[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / თარგმანი

გენდერი როგორც სიმბოლური წებო: როგორ იქცა „გენდერი“ გამაერთიანებელ ტერმინად (ნეო)ლიბერალური წესრიგის უარყოფისთვის

ავტორები: ვერონიკა გრზებალსკა, ესტერ კოვაცი და ანდრეა პეტო

მთარგმნელი: ლაშა ქავთარაძე

‘მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ვიდრე რომი იწვის, ის ვიოლინოზე უკრავს. თუმცა მას ორი რამის გამო შეიძლება მიეტევოს: არ იცის რომ ვიოლინოზე უკრავს და არ იცის რომ რომი იწვის.’

ლეო შტრაუსი

წიგნში, „ანტიკური და თანამედროვე ლიბერალიზმი“, ლეო შტრაუსი პოლიტიკის მეცნიერებებზე მსჯელობისას მის იმჟამინდელ მდგომარეობას იმპერატორ ნერონთან მწვავე შედარებების მეშვეობით აღწერდა, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ვიოლინოზე უკრავდა, როდესაც რომი იწვოდა. ეს მეტაფორა ბრექსიტისა და ტრამპის შემდგომი პერიოდში პროგრესულ ელიტებზე ზუსტი რეფლექსიისთვისაც გამოდგება; ისინი კვლავაც ინარჩუნებენ „ყველაფერი წესრიგშია“ დამოკიდებულებას, მაშინ, როდესაც თვით ლიბერალური დემოკრატიის საფუძვლები დგას საფრთხის წინაშე. ასეთ ელიტებში შედიან წამყვანი პოლიტიკოსები, რომლებიც„დემოკრატიის დაცვის“ ლოზუნგით სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად საზოგადოებრივი სენტიმენტების მობილიზებას ცდილობენ, ადამიანის უფლებათა აქტივისტები, რომლებიც თავიანთი მიდგომების სამართლიანობით აპელირებენ, პოლიტიკური ექსპერტები, რომლებიც „გენდერული მეინსტრიმინგის“ მსგავსი ტექნოკრატიული გამოსავლების ძიებით არიან დაკავებულები, ფემინისტი მკვლევრები, რომლებიც ყოველგვარი ახლისა და უცნობის შემოჭრის წინააღმდეგ „კომპრომისზე წასვლისა და გაგების მოწოდების უარყოფით“ იცავენ თავს, რის შედეგადაც ტლანქ კატეგორიებსა და ღირებულებებში მომწყვდეულები თავად აღმოჩნდებიან ხოლმე. ასეთი დამოკიდებულებები სათავეს იღებს რწმენაში, რომ ეს პროგრესული ელიტები ბუნებრივად ისტორიის სწორ მხარეს არიან მოქცეულები და ამიტომაც „ყველაფერი წესრიგშია“ მიდგომა ვიოლინოზე დაკვრასავით ამაო სულაც არაა. ამავდროულად, პროგრესული ელიტა არაფრად აგდებს იმ ფაქტს, რომ რომი უკვე ცეცხლის ალშია გახვეული. გრამშის სიტყვებით რომ ვთქვათ, გლობალური (ნეო)ლიბერალური დემოკრატიული წესრიგი კრიზისშია და ვიდრე ახალი პარადიგმები გაჩნდება ტანჯვითა და წამებით, ათასგვარ სნეულებას ეძლევა ზედაპირზე ამოტივტივების საშუალება.

ასეთი გარდამავალი ეპოქისთვის დამახასიათებელი სნეულებების ერთ-ერთი სიმპტომი ანტილიბერალიზმია; სისტემა, რომელიც სამოქალაქო ლიბერალიზმის (შეკავებისა და გაწონასწორების პოლიტიკის, სამოქალაქო უფლებების) უარყოფას ეფუძნება, თუმცა ამ პროცესში მთლიანად დემოკრატიას უთხრის საძირკველს.

რეალობის ზედმეტი გამარტივება იქნებოდა იმის თქმა, რომ კაჩინსკი, ორბანი და ტრამპი ძალაუფლებაში მხოლოდ და მხოლოდ ქალებისა და ჰომოსექსუალების საყოველთაო და ღრმად გამჯდარი სიძულვილის დამსახურებით მოვიდნენ. სინამდვილეში, ამომრჩეველთა დიდი ნაწილისათვის თანასწორობის პოლიტიკა, იქნება ეს ვიწრო გაგებით უთანასწორობის სხვადასხვა ფორმის აღმოფხვრისაკენ მიმართული, თუ მომავლის პოზიტიური, პროგრესული სიმბოლო, ყველა იმ უბედურების აღმნიშვნელად იქცა, რაც თანამედროვე პოლიტიკას სჭირს.

„გენდერის იდეოლოგიის“ როგორც მტრის ხატის დაბადება

გასულ წლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო მძლავრი, ტრანსნაციონალური სოციალური მოძრაობების მობილიზება საერთო მტრის წინააღმდეგ, რომელსაც დასავლეთის ქვეყნების დიდ ნაწილში „გენდერის იდეოლოგიასა“ და „კულტურულ მარქსიზმს“ უწოდებენ, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში „გეიევროპას“, ხოლო ამერიკაში „პოლიტკორექტულობას“. აღნიშნულმა მოძრაობებმა წარმატებით მოახერხეს ადამიანების მობილიზება ადამიანის უფლებებთან და თანასწორობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის წინააღმდეგ, როგორიცაა ქალთა რეპროდუქციული უფლებები, ლგბტ საკითხები, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები და გენდერული მეინსტრიმინგი, სქესობრივი განათლება, გენდერის კვლევები როგორც აკადემიური დარგი და პოლიტკორექტულობა. ამ კამპანიის პიკში ჩვეულებრივ ამბად იქცა „გენდერის იდეოლოგიის“ ანდა პოლიტკორექტულობის ნაციზმისა და ლენინიზმის რეინკარნაციად გამოცხადება (პოლონელი პარლამენტარი ბიტა კემპა), რომელიც ხალხს იმონებს (უკრაინელი არქიეპისკოპოსი სვიატოსლავ შევჩუკი), რომელიც წარმოადგენს პედოფილიის მსგავს საფრთხეს ბავშვებისთვის (სლოვაკი პარლამენტარი პავოლ გორისაკი) და რომელსაც ბრალად ედება ამერიკული უნივერსიტეტის კორპუსების „სუროთი დაფარულ ჩრდილოეთ კორეად ქცევა“ (ამერიკელი საჯარო ინტელექტუალი უილიამ ლინდი).

პოლიტიკურ დისკურსში „გენდერზე საუბრის“ გამოჩენამ არსებითად შეცვალა სიტუაცია გენდერის მკვლევრებისა და აქტივისტებისათვის, რომლებიც უკვე ათწლეულების განმავლობაში ჩიოდნენ მათი გეტოიზაციის შესახებ. მათმა კრიტიკულმა პერსპექტივამ, რომელიც მარგინალურად აღიქმებოდა, სხვა დისციპლინებში ფეხი ვერ მოიკიდა, მათი დეპარტამენტები უნივერსიტეტების კორპუსების სარდაფებსა და სხვენებზე გაამწესეს, ხოლო მათი პოლიტიკური მიზნები საკმარისად არ დაფინანსდა და პარტიული პროგრამების ბოლოში გადაისროლეს. ბოლოდროინდელი ანტილიბერალური პოპულისტური თავდასხმის შედეგად კი, რომელსაც პარადიგმის ცვლილება სურდა, ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. სიტყვა „გენდერს“ მემარჯვენეები ახლა უკვე (ნეო)ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ მხარდამჭერების მობილიზებისათვის იყენებენ. იმის გამო, რომ გენდერი და თანასწორობა აღნიშნული ანტილიბერალური მოძრაობების ცენტრალურ ცნებებს წარმოადგენს, ბევრი პოლიტიკური კომენტატორი ახლა უკვე თავად მათ განიხილავს პრობლემურად; ხოლო ეს რიტორიკა გაიგება როგორც ლაშქრობა ემანსიპატორული პოლიტიკის წინააღმდეგ, როგორც ფუნდამენტალისტების მობილიზება ფემინიზმისა და სექსუალური უმცირესობების უფლებების მიღწევების წინააღმდეგ და ქალებისადმი ფარული სიძულვილის ამოხეთქა. თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს მთლად ასე სულაც არ არის.

გენდერი როგორც „სიმბოლური წებო“

იმისათვის რომ აღნიშნული ფენომენი გავიაზროთ და ამ პარადიგმულ ცვლილებაში გენდერის პოლიტიკის გადამწყვეტი როლი გამოვყოთ, შემოგვაქვს გენდერის როგორც „სიმბოლური წებოს“ ცნება.

ამ მეტაფორამ ანტილიბერალურ ძალებს შესაძლებლობა მისცა, რომ გარე სამყაროსადმი ადამიანთა გრძნობები გადმოეცათ და ისინი თანასწორობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი მიემართათ, რაც სხვადასხვა გზით მოხდა.

პირველ რიგში, დინამიკის გაჩენით, რომელშიც „გენდერის“ ცნება საშიშ კონცეფციად აღიქმება, მემარჯვენეებმა ერთი საერთო ტერმინის ქვეშ თავი მოუყარეს პროგრესული დღის წესრიგისათვის მიწერილ სხვადასხვა სადავო საკითხს. „გენდერული იდეოლოგია“ დემოკრატიული რეპრეზენტაციის მარცხის აღმნიშვნელად იქცა, ხოლო აღნიშნული იდეოლოგიისათვის წინააღმდეგობის გაწევა თანამედროვე სოციოეკონომიკური წესრიგის სხვადასხვა ასპექტის უარყოფის მეთოდი გახდა, მატერიალური საკითხებთან შედარებით იდენტობის პოლიტიკისათვის პრიორიტეტის მინიჭებიდან და ადამიანების სოციალური, კულტურული და პოლიტიკური უსაფრთხოების პირობების გაუარესებიდან მოყოლებული, სოციალური და პოლიტიკური ელიტების განყენებულობითა და ტრანსნაციონალური ინსტიტუციებისა და გლობალური ეკონომიკის ერ-სახელმწიფოებზე არსებული გავლენებით დამთავრებული.

მეორე რიგში, „გენდერის იდეოლოგიის“ დემონიზება „საღი აზრის“ ახლებური გაგების ჩამოყალიბების პროცესში ფართო აუდიტორიისათვის იქცა მნიშვნელოვან რიტორიკულ ინსტრუმენტად; ერთგვარ კონსენსუსად თუ რა მიიჩნევა ნორმალურად და ლეგიტიმურად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საზოგადოების მობილიზაცია, რომელიც „გენდერის იდეოლოგიასთან“ და პოლიტკორექტულობასთან წინააღმდეგობაზეა დაფუძნებული უბრალოდ საკუთარი მოწინააღმდეგეების მსოფლმხედველობის დემონიზებას კი არ ახდენს და ადამიანის უფლებების პარადიგმას კი არ უარყოფს, რომელთან დაკავშირებითაც ევროპასა და ჩრ. ამერიკაში მეტნაკლები კონსენსუსი არსებობდა. არამედ, ისინი გვთავაზობენ მისაღებ და სიცოცხლისუნარიან ალტერნატივას, რომელიც აქცენტს აკეთებს ოჯახზე, ერზე, რელიგიურ ღირებულებებსა და სიტყვის თავისუფლებაზე, რომელიც ერთობ მიმზიდველად გამოიყურება, ვინაიდან ინდივიდის პირადი არჩევანის პოზიტიურ იდენტიფიკაციას ემყარება და რომელიც ინდივიდუალიზმისა და ატომიზაციისაგან თავის დასახსნელად უსაფრთხო და საიმედო თავშესაფარს გვთავაზობს.

მესამე რიგში, „გენდერის პოლიტიკასა“ და „კულტურულ მარქსიზმთან“ წინააღმდეგობამ მემარჯვენეებს შესაძლებლობა მისცა, რომ შეექმნათ ფართო ალიანსი და გაეერთიანებინათ სხვადასხვა აქტორები, რომლებიც წარსულში თანამშრომლობის მაინცა და მაინც დიდ სურვილს არ გამოთქვამდნენ: სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიები, ორთოდოქსი ებრაელები, ფუნდამენტალისტი მუსლიმები, წამყვანი კონსერვატორები, რადიკალური მემარჯვენე პარტიები, ფუნდამენტალისტური ჯგუფები და ზოგიერთ ქვეყანაში ფეხბურთის ხულიგანი გულშემატკივრებიც კი.

კრიტიკის სერიოზულად მიღება

ცხადია, რომ ანტილიბერალური პოპულისტური რევოლუციის წარმატებას, რომელიც გენდერული თანასწორობის როგორც „სიმბოლური წებოს“ რიტორიკას იყენებს, მხოლოდ და მხოლოდ გავლენიანი დისკურსისა და პოლიტიკური მობილიზაციის ჭკვიანური სტრატეგიის შედეგად ვერ დავინახავთ. მას გაცილებით უფრო ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და ევროპაში ადამიანთა ჯგუფების ექსკლუზიისა და მარგინალიზების იდეოლოგიებისა და პრაქტიკების „შავ-ბნელ მემკვიდრეობას“ წარმოადგენს, რომელიც 1945 წლის შემდგომ ჩამოყალიბებულ ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს ეგონა, რომ სამუდამოდ გაანეიტრალა. რომი იწვის და დროა, პროგრესულმა პოლიტიკამ ცეცხლის არსებობა აღიაროს.

ერთ-ერთი გზა „ყველაფერი წესრიგშია“ მიდგომის ჩიხიდან თავის დასაღწევად არის ახლად აღმოცენებული მემარჯვენე პოპულისტების კრიტიკის სერიოზულად მიღება და აღიარება, რომ მართალია, ეს აქტორები ხშირად მცდარ გამოსავლებს გვთავაზობენ, მაგრამ თანასწორობისა და რეპრეზენტაციის შეუსრულებელი დაპირებების მხილებით, ისინი მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებს წამოსწევენ წინ, რაც საზოგადოების განწყობასთან თანხვედრაშია.

თუმცა, თვითკრიტიკა მემარცხენე წრეებში მხოლოდ და მხოლოდ შეზღუდულად იყო შესაძლებელი ამ დრომდე, საყოველთაოდ მიღებული დოგმების ფარგლებში, როგორიცაა, მაგალითად, შეუქცევადი პროგრესისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ფართოდ გავრცელებული ნარატივები. პროგრესულ მოაზროვნეთაგან ბევრმა ვერ გაბედა, რომ აღნიშნული ნარატივები კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ჯერ კიდევ 1995 წელს რიტა ფელსკი აღნიშნავდა, რომ ქალთა მოძრაობა, თავი მოდერნულობის ავანგარდში რომ წარმოედგინა და მას ჯერ-კიდევ-მიძინებული ხალხის მასებზე მაღლა აყენებდა, თვითონ იქცა პროგრესის ტყვედ. დღესდღეობით, განსაკუთრებულად პრობლემურია მასშტაბი, რომლითაც ლიბერალური იდეები ღირებულებრივად დატვირთულ შეუქცევადი პროგრესის ცნებას დაუკავშირდა, მაშინ, როდესაც პრეკარიატის ცხოვრებისეული გამოცდილება და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა ამ პირობასთან წინააღმდეგობაში მოდის. ეს მყარად ფესვგადგმული დამოკიდებულება ასევე შეიცავს ყალბი ცნობიერებისა და ადამიანების ორ კატეგორიად, ისტორიის სწორ და არასწორ ხარეს მდგომებად კლასიფიცირების რისკებს, რაც ქმნის მცდარ, ღირებულებებზე დაფუძნებულ დიქოტომიებს (თანასწორობის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების სახით). ეს დიქოტომია კი უბრალოდ მცდარი კი არ არის, არამედ მას თავისდა სასიკეთოდ გაცილებით უფრო წარმატებით იყენებენ მემარჯვენეები, ვიდრე ე.წ. პროგრესული აქტორები.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც „გენდერის იდეოლოგიისა“ და პოლიტკორექტულობის მოწინააღმდეგე ძალები კრიტიკულად უდგებიან და რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული განმანათლებლობის მემკვიდრეობასთან, არის თანასწორობის პოლიტიკის ტექნოკრატიული და დეპოლიტიზირებული ბუნება. ეს არის საფასური, რომელიც ემანსიპაციის აღნიშნულმა პოლიტიკებმა აკადემიური ინსტიტუციონალიზაციისათვის გადაიხადა. როდესაც თანასწორობის საკითხის პოლიტიკის ენაზე განხილვა ხდება, იგი წარმოდგენილია როგორც დეპოლიტიზირებული საკითხი, რომელიც მოითხოვს ექსპერტულ ცოდნასა და ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და არა როგორც ღირებულებები, რომლისთვის ბრძოლაც ღირს, ანდა პოლიტიკური საკითხი, რომელიც განსჯას მოითხოვს. გარკვეულწილად, ასეთივე დეპოლიტიზირება ხდება როდესაც თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები უფლებათა ენაზე ანდა, იდენტობის პოლიტიკის ჩარჩოში ფორმულირდება. ამ შემთხვევაშიც, საკითხები წარმოდგენილია როგორც აპოლიტიკური და როგორც თანდაყოლილ უფლებას ან პიროვნულ იდენტობასთან დაკავშირებული, რომელიც მოცემული ჩარჩოს მიღმა არ უნდა განვიხილოთ.

ადამიანების ასეთი დახარისხება არის რეაქცია, რომელიც სათავეს იღებს შეხედულებიდან, თითქოსდა წინააღმდეგობის კერები ჩაქრებოდა ხალხს რომ უკეთ გაგება შესძლებოდა „რას წარმოადგენს გენდერი სინამდვილეში,“ ანდა უფრო მეტად მიმღებლები რომ ყოფილიყვნენ ადამიანის სექსუალობის კომპლექსურობისადმი. ამგვარად, ანტილიბერალური პოპულისტური მობილიზაცია შესაძლოა გავიგოთ როგორც იერიში „განმანათლებლურ“ დამოკიდებულებაზე და განჯადოება მეინსტრიმული პოლიტიკისადმი, ვებერისეული გაგებით, რეაქცია ექსპერტთა აპრიორად მიღებული ავტორიტეტისადმი და პოლიტიკის დეკონტექსტუალიზებული ენისადმი, რომელსაც უფრო და უფრო უჭირს რომ უპასუხოს ადამიანთა გამოცდილებების საჭიროებებს, შელამაზებული ენის გამოყენებითა და არსებითი ცვლილების დადგომის დაპირებით.

კიდევ ერთი საკითხია სადავო, რომელსაც კრიტიკოსები ხშირად „ელიტიზმს“ უწოდებენ ხოლმე და რომელიც შეეხება განცდას, რომ თანასწორობის პოლიტიკით ცალკეული სოციალური ჯგუფები უფრო მეტად სარგებლობენ, ვიდრე სხვები. არაერთ ავტორს აღუნიშნავს, რომ სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლის გზების მატერიალისტური პარადიგმიდან გადახვევამ და სწორების აღებამ აღიარებასა და რეპრეზენტაციაზე (მათ შორის შუშის ჭერის დამსხვრევისა და ქალთა საკითხების მედიაში უკეთ გაშუქებაზე) ზოგიერთი ფემინისტი „ნეოლიბერალიზმის მხევლებად“ და ამავდროულად პრივილეგირებული უმცირესობების ხმად აქცია. ასეთმა ცვლილებამ, თავად ეს მოძრაობები უმეტესწილად დააბრმავა ნეოლიბერალურ ლოგიკასთან მათი გადაჯაჭვულობისადმი. ამ სისტემაში ცენტრალური ადგილი დაიკავა ჩაგრული უმცირესობების აღიარებამ და რეპრეზენტაციამ და გამარტივებული გზით უფრო მეტი კატეგორიების შექმნამ, რომელმაც თითქოსდა „გენდერის ტყვეობისაგან“ დაგვიხსნა. ამავდროულად, კიდევ უფრო გართულდა შეკითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მუშაობს ჩაგვრა თანამედროვე სოციო-ეკონომიკურ წესრიგში და როგორ შეიძლება რომ უთანასწორობის სტრუქტურული წყაროები აღმოვფხვრათ.

თვითკრიტიკული წარმოსახვის საჭიროება

საჯარო დისკუსიების გაჯერება მემარჯვენე პოპულისტების მიერ თანასწორობის პოლიტიკაზე დამახინჯებული შეხედულებებითა და ანტილიბერალურ პოლიტიკურ ჯგუფებში ტერმინ „გენდერის“ არასწორი აღქმის ბოროტად გამოყენებით მოითხოვს გენდერის მკვლევრებისა და აქტივისტების, ისევე როგორც მარცხნივ გადახრილი პარტიების მხრიდან ახლებური, თვითკრიტიკული სტრატეგიის შემუშავებას. პროგრესული დღის წესრიგი უნდა გასცდეს იდენტობისა და რეპრეზენტაციის ნარატივებს და უნდა გადაიზარდოს როგორც სტრუქტურულ კრიტიკაში, ასევე მან უნდა აჩვენოს თუ რა მასშტაბით არის იგი გადაჯაჭვული ნეოლიბერალურ წესრიგთან. გადაუდებელი საჭიროება არსებობს იმისა, რომ გავითვალისწინოთ ისეთი საკითხები როგორიც არის ეკონომიკური უთანასწორობები, სახელმწიფოს ჩარევის შემცირება, პრეკარიატული შრომა და ზრუნვის შრომის პრივატიზება, რომელთაგან თითოეულს გენდერულად სპეციფიკური შედეგები მოჰყვება ხოლმე და რომელთა ეფექტიანი აღმოფხვრაც შეუძლებელია მხოლოდ აღიარებისა და რეპრეზენტაციის ჩარჩოებში. თუკი საზოგადოების პროგრესული ჯგუფები აღნიშნულ საკითხებს სერიოზულად არ მიუდგებიან, სტრუქტურული პრობლემები, რომლებიც წარსულის ფემინისტური მოძრაობების დღის წესრიგში იდგა, ანტილიბერალური მემარჯვენე პოპულისტების ხელში აღმოჩნდება ექსკლუზიასა და შიშის დათესვაზე დაფუძნებული პოლიტიკების სახით, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიმხრონ. დროა, განვაახლოთ სტრუქტურული კრიტიკა, რადგან რომს მართლაც უკიდია ცეცხლი და ვიოლინოს დაკვრის დრო აღარ არის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“