[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / თვალსაზრისი

კონსტიტუცია, სასამართლო და საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პოლიტიკურ წარმოსახვაში

ვახტანგ ნაცვლიშვილი 

ავტორი: ვაკო ნაცვლიშვილი[1]

1 კონსტიტუცია

პროლეტარიატის დიქტატურის დამყარებამდე კონსტიტუციის წერას ბურჟუაზიული ილუზიებისადმი გულმინდობილობად მიიჩნევდა ლენინი (1952 [1917]). ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა რუსეთში კონსტიტუციის წერა უმნიშვნელო საკითხი იყო; გაცილებით მეტი ყურადღება ეთმობოდა პარტიის პროგრამის განახლებას (Carr, 1950: 124). საქართველოს სოციალ-დემოკრატებმა, პირიქით, კონსტიტუციის დაწერა მთავარ საზრუნავად გამოაცხადეს. ეროვნული საბჭოს დაფუძნებიდან ხუთ თვეში საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აქედან ერთ თვეში კი საკონსტიტუციო კომისია შექმნა. მოგვიანებით, ეროვნულმა საბჭომ ძალაუფლება საყოველთაო არჩევნებით არჩეულ დამფუძნებელ კრებას გადააბარა, კრებამ კი თავის მესამე სხდომაზე საკონსტიტუციო კომისია დააფუძნა. ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის აკაკი ჩხენკელის (2018: 663) ნათქვამი სიტყვები - კონსტიტუცია იარაღია ხალხის ხელში - ნათლად გამოხატავს კონსტიტუციის მნიშვნელობისადმი საქართველოს სოციალ-დემოკრატების დამოკიდებულებას. ერთ სხდომაზე, სოციალ-დემოკრატი პავლე საყვარელიძე ინიციატივით გამოვიდა, სკოლის დამთავრების შემდეგ ყველა მოსწავლეს საჩუქრად კონსტიტუციის ერთი ეგზემპლარი მიეღო. კონსტიტუციის საშუალებით ჩვენი ხალხი უნდა ამაღლდეს კულტურულად, ამბობდა დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ვეშაპელი (ჯგერენაია, კენჭოშვილი, 2018: 582).

ნოე ჟორდანია (2015 [1918]) დამფუძნებელი კრებისადმი მოხსენებაში კონსტიტუციას ტანისამოსს ადარებს. ჩვენი სახელმწიფოს სხეულს მისთვის სარგო ტანისამოსი უნდა შევუკეროთ, რომ კარგათ მოადგებოდეს ტანზე არსებულ საზოგადოებრივ სხეულს (2015: 80). როგორი იყო საზოგადოებრივი სხეული? ჟორდანიას აზრით, საქართველოს სახელმწიფო შეიძლებოდა, დაფუძნებოდა სამ სოციალურ კლასს - მუშათა, წვრილი ბურჟუაზიის და გლეხობის ძალთა ურთიერთ განწყობილებას. [...] ამ დამოკიდებულების უფლებრივ ნორმებში ჩამოყალიბება ნიშნავს სახელმწიფოს მისცე სათანადო კონსტიტუცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოსთვის სათანადო კონსტიტუცია ისეთი კონსტიტუცია იქნებოდა, რომელიც სამი სოციალური კლასის - მუშების, გლეხებისა და წვრილი ბურჟუაზიის - არსებულ ძალაუფლებრივ ურთიერთმიმართებას აღბეჭდავდა და მათ ინტერესებსა და უფლებებს თანაზომიერად - და არა თანაბრად - დაიცავდა. პროლეტარიატს წამყვანი როლი აქვს, მაგრამ მან მუშათა ბატონობისთვის კი არ უნდა იბრძოლოს, არამედ სხვა პროგრესულ კლასებთან გაერთიანდეს დემოკრატიული რესპუბლიკის შესაქმნელად, წერდა ჟორდანია (ჯონსი, 2018: 312). ამიტომაც არის, რომ 1921 წლის კონსტიტუცია, ერთმანეთის გვერდიგვერდ, იცავდა საკუთრების უფლებას (მუხლი 114), მაგრამ, ამავე დროს, სახელმწიფოს აძლევდა ძალას, გაასაზოგადოოს ის სავაჭრო-სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დარგი და წარმოება, რომელიც ამისთვის გამოსადეგია (მუხლი 115).

ჟორდანიას და მენშევიკებს სჯეროდათ, რომ სოციალიზმის დამყარება მხოლოდ განვითარებული კაპიტალიზმის პირობებში, მისი გადაულახავი წინააღმდეგობების წიაღში იყო შესაძლებელი. ჟორდანია ასე ფიქრობდა მე-19 საუკუნის ბოლოს, საქართველოში ახალდაბრუნებული (ჟორდანია, 1894), ამას ამბობდა დამოუკიდებლობის წლებში (ჟორდანია, 2015 [1918], 2018 [1920]) და ამავეს წერდა ემიგრაციაში, სიცოცხლის ბოლოს (ჟორდანია, 1990). ჟორდანიასთვის (2015), წინარეკაპიტალისტურ ქვეყანაში სოციალიზმის დამყარება ისტორიის მოტყუებას ნიშნავდა, რადგან არსებული ნივთიერი პირობები ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა. კაპიტალისტური საზოგადოება დაიბადა ფეოდალური საზოგადოებისგან, ხოლო სოციალისტური დაიბადება - კაპიტალისტურისგან, წერდა ის (1990: 78). ამ საფეხურებს გვერდს ვერ აუვლი, ვერც ნახტომებს გააკეთებ - ეს ისტორიული აუცილებლობა არ ესმით და საერთო არეულობით აღტაცებულნი ლამიან ბურჟუაზიის ბატონობის თავიდან აცილებას და პირდაპირ შრომის სამეფოში შესვლას, წერდა ჟორდანია ბოლშევიკებზე (1990: 83) - ბოლშევიკებმა ისტორიის მოტყუება სცადეს, მაგრამ თავად დარჩნენ მოტყუებული (ჟორდანია, 2015: 61).

სოციალიზმის გადადებას, ჟორდანიასთვის, სოციალიზმისთვის საფუძვლების მომზადება ამართლებდა. ​​დამფუძნებელი კრებისადმი მოხსენებაში, ჟორდანია (2018 [1920]: 611-12) ამბობდა, რომ სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს გადაიქცეს არა მარტო პოლიტიკურ, არამედ იმავე დროს სამეურნეო ორგანიზაციად. მისი თქმით, მდიდარი კლასების მისწრაფებაა სახელმწიფო მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაცია იყოს და არ აწარმოოს სამეურნეო საქმიანობა. ჟორდანიასთვის საქმე პირიქით იყო - ხალხის მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საჭიროა, სახელმწიფომ დაამუშავოს ადგილობრივი სიმდიდრე - ტყეები, მადნები, მიწები, რკინის გზები - და გახადოს ერთნაირ წყაროდ ხალხის მატერიალური სიმდიდრისა (612). სოციალისტური აზროვნება იმაშია, რომ სახელმწიფო თანდათან გადაიქცევა სამეურნეო ორგანიზაციად, ამბობდა ის (611). აქ ათავსებდა სიმძიმის ცენტრს ჩხენკელიც (2018 [1920]: 664) - ჩვენ გვინდა, ის თვითონ ეწეოდეს საკუთარ წარმოებას და აღებ-მიცემობას სხვა და სხვა დარგში. [...] საზოგადოებრივი მეურნეობა ჩვენი რწმენით, გზას გაუკაფავს იმ წეს-წყობილებას, საითკენაც მივილტვით.

მაშასადამე, კონსტიტუცია ვერ აღბეჭდავდა ახალ უფლებას - მას მხოლოდ არსებული ნივთიერი პირობების შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა შეექმნა. ის უნდა ყოფილიყო სახალხო ხარატი, საზოგადოების პოლიტიკური წესდება (ჟორდანია, 2018: 593). სახელმწიფოს, როგორც ზედნაშენის, მშრომელთა კლასობრივი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება - ის, რასაც მარქსისტულ თეორიაში ინსტრუმენტალიზმს უწოდებენ (Poulantzas, 2008; Hoffman, 1984) - დამოკიდებული იყო არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ბაზისზე, ნივთიერ პირობებზე; მაგრამ, ამავდროულად, ნივთიერი პირობების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი ხდებოდა სახელმწიფოს მიზნების გაფართოება, სოციალისტურ მიზანზე თანდათანობით გადასვლა. ჩვენში პოლიტიკური ბატონობა და პოლიტიკური გეგემონია უჭირავს მუშათა კლასს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კლასს შეუძლიან დაამყაროს ის, რაც მას მოეპრიანება და მოესურვება, ამ დღევანდელ მის ბატონობას აქვს ერთნაირი საზღვარი და ეს საზღვარი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობა, ამბობდა ჟორდანია (2018: 597-8) დამფუძნებელი კრების სხდომაზე.

ამავე დროს, მენშევიკები ფიქრობდნენ, რომ კონსტიტუციას ხელი არ უნდა შეეშელა სოციალისტური მიზნებისკენ სვლაში - არა სოციალური გადაკეთება, არამედ დემოკრატიულ დაწესებულებათა დამკვიდრება, პროგრამა მინიმუმის ცხოვრებაში გატარება და შემდეგ თანდათან პროგრამა მაქსიმუმზე გადასვლა (ჟორდანია, 2015: 60). სოციალისტ-რევოლუციონერ ლეო შენგელაიას სიტყვებით, კონსტიტუცია სახელმწიფოს ტანისამოსს კი გავდა, მაგრამ ეს ტანისამოსი უნდა შეუკეროთ ისეთ სხეულს, რომელიც მომწიფდა, მაგრამ ამავე დროს იზრდება (ჯგერენაია, კენჭოშვილი, 2018: 614). ჟორდანია (2018: 612) ამბობდა, რომ ეს იქნებოდა პირველი კონსტიტუცია, რომელიც აიგებოდა სოციალისტურ-დემოკრატიულ საფუძველზე და მას დავუპირისპირებთ ყველა არსებულ ბურჟუაზიულ და ბოლშევიკურ კონსტიტუციას, ეს იქნება მესამე ტიპის კონსტიტუცია, მართლაც ხალხური და მასთან ერთად სოციალისტური.

2 სასამართლო

საკონსტიტუციო კომისია 1918 წლის 11 ივნისს დემოკრატიის მოდელზე იწყებს მსჯელობას. კომისიის თავმჯდომარე პავლე საყვარელიძე დემოკრატიის ტიპებზე საუბრობს და ამ საუბარში ილანდება მარქსის მმართველობის სამი მოდელი, რაზეც ის კლასთა ბრძოლაში (1950a), სამოქალაქო ომსა (1950b) და თვრამეტ ბრიუმერში (1950c) წერდა. პირველი იყო საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელშიც მესაკუთრეთა კლასი თავს აღწევდა თვითმართვის საშიშროებას, საკუთარი საზოგადოებრივი ძლიერების დასაცავად უარს ამბობდა პოლიტიკურ ძალაუფლებაზე და მას პარლამენტს გადასცემდა, რათა თავად მას მშვიდად გაეგრძელებინა უქონელთა ყვლეფა და, საჭიროების შემთხვევაში, ჰყოლოდა ვითომდა ნეიტრალური პარლამენტი და სახელმწიფო აპარატი, რომელიც წესრიგს დაიცავდა. ქისის გადასარჩენად, მას გვირგვინი უნდა მოეხსნა (მარქსი, 1950c: 316-7). მეორე სოციალური რესპუბლიკა იყო, რომელსაც უნდა მოესპო არა მარტო კლასობრივი ბატონობის მონარქიული ფორმა, არამედ თვით კლასობრივი ბატონობა (მარქსი, 1950b: 597). პარიზის კომუნა თავისი პირდაპირი დემოკრატიით, მარქსის აზრით, სწორედ სოციალური რესპუბლიკის გარკვეული ფორმა იყო. მმართველობის მესამე ფორმას დემოკრატიული რესპუბლიკა გამოხატავდა. ის სოციალურისა და ბურჟუაზიულის ერთგვარი შუალედური ვერსია იყო და მმართველობის სათავეში პროლეტარიატისა და წვრილი ბურჟუაზიის ალიანსს ათავსებდა. აქ პროლეტარიატის მოთხოვნებს რევოლუციური სიმახვილე ჩამოშორდებოდა, მაგრამ სამოქმედო სივრცე რჩებოდა სოციალურ საკითხებისთვის (მარქსი, 1950c: 299-302).

ქართველი სოციალ-დემოკრატებისთვის საპარლამენტო რესპუბლიკა ბურჟუაზიის მმართველობის ფორმა იყო; ხოლო დემოკრატიული რესპუბლიკა წარმოადგენდა კომპრომისს სოციალური რესპუბლიკის განუხორციელებლობის წინაშე. რატომ იყო სოციალური რესპუბლიკა განუხორციელებელი? იმიტომ, რომ, სოციალ-დემოკრატების ხედვით, ნივთიერი პირობები ამის საშუალებას არ იძლეოდა. სამაგიეროდ, დემოკრატიული რესპუბლიკა, ამბობდა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე პავლე საყვარელიძე (2018 [1920]: 251), ხალხის პოლიტიკური ბატონობის ფორმაა, რომელიც, მართალია, ელის სოციალურ შინაარსს, მაგრამ, აძლევს რა უმრავლესობას თვითმართვის შესაძლებლობას, ეკონომიურ სამართლიანობის დამყარებასა და სოციალისტური კულტურის შეთვისებაში ეხმარება - ის წარმოადგენს ხალხის სუვერენიტეტის ბუნებრივს და სრულს განხორციელებას (250). ამასთანავე, თუ ეს მშრომელთა უმრავლესობისა და მათი ინტერესების დემოკრატია იყო, ის უნდა ყოფილიყო უმეშვეო. რეფერენდუმი არის პოლიტიკური სკოლა ხალხისა - წერდა საკონსტიტუციო კომისიის კიდევ ერთი თავმჯდომარე რაჟდენ არსენიძე (2014 [1920]) - სადაც რეფერენდუმი მოქმედებს, იქ ყველა კლასი დაინტერესებულია სახელმწიფოს მიზნებით (ნაცვლიშვილი, 2023)

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხი უმეშვეო დემოკრატიის მოდელის შესახებ მსჯელობაში თავისთავად ჩაიწნა: რადგან ხალხს შეეძლო კანონმდებლობა რეფერენდუმის გზით, მას უნდა შეძლებოდა კანონების საფუძველზე განსჯაც, ანუ შეძლებოდა მოსამართლეობა. იქ, სადაც ხელმწიფება ხალხს ეკუთვნის და ხალხია გამგებელი თავისი საზოგადოებრივი ცხოვრებისა, თავის წევრთა მოქმედების განსჯაც მას უნდა ჰქონდეს, ამბობდა სამსონ დადიანი (2018 [1920]: 561) კონსტიტუციის მისეულ განმარტებაში. სასამართლოს შესახებ საკონსტიტუციო კომისიის მომხსენებელი, სოციალ-დემოკრატი იოსებ ბარათაშვილიც მხარს უჭერდა ყველა სისხლის სამართლის საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ, თუმცა კენჭისყრის შედეგად კომისიამ კონსტიტუციაში ჩაწერა მხოლოდ ის, რომ მძიმე სისხლის სამართლის, და აგრეთვე, პოლიტიკური და ბეჭდვითი დანაშაულებისათვის არსებობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი (მუხლი 81). ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იმდროინდელი მარქსისტისთვის კონვენციური არჩევანი იყო. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წერდა მარქსი (1950c: 365) და მას სამართლიანი განსჯის პირობად თვლიდა. ამასთან ერთად, სოციალ-დემოკრატების მიერ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის კონსტიტუციონალიზება იყო ექო გურიაში 1903-1905 წლებში გლეხური სასამართლოებისა - მისი ირიბი გამოძახილი (ლი, 2018: 252).

იმას, რასაც ნაფიცი მსაჯულები ვერ განსჯიდნენ, უნდა განესაჯა მოსამართლეს, უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებს კი პარლამენტი აირჩევდა (მუხლი 76). ქართველი სოციალ-დემოკრატები კომისიის სხდომებზე ხშირად ახსენებენ გერმანელ მეცნიერს, იულიუს ჰაჩეკს, რომლის დემოკრატიის უფლების შესახებ დაწერილი წიგნის ქართული თარგმანი 1909 წელს გამოიცა. ჰაჩეკი განასხვავებს მოსამართლეთა დანიშვნას საპარლამენტო და უმეშვეო დემოკრატიებში: პირველში მოსამართლეს ნიშნავს აღმასრულებელი ხელისუფლება, ანუ მთავრობა; მეორეში მოსამართლე ან აირჩევა ხალხის მიერ, ან შეირჩევა ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს, ანუ პარლამენტის მიერ (ჰაჩეკი, 2016: 99-102). ქართველი სოციალ-დემოკრატები ბევრი ლაპარაკის გარეშე უარყოფენ მოსამართლეთა დანიშვნას მთავრობას მიერ; სამაგიეროდ, ბევრს ლაპარაკობენ მოსამართლეთა პირდაპირ არჩევაზე; საბოლოოდ კი, მოსამართლეების დანიშვნას პარლამენტს ანდობენ.

სოციალ-დემოკრატიის და სახელმწიფო ორგანიზაციის შესახებ მოხსენებაში ჟორდანია (2015: 89-90) სასამართლოს ჩაგრულთა ნუგეშს არქმევს, მაგრამ მდიდარსა და ღარიბს შორის სასამართლო ასიმეტრიაზეც მსჯელობს - მდიდრებს ფული აქვთ და შეუძლიათ პროცესი თავისი ხარჯით აწარმოონ, ხოლო ღარიბებს შეძლებისა უქონლობისა გამო ეს არ შეუძლიათ და ამიტომაა, რომ მდიდრები საქმეს ყოველთვის იგებენ, ხოლო ღარიბები კი აგებენ. სწორედ ამიტომ - ამბობდა ჟორდანია - საჭიროა სახელმწიფო ხარჯით დაცვის პრინციპი გავრცელდეს როგორც სისხლის სამართლის სასამართლოზე, ისე სამოქალაქო სასამართლოზე, რომელიც საკუთრებისა და ოჯახის უფლებას განიხილავს. ამით შეიძლება შეუმსუბუქოთ სუსტს მდიდართან საჩივრის წარმოება (90).

3 საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო კონტროლის საკითხი დამფუძნებელი კრების წინაშე არაერთხელ დადგა. ჟორდანია (2015 [1918]) ამ საკითხს შეეხო სახელმწიფოსა და სოციალ-დემოკრატიის შესახებ თავის ადრეულ და საეტაპო მნიშვნელობის მოხსენებაში. ჟორდანიამ აქ გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ კონსტიტუციის წინააღმდეგ გამოიცა კანონი, ის დაუყოვნებლივ გაუქმებული იქნება სასამართლოს მიერ (81). ჟორდანიამ ამ კონტექსტში ახსენა ინგლისიც, სადაც საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონის გაუქმების უფლებამოსილება სასამართლოს არ აქვს - ეს კი, მისი აზრით, იმაზე მეტყველებდა, თუ რამდენათ ძლიერია პოლიტიკურათ ინგლისის ბურჟუაზია და აღჭურვილია განუსაზღვრელი პარლამენტარული ძალა-უფლებით (იქვე). ჟორდანიას ეს მსჯელობა სასამართლოს მიერ კანონების საკონსტიტუციო კონტროლის დასაბუთებად იკითხება მანამ, სანამ ჟორდანია, საუბრის დასასრულს, არ იტყვის, რომ არაკონსტიტუციური კანონების მიღებას ყველაზე უკეთ რეფერენდუმი ზღუდავს, რადგანაც ამ გზით შეიძლება გაუქმება არა თუ ანტიკონსტიტუციურ, არამედ კონსტიტუციური კანონებისაც. ამ შემთხვევაში სრული ბატონ პატრონია ხალხი (82). მივყვეთ.

საკონსტიტუციო კომისიისა და დამფუძნებელი კრების სხდომის ოქმებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ კონსტიტუციაზე მუშაობის დაწყებისას ქართველი სოციალ-დემოკრატები შეთანხმებული არ იყვნენ ბევრ საკვანძო საკითხზე; მათ შორის იყო კონსტიტუციური კონტროლი. 1919 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე არსენიძემ სამსჯელოდ გამოიტანა საკითხი, არის თუ არა საჭირო უმაღლესი სასამართლოს კონტროლი კონსტიტუციის დასაცავად (ჯგერენაია, კენჭოშვილი, 2018: 140). სოციალ-დემოკრატი ჯაფარიძე ერთ-ერთ სხდომაზე ამბობდა, რომ საჭირო იყო შექმნილიყო ორგანო, რომელიც კანონების კონსტიტუციურობას შეამოწმებდა (ჯგერენაია, კენჭოშვილი, 2018: 83). ეროვნულ-დემოკრატები სხდომებზე ხშირად მიუთითებდნენ, რომ კონსტიტუციას უნდა ჰყოლოდა მეთვალყურე ორგანო, რომელიც საბოლოო სიტყვას იტყოდა ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე. მათი წარმომადგენელი გვაზავა ამბობდა, რომ თუ კონსტიტუცია განირჩევა უბრალო კანონისგან, მაშინ უნდა იქნეს ვინმე მეთვალყურე, რომ ახალმა კანონმა არ დაარღვიოს კონსტიტუციის პრინციპი (ჯგერენაია, კენჭოშვილი, 2018: 367). თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ მოქალაქეს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, რატომ არ უნდა იყოს იგივე უფლება პარლამენტის მიმართ? - მოგვიანებით წერდა გვაზავა (2018 [1920]: 590-1) დამფუძნებელი კრებისადმი თავის ვრცელ მოხსენებაში.

სასამართლოს მიერ კონსტიტუციური კონტროლის საკითხი კენჭისყრაზე პირველად 1920 წლის 3 აპრილს გავიდა და კომისიამ მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციის მეთვალყურე სპეციალური ორგანოს შექმნას. სოციალ-დემოკრატი ვეშაპელის სიტყვებით, ასეთი მეთვალყურე ორგანო, შესაძლოა, ამა თუ გაბატონებული პარტიის გავლენას დაექვემდებაროს, მისკენ გადაიხაროს და კანონს ისეთი განმარტება მისცეს, რომელსაც იგი არ გულისხმობს. მაშ სად უნდა იყოს გარანტია კანონმდებლობის დროს კონსტიტუციის დაცვისა? ამის გარანტია არის თვით პარლამენტი, ხალხი, პარტიათა შეხლა-შემოხლა პარლამენტში და რეფერენდუმისა და ინიციატივის უფლება (ჯგერენაია, კენჭოშვილი, 2018: 581-582).

საკონსტიტუციო კომისიაში მსჯელობის კვალდაკვალ სოციალ-დემოკრატები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სასამართლოს მიერ კანონების კონსტიტუციურობის სასამართლო კონტროლი შეუსაბამობა იყო დემოკრატიის იმ მოდელთან, რომელზეც არჩევანი შეჩერდა. საკონსტიტუციო კომისიის კიდევ ერთი თავმჯდომარე ჯაფარიძე (2018 [1920]: 624-6) კომისიის მუშაობის დასასრულს წაკითხულ მოხსენებაში უფრო ვრცლად საუბრობს უარის მიზეზებზე და მის მსჯელობაში იკვეთება რაღაც, რასაც კანონთა კონსტიტუციურობის პოლიტიკური კონტროლი შეიძლება, ვუწოდოთ. მისი არგუმენტები სამ ნაწილად იყოფა. პირველი: სოციალ-დემოკრატებისთვის საკონსტიტუციო კონტროლი, თავისი არსით, პოლიტიკის სფერო იყო და პოლიტიკის სფეროში საჭიროებდა გადაწყვეტას. სასამართლოს მიერ კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება მართლმსაჯულებას პოლიტიკურს ელფერს სძენდა. მეორე არგუმენტის მიხედვით, კონსტიტუციური კონტროლის ფუნქციის სასამართლოსთვის გადაცემა სასამართლო ორგანოს განუზომელ ძალაუფლებას აძლევდა - ეს კი განსაკუთრებით საყურადღებო იმ ფონზე იყო, რომ ხალხს არ ჰქონდა შესაძლებლობა, გავლენა მოეხდინა სასამართლოზე, რომელიც, პარლამენტისგან განსხვავებით, გადაწყვეტილების საიდუმლოდ იღებდა და - არა საჯაროდ, ხალხისთვის სჯის პროცესში მონაწილეობის უფლების გარეშე. მესამე არგუმენტის თანახმად, ხალხს ყოველთვის შეეძლო პარლამენტის მიერ მიღებული არაკონსტიტუციური კანონი რეფერენდუმზე გაეტანა, რაც არაკონსტიტუციური კანონების მიღების პრევენციულ ფუნქციასაც ითავსებდა. ამ პროცესში სოციალ-დემოკრატები მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ პრესისა და პოლიტიკური პარტიების დაპირისპირების როლსაც. ჯაფარიძის (2018 [1920]: 625) სიტყვებით, მეცნიერებამ ვერ გამონახა ისეთი უფლებრივი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტმა კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი არ გამოსცეს და ამავე დროს იგი იყოს პარლამენტზე უფრო სანდო. [...] სასამართლოს შეუძლია რაიმე მოსაზრებით განმარტების სახით გააუქმოს კანონი, რომელიც მას არ მოეწონება. პროლეტარიატი უძლურია შეებრძოლოს მას ამ შემთხვევაში. [...] ნაკლები ბოროტება იქნება, რომ პარლამენტი დავსტოვოთ ამ მხრით თავისუფალი, ვიდრე იგი შევზღუდოთ სასამართლოს კონტროლით.

მასალა მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

გამოყენებული ლიტერატურა

არსენიძე, რ. 2014 [1920]. დემოკრატიული რესპუბლიკა (მეორე გამოცემა). დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი. თბილისი.

დადიანი, ს. 2018 [1920]. ჩვენი კონსტიტუცია (განხილული ხალხოსნური სახელმწ. უფლების თვალსაზრისით). საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია: მასალები და დოკუმენტები, ტომი 2. (რედ. ჯგერენაია, ე., კენჭოშვილი, თ.). საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი. გგ. 517-72.

ლენინი, ვ. ი. 1952 [1917]. კონსტიტუციური ილუზიების შესახებ. ლენინი - თხზულებანი, ტომი 25 (მეოთხე გამოცემა). სახელგამი, პოლიტიკური ლიტერატურის სექტორი. გგ. 228-45.

მარქსი, კ. 1950a. კლასთა ბრძოლა საფრანგეთში 1848 წლიდან 1850 წლამდე. კ. მარქსი ფ. ენგელსი რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტომი 1. სახელგამი, პოლიტიკური ლიტერატურის სექტორი. თბილისი. გგ. 137-261.

მარქსი, კ. 1950b. სამოქალაქო ომის საფრანგეთში. კ. მარქსი ფ. ენგელსი რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტომი 1. სახელგამი, პოლიტიკური ლიტერატურის სექტორი. თბილისი. გგ. 541-630. 

მარქსი, კ. 1950c. თვრამეტი ბრიუმერი ლუი ბონაპარტისა. კ. მარქსი ფ. ენგელსი რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტომი 1. სახელგამი, პოლიტიკური ლიტერატურის სექტორი. თბილისი. გგ. 262-383.

ჟორდანია, ნ. 1894. ეკონომიკური წარმატება და ეროვნება. მოამბე [ჟურნალი], 1894 წლის ივნისი-ივლისი.

ჟორდანია, ნ. 1990. ნამდვილი და ყალბი კომუნიზმი. რჩეული ნაწერები (შარაძე, გ. რედ.). გამომცელობა საქართველო. თბილისი. გგ. 77-104.

ჟორდანია, ნ. 2015 [1918]. სოციალ-დემოკრატია და საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაცია (მოხსენება). საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია: მასალები და დოკუმენტები, ტომი 1 (რედ. ჯგერენაია, ე., კენჭოშვილი, თ.). საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი. გგ. 58-92.

ჟორდანია, ნ. 2018 [1920]. მთავრობის თავმჯდომარის სიტყვა (მოხსენება). საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია: მასალები და დოკუმენტები, ტომი 2. (რედ. ჯგერენაია, ე., კენჭოშვილი, თ.). საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი. გგ. 593-612.

საყვარელიძე, პ. 2018 [1920]. საქართველოს კონსტიტუციისთვის. საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია: მასალები და დოკუმენტები, ტომი 2. (რედ. ჯგერენაია, ე., კენჭოშვილი, თ.). საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი. გგ. 212-64.

ჩხენკელი, ა. 2018 [1920]. აკაკი ჩხენკელის სიტყვა დამფუძნებელი კრების სხდომაზე (მოხსენება). საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია: მასალები და დოკუმენტები, ტომი 2. (რედ. ჯგერენაია, ე., კენჭოშვილი, თ.). საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი. გგ. 655-676.

ჯგერენაია, ე., კენჭოშვილი, თ. 2015. საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია: მასალები და დოკუმენტები, ტომი 1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი.

ჯგერენაია, ე., კენჭოშვილი, თ. 2018. საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია: მასალები და დოკუმენტები, ტომი 2. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი.

ჯონსი, ს. ფ. 2018. სოციალიზმი ქართულ ფერებში: სოციალ-დემოკრატიის ევროპული გზა (მეორე ქართული გამოცემა). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ჰაჩეკი, ი. 2016 [1909]. თანამედროვე დემოკრატიის უფლება. ზვიად კორძაძის გამომცემლობა. თბილისი.

Carr, E. H. 1950. The Bolshevik Revolution 1917-1923, Vol 1. Macmillan Press. London and Basingstoke.

Poulantzas, N. 2008. The Poulantzas Reader: Marxism, Law and the State (Martin, J. ed). Verso. London, New York.

Hoffman, J. 1984. The Gramscian Challenge: Coercion and Consent in Marxist Political Theory. Basil Blackwell. Oxford.

[1] 1921 წლის კონსტიტუციასა და მისი მიზნებისა და საფუძვლების შესახებ ჩემი შედარებით ვრცელი სტატია წელს გამოიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კრებულში. ის არ შეეხება სასამართლოს საკითხს, მაგრამ საკუთრივ კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო მოდელის შესახებ აქ მოყვანილი მსჯელობა იმეორებს კრებულისთვის მომზადებული სტატიის მიგნებებსა და არგუმენტაციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“