საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: პუბლიკა
ქალთა მიმართ ძალადობა როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენს. ძალადობის მიზეზების და ბუნების ახსნა კომპლექსურ ხედვასა და გაანალიზებას საჭიროებს, ვინაიდან მას ისტორიული, სოციალურ-ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური პარადიგმები და განმაპირობებლები გააჩნია. გარკვეულწილად იგი გენდერულ უთანასწორობასა და ჩაგვრაში ჰპოვებს სათავეს, რაც მრავალ სოციო-ეკონომიკურ ასპექტში ვლინდება: იქნება ეს ქალის, როგორც იაფი მუშახელის ექსპლუატაცია, მამაკაცთან შედარებით არათანაბარი ანაზღაურება და პროფესიული აღიარება, ოჯახში შრომისა და ზრუნვის უპირობო ვალდებულება, მამაკაცებზე ეკონომიკურად დაქვემდებარება, პატრიარქალური იერარქიები და კულტურული წნეხი, და სხვა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თანამედროვე მეინსტრიმული პარადიგმა ქალთა ჩაგვრას ძირითადად გენდერული იდენტობის ჭრილში ხედავს და გამოტოვებს დისკრიმინაციის ურთიერთგადამკვეთ კლასობრივ, ეთნიკურ და სხვა ფაქტორებს. ინტერსექციული ურთიერთკვეთების გამოვლენა და ანალიზი აუცილებელია ქალთა მდგომარეობის რეალური გაუმჯობესების გზების ძიებისას. სწორედ ამგვარი ანალიზი გვიჩვენებს, რომ გენდერული ჩაგვრა ქალებისთვის ჩაგვრის მხოლოდ ერთ-ერთი ფორმაა და ქალთა გენდერული უთანასწორობის პრობლემის გადაჭრა მათი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გარეშე ვერ მოხდება.
საქართველოს კონტექსტში, სახელმწიფოს პოლიტიკა ოჯახში ძალადობასთან გამკლავების კუთხით ძალიან მყიფე და სუსტია: არ არსებობს დანაშაულის პრევენციის მიდგომა და სახელმწიფოს ჩარევა მხოლოდ დროებითი თავშესაფრებით და მსხვერპლთათვის მწირი სერვისებით შემოიფარგლება. ქვეყნის ეკონომიკური ჩამორჩენილობის და მწვავე სიღარიბის ფონზე გენდერულ ჩაგვრაზე სახელმწიფო რესურსის მიმართვა, ერთი შეხედვით, არაპრიოროტეტული და მეორეხარისხოვანია. თუმცა, ასეთ პირობებში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, როგორც ძალადობის აღმოფხვრის ინსტრუმენტის გამოყენება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და რელევანტურია. ქალთა ეკონომიკურ მოწყვლადობას პირდაპირი კავშირი აქვს ერთი მხრივ ძალადობის წარმოქმნასა და მეორე მხრივ, მხვერპლთა მხრიდან მისგან ვერ დაღწევასთან, ამიტომაც აუცილებელია მატერიალურ რესურსზე მისაწვდომობა ჩაგვრის აღმოფხვრის და თანასწორობის მიღწევის ფუნდამენტურ გზად განვიხილოთ, ლეგალისტური და კულტურული მიდგომების პარალელურად. მხოლოდ ამ მიდგომების ერთობლიობა გახდის შესაძლებელს ქალთა რეალურ მხარდაჭერას, გაძლიერებას, კაცებთან გათანაბრებას და სრულფასოვან ემანსიპაციას.
ამ სტატიაში განვიხილავთ ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობისგან თავის დაღწევისა და მისი პრევენციისათვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე. საკითხის გასაშლელად გთავაზობთ დონა ქოკერის სტატიის მიმოხილვას, რომელშიც იგი წარმოგვიდგენს მის მიერ შემუშავებულ კონცეფციას ძალადობის სხვერპლ ქალთა მიმართ არსებული პოლიტიკების ანალიზისთვის და ტრანსფორმაციისთვის და აყალიბებს ერთგვარ თეორიულ ჩარჩოს ეკონომიკური ასპექტის რელევანტურობის გასააზრებლად ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის.
ძალადობისგან ქალების თავის დაღწევის გზებზე მსჯელობისას მაიამის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი დონა ქოკერი მის სტატიაში - ,,მსხვერპლი ქალებისთვის ძალაუფლების მინიჭება: კანონი, მატერიალური რესურსები და შავკანიანი ღარიბი ქალები“ ავითარებს მოსაზრებას, რომ ოჯახში ძალადობის ნებისმიერი ინტერვენცია უნდა დაექვემდებაროს ე.წ. მატერიალური რესურსების ტესტს, რაც არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით როგორც ტესტი, არამედ შესაბამისი კანონებისა და პოლიტიკების ანალიზის მეთოდი, სადაც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კანონებსა თუ პოლიტიკებში ეკონომიკური ასპექტების ჩაშენება მოხდება, როგორიცაა, მაგალითად მიზნობრივი ბიუჯეტირება. ავტორი აღნიშნავს, რომ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ისეთ კანონებსა და პოლიტიკებს, რომლებიც გაზრდიან ქალებისთვის წვდომას მატერიალურ რესურსებზე. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ ქალების გარემოებები და მათი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა განსხვავდება ერთმანეთისგან, სტანდარტის დადგენისას საზომი უნდა იყვნენ ყველაზე ღარიბი ქალები. სწორედ ქალთა ეკონომიკური უთანასწორობა ზღუდავს ქალებს იპოვონ გამოსავალი ოჯახური ძალადობიდან. ზოგადად ძალადობის მსხვერპლ ქალებს, როგორც ღარიბ ადამიანებს, როგორც წესი შეზღუდული აქვთ წვდომა სხვა დანარჩენ სიკეთეებზეც. ავტორს შემოაქვს ნეგატიური უფლებების ცნება, რომელშიც იგულისხმება ტენდენცია ქალების უფლებებისთვის ბრძოლა მიმართული იყოს სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დაცვისკენ, იქნება ეს აბორტის თავისუფლება, თუ ზოგადად დისკრიმინაციისგან დაცვა, მაგრამ ნაკლები ყურადღება ეთმობა რესურსებსა და სიკეთეებზე წვდომას, რასაც იგი უწოდებს პოზიტიურ უფლებებს.
შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული დეფინიციები ირეკლავს და მსგავსია ფსიქოანლიტიკოს ერიხ ფრომის პოზიტიური და ნეგატიური თავისუფლების ურთიერთმიმართებასთან, სადაც პოზიტიური თავისუფლება არის ავტონომიური ურთიერთობა სხვებთან და საზოგადოებასთან, რომელიც აკავშირებს ადამიანს სამყაროსთან მისი ინდივიდუალობის დაკარგვის გარეშე, ხოლო ნეგატიური თავისუფლება გულისხმობს თავისუფლებას რაღაცისგან, რამაც შეიძლება გაზარდოს გაუცხოება ინდივიდუალურობასთან ერთად. შესაბამისად ნეგატიური უფლებებისთვის ბრძოლა უფრო ხელსაყრელია ზედა სოციალური ფენებისთვის. ავტორი დასძენს, რომ ეკონომიკურად მოწყვლადი ადამიანებისათვის ნეგატიური უფლებები ხშირად კავშირშია კარცერული სისტემის ლოგიკაში მოაზრებულ სერვისებთან და დრამატულ უთანასწორობასთან.
მატერიალური რესურსების ტესტი წარმოადგენს დამხმარე ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას იძლევა შევაფასოთ და განვასხვავოთ სახელმწიფოს პოლიტიკური სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები იმის მიხედვით, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი მსხვერპლი ქალების მატერიალური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. სახელმწიფოებს გააჩნიათ პოზიტიური ვალდებულება ოჯახში ძალადობის შესახებ კანონებმა და პოლიტიკებმა ხელმისაწვდომი გახადონ ისეთი არსებითი რესურსები, როგორიცაა: საცხოვრებელი, ფული და საკვები, ან არაპირდაპირი გზებით გაზარდონ მათზე წვდომა, მაგალითად უზრუნველყონ ბაზარზე მორგებული პროფესიული გადამზადების ტრენინგები და დასაქმების ხელშეწყობა, ბავშვზე მზრუნველობა და სხვა. მატერიალური რესურსების ტესტი პრიორიტეტად აყალიბებს ისეთ კანონებს და პოლიტიკებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალების პირდაპირ და რეალურ დახმარებას. მეორე მხრივ, იმ შემთხვევებში, როდესაც ჩარევის პირველი მიზანი არ არის მატერიალური რესურსების მიწოდება, პრიორიტეტი ენიჭება იმ მეთოდებს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად გაზრდიან და გააუმჯობესებენ ქალების წვდომას მატერიალურ რესურსებზე. ავტორი აღნიშნავს, რომ სასურველია ხდებოდეს პროგრამების ადგილობრივი შეფასება, რადგან პოლიტიკის გავლენა ყოველთვის ურთიერთიერთმიმართებაშია კონკრეტულ გარემოებებთან, რომლებშიც ქალები იმყოფებიან ლოკალურად. როგორც უკვე აღინიშნა, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ყველაზე გაჭირვებულ ქალებს, რომლებიც ერთი მხრივ ძალადობის უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ხოლო მეორე მხრივ, უფრო მეტ სოციო-ეკონომიკურ ბარიერებს აწყდებიან.
კოქერი ასაბუთებს, რომ მატერიალურ რესურსებზე ფოკუსი გააძლიერებს ქალებს, რადგან ასეთი მიდგომა პასუხობს ოჯახური ძალადობის თანამედროვე დისკურსის ოთხ პრობლემას: პირველ რიგში ქალთა სოციალური მიკუთვნებულობის არ-გათვალისწინების ტენდენციას, მაგალითად - ეთნიკური მახასიათებლის იგნორირებას; მეორე - ოჯახური ძალადობის მიმართ ქალთა მოწყვლადობაზე სიღარიბის გავლენის უგულვებელყოფის ტენდენციას;. მესამე - მზარდ სადამსჯელო პოლიტიკას მოძალადეების მიმართ, რომელიც რეალურად ვითარდება ქალების ინტერესების საწინააღმდეგოდ და არ მოქმედებს მათი უფლებების გაუმჯობესებისკენ, ან სარგებელის მიღებისკენ; და მეოთხე - უპირისპირდება არასწორ დაშვებას, რომ მოძალადესთან დაშორება მსხვერპლი ქალების გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიაა.
მატერიალური რესურსების ტესტი იძლევა, სოციალური, რასობრივი და ეთნიკური მიკუთვნებულობის და გენდერის ინტერსექციული შეფასების შესაძლებლობას. ეს ფაქტორები განსაზღვრავენ, თუ რამდენად შეძლებს ესა თუ ის პოლიტიკა, სტრატეგია, ან პროგრამა დაზარალებული ქალების მატერიალური რესურსების და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, რაც ძალადობის სამომავლო პრევენციის ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა.
ოჯახში ძალადობის შესახებ თანამედროვე კანონები და სერვისები არ ითვალისწინებენ იმ გარემოებებს, თუ რამდენად არის ქალი დაქვემდებარებული მოძალადეზე ეკონომიკურად. მოქმედი მიდგომა არის ნორმატიული, რომელიც აყალიბებს მსხვერპლი ქალების საჭიროებებს, როგორც უპირველესად ფსიქოლოგიურს, და არა მატერიალურს. კოქერი ამტკიცებს, რომ კარცერული პოლიტიკისადმი უკრიტიკო ერთგულება ძალადობის წარმოქმნის სოციალურ და პოლიტიკურ წინაპირობებს გადამალავს. ამგვარი პოლიტიკა არ ითვალისწინებს, რომ მოძალადის დაპატიმრებით მსხვერპლი რჩება შემოსავლის გარეშე და, ბავშვის ყოლის შემთხვევაში, კარგავს ალიმენტს. შემოსავლის გარეშე დარჩენილმა ქალმა შესაძლოა ვეღარ შესძლოს ბავშვზე ზრუნვა, ვერ შეძლოს მუშაობა, დაკარგოს საცხოვრებელი და ბავშვიც კი. ასეთი პოლიტიკა არც იმ ფაქტორს ითვალისწინებს, რომ ღარიბ ქალებს ბევრად უფრო უჭირთ მოძალადეებისგან დიდი ხნით დამალვა. სახელმწიფოს ინტერვენციები ურთიერთგამომრიცხავია, რადგან ისინი ერთი მხრივ ემყარებიან დაშვებას, რომ ქალებმა უნდა დაასრულონ ოჯახში ძალადობა თავიანთი პარტნიორების კარცერული მეთოდებით დასჯით და მეორეს მხრივ, ვერ უზრუნველყოფს იმ მატერიალურ პირობებს, რაც ამგვარ ნაბიჯს შესაძლებელს გახდიდა. მოძალადისა და მსხვერპლის განცალკევებაზე ფოკუსირებული პოლიტიკა გამოტოვებს მატერიალური რესურსების წვდომის ასპექტს, შეუძლებელს ხდის განცალკევებასა და უსაფრთხოებას შორის მიმართების სწორად გაანალიზებას და მხოლოდ დროებით და ფრაგმენტულად ახდენს ძალადობის შეჩერებას. მოძალადისა და მსხვერპლის დაშორებასა და მსხვერპლის უსაფრთხოების გაიგივება უმეტესად იურიდიულ აქტორებს ახასიათებთ, რომელთაც სჯერათ, რომ ქალების მიერ სამართლებლივი საშუალებების სრული მოხმარება გაზრდის მათ უსაფრთხოებას. საინტერესოა, რომ თავად ქალები ნაკლებად ამჟღავნებენ სამართლებლივი ინსტრუმენტების მიმართ ამგვარ რწმენას. მსხვერპლ ქალებთან ინტერვიუებმა აჩვენა, რომ ზოგჯერ ისინი უარს ამბობენ შემაკავებელი ორდერის გამოყენებაზე და პროკურატურასთან თანამშრომლობაზე, რადგან წარმატებით იყენებენ სამართლებლივი ჩარევის მუქარას იმისთვის, რომ მოძალადე აიძულონ შეწყვიტოს ძალადობა და ამავდროულად არ დაკარგონ მატერიალური რესურსი. კარცერული პოლიტიკის პრიზმიდან ასევე უფასურდება ქალის მიერ ოჯახის შენებაში შეტანილი წვლილი, ვინაიდან არსებული სამართლებლივი გზებით ოჯახური ძალადობის გადაწყვეტა თითქმის ყოველთვის გულისხმობს ოჯახის დანგრევას. როდესაც პოლიტიკების შეფასება მხოლოდ უსაფრთხოების კრიტერიუმებით ხდება, ხშირად ეს ართმევს ქალს არჩევანის თავისუფლებას, რადგან იგი გულისხმობს ისეთ კანონებსა და პოლიტიკებს, რომლებიც თავად განსაზღვრავენ რა „ესაჭიროება“ ქალს, ვინაიდან ის გამოტოვებს აღდგენითი მართლმსაჯულების ელემენტებს და ციხეს სამართლიანობის აღდგენის უალტერნატივო გზად მიიჩნევს.
მატერიალური რესურსების ტესტი ოპერირებს ერთ მნიშვნელოვან დაშვებაზე დაყრდნობით: მატერიალური რესურსების ნაკლებობა იძულებულს ხდის მსხვერპლ ქალებს მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც რესურსების არსებობის შემთხვევაში არ იქნებოდა ექსკლუზიური. შესაბამისად რესურსები აუცილებელია, რომ მათ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მათი ინდივიდუალური სურვილების და გარემოებებიდან გამომდინარე. არასაკმარისი მატერიალური რესურსები, ან რესურსების არ არსებობა კი ქალებს აიძულებს მიიღონ სარისკო გადაწყვეტილებები მოძალადესთან არაჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებით, ეს ზრდის მოძალადის წვდომას უკვე დაშორებულ ქალებთანაც. კვლევები აჩვენებს, რომ სწორედ ეკონომიკური მოწყვლადობა განაპირობებს ხშირ შემთხვევაში მოძალადეებთან ქალების დაბრუნებას. მატერიალური რესურსების ტესტის ყველაზე აშკარა და მთავარი მიზანი არის, რომ მოხდეს ფინანსების მიმართვა მსხვერპლებისთვის პირდაპირი დახმარების სახით, რათა ქალებმა შეძლონ დამოუკიდებლად არსებობა გრძელვადიან პერსპექტივაში.
ინსტრუქცია