საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტოს წყარო: კახეთის ხმა
EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეაჩეროს ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისების აგრესიული პოლიტიკა და არ გამოიყენოს შექმნილი კრიზისული ვითარება ამ პრობლემური პოლიტიკის დაჩქარებისთვის.
სამწუხაროდ, კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებაში, ჰესების მასიური მშენებლობისა და ექსპლუატაციის მასშტაბურ პროგრამას, რომელთან დაკავშირებითაც ეკონომიკური, სამართლებრივი, გარემოსდაცვითი და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ლეგიტიმური კრიტიკა არსებობს,[1] სახელმწიფო არათუ კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად განიხილავს, არამედ კიდევ უფრო ფორსირებულ რეჟიმში აგრძელებს. ამას ადასტურებს კორონავირუსის გავრცელების პირობებში, 2020 წლის 17 მარტს, ონის კასკადის პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვის დაჩქარებულად, სათანადო საჯარო განხილვის გარეშე გაცემა, ისევე, როგორც პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ნენსკრას, ხუდონისა და ნამახვანის პროექტების აუცილებლობაზე.[2]
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, ინვესტორებთან 200-მდე ურთიერთგაგების მემორანდუმია გაფორმებული, ხოლო მუშაობა 120-მდე ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე მიმდინარეობს, სამწუხაროდ, სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია ენერგეტიკის, მათ შორის ჰიდროენერგეტიკის, განვითარების სტრატეგია ან/და გეგმა, რომელიც სისტემურად, ერთიანობაში განსაზღვრავდა ქვეყნის ჰიდრორესურსების განვითარების ხედვებსა და შესაბამის სტანდარტებს. ამის გამო, ჰიდრორესურსების ათვისების ყველა მცდელობა ფრაგმენტულია და არ არის გამოკვლეული ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული თუ სხვა სახის საჭიროებების კონტექსტში.
ჰიდრორესურსებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის პრობლემურობას ადასტურებს 2018 წელს მომზადებული მსოფლიო ბანკის კვლევაც, რომელიც დაგეგმილი ჰესების ეკონომიკურ შედეგებს განიხილავს და ასკვნის, რომ რამდენიმე მასშტაბური საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, მათ შორის ნენსკრასა და ნამახვანის შემთხვევებში, დადებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები მინიმალური დანახარჯებით ოპტიმალური ენერგომიწოდების უზრუნველყოფას ვერ ახერხებენ და ზედმეტ ფისკალურ და სატარიფო წნეხს ქმნიან.
აღსანიშნავია, რომ ჰესებთან დაკავშირებით მარტივი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაც კი მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულებების დიდ ნაწილს კომერციული საიდუმლოების სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად, საზოგადოებას აღნიშნულ დოკუმენტებზე წვდომა და საჯარო კონტროლის შესაძლებლობა არ გააჩნია. ამ ხელშეკრულებების შინაარსი მოსახლეობისთვის მხოლოდ ფრაგმენტულად, მედიაში გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ხელმისაწვდომი. აღნიშნული დოკუმენტების დახურულობა საზოგადოებაში ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის, თვითნებური გადაწყვეტილებისა და კორუფციის რისკებთან დაკავშირებით.
ამასთან, 2018 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში მოქმედი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის საფუძველზე, გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად აუცილებელ საფეხურებად სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურა განისაზღვრა. აღნიშნული მოწესრიგება, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, ერთი მხრივ, ემსახურება გარემოსდაცვით შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის მკვეთრ ჩარჩოებში მოქცევას, გზშ-ანგარიშების მოსამზადებლად გამოსაკვლევი ასპექტების წინასწარ სრულად დამუშავებას, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოების, დაინტერესებული პირების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურ ჩართულობას. მიუხედავად მკაფიო საკანონმდებლო მოწესრიგებისა, სკრინინგის და სკოპინგის პროცედურები, მიმდინარე მანკიერი პრაქტიკის გამო, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ნამახვანი ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება აღნიშნულის ნათელი ილუსტრაციაა. სახელმწიფომ საზოგადოების დაინტერესებული ნაწილის ჩართულობის უზრუნველყოფის ნაცვლად, პროექტის საჯარო განხილვა, უშუალოდ საპროექტო არეალიდან თითქმის 50 კმ-ით დაშორებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართა, სადაც დაინტერესებული საზოგადოების რელევანტური და კრიტიკული შეკითხვები, დიდ წილად, პასუხგაუცემელი დარჩა[3]. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ნამახვანი ჰესის დეველოპერი კომპანიიის მიერ სკოპინგის დასკვნით გათვალისწინებული სავალდებულო კვლევები არ ჩატარებულა, სამინისტრომ ნამახვანი ჰესზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2020 წლის 28 თებერვალს მაინც გასცა. აღნიშნული პრაქტიკა, მკაფიოდ უსვამს ხაზს სავალდებულო პროცედურის ფორმალურ ხასიათს და მწვავედ მიუთითებს კანონმდებლობის სათანადოდ აღსრულების პრობლემებზე.
თავის მხრივ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის უპირველესი მიზანი, დაგეგმილი საქმიანობის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შეფასებაა[4]. საქმიანობის ნებისმიერი განმახორციელებელი ვალდებულია, სრულად და ყოვლისმომცველად შეისწავლოს საქმიანობის შესაძლო გავლენა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებზე, მათ შორის ზეგავლენა როგორც გარემოსდაცვითი, ისე ეკონომიკური სარგებლიანობის თუ ზიანის კუთხით.[5] უნდა შეფასდეს გავლენის ხარისხი, მისი შემარბილებელი თუ აღმოფხვრელი ღონისძებები და ანგარიშში ადგილობრივი კონტექსტის სრული სურათი წარმოჩნდეს. სახელმწიფომ, მხოლოდ მსგავსი სახის, დეტალურად შესწავლილი ინფორმაციის გაანალიზების შედეგად უნდა მიიღოს საქმიანობის განხორციელებაზე რაიმე სახის გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კრიტერიუმები და სტანდარტები იქნა დადგენილი, პრაქტიკა აჩვენებს, რომ როგორც დეველოპერი, ისე სახელმწიფო ხშირად უგულებელყოფს აღნიშნულ სტანდარტებს.
ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშები მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდება. ანგარიშებში სუსტადაა წარმოდგენილი ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებზე საქმიანობის ზეგავლენის შეფასება, სათანადოდ შემარბილებელი და სოციალური უზურნველყოფის ღონისძიებები. მაგალითად, ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიც, ნენსკრაჰესი და ხუდონჰესია, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საჯარო რესურსებით სარგებლობის უფლებებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ. იმ ფონზე, როდესაც თავად გზშ-ანგარიშები აღიარებენ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ტყისა და მიწის რესურსებისთ ინტენსიურ სარგებლობას და როდესაც პროექტების განხორციელების შემთხვევაში აღნიშნულ რესურსებზე წვდომა ადგილობრივ მოსახლეობას დროებით ან, ხშირ შემთხვევაში, სამუდამოდ ეკარგება, ანგარიშებში წვდომის გაქრობა უმნიშვნელო ზეგავლენად არის შეფასებული. შესაბამისად, მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენის სათანადოდ შემარბილებელი ღონისძიებები გათვალისწინებული არ არის. ასევე არ გვხვდება ტრადიციული საკუთრების ფორმების, სათემო მიწის ნაკვეთებისა და ტყეებზე ზეგავლენის სათანადო შეფასება.
ასევე, ხშირია სახელმწიფოსა და საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების მხრიდან სხვადასხვა მექანიზმებით ადგილობრივების სამართლიანი პროტესტის შეზღუდვა. მაგალითად, სვანეთში მიმდინარე ჰესები მშნებლობის მოწინააღმდეგე სამი აქტივისტი მესტიის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების მიერ სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების, დიდი ალბათობით, სწორედ ჰესებთან დაპირისპირების გამო.[6] იმ შემთხვევაში, თუ პოსტ-კრიზისულ ეტაპზე ეკონომიკური განვითარების კუთხით სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად ჰიდრორესურსების ათვისება იქნება, აქტივისტების და ჰესების მშენებლობით უკმაყოფილო ადგილობრივი მოსახლეობის მსგავსი შევიწროებისა და ზეწოლის რისკიც გაიზრდება.
გაუმჭირვალე პრაქტიკის, საზოგადოების ჩართულობის ნაკლებობის, ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფის და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმის არარსებობის პირობებში, საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსები და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლადი ხდება.
დღეს, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კრიზისის პიროებებში, როცა ხელისუფლება ფისკალური წნეხის ქვეშ ექცევა, იზრდება იმის რისკი, რომ ის ბუნებრივ რესურსებს, პრივატიზაციისა და აგრესიული ათვისების პოლიტიკით, ეკონომიკის მოკლევადიანი სტიმულირებისთვის გამოიყენებს. ამიტომ, შექმნილ ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის შეხსენება, რომ ქვეყნის ბუნებრივი რესურსები უნდა იმართებოდეს გრძელვადიანი მდგრადობის, სოციალური სამართლიანობისა და საყოველთაო კეთილდღეობის პრინციპების მიხედვით. დაუშვებელია მოკლევადიანი ფისკალური სტიმულირებისთვის ბუნებრივი გარემოსა და რესურსების გრძელვადიანი სტაბილურობისა და თვიდმყოფადობის ეჭვქვეშ დაყენება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:
გარდა ამისა:
[1]https://emc.org.ge/ka/products/hesebis-mshenebloba-svanetshi-da-misi-zegavlena-adamianis-uflebebze
[2] https://1tv.ge/news/giorgi-gakharia-yvela-biznesmens-visac-sheudzlia-sheqmnas-adgilobrivi-warmoeba-titoeuls-me-da-mtavroba-daudgeba-gverdshi/
[3] https://emc.org.ge/ka/products/gantskhadeba-namakhvanis-hesebis-kaskadis-proektis-garemoze-zemokmedebis-shefasebis-angarishis-sajaro-gankhilvis-kanondarghvevebit-chatarebis-shesakheb
[4] გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მუხლი 2, ნაწილი პირველი, „ა“ ქვეპუნქტი
[5] გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მუხლი 2, ნაწილი პირველი, „დ“ ქვეპუნქტი
[6] https://emc.org.ge/ka/products/emc-m-saghlianis-sakme-saapelatsio-sasamartloshits-moigo
ინსტრუქცია