ქართული ოცნების“ გუნდს, ეს უკვე ბ. ივანიშვილის გადასაწყვეტი იქნებოდა, რა ადგილს და როლს მიუჩენდა მას ხსენებულ გარიგებაში.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] https://www.congress.gov/amendment/113th-congress/house-amendment/147/text?s=3&r=27 

[2] მ. სააკაშვილმა და მისი გუნდის წევრებმა, განსაკუთრებით, ზ. ჟვანიამ,  „ვარდების რევოლუციის“ იდეალებით მოხიბლული ამერიკული ისტებლიშმენტის წამყვან წარმომადგენლებთან პირადი, ხშირად მეგობრული ურთიერთობების დამყარება მოახერხეს. ხსენებულმა პირადმა კავშირებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორმხრივი ურთიერთობების სწრაფ გაღრმავებას. 2005 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯ. ბუშის საქართველოში ისტორიული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დაწყებული მჭიდრო ურთიერთობების ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება იყო. ვიზიტის დროს ჯ. ბუშმა „ვარდების რევოლუციიდან“ სულ რაღაც წელიწადნახევრის თავზე საქართველოს „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა. ხოლო რამდენიმე თვით ადრე, სენატორებმა, ჯ. მაკკეინმა და ჰ. კლინტონმა მ. სააკაშვილი (უკრაინის პრეზიდენტ ვ. იუშჩენკოსთან ერთად) მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. 2012 წლიდან, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და, აგრეთვე, კონსტიტუციურად გადანაწილდა ძალაუფლება ხელისუფლების შტოებს შორის, დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების დეპერსონიფიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ისტებლიშმენტი მიესალმა პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებას, იგი აღარ იყო იმგვარ ეიფორიაში, როგორიც მას „ვარდების რევოლუციის“ დროს ახასიათებდა.

[3] 1992 წლიდან აშშ-მა საქართველოს დაახლოებით 6 მლრდ დოლარის დახმარება გაუწია (აქედან 1,9 მლრდ აშშ დოლარი USAID-ისგან) ქვეყნის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

[4] 2024 წლის 29 აპრილს ცნობილ საჯარო გამოსვლაში „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბ. ივანიშვილმა „საქმის ბოლომდე მიყვანა“ დააანონსა, როდესაც განაცხადა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალი ხელისუფლება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ და სამართლებრივ განაჩენს გამოუტანდა.

[5] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე ვერდიქტი 2024 წლის აპრილში გამოიტანა და ერთხმად დაადგინა, რომ 2009 წლიდან მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესის დროს ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის უფლების, თავისუფლების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, საკუთრების დაცვის უფლების, განათლებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებების დარღვევებს. 

[6] რეზოლუცია აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში. 2024 წელს რეზოლუციას მხარი 103-მა ქვეყანამ დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო, 52-მა კი – თავი შეიკავა.

[7] მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა ორგანიზაციამ აღიარა შეცდომა, შეცვალა მენეჯმენტი და დახვეწა მეთოდოლოგია, „ქართული ოცნება“ ამ ფაქტს დღემდე ორგანიზაციისა და მისი დონორების მხრიდან  ქვეყანაში „რევოლუციური პროცესების“ ხელშემწყობ მიზანმიმართულ ქმედებად მიიჩნევს.

[8] შეთანხმება, სხვასთან ერთად, ითვალისწინებდა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნისას გამჭვირვალობისა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევის წესის დანერგვას; ასევე, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების არსებული წესისგან თავის შეკავებას და, სანაცვლოდ, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის №949/2019 დასკვნით გათვალისწინებული წესის შემოღებას, კერძოდ, დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.

[9] https://civil.ge/ka/archives/441848 

[10] საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირებს საჯარო სივრცეში არაერთხელ განუცხადებიათ, რომ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ, უკრაინელი მაღალჩინოსნების გარდა, დასავლეთის ქვეყნები და/ან ორგანიზაციებიც მოუწოდებდნენ.

[11] უკრაინის ომამდე „ქართულ ოცნებას“ დაანონსებული ჰქონდა, რომ 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, ევროკავშირში გაწევრების განაცხადს შეიტანდა, თუმცა, მიიჩნეოდა, რომ ეს უფრო მეტად პიარტექნოლოგიური ფანდი იყო, ვინაიდან არ არსებობდა გარანტია, რომ ევროკავშირი, მასთან წინასწარ შეუთანხმებლად, მიიღებდა ამ განაცხადს. ევროკავშირის მიერ განაცხადის მიღება, ფაქტობრივად, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნას ნიშნავდა, რაზეც ევროკავშირში კონსენსუსი არ არსებობდა. ამჯერად, განაცხადის შეტანის ინიციატივა თავად ევროკავშირს ეკუთვნოდა, რაც დიამეტრალურად ცვლიდა ვითარებას.

[12] ხელისუფლება თავიდან ყოყმანობდა და მიიჩნევდა, რომ განაცხადის ნაჩქარევად წარდგენას ისევ 2024 წელს წარდგენა სჯობდა, ანუ ისე, როგორც ადრე ჰქონდა გაცხადებული, როგორც ჩანს, უკვე მაშინ აცნობიერებდა, რომ 2024 წლის არჩევნების წინ მას მოუწევდა იმგვარი რეფორმების გატარება, რაც მის ელექტორალურ გეგმებს რისკის ქვეშ დააყენებდა. საბოლოოდ, საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად, განაცხადის წარდგენა შემჭიდროებულ ვადაში მოხდა.

[13] იმავე გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. ამით საქართველო, ერთ დროს „ასოცირებული ტრიოს“ ლიდერი სახელმწიფო, აუტსაიდერის როლში აღმოჩნდა.

[14] „მე, პირველ რიგში, გარანტიას გაძლევთ, რომ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში არასდროს დაინიცირდება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ნაცმოძრაობაზე თავს ვერ დავდებ, მაშინ იყო რუსული კანონები", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2023 წლის 9 მარტს, როდესაც ის მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო.

[15] ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ მოხსენებით განისაზღვრა 9 ძირითადი დათქმა, რომლის შესრულების პირობითაც გაიცა რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. დათქმებიდან ზოგიერთი სავსებით ახალია, უმეტესობა კი 12 რეკომენდაციიდან ნაწილობრივ შესრულებული 9 პრიორიტეტის გაგრძელებაა.

[16] საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევებით ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 80 პროცენტი  უჭერს მხარს, ნატოში გაწევრიანებას - 74 პროცენტი.

[17]https://hudoc.echr.coe.int/#{%22itemid%22:[%22001-233761%22]} 

[18] „ივანიშვილის ოცნება“ არ უნდა აგვერიოს პარტია „ქართულ ოცნებაში“. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი „ივანიშვილის ოცნების“ ახდენის სამსახურშია, მას, როგორც ხელისუფლებაში დარჩენის მსურველ პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით მის სხვადასხვა პრივილეგიით მოსარგებლე ბირთვს, მისთვის დამახასიათებელი პარტიკულარული ინტერესებიც გააჩნია, რაც „ძალაუფლების მაცდური ხიბლის“ ფაქტორით არის განპირობებული.

[19] https://www.interpressnews.ge/ka/article/636940-bizina-ivanishvili-kartuli-ocnebis-tavmjdomaris-tanamdebobas-tovebs-da-politikidan-midis/ 

[20] უკრაინის წინააღმდეგ ორწლიანი აგრესიის შემდეგ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-იც თავი იჩინა ომით დაღლილობამ და უკრაინის სამხედრო დახმარების „ჩავარდნებმა“.

[21] ზოგ შემთხვევაში უკრაინისადმი მხარდაჭერა ფორმალურ ხასიათს ატარებს. ასე, მაგალითად, საქართველო მონაწილეობს უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი), უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციის (ბერლინი, 2024 წლის 11-12 ივნისი).

[22] გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური კომპანია საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, რაც კითხვებს აჩენს მისი ქმედუნარიანობის შესახებ: https://netgazeti.ge/life/724635/ 

[23] 2024 წლის 7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის საბჭოს, დაიწყოს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.

[24]„ქართული ოცნების“ ლიდერები, ბ. ივანიშვილის თაოსნობით, ხშირად აცხადებენ, რომ 2030 წელს, როდესაც დადგება ევროკავშირის გაფართოების დრო, საქართველო მათი ხელმღვანელობით გაწევრიანდება. შესაბამისად, 2028 წლის არჩევნებშიც უნდა იმარჯვოს „ქართულმა ოცნებამ“.

[25] https://civil.ge/ka/archives/614818

[26] https://transparency.ge/ge/post/politikuri-partiebis-dapinanseba-sakartveloshi-2023-cels?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR02XdpUNrq7CEV_nPfICA295nZ0F42dGoYdZzHbkxTHWsVIolXzn-1r8s8_aem_OLJln1eM6LZxLUExAKjjCw

[27] file:///C:/Users/geges/Downloads/CISR-Approved-IRI-Poll-Presentation-Georgia-September-October-2023-For-Public-Distribution.pdf 

[28] ვინაიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ტარდება, რაც მეტი პარტია გადალახავს 5%-იან ბარიერს, მით ნაკლები მანდატი შეხვდება პირველ ადგილზე გასულ პარტიას. „ქართული ოცნება“ კი მიიჩნევს, რომ პირველ ადგილზე თავად გავა.

[29] „ალტინფოს“ გამქრალი პარტია და „სახიფათო პრეცედენტი“ სხვებისთვის“, რადიო თავისუფლება, 10.04.2024.

[30] 17 მაისს, რომელიც მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღედ აღინიშნება, ხელისუფლებამ ეკლესიასთან ერთად მრავალათასიანი „საყოველთაო-სახალხო მსვლელობა“ მოაწყო. ეს იყო ერთგვარი დემონსტრირება იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ეკლესია ერთად დგანან კონსერვატიული ღირებულებების სადარაჯოზე. უკვე ათი წელია, რაც საქართველოში 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ არის გამოცხადებული.

[31] ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონის „ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით“, (https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-PI(2024)013-e) 

[32] https://civil.ge/ka/archives/611011

[33] სინამდვილეში, საერთაშორისო პარტნიორებს აშფოთებდათ ერთობლიობაში ყველა ის ნაბიჯი, რაც ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გამოწვევიდან მოყოლებული „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა დემოკრატიული ინსტიტუტების საკუთარი პარტიული ინტერესების შესაბამისი „მოდიფიცირებისა“ და რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის მიმართულებით. განსაკუთრებით სწყინდათ ერთ დროს ერთგული პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლებისგან უჩვეულო და აგრესიული განცხადებები, რაც ჯერ „ხალხის ძალის“, შემდგომ კი თავად „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან მათი მისამართით ისმოდა. მალევე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ნაბიჯები აღქმულ იქნა ქვეყანაში დემოკრატიის უკან დახევად, ხოლო საგარეო ასპარეზზე - ევროპული გზიდან გადახვევად.

[34] https://civil.ge/ka/archives/614880

[35] „მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან“, რადიო თავისუფლება, 22.05.2024.

[36] „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ მითის გამართლების მიზნით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა 2024 წლის 13 ივლისს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჯერ კიდევ იძიებდა, „გლობალურ ომის პარტიას“ დააბრალეს და ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებად მონათლეს: https://www.radiotavisupleba.ge/a/33035662.html

[37] https://civil.ge/ka/archives/606746

[38] https://www.radiotavisupleba.ge/a/32961682.html

[39] https://civil.ge/ka/archives/609164

[40] https://www.radiotavisupleba.ge/a/32963275.html კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული, ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).

[41]https://www.interpressnews.ge/en/article/132007-irakli-kobakhidze-the-megobari-act-initiated-in-the-us-congress-is-not-friendly-but-hostile-i-would-call-this-law-the-daudzinebeli-law/

[42] https://civil.ge/ka/archives/611917

[43]„სანქციები და უვიზო მიმოსვლის შეჩერება - რას განიხილავს ევროკავშირი საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ?“, რადიო თავისუფლება, 14 ივნისი, 2024 წ.

[44] „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აზრით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია სუსტი საპარლამენტო ზედამხედველობითა და მმართველი პარტიის მიერ სასამართლო ხელისუფლებაზე სრული კონტროლის მქონე მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან დადებული არაოფიციალური გარიგებით. აგრეთვე, სახეზეა სახელმწიფოს მიტაცების ნიშნები. იხ.:  https://transparency.ge/ge/blog/aris-tu-ara-sakartvelo-mitacebuli-saxelmcipo

[45] ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება - „სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება“ (https://www.ambebi.ge/article/310868-samcuxaroa-rom-bolo-periodshi-evrokavshiris-da-ashsh/)

[46] https://1tv.ge/news/irakli-kobakhidze-evrokavshirtan-molaparakebebis-gakhsna-aris-gamousadegari-tema-shantadjistvis-kanonis-inicirebamde-molaparakebebis-gakhsnis-shansi-iyo-nuli-dghes-es-shansi-gazrdi/

[47] გამონაკლისია სერბეთი, სადაც დღის წესრიგში განსხვავებული ხასიათის, თუმცა არსებითი მნიშვნელობის არჩევანი დგას - ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ კოსოვოზე უარის თქმა.

[48] საუბარია საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძეზე, რომელსაც 2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა. სრულიად საეჭვოდ და გაუმჭვირვალედ, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ამჟამად ო. ფარცხალაძე საქართველოს ფარგლებს გარეთ, სავარაუდოდ, რუსეთში იმყოფება.

[49] ეს საკითხი დღის წესრიგში რომ არ დგას, გამოჩნდა 9-11 ივლისის ნატოს სამიტზე, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ დაადასტურა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სურვილი: https://www.interpressnews.ge/ka/article/805826-ilia-darchiashvili-sakartvelo-tanmimdevrulad-mushaobs-partniorebtan-kveqnis-evroatlantikuri-integraciistvis

[50] https://imedinews.ge/ge/politika/344085/qartuli-otsneba-gantskhadebas-avrtselebs

[51] https://www.interpressnews.ge/ka/article/804002-teona-akubardia-ashsh-is-tavdacvis-avtorizaciis-aktshi-sakartveloze-chanaceri-gamkralia-da-jaris-dapinanseba-nulia-es-pirdapir-nishnavs-rom-kartulma-ocnebam-kremlis-ocneba-giad-sheasrula/

[52] https://www.rferl.org/a/us-postpone-noble-military-exercise-georgia-foreign-agent/33023622.html

[53] https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_227678.htm

[54] https://civil.ge/ka/archives/615138

[55] https://www.interpressnews.ge/ka/article/804673-kaxa-gogolashvili-jerjerobit-evrokavshiri-tavs-ikavebs-sakartvelostan-urtiertobebis-srulad-gacqvetaze-magram-es-ar-nishnavs-rom-chven-am-temaze-optimizmis-sapuzveli-sheizleba-gvkondes

[56] https://1tv.ge/news/veneciis-komisiam-saqartvelos-saarchevno-kodeqsshi-cvlilebebtan-dakavshirebit-mosazrebebi-gamoaqveyna/

[57] https://1tv.ge/news/veneciis-komisia-ojakhur-ghirebulebata-da-arasrulwlovanta-dacvis-shesakheb-sakonstitucio-cvlilebebtan-dakavshirebit-mosazrebas-aqveynebs/მიუხედავად იმისა, რომ

[58] მიუხედავად ამერიკელი მაღალჩინოსნების სურვილისა, პირადად ესაუბრათ ბ. ივანიშვილთან, მათ შეხვედრაზე უარი მიიღეს: https://civil.ge/ka/archives/620025

[59] თუმცა, „ქართული ოცნების“ ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, ან ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს დამუხრუჭება ჯერ კიდევ ვერ ჩაითვლება საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებად. საგარეო-პოლიტიკური კურსი ხელისუფლების მიერ დროის შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თანმიმდევრულ ქმედებათა ისეთ ერთობლიობას ჰქვია, რომელიც გამყარებულია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“