[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თვალსაზრისი

არჩევნები ჰიბრიდულ რეჟიმებში: დემოკრატიის ილუზია თუ დემოკრატიზაციის რეალური შანსი? - ბლოგი V

ლიკა ჩხეტიანი 

ბლოგების სერია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის, „ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით“, ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

1. შესავალი

პოლიტიკური რეჟიმების კლასიფიკაციის სხვადასხვა მეთოდოლოგია არსებობს, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებს კონსენსუსი იმის შესახებ, რომ არჩევნები დემოკრატიული მმართველობის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი კომპონენტია.[1] 90-იან წლებში დაწყებული დემოკრატიზაციის მესამე ტალღის შემდეგ არჩევნები პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაციის საყოველთაო და უალტერნატივო საშუალებად ჩამოყალიბდა არა მხოლოდ დემოკრატიულ, არამედ ავტორიტარულ სახელმწიფოებშიც.[2] ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ, 2012 წლის მონაცემებით, ქვეყნების 90% ეროვნულ არჩევნებს რეგულარულად ატარებდა.[3]

თუ მე-20 საუკუნის ავტორიტარულ რეჟიმებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები თითქმის საერთოდ არ არსებობდნენ და არჩევნებს მეტწილად ფარსის სახე ჰქონდა, 21-ე საუკუნეში არჩევნების დემოკრატიულობის იმიტაციას დახურული ავტორიტარული რეჟიმებიც კი ცდილობენ. თუმცა, დემოკრატიული ფასადის მიღმა, არადემოკრატიული ლიდერები საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციის მიზნით არჩევნებზე ზემოქმედებას უფრო შეფარული და ტაქტიკური მეთოდებით კვლავ ცდილობენ. ამდენად, არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმა პოლიტიკურ რეჟიმს ავტომატურად აქცევს დიქტატურულ რეჟიმად, თუმცა არჩევნების პერიოდულად ჩატარება დემოკრატიისთვის თავისთავად საკმარისი არ არის. საბოლოოდ, სახელმწიფოს (და არჩევნების) დემოკრატიულობის ხარისხი იმის მიხედვით განისაზღვრება, რამდენად რეალურად აქვთ ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების მოპოვების შანსი.[4]

დემოკრატიის მინიმალისტური განმარტების მიხედვით, პოლიტიკური რეჟიმი დემოკრატიულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყანაში ეროვნულ დონეზე პერიოდულად ტარდება არჩევნები, რომელიც თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორია.[5] თანამედროვე ჰიბრიდული რეჟიმების ქცევაში ახლებური სწორედ ისაა, რომ არჩევნები მეტნაკლებად პროცედურული ხარვეზების გარეშე ტარდება და ის, ერთი შეხედვით, ფორმალურად აკმაყოფილებს თავისუფლების, სამართლიანობისა და თანასწორობის მოთხოვნებს, მაგრამ სინამდვილეში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონკურენციის ველი იმდენად მიკერძოებულია მმართველი ძალის სასარგებლოდ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შანსები არარეალური ან არსებითად მცირეა.[6] ამგვარი მიკერძოებების დამსახურებით, არადემოკრატიული ლიდერები მნიშვნელოვნად ამცირებენ არჩევნებთან დაკავშირებული „მოულოდნელობების“ ალბათობას და ფაქტობრივად წინასწარ უზრუნველყოფენ არჩევნებში მათთვის სასურველი შედეგის მიღებას.[7]  ამ მიზნის მისაღწევად არადემოკრატიული ლიდერები მანიპულაციათა მრავალფეროვან „არსენალს“ იყენებენ. წინამდებარე ბლოგი ამ არსენალიდან საქართველოსთვის ყველაზე აქტუალური ტაქტიკების მიმოხილვას ისახავს მიზნად.

2. როგორ იტაცებენ არადემოკრატიული ლიდერები არჩევნებს?

მკვლევრები ხშირად აღნიშნავენ, რომ არჩევნებს არჩევნების დღეს მხოლოდ „დამწყები“ ავტოკრატები აყალბებენ.[8] მართლაც, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა არჩევნების უშუალო მიმდინარეობისას გაყალბების ისეთი აშკარა მცდელობები, როგორებიცაა: საარჩევნო ყუთის დაზიანება, ბიულეტენების ჩაყრა, საარჩევნო კარუსელი და სხვა.[9] უფრო მეტიც, არჩევნების დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად აღნიშნავენ, რომ ახალბედა დემოკრატიებში არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში ხშირად ყველაზე მაღალი ხარისხით სწორედ არჩევნების ადმინისტრირება გამოირჩევა.[10] საარჩევნო პროცედურების აშკარა დარღვევის ნაცვლად, არადემოკრატიული ხელისუფლებები უფრო რთულად შესამჩნევ მანიპულაციებს მიმართავენ, რომლებიც მიზნად ისახავს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ინსტიტუციური ჩარჩო და არჩევნებისთვის რელევანტური აქტორების ქცევა ხელისუფლების სასარგებლოდ იმგვარად შეიცვალოს,  რომ ხელისუფლებამ არჩევნებში გამარჯვება რეალურად არჩევნების დღის დადგომამდე ბევრად უფრო ადრე შეძლოს.[11]

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არადემოკრატიული ხელისუფლებების ქცევის ლოგიკის შეცვლის ერთ-ერთ მთავარი მიზანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეცდომაში შეყვანაა.[12] 90-იანები წლების ბოლოდან მკვეთრად გაიზარდა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პროფესიონალი დამკვირვებლების რიცხვი, შემუშავდა არჩევნებზე გრძელვადიანი და მოკლევადიანი დაკვირვების კომპლექსური მეთოდოლოგიები და შეიქმნა გავრცელებული საარჩევნო დარღვევების აღმოჩენის სტანდარტიზებული ტექნიკები. ამასთან, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები არჩევნების საერთაშორისო და საშინაო  ლეგიტიმურობის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა.[13] შესაბამისად, ტრადიციული მეთოდებით არჩევნების გაყალბება ბევრად უფრო რთული და სარისკო გახდა. რაც შეეხება მანიპულაციათა ახლებურ ტაქტიკებს, მათი ფარული, არაფორმალური და კონტექსტზე დამოკიდებული ხასიათის გამო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის ისინი ხშირად შეუმჩნეველი რჩება ან მათი დასაბუთება დამატებით მტკიცებულებებს საჭიროებს.[14]

არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების შესაძლებლობა მმართველ ძალას აქვს საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან (ზოგჯერ უფრო ადრეც) არჩევნების შედეგების გასაჩივრების პროცესის ჩათვლით. არადემოკრატიული ლიდერებისთვის საარჩევნო მანიპულაციების მრავალფეროვანი არჩევანია ხელმისაწვდომი, თუმცა მათ გამოყენებას სტრატეგიული ხასიათი აქვს და რისკებს, ხარჯებსა და მოსალოდნელ შედეგებს შორის იდეალური ბალანსის პოვნას მოითხოვს.[15]

3. საარჩევნო მანიპულაციების გავრცელებული ფორმები

კვლევები აჩვენებენ, რომ არჩევნების გაყალბება უფრო მეტად გავრცელებულია ისეთ სახელმწიფოებში, რომლებიც გამოირჩევიან სიღარიბის, ეკონომიკური უთანასწორობისა და სოციალური სეგრეგაციის მაღალი დონით.[16] ასევე, არჩევნების გაყალბების რისკები უფრო მაღალია ისეთ ქვეყნებში, სადაც საარჩევნო სისტემა მაჟორიტარულია. ამის საპირისპიროდ, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში შედარებით ნაკლებია არჩევნების გაყალბების რისკები, რადგან არადემოკრატიული ლიდერს გარისკვისთვის ნაკლები მოტივაცია აქვს. [17]

3.1 საარჩევნო კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება

არჩევნებზე ზემოქმედების პროცესს არადემოკრატიული ლიდერები, როგორც წესი, საარჩევნო კანონმდებლობის მანიპულაციით იწყებენ (ეს მტკიცება ეფუძნება პრეზუმფციას, რომ საკანონმდებლო ორგანო უკვე ლიდერის კონტროლის ქვეშაა).[18] ეს მანევრი არ მოითხოვს დამატებითი რესურსების მობილიზებას, გააჩნია ფორმალური სამართლებრივი ლეგიტიმაციაც და შესაძლებელია არჩევნების დღემდე ბევრად უფრო ადრეც იქნას გამოყენებული. საკანონმდებლო ჩარჩოს მანიპულაცია გულისხმობს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამართლებრივი ასპექტის იმგვარად შეცვლას, რომ ის დამატებით უპირატესობას ანიჭებს მმართველ ძალას. პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს ცვლილება შეიძლება გულისხმობდეს საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად დამატებითი რეგულაციების შემოღებას, საარჩევნო სისტემის მოდელის შეცვლას, საარჩევნო დარღვევების გასაჩივრების საფუძვლების შეზღუდვას, საარჩევნო სისტემის ხელმძღვანელობის არჩევისა და საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის წესის საკუთარ თავზე მორგებას და სხვა.

საქართველოშიც, ხელისუფლებისთვის არჩევნებში უპირატესობის მოპოვების მთავარი საშუალება საკანონმდებლო ჩარჩოს საკუთარ ინტერესებზე მორგებაა. ამაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ 2021-2024 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსი 20-ჯერ შეცვალა.[19] კანონმდებლობით ბოროტად სარგებლობის გამოხატულებაა, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“  მიერ საპარლამენტო არჩევნების ბარიერის 5%-დან 2%-მდე დაწევის დაპირების შეუსრულებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვალდებულება „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერისას აიღო[20] და მოგვიანებით ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერს 2%-მდე დაწევდა,[21] ის დღემდე არ გამოხატავს საკუთარი დაპირების შესრულების არანაირ სურვილს. აღსანიშნავია, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საშუალებას სხვა საპარლამენტო რესპუბლიკებში იძლევა, საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმისა და მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. ის ხელს უწყობს პოლიტიკური პოლარიზაციისა და ორპოლუსიანობას განმტკიცებას და შესაძლებლობას აძლევს „ქართულ ოცნებას“, რომ ხანგრძლივად შეინარჩუნოს ძალაუფლება.

„ქართულმა ოცნებამ“ უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებებით გააძლიერა კონტროლი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზეც. მან გააუქმა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა[22] და ცესკოში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის საკონსულტაციო ჯგუფი.[23] ასევე, მან თავისი ინტერესების სასარგებლოდ შეცვალა ცესკოში დადგენილებებისა და საკადრო ცვლილებების მიღების წესი. კერძოდ, თუ გადაწყვეტილება წევრთა 2/3-ის მხარდაჭერას პირველი კენჭისყრით ვერ მოიპოვებს, ხელახალ კენჭისყრაზე ამისთვის უბრალო უმრავლესობაც საკმარისი იქნება.[24] ეს ცვლილება ფაქტობრივად გამორიცხავს ოპოზიციური პარტიების შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინონ ცესკოში გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე.

3.2 ამომრჩევლის იძულება და დაშინება

არადემოკრატიული ხელისუფლებისთვის ასევე საკმაოდ ხელსაყრელი მანიპულაციის ფორმაა ამომრჩევლის იძულება და დაშინება. ამგვარი ზემოქმედების მიზანი შეიძლება იყოს, რომ ამომრჩეველმა ხმა მისცეს მმართველ პარტიას, ხმა არ მისცეს რომელიმე ოპოზიციურ პარტიას,  ან საერთოდ არ გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე. იძულებისა და დაშინების პროცესში შესაძლოა გამოყენებული იყოს სიტყვიერი ზეწოლა, ფიზიკური ძალადობა, შანტაჟი, მუქარა და მსგავსი ხერხები.[25]

საქართველოში განსაკუთრებით გავრცელებულია ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების დაშინების შემთხვევები, რაც მიზნად ისახავს მათ დემობილიზაციას და ასევე სახელმწიფო რესურსებზე დამოკიდებული პირების იძულების შემთხვევები, რაც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს მათ მობილიზაციას ხელისუფლების მხარდასაჭერად. მაგალითად, ეუთო/ოდირის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამომრჩევლები, ოპოზიციური აქტივისტები და ჟურნალისტები ხშირად ხდებოდნენ დაშინებისა და ზეწოლის სამიზნეები მათ შორის ძალოვანი სამსახურების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა ასეთი შემთხვევები სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია.[26] ამავე ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საჯარო მოხელეებსა და მასწავლებლებს ხშირად აიძულებენ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პარტიულ აქტივობაში.[27] 2021 წლის არჩევნების დროს განსაკუთრებით ხშირი იყო საჯარო მოხელეების სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებაც. ასეთი შემთხვევები ძირითადად დაკავშირებული იყო „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას, ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერასთან.[28] იძულებისა და დაშინების კიდევ ერთი იძულებითი პრაქტიკა, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში და  2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც დაფიქსირდა, იყო საარჩევნო უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა, რომლებიც ხშირად ასევე აღრიცხავდნენ ამომრჩევლებს. ასეთი გარემო ქმნიდა თვალთვალისა და კონტროლის განცდას და ხელს უშლიდა მოქალაქეებს პოლიტიკური ნების თავისუფლად გამოხატვაში.[29]

3.3 ამომრჩევლის მოსყიდვა (საარჩევნო კლიენტელიზმი)

ხელისუფლების მიმართ ლოიალურად ან ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩევლის მიმართ იძულების გამოყენება შედარებით სარისკოა, რადგან ზემოქმედების აგრესიული ფორმები ამომრჩეველს ხელისუფლებისგან გაუცხოებისკენ უფრო უბიძგებს, ვიდრე მხარდაჭერისკენ. ნეიტრალური და მთავრობის მომხრე ელექტორატის მობილიზებისთვის უფრო ეფექტური საშუალებაა ამომრჩევლის მოსყიდვა, რომელსაც ასევე ხშირად მოიხსენიებენ საარჩევნო კლიენტელიზმის სახელით.[30] ის შეიძლება იყოს როგორც ფარული და არაფორმალური, ასევე საჯარო და ფორმალურიც, როდესაც მას აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილების, მაგალითად სუბსიდიების, სოციალური დახმარების პროგრამებისა თუ სხვა მსგავსი შეღავათების ფორმა.[31] საარჩევნო კლიენტელიზმი ყველაზე ხშირად არის დაკავშირებული დიდი რაოდენობის რესურსების მობილიზებასა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებასთან.[32] ამასთან, მისი ეფექტურობა, ხმის ფარულობის პრინციპიდან გამომდინარე, ყველაზე რთულად გაზომვადია. ამომრჩეველი, შესაძლოა, თანხის ან სხვა მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, ხელისუფლებას შეპირდეს მხარდაჭერას, მაგრამ საბოლოოდ ხმა მაინც სხვა სუბიექტს მისცეს. ამ რისკის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება მანიპულაციის ამ ფორმას მხოლოდ ყურადღებით შერჩეული ჯგუფების მიმართ გამოიყენებს.

საქართველოში საარჩევნო კლიენტელიზმი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. გარდა იმისა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა თავისთავად ანიჭებს უპირატესობას მმართველ პარტიას, დამატებით ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ არაფორმალურად ემსახურება ოლიგარქიულ ინტერესებს და აქვს წვდომა არაფორმალურ ფინანსურ რესურსებთან, აფერხებს არჩევნების თანასწორ პირობებში ჩატარებას. ხშირია შემთხვევები, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ან მათთან აფილირებული პირები მოქალაქეთა შეზღუდულ წრეს მატერიალურ სიკეთეებს არჩევნების მოახლოებისას ისე გადასცემენ, რომ ეს გადაწყვეტილებები არ არის გრძელვადიანი პოლიტიკური პროგრამის ან საბიუჯეტო გეგმის ნაწილი და რეალურად მოქალაქეთა გულის მოგებას ემსახურება. მაგალითად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ერთ-ერთმა კანდიდატმა საარჩევნო კამპანიის წარმოებისას ერთ-ერთი სოფელს საკუთარი ფულით წყლის ცისტერნები უყიდა და საჩუქრად გადასცა.[33] საარჩევნო კლიენტელიზმის კლასიკური გამოვლინება იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ „ქართული ოცნებისა“ და „ქართუ ფონდის“ გადაწყვეტილება, 600 000 მოქალაქისთვის ჩამოეწერათ საბანკო ფინანსური ვალდებულებები, რაც ჯამში მილიარდნახევარ ლარს შეადგენდა.[34] ეს გადაწყვეტილება წარმოადგენდა როგორც ამომრჩევლის მოსყიდვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მცდელობას, ასევე მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და ხელისუფლებას შორის ზღვარის მოშლის პრეცედენტს. საარჩევნო კლიენტელიზმის სავარაუდო ნიშნებს შეიცავს ასევე „ქართული ოცნების“ მიერ ახლახანს დაანონსებული ამნისტიის კანონპროექტიც.[35]

აღსანიშნავია, რომ დემოკრატიული განვითარებისთვის საარჩევნო კლიენტელიზმს განსაკუთრებით ხანგრძლივად დამაზიანებელი ეფექტი აქვს. კვლევები აჩვენებენ, რომ მოქალაქეები, რომლებიც საარჩევნო კლიენტელიზმში მონაწილეობენ, ნაკლებად მოითხოვენ სახელმწიფოსგან უნივერსალურ და პროგრამულ სოციალურ დახმარებებს და უპირატესობას ანიჭებენ მხოლოდ მათზე ორიენტირებული და ერთჯერადი დახმარებების მიღებას.[36]  შესაბამისად, საარჩევნო კლიენტელიზმი ხელს უწყობს რესურსების მიკერძოებული და შერჩევითი გადანაწილების პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციას და ხელს უშლის სოციალური დაცვის უნივერსალური და პროგრამული პოლიტიკის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, საარჩევნო კლიენტელიზმი ფართო საზოგადოებაში ამცირებს ნდობას პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ და ზრდის კორუფციის აღქმის დონეს, ვინაიდან ამომრჩევლის მოსყიდვა თავისთავად შეიცავს ქრთამის ელემენტებს.[37]

3.4 საზოგადოებრივი მნიშვნელობის სენსიტიური საკითხებით მანიპულირება

საზოგადოებისთვის სენსიტიური საკითხებით მანიპულირება არჩევნებზე ზემოქმედების კიდევ ერთი გავრცელებული საშუალებაა. არადემოკრატიული ლიდერები ცდილობენ, რომ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საინფორმაციო სივრცე იმ საკითხებით ხელოვნურად დატვირთონ, რომელიც მათი ინტერესებისთვის არის სასარგებლო. ამგვარად ისინი ახერხებენ, რომ საზოგადოებას ყურადღება გადაატანინონ რეალური პრობლემებიდან, შეამცირონ ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის მნიშვნელობა და დომინანტური მდგომარეობა მოიპოვონ საზოგადოებრივ აზრზე.[38]

საქართველოში საზოგადოებრივი აზრით ამგვარად მანიპულირების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა იყო ე.წ. „კარტოგრაფების საქმე“, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და მათთან აფილირებულმა მედია საშუალებებმა აქტიურად წამოწიეს წინ. მათ „გარეჯი საქართველოა“  საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ დევიზად აქციეს და ამტკიცებდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღკვეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გასხვისებული მიწების აზერბაიჯანისთვის გადაცემის მცდელობა.[39] საინტერესოა, რომ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ამ საქმის მიმართ ინტერესი დიდად აღარ გამოუჩენია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს თემა არჩევნების წინ ხელოვნურად იყო წინ წამოწეული. სავარაუდოა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ანალოგიურ ფუნქციას შეასრულებს ე.წ. LGBT პროპაგანდის აკრძალვის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონი.[40]

3.5 პოლიტიკური ძალადობა

არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების კიდევ ერთი და ძირითადი საშუალებაა პოლიტიკური ძალადობა თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და ამომრჩევლების მიმართ, რაც სცდება არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ პროცესებს და შეეხება ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლების ხარისხს. თუ საარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ აქტორებს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა არ გააჩნიათ, არჩევნები იმთავითვე არადემოკრატიულია. საქართველოს პარლამენტის მიერ „რუსული კანონი“ საბოლოოდ მიღების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალი მედიას ფაქტობრივად გადარჩენისთვის (მო)უწევს ბრძოლა,  რაც თავისთავად უკიდურესად ზღუდავს 2024 წლის დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შანსებს.

  1. დასკვნა

დემოკრატიზაციის პროცესის დასაწყისი უმეტესად სწორედ მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებასთან ასოცირდება, თუმცა არჩევნები ყოველთვის არ უწყობს ხელს დემოკრატიის ხარისხის ზრდას. უფრო მეტიც, შესაძლებელია, რომ არჩევნებმა წვლილი შეიტანოს არადემოკრატიული ლიდერის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციასა და ავტორიტარიზმის ინსტიტუციონალიზაციაში.[41] საარჩევნო მანიპულაციების სტრატეგიული გამოყენების შემთხვევაში არსებობს რისკი იმისა, რომ არადემოკრატიული ლიდერი არჩევნებს საზოგადოებრივი მხარდაჭერის დამატებითი მობილიზაციისა და ოპოზიციის ფრაგმენტაციისთვის გამოიყენებს.[42] ამავდროულად, არადემოკრატიული ლიდერისთვის შეუძლებელია სრულად გააკონტროლოს ის მოულოდნელობა, რაც თავისთავად ახლავს მოქალაქეების მიერ პოლიტიკური ნების გამოვლენას. შესაბამისად, არადემოკრატიული ლიდერის მიერ გამოყენებული სტრატეგიული მანიპულაციების ეფექტურობა საბოლოოდ ოპოზიციის, ამომრჩევლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციის ხარისხზეა დამოკიდებული.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სწორედ ამ ჰიპოთეზის იდეალური ილუსტრაციაა. ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას“ მანიპულაციათა მრავალფეროვანი არსენალის გამოყენებით შეუძლია არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს, თუმცა მას ასევე მოუწევს სიფრთხილის გამოჩენა, რათა შეინარჩუნოს არჩევნების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაცია და თავიდან აირიდოს მასობრივი პროტესტები. მეორე მხრივ, ოპოზიციას, შეზღუდული კონკურენციის პირობებშიც, აქვს შესაძლებლობა, რომ ოპოზიციური და ნეიტრალური ამომრჩეველი მაქსიმალურად მოაბილიზოს დემოკრატიული ცვლილებების მხარდასაჭერად. საბოლოოდ, ორივე მხარის ქმედებები კუმულაციურად გადაწყვეტენ, 2024 წლის არჩევნები საქართველოს დემოკრატიზაციას შეუწყობს ხელს თუ ავტოკრატიზაციას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] Diamond, Larry Jay. 2002. “Thinking about Hybrid Regimes.” Journal of Democracy 13 (2), 24.

[2] იქვე, 27.

[3] Van Ham, Carolien. 2016. “Choosing from the Menu of Manipulation Explaining Incumbents’ Choices of Electoral Manipulation Tactics.” Varieties of Democracy, 6.

[4] Diamond, Larry Jay. 2002. “Thinking about Hybrid Regimes.” Journal of Democracy 13 (2), 28.

[5] Schedler, Andreas. 2002. “The Nested Game of Democratization by Elections.” International Political Science Review 23 (1), 106.

[6] იქვე, 109.

[7] Schedler, Andreas. 2002. “Elections without Democracy: The Menu of Manipulation.” Journal of Democracy 13 (2), 41.

[8] Bermeo, Nancy. 2016. “On Democratic Backsliding.” Journal of Democracy, 27 (1), 8.

[9] იქვე, 13.

[10] იქვე.

[11] Schedler, Andreas. 2002. “Elections without Democracy: The Menu of Manipulation.” Journal of Democracy 13 (2), 45.

[12] Beaulieu, Emily, and Susan D. Hyde. 2008. “In the Shadow of Democracy Promotion.” Comparative Political Studies 42 (3), 395.

[13] Beaulieu, Emily, and Susan D. Hyde. 2008. “In the Shadow of Democracy Promotion.” Comparative Political Studies 42 (3), 395.

[14] იქვე, 396.

[15] Bernhard, Michael, Amanda B. Edgell, and Staffan I. Lindberg. 2019. “Institutionalising Electoral Uncertainty and Authoritarian Regime Survival.” European Journal of Political Research 59 (2), 469.

[16] Van Ham, Carolien. 2016. “Choosing from the Menu of Manipulation Explaining Incumbents’ Choices of Electoral Manipulation Tactics.” Varieties of Democracy, 3.

[17] იქვე.

[18] იქვე, 7.

[19] რადიო თავისუფლება. “არჩევნები მოდის, ვის ხელშია ცესკო?” 27.05.2024. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Mehd4FUI. განახლებულია: 13.07.2024.

[20] რადიო თავისუფლება. “ვის (არ) აძლევს ხელს 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი.” 16.11.2024. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/2ehd5Lxi. განახლებულია: 13.07.2024.

[21] Civil Georgia. “ქართული ოცნება მზადაა საარჩევნო ბარიერი კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ დაწიოს.” 07.07.2022. ხელმისაწვდომია:  https://civil.ge/ka/archives/499785. განახლებულია: 13.07.2024.

[22] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. “საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი საფრთხეს უქმნის საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას.” 22.05.2022. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/IehfwmtG. განახლებულია: 13.07.2024.

[23] რადიო თავისუფლება. “პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის სადავო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.” 27.06.2024. ხელმისაწვდომია:  https://cutt.ly/wehfqUrg. განახლებულია: 13.07.2024.

[24] იქვე.

[25]   Van Ham, Carolien. 2016. “Choosing from the Menu of Manipulation Explaining Incumbents’ Choices of Electoral Manipulation Tactics.” Varieties of Democracy, 16.

[26] ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი. „საქართველო: მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები 2021 წლის 2 და 30 ოქტომბერი. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისია. 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. საბოლოო ანგარიში“. 08.04.2022, 27. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Vehfsvqk. განახლებულია: 13.07.2024.

[27] იქვე, 25.

[28] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. „2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისია. წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღის, არჩევნების შემდგომი პერიოდისა და შუალედური არჩევნების მონიტორინგის ანგარიში.“ 2022, 9. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/aehfdshl. განახლებულია: 13.07.2024.

[29] იქვე, 48.

[30] Wantchekon, Leonard. 2003. “Clientelism and Voting Behavior: Evidence from a Field Experiment in Benin.” World Politics 55 (3), 400.

[31] Murugesan, Anand, and Jean-Robert Tyran. 2023. “The Puzzling Practice of Paying ‘Cash for Votes.’” SSRN Electronic Journal, 6.

[32] Van Ham, Carolien. 2016. “Choosing from the Menu of Manipulation Explaining Incumbents’ Choices of Electoral Manipulation Tactics.” Varieties of Democracy, 4.

[33] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. „2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისია. წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღის, არჩევნების შემდგომი პერიოდისა და შუალედური არჩევნების მონიტორინგის ანგარიში.“ 2022, 78. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/aehfdshl. განახლებულია: 13.07.2024.

[34] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. “ვალების ჩამოწერის ინიციატივა ამომრჩეველთა უპრეცენდენტო მასშტაბის შესაძლო მოსყიდვას წარმოადგენს.” 19.11.2018. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/tehfhYel. განახლებულია: 13.07.2024.

[35] ინტერპრესნიუსი. “პრემიერი - მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნას.” 13.07.2024. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/eehfka8X. განახლებულია: 13.07.2024.

[36] Wantchekon, Leonard. 2003. “Clientelism and Voting Behavior: Evidence from a Field Experiment in Benin.” World Politics 55 (3), 401.

[37] იქვე.

[38] Krekó, Péter. 2022. “The Birth of an Illiberal Informational Autocracy in Europe: A Case Study on Hungary.” Journal of Illiberalism Studies 2 (1), 56.

[39] რადიო თავისუფლება. 2020. “‘გარეჯი საქართველოა!’ - კარტოგრაფების საქმე არჩევნების შემდეგ.” 04.11.  2020. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Dehfc0rf. განახლებულია: 13.07.2024.

[40] ტაბულა. 2024. “პარლამენტმა ანტი-ლგბტ კანონი I მოსმენით მიიღო.” June 27, 2024. https://cutt.ly/4ehfvUP3.

[41] Bernhard, Michael, Amanda B. Edgell, and Staffan I. Lindberg. 2019. “Institutionalising Electoral Uncertainty and Authoritarian Regime Survival.” European Journal of Political Research 59 (2), 467.

[42] იქვე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“