საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
აღნიშნული კვლევა არის მცდელობა, ნიუანსირებულად აჩვენოს ის სირთულეები და დაბრკოლებები, რომლებიც უდგათ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ქალებს აჭარასა და მარნეულის მუნიციპალიტეტში. კვლევა დაფუძნებულია იმ რწმენაზე, რომ ადამიანების ცხოვრებაში გავლენას მხოლოდ ერთი ძალაუფლების ღერძი არ განაპირობებს და ადამიანებზე ძალაუფლების მოქმედება ინტერსექციულია. მჩაგვრელი პოლიტ-ეკონომიკური სისტემა, ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი და საქართველოში არსებული პატრიარქატი ის მთავარი ძალაუფლების სისტემებია, რომლებიც თანადროულ გავლენას ახდენს არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ქალების ყოველდღიურ ცხოვრებასა და მდგომარეობაზე. ქართველი მუსლიმი ქალებისა და საქართველოს აზერბაიჯანელი ქალების გამოცდილებების აღწერა გვაჩვენებს, თუ როგორ განაპირობებს ადამიანების ცხოვრებას არსებული სოციალური სისტემები და რა სახის ძალაუფლების ღერძები ქმნიან მათთვის ყოველდღიურ დაბრკოლებებს.
ინტერსექციულობა ნიშნავს ძალაუფლების, ადამიანების ცხოვრებისა და გამოცდილებების მრავალშრიან ანალიზს (Hill Collins და Bilge 2016, 2). პოლიტიკური და სოციალური მოვლენები და სისტემები მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფაქტორით ვერ აიხსნება და ისინი განპირობებულია სხვადასხვა ძალაუფლების ღერძებითა და მიზეზებით. ხშირად ძალაუფლების ღერძები ერთმანეთთან იკვეთებიან, თანამშრომლობენ ან ერთმანეთზე გავლენას ახდენენ. ადამიანების ყოველდღიურობის, წუხილებისა და პრობლემების ანალიზის ამგვარი პრიზმა უფრო მეტად ნიუანსურ და კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს (იქვე). ინტერსექციული მიდგომის მომხრეების აზრით, იმგვარი სოციალური დაყოფები, როგორებიცაა კლასი, რასა, ეთნოსი, გენდერი, სექსუალობა, ასაკი, ქმედუნარიანობა და ა.შ., ურთიერთგამომრიცხავი ღერძები არ არის, ერთად ქმნის ძალაუფლების სისტემებს და ერთობლივად ახდენს გავლენას ადამიანების სოციალურ პოზიციებსა და მდგომარეობაზე (იქვე, 4).
არ არსებობს „ქალობის“ ერთნაირი გაგება ყველა ჯგუფსა და კონტექსტში და ქალები სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგანან არა მხოლოდ სხვადასხვა კულტურასა და საზოგადოებაში, არამედ ერთი საზოგადოების შიგნითაც. „ქალები“ჰეტეროგენული ჯგუფია, რომლებიც ფლობენ სხვადასხვა ტიპის ძალაუფლებას, განიცდიან სხვადასხვა ტიპის ჩაგვრას და აქვთ განსხვავებული მიმართება კაცებისა და ერთმანეთისადმი. (Lorde 2021; hooks 2015; Mohanty 1984; Narayan 1998; Abu-Lughod 2016). ამის გათვალისწინებით, ქალებს ყოველდღიურობაში სხვადასხვანაირი პოზიციები უჭირავთ და სხვადასხვა გამოწვევები აქვთ იმის გამო, რომ მათზე ძალაუფლების განსხვავებული ფორმები მოქმედებს. ინტერსექციული მიდგომის სულისჩამდგმელებად აფრო-ამერიკელი ფემინისტები მიიჩნევიან, რომლებიც აჟღერებდნენ იდეებს იმის შესახებ, რომ თეთრკანიანი ქალების მიერ აღწერილი პრობლემები და ჩაგვრა უნივერსალური არ ყოფილა ამერიკულ საზოგადოებაში. თეთრკანიანი, საშუალო კლასის წარმომადგენელი ქალების მიერ დაწყებული ქალთა მოძრაობა ვერ ხედავდა და შესაბამისად, ვერ აჟღერებდა იმ ყოველდღიურობასა და პრობლემებს, რაც შავკანიან ქალებს აწუხებდათ. შავკანიანი ქალები მიუთითებდნენ, რომ მათ ყოველდღიურობაში კლასი და კანის ფერი ისეთივე მნიშვნელოვანი მსაზღვრელი ხდებოდა, როგორც ქალობა (Lorde 2021; Hooks 2000). მათი თქმით, აქცენტის მხოლოდ და მხოლოდ ქალობაზე დასმა ფემინისტური დღის წესრიგიდან ამოშლის გარკვეულ ქალთა ჯგუფებს და ვერ მოიცავს ქალთა ფართო მასებს (Crenshaw 1989), მაგალითად, ღარიბ და არადომინანტური ეთნიკური კუთვნილების მქონე ქალებს. აფრო-ამერიკელი ფემინისტების აზრით, მხოლოდ ქალებს შორის განსხვავებული პოზიციონირების დანახვითა და აღწერით არის შესაძლებელი მათი ყოფის მრავალშრიანი ანალიზი (Lorde 2021; Hill Collins და Bilge 2016).
ინტერსექციული ანალიზის მომხრეები ამბობენ, რომ, ზოგადად, არასწორია ძალაუფლების ერთ-ერთი ფორმის აღება, როგორც დომინანტური მჩაგვრელისა, მნიშვნელოვანია ყველა ძალაუფლების ღერძი თანადროულად გავაანალიზოთ და ადამიანები ამ კომპლექსურ სისტემაში წარმოვისახოთ, რომელსაც ეს მკვლევრები „დომინაციის მატრიცას“ უწოდებენ (Hill Collins 1991). ამასთან, ინტერსექციული კვლევების მომხრეებისთვის მნიშვნელოვანია კვლევის ცენტრში ჩააყენონ ჯგუფები, რომლებზეც ბევრი სახის ძალაუფლება ზემოქმედებს, რადგან ასეთ შემთხვევებში უფრო ნათლად ჩანს ძალაუფლების ბუნება და სხვადასხვა ღერძის ერთმანეთთან თანაკვეთისა და გამყარების პრაქტიკები (იქვე).
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბესა და ეკონომიკურ უთანასწორობაში ცხოვრობს,[1][2] რაც გამოაჩენს, რომ არსებული სოციო-ეკონომიკური სისტემა ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი ღერძია. ის, რასაც, როგორც წესი, საშუალო კლასს ვეძახით, უფრო და უფრო ღარიბდება ჭარბვალიანობის, საცხოვრისების უკიდურესად გაძვირებისა და დაბალი ხელფასების გამო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებობდა მოსაზრება, რომ ტრანზიციის პროცესში წარმოქმნილი მერყევი მდგომარეობა და ადამიანების ძირითადი ნაწილის არაფორმალურ სექტორში დასაქმება თანდათან გაუჩინარებას დაიწყებდა, ეკონომიკა დასტაბილურდებოდა, ხოლო ადამიანები ნელ-ნელა, კაპიტალიზმში გადასვლის პარალელურად, ფორმალურ სექტორში გადაინაცვლებდნენ (Knudsen and Frederiksen 2015; Verdery 2003; Pedersen 2011). თუმცა საშუალო კლასები ამჟამად თითქმის ისეთივე პრეკარიული ხდება, როგორც ღარიბი მოსახლეობა. ხოლო ღარიბი მოსახლეობა ხშირად ცხოვრობს ყველა იმ სიკეთის მიღმა, რაც მათი სოციალური უფლებაა: ჯანდაცვის, განათლების, ბაზისური ინფრასტრუქტურის გარეშე[3]. ამ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოში პერიფერიებში მცხოვრებლები, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები აჭარლები და არაქართულენოვან სოფლებში მცხოვრები აზერბაიჯანელები კიდევ უფრო მოწყვლადები არიან და უფრო მეტად არიან მოწყვეტილები მინიმალურ სიკეთეებს.
საქართველოში არსებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი, რომელიც უფრო აგრესიული მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ხდება და 90-იან წლებში დომინანტური იდეოლოგია ხდება (Jones 2013), ძალაუფლების კიდევ ერთი ღერძია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ცხოვრებას. ამ პერიოდში საქართველოში ხდება ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები, ამასთან, საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობა ტოვებს. 90-იან წლებში რამდენიმე ქალაქში მომხდარი ეთნიკური დაპირისპირებები დღესაც საკმაოდ ბევრ ტრავმას უკავშირდება და ხელშესახები შედეგები აქვს. ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის დომინანტური პოზიციის გამო, კანონმდებლობისა და პოლიტიკის დონეზე თანასწორობის პრინციპის აღიარების მიუხედავად, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები ხშირად უცხოებად, სტუმრებად და ხანდახან საფრთხეებადაც კი მოინიშნებიან. ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი ეთნიკურ და რელიგიურ უმრავლესობას საქართველოში უპირატეს ჯგუფად წარმოისახავს, სხვა ჯგუფები კი ხდებიან “პრობლემა,” რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უნდა „გაუმკლავდეს“. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ განასხვავებს საქართველოს მოქალაქეებს ეთნიკური კუთვნილების მიხედვით, ეს იდეები იმდენად ძლიერდება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების, ყოველდღიური ენის, სკოლის მასალის, ისტორიის სახელმძღვანელოების განუყოფელი ნაწილი ხდება[4]. ეს რიტორიკა და პოლიტიკური პრაქტიკები გარიყავს გარკვეულ ჯგუფებს მოქალაქეობიდან. ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი ახლოს არის გადაჯაჭვული საქართველოს პოლიტ-ეკონომიკური სისტემის მიერ შექმნილ იერარქიებთან. შედეგად, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით კომპაქტურად და ტრადიციულად დასახლებული რეგიონების პოლიტიკური და ეკონომიკური პერიფერიალიზაცია და მარგინალიზება ხდება. ამ რეგიონებში მკვეთრად დაბალია უმცირესობების პოლიტიკური რეპრეზენტაცია და საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობა, მკვეთრად დაბალია ბაზისურ სახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის, განათლებაზე, სკოლამდელ აღზრდაზე, ჯანდაცვაზე წვდომაც[5].
ბოლოს, გენდერული იერარქიები დღეს საქართველოში კიდევ ერთი ძალაუფლების ღერძია, რომელიც დიდწილად განაპირობებს ადამიანების ცხოვრების მიმართულებებს. ბევრი ქალისთვის საკუთარი გენდერი შეიძლება გახდეს ნაკლები შესაძლებლობების არსებობის და ბევრი დაბრკოლების მიზეზი, გამონაკლისი არც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები არიან, სადაც კაცებთან შედარებით ქალებს კიდევ უფრო მეტი ბარიერი ექმნებათ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების კუთხით[6]. სამწუხაროდ, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში ქალების ჩაგვრის ერთადერთ ღერძად ხშირად ხედავენ თემის შიგნით არსებულ, კულტურულად და რელიგიურად დეტერმინირებულ პატრიარქატს და არა ზოგადად საქართველოში არსებულ პატრიარქატს და ძალაუფლების სხვა ასპექტებს, რომლებიც ქალების ცხოვრებას განაპირობებენ. ამიტომ საჭიროა ამ ჯგუფებში პატრიარქატზე საუბარი კონტექსტუალური იყოს და ქალების ჩაგვრაზე და მათ პრობლემებზე საუბარი კონკრეტული თემების ორიენტალიზების გარეშე მოხდეს. საქართველოს აზერბაიჯანელ და მუსლიმ აჭარელ ქალებზე საუბრისას ხშირად ახსენებენ ისეთ კონცეპტებს, როგორებიცაა „თავისუფლება“ ან „თავისუფლების არარსებობა“, თუმცა ხშირად ავიწყდებათ სხვა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ქალებს ამ რეგიონებში უდგათ. ყურადღებას არ აქცევენ იმ ფაქტსაც, რომ ამ ქალებს დომინანტური ჯგუფის ქალებთან და არადომინანტური ჯგუფის კაცებთან შედარებით კიდევ უფრო მეტი ბარიერი ექმნებათ დასაქმების, განათლების, ჯანდაცვის კუთხით, რადგან მათზე ორმაგი, ან სამმაგი ჩაგვრა ზემოქმედებს.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ქალების ყოველდღიური გამოწვევები ინტერსექციული მიდგომით ვიკვლიოთ. ამგვარი ანალიზი მნიშვნელოვანია, რათა ამ ჯგუფებისთვის შეიქმნას უფრო სამართლიანი გარემო და განხორციელდეს ცვლილებები, რომლებიც მიმართული იქნება მრავალმხრივი ჩაგვრისა და ძალაუფლების წინააღმდეგ.
ინსტრუქცია