[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / სტატია

პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - ახალი პერსპექტივების ძიებისთვის

                                        

     „ძალადობის ძალადობით დაბრუნება ძალადობას ამრავლებს, უფრო მეტ სიბნელეს მატებს უკვე ვარსკვლავთაგან დაცლილ ღამეს“.

 

           „არა-ძალადობა არის ძლიერი და სამართლიანი იარაღი, რომელიც ჭრის ჭრილობის მიყენების გარეშე და აკეთილშობილებს იმას, ვინც  ფლობს მას. ის არის მახვილი, რომელიც კურნავს“.

 

მარტინ ლუთერ კინგი

 

ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოსთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. არსებული პოლიტიკა არსებითად კარცერული ანუ სადამსჯელო ლოგიკით იმართება, რომელშიც პოლიტიკა  დანაშაულის აღკვეთის მიზანზე დაიყვანება და საპოლიციო ძალაუფლების ფეტიშიზაციაზე დგას. ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა იზომება ქალის მიერ მართლმსაჯულებაზე წვდომის და პოლიციის მიერ მყისიერი რეაგირებით, რამაც ქალთა დაცვა ძალადობისგან სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატსა და სასჯელზე დამოკიდებული გახადა.

გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკაზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკის შემუშავების და შეცვლის შინაარსი იყოს მრავალშრიან ანალიზზე დამყარებული. კერძოდ, საჭიროა ამ პოლიტიკამ ძალადობის სტრუქტურული მიზეზები გაიაზროს და მისი მცდელობებიც აღნიშნული მანკიერი რეალობის ტრანსფორმაციის ლოგიკას დააფუძნოს. დღევანდელ პოლიტიკაში მინიმუმამდეა დაყვანილი სახელმწიფოს სპეციალური პოზიტიური მექანიზმები და მიდგომები, რომლებიც ერთი მხრივ ხელს შეუწყობდა მსხვერპლი ქალების გრძელვადიან უსაფრთხოებას, განათლების მიღებას და ეკონომიკურ გაძლიერებას და მეორე მხრივ, მოძალადეებთან მუშაობას, მათი შემდგომი რეაბილიტაციისა და ტრანსფორმაციის მიზნით. ეს გახდებოდა გენდერული ძალადობის რეალური პრევენციის საფუძველი.

ისტორიის ანალიზი აჩვენებს, რომ დანაშაულის კონტროლის, პრევენციის და მართლმსაჯულების მექანიზმების განვითარება მუდმივი პროცესია. დღეს არაერთი ორგანიზაცია, აქტივისტური ჯგუფი და სახელწიფო გამოცდილებაც კი იმაზე მიანიშნებს, რომ  სადამსჯელო პოლიტიკა ვერ ახერხებს ძალადობის რეალურ პრევენციას და მას სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი პოზიტიური ინტერვენციები სჭირდება ძალადობის რეალური მიზეზების დადგენისა და თემის შიგნით, თუ მიკრო სოციალურ სივრცეებში რეალური მშვიდობის და მდგრადი უსაფრთხოების მიღწევის მიზნით.

მნიშვნელოვანია მსჯელობისას დავსვათ ორი არსებითი კითხვა: რა არის ტრანსფორმაციული და აღდგენითი მართლმსაჯულება? რა ძირითად ელემენტებს მოიცავს აღნიშნული მიდგომები და რითი განსხვავდება ერთმანეთისგან?

ტრანსფორმაციული მართლმსაჯულება ოთხ ძირითად პრინციპზე დგას, ესენია: მსხვერპლზე ორიენტირებულობა; ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულობა; უსაფრთხოების პრინციპით მართულობა და უმცირესობებზე მორგებულობა.[1] აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს დანაშაულებრივი საქმეების გადაწყვეტას თემის შიგნით, სამოქალაქო საზოგადოების და თემის ლიდერების მონაწილეობით, სახელმწიფო ინსტიტუტების მონაწილეობის გარეშე[2]. იგი ეყრდნობა რადიკალურ პოლიტიკურ ტრადიციას, რომელიც განიხილავს სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც ინტერპერსონალური ძალადობის გამომწვევ მიზეზთაგან მთავარს და შესაბამისად, ვერ ხედავს მის ადგილს ძალადობაზე რეაგირების და მასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაწყვეტის პროცესში. ეს მიდგომა ძირითადად გამოიყენება უმცირესობის თემებში, რომლებიც განიცდიან მარგინალიზაციას.

ტრანსოფრმაციული მართლმსაჯულება მიზნად ისახავს არა მხოლოდ მსხვერპლის დახმარებას და მოძალადის გამოსწორებას, არამედ თემის, საზოგადოების და მართლმსაჯულების სისტემის რადიკალურ ტრანსფორმაციას კონკრეტულ შემთხვევებში სისტემური ძალადობის სოციო-ეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინებით და მასთან, როგორც სისტემური პრობლემის სიმპტომთან დაპირისპირების გზით. ჯერჯერობით ტრანსფორმაციული სამართლის ფილოსოფია მხოლოდ იმისთვისაა გამოყენებული, რომ მოხდეს პრობლემების სწორი დიაგნოსტირება და ამან მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც უნდა მოხდეს მისი პრინციპების პრაქტიკაში გადაყვანის გზების ძიება.[3] მსგავსი მიდგომა შეიცავს რისკს, რომ სამართლებრივი ნორმატიული სისტემის და სახელმწიფოს მარეგულირებელი ინსტიტუტების გარეშე შეიძლება მოხდეს მსხვერპლის ინტერესების უგულებელყოფა[4] და პატრიარქალური და უთანასწორო პრაქტიკებთან ვერ გამკლავება და რიგ შემთხვევებში მათი გაძლიერებაც კი.[5]

აღდგენითი მართლმსაჯულება უფრო ფართე საკითხების მომცველი კონცეპტია. აღდგენითი მართლმსაჯულება ტრანსფორმაციულის მსგავსად ასევე ითვალისწინებს თემის მონაწილეობას საქმეების განხილვაში და მისგან განსხვავებით ფუნქციონირებს კარცერულ მართლმსაჯულებასთან ერთად (რიგ შემთხვევებში მის გარეთაც), როგორც დამხმარე ალტერნატიული რგოლი, თანამშრომლობს სახელმწიფო ინსტიტუტებთან. ის არის შერიგებაზე ორიენტირებული, სადაც მსხვერპლ ქალს აქვს ხმა და წინ წამოწეულია თვითგამორკვევის პროცესი. აღნიშნული სასამართლოში საქმის განხილვის დროს მინიმალურად, ან საერთოდ არ არის შესაძლებელი. თვითგამორკვევაში იგულისხმება მოძალადის მონანიების და გამოსწორების პროცესზე მსხვერპლის მიერ დაკვირვება, სასჯელთან დაკავშირებით მსხვერპლის თანამონაწილეობა და ა.შ. ის ასევე ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლების და ფსიქოლოგიური დახმარების ელემენტებსაც. აღდგენითი მართლმსაჯულების პროცესისთვის აუცილებელია მოძალადემ აღიაროს მის მიერ ჩადენილი დანაშაული მსხვერპლის და თემის წინაშე. [6]

საერთაშორისო მასშტაბით არსებობს აღდგენითი მართლმსაჯულების სამი ძირითადი მოდელი, ესენია: დაზარალებული-დამზარალებლის მედიაცია, ოჯახის ჯგუფური კონფერენცია და მშვიდობის წრეები.

აღდგენითი მართლმსაჯულების უახლესი ისტორიის ყველაზე ცნობილი მაგალითია ახალი ზელანდია, სადაც კანონით დადგინდა ოჯახის ჯგუფური კონფერენცია, რომელიც მაორის მართლმსაჯულებისა და კონფლიქტების მოგვარების პრინციპებს ეფუძნება. კიდევ ერთ მაგალითს, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების მოდელს, წარმოადგენს მშვიდობის წრეები. მიჩნეულია, რომ იგი ინსპირირებულია ჩრდილოეთ ამერიკის პირველი ხალხების მართლმსაჯულების ტრადიციებით[7]. მართლმსაჯულების ამ ფორმებში, როგორც წესი, არსებით როლს თამაშობს თემი. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ყურადღება მახვილდება არა მხოლოდ ჩადენილ დანაშაულზე, არამედ საზოგადოებაში არსებულ ღირებულებებსა და მომხდარის მნიშვნელობაზე ამ საზოგადოებისათვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დანაშაული და მასზე რეაგირება არ არის ინდივიდუალიზებული და დეკონტექსტუალიზებული, არამედ პრობლემა აღიქმება, როგორც საერთო პრობლემა.[8] რასაკვირველია, ის წარმოადგენს ინსპირაციის წყაროს აღდგენითი მართლმსაჯულების თანამედროვე პროცესებისათვის, რომელმაც შეიძლება მოდიფიკაცია განიცადოს და მოერგოს თანამედროვე პრაქტიკასა და გარემოებებს.

ევროპაში კრიმინოლოგებმა და სხვა სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლებმა პრაქტიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან პრობაციის მუშაკები, ამ იდეების განვითარება ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის სამოციან წლებში დაიწყეს. ამის მიუხედავად, აღდგენითი მართლმსაჯულების მოძრაობის საწყისად ხშირად მითითებულია დაზარალებული-დამზარალებლის პირველი შერიგების პროგრამა, რომელიც 1974 წელს განხორციელდა კიტჩენერში, ონტარიო (კანადა). ამას მალევე მოჰყვა სხვა მაგალითები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და და გაერთიანებულ სამეფოში. 80-იანი წლების დასაწყისში ამოქმედდა დაზარალებული-დამზარალებლის მედიაციის პროგრამები ევროპის კონტინენტზე – ნორვეგიაში, ავსტრიაში, ფინეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში. სხვა სახელმწიფოები პროცესში ჩაერთვნენ 80-იანი წლების ბოლოს, 90-იან წლებში ან 2000 წლის შემდეგ: ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია.[9]

ევროპაში აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების ქვაკუთხედად იქცა ევროპის საბჭოს რეკომენდაცია – R(99)19 სისხლის სამართლის საქმეებში მედიაციის შესახებ. ეს და სხვა რეკომენდაციები წარმოადგენს გზამკვლევს, თუ როგორ უნდა შემუშავდეს და აღსრულდეს მედიაციის პროგრამები ევროპის კონტექსტში.[10] შედეგად, დაზარალებულსა და დამზარალებელს შორის მედიაციამ და აღდგენითმა მართლმსაჯულებამ, როგორც საზოგადოდ მიღებულმა ცნებამ, უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვა სასამართლოს წარმომადგენლებისა და ხელისუფლებების მხრიდან. მეტიც, უმეტეს ევროპულ სახელმწიფოში ამ დროისთვის მიღებულია კანონმდებლობა დაზარალებული-დამზარალებლის მედიაციის ან აღდგენითი მართლმსაჯულების რომელიმე სხვა მოდელის შესახებ. [11]

აღდგენითი მართლმსაჯულების პროცესში მედიატორი ასრულებს დამხმარე ფასილიტატორის როლს საკითხების ჩამოყალიბებისა და პროცესის სტრუქტურირებისათვის. ეს მიდგომა დაფუძნებულია პარადიგმაზე, სადაც პერსონალური ნარატივების გათვალისწინება საჭიროებს პოლიტიკურ სურათს, რომელშიც პიროვნული  პოლიტიკური და აქცენტის გაკეთება ხდება გაძლიერებაზე, ღირსების აღდგენაზე. მნიშვნელოვანია გაძლიერება განვიხილოთ თვითგამორკვევის ფასილიტაციის გზით მიღწევადად, სადაც გათვალისწინებულია პიროვნული და ინტერპერსონალური, ასევე სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები.  აღდგენითი მართლმსაჯულება ცენტრში აყენებს მსხვერპლის ინტერესებს, სადაც შურისძიების და დასჯის ნაცვლად, აქცენტი კეთდება გადაწყვეტასა და მოგვარებაზე, მსხვერპლისთვის მიყენებულ ზიანზე და ნაკლებად კანონდარღვევაზე. მიკრო დონეზე აღდგენითი მართლმსაჯულება მიზნად ისახავს ურთიერთობის გარკვევას და  მაკრო დონეზე მშვიდობის დამყარებას, სადაც პიროვნულის და პოლიტიკურის გაერთიანება არის აღიარება იმისა, რომ პერსონალური ტანჯვა ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურიდან მომდინარეობს.

ამერიკაში 2020 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა გამოკითხულთა უმეტესობა აკრიტიკებს არსებულ პოლიტიკას და საუბრობს რეაბილიტაციის, უსაფრთხოების და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე. იმისდა მიუხედავად, რომ მსხვერპლები ანგარიშვალდებულებაში მოიაზრებენ როგორც სადამსჯელო, ისე აღდგენითი მართლმსაჯულების ასპექტების კომბინაციას, ისინი აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო სისტემა ორიენტირებულია მხოლოდ სადამსჯელო მოდელზე და არ ხორციელდება მოძალადის სათანადო რეაბილიტაცია, რის შედეგადაც ვერ მყარდება გრძელვადიანი უსაფრთხოება და სტაბილურობა. მათი დაკვირვებით, ციხეში სასჯელის მოხდა არ უჩენს მოძალადეს მონანიების რეალურ შედეგს,  რაც  ოჯახში მათი დაბრუნების შემდეგ ძალადობის განმეორების და ურთიერთობის არაჯანსაღი ფორმებით გაგრძელების რისკის მატარებელია.[12] ანალოგიური შეიძლება ითქვას საქართველოს კონტექსტშიც, რასაც ადასტურებენ მსხვერპლი ქალები ადვოკატებთან საუბრისას.

ნეოლიბერალიზმი, როგორც გაბატონებული და უნივერსალური იდეოლოგია, ეკონომიკურ სფეროს ცდება, კულტურული თუ სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტში იჭრება და ბაზრის ლოგიკას ექვემდებარება. აღნიშნულმა ,,კონცეფციამ“ შეაღწია სოციალურ ურთიერთობებშიც და სრულად მოშალა კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეა, სადაც სახელმწიფო, თუ სხვა ინსტიტუტები არ უნდა ერეოდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სამართალდარღვევათა შემთხვევების გარდა. ჯ. მაგლიონე აღნიშნავს, რომ ნეოლიბერალიზმის წიაღში, ინტერპერსონალური ძალადობის ეპიდემია დაკავშირებულია საზოგადოების მორალურ რღვევასთან და არის „თემის კვდომის სიმპტომი“.[13] ს. ჟიჟეკი ამ მოვლენას ლაკანის ,,დიდი სხვის” კონცეფციით ხსნის. იგი აღნიშავს, რომ ,,დიდი სხვა“ არის იმ უნივერსალური ქცევის ნორმების სიმბოლური ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს და რომელშიც ადამიანები იმკვიდრებენ თავიანთ ადგილებს და ერთმანეთთან მიმართებებს.[14] ,,დიდი სხვა“ არის ადამიანებს შორის სიმბოლური კავშირი, რომელიც ეფუძნება რწმენებს, კულტურულ ნორმებს და ადათ-წესებს, რომელთაც საფრთხეს უქმნის ნეოლიბერალურ ეკონომიკასთან დაკავშირებული ადამიანის გასაგნება, მისი გარდაქმნა საბაზრო ეკონომიკაში მართვად ობიექტად. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალისტურმა პროცესმა ძველ ფეოდალურ-პატრიარქალური სისტემის ნგრევას შეუწყო ხელი, რამაც მნიშვნელოვნად გაანთავისუფლა ქალები და  მათ უფლებები მიანიჭა. მან აგრეთვე მოშალა სოციალური რეგულაციები, ინსტიტუტები  და ნორმები, რომლებიც გარკვეულწილად იცავდნენ ქალებს თუნდაც პირდაპირი ძალადობის გარკვეული გამოვლინებებისგან.

ვაიტჰედი აღნიშნავს, რომ ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ისტორიულ მომენტში, როდესაც მენეჯერულ-ბიუროკრატიული მიდგომა იჭრება და დომინირებს ყოველდღიურობის ყველა ასპექტში. იგი მიუთითებს, რომ თუნდაც ფორმალური სამართალწარმოების ინსტიტუტები, როგორიცაა პრობაცია, ისტორიულად მოძალადეების გამოსწორებას ახერხებდნენ მათთან პროფესიულ-ჰუმანური ურთიერთობის დამყარების გზით, რაც გარდაიქმნა მშრალ რაციონალურობის და ეფექტურობის პრინციპებით მართულ პროცესად.[15] ამ პროცესში იკარგება უნივერსალური ეთიკა და წამყვანი ხდება ჰუმანურობისგან დაცლილი კონტროლის პრინციპი. ნეოლიბერალურ პოლიტიკასთან შესამაბისობაში სამართალწარმოება ხორციელდება ინდივიდუალისტურად და საერთო სოციალური პასუხისმგებლობა ფაქტობრივად ანულირდება, რაც იწვევს ეთიკური და კულტურული კვლავ წარმოების და გარდაქმნის პროცესის რღვევას. ამას ჟიჟეკი უწოდებს ნარცისიზმის ექსპანსიას სიმბოლური წყობის დასუსტების ხარჯზე. ეს არის ის ტენდენცია, რომლის შედეგადაც იკარგება ინტერესი მსხვერპლსა და მოძალადეში, როგორც პიროვნებებში და ისინი სტერილური ბიუროკრატიის ობიექტებად იქცევიან.

ვაიტჰედი თავის სტატიაში, „საძირკველის შერყევა: კრიმინალური მართმსაჯულების მორალური ეკონომიკა“, ეყრდნობა ბერძნული სოკრატისეული ტრადიციიდან აღმოცენებულ ჰუმანისტურ-მატერეალისტურ დიალექტიკის პრინციპებს. ის იყენებს საწინააღმდეგოების: თეზისის და ანტითეზისის სინთეზს, რის შედეგადაც წარმოიშვება ახალი თეზისი. იგი აღნიშნავს, რომ თუ კარცერულ მართმსაჯულებას თეზად განვიხილავთ, მის ანტითეზად შეიძლება ჩავთვალოთ სისტემასთან სრულ დაპირისპირებაში მყოფი ტრანსფორმაციული მართლმსაჯულება, რომელიც შეიძლება მეორე უკიდურესობაში გაიჭრას, ზედმეტი ემპათიით მოეპყროს მოძალადეს და უგულებელყოს პროცესის პრაქტიკული მხარე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ქალის და თემის ინტერესების ხელყოფა. ამ ორი უკიდურესობის მიერ შექმნილი დიქოტომიიდან გამოსავალი უნდა ვეძიოთ მათ სინთეზში, რომელიც კარცერული და აღდგენითი მართმსაჯულების გაერთიანებას გულისხმობს. ვაიტჰედის აზრით მსგავს სინთეზს ძალა შესწევს, რომ დასუსტებული ან გამქრალი „დიდი სხვის“ კონტექსტის მიუხედავად, გარკვეული გაზიარებული მორალურობა შექმნას, რომელიც ძალადობრივი ტრავმის კოლექტიური გააზრებით და მედიაციით, განკურნავს და აღადგენს გარღვეულ სოციალურ ქსოვილს და შექმნის გაზიარებული მორალურობის კერებს.

მაგლიონე ასევე აღნიშნავს, რომ თვითგამორკვევა უნდა იყოს აღდგენითი მართლმსაჯულების წამყვანი პრინციპი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვრისკავთ, რომ ისიც იქცევა ნორმატიულ-რეპრესიულ აპარატად, რომელიც მხოლოდ თავისუფლების ილუზიას შექმნის.[16] ამ საშიშროებას მაგლიონე უპირისპირებს ფუკოს საკუთარ მე-ზე ზრუნვის პროცესს, რომელიც ინდივიდს გასაგნების, იერარქიულობის და კონტროლის გარეშე მორალურ სუბიექტად განიხილავს. სუბიექტებმა უნდა განახორციელონ თვითგამორკვევის ეთიკური სამუშაო მონანიების და გამოსწორების გზით, რომ იპოვონ ახალი გზები, თუ როგორ შეიძლება თანავარსებობდეთ როგორც ცივილური საზოგადოება და გავაძლიეროთ კოლექტიური მორალი.[17]

შეჯამების სახით,  ვფიქრობ, რომ მსხვერპლი ქალების დაცვისთვის, მდგრადი და რეალური უსაფრთხოების მიღწევისთვის, მართლმსაჯულების პარალელურად  საქართველოს სახელმწიფომ უნდა გაატაროს სპეციალური პოზიტიური პოლიტიკები, რომლებიც მიმართული იქნება ქალთა გრძელვადიან ზრუნვაზე, კერძოდ საცხოვრისის და ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურების წვდომაზე, განათლების მიღებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე. მიგვაჩნია, რომ აღდგენითი მართლმსაჯულება არის  მრავლისმომცველი საკითხების კონცეფცია. მასში მოიაზრება მეტი, ვიდრე მხოლოდ მედიაციის ცნება და პრაქტიკა. ყველაზე ზოგადი მნიშვნელობით, აღდგენითი მართლმსაჯულება გულისხმობს დანაშაულის ხედვისა და მასზე რეაგირების კონკრეტულ მიდგომას, რომელიც ნაკარნახევია  სოციალურ ინკლუზიასა და ინტეგრაციაზე მიმართული მთელი რიგი ღირებულებებით და პრინციპებით. აღდგენითი მართლმსაჯულება მიესადაგება და ეფექტიანია ქალთა უფლებების დაცვის, უსაფრთხოების, მშვიდობის დამყარების, განათლების, სოციალური განვითარების, ოჯახის მხარდაჭერის და ზოგადი კეთილდღეობისთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ჩვენი რეალობა დღეს ამგვარი პერსპექტივით პროცესის დანახვის შესაძლებლობას სრულად გამორიცხავს და ის საკუთარი თავის ტყვეობაში ექცევა. მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე ჩანს პოლიციის მუშაობის გააქტიურება ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით (რა თქმა უნდა საპოლიციო რეაგირების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა რჩება საქართველოში), ქალთა მიმართ ძალადობის ჯაჭვი არ წყდება და არც მცირდება. რეალობის ამ სიმძიმემ და სასოწარკვეთამ მნიშვნელოვანია მიგვიყვანოს ახალი მიდგომების ძიების აუცილებლობამდე. აღდგენითი მართლმსაჯულების ზემოთ განხილული თეორიები და მიდგომები, ვფიქრობ, ახალი პერსპექტივების და გამოსავლების ძიების საინტერესო და ქმედით გზას გვთავაზობს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია:

  1. Laura Chow Reeve (2020), „How can advocates better understand Transformative Justice and its connection to gender-based violence intervention and prevention work?“ from: https://vawnet.org/news/how-can-advocates-better-understand-transformative-justice-and-its-connection-gender-based
  2. Kim ME. Transformative justice and restorative justice: Gender-based violence and alternative   visions of justice in the United States. International Review of Victimology. 2021;27(2):162-172.
  3. Dáire McGill. (2017). Different Violence, Different Justice? Taking Structural Violence Seriously in Post-Conflict and Transitional Justice Processes. State Crime Journal, 6(1), 79–101.
  4. Whitehead, P., & Crawshaw, P. (2013). Shaking the Foundations: On the Moral Economy of Criminal Justice. The British Journal of Criminology, 53(4), 588–604.
  5. Curtis-Fawley, S., & Daly, K. (2005). Gendered violence and restorative justice: The views of victim advocates. Violence Against Women, 11(5), 603–638.
  6. Katherine van Wormer, (2009) Restorative Justice as Social Justice for Victims of Gendered Violence: A Standpoint Feminist Perspective, Social Work, Volume 54, Issue 2, Pages 107–116,
  7. Braithwaite, J. (2002), Restorative Justice and Responsive Regulations. New York: Oxford University Press.

8  John Bender (1986) Part 1: Reconciliation Begins in Canada in MCC Peace Section Newsletter,  Volume 16, Number 1

9 Recommendation No. R (99) 19 of the Committee of Ministers to Member States Concerning Mediation in Penal Matters, 15/11/1999.

10 Frieder Dünkel, Joanna Grzywa-Holten,. Philip Horsfield (Eds.) (2015) Restorative Justice and. Mediation in Penal Matters. A stock-taking of legal issues, implementation strategies and outcomes in 36 European countries

  1. Decker, M. R., Holliday, C. N., Hameeduddin, Z., Shah, R., Miller, J., Dantzler, J., & Goodmark, L. (2020). Defining Justice: Restorative and Retributive Justice Goals Among Intimate Partner Violence Survivors. Journal of Interpersonal Violence.
  2. Maglione, G. (2019). The Restorative Justice Apparatus: A Critical Analysis of the Historical Emergence of Restorative Justice. Social & Legal Studies, 28(5), 650–674.
  3. Zizek, S., (2011), Living in the End Times. London and New York: Verso.
  4. Whitehead, P., & Crawshaw, P. (2013). Shaking the Foundations: On the Moral Economy of Criminal Justice. The British Journal of Criminology, 53(4), 588–604.
  5. Foucault, M. (1977), Power/Knowledge Selected Interviews and Other Writings, New York: Pantheon Books.

[1] Laura Chow Reeve (2020), „How can advocates better understand Transformative Justice and its connection to gender-based violence intervention and prevention work?“ from: https://vawnet.org/news/how-can-advocates-better-understand-transformative-justice-and-its-connection-gender-based

    [2] Kim ME. Transformative justice and restorative justice: Gender-based violence and alternative   visions of justice in the United States. International Review of Victimology. 2021;27(2):162-172.

    [3] Dáire McGill. (2017). Different Violence, Different Justice? Taking Structural Violence Seriously  in Post-Conflict and Transitional Justice Processes. State Crime Journal, 6(1), 79–101.

    [4] Whitehead, P., & Crawshaw, P. (2013). Shaking the Foundations: On the Moral Economy of Criminal Justice. The British Journal of Criminology, 53(4), 588–604.

    [5] Curtis-Fawley, S., & Daly, K. (2005). Gendered violence and restorative justice: The views of victim advocates. Violence Against Women, 11(5), 603–638.

[6] Katherine van Wormer, (2009) Restorative Justice as Social Justice for Victims of Gendered Violence: A Standpoint Feminist Perspective, Social Work, Volume 54, Issue 2, Pages 107–116,

[7] Braithwaite, J. (2002), Restorative Justice and Responsive Regulations. New York: Oxford University Press.

[8] იქვე

[9] John Bender (1986) Part 1: Reconciliation Begins in Canada in MCC Peace Section Newsletter,  Volume 16, Number 1

[10] Recommendation No. R (99) 19 of the Committee of Ministers to Member States Concerning Mediation in Penal Matters, 15/11/1999.

[11] Frieder Dünkel, Joanna Grzywa-Holten,. Philip Horsfield (Eds.) (2015) Restorative Justice and. Mediation in Penal Matters. A stock-taking of legal issues, implementation strategies and outcomes in 36 European countries

[12] Decker, M. R., Holliday, C. N., Hameeduddin, Z., Shah, R., Miller, J., Dantzler, J., & Goodmark, L. (2020). Defining Justice: Restorative and Retributive Justice Goals Among Intimate Partner Violence Survivors. Journal of Interpersonal Violence.

[13] Maglione, G. (2019). The Restorative Justice Apparatus: A Critical Analysis of the Historical Emergence of Restorative Justice. Social & Legal Studies, 28(5), 650–674.

[14] Zizek, S., (2011), Living in the End Times. London and New York: Verso.

[15] Whitehead, P., & Crawshaw, P. (2013). Shaking the Foundations: On the Moral Economy of Criminal Justice. The British Journal of Criminology, 53(4), 588–604.

[16] Foucault, M. (1977), Power/Knowledge Selected Interviews and Other Writings, New York: Pantheon Books.

[17] Maglione, G. (2019). The Restorative Justice Apparatus: A Critical Analysis of the Historical Emergence of Restorative Justice. Social & Legal Studies, 28(5), 650–674.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“