საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ჩვენს საზოგადოებაში თითქმის არ ისმის ოსური და აფხაზური საზოგადოებების ხმა. მეტიც, ამ რეგიონებთან და ხალხთან დაკავშირებით საკუთარი წარმოდგენები გვაქვს შექმნილი და რეალობასაც მათზე ვაგებთ. ეს წარმოდგენები რომანტიზებული ძმებიდან იმპერიული პოლიტიკის ბრმა იარაღებისა და სეპარატისტების თაობაზე აღქმით შემოიფარგლება. თუმცა ყველა ამ დაშვებაში აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს ვართმევთ ხმას და აგენტობას, საკუთარ თავს კი - რეალობის დანახვის შესაძლებლობას.
კონფლიქტის რეგიონებთან დაკავშირებული დომინანტური პოლიტიკური გაგება ამ კონფლიქტებს ასევე აცლის ადგილობრივ ისტორიას და მათ ძირითადად რუსეთისა და გეოპოლიტიკის ჭრილში განიხილავს. ცხადია, შეუძლებელია ამ პროცესში რუსეთის ინტერესების, ზიანისა და პოლიტიკური ლოგიკის იგნორირება. ამ ინტერესებს არც აფხაზები და ოსები უგულებელყოფენ, მაგრამ კონფლიქტის რეალური ტრანსფორმაციისა და ნდობის შენებისთვის გამყოფი ხაზების მიღმა საზოგადოებების ხმის, წუხილების, ინტერესების მოსმენა უმნიშვნელოვანესია.
ამ კონფლიქტების ისტორია 30 წელზე მეტს ითვლის და ჩვენ ამ ადგილებსა და საზოგადოებებს განუვითარებელ, ნაცრისფერ ზონებად წარმოვიდგენთ, სადაც არაფერი ხდება და ყველაფერი მარცხისთვის არის განწირული. მართალია, ამ რეგიონებს და საზოგადოებებს არაერთი გამოწვევა უდგას - დემოკრატიის, სიღარიბის, იზოლაციის, კლანების, რუსეთზე ეკონომიკური და სამხედრო დამოკიდებულების, ახლა უკვე ჭარბი და დაჩქარებული ანექსიის, მაგრამ მათ მაინც შეძლეს მედეგი პოლიტიკური სისტემების შექმნა და იმპერიულ ძალაუფლებასთან მანევრირებაც.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი იწყებს ინტერვიუების ციკლის ჩაწერას აფხაზ და ოს საზოგადო მოღვაწეებთან, როგორც ადგილობრივი საზოგადოებების პერსპექტივების ქართულ საჯარო სივრცეში შემოტანის მცდელობას. ინტერვიუს მომზადების დროს ვცდილობთ გამოვიყენოთ ნეიტრალური ენა. ამასთანავე, ცხადია, შესაძლოა, არ ვეთანხმებოდეთ ჩვენი რესპონდენტების მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას. ზოგიერთი მოსაზრების მოსმენა შეიძლება მოულოდნელი და შოკისმომგვრელიც აღმოჩნდეს ჩვენი წარმოსახვისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოებების დაახლოებისთვის მოსმენისა და დიალოგის ამ პროცესის გავლა მნიშვნელოვნად გვესახება.
მოსმენის ამ პროცესს, გვინდა საჯარო ფორმა მივცეთ და არ შევიკავოთ თავი პოლიტიკური საკითხების განხილვისგან. ათეულობით წელია, სამშვიდობო პოლიტიკამ დახურული, არასაჯარო და თითქმის დეპოლიტიზებული შინაარსი შეიძინა, რამაც, ჩვენი ხედვით, კონფლიქტის რეგიონების და აფხაზური და ოსური საზოგადოებების საკითხი მთლიანად გააქრო საჯარო ველიდან. ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ ამ საკითხების საჯაროობას და საზოგადოებრივი ინტერესის გაფართოებას.
ჩვენი ინტერვიუების ციკლის პირველი სტუმარია თიმურ ცხურბათი - ოსი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, რომელთან ინტერვიუც დაახლოებით 1 თვის წინ, რუსულ ენაზე ჩავწერე და მას მადლობას ვუხდი ხანგრძლივი, გულწრფელი და ძალიან საინტერესო საუბრისთვის.
სამხრეთ ოსეთის საზოგადოება შიშის ქვეშ ვითარდება, საქართველოდან მომდინარე სამხედრო აგრესიის შიშის ქვეშ. ეს ყველაზე დიდი ფაქტორია, რომელიც ჩვენი საზოგადოების ყოფას და გადაწყვეტილებებს განსაზღვრავს. ჩვენ ყველას და პრინციპში მეც, გვეშინია, რომ თუ არ იარსებებს მთავარი დამცველი რუსეთის სახით, საქართველო აუცილებლად თავს დაგვესხმება და რადგან ცოტანი ვართ, წინააღმდეგობის გაწევა გაგვიჭირდება. ეს არის უმთავრესი შიში, რომელიც გამეფებულია ჩვენს საზოგადოებაში და რომ არა ეს ფაქტორი, დარწმუნებული ვარ, ჩვენი განვითარება უფრო სწრაფი იქნებოდა.
დემოკრატიული განვითარება, უნდა ვაღიაროთ, რომ თქვენთან უფრო ნამდვილია და აქტიური. ჩვენ კი რუსეთის ნაბიჯებს ვიმეორებთ, რაც ჩემი აზრით, კარგი არ არის, მაგრამ საბოლოოდ მაინც შემიძლია ვთქვა, რომ ვვითარდებით. მაგალითად, გუშინ ახლად არჩეული პრეზიდენტის, ალან ედუარდის ძე გაგლოევის ინაუგურაცია გაიმართა. ძალიან დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდი გვქონდა, ამიტომ, როცა ამბობენ, რომ შიდა კონფლიქტები არ გვაქვს, ეს ასე ნამდვილად არ არის. პრეზიდენტ ბიბილოვის ადმინისტრაცია, ეს ჩემი პირადი აზრია, თუმცა როგორც ჩანს, მხოლოდ ჩემი არა, და ამომრჩეველთა დიდი ნაწილიც ასე ფიქრობს, - დესტრუქციულ როლს თამაშობდა.
ეს რაღაც გაგებით უკავშირდება საქართველოსაც. მაგალითად, ბიბილოვი ხშირად იყენებდა ლენინგორის ქართულ მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, მაშინ როცა ამ ხალხს საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ აქვს. მით უფრო, რომ ეს თემი ძირითადად მოხუცი ადამიანებით, პენსიონერებით არის წარმოდგენილი.
არა ამის გამო, თუმცა იმის გამო, რა გავლენაც მის პოლიტიკას ჰქონდა შიდა ცხოვრებაზე, ის ჩვენი ხალხისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ის ცდილობდა გამოეყენებინა ხელსაყრელი სვლა, რუსეთში ჩვენი ქვეყნის შესაყვანად. არ იფიქროთ, რომ ყველა ოსი მიისწრაფვის რუსეთში გაწევრიანებისკენ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ რუსეთში ჩვენი შესვლის ძირითადი მოტივი შეიძლება საქართველოს აგრესიული ქცევა იყოს.
რაში მდგომარეობს ეს აგრესიული ქცევა? ახლა უკვე გარკვეულ მცირე ნაბიჯებშიც კი, მაგალითად, მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებში. მაგალითად, სახელდება ცხინვალის რეგიონის გამოყენება. ამა წლის 22 მაისს, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ქართული საზოგადოებისთვის ამ პოლიტიკური წარმონაქმნის აღიარებისთვის ეს დრო საკმარისი არ არის. მე არ ვსაუბრობ რესპუბლიკაზე, სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს ვგულისხმობ.
აი, კიდევ ერთი მცირე მომენტი. თბილისის წიგნის მაღაზიაში თუ შეხვალ და ნახავ თანამედროვე საქართველოს რუკას, ზედ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს ვერ აღმოაჩენ. თქვენ არ იცით, ეს რა მძიმე განცდას იწვევს სამხრეთოსურ საზოგადოებაში. ეს ჩვენთვის იმის ნიშანია, რომ ადამიანებად არ მიგვიჩნევთ, და რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები გვითხრათ, ან გვიმკურნალოთ თქვენს საავადმყოფოებში, ეს არ ცვლის რეალობას. თქვენ, ქართველებმა გამოიგონეთ ტერმინი სამაჩაბლო. ჰკითხეთ ახალგორიდან დევნილებს, ეს ტერმინი რას ნიშნავს. სამაჩაბლო იყო მცირე ადგილი სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. თელავში, სიღნაღში ცხოვრობდნენ ოსები. თელავში უფრო მეტი ოსი ცხოვრობდა, ვიდრე ცხინვალში, მაგრამ ამის გამო ის ოსურ ქალაქად ხომ არ იქცევა?!
როცა ამ ყველაფერზე გესაუბრებით, ჩემი მიზანი ომის თავიდან აცილება, მშვიდობაა. იმდენი სისხლი ვნახე, რომ ჩემს შვილებსაც ეყოფათ და მეტი ნამდვილად აღარ არის საჭირო.
დავუბრუნდეთ ჩვენს საზოგადოებაში არსებულ წინააღმდეგობებს. ანატოლი ბიბილოვმა, საბედნიეროდ, ჩვენმა აწ უკვე ექსპრეზიდენტმა, სამხრეთ ოსეთი შავ ხვრელად გადააქცია. კიდევ კარგი, მას ეს არ გამოუვიდა. და ჩვენი საზოგადოება მისგან გათავისუფლდა და ძალიან გვიხარია, რომ ეს მშვიდობიანი გზებით მოვახერხეთ. მშვიდობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან მცირე ერი ვართ. მე პირადად ვეხმარებოდი ბატონ გაგლოევს, ინფორმაციული კუთხით. რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უფრთო ანგელოზია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მისი არჩევა ცვლილებებს მაინც მოიტანს.
როგორია მისი მიდგომები საქართველოსთან დაკავშირებით?! ბატონმა გაგლოევმა, შესთავაზა ლენინგორის, აქვე უნდა ვთქვა, რომ მე არ ვარ წინააღმდეგი, მას ახალგორი ვუწოდოთ, მეტიც, ოსებს თვითონ უნდოდათ ამ სახელის შეცვლა და მისთვის ახალგორის დარქმევა, იმიტომ რომ ისინიც ხვდებიან, რომ ლენინი ახალგორში არასდროს ყოფილა და კომუნისტური რეჟიმიც დიდი ხანია დასრულდა. მაგრამ რადგან საქართველოსთან ურთიერთობები გამწვავდა, ქართველების ჯინაზე ეს სახელი დარჩა. ბატონი ალანი ქართულ მოსახლეობას დანარჩენ საქართველოსთან ხელმისაწვდომობის გამარტივებას შეპირდა, რაც მე მგონია, რომ ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იქნება. იმედი მაქვს, რომ ის ამ დანაპირებს შეასრულებს.
მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთოსურ საზოგადოებაში ადგილობრივი ქართველების ინტეგრაციას. ახლა საჭიროა, რომ ამ საზოგადოებას ცხოვრების სათანადო პირობები შეექმნას. მათ უნდა მიეცეთ საქართველოში ნათესავების მონახულების შესაძლებლობა, მით უფრო, რომ აქ ძირითადად მოხუცი ადამიანები ცხოვრობენ. იმედი მაქვს, რომ მათ გამშვებ პუნქტს გაუხსნიან.
ჩვენ არჩევითი პრეზიდენტი გვყავს, ფაქტობრივად, საპრეზიდენტო რესპუბლიკა გვაქვს, და არჩევითია პარლამენტიც. ჩვენთან ასევე იგეგმება ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესება, რაც, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ გვაქვს. გვაქვს 4 რაიონი - ცხინვალის, ჯავის, ზნაურისა და ლენინგორის და ასევე ქალაქი ცხინვალი. ცხინვალს ენიშნება მერი, ისევე როგორც ქალაქ კვაისს. ანუ გვყავს 2 მერი და 4 რაიონის გამგებელი. ისინი არ არიან არჩევითები, მათ ნიშნავს პრეზიდენტი. პრეზიდენტს ჩვენთან ძალიან მაღალი უფლებამოსილებები აქვს.
უშუალოდ პრეზიდენტი კი არჩევითია და ბოლო არჩევნებმაც აჩვენა, რომ წინა პრეზიდენტმა ბევრი ფული დაახარჯა არჩევნებს, ბევრი პოლიტტექნოლოგიც მოიწვია რუსეთიდან, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ეს ჩვენი ექსპრეზიდენტის და მისი წინამორბედის დიდი შეცდომა იყო. რუსი ტექნოლოგები სამხრეთ ოსეთში ვერ მუშაობენ, მათ არ შეუძლიათ ჩვენი მენტალიტეტის გაგება, ამიტომაც, ხშირად, მათ მოქმედებებს, რომლებსაც რუსეთში ერთი შედეგის მოტანა შეუძლია, ჩვენთან საწინააღმდეგო შედეგები მოაქვს. მაგალითად, ვინმეს შექება საზოგადოებისთვის მისაღები არ არის. ბიბილოვს ასე დაემართა. მან ბევრი ფული დახარჯა პოლიტტექნოლოგიებზე, მაგრამ სერიოზულად დამარცხდა არჩევნებში.
ახლა კი ველით ცვლილებებს. ახალი პრეზიდენტი სულ ახლახან ავირჩიეთ.
ექსპრეზიდენტმა, ივლისში, სამხრეთ ოსეთის რუსეთში შესვლის თემაზე, რეფერენდუმი დანიშნა. ამ რეფერენდუმმა სერიოზული განხეთქილება ჩამოაგდო ჩვენს საზოგადოებაში. ბევრი მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს, რომ რეფერენდუმი არადროულია და ის არავის სჭირდება, არც სამხრეთ ოსეთში და არც რუსეთში. მათ შორის, მთავრობაში ბევრი ფიქრობს, რომ ის არ ჩატარდეს. ეს როგორ მოხდება, არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ არ ჩატარდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენს საზოგადოებაში რომ არ არსებობდეს საქართველოს აგრესიის შიში და მოლოდინი, რუსეთში გაერთიანების მომხრეების რიცხვი გაცილებით ნაკლები იქნებოდა. მათთვის, ვინც რუსეთისკენ მიისწრაფვის, მთავარი მოტივატორი ის არის, რომ არ უნდათ საქართველოში და ეშინიათ მისი. საქართველო თუ აღიარებს, რომ არასდროს დაესხმება თავს სამხრეთ ოსეთს და ყველა შემთხვევაში უარს იტყვის კონფლიქტის ძალოვანი გზით გადაწყვეტაზე, დამიჯერეთ, რუსეთში გაერთიანების სურვილი გაცილებით სუსტი იქნებოდა. რომელ ნორმალურ ადამიანს შეიძლება უნდოდეს თავისი თავისუფლების ხარისხის შემცირება?!
რაც შეეხება რუსეთის გავლენას წინასაარჩევნო პროცესზე, აქ მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ, ვის ვგულისხმობთ - ოსურ დიასპორას რუსეთში, თუ უშუალოდ რუს ჩინოვნიკებს. თუ ამ უკანასკნელს ვგულისხმობთ, მათი მხარდაჭერა ბიბილოვისკენ იყო მიმართული. ბიბილოვმა კარგად მოახერხა რუსეთის კორუმპირებულ ძალებთან დაკავშირება. რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება გაგლოევს მხარს არ უჭერდა, მაგრამ მას მხარს უჭერდნენ რუსეთში, მოსკოვში, ჩრდილოეთ ოსეთში გავლენიანი ოსი წარმომადგენლები. ჩვენ საარჩევნო უბნები გვაქვს ჩრდილოეთ ოსეთშიც. იქ არიან ადამიანები, ვისაც სამხრეთოსური პასპორტები აქვთ. ამ რეგიონში გაგლოევმა არჩევნები წააგო, მაგრამ ძალიან მცირედით, მხოლოდ რამდენიმე ათეული ხმით. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩრდილოეთ ოსეთში ბევრი დევნილი ოსია საქართველოდან. ისინი გაცილებით მეტნი არიან იქ, ვიდრე სამხრეთ ოსეთში. ამ დევნილებს ბევრი მატერიალური გამოწვევა აქვთ და მათი მოსყიდვა ადვილია. და თუ მთლიანობაში ბატონ ბიბილოვს ამ მოსყიდულ ხმებს გამოვაკლებთ, მაშინ მან კატასტროფულად წააგო.
რატომ არ უშველა ამ მხარდაჭერამ და კორუფციამ ბიბილოვს?! მაგალითად, 2011 წელს ჩვენთან არჩევნები მოიგო ალა ჯიოევმა. მან ანატოლი ბიბილოვს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და მოუგო, მაგრამ რუსეთის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს მისი კანდიდატურა არ აწყობდათ და სამხრეთ ოსეთში მათი კურატორების გავლით, მათ მოახერხეს რომ მას არ მიეღო ეს პოზიცია. ამ პროცესებმა ძლიერი ვნებათაღელვა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, მან ლამის ანტირუსული განწყობების ფორმა მიიღო. მაშინ არჩევნების წინ პრეზიდენტმა მედვედევმა ხელი ჩამოართვა ბიბილოვს, მაგრამ საზოგადოებამ ხმა მაინც ალა ჯიოევს მისცა, რამაც აჩვენა, რომ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების მოსაზრებაზე მეტად, თავად ხალხის აზრია მნიშვნელოვანი.
2011 წლის შემდეგ რუსეთმა უფრო ჭკვიან სტრატეგიას მიმართა, ის ყველა კანდიდატთან მუშაობს. გვეშინოდა, რომ ბიბილოვი ამ არჩევნებზეც რომ უკანონოდ მოქცეულიყო, ამას ამბოხი არ მოჰყოლოდა. თუმცა, როგორც ვხვდები, რუსეთში მაინც იყო ინტერესი, რომ ოსეთში საარჩევნო პროცესებს მშვიდობიანად და ექსცესების გარეშე ჩაევლო. საბოლოოდ, არ ვიცი, რა მოხდა და კულისებს მიღმა რუსეთი როგორ ჩაერია ამ პროცესში, მაგრამ კარგია, რომ არჩევნებმა კარგად ჩაიარა და ჩვენ კმაყოფილები ვართ.
ჩვენთან წარსულში ნაციონალიზმი არ იყო, ის ვირუსივით შემოვიდა საქართველოდან. მახსოვს, თქვენი ილია მეორე ამბობდა, რომ ქართველის მკვლელი საქართველოს მტერია. სხვა ერები მან რატომღაც არ იგულისხმა. ჩვენთან ასე არ ხდება. ახალგორში ახლაც ფუნქციონირებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობა და მას არავინ ეხება. ამიტომაც, კი, ახლა ჩვენთანაც გვხვდება ოსური ნაციონალიზმი, რომელიც ქართველებს კარგად არ უყურებს, მაგრამ ის ხალხი, ვინც აზროვნებს, ამას არ მიესალმება. ძალიან დიდი ხნის კავშირები გვაქვს ქართველებთან, და სხვა ერის დაკნინება, შეურაცხყოფა არასწორია. ჩვენ ქართული ნაციონალიზმის დაავადებით დავავადდით. ჩრდილოეთ კავკასიაში ეს არ გვხვდება.
ქართველები და ოსები ასეულობით წელია ერთად ცხოვრობდნენ და არავინ ამბობდა, ვინ იყო მთავარი და ვინ არა. 1990-იან წლებში ჩვენი ხალხის თანასწორობა რომ გეღიარებინათ, ავტონომიური ოლქის სტატუსი არ გაგეუქმებინათ და გეთქვათ, მოდით, დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაერთიანება შევქმნათო, დარწმუნებული ვარ, ასე არ მოხდებოდა და არც კონფლიქტი გვექნებოდა. საქართველომ მოინდომა, რომ რესპუბლიკა ჰქონოდა, მაგრამ ოსებს ამის უფლება არ მოგვცეს. ფაქტობრივად, ქართულმა პოლიტიკამ აიძულა სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა. როცა შეეცადნენ, რომ ჩვენთან საქმის წარმოების ენა შეეცვალათ და ქართული ენა დაეწესებინათ, ეს არასერიოზული იყო. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის 60% ოსი იყო. მათ ესმოდათ და საუბრობდნენ კიდეც ქართულად, მაგრამ მხოლოდ საყოფაცხოვრებო დონეზე იცოდნენ ქართული ენა. წერა და კითხვა, მით უფრო, გრამატიკულად, მხოლოდ ცოტამ თუ იცოდა. ისინი ძირითადად რუსულს იყენებდნენ, რომელიც ხალხთაშორისი ურთიერთობის ენა იყო საბჭოთა კავშირში. 1922 წელს სამხრეთ ოსეთსა და საბჭოთა საქართველოს შორის დაიდო შეთანხმება, რომ ორ ხალხს შორის ურთიერთობის ენა რუსული იქნებოდა. შემდეგ ეს საკითხი შეთანხმებიდან ამოვარდა, მაგრამ ეს შეთანხმება, ფაქტობრივად, მუშაობდა. რუსული ენის გაუქმებამ უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. ამ პირობებში ჩვენი მოსახლეობა ნაკლებად განათლებულ და მეორეხარისხოვან ჯგუფად რჩებოდა, რასაც, რა თქმა უნდა, რეაქცია მოჰყვა. რისთვის იყო ეს საჭირო? - ეს ალბათ უკვე ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს უნდა ჰკითხოთ. სწორედ ეს ორი საკითხი - ენა და ავტონომიური ოლქის სტატუსის გაუქმება იყო წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი იმ პერიოდში.
ჩვენ არ გამოგვიცხადებია დამოუკიდებლობა, ჩვენ ავიწიეთ სტატუსი ავტონომიური ოლქიდან ავტონომიურ რესპუბლიკამდე საქართველოს შემადგენლობის ქვეშ. მაშინ ჩვენს თავს ვხედავდით ავტონომიურ რესპუბლიკად საქართველოს შემადგენლობაში. მაგრამ გამსახურდიამ არათუ ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის სტატუსიც კი გაგვიუქმა და დიდი ხნის შემდეგ, 19 წლის შემდეგ, რუსეთმა შეძლო ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარება. მხოლოდ 2004 წელს მიხვდა რუსეთი, რომ მას მხარი უნდა დაეჭირა სამხრეთ ოსეთისთვის. მანამდე ის პროქართულ პოზიციებს იკავებდა. ამას მიხვდა, რადგან ჩრდილოეთ ოსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში ერთადერთი ქრისტიანული, მართლმადიდებელი რესპუბლიკაა, რომელიც გარშემორტყმულია ისლამური სახელმწიფოებით და შუაზე ყოფს ამ რეგიონს და ის შეიძლებოდა გამხდარიყო მნიშვნელოვანი დასაყრდენი რუსეთისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში. და თუ ამ დროს ოსეთში დაიწყებოდა ანტირუსული განწყობები, ამის საფრთხე კი ნამდვილად არსებობდა, რუსეთი რისკავდა დაეკარგა მთელი ჩრდილოეთ კავკასია. ამიტომაც, რუსეთმა მიიჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა მხარი დაეჭირა 40 000 ოსისთვის სამხრეთ ოსეთში, ვიდრე დაეკარგა კონტროლი ჩრდილოეთ კავკასიაზე.
2004 წლიდან რუსეთის სერიოზული მხარდაჭერა დავინახეთ, და 2008 წელს რაც მოხდა. მართალია, ვხედავთ, რომ დააპატიმრეთ სააკაშვილი, მაგრამ მის ბრალდებებში არ არის ომის დაწყება. საქართველოში მას ის ბრალდება, რომ ომი წააგო, მაგრამ არ ამტყუნებთ იმაში, რომ უსინდისოდ იტყუებოდა, რომ ომი არ იქნებოდა და შემდეგ მოულოდნელად, ღამით თავს დაესხა ცხინვალს, ეს პრობლემად არ მიგაჩნიათ. მაგრამ ეს თქვენი საქმეა. ამის შემდეგ, რუსეთმა, ამხელა ქვეყანამ გვაღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და როცა თქვენ ამბობთ, რომ სხვა ქვეყნები არ გვაღიარებენ, კი, მაგრამ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენთვის ესეც საკმარისია. ჩვენი არსებობისთვის რუსეთის აღიარებაც სრულებით საკმარისია.
1989 წლიდან 33 წელი გავიდა. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი 45 წელზე ახალგაზრდაა. ისინი აღარ ლაპარაკობენ ქართულ ენაზე. მათთვის საქართველო, აზერბაიჯანი თანაბრად შორეული ქვეყნებია. მხოლოდ ძველ თაობას თუ აქვს საქართველოს ნოსტალგია. მე, მაგალითად, მესმის ქართული ენა, შემიძლია გაგაგებინო აზრი ქართულ ენაზე, მაგრამ ჩემმა შვილებმა საერთოდ არ იციან ქართული. ისინი ქართველებთან რუსულადაც კი ვერ შეძლებენ დალაპარაკებას. კარგი იქნება კავშირები რომ გაღრმავდეს ჩვენს ხალხებს შორის, მაგრამ სამხრეთ ოსეთში ამ კავშირების გაძლიერების მცდელობის ტენდენცია არ არსებობს. პირიქით, ის სამოქალაქო ორგანიზაციების დონეზეც კი არ უჭერს მხარს თანამშრომლობას, რაც სწორად არ მიმაჩნია. ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ქართველები ჩვენი მეზობლები არიან და ეს ვერ შეიცვლება. მეზობლებთან მნიშვნელოვანია შეთანხმება. და რაც უფრო მალე მიხვდება ხალხი ამას ორივე მხარეს, მით უკეთესი იქნება.
მე მგონია, რომ საქართველო მაინც ფიქრობს სამხედრო რევანშზე. რევანშში რა იგულისხმება - თუ რუსეთი არ იქნება ან დასუსტდება, და სამხრეთ ოსეთი მარტო დარჩება, იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რა იქნება. ის ბევრ სისხლს მოიტანს.
ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ პარალელურ სამყაროებში ვვითარდებით.
ყველაზე კარგი პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება, სამედიცინო პროგრამებია, რომელიც წითელი ჯვრის დახმარებით ხორციელდება. საქართველო ყოველწლიურად 400-500 ადამიანს ეხმარება სამხრეთ ოსეთიდან და ადამიანები აცნობიერებენ ამ სიკეთეს. მეც თბილისში ვმკურნალობდი, თუმცა ახლა თქვენი უსაფრთხოების სამსახურები თბილისში აღარ მიშვებენ, რადგან მათი აზრით, საქართველოსთვის საშიში ვარ, არადა ოსები ფიქრობენ, რომ პროქართული ვარ.
მგონია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა გასაფართოებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პროცესი შეჩერებულია. ჩემი აზრით, სამხრეთ ოსეთს აქვს არასწორი პოლიტიკა.
ამას წინათ ღარიბაშვილს ვუსმინე, რომელიც ამბობდა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოში რბილი ძალის გზით უნდა დავაბრუნოთო. საქართველოს პრემიერის პერსპექტივით ეს სწორი განცხადებაა. მაგრამ მე არ ვეთანხმები სამხრეთ ოსეთის იმ პოლიტიკას, რომ ნებისმიერი, ვინც თანამშრომლობს საქართველოსთან, პროქართველია. მე მგონია, რომ რბილი ძალა სამხრეთ ოსეთმაც უნდა გამოიყენოს, რომ აჩვენონ თუნდაც ამერიკას და ევროპას, რომ არ არიან იდიოტები და არ უნდათ დაკარგონ თავიანთი სახელმწიფოებრიობა. იმის მიუხედავადაც კი, რომ ეს თავისუფლება არავის უღიარებია რუსეთის გარდა. თქვენ რა გგონიათ, ჩვენ არ ვიცით, რატომ აღიარა რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა? მას უნდა, რომ ჰქონდეს საქართველოზე ზემოქმედების იარაღი. და მე მგონია, რომ საქართველო რომ გონიერი იყოს, აღიარებდა სამხრეთ ოსეთს. ეს აწევდა საქართველოს რეიტინგს კავკასიაში და ის კავკასიის ლიდერი ქვეყანა გახდებოდა. მაგრამ ამისთვის სხვა ტიპის პოლიტიკური აზროვნებაა საჭირო და საქართველო ამისთვის ჯერ არ მომწიფებულა.
ოსები და აფხაზები რომ დაიბრუნო, მათი უფლებები ქართველებისას უნდა გაუთანაბრო ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ სამოქალაქო უფლებებში, არამედ პოლიტიკურ უფლებებშიც. თუ ქართველ ხალხს უნდა, რომ ჰქონდეს რესპუბლიკა, მეც მინდა, რომ მას ეს ჰქონდეს. იგივე უფლებები უნდა ჰქონდეთ აფხაზებსა და ოსებს. ხალხის რაოდენობა ამ შემთხვევაში არ არის გადამწყვეტი.
ამასთანავე, მნიშვნელოვანი იქნებოდა ისეთი პროექტების განხორციელება, სადაც ოსებს ისეთივე დაშვება აქვთ საერთაშორისო პროექტებზე, როგორც ქართველებს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები თბილისში არ იყვნენ განლაგებულნი. ეს ჩვენს საზოგადოებაში არასწორ აღქმებს იწვევს. სამხრეთ ოსეთიდან ამ პროგრამებში მონაწილე აქტივისტები დისკრიმინაციის მსხვერპლები ხდებიან თავისივე საზოგადოების მხრიდან, რადგან ფიქრობენ, რომ ქართველებთან თანამშრომლობენ. ამიტომაც, თან ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან ვაწყდებით წნეხს, და თან ქართულ ორგანიზაციებთან კონკურენციაც გვიწევს. მე მგონია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ კვოტები ჩვენთვის და უპირობოდ, ადგილობრივი ინტერესების მიხედვით უნდა მოგვცენ მხარდაჭერა.
მე მაგალითად, მიმაჩნია, რომ ყველა ქართველ დევნილს აქვს უფლება დაბრუნდეს სამხრეთ ოსეთში. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად არ არის. მაგრამ ამ დევნილებს დაბრუნება ალბათ არც უნდათ, რადგან თბილისსა და წეროვანში ალბათ უკეთ ცხოვრობენ.
როცა თამარ მეარაყიშვილი დავობს სასამართლოში, მას მხარს ვუჭერ. მას დევნიან იმიტომ, რომ ის ქართველია. ეს არასწორია. ამით მე სიმართლეს ვიცავ. თუ ასეთი პრინციპები იქნება წამყვანი ჩვენს საზოგადოებებში, ჩვენთანაც და თქვენთანაც ყველაფერი კარგად იქნება.
ადამიანურ დონეზე ოსებს არ აქვთ სიძულვილი ქართველების მიმართ. ყველა ოსს ჰყავს ქართველი მეგობარი, ნათესავი და ჩვენს ერში მასობრივად ეს სიძულვილი არ არსებობს. მაგრამ როცა მიწაზე მიდგება საკითხი, აქ კონფლიქტი იჩენს თავს. ჩვენ ძალიან ცუდი მიწათმოქმედები ვართ, უნდა ვაღიაროთ, რომ მიწას უფრო ცუდად ვამუშავებთ, ვიდრე ქართველები, მაგრამ სად ვიცხოვროთ? ჩემი წინაპრები, 9 თაობა, ანუ 300 წელზე მეტი, ყველანი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ჩრდილოეთ ოსეთში მე დევნილი ვიქნები და ეს ჩემთვის მიუღებელია.
ხელახლა უნდა დავალაგოთ მეზობლური ურთიერთობები. თავიდან შეიძლება ეს ცუდი ურთიერთობები იყოს, მაგრამ მაინც ურთიერთობებია და შემდეგ შეიძლება გაუმჯობესდეს კიდეც. სწორედ ამიტომ გამიხარდა, როცა დამირეკე და ამდენი კითხვა გქონდა ჩვენთან დაკავშირებით.
ჩვენთან კრიმინალის დონე არ არის მაღალი. საქართველოსგან განსხვავებით, არასდროს ყოფილან ე.წ. კანონიერი ქურდები. ასეთ ავტორიტეტებს რამე რომც მოენდომებინათ, საბჭოთა პერიოდშიც კი, ჩვენი საზოგადოება მათ სათანადო პასუხს გასცემდა.
ჩვენი მთავარი პრობლემები არ განსხვავდება სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და საზოგადოებებში არსებული პრობლემებისგან. ეს არის ეკონომიკური სირთულეები - დაბალი ხელფასები, უმუშევრობა. მაგრამ ამ კუთხითაც კი, ჩვენთან მაინც შემორჩა საბჭოთა გამოცდილება. რუსეთის დოტაციები ჩვენთან მაღალია. სწორედ რუსეთი არჩენს ჩვენი ჩინოვნიკების აპარატს სრულად. ის აფინანსებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებსა და საბიუჯეტო ხარჯებს. ადგილობრივი ეკონომიკის წილი ეკონომიკურ განვითარებაში ძალიან დაბალია და 10%-საც კი არ აღწევს. ეს, ერთი მხრივ, კარგია, ზოგადად, კარგია, როცა ვინმე გეხმარება. მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან ცუდია, რადან ის რყვნის ჩვენს ჩინოვნიკებს. ხალხი მიჩვეულია იოლ საქმეს. მე მგონია, რომ საჭიროა რუსეთის მხარდაჭერის სწორი გამოყენება და ამ შემთხვევაში, ეკონომიკური განვითარებით წინ შეგვიძლია წავიდეთ.
ყველაზე მეტად, რაშიც რუსეთი გვეხმარება, უსაფრთხოებაა. სამხრეთ ოსეთში წარსულში რეგულარულად ხოცავდნენ ადამიანებს ეთნიკური ნიშნით. ქართველებიც კლავდნენ და ოსებიც. არ ვიტყვი, რომ ოსები ანგელოზები ვართ. მაგრამ ახლა ეს პრობლემა მოიხსნა.
რუსეთმა მოახდინა ცხინვალის გაზიფიცირება, იგეგმება სამხრეთ ოსეთის სრული გაზიფიცირება. აგებს გზებს - ცხინვალში, ჯავაში. სამხრეთ ოსეთში, შეგიძლია რიგში ჩადგე და მიიღო უფასო სახლი. საბინაო პოლიტიკა ჩვენთან საბჭოთა კავშირის მსგავსად ისევ არსებობს. ამ პოლიტიკას თან ახლავს კორუფცია და გვინდა, რომ მას ვებრძოლოთ, თუმცა ჯერ არ გამოგვდის.
რაც შეეხება განათლებას, ამ კუთხით მძიმე მდგომარეობა არ არის, თუმცა არც ბრწყინავს სისტემა. რუსეთი ჩვენს ახალგაზრდებს კვოტებს უწესებს თავის უმაღლეს სასწავლებლებში, რაც მათ აძლევთ შესაძლებლობას მიიღონ საუკეთესო განათლება მოსკოვისა და პეტერბურგის უნივერსიტეტებში.
ჩვენთან მთავარი პრობლემაა სხვა ქვეყნებიდან ინვესტიციის მოზიდვაა, ამ კუთხით ისევ გამოწვევები გვაქვს. ვფიქრობ, რომ სამხრეთ ოსეთი უფრო გახსნილი ქვეყანა უნდა გახდეს და გახსნას საზღვარი არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთელ სამყაროსთან. მან ხელი არ უნდა შეუშალოს ადამიანების გადაადგილებას არცერთი მიმართულებით. ეს ჩემი აზრია, და არა სახელმწიფოსი. იმედი მაქვს, რომ ეს შეიცვლება.
მასალა მომზადდა გაერთიანებული ერების საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. მასალის შინაარსი არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოზიცია.
ინსტრუქცია