საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში კონფლიქტების ტრანსფორმაცია ევროკავშირის გაცხადებულ მიზნად იქცა, რითაც ევროკავშირმა აღიარა საკუთარი პრიორიტეტულობა და მეტი მნიშვნელობა კონფლიქტების მოგვარების და მართვის მიზნის მიღმა.[1] კონფლიქტების სამართავად და ტრანსფორმაციისთვის, ევროკავშირს შემუშავებული აქვს არაერთი მექანიზმი და ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს სხვადასხვა კონფლიქტური სიტუაციისთვის, განსაკუთრებით კი, განგრძობადი კონფლიქტების შემთხვევაში. 2008 წლის ომის შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთმა საქართველოს კონფლიქტებში გაეროს და ეუთოს მისიები დაბლოკა, ევროკავშირი ყველაზე აქტიური და გავლენიანი აქტორი გახდა მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების პრევენციის მიმართულებით. ის ძირითადი ინსტრუმენტები და მექანიზმები, რომლითაც ევროკავშირი საქართველოში მშვიდობის მხარდაჭერისა და კონფლიქტების პრევენციის მიმართულებით მუშაობს სამია: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი (GID), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჩართულობაზე მიმართული ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები (მაგალითად, COBERM). ცხადია, ევროკავშირის როლი ამ მიმართულებით მაღალია და უპირობოდ მნიშვნელოვანი, თუმცა, გაჭიანურებული კონფლიქტების კრიზისი და უსაფრთხოების შეცვლილი კონტექსტები რეგიონში (განსაკუთრებით ომი უკრაინაში, ასევე ყარაბაღის მეორე ომი და მუდმივი დაძაბულობა სამხრეთ კავკასიაში), მისი როლის და მექანიზმების მუშაობის კრიტიკული გადააზრების აუცილებლობას აყენებს დღის წესრიგში.
დოკუმენტის მიზანია წარმოადგინოს კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით საქართველოში ევროკავშირის მიერ გამოყენებული მექანიზმების პირველადი ანალიზი და შეაფასოს მათი გამოყენების ეფექტიანობა საქართველოს კონტექსტში; ასევე, შემოგვთავაზოს რეკომენდაციები და ხედვები, თუ როგორ შეიძლება ამ მექანიზმების გაძლიერება, საქართველოს განგრძობადი კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და კონფლიქტით დაზარალებული ყველა ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ცხადია, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან და ეკონომიკისა და სოციალური დაცვის არა ერთი მიმართულებით ევროკავშირის სტანდარტების დამკვიდრებასთან არის დაკავშირებული, ასევე პირდაპირი გავლენა აქვს სამშვიდობო პოლიტიკაზე. ის, სისტემების დემოკრატიზაციასთან ერთად, კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის უკეთესი პერსპექტივების შეთავაზების შესაძლებლობებსა და ინტერესს აჩენს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობებთან თანამშრობლობით მომავალში წარმოადგენს უფრო დეტალურ პერსპექტივებს და რეკომენდაციებს საერთაშორისო ჩართულობის პოლიტიკის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
[1] Tocci, Nathalie 2013. “EU, Conflict Transformation and Civil Society: Promoting Peace from the Bottom Up?” Review of European Studies 5 (3): 29.
ინსტრუქცია