საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს მიკელ ჯ.ჰ. ვენჰოვენის, აარჰუსის უნივერსიტეტის ანთროპოლოგის სტატიის მიმოხილვას. სტატიის მიზანია, გამოიკვლიოს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკისა და საქართველოს საზღვრის სივრცული დინამიკა. ძირითადი ყურადღება სტატიაში იმ მატერიალურ ინფრასტრუქტურასა და სივრცულ დანაწილებას ეთმობა, რომლებიც კონფლიქტისშემდგომი სიტუაციის კონფიგურაციასა და რეკონფიგურაციას განაპირობებს. ვენჰოვენი საქართველოსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საზღვრისპირა ტერიტორიებზე მატერიალური, სამართლებრივი და ექსტრა-სამართლებრივი მექანიზმების გამოკვლევით ცდილობს, აჩვენოს, როგორ წარმოიქმნება, ძლიერდება და მყარდება “სუვერენულობის ატმოსფერო”, რაც კონფლიქტურ მხარეებს რიგი დისკურსული და მატერიალური პრაქტიკების ამოქმედებას აიძულებს.
სტატიაში ავტორი სამ ძირითად არგუმენტს გამოყოფს:
შესავალი
საქართველოს რესპუბლიკისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საზღვარი კონფლიქტური და ამბივალენტური სივრცეა, სადაც კონფლიქტის მხარეები ერთმანეთის დელეგიტიმაციას, თავიანთი ძალაუფლების ნატურალიზაციასა და მართვის სტრატეგიული მექანიზმების ეფექტურ დანერგვას ცდილობენ. დე-ფაქტო სახელმწიფოებისთვის ასეთი მიდგომა დამახასიათებელია იმდენად, რამდენადაც მათ სურთ, გადაფარონ ის ეგზისტენციალური სიმყიფე და არასტაბილურობა, რაც ხსენებულ სტატუსს საერთაშორისო გეოპოლიტიკური და სამართლებრივი სურათის ფონზე ახასიათებს. კრისტიან ლუნდმა ინდონეზიაში მიწების დატაცების პრაქტიკათა კვლევისას ტერმინი “კანონიერების ატმოსფერო” შემოიტანა. ეს ტერმინი დე-ფაქტო საზღვრებისთვის დამახასიათებელ ზოგად დინამიკას აღწერს. ლუნდი ამტკიცებდა, რომ დე-ფაქტო ტერიტორიული ერთეულების პოლიტიკური აღიარება ხშირად ლეგალიზაციის ფორმით ხდება. აფხაზეთის შემთხვევაში “კანონიერების ატმოსფერო” “სუვერენულობის ატმოსფეროდ” გვევლინება, სადაც დე-ფაქტო სახელმწიფო, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკურად არ აღიარებს, მაგრამ გავლენა, რომელიც ტერიტორიაზე ხსენებულ დე-ფაქტო ერთეულს გააჩნია, სიმბოლურობისა და ნარატიულობის დისკურსულ ფარგლებს სცილდება და მატერიალურ, ხელშესახებ, ფაქტობრივ მოცემულობად გვევლინება.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991-1993 წლებში საქართველო სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან სეპარატისტულ კონფლიქტებში იყო გახვეული. ეს კონფლიქტები ამოწურულად დღემდე ვერ ჩაითვლება, რადგანაც დე-ფაქტო რესპუბლიკები ტერიტორიებზე პოლიტიკურ ძალაუფლებას დღემდე ინარჩუნებენ, ხოლო საქართველო, ისევე როგორც სუვერენულ სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. 2008 წელს, რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად, აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი რუსეთის ფედერაციამ აღიარა. აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონს 240 000-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეაფარა თავი. უკან დაბრუნება კი მხოლოდ მცირე ნაწილმა (40 000-დან 70 000-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა) შეძლო.
აფხაზეთის კონფლიქტის კვლევისას აკადემიურ დისკურსში ძირითადი ყურადღება ეთნიკურ მოტივებზე დაფუძნებულ ძალადობასა და კონფლიქტისშემდგომი პოლიტიკური კონფიგურაციების აღწერას ეთმობოდა. ამ დისკუსიებში დე-ფაქტო სახელმწიფოებს სხვა, მათზე გავლენის მქონე მსხვილი პოლიტიკური აქტორების მარიონეტებად წარმოსახავდნენ და კონფლიქტის მონაწილე დამოუკიდებელ სუბიექტად არ აღიარებდნენ. თავად დე-ფაქტო ტერიტორიულ ერთეულთა “დე-ფაქტოობას” ნაკლები ყურადღება ეთმობოდა მათი არაღიარებისა და საერთაშორისო დელეგიტიმაციის ფონზე. ამგვარად, არსებული აკადემიური ლიტერატურა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შესახებ არასრული და არასაკმარისია: მას აკლია მყარი ონტოლოგიური საფუძველი, რომლის მეშვეობითაც აფხაზეთისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის უფრო ნიუანსირებულად გააზრება გახდებოდა შესაძლებელი.
ვენჰოვენის ფოკუსი დე-ფაქტო საზღვრის სპექტაკლებისკენაა მიმართული. იგი ცდილობს, აჩვენოს, რომ ამ სპექტაკლში ორივე მხარე ინტენსიურადაა ჩაბმული. ორივე მხარე აწარმოებს ურთიერთდაპირისპირებულ ნარატივებს საზღვრის, სუვერენულობისა და კანონიერების შესახებ. საზღვრის კვეთის კანონიერი და არაკანონიერი პრაქტიკები ამ კონფლიქტურ ნარატივთა მიღმა არსებულ მოტივებსა და მიზნებს ააშკარავებენ. გარდა ამისა, სტატიაში გამოკვლეულია ის სტრატეგიები და მეთოდებიც, რომლებიც საზღვრის მატერიალურ მონიშვნას ემსახურება მისი სიმბოლური და სამართლებრივი მნიშვნელობების მიღმა. საზღვრის არაკანონიერი კვეთის პრაქტიკებზე დაკვირვებით ცხადი ხდება, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “სუვერენიზაცია” და ამ სუვერენულობის დელეგიტიმაცია პერფორმატულად ხდება. მეტიც, საზღვრის სპექტაკლები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნებს ემსახურება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხშირად ერთსა და იმავე ეფექტს აწარმოებს.
დე-ფაქტო სუვერენულობა და კანონიერების ატმოსფერო
დე-ფაქტო სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარება გულისხმობს, რომ ხსენებული სახელმწიფოს სახელმწიფოებრივი სტატუსი უნდა იყოს აღიარებული. არაღიარებული და თვითგამოცხადებული პოლიტიკური ერთეულების შემთხვევაში, აღიარების პროცესი სუვერენულობისკენ სწრაფვასა და “მშობელი სახელმწიფოს” მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე აპელაციას აერთიანებს. ეს კონფლიქტური და ამბივალენტური მდგომარეობა დროის ხანგრძლივ მონაკვეთებს შეიძლება მოიცავდეს. გაურკვევლობის ასეთ ინტერვალებში დე-ფაქტო სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ყოველდღიური ცხოვრება, შესაძლოა, დიდად არც განსხვავდებოდეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული ყოველდღიური ცხოვრების დინამიკისგან. დე-ფაქტო ერთეულები სუვერენული სახელმწიფოების მიმიკრიას მიმართავენ. მათ ჰყავთ მმართველი ხელისუფლება, გააჩნიათ სახელმწიფო სიმბოლიკა, პოლიცია, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემები. თუმცა, საერთაშორისო აღიარების არარსებობა დე-ფაქტო სახელმწიფოს მომავალს ბუნდოვანსა და არაწინასწარმეტყველებადს ხდის. საერთაშორისო აღიარებას დე-ფაქტო სახელმწიფოს პოლიტიკური კონტროლის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში, სუვერენულობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი − სტაბილურობა შემოაქვს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში 21 დე-ფაქტო ერთეული ჩამოყალიბდა. მათი ნაწილი “მშობელმა სახელმწიფოებმა” შეიერთეს, ნაწილმა აღიარება მოიპოვა, ნაწილი კი არსებული დე-ფაქტო სტატუსით განაგრძობს პოლიტიკურ სუბიექტად ფუნქციონირებას. აფხაზეთის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წელს გადადგმულმა ნაბიჯმა − სუვერენიტეტის აღიარებამ სიტუაცია მნიშვნელოვანწილად შეცვალა: აფხაზეთზე საქართველოს სუვერენიტეტის ეფექტური გავრცობა უახლოეს მომავალში მოვლენათა ნაკლებ სავარაუდო განვითარებად იქცა.
სახელმწიფოს სივრცედ მონიშვნა
სახელმწიფოს სივრციზაციის ცნება აფხაზეთის შემთხვევაში გულისხმობს მექანიზმთა წყებას, რომლებიც აქტორებმა საზღვრისპირა ტერიტორიებზე აამოქმედეს. ეს მექანიზმები სახელმწიფო საზღვრების გამოკვეთასა და სუვერენული ძალაუფლების ტერიტორიულ გავრცობას ემსახურება. ისინი წარმოაჩენს (ან აფერმკრთალებს) “სახელმწიფოს ეფექტს”, რასაც მატერიალური შედეგები აქვს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სივრცესთან დაკავშირებულ კვლევებში სახელმწიფო დასახულია არა მხოლოდ ფუნქციურ ბიუროკრატიულ აპარატად, არამედ სიმბოლური და კულტურული ნიშნების წარმოების მნიშვნელოვან კერად. სახელმწიფო “წარმოსახული” პოლიტიკური ერთეულია, რომელიც ხატებს, მეტაფორებსა და პრაქტიკებს აწარმოებს. გარდა მეტაფორებისა და პრაქტიკებისა, ის აგრეთვე ააქტიურებს კონკრეტულ, ხელშესახებ, მატერიალურ ინფრასტრუქტურასაც, რომელიც “სახელმწიფოს სივრციზაციის” მეტაფორაში შეგვიძლია გავიაზროთ. აფხაზეთის შემთხვევაში სივრციზაციის მეტაფორა ბორდერიზაციის პროცესში მატერიალიზდება პროცესში, სადაც ფიზიკური ბარიერები აღიმართება კონფლიქტის ზონის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრად აღიარების მიზნით. ამ პროცესის მეშვეობით დე-ფაქტო სახელმწიფო დე-ფაქტო ფაქტებს აჩენს. ბიუროკრატიული პრაქტიკების, რიტუალებისა და პატერნების ამოქმედებით სახელმწიფოები სკალარულ და სივრცულ იერარქიებს წარმოქმნიან, რითაც სახელმწიფოს, როგორც ვერტიკალური ძალაუფლებრივი ერთეულისა და სივრცითი მოცულობის მქონე სუბიექტის ხატს ქმნიან. სახელმწიფოებს ხშირად წარმოიდგენენ პირამიდად, სადაც კენწეროში მმართველი ხელისუფლება, ძირში კი პოპულაციაა წარმოდგენილი. რაც შეეხება სივრცით მოცულობას, სახელმწიფოს ხატი ხშირადაა წარმოდგენილი კონცენტრულ წრეწირთა სერიებად, სადაც ცენტრში ოჯახია წარმოდგენილი, შემდეგ მოდის თემი, სოფელი, ქალაქი, პროვინცია და რეგიონი. სერიაში უკანასკნელი წრეწირით მოხაზული სივრცე ყველა სხვა კონცენტრულ წრეს მოიცავს და ერთ უზარმაზარ სივრცედ − სახელმწიფოდ წარმოგვიდგება. საზღვრისპირა ტერიტორიებთან მიმართებით სკალირების კონცეპტი სოციალურ პრაქტიკათა ჩამოყალიბებას გულისხმობს, სადაც ნარატივები საზღვრის შესახებ, მიუხედავად იმისა, რამდენად შორს ან ახლოს “მდებარეობენ” ფიზიკურ საზღვართან, პირდაპირ და ირიბ გავლენას ახდენს საზღვრისპირა რეგიონების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ამგვარად, დე-ფაქტო პოლიტიკური ერთეულების ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების ანალიზისას ლეგიტიმაციის, ავტორიტეტისა და ძალაუფლების დისკურსული კატეგორიები ამომწურავ სურათს ვერ იძლევა. სურათის შედარებით ნიუანსირებული რეკონსტრუქციისთვის საჭიროა ხსენებულ კატეგორიებს სივრცული და პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომები შევმატოთ, რაც გულისხმობს აღნიშვნისა და დემარკაციის იმპლიციტურ პრაქტიკებს, რომლებიც ამა თუ იმ დისკურსს სოციალურ ეფექტურობას ანიჭებს. მატერიალურობაზე ყურადღების გამახვილებით ვიძენთ ახალ, უფრო ხელსაყრელ პერსპექტივას, რომლის მიხედვითაც სოციალური ურთიერთობები ხელშესახებ, ფიზიკურ (ბუნებრივ და ინფრასტრუქტურულ) გარემო-პირობებთან მუდმივ ინტერაქციაში ყალიბდება.
დე-ფაქტო მდგომარეობა და სუვერენულობის ატმოსფერო
დე-ფაქტო სახელმწიფოთა მისწრაფება საერთაშორისო აღიარებისკენ, გარდა გეო-პოლიტიკური ლეგიტიმაციისა, ხილვადობისა და მატერიალური რეპრეზენტაციის ფორმათა დანერგვასაც გულისხმობს. “სუვერენულობის ხელშესახებობა” სახელმწიფოს მატერიალური განსხეულებაა. ამ პირობებში საზღვრის, მატერიალური განსხეულების ამ კვინტესენციური მაგალითის მნიშვნელობა უზარმაზარია. რაც უფრო ძლიერია სასაზღვრო ბარიერები, რაც უფრო მძლავრადაა იგი სიმბოლურად წარმოდგენილი, როგორც სუვერენულობის აბსტრაქტული იდეა, მით უფრო მეტ ფაქტობრივ ძალაუფლებას იძენს იდეა, რომლის მიხედვითაც საზღვრის “იქით” რაღაც სხვა პოლიტიკური ერთეული, დამოუკიდებელი სუბიექტი, სუვერენული სახელმწიფოა.
გარდა მატერიალური საზღვრისა, დე-ფაქტო პოლიტიკური ერთეულის დამოუკიდებელ სუბიექტად წარმოდგენაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი სიმბოლურ-მატერიალური მოცემულობები, როგორებიცაა დროშა, გერბი, სამხედრო ფორმა, ბიუროკრატია და სხვ. დე-ფაქტო საზღვრის ინფრასტრუქტურული გაძლიერება და მისი მძლავრი სასაზღვრო ბიუროკრატიით აღჭურვა საზღვრის მიღმა არსებული პოლიტიკური სუბიექტისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმია, შექმნას სინამდვილე, სადაც დე-ფაქტო რესპუბლიკამ თითქოს უკვე მოიპოვა სუვერენულობა.
დე-ფაქტო სპექტაკლები
ქართული მხარე
ენგურის ხიდი ყველაზე მნიშვნელოვანი სასაზღვრო პუნქტია, რომელსაც საქართველოსა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეები აფხაზეთში მოსახვედრად იყენებენ. იგი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, გერმანელი ტყვეების მიერ იქნა აშენებული. 1992-1993 წლებში ამ ხიდის მეშვეობით უამრავმა ეთნიკურმა ქართველმა დააღწია თავი აფხაზეთს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონს შეაფარა თავი. ხიდის სიგრძე 870 მეტრია. დღესდღეობით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს რესპუბლიკაში 2008 წელს მიღებული კანონმდებლობის თანახმად, აფხაზეთში მოსახვედრად ერთადერთი კანონიერი გზა საქართველოს ტერიტორიიდანაა. რუსეთის მხრიდან აფხაზეთში შესვლა ოკუპაციის კანონის დარღვევადაა მიჩნეული და ფულადი ჯარიმით, განმეორების შემთხვევაში კი, ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ხედვა, რომლის თანახმადაც ენგურის ხიდის გადაკვეთა საქართველოს ტერიტორიის დატოვებად არ ითვლება, ცხადად იკვეთება ხიდის ქართულ მხარეს, სადაც აფხაზეთის ტერიტორიიდან მოხვედრა, ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა, მნიშვნელოვნად გამარტივებულია. ეს ლიბერალური სასაზღვრო რეჟიმი აფხაზური ნომრების მქონე ავტომობილებსაც რთავს ნებას, ენგურის ხიდი გადმოკვეთონ. ითვლება, რომ ხიდის გადაკვეთით საქართველოს ტერიტორიას არავინ ტოვებს.
ეს წარმოსახვითი ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ საზღვარზე, არამედ საქართველოს საავტომობილო გზებზეც ფიქსირდება. ქალაქი სოხუმი ხშირად ჩნდება საგზაო ნიშნებზე, როგორც საქართველოს იურისდიქციაში მყოფი ერთ-ერთი რეგიონის დედაქალაქი. ეს პრაქტიკა ენგურის ხიდიდან 50 მეტრის მოშორებითაც ხილვადია. საგზაო ნიშნების მაგალითი აჩვენებს, რომ საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკური მიმართება კონფლიქტურ რეგიონთან აწარმოებს პრაქტიკებს, რომლებიც წარმოისახავს ადგილს (“სოხუმი ჩვენი სახლია”) ააქტიურებს მობილობას (“სოხუმში ჩასვლა შესაძლებელია”) და მასშტაბს (“სოხუმი საქართველოს ნაწილია”). მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის ეს მატერიალიზებული დისკურსები სივრცულ პოლიტიკას აწარმოებს, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი კვლავ საქართველოს ეკუთვნის.
აფხაზური მხარე
ენგურის ხიდის გადაკვეთისთანავე შეხვდებით ნიშანს, რომელიც გამცნობთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხართ. სასაზღვრო პუნქტი დილის 8 საათზე იხსნება და საღამოს 7 საათზე იხურება. ეს მოსკოვის დროა.
უშუალოდ საზღვრის კვეთის რუტინა ქართული მხარისგან რადიკალურად განსხვავებულია. იგი გაცილებით უფრო ფორმალიზებულია და მნიშვნელოვანწილად განსხვავდება საზღვრის კვეთის დასავლეთ ევროპული პრაქტიკებისგან. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო პოლიტიკა საზღვრის მილიტარიზებული კონტროლის მაგალითია. აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს დოკუმენტებს უმოწმებენ, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ საზღვარი გადაკვეთონ. უცხოელებსა და ქართველებს სოხუმში შინაგან საქმეთა სამინისტრო ამოწმებს, რათა დაადასტუროს, აქვთ თუ არა საზღვრის მკვეთ პირებს “მოწვევის წერილი”. ამ პროცედურას პასპორტის შემოწმება მოჰყვება, რომელსაც რუსი პერსონალი ახორციელებს.
ნარატივი, რომელსაც აფხაზური მხარე აწარმოებს, წყვეტაზე აკეთებს აქცენტს − სახელდობრ, წყვეტაზე დროსა და სივრცეში, და მიანიშნებს, რომ კონფლიქტი დასრულდა და აფხაზურმა მხარემ გაიმარჯვა. იმავე ნარატივის მიხედვით აფხაზეთი დამოუკიდებელი და სუვერენული ერთეულია, რომელსაც საკუთარი სასაზღვრო რეჟიმი გააჩნია. რუსული მხარის მძლავრი მონაწილეობა ორმაგ მნიშვნელობას ატარებს: ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ დამოუკიდებლად აღიარებული ტერიტორიის საზღვრების კონტროლში სხვა სახელმწიფოა გარეული, აჩვენებს, რომ ხსენებულ ტერიტორიას ძლიერი სუვერენიტეტი არ გააჩნია. მეორე მხრივ, ის მიუთითებს თანამშრომლობაზე ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის, რომლებიც ერთმანეთის აგენტობას აღიარებენ.
საზღვრის უკანონო კვეთის პრაქტიკები
ზოგიერთ შემთხვევაში საზღვრის კვეთის მსურველ მოქალაქეებს საკმარისი დოკუმენტაცია არ გააჩნიათ, რათა ენგურის ხიდი “კანონიერად” გადაკვეთონ. მობილობის კვლევები საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე აჩვენებენ, რომ ადამიანები ხშირად საზღვარს უკანონოდ, სხვადასხვა პუნქტების მეშვეობით კვეთენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2018 წლიდან მოყოლებული, საზღვრის უკანონო კვეთის პრეცედენტები მნიშვნელოვნად შემცირდა.
დიტო, 30 წლის მამაკაცი “ფასილიტატორია”, რომელიც საზღვრის კვეთაში ეხმარება მათ, ვისთვისაც ენგურის ხიდზე წარმოსადგენი საკმარისი დოკუმენტაცია არ გააჩნია. აფხაზი მესვეურების განცხადებით ტერიტორიაზე სხვა გზებით მოხვედრა უკანონოდ მიიჩნევა. დიტო, რომელიც წარმოშობით თვითონაც აფხაზეთიდანაა, აღნიშნავს, რომ საზღვარზე პროდუქტები (რაშიც მეტწილად კონტრაბანდა იგულისხმება) არ გადააქვს, ის მხოლოდ ადამიანებს ეხმარება, გადავიდნენ გალის რაიონში. ფასილიტატორები საზღვრის ამბივალენტურ და არასტაბილურ გარემოში ადამიანებს ნავიგაციაში ეხმარებიან. გალის რაიონის მცხოვრებთათვის აფხაზეთში გადასვლა არსებით საჭიროებას წარმოადგენს, იმდენად, რამდენადაც მათთვის მობილობა პირდაპირაა დაკავშირებული მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობასთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან.
არაავტორიზებულ სასაზღვრო პუნქტებზე მავთულხლართებია გაბმული. ეს მავთულხლართები სუვერენულობის აფხაზურ ნარატივს აძლიერებენ. ქართული მხარის ნარატივის მიხედვით, ენგურის ხიდისა თუ სხვა “არალეგალური” სასაზღვრო პუნქტის გადაკვეთა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას არ ნიშნავს. აფხაზური მხარის ნარატივი კი, ამის საპირისპიროდ, ამტკიცებს, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოსახვედრად კანონიერი და უკანონო გზები არსებობს. მავთულხლართები და დაცული პუნქტები დროებითი სტრუქტურებია, რომლებიც გადაადგილდება, იშლება და ხელახლა წარმოიქმნება, კარგავს და ხელახლა იძენს სიმბოლურ დანიშნულებას. ამ სტრუქტურათა ბორდერიზაციის პროცესში ჩართვა მათ კონკრეტულ, ხელშესახებ ძალას ანიჭებს. დე-ფაქტო სახელმწიფოს ფარგლებში ისინი დე-იურე სტატუსს ატარებენ.
დასკვნა
სასაზღვრო პოსტები და მავთულხლართები ორმაგ ფუნქციას ასრულებს: საზღვრის სპექტაკლში ჩართულობით ისინი, ერთი მხრივ, მატერიალურ ინფრასტრუქტურასა და ბიუროკრატიულ დასწრებულობას ქმნის და ამით პრაქტიკული პრობლემის პრაქტიკული გადაჭრის გზებს წარმოადგენს, მეორე მხრივ კი, დე-ფაქტო საზღვარს სიმბოლურ და დისკურსულ ძალაუფლებას ანიჭებს, რომელიც სუვერენიტეტის მიმიკრიის პროცესში აქტიურადაა ჩაბმული. აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვარი დე-იურე საზღვარს სიმულირებს.
საზღვრის ეს მატერიალური დემარკაციები აფხაზეთისთვის უნიკალური არაა. ის, რაც აქ უნიკალურია, გადადებული ბუნდოვნებისა და ამბივალენტურობის, არაწინასწარმეტყველებადობის ატმოსფეროა, რომელიც გაყინული კონფლიქტის საკუთრივ კონტინგენტურობაშია გახვეული. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს დე-იურე ლეგიტიმაციისა და სუვერენიტეტის აღიარების საკითხები საერთაშორისო გეოპოლიტიკურ არენაზე უნდა დადგინდეს, დე-ფაქტო მდგომარეობის მატერიალური და ყოველდღიური ლეგიტიმაცია აქტორთა ქმედებებით, ბიუროკრატიული და სამხედრო აპარატების დასწრებულობით წყდება. სახელმწიფოს ყოველდღიური სინამდვილე წინ უსწრებს სახელმწიფოს იურიდიულ სტატუსს.
აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენულ პოლიტიკურ სუბიექტად აღიარებას უახლოს მომავალში საერთაშორისო არენაზე არ ელიან. მიუხედავად ამისა, ის ახერხებს, საკუთარ დე-ფაქტო სტატუსს დე-ფაქტო სუვერენულობის სიმყარე შესძინოს.
შესაძლოა, საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული დისკურსული სტრატეგია ყველაზე უფრო გამჭრიახი გამოდგეს სტრატეგიათა იმ არსენალიდან, რაც მას პოლიტიკური და სამხედრო ლიმიტების პირობებში ეძლევა. ეს სტრატეგია ემყარება ნარატივს, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი კვლავ საქართველოს ტერიტორიის ნაწილია და უარს ამბობს მასთან, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტთან სახელმწიფოებრივ ურთიერთობაზე.
ომისშემდგომი ლანდშაფტები იმ სტატუს-კვოებზეც მოგვითხრობს, რომლებიც ომამდე არსებობდა ან კონფლიქტის დასრულების შემდეგ შეიქმნა. სუვერენულობის ატმოსფერო არა მხოლოდ გეოპოლიტიკურ ნარატივებში, არამედ ლოკალურ სივრცეთა მატერიალურ რეპრეზენტაციებშიც იჩენს თავს − საგზაო ნიშნებში, ხიდებში, საზღვრის მაკონტროლებელ პუნქტებში, მავთულხლართებში და ა.შ. ეს ლანდშაფტები არასდროსაა უცვლელი, მყარი და ფიქსირებული. მათი კონფიგურაციისა და რეკონფიგურაციის პროცესები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დე-ფაქტო სახელმწიფოთა ანალიტიკური ლექსიკონების შემუშავება უფრო ეფექტური, უფრო მრავლისმომცველი მიდგომებით მხოლოდ ძალაუფლების ამ მყიფე ტოპოგრაფიათა შესწავლითაა შესაძლებელი.
სტატიის მიმოხილვა მომზადებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) და კვინა ტილ კვინას მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში “კონფლიქტების ტრანსფორმაციის წახალისება კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიის კრიტიკული გადააზრების და ქალთა პერსპექტივების გაძლიერებით“.
ინსტრუქცია