[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / თარგმანი

ულტრამემარჯვენეების ანტი-ოსტერიტი* პოლიტიკები

  • ავტორი: მელინდა კუპერი
  • მთარგმნელი: გიორგი ჩუბინიძე

თუკი რაიმე ვისწავლეთ გლობალური ფინანსური კრიზისისგან, ეს არის ის, რომ მკაცრი ფისკალური ეკონომიისადმი წინააღმდეგობა ისევე მოსალოდნელია ულტრამემარჯვენეებისგან, როგორც ულტრამემარცხენეებისგან. პროგრესული თეორეტიკოსები, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ ფინანსური სისტემის აფეთქება ბუნებრივად გადაითარგმნებოდა სოციალ-დემოკრატიული და სოციალისტური ძალების განახლებაში, გაოცებული დარჩნენ, როდესაც საფრანგეთის Front National-მა და იტალიის Lega-მ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღეს და გამოაცხადეს თავი ერთადერთ პარტიებად, რომლებსაც აქვთ ნამდვილი პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის უნარი. აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში, ულტრამემარჯვენე პარტიებმა Golden Dawn-ით და Front National-ით დაწყებული Jobbik-ით და CasaPound-ით დამთავრებული სუვერენული სავალო კრიზისი სათავისოდ გამოიყენეს და თავები წარმოადგინეს როგორც ახალი პოსტ(ნეო) ლიბერალური პოლიტიკური წესრიგის ერთადერთ სერიოზულ არქიტექტორებად. თავიანთი ეკონომიკური დღის წესრიგის დეტალების შესამუშავებლად ისინი ხშირად სესხულობდნენ იდეებს მემარცხენე და ჰეტეროდოქსი ეკონომისტების ნაშრომიდან. ჩვენ მხოლოდ ამ პარტიების პროგრამებს უნდა გადავხედოთ — და მის მიღმა ულტრამემარჯვენე მედიასფეროს — რათა დავინახოთ, რომ ისინი და მათი ამომრჩევლები ხშირად საოცრად კარგად ერკვევიან საბანკო და ფულის შექმნის ჰეტეროდოქსულ თეორიებში და ისევე მზად არიან წარმოადგინონ დეფლაციის საფრთხესთან გამკლავების არატრადიციული გზები როგორც ბევრი მარცხენა ფლანგზე.

ევროზონის მიღმა მყოფ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ხშირად ყოფილი კომუნისტური მემარცხენეობა წლების განმავლობაში საბაზრო რეფორმებისადმი მდუმარე თანხმობის გამო საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენდა, ავტორიტარული ცენტრიზმი ახლა ულტრამემარჯვენეებს ნეოლიბერალური კაპიტალიზმის იმპერიალისტური და გამრყვნელი ზეგავლენის გმობაში ეჯიბრება. უნგრეთში, ულტრამემარჯვენე Jobbik თითქოს არსაიდან აღმოცენდა და 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთავარ პოლიტიკურ ძალად წარსდა, როცა მან თავისი კამპანიის რიტორიკა მემარცხენე და მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების მიერ ათწლეულების განმავლობაში გატარებულ მკაცრი ფისკალური ეკონომიის პოლიტიკაზე გაამახვილა. მისი ლიდერები გმობენ „ნეოლიბერალურ ფსევდოდემოკრატიას — რომელიც თავისუფალი კონკურენციის საფარქვეშ ყოფს საზოგადოებას წვრილ, ძალიან მდიდარ ნაწილსა და სქელ, ძალიან ღარიბ ნაწილს შორის“ და ამავდროულად ადანაშაულებს ევროკავშირს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, გენდერულ დევიანტებს, ბოშებსა და მათ უნივერსალურ სიმბოლურ ეკვივალენტს, საერთაშორისო ებრაელს.[1] მისი 2010 წლის საარჩევნო პროგრამა იწყება იმ დაკვირვებით, რომ „მრავალეროვნული კაპიტალის თავისუფალ მოძრაობაზე დაფუძნებულმა გლობალურმა კაპიტალიზმმა მარცხი განიცადა“ და მოუწოდებს თამამი ახალი ეკონომიკური დღის წესრიგის შექმნისკენ, რომელიც მოიცავს კეთილდღეობის ფონდების გაფართოებას და რენაციონალიზაციას, მულტინაციონალური კორპორაციებისთვის გადასახადებისა და საინვესტიციო სუბსიდიების შეწყვეტას, და ცენტრალური ბანკის პოლიტიკის ეროვნულ ინტერესებისთვის დაქვემდებარებას.[2]

ვინაიდან იძულებული გახდა შებრძოლებოდა ულტრამემარჯვენეების მზარდ პოლიტიკურ გავლენას, ვიქტორ ორბანის ნაციონალისტურმა Fidesz-მა დაუფარავად გამოიყენა Jobbik-ის ეკონომიკური პროგრამის ელემენტები: 2010 წელს მისი არჩევის შემდეგ, ორბანმა ცალმხრივად გააუქმა ოჯახების უცხოურ ვალუტაში არსებული ვალის მეოთხედი, დააწესა კრიზისის გადასახადი უცხოელების საკუთრებაში არსებულ ბანკებზე, ნაციონალიზება გაუკეთა 14 მილიარდ დოლარზე მეტ კერძო საპენსიო აქტივებს და აბუჩად აიგდო ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა.[3] კონკურენტი უნგრეთის სოციალისტურ პარტიისგან განსხვავებით, ორბანმა არ დააყოვნა სსფ-ის [IMF] წესების უგულებელყოფა, რათა შეემცირებინა სახელმწიფო დეფიციტი და ვალი, გამარჯვება მითვისების გზით, რამაც საბოლოოდ და მოულოდნელად მას საერთაშორისო ობლიგაციების ბაზრების მხარდაჭერა მოუპოვა.

ბულგარეთში და რუმინეთშიც ულტრა მემარჯვენეები გამოჩნდნენ, როგორც ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკის ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერები მაოხრებელი საერთაშორისო კაპიტალიზმისა და პოლიტიკური მემარცხენეობის წინააღმდეგ. ვინაიდან ყოფილი კომუნისტური პარტიები საერთაშორისო კრედიტორების დიქტატს ემორჩილებიან, ბულგარული Ataka და დიდი რუმინეთის პარტია გამუდმებით ეწინააღმდეგებოდნენ საგარეო ვალზე დიდძალ დამოკიდებულებას და მოითხოვდნენ ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის დასრულებას.[4] მათი პოლიტიკური წარმოსახვა მიგვანიშნებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირის და შეერთებული შტატების მაქინაციებზე — რომელთა მიღმა ისინი ხედავენ ებრაელ ფულის გამსესხებელთა ინტერნაციონალს — როგორც ეკონომიკური და კულტურული დაკნინების მთავარ შემოქმედებზე.[5]

მაგრამ სწორედ ევროზონაში (რომელიც შედგება ევროს მიმღები ქვეყნებისგან და იცავენ ევროპის სავალუტო კავშირის კონსტიტუციურ წესებს) ულტრამემარჯვენეები იძულებულები გახდნენ ყველაზე დიდი შემოქმედებითობა გამოეჩინათ მკაცრი ფისკალური ეკონომიისა და დაბალანსებული ბიუჯეტის იმპერატივისგან თავის არიდების მცდელობებში. საფრანგეთში, Front National ხშირად მერყეობდა სახელმწიფო ვალის საკითხზე, მაგრამ როდესაც მისი ამჟამინდელი ლიდერი, მარინ ლე პენი, 2012 წელს პარტიის თავმჯდომარე გახდა, მან მიატოვა მამის, ჟან-მარი ლე პენის ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ნაციონალ-სოციალიზმის მაგვარი ექსპანსიური ეკონომიკური ნაციონალიზმის სასარგებლოდ.[6] მის ორ ბოლო საპრეზიდენტო კამპანიაში, მარინ ლე პენმა გამოაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში, Front National გამოვიდოდა ევროზონიდან (რეფერენდუმის შედეგების მოლოდინში) და აღადგენდა ფრანკს, როგორც ეროვნულ ვალუტას ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის.[7] გარდა ამისა, ლე პენმა გააკეთა შეთავაზება გაუქმებულიყო 1973 წლის პომპიდუ-ჟისკარის კანონი, რითაც თითქოსდა ბოლო მოეღო Banque de France-ის შესაძლებლობას სახაზინო ვალების შეძენის გზით „დაბეჭდოს ფული“.[8] Front National-ის გეგმის მიხედვით ორმაგი მიზნის მიღწევა, სახელმწიფო ხარჯების ზრდა და გადასახადების შემცირება, ცენტრალური ბანკის მიერ დაფინანსებული ფისკალური დეფიციტის რეჟიმის დაბრუნებით უნდა მოხდეს, რომელიც საფრანგეთში 1970-იანი წლების დასაწყისამდე წამყვანი პოლიტიკა იყო და რაც ახლა ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის ორთოდოქსიისთვის თითქმის წარმოუდგენელ შეურაცხყოფად მიიჩნევა.

იტალიაში, ულტრამემარჯვენე Lega-ს შიდა ეკონომისტი და Deutsche Bank-ის გაყიდვების ყოფილი მენეჯერი, კლაუდიო ბორგი აკილინი, ასევე მოუწოდებს თავის პარტიას აღადგინოს ლირა და დაავალოს ცენტრალურ ბანკს სახაზინო ვალის მონეტიზაცია. „თუ სახელმწიფოს აქვს საკუთარი ფულში გამოხატული ვალი და აქვს მონეტარული სუვერენიტეტი, ის ვერასოდეს გაკოტრდება, რადგან ის ყოველთვის შეძლებს „დაბეჭდოს“ ის თანხა, რომელიც საჭიროა მის დასაბრუნებლად“.[9] Lega ასევე ეთამაშებოდა „ფისკალური ფულის“ შემოღების იდეას, მთავრობის მიერ გამოშვებულ სავალო ხელწერილს რომელიც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს თავი აარიდოს მკაცრ ფისკალურ ეკონომიას ისე, რომ არ შეილახოს ფულის გამოშვებაზე ევროკავშირის სამართლებრივი მონოპოლია. საინტერესოა, რომ „ფისკალური ფულის“ კონცეფცია პირველად მემარცხენე ეკონომისტთა ჯგუფმა შემოიტანა, რომლებმაც ეს იდეა მთელ პოლიტიკურ სპექტრზე წარმოდგენილ ჯგუფებში გაავრცელეს, ულტრამემარჯვენე Lega-თი დაწყებული, პოლიტიკურად ბუნდოვანი, მაგრამ ზოგჯერ პროგრესული ხუთი ვარსკვლავის მოძრაობით დამთავრებული.[10] ამ ეკონომისტებმა კარგად იციან თავიანთი შეთავაზების ისტორიული წინამორბედები. ისინი აღნიშნავენ, რომ ჰიტლერის ცენტრალური ბანკირი, ჰიალმარ შახტი, იყო პირველი, ვინც წარმატებით შექმნა ფისკალური ფულის პარალელური რეჟიმი იმ ვითარებაში, რომელიც ძალიან ჰგავს ევროზონის პერიფერიული ეკონომიკების მდგომარეობას და ამტკიცებენ, რომ დღეს უნდა მივუბრუნდეთ ასეთ რადიკალურ ზომებს.[11]

შორს გახედვა არაა საჭირო იმისთვის რომ ვიპოვოთ არატრადიციული ეკონომიკური პოლიტიკისადმი ამ განახლებული ინტერესის მიზეზები. კრიზისის კვალად, ცენტრალურმა ბანკებმა უცხო წყლებში თავადვე შეტოპეს ღრმად, შემოიღეს ექსპანსიური ბალანსის სტრატეგიები, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა უახლოეს წარსულში და ეჯახებოდნენ პრობლემებს (როგორიცაა თითქმის ნულოვანი საპროცენტო განაკვეთები და არასაკმარისი ინფლაცია), რომლებიც უბრალოდ არნახული იყო უფრო წყნარ პერიოდებში.[12] თუმცა, იმავდროულად, სახელმწიფოებს უჭირდათ გამოეყენებინათ თავიანთი სრული ფისკალური შესაძლებლობები ეკონომიკის სტიმულირებისთვის, რადგან ნეოლიბერალური ფინანსური დოგმები კვლავ განსაზღვრავდა გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ხარჯებთან დაკავშირებით. ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის მანტრის ერთ-ერთი გაუთვალისწინებელი შედეგია ის, რომ მონეტარული ხელისუფლება ბევრად უფრო აქტიური და პოლიტიკურად ჩართული იყო კრიზისზე რეაგირებაში, ვიდრე არჩეული მთავრობები. იმ კონტექსტში, როდესაც სახელმწიფოების მხრიდან ფისკალური აქტივობები კვლავ მკაცრადაა შეზღუდული, თითქოს დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკები იძულებულები არიან სახელმწიფოების უმოქმედობის კომპენსირებისთვის გამოიყენონ თავიანთი აღმასრულებელი უფლებამოსილებები (ბერნანკეს მსგავსი ცენტრალური ბანკირების სამწუხაროდ).[13]

ისტორიული ირონია იყო იმ პოლიტიკური კლასის წევრებისთვის, რომლებიც წუხდნენ ფაქტზე, რომ მთავრობის ქმედებები ასე პარალიზებული იყო დაბალანსებული ბიუჯეტის დოგმით იმ დროს, როცა ვალი თითქმის უფასო იყო (თითქმის ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის წყალობით) და ცენტრალური ბანკები აკრობატულ მოძრაობებს ასრულებდნენ ინფლაციის სტიმულირებისთვის. გასაკვირი არ არის რომ არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად მეინსტრიმ ეკონომისტებიც კი ყველაზე არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღებაზე ფიქრობდნენ. მათ შორის, ვინც ლოურენს სამერსის მსგავსად, მოითხოვდა სახელმწიფო ვალის ბევრად უფრო ფართო გამოყენებას გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად[14], ვინც იხსენებს, რომ მილტონ ფრიდმანმაც კი რეკომენდაცია გაუწია ცენტრალური ბანკის მიერ ფულის შექმნას (ე.წ. ვერტმფრენის ფული) იმ კონტექსტში, სადაც დეფლაცია და არა ინფლაცია იყო უპირველესი საფრთხე[15] და ისინიც, ვინც ინგლისის ბანკის ადირ ტერნერის მსგავსად, რეკომენდაციას უწევდა ცენტრალური ბანკის მიერ ფულის შექმნის უფრო დემოკრატიულ გამოყენებას ფისკალური დეფიციტისა და სახელმწიფო ხარჯების დასაფინანსებლად. როგორც ტერნერი განმარტავს, ეგრეთ წოდებული „მონეტარული დაფინანსება“ - პროცესი, რომელშიც ცენტრალური ბანკი სახაზინო ობლიგაციების შეძენით სახელმწიფოსთვის ex nihilo ქმნის ფულს  - გამოცხადდა აკრძალულად 1970-იანი წლების ბოლოს, როდესაც მას ბრალად დაედო მზარდი სახელფასო მოთხოვნების დაკმაყოფილების და ჰიპერინფლაციის გამოწვევის ცოდვა.[16] მაგრამ ფინანსური კრიზისის ფონზე რაოდენობრივი შერბილების ფართოდ გამოყენებამ - კერძო ფინანსური ინსტიტუტების სამსახურში ფულის შექმნის პრაქტიკამ - ბევრს აიძულა ეს ტაბუ კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. თუ კერძო საბანკო სექტორის შესანარჩუნებლად ცენტრალურ ბანკს „ფულის დაბეჭდვა“ შეუძლია, კითხულობს ტერნერი, რატომ არ შეგვიძლია იგივე ტექნიკა საზოგადოებრივი კეთილდღეობის სამსახურში გამოვიყენოთ?

სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა EMU-ს წევრ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ხარჯებსა და ფულის შექმნაზე დაწესებული შეზღუდვები არა მხოლოდ კონვენციური, არამედ კონსტიტუციურია, შესაბამისად, თითქმის შეუძლებელია თავად ევროზონის ძირეული რეფორმირების გარეშე მასთან დაპირისპირება. ჰეტეროდოქსმა (პოსტ-კეინსიანური) და მეინსტრიმ (ახალი კეინსიური) ეკონომისტებმა უკვე დიდი ხნის წინ შეამჩნიეს რომ მაასტრიხტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მონეტარულ და ფისკალურ კონსტიტუციას - რომელიც მას შემდეგ მრავალი ხელშეკრულებითა და პაქტით დაზუსტდა - ფუნდამენტური ხარვეზები აქვს, რაც მდგრადი პოლიტიკური კავშირის ნებისმიერ პერსპექტივას განწირულს ხდის.[17] მაშინ როდესაც სხვა ცენტრალური ბანკების უმეტესობა მხოლოდ ფულის ლიმიტირებული შექმნის კონვენციითაა შეზღუდული, ევროპის ცენტრალურ ბანკს [ECB] კონსტიტუციურად ეკრძალება წევრი ქვეყნების ვალების მონეტიზება, თუმცა მას არ შეუძლია სტიმულირების ალტერნატიული მექანიზმის შეთავაზება, ვინაიდან მას არ აქვს ფისკალური ინსტიტუტი (მაგალითად, აშშ-ს ხაზინის მსგავსი), რამაც შეიძლება შეავსოს ცალკეული სახელმწიფოების მკვეთრად შესუსტებული ხარჯვითი შესაძლებლობები.[18] მისი ქმედებები რეცესიული მოვლენების ფონზე, როგორიცაა 2010 წლის (და შემდგომი) სუვერენული ვალის კრიზისი, როგორც ჩანს, გათვლილია ეკონომიკური გაჯანსაღების ნებისმიერი იმედის მოკვლაზე: ECB დეფიციტურ ქვეყნებს მუდმივად აიძულებდა სახელმწიფო ხარჯების შემცირებას, აქტივების პრივატიზებას და რეგრესული გადასახადების შემოღებას, ინტერვენციებს, რომლებიც მშპ-ს მიმართ ვალს აუცილებლად გაზრდიან და მის დაფარვას შორეულ მომავალში გადადებენ. EMU-ს მხრიდან ყოველგვარი მოქნილობის არარსებობის პირობებში, ნებისმიერი ქვეყანა ან პოლიტიკური პარტია, რომელსაც სურს თავი აარიდოს დამანგრეველ საბიუჯეტო შეზღუდვებს, ძალიან შემოქმედებითი უნდა იყოს ალტერნატივის წარმოდგენის მცდელობაში — ან უნდა განიხილოს სრული გასვლის საფრთხე. ამ ვითარებაში, მეინსტრიმ ეკონომისტებსაც კი, როგორიცაა ჯოზეფ სტიგლიცი, როგორც ჩანს ესმით რომ ფისკალური ფულის ან პარალელური ვალუტის შექმნა - რაც ნებისმიერი სტანდარტით შორსაა მეინსტრიმული მაკროეკონომიკური წესებისგან - ახლა შეიძლება ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა იყოს ევროზონის პერიფერიული ქვეყნებისთვის.[19]

მე მოცემულობად ვიღებ რომ სახელმწიფოს დაფინანსების სხვადასხვა მეთოდებს - საჯარო სესხებით დაწყებული მონეტარული დაფინანსებით დამთავრებული - არ აქვთ a priori პოლიტიკური მრწამსი და შეიძლება ისინი სახელმწიფო ხარჯვის საკმაოდ განსხვავებული პოლიტიკებისთვის გამოიყენონ.[20] სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჯარო ფინანსების არატრადიციულ მეთოდებს, როგორიცაა მონეტარული ფინანსები ან ფისკალური ფული, არ აქვთ ექსკლუზიური კავშირი არც კომუნიზმთან და არც ფაშიზმთან, თუმცა ისინი, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგებიან (ნეო)ლიბერალურ წანამძღვრებს გონივრული ფინანსებისა და მუდმივი ოსტერიტის თაობაზე.

მაშ, რა განსხვავებაა ულტრამემარცხენეებისა და ულტრამემარჯვენეების ანტი-ოსტერიტი პოლიტიკებს შორის? და როგორ უნდა უპასუხოს მემარცხენეობამ ულტრამემარჯვენე მოძრაობებს, რომლებიც არანაკლებ მოწადინებულები არიან წარმოადგინონ ნეოლიბერალური ოსტერიტის რადიკალური ალტერნატივები? უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რა განსხვავება უნდა იყოს ულტრამემარცხენეებისა და ულტრამემარჯვენეების ანტი-ოსტერიტი პოლიტიკებს შორის? ეს განსხვავება მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როცა ზოგიერთი მემარცხენე საზღვრების წაშლას ამჯობინებს და, მაგალითად, დაჟინებით ამტკიცებს რომ ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებისადმი მხარდაჭერა წარმოადგენს მუშათა ცნობიერების გამრუდებულ ფორმას; ცნობიერებას, რომელიც პოტენციურად გასწორებადია; რომ „ჩვენ ელიტებმა“ უნდა გავითვალისწინოთ თეთრი მუშათა კლასის წუხილები, მაშინაც კი, როცა ისინი მარჯვნივ იხრებიან; ან უფრო მარტივად, რომ ეროვნული Volk-ი თანაბრად დაცული უნდა იყოს ფინანსური კაპიტალისა და მიგრანტების უძირობისგან.[21] ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა მემარცხენე ეკონომისტები ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე ევროკავშირის მოწინააღმდეგე პარტიებს კოალიციის შექმნისკენ მოუწოდებენ (ჟაკ საპირი საფრანგეთში) ან როცა თავიანთ ბედს ღიად უკავშირებენ ულტრა მემარჯვენეებს (პოსტ-კეინსიანელი ალბერტო ბანაი იტალიაში). მემარცხენეებს ყოველთვის ჰქონდათ ცდუნება ულტრამემარჯვენეების ანტიკაპიტალიზმი მსჯელობის გარეშე მოეშორებინათ, როგორც ელიტური მოტყუების ფორმა, რომელიც ნიღბავს მათ რეალურ კოალიციას გლობალურ ფინანსებთან (გაიხსენეთ ეგრეთ წოდებული დიმიტროვის დოქტრინა, რომლის მიხედვითაც „ფაშიზმი თავად ფინანსური კაპიტალის ძალაუფლებაა“, „ფინანსური კაპიტალის ყველაზე რეაქციული, ყველაზე შოვინისტური და ყველაზე იმპერიალისტური ელემენტების ღია, ტერორისტული დიქტატურა“).[22]

სანაცვლოდ, ეს სტატია ცდილობს  ულტრამემარჯვენეების ეკონომიკური პოლიტიკა ფისკალური ოსტერიტის რეალურ — და არა დივერსიულ ან ფიქტიურ — ალტერნატივად განიხილოს, რომლის განმასხვავებელი მმართველი ლოგიკა ჯერ კიდევ გამოსარკვევია. მე ვიწყებ ულტრამემარჯვენეების არატრადიციული ეკონომიკური ექსპერიმენტების ხანგრძლივ ისტორიაში ჩაღრმავებით, რათა გავაშუქო როგორც ის სპეციფიკური გარემოებები, რომლებშიც ულტრამემარჯვენეებმა ეკონომიკური ლიბერალიზმის კრიტიკა განავითარეს და ამ კრიტიკის სპეციფიკური ფორმა მემარცხენე კონკურენტებთან მიმართებით. მე მივუთითებ შემაშფოთებელ პარალელებზე დიდი დეპრესიის გერმანულ გამოცდილებასა და სუვერენული ვალის კრიზისს შორის, რომელიც ამჟამად ევროზონის პერიფერიულ ქვეყნებს აწუხებს და განვიხილავ იმ ანტილიბერალურ ეკონომიკურ ფილოსოფიას, რომელიც ასაზრდოებდა ადრეულ ნაციონალ-სოციალიზმს და მესამე რაიხის დროს მის პრაქტიკულ თარგმანს  გერმანიის ცენტრალური ბანკის ჰეტეროდოქსულ ეკონომიკურ პრაქტიკაში. მე ვფიქრობ რომ მესამე რაიხის მზადყოფნა მიეღო ოსტერიტის ჰეტეროდოქსული ალტერნატივა, ხსნის მის საყოველთაო სახალხო წარმატებას მათი მმართველობის პირველ წლებში. შემდეგ ვუბრუნდები აწმყოს, რათა შევაფასო თანამედროვე ევროპელი ულტრამემარჯვენეების ნაციონალ სოციალური (განსხვავებით ნაციონალურ ნეოლიბერალურისგან) ფრონტის საფრთხე, განსაკუთრებით საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში განვითარებული უახლესი მოვლენების ფონზე. ულტრამემარჯვენეების ნაციონალ სოციალური თუ ანტინეოლიბერალური კომპონენტი არ წარმოადგენს დღევანდელ ევროპაში ნეოფაშისტური ტენდენციების მთელ სპექტრს. მართლაც, ბოლო დრომდე, ულტრამემარჯვენეების ნაციონალ ნეოლიბერალური კომპონენტი ბევრად მძლავრობდა. ორივე ტენდენცია უკიდურესად საშიშია. მაგრამ ულტრამემარჯვენეების ნაციონალ სოციალური კონფიგურაცია გამორჩეულ საფრთხეს უქმნის მემარცხენეებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მემარცხენეებს უჭირთ ევროპის სავალუტო კავშირში ჩაშენებული ოსტერიტის მანდატის ძირეული პოლიტიკური ალტერნატივის განხორციელება.

სუვერენული ვალის კრიზისის წინაშე ევროპული ხელისუფლებების უკომპრომისობამ  - მათმა გადაულახავმა აკვიატებამ დაეცვათ საერთო ვალუტის ღირებულება, მისი წევრი ქვეყნებისა და ხალხების მიერ გადახდილი ფასის სრული უგულვებელყოფით - საბოლოოდ გააქრო აპოლიტიკური ფულის მითი. თუმცა ბუნდოვნად რჩება ის თუ ვინ გამოვა გამარჯვებული ამ მითის მსხვრევით, ულტრამემარცხენეები თუ ულტრამემარჯვენეები. ევროპის მასშტაბით, ნაციონალ სოციალური ულტრამემარჯვენეები ითხოვენ საჭირო ნებისმიერი გზით ოსტერიტის შეწყვეტას და ექსპანსიურ ფისკალურ პოლიტიკასთან დაბრუნებას. ამგვარად, ისინი იმავე ნავში სხედან რომელშიც ცენტრისტი პრაქტიკოსები, როგორიცაა ადირ ტერნერი Bank of England-ში, სოციალ-დემოკრატი ფულის აქტივისტები, როგორიცაა Positive Money-ის ჯგუფი და ფისკალური ფულის ან ე.წ. გეგმა B-ს ულტრამემარცხენე მხარდამჭერები, რომელთაგან ყველა იბრძვის ფულის შექმნის ახალი პოლიტიკისთვის და საჯარო ფინანსების ახალი წარმოსახვის განვითარებისთვის. ანტიკაპიტალისტური და ანტიფაშისტური მემარცხენეებისთვის ფსონი არ შეიძლება იყოს უფრო მაღალი. საბერძნეთში ულტრამემარცხენე ეკონომიკური ალტერნატივის დამარცხებამ და სოციალ-დემოკრატი მემარცხენეების შემდგომმა წარუმატებლობამ გაეტარებიათ ევროზონის თუნდაც მოკრძალებული რეფორმა, ულტრამემარჯვენეებისთვის კარი ფართოდ გაღებული დატოვა. ნეოლიბერალური პარტიების გამარჯვებამ საფრანგეთსა და ნიდერლანდებში დრო მოიგო, მაგრამ ვერ გადალახა ვერც ევროზონის ეკონომიკური სტაგნაცია და ვერც ულტრამემარჯვენეების საფრთხე. ის თუ როგორ გავიგებთ ამ კონიუნქტურას და როგორ ჩავერევით მასში, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუკი უარესის თავიდან აცილება გვინდა, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ადრე უკვე ნანახი გვაქვს.

თარგმანი სრულად ხელმისაწვდომია მიმაგრებულ ფაილში

ულტრამემარჯვენეების_ანტი-ოსტერიტი_პოლიტიკები_1639582542.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] როგორც ციტირებულია მიჰაი ვარგას მიერ, “Hungary’s ‘Anti-Capitalist’ Far-Right: Jobbik and the Hungarian Guard,”-ში Nationalities Papers 42, no. 5 (2014): 798.

[2] როგორც ციტირებულია ვარგას მიერ, “Hungary’s ‘Anti-Capitalist’ Far-Right,”-ში 798.

[3] Juliet Johnson and Andrew Barnes, “Financial Nationalism and Its International Enablers: The Hungarian Experience,” Review of International Political Economy 22, no. 3 (2015): 535–69, and Andrea L. P. Pirro, “Hardly Ever Relevant? An Appraisal of Nativist Economics through the Hungarian Case,” Acta Politica 52, no. 3 (2017): 339–60.

[4] Pirro, “Hardly Ever Relevant?,” 345.

[5] Kristen Ghodsee, “Left Wing, Right Wing, Everything: Xenophobia, Neo-Totalitarianism, and Populist Politics in Bulgaria,” Problems of Post-Communism 55, no. 3 (2008): 26–39.

[6] ამ ცვლილების შესახებ იხილეთ Gilles Ivaldi, “Towards the Median Economic Crisis Voter? The New Leftist Economic Agenda of the Front National in France,” French Politics 13, no 4 (2015): 346–69. 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენის დამარცხების შემდეგ Front National-ს Rassemblement National დაერქვა. თუმცა, მთელ ამ თავში მე გამოვიყენებ ტერმინს „Front National“, ვინაიდან ძირითადად საუბარი მაქვს 2017 წლამდე მოვლენებზე.

[7] . Rémi Bazillier et al., Petit manuel économique anti-FN (Paris: Le Cavalier Bleu, 2017), 49–69.

[8] Alexis Le Castel, Marine le Pen n’est pas celle que vous croyez (Paris: Editions Lulu, 2013), 27. ეს ბროშურა აჯამებს Marine le Pen-ის 2012 წლის საარჩევნო პროგრამას, რომელიც ონლაინ აღარ არის ხელმისაწვდომი. ფაქტობრივად, როგორც ბენჟამინ ლემუანმა დაწერა, 1973 წლის კანონი ხაზინასა და Banque de France-ის თანამშრომელთა უმრავლესობისთვის მეტისმეტად მიიჩნეოდა. ხაზინა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა ცენტრალური ბანკისთვის პირდაპირ მიეყიდა თავისი ვალი. თუმცა, მას შეეძლო ცენტრალური ბანკისგან სესხის აღება დაბალი პროცენტით ან უპროცენტოდ. ეს შესაძლებლობა შემდგომში აღკვეთა 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულებამ, რაც, შესაბამისად, წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ინტერვენციას; იხილეთ Lemoine, L’ordre de la dette: Enquête sur les infortunes de l’état et la prospérité du marché (Paris: La découverte, 2016), 33–44.

[9] Claudio Borghi Aquilini, Basta Euro: Come uscire dall’incubo (Milan: Lega Nord, 2014), 13–14.

[10] Biagio Bossone, Marco Cattaneo, Enrico Grazzini, and Stefano Sylos Labini, eds., Per una moneta fi scale gratuita: Come uscire dall’austerità senza spaccare l’Euro (Rome: MicroMega, 2015), and Monica Rubino, “I ‘prof’ della moneta fiscale: ‘Uno strumento trasversale utile al futuro governo del paese,’ ” La Repubblica, March 28, 2017,http://www.repubblica.it/politica/2017/03/28/news/i_prof_della_moneta_fiscale_uno_strumento_trasversale_utile_al_futuro _governo_del_paese_-161623442/.

[11] Bossone and Labini, “Macroeconomics in Germany: The Forgotten Lesson of Hjalmar Schacht,” VOX: CEPR’s Policy Portal, July 1, 2016, http:// voxeu.org/article/macroeconomics-germany-forgotten-lesson-hjalmar-schacht.

[12] Andrew Bowman et al., “Central Bank-Led Capitalism?” Seattle University Law Review 36, no. 2 (2013): 455–87.

[13] Matthew O’Brien, “Bernanke’s Secret Message to Congress: More Stimulus, Please,” Atlantic, December 28, 2012.

[14] . J. Bradford Delong and Lawrence Summers, “Fiscal Policy in a Depressed Economy,” Brookings Papers on Economic Activity, March 20, 2012.

[15] Milton Friedman, “A Monetary and Fiscal Framework for Economic Stability,” American Economic Review 38, no. 3 (1948): 245–64; Ben Bernanke, “Deflation: Making Sure ‘It’ Doesn’t Happen Here; Remarks by Governor Ben S. Bernanke before the National Economists Club, Washington, D.C,” Federal Reserve Board, November 21, 2002.

[16] Adair Turner, Between Debt and the Devil: Money, Credit, and Fixing Global Finance (Princeton, N.J.: Princeton University Press, 2015).

[17] იხილეთ, მაგალითად, Bill Lucarelli, “German Neomercantilism and the European Sovereign Debt Crisis,” Journal of Post Keynesian Economics 34, no. 2 (December 2011): 205–24, და Joseph E. Stiglitz, The Euro and Its Threat to the Future of Europe (London: Penguin, 2016).

[18] Lucarelli, “German Neomercantilism,” 210–17

[19] Stiglitz, “How to Exit the Eurozone,” Politico, June 26, 2018.

[20] ამ მხრივ, მე მივყვები აბბა პ. ლერნერის დაკვირვებას, რომელმაც წამოაყენა იდეა რომ ფინანსების სხვადასხვა გამოყენებები მხოლოდ „ფუნქციური“ თვალსაზრისით უნდა გავიგოთ. ლერნერის სიტყვებით, „ფუნქციური ფინანსები არსებითად არ არის დაკავშირებული დემოკრატიასთან ან კერძო ბიზნესთან. ის ესადაგება როგორც კომუნისტურ საზოგადოებას, ასევე ფაშისტურ საზოგადოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებას. ის ესადაგება საზოგადოებას, რომელშიც ფულის გამოყენება ეკონომიკური მექანიზმის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ის მარტივ პრინციპის გულისხმობს, რომ უნდა დავთმოთ ჩვენი წინასწარგანწყობები იმის შესახებ, თუ რა არის სათანადო ან სწორი ან ტრადიციული, იმის შესახებ, თუ რა არის „გაკეთებული“ და ამის ნაცვლად, განიხილოს სახელმწიფო გადასახადებისა და ხარჯების, სესხებისა და დაკრედიტების შესრულებული ფუნქციები ეკონომიკაში“; ლერნერი, „ფუნქციური ფინანსები და ფედერალური ვალი“, სოციალური კვლევა 10, No. 1 (1943): 50–51.

[21] იხილეთ, მაგალითად, Wolfgang Streeck, “The Return of the Repressed,” New Left Review 104 (2017): 5–18.

[22] დიმიტროვის დოქტრინა ეხება ბულგარეთის კომუნისტი ლიდერის, გეორგი დიმიტროვის ნაშრომს; Dimitrov, The Fascist Offensive and the Tasks of the Communist International in the Struggle of the Working Class against Fascism, Main Report Delivered at the Seventh World Congress of the Communist International 1935 (New York: Prism Key, 2012), 11.

ინიძე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“