საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
1991 წლის 21 დეკემბერს, საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო. ის ორ ეტაპად მიმდინარეობდა: ომი თბილისში და ომი დასავლეთ საქართველოში. თბილისში, ომს, ან როგორც მას ეძახიან, სამხედრო გადატრიალებას, მეტად უცნაური ხასიათი ჰქონდა - ფრონტი გაშლილი იყო მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე, დანარჩენი ქალაქი კი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ორი შეიარაღებული ჯგუფის დაპირისპირებას მოსახლეობა შორიდან უყურებდა - ნაწილი ავლაბრის მეტროდან, საიდანაც მშვენიერი ხედი იშლებოდა რუსთაველის პროსპექტზე, ნაწილი კი, უფრო რისკიანები, პუშკინის სკვერიდან და რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან. მეტრო ჩვეულებრივ მუშაობდა, ერთადერთი ცვლილებით - რუსთაველიდან შეუჩერებლად მიდიოდა ავლაბარში, თავისუფლების (იმ დროისთვის ლენინის) მოედნის სადგურის გამოტოვებით.
ომიდან თითქმის 30 წელი გავიდა, თუმცა ეს საკითხები ჯერ კიდევ არ გამხდარა სრულყოფილი შესწავლის საგანი. განსაკუთრებით შეუსწავლელია დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ომის საკითხები. საზოგადოებისთვის უცნობია არა მხოლოდ ომის პროცესი, არამედ მისი შედეგები და ზიანიც, თითქოსდა ყველაფრისგან განყენებული ყოფილიყოს და გავლენა არ მოეხდინოს ადამიანებზე, პოლიტიკასა და ყოველდღიურობაზე. რეალურად, სამოქალაქო ომმა სრულად ჩამოშალა ისედაც სუსტი, ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფო. თავის მხრივ, ცენტრში მიმდინარე ქაოსმა და კრიზისმა, ხელ-ფეხი გაუხსნა პერიფერიებში მოქმედ სეპარატისტულ მოძრაობებს. სამოქალაქო ომმა, პირდაპირი გავლენა მოახდინა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებაზე. მეტიც, ის უშუალო გავლენას ახდენდა აფხაზეთში ომის წარმოებაზე და ხშირად, სწორედ მასვე უკავშირებენ სოხუმის დაცემასა და მის ისეთ მძიმე შედეგებს, როგორიცაა 300 ათასი ქართველის გამოდევნა აფხაზეთიდან, კონტროლის დაკარგვა აფხაზეთის ტერიტორიაზე და განადგურებული ეკონომიკა.
1992 წლის პირველ ნახევარში, ეკონომიკამ სრული კოლაფსი განიცადა - „რესპუბლიკის სამინისტროს 29 დარგიდან, 26-ში აღინიშნება წარმოების მოცულობის შემცირება [...] მრეწველობის სამინისტროს საწარმოები შემცირდა 17 მლრდ მანეთით, ანუ 52.7% პროცენტით, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს 60 მლრდ მანეთით, ანუ 48.4%-ით“.[1] საერთო ჯამში, სამრეწველო წარმოება, წინა წელთან შედარებით 47.2%-ით შემცირდა. მსგავსი მაჩვენებლები ჩანდა თითქმის ყველა დარგში. ამ პირობებში, ცხადია, რომ ვერ ივსებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი. მაგალითად, იმ წელს სახელმწიფომ ვერ მიიღო ვაჭრობიდან გათვალისწინებული 5.2 მილიარდი მანეთი, რაც ამონაგების 73%-ს უდრიდა.[2] კატასტროფულად გაიზარდა ინფლაციაც და საცალო ფასების ზრდამ 664% შეადგინა.[3]
სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ კატაკლიზმებთან ერთად, სრულად მოიშალა სამართალდამცველი ინსტიტუტები, - თავის მხრივ, გაიზარდა კრიმინალი. გენერალური პროკურორი ვახტანგ რაზმაძე, თავის მოხსენებაში, პრეზიდიუმის საბჭოს შეხვედრაზე, ედუარდ შევარდნაძესთან, 1992 წლის მაისში, აცხადებდა, რომ სამართალდამცველი უწყებები დანაშაულთან ბრძოლაში სრულ ინერტულობას იჩენდნენ, სწორედ ამიტომაც, საქმეების უდიდესი ნაწილი გაუხსნელი იყო. მაგალითად, სახელმწიფო ქონების ყაჩაღობის 88%, მოქალაქეთა პირადი ქონების ყაჩაღობის 78%, ქურდობის 72% ისევ გაუხსნელი რჩებოდა. ამავე დროს, მისი თქმით, მთლიანად მოშლილი იყო ციხეების სისტემა. მაგალითად, მარტო იანვარში, ქუთაისისა და დრანდის საგამოძიებო იზოლატორებიდან 700-მდე პატიმარი გაქცეულა.[4]
სამხედრო გადატრიალების შემდგომ მოსულმა ხელისუფლებამ, რომელსაც ჯერ სამხედრო, შემდეგ კი სახელმწიფო საბჭო დაერქვა, დაკარგა კონტროლი პერიფერიებზე, რის გამოც მათი ეფექტიანი კონტროლი მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოთი შემოიფარგლებოდა.
მდგომარეობა კი ასეთი იყო - დასავლეთ საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ომი სადამსჯელო ოპერაციას უფრო ჰგავდა. სამხრეთ ოსეთში ისედაც ომი იყო და ცხინვალი სრულად იყო გასული იურისდიქციიდან. აფხაზეთში, არძინბას ხელისუფლება, საკანონმდებლო ცვლილებების გზით, ეტაპობრივად გადიოდა საქართველოს შემადგენლობიდან, თბილისი კი ამას ვერ უწევდა ეფექტიან წინააღმდეგობას. სხვა რეგიონების მსგავსად, აჭარაც გასული იყო ცენტრის ეფექტიანი კონტროლიდან, თუმცა აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე, მაინც რჩებოდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ჯავახეთში, ადგილობრივი გამგებლების ხელშეწყობით, მოსახლეობა შეიარაღებული იყო და არ ემორჩილებოდა ხელისუფლებას.[5] მაგალითად, ჯერ ნინოწმინდაში ჩასულ კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გაუმართეს საპროტესტო აქცია, ამის შემდეგ კი, თავდაცვის სამინისტროდან მივლენილ ოფიციალურ პირებს, ადგილობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ.[6] ვერ კონტროლდებოდა სახელმწიფო საზღვრები და ქონება, რის გამოც საქართველოდან მასობრივად გაედინებოდა და იყიდებოდა საბჭოთა არმიის იარაღი (რომელიც პოტენციურად ქართული არმიის კუთვნილება უნდა გამხდარიყო). მხოლოდ ახალციხის სამხედრო ბაზიდან, 50 მილიონი მანეთის ღირებულების იარაღი გაიყიდა სომხეთში, ყარაბაღის ომისთვის.[7]
საქართველოში არ არსებობდა ძლიერი ძალაუფლების ცენტრი, რის გამოც, ის სხვადასხვა გავლენის ზონებად დაიყო. ქვეყანაში ქაოსი გამეფდა. ეს მდგომარეობა სახელმწიფოს გარეშე არსებობას უფრო ჰგავდა, რომელმაც ადამიანი თავისუფალი კი არ გახადა, პირიქით, სრულიად უძალოდ და დაუცველად აქცია. ამ ფონზე საქართველოში მანამდე არსებული დიადი ნაციონალისტური მიზნები სულ უფრო ბუნდოვან მომავლად იქცა. საზოგადოება მესიის მოლოდინში იყო, რომელსაც კანონის ძალა უნდა დაებრუნებინა და ქაოსი დაესრულებინა.
1992 წლის მარტში თბილისში დაბრუნებულ ედუარდ შევარდნაძეს აეროპორტში მთელი ქართული ინტელიგენცია დახვდა. მალევე გააქტიურდა პოლიტიკური დისკურსიც, დაიწყო საუბარი ეკონომიკურ რეფორმებზე, საგარეო პოლიტიკაზე, სახელმწიფო მოწყობაზე და ა.შ.
შევარდნაძის პირველი ოფიციალური მიმართვა სამ პოლიტიკურ გზავნილს შეიცავდა: 1. საზოგადოების გაერთიანების აუცილებლობა; 2. დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერის იმედი, რომლის გარანტორიც თავად იყო; 3. პოლიტიკური სტაბილიზაციის აუცილებლობა.[8] სტაბილიზაციაზე შევარდნაძე სხვა გამოსვლებშიც საუბრობდა, რაც, თავის თავში სამოქალაქო ომის დასრულებას გულისხმობდა.
1992 წლის აპრილში სახელმწიფო საბჭოს ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის მიერ შიდა მოხმარებისთვის ჩატარებული გამოკითხვების თანახმად,[9] მოსახლეობის 67% მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბული იყო (ივლისში მათი რიცხვი გაიზარდა და 85% გახდა). პოლიტიკური სტაბილიზაციის იმედი თბილისსა და ქუთაისში მოსახლეობის მხოლოდ 41%-ს ჰქონდა, ხოლო უშუალოდ სამოქალაქო ომის ეპიცენტრში მყოფ სენაკსა და მარტვილში კი - 18-23%-ს. დასავლეთ საქართველოში, მათ შორის, აფხაზეთში, სადაც ძირითადად ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ, ედუარდ შევარდნაძეს მცირე მხარდაჭერა ჰქონდა. მაგალითად, სენაკში, 1992 წლის ოქტომბრის არჩევნებზე წასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 18%-ს, მაშინ როცა თბილისში ეს მაჩვენებელი 61%-ს აღწევდა.[10]
ოქტომბრის არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სახელმწიფო საბჭოსა და პირადად შევარდნაძისთვის, რადგან ის არ იყო ხალხის მიერ არჩეული მმართველი, ამიტომაც, სჭირდებოდა პოლიტიკური ლეგიტიმაცია, რომელიც მხოლოდ არჩევნების გზით მიიღწეოდა.
ამერიკელი დიპლომატების მიმართ გაგზავნილ წერილში, ედუარდ შევარდნაძე ამბობდა, რომ კიტოვანს, შესაძლოა, ჩაეშალა მოახლოებული არჩევნები. აშშ-ის საელჩოსთვის გაგზავნილ წერილში აღწერილია თბილისში ჯაბა იოსელიანის შეხვედრა აშშ-ის საგარეო საქმეთა დროებით რწმუნებულთან, სადაც ის ცდილობდა ნიადაგი მოესინჯა არჩევნების ჩაუტარებლობის საკითხისთვის და გაეგო ამერიკელთა შესაძლო რეაქცია.[11] ოქტომბრის არჩევნები, არა მხოლოდ საერთაშორისო ლეგიტიმაციას შესძენდა ედუარდ შევარდნაძეს, არამედ ბევრად მომგებიან პოზიციაში ჩააყენებდა მას ქვეყნის არაფორმალურ მმართველებთან, ჯაბა იოსელიანთან და თენგიზ კიტოვანთან შედარებით.
1992 წლის ზამთარი და გაზაფხული უმძიმესი გამოდგა დასავლეთ საქართველოსთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. გვარდია, მხედრიონი და საპოლიციო რაზმები ფაქტობრივად სადამსჯელო ოპერაციას აწარმოებდნენ სამეგრელოში. მოროდიორობა, ძალადობა, ძარცვა - ამ რეგიონის ყოველდღიურობად იქცა. თებერვალში, ზუგდიდის ცენტრში, სახელმწიფო საბჭოს მიერ მივლენილმა შეიარაღებულმა ჯგუფმა, დედის თვალწინ სრულიად უმიზეზოდ დახვრიტა არქიტექტორი გოჩა ჯიქია.
განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები გაიმართა მარტში. სიტუაციას ისიც ამძიმებდა, რომ გავრცელებული ხმებით, გამსახურდიას მომხრეების მხარეს იბრძოდნენ ჩეჩნებიც. „სხვების“ ჩარევა შიდა ქართულ კონფლიქტში კი, კიდევ უფრო ზრდიდა აგრესიას ერთიმეორისადმი. 15 მარტს, მძიმე ბრძოლა გაიმართა სოფელ რუხში. ორივე მხარე აქტიურად იყენებდა ჯავშანტექნიკას - შედეგად, ტყვედ ჩავარდნენ გია ყარყარაშვილი და მასთან მყოფი მებრძოლები. მოგვიანებით, გამსახურდიას მომხრეებმა, ის, როგორც სამეგრელოში განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი მთავარი აქტორი, სწორედ გოჩა ჯიქიას დედას შეახვედრეს.
მაისში, საბრძოლო მოქმედებები განახლდა სამხრეთ ოსეთშიც. 20 მაისს, გაურკვეველმა ქართულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა გაანადგურა მშვიდობიანი მოსახლეობით სავსე ავტობუსი. ეს ფაქტი ისტორიაში შევიდა როგორც ძარის ტრაგედია, რომელმაც 33 ადამიანი იმსხვერპლა. ამ მოვლენებიდან მალევე, ომის სასწრაფოდ დასასრულებლად, დაიწყო დაგომისის ხელშეკრულებაზე მუშაობა, რომელიც სამხრეთ ოსეთში რუსული ჯარის შემოყვანასა და მათი დახმარებით კონფლიქტის დასრულებას გულისხმობდა. ეს მეტად არაპოპულარული ნაბიჯი იყო, რადგან ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში რუსული არმია ავტომატურად აღიქმებოდა კოლონიალურ ძალად. მეორე მხრივ, ქვეყანაში ეკონომიკური თუ სოციალური კოლაფსის შესაჩერებლად, აუცილებელი იყო კონფლიქტების დასრულება.
ამ მოვლენების პარალელურად, აფხაზეთში მოჩვენებითი სიმშვიდე იყო - სამოქალაქო ომი ენგურის გადაღმა არ გავრცელებულა, სახელმწიფო ინსტიტუტებიც, მეტ-ნაკლებად განაგრძობდნენ მუშაობას, თუმცა რეგიონში საგრძნობი იყო ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისი. რუსი ჟურნალისტი 1992 წლის მაისის აფხაზეთს ასე აღწერს: „ხალხის მასისთვის, რომელიც პურს ითხოვს, ისიც კი უცნობია, მოიტანენ თუ არა საერთოდ მას. საცხოვრებლები გათბობის გარეშე, წყლის გარეშე და ხშირად შუქის გარეშეც. თითქმის ცარიელი ბაზარი, სადაც იშვიათად თუ იყიდით კილოგრამ კარტოფილს 20 რუბლამდე ფასად. კომენდანტის საათი 23:00-6:00 - აი, რა დავინახე მე. და კიდევ, ბლოკპოსტები კრასნოდარის საზღვრიდან დასავლეთ საქართველომდე. მილიცია და შინაგანი ჯარი, შეიარაღებული მოკლელულიანი ავტომატებით, მარტო სოხუმში რამდენიმე მსგავსი პოსტია“.[12]
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და სამოქალაქო ომის ფონზე, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, თბილისის ყურადღების მიღმა რჩებოდა, რის გამოც, ერთი მხრივ, ვერ ხერხდებოდა ცენტრისა და ადგილობრივი ქართული პოლიტიკური ჯგუფების კოორდინირებული და დაგეგმილი წინააღმდეგობა არძინბას რადიკალური ფრთის წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ, არც თავად სახელმწიფო საბჭოს ლიდერი, ედუარდ შევარდნაძე ცდილობდა მასთან საქმიან დიალოგს. ომამდე, ის ერთხელაც კი არ შეხვედრია არძინბას პირადად. სამაგიეროდ, არძინბას სეპარატისტული მოძრაობა სათავისოდ იყენებდა მიმდინარე სამოქალაქო ომს და გამსახურდიას მომხრეებს საშუალებას აძლევდა, უპრობლემოდ გადაელახათ მდინარე ენგური და გალი-ოჩამჩირის ტერიტორიები თავშესაფრისთვის გამოეყენებინათ. მეორე მხრივ, დაუსრულებელი ქაოსი, მას საშუალებას აძლევდა მიეღო რიგი პოლიტიკური აქტები საქართველოსგან გამოსაყოფად. სხვადასხვა დროს, მიიღეს საქართველოს კონსტიტუციასთან შეუთავსებელი კანონები, მათ შორის, ისეთები, რომლებიც აყალიბებდა პარალელურ სახელმწიფო სტრუქტურებს. მაგალითად, ამ პერიოდში არძინბამ შექმნა მონოეთნიკურ ნიადაგზე ორგანიზებული ე.წ. აფხაზური გვარდია, რომელიც აფხაზეთის ომის დროს მთავარ შეიარაღებულ ფორმირებად იქცა.
აფხაზეთისთვის, ისევე როგორც სრულად საქართველოსთვის, შემდეგი ორი-სამი თვე გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან სწორედ ივნისი-აგვისტოს მონაკვეთში მიმდინარე პროცესებმა განსაზღვრა ქართული და აფხაზური საზოგადოების უახლოესი ათწლეულების ბედი.
1992 წლის 13 ივნისს, თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე, ჯაბა იოსელიანის წინააღმდეგ, დისტანციური მართვადი პულტით ტერორისტული აქტი განხორციელდა. მართალია, იოსელიანი გადარჩა, თუმცა ტერაქტმა იქვე მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის, ბავშვი იმსხვერპლა. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, 24 ივნისს, თბილისში სამოქალაქო ომი განახლდა. გამსახურდიას მომხრეებმა, კომენდანტის საათის პირობებში, 250 ჯარისკაცითა და ჯავშანტექნიკის გამოყენებით დაიკავეს სატელევიზიო ანძა და ტელევიზიის შენობა. მალევე, რადიოთი გაავრცელეს საერთო სახალხო აჯანყების შესახებ განცხადება, რომლის მიზანი სახელმწიფო საბჭოს ხელისუფლების დამხობა იყო.
მათ სურდათ ე.წ. დაგომისის შეთანხმებამდე შეცვლილიყო ხელისუფლება, ამიტომაც ოპერაცია ნაჩქარევად განხორციელდა. სწორედ ამის გამოც, ის ცუდად იყო ორგანიზებული. დღის ბოლოს, სისხლიანი ბრძოლების შედეგად მთელი ჯგუფი ტყვედ ჩავარდა. ეს ამბავი სახელმწიფო საბჭომ სათავისოდ გამოიყენა და ფაქტობრივად მთელ მსოფლიოს ამცნო გამსახურდიას მომხრეების „ტერორისტული ბუნება“. ეს აქტი ასევე დაგმო ზვიად გამსახურდიამ, ოპერაციის ავტორი, ვალტერ შურღაია კი ლამის მოღალატედ გამოაცხადა.
დაზვერვის სამსახურს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია მოსალოდნელი სამხედრო დაპირისპირების შესახებ. მათთვის ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეების მიახლოებითი რიცხვი და მოვლენების ეპიცენტრიც - ტელევიზიის შენობის ადგილი. მიუხედავად ამისა, სამსახურს საწინააღმდეგო ზომები არ მიუღია. 250-მა ჯარისკაცმა, ტანკმა და სხვა ჯავშანტექნიკამ ისე გაიარა კახეთის გზატკეცილი, მტკვრის სანაპირო და გმირთა მოედანი, რომ ისინი ვერავინ „შეამჩნია“. ფაქტობრივად, სახელმწიფო საბჭოს სრულად ჰქონდა დაკარგული კონტროლი სიტუაციაზე და ის ქვეყანას კი არა, რამდენიმე ქუჩასაც კი ვერ აკონტროლებდა.
მეორე მხრივ, ნათელი გახდა, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც სახელმწიფო საბჭოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენდა, არძინბას მთავრობა, ან სამხრეთ ოსური სეპარატიზმი კი არა, გამსახურდიას მომხრეები იყვნენ. შექმნილ ქაოსში სწორედ ისინი იყვნენ ის ერთადერთი ძალა, ვინც არ აღიარებდა მათ ლეგიტიმურობას.
24 ივნისს, თბილისის პარალელურად, სოხუმში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა: აფხაზური გვარდია თავს დაესხა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრი გივი ლომინაძე ძალის გამოყენებით მოხსნეს თანამდებობიდან. ამ ნაბიჯის შემდეგ ძალოვანი სტრუქტურები ფაქტობრივად სეპარატისტების ხელში აღმოჩნდა.[13] ეს ფაქტი სრულად გადაფარა თბილისის მოვლენებმა, რის გამოც რეაგირება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მოხერხდა და, შესაბამისად, დაგვიანებული აღმოჩნდა.[14]
ზუსტად ერთ თვეში, 24 ივლისს, ვლადისლავ არძინბამ აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუცია აღადგინა, რაც დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფას ნიშნავდა. თბილისში ამას რეაგირება არ მოჰყოლია, გარდა იმისა, რომ პარლამენტმა მოცემული აქტი უკანონოდ აღიარა და გააუქმა.
1992 წლის 31 ივლისს, საქართველო გაეროში მიიღეს. ედუარდ შევარდნაძე თავის საზეიმო მიმართვაში აცხადებდა: „დასავლეთმა ორნახევარი საუკუნის მანძილზე ორჯერ ზურგი აქცია საქართველოს - არ გვაღიარა, არ დაგვიცვა. ეს იყო ისტორიული უსამართლობა, რამაც ორივეჯერ ეროვნულ ტრაგედიამდე მიგვიყვანა“.[15] საქართველო აღიარა მსოფლიო თანამეგობრობამ, რითაც მიიღო ყველა საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლება და მოვალეობა, მეორე მხრივ, საქართველო შედგა სახელმწიფოდ - „ეროვნული ტრაგედია დასრულდა“. შევარდნაძისთვის ეს არ ყოფილა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება. გაეროში საქართველოს მიღება მისთვის ირიბად უდრიდა მისი ხელისუფლების ლეგიტიმაციის საერთაშორისო დონეზე აღიარებასაც, რაც მისთვის, ზვიად გამსახურდიასთან შედარებით, გაცილებით მომგებიანი პოზიცია იყო.
გაეროს მიერ საქართველოს აღიარებას თან მოჰყვა 31 ივლისის „ეროვნული თანხმობის, სამოქალაქო და ერთაშორისი შერიგების“ დღედ გამოცხადება, რომლის მიხედვითაც ციხეებიდან უნდა გათავისუფლებულიყვნენ გამსახურდიას მომხრეები (მათ შორის, 24 ივნისის მონაწილეები)[16]; ხოლო გასამხედროებული დაჯგუფებები უნდა გაერთიანებულიყვნენ თავდაცვის სამინისტროში და დაბრუნებოდნენ სამხედრო ბაზებს.[17] მოცემული აქტი, მეტწილად გარე დამკვირვებლებისკენ იყო მიმართული. საარქივო მასალის დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ თბილისი დიდ ყურადღებას აქცევდა ამ მოვლენის საერთაშორისო გაშუქებასა და მასზე გამოხმაურებას. როგორც ჩანს, თბილისს სურდა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ სახელმწიფო საბჭო ყველაფერს აკეთებდა საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად.
1992 წლის მაისში, ტაშკენტის ხელშეკრულების შედეგად საბჭოთა სამხედრო არსენალის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე კვოტური პრინციპით გადანაწილება გადაწყდა. საქართველოსთვის მზადდებოდა ახალციხის კადრირებული მე-10 დივიზია, თუმცა მისი გადმოცემა ქართული მხარის მოთხოვნით დაჩქარდა, რადგან ის ინტენსიურად იძარცვებოდა და იყიდებოდა.[18] 1992 წლის 3 აგვისტოს საქართველოს დაჩქარებული წესით გადაეცა ახალციხის ჯავშანტექნიკა, სულ 107 ტანკი და 164 სხვადასხვა სახის ჯავშანტექნიკა.[19] ტანკების დიდი ნაწილი კონსერვაციაზე აყვანილი, დაუკომპლექტებელი და საბრძოლო რესურს ამოწურული იყო - კაპიტალურ რემონტს საჭიროებდა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო საბჭოს შეიარაღებული ძალები, ქვეყანაში ცალსახად ყველაზე ძლიერი გახდა, მოწინააღმდეგეებს (როგორც აფხაზებს, ისე გამსახურდიას მომხრეებს) საპირწონედ არაფერი ჰქონდათ.
11 აგვისტოს, გამსახურდიას მომხრეებმა, ზუგდიდში, გატაცებული შინაგან საქმეთა მინისტრის, სანდრო კავსაძის გამოსახსნელად ჩასული 12-კაციანი ჯგუფი გაიტაცეს. გამტაცებლებმა გამოსასყიდად 10 მილიონი რუბლი მოითხოვეს, გატაცებულები კი აფხაზეთში, გალში გადაიყვანეს.
1992 იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის ყველა დარგი ჩამოშლის პირას იყო, ამას თან ერთვოდა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული გამოწვევები. თითქმის ყველგან შემცირდა ტვირთბრუნვა, მაგალითად, რკინიგზამ იანვარ-ივნისში, წინა წელთან შედარებით, 3-ჯერ ნაკლები ტვირთი გადაიტანა და შეადგინა 3546.9 ტონა.[20] სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა ივლისში, ხოლო აგვისტოში რკინიგზა მთლიანად პარალიზდა. დასავლეთ საქართველოში გამსახურდიას შეიარაღებული მომხრეები ვაგონებს აჩერებდნენ და ძარცვავდნენ. პრობლემას საერთაშორისო განზომილებაც ჰქონდა. შექმნილი რეალობის გამო პროტესტს გამოთქვამდა ომში მყოფი სომხეთი, რომლის ეკონომიკაც მეტწილად რკინიგზაზე იყო დამოკიდებული. აქ ტვირთი ძირითადად რუსეთიდან შემოდიოდა.
11 აგვისტოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთში ჯარის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.[21] შეხვედრის სტენოგრაფიულ ანგარიშს დღეს გრიფით საიდუმლო ადევს - მისი შესწავლა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთში ჯარის შეყვანის მიზეზი პირველ რიგში დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომის დასრულება იყო, რეგიონში ჯარის შეყვანას უნდა გაეძლიერებინა აფხაზ სეპარატისტებზე ზეწოლა და არძინბასთვის უარი ეთქმევინებინა სეცესიაზე.
11 აგვისტოს ღამით, ედუარდ შევარდნაძემ თავის სატელევიზიო მიმართვაში სამეგრელოში განვითარებული მოვლენების შესახებ ამცნო საზოგადოებას:
„და მაინც დავეთანხმე დღეს ჩემს მეგობრებს, დავრჩე მწყობრში და ვებრძოლო ბოროტებას, ვებრძოლო ბოროტებას არა ბოროტებით, არამარტო ძალით, მაგრამ ძალითაც, ძალის გამოყენებითაც. საქართველო ახლა ძლიერია, უფრო ძლიერი ვიდრე ამ 10-15 დღის წინათ [ტაშკენტის ხელშეკრულებით მიღებული შეიარაღების შედეგად], ახლა მას საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავს, საკმაო იარაღიც აქვს. არსებობს ყველა საშუალება იმისთვის, რომ ბოროტება აილაგმოს, ქართულ მიწა-წყალზე ერთხელ და სამუდამოდ წესრიგი დამყარდეს [...] ლაპარაკია იმაზე, რომ ეს არ ეხება მარტო ერთ რეგიონს, ლაპარაკია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - დაწყებული ლესელიძეთი და დამთავრებული ყაზბეგის რაიონით და სხვა საზღვრებით, დამყარდეს წესრიგი ყველგან და ყველაფერში. ამისთვის გამოყენებული იქნება ჯარიც, მილიციაცა და სამხედრო ტექნიკაც [...] ვთხოვთ ჩვენს ხალხს, რომ ხვალ გამოვიდნენ ქუჩებში, მოედნებზე და მოითხოვონ ჩვენგან მხარი დავუჭიროთ, რათა შევუტიოთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს“.[22]
მეორე დღეს თბილისში, გმირთა მოედანზე, სახელმწიფო საბჭოს მიერ ორგანიზებული მიტინგი გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ ინტელიგენციისა და პოლიტიკური ელიტების წარმომადგენლები, მათ შორის ედუარდ შევარდნაძე. ყველა ითხოვდა დამნაშავეების, გამსახურდიას მომხრეების, უმკაცრესად დასჯას.[23][24] ამავე დღეს გავრცელდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს განცხადებაც, რომელშიც იგი მხარს უჭერდა სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებას - „სამეგრელოში თავი მოიყარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წასულმა ნეგატიურმა ძალებმა და უცხო ერების წარმომადგენლებმა [საუბარია გავრცელებულ მოსაზრებაზე, სამეგრელოში ჩეჩნების შესვლის შესახებ], რომელნიც თავისი უღირსი საქციელით სახელს უტეხავენ ამ მხარეს“.[25]
სახელმწიფო მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციისთვის საზოგადოებრივი აზრის შემზადებას შეუდგა. საინფორმაციო დისკურსი მთლიანად ზვიად გამსახურდიას მომხრეების წინააღმდეგ იყო მიმართული და არსად იყვნენ ნახსენები აფხაზები. აფხაზეთში ჯარის შეყვანის ოფიციალური მოტივი რკინიგზის უსაფრთხოების დაცვა იყო. ამ კუთხით, აფხაზებთან მოლაპარაკებები რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო და მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ქართული ჯარი აფხაზურ გვარდიასთან ერთად, ერთობლივი ძალებით დაიცავდა რკინიგზის მონაკვეთს.[26] 1992 წლის 10 აგვისტოს, პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს რკინიგზაზე საგანგებო წესები ამოქმედდა. აფხაზური მხარე ასევე იყო გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ ჯარის ნაწილი [კერძოდ, პოლიციის ქვედანაყოფები] მძევლების გამოსახსნელად შევიდოდა აფხაზეთში.[27]
ჯაბა იოსელიანი საკუთარ წიგნში, „სამი განზომილება“, იხსენებს: „ჩვენი მთავარი ამოცანა ხომ რკინიგზის უსაფრთხო მოძრაობა და ზვიადისტების თარეშის აღკვეთა იყო. რასაკვირველია, ეს თავისთავად შეიცავდა ზეწოლას აფხაზ სეპარატისტებზე, რომელნიც ჩვენს შიდა უთანხმოებას აღვივებდნენ ზვიადისტების ფარული მხარდაჭერით. მაგრამ ომი ჩვენ არ გვინდოდა“.[28]
სახელმწიფო საბჭოს მიზანი არ ყოფილა გრძელვადიანი ომის დაწყება. ის ახლად მიღებული მნიშვნელოვანი შეიარაღებით (რომლის ეკვივალენტი იმ დროს საქართველოში არცერთ მხარეს არ ჰქონია) ელოდა სწრაფ გამარჯვებას, პირველ რიგში, გამსახურდიას მომხრეებზე. აფხაზეთში შესვლით, მათ ალყაში უნდა მოექციათ გამსახურდიას მომხრეები, რაც, თავის მხრივ, ავტომატურად გულისხმობდა რკინიგზის დაცვასაც. მსგავსი სამხედრო ძალის დემონსტრაციას კი, საბოლოოდ აფხაზი სეპარატისტები იძულებული უნდა გაეხადა, შეეწყვიტათ სეცესია. ამ ნაბიჯს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა აღედგინა იურისდიქცია და წესრიგი დაემყარებინა.
14 აგვისტოს, სახელმწიფო საბჭოს შეიარაღებულმა ჯგუფებმა ენგურის ხიდი გადალახეს და აფხაზეთში ომი დაიწყო. დღემდე უცნობია, თუ რა მოხდა 14-18 აგვისტოს შუალედში, რატომ გახსნეს ცეცხლი აფხაზებმა, როგორ აღმოჩნდა თენგიზ კიტოვანის გვარდია სოხუმში და რატომ დაიწყო ეს ომი. ამაზე პასუხი, სწორედ 11-12 აგვისტოს უშიშროების საბჭოს სტენოგრაფიულ ანგარიშში იმალება, რომელიც დღეს ხელმიუწვდომელია. როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ აფხაზეთის ომი, გაგრძელებაა თბილისსა და შემდეგ დასავლეთ საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ომისა. მეტიც - სიტყვა აფხაზი, სახელმწიფო პროპაგანდაში საერთოდ არ ფიგურირებს და ის მხოლოდ ჯარის აფხაზეთში შეყვანიდან რამდენიმე დღეში ჩნდება.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, თითქმის ერთი საუკუნეა არსებობს და მას მრავალი განზომილება აქვს. საბჭოთა კავშირის არსებობისა და, შესაბამისად, ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების პირობებში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, პოლიტიკური ელიტების დონეზე მიმდინარეობდა, ხოლო რიგითი მოსახლეობისთვის ის ასე თუ ისე შეუმჩნეველი რჩებოდა. 1980-იანი წლების მიწურულს, ცენტრის დასუსტებამ, კონფლიქტი სოციალურ დონეზე გადაიყვანა და 1989 წელს პირველი სისხლიანი დაპირისპირებაც მოჰყვა.
პარალელურად, ახლად აღმოცენებულ ქართულ ეროვნულ მოძრაობას, თითქმის არ გააჩნდა პოლიტიკური ხედვა საქართველოში მცხოვრები სხვა ხალხებისა თუ ეთნიკური უმცირესობების მიმართ - მეტიც, ხშირ შემთხვევაში ლიდერები საერთოდაც არ ცნობდნენ სხვა ეთნიკური ჯგუფების უფლებებს. მსგავსი კონტექსტი, აძლიერებდა აფხაზთა (ასევე ოსთა) შიშებს დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ, მრავალრიცხოვანი ქართველების პირისპირ დარჩენილიყვნენ ერთ პოლიტიკურ სივრცეში, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა სიტუაციას. საბჭოთა კავშირის დაშლამ და საქართველოში დაწყებულმა პოლიტიკურმა ქაოსმა ეთნიკური კონფლიქტი გადაზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელიც ორივე ხალხისთვის უდიდესი ტრაგედიით დასრულდა.
1992 წლის 14 აგვისტოს საქართველო ჩაერთო ომში, რომელში გამარჯვებაც შეუძლებელი იყო. პროკურატურაში ინახება გამოძიების მასალები, რომელიც ჯერ გაგრის, შემდეგ სოხუმის და შემდეგ მთლიანად აფხაზეთის ომის მარცხის მიზეზებს იკვლევდა. რიგ ეპიზოდებში, გამოძიება განიხილავდა ყველა ვერსიას, მათ შორის, ღალატისას. ბურუსითაა მოცული ომის მიმდინარეობის რიგი ასპექტები, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ომიდან 30-31 წლისთავზეც კი, არავინ დასჯილა. საქართველო, აფხაზეთში შესვლის მოტივად დღემდე რკინიგზის უსაფრთხოების დაცვას ასახელებს, თუმცაღა ყველასთვის ცხადია, რომ ეს მხოლოდ მოტივი იყო, რეალური მიზეზი კი სრულიად სხვა იყო - თუმცა რა არის ეს სხვა, ამაზე კვლევაზე დაფუძნებული და შეთანხმებული პასუხები არ არსებობს.
სტატია მომზადდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და შესაძლოა ის არ გამოხატავდეს შვეიცარიის საელჩოს პოზიციას.
[1]უიცა, ფონდი 767, ანაწერი 1, საქმე 105, ფურცელი 4.
[2]იქვე, გვ. 7.
[3] იქვე, გვ. 8.
[4]უიცა, ფონდი 777, ანაწერი 1, საქმე 113, ფურცელი 4.
[5] უიცა, ფონდი 767, ანაწერი 1, საქმე 226, ფურცელი 21.
[6]უიცა, ფონდი 767, ანაწერი 1, საქმე 226, ფურცელი 21.
[7]უიცა, ფონდი 767, ანაწერი 1, საქმე 226, ფურცელი 19.
[8] ედუარდ შევარდნაძე, „მე ჩამოვედი იმისათვის, რომ ხელები დავიკაპიწო და ჩემს ხალხთან ერთად ვიშრომო და ვიღვაწო ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად“, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 10/03/1992, №42.
[9]უიცა, ფონდი 767, აღწერა 1, საქმე 137, ფურცელი 1.
[10]ზვიად გამსახურდიამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ფაქტობრივად ეს არჩევნები გამიზნული იყო ედუარდ შევარდნაძის ლეგიტიმაციისთვის. აქედან გამომდინარე, ის, ვინც არჩევნებზე გამოცხადდებოდა აზრის დასაფიქსირებლად, ირიბად აღიარებდა სამხედრო გადატრიალების ლეგიტიმურობასაც - მხარს უჭერდა ანტიზვიადისტურ მხარეს.
[11]ფიქრია გეგიძე, მემუარებში ასახული საგარეო პოლიტიკა და პირადი ურთიერთობების როლი შევარდნაძის საგარეო პოლიტიკაში, გვ. 22-25.
[12]Владимир арсеньев, Абхазия без оружия, но без хлеба, газа и света, გაზეთი „Известия“, 21/03/1992, №69.
[13] ორ დღეში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამაზ ნადარეიშვილი, ცენტრალურ ხელისუფლებას სხდომაზე რეგიონში ჯარის შეყვანას სთხოვს; -ვახტანგ ყოლბაია, „აფხაზეთის ლაბირინთი“ (1997) გვ. 113.
[14] საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, და საარქივო მასალების დამუშავების შედეგად, ირკვევა, რომ იმ დროს არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამსახურდიას მომხრეები და აფხაზები კოორდინირებულად მოქმედებდნენ.
[15]ედუარდ შევარდნაძე, დაიხსომეთ ეს დღე, „საქართველოს რესპუბლიკა“, 1/08/1992, №144.
[16] პაატა ზაქარეიშვილის თქმით, გამსახურდიას მომხრეთა გათავისუფლება მხოლოდ საგარეო იმიჯის შესაქმნელად მოხდა. მანიფესტის სრული ტექსტი გამოქვეყნდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გადაიგზავნა საელჩოებში, გაეროში, ევროსაბჭოში, რუსეთის სხვადასხვა ინსტიტუტებსა და სამინისტროებში, პირადი ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან, ჩაწერილია 18/04/2022.
[17] დიდი შერიგების დღე, „საქართველოს რესპუბლიკა“, 5/08/1992, №147.
[18]უიცა, ფონდი 767, ანაწერი 1, საქმე 226, ფურცელი 8-9.
[19]108 სხვადასხვა მოდიფიკაციის ტანკი T-54/55 (ძირითადად AM მოდერნიზაცია, რომელიც შეიქმნა სპეციალურად ავღანეთში საომრად, აქედან გამომდინარე, მათ ნაწილს უკვე გამოვლილი ჰქონდა ერთი ომი), ერთი გაფუჭებული T-72 და 164 სხვადასხვა სახის ჯავშანტექნიკა, მათ შორის: BMP-1,BMP-2, BTR-60,BTR-70, BRDM-2, MTLB და ა.შ.
[20]უიცა, ფონდი 767, ანაწერი 1, საქმე 105, ფურცელი 6.
[21]ედუარდ შევარდნაძე, ამ დღეებში წყდება [...], „საქართველოს რესპუბლიკა“, 13/08/1992, №153.
[22]ედუარდ შევარდნაძე, ამ დღეებში წყდება [...], „საქართველოს რესპუბლიკა“, 13/08/92, №153.
[23] იქვე, №153.
[24] თბილისის მერი ოთარ ლითანიშვილი: „’სულ რამდენიმე დღის წინ საქართველომ იზეიმა გაეროში გაწევრიანება, მივიღეთ ეროვნული თანხმობის მანიფესტი, იყო ზეიმის განწყობა, მაგრამ ზოგიერთმა ფაშისტურად განწყობილმა პოლიტიკურმა ძალებმა განახორციელეს ბოროტების აქტი - დაატყვევეს რომან გვენცაძე და სხვა პირები“; ელდარ შენგელაია: „გამსახურდიას ბარაბას ხელი მართავს, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოიკვეთოს“. აქციაზე სიტყვით გამოვიდა ედუარდ შევარდნაძეც, მან თქვა: „მანიფესტის მიღებით ბრძნული ნაბიჯი გადავდგით, რაც მხოლოდ თავის ძალებში დარწმუნებულ ხალხს შეეძლო. მანიფესტით თითქოს განგვწმინდა მორალურად, ზნეობრივად, ხელი გაგვიხსნა“. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 13/08/1992, №153.
[25]უიცა, ფონდი 767, ანაწერი 1, საქმე 126, ფურცელი 61.
[26]ამ ფაქტს ადასტურებს მრავალი წყარო, მათ შორის ლორიკ მარშანიას, ნაპო მესხიას, ვახტანგ ყოლბაიასა და სხვათა ნაშრომები. თედო ჯაფარიძემ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საქმეში, აფხაზური მხარის გარდა, პირდაპირ იყო ჩართული რუსეთი, ხოლო აშშ აკვირდებოდა.
[27] აფხაზეთის შსს მინისტრი მხარს უჭერდა თბილისის პოლიტიკას და გამტაცებლებს ემუქრებოდა - ალექსანდრ ანქვაბი ამბობს: „გამტაცებლებმა საკუთარ თავს თავად გამოუტანეს განაჩენი“ – Бесик Уригиашвили, Над Абхазиеи внов зависла тенъ гражданскои воины, „Известия“, 15/08/1992, №184.
[28]ჯაბა იოსელიანი, „სამი განზომილება“, გვ. 390.
ინსტრუქცია