[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / თვალსაზრისი

ინვესტორის ყველა ქმედება კანონიერია, ანუ გარემოს დაცვის კანონის მოკლე ისტორია

გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონი 2013 წლამდე შეიცავდა ჩანაწერს, რომლის მიხედვით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ინვესტორის განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა ჩათვლილიყო კანონიერ ქმედებად, თუ ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის არსებობდა შეთანხმება ინვესტორის ყველა ქმედების კანონიერად მიჩნევის თაობაზე. დამოუკიდებელი საქართველოს საკანონმდებლო ისტორია ყველაზე უკეთ აირეკლავს ადგილობრივ ნეოლიბერალურ ექსპერიმენტს, რომელშიც გარემო და ბუნებრივი რესურსები - წყალი, მიწა, წიაღისეული - ანუ ის, რაც ქვეყნის გამდიდრების რესურსი უნდა ყოფილიყო ქვეყნის დაღარიბების რესურსი გახდა.

მობრძანდით და აითვისეთ

საქართველოში პრივატიზაციის - სახელმწიფო ქონების კერძო საკუთრებაში გადასვლის - ისტორია რამდენიმე ფაზას მოიცავს. პრივატიზაციის პირველი და მეორე ფაზა ომის, სისხლიანი დაპირისპირების და კორუფციული მმართველობის ფონზე მიმდინარეობდა და ხშირად მას პრიხვატიზაციად მოიხსენიებენ. ფაზებს შორის ყველაზე მძლავრი და აგრესიული მესამე ტალღა იყო, რომლის ათვლის წერტილად ზურაბ ჟვანიას 2004 წლის 10 ივნისის საპარლამენტო გამოსვლა უნდა მივიჩნიოთ. აქ ჟვანიამ დააანონსა ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის საკვანძო მომენტიც აგრესიული პრივატიზაცია და ინვესტიციის მოზიდვა იქნებოდა. ამ დროს კახა ბენდუქიძე - ამ პოლიტიკის მთავარი ავტორი - საქართველოში რამდენიმე დღის ჩამოსულია და გაცხადებული აქვს ე.წ. სინდისის გარდა ყველაფრის გაყიდვის გეგმა. ეკონომიკის სამინისტროს 2004-2006 წლის საპრივატიზებო ნუსხა 372 ობიექტს აერთიანებდა, მათ შორის, ე.წ. პრიორიტეტულ, განსაკუთრებული მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების მომპოვებელ საწარმოებს, მაგალითად, ჭიათურმანგანუმსა და ტყიბულის ქვანახშირს.

პრივატიზაცია ახალი ეკონომიკური პოლიტიკის მხოლოდ ერთი ნაწილია; მეორეა დერეგულაცია - საკანონმდებლო რეგულაციების და სახელმწიფოს მარეგულირებული ფუნქციის განლევა, რაც ყველაზე მწვავედ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სფეროზე აისახება. პარლამენტი 2004 წლიდან, ეტაპობრივად, ასუსტებს გარემოს დაცვის ისედაც არცთუ მკაცრ კანონმდებლობას - ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში ისპობა გადაწყვეტილების მიღების დროს საზოგადოების ინფორმირების და მონაწილეობის უფლება და შესაძლებლობა; უქმდება გადასახადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე; მცირდება იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომელიც გარემოსდაცვით შეფასებას ექვემდებარებოდა; იზრდება გარემოზე ზემოქმედების ლიმიტები; ბუნებრივი რესურსები აუქციონებზე ლოტებად გაყიდვას ექვემდებარება. ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა ამ ცვლილებათა მიმოხილვისას ამბობს, რომ კანონმდებლობაში შესწორებები ისე ჩუმად და სწრაფად შედის, რომ გარემოსდამცველები ხშირად წინააღმდეგობას ვერ ასწრებენ. ბუნებრივი რესურსების სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება კი ამოკვეთილია ფინანსური კედლით: რამდენიმეათასიანი სასამართლო ბაჟის გადახდას ვერც მოსახლეობა ახერხებს და ვერც გარემოსდამცველები. მთავრობა სატელევიზიო სარეკლამო რგოლებით ინვესტორებს მიმართავს: საქართველო მდიდარია ბუნებრივი რესურსებით - მობრძანდით და აითვისეთ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სფეროში 2004 წლიდან დაძრულ ველური ათვისების პოლიტიკას ყველაზე უკეთ გამოხატავს გარემოს დაცვის იმდროინდელი მინისტრის გიორგი პაპუაშვილის სიტყვები - საქართველოს დონის ქვეყანაში ინვესტორი ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ აკონტროლო, რამდენი აირი გამოაფრქვია და რა დააბინძურა, ეს ბიზნესში ზედმეტი ჩარევა იქნება. ამ ეტაპზე მთავარია, ბიზნესმა საქართველოში ფეხი აიდგას.

ყველა ქმედება კანონიერია

2012 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ დააგვირგვინა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში მიმდინარე დერეგულაცია, მიიღო რა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმების დადების შემთხვევაში, ბუნებრივი რესურსების სარგებლობის პროცესში ინვესტორის ყველა ქმედება, მისი ხასიათის მიუხედავად, კანონიერ ქმედებად ჩაითვლებოდა.

კანონი ასეთ პროცედურას ითვალისწინებდა: ინვესტორს ეძლეოდა უფლება, მიემართა სამინისტროსთვის და შესაბამისი შეთანხმების დადებისა და ფულის გადახდის შემთხვევაში ის გათავისუფლებოდა სახელმწიფოსა და მუნიციპალური ორგანოების მიმართ პასუხისმგებლობისგან - ნებისმიერი ქმედებისთვის, გარემოზე ზემოქმედების სიმძიმის ან მასშტაბის მიუხედავად. სახელმწიფო კარგავდა ასეთი ინვესტორის კონტროლისა და მისი საქმიანობის შემოწმების უფლებამოსილებას და, ამდენად, გამოირიცხებოდა ინვესტორის ყოველგვარი - სამოქალაქო, ადმინისტრაციული და, როგორც იკვეთება, სისხლისსამართლებრივი - პასუხისმგებლობა ან მისთვის ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობა. კანონპროექტი პარლამენტში შეტანიდან ათ დღეში მიიღეს და არცერთ კომიტეტს არ ჰქონია შენიშვნა ან კომენტარი.

ეს კანონი, არსებითად, არა მხოლოდ აჯამებდა 2004 წლიდან არსებულ ბუნებრივი რესურსების ათვისების პოლიტიკას, არამედ ახლებურად წარმოაჩენდა ნეოლიბერალური სახელმწიფოს იდეალს - სახელწიფო, რომელიც თმობს ყოველგვარ ძალაუფლებას ინვესტორის მიმართ და მას საკანონმდებლო შეზღუდვებისგან ათავისუფლებს. ეს ნიშნავდა იმას, რომ აზრს კარგავდა გარემოს დაცვის შესახებ უკვე მიღებული კანონებიც და მომავალში პარლამენტის მიერ კანონების მიღებაც - რადგან ეს კანონები იმთავითვე ანულირებული იყო მათთვის, ვინც მთავრობასთან შეთანხმებას გააფორმებდა, ანუ მისგან წინასწარ იყიდდა კანონიერების ინდულგენციას.

იტალიელი ფილოსოფოსი ჯორჯო აგამბენი, კარლ შმიტზე დაყრდნობით, აყალიბებს საგამონაკლისო (საგანგებო) მდგომარეობის პოლიტიკურ თეორიას, რომლის მიხედვით სუვერენი, ანუ უზენაესი ხელისუფალი, არის ის, ვისაც საგამონაკლისო მდგომარეობის გამოცხადების ძალმოსილება აქვს. საგამონაკლისო მდგომარეობის დროს, აგამბენის ზუსტი და მოხდენილი ფორმულის მიხედვით, კანონი ძალაშია, მაგრამ არ ხდება მისი აღსრულება. როგორ გავიგოთ ეს? აგამბენს რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, მათ შორისაა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ჯორჯ ბუშის გამოცემული ბრძანება, რომელმაც ტერორისტულ აქტებში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების განუსაზღვრელი ვადით დაკავებისა და სამხედრო კომიტეტების მიერ მათი გასამართლების შესაძლებლობა გააჩინა - ფორმალურად, კანონი კანონად დარჩა, მაგრამ დაკავებულთა მიმართ შეჩერდა კონსტიტუციისა და იმ კანონების აღსრულება, რომელიც დაკავებულს სამართლიანი მოპყრობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას ანიჭებს.

საგამონაკლისო მდგომარეობის გამოცხადება სახელმწიფო ძალაუფლებას შეუზღუდავ ხასიათს ანიჭებს, აჩერებს რა კანონმდებლობის საფუძველზე მისი შებოჭვის შესაძლებლობას. აგამბენიც და სხვა ავტორებიც, რომლებიც ამ საკითხს სწავლობენ, ყურადღებას სახელმწიფოზე ამახვილებენ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც კანონმდებლობით შებოჭვის შესაძლებლობა ანულირდება ინვესტორის მიმართ? როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ნეოლიბერალური სახელმწიფოს იდეალი - ნეოლიბერალური საგანგებო მდგომარეობა, ანუ ინვესტორის მოქმედების სრული თავისუფლება, რომლის ფარგლებშიც ყველაფერი, რასაც ის მოიმოქმედებს - ჩვენს შემთხვევაში, ბუნებრივი რესურსების მოპოვების დროს - იმთავითვე კანონიერად მიიჩნევა და პასუხისმგებლობის მიღმა დგას.

დაკანონებული უკანონობა

ეს კანონი მიღებიდან მალევე, მწვანე პარტიის თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ის დავობდა, რომ კანონის ნორმა, რომელსაც ახლა განვიხილავთ, წინააღმდეგობაში იყო კონსტიტუციით აღიარებულ გარემოს დაცვის უფლებასთან. სწორედ ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლოს გარემოს დაცვის კონსტიტუციური უფლების განმარტება მოუწია.

სასამართლომ მისთვის დამახასიათებელი ეთოსით განმარტა, რომ გარემოს დაცვის შესახებ კონსტიტუციის ნორმა განამტკიცებს ადამიანის ძირითად უფლებას, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში. ამ უფლებას, სასამართლოს შეფასებით, შეესაბამება სახელმწიფოს ვალდებულება, გარემოს დაზიანებისა და განადგურების საფრთხეები შეძლებისდაგვარად თავიდან აირიდოს და მისთვის მიყენებული ზიანი შეძლებისდაგვარად გამოასწოროს. შეძლებისდაგვარად იმდენად, რამდენადაც, სასამართლოს შეფასებით, ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესები ხშირად ერთმანეთთან კონფლიქტშია და მათი ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გონივრული დაბალანსებაა საჭირო.

გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს სახელმწიფოს ორმხრივ ვალდებულებაზე: ერთი მხრივ, თავად გაითვალისწინოს და შეამციროს გარემოზე ზემოქმედება ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტების განხორციელების დროს; მეორე მხრივ კი, არ დაუშვას, კერძო პირთა მიერ გარემოს დაზიანება. საკონსტიტუციოს განმარტებით, სახელმწიფოს მოეთხოვება, ისეთი სამართლებრივი სისტემა შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის გონივრული მოლოდინის არსებობას - რომ გარემოს დაზიანების შემთხვევაში ნებისმიერი პირის მიმართ გამოყენებული იქნება ზემოქმედების ადეკვატური საშუალებები. ეს საშუალებები კი პრევენციულ ფუნქციას უნდა ასრულებდეს.

საკუთრივ ინვესტორსა და მთავრობას შორის შეთანხმების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმების დადებას ინვესტორის მიმართ გარემოს დაცვის სფეროში დადგენილი აკრძალვების გაუქმების ეფექტი აქვს. ის კარგავს განცდას, რომ შესაძლებელია პასუხისმგებლობა დაეკისროს და დაუბრკოლებელი მოქმედების თავისუფლება ეძლევა. პრევენციული ნორმები თავიანთ უმთავრეს ფუნქციას - შემაკავებელ ეფექტს - კარგავენ. ეს კი, სასამართლოს აზრით, კონფლიქტში იყო სახელწიფოს ვალდებულებასთან, არ დაეშვა მესამე პირთა მიერ გარემოს დეგრადაცია. ამასთან, სასამართლომ დაინახა, რომ ასეთი შეთანხმების დადებით ინვესტორის სამომავლო ქმედებები კანონიერი ხდებოდა წინმსწრებით - ქმედებათა ხასიათისა და მასშტაბის გამოურკვევლად.

ამდენად, სასამართლომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

დასკვნის მაგიერ

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სფეროში დაწყებული ექსპერიმენტი დასრულდა. ნამახვანჰესის ხელშეკრულება, რომელმაც ასიათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა, შეიცავდა ჩანაწერს, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების დადების შემდეგ, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, თუ ისინი ინვესტორის ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახებოდა, ინვესტორისთვის შესასრულებლად სავალდებულო არ იქნებოდა. მაგალითად, თუ პარლამენტი გადასახადებს გაზრდიდა, კომპანიას უფლება ჰქონდა, მთავრობისგან ზიანის კომპენსაცია მოეთხოვა. მიღებული კანონი ძალაში იქნებოდა, მაგრამ ნამახვანჰესის ინვესტორის მიმართ მისი აღსრულება - შეჩერებული.

ახლახანს გამოქვეყნებული ნარკვევი სიღრმისეულად აანალიზებს ბუნებრივი რესურსების, კერძოდ, სამთო-მოპოვებით სფეროში არსებულ სიტუაციას. დეგრადირებული ნიადაგი, მოწამლული მდინარეები, დაბინძურებული ჰაერი და მოპოვების ადგილების მახლობლად სიღარიბეში მცხოვრები და იქ დასაქმებული ადამიანები შერყეული ჯანმრთელობით - ასეთია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სფეროში მიმდინარე რადიკალური ექსპერიმენტის შედეგი.

მასალა მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“