[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / თვალსაზრისი

ცხოვრების ერთი (?) ისტორია

გიგა კარაპეტიანი 

 

შესავალი

თურქეთშიც ვიყავი სამუშაოდ. სამ თვეზე ცოტა მეტ ხანს. ვალაგებდი იქაც. მერე ჩამოსვლა მომიწია. დედამთილი ჩავარდა ლოგინად და მოვლა სჭირდებოდა. რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მერე შემოვრჩი აქაურობას. ბავშვებიც გაიზარდნენ. ახლა ვეღარსად წავალ. ყველას სჭირდება ყურადღება. ყველას ცალ-ცალკე. ყველა დიდია უკვე, მაგრამ ჩემ გარეშე თავს და ბოლოს ვერ აგნებენ. დალაგებებზე როცა ვარ, დღეში ცხრაჯერ რეკავენ. სულ რაღაც სჭირდებათ. ჩემი დახმარება.

მიყვება და თან ეღიმება. მაგიდას წმენდს და ყავაზე მეპატიჟება. სტუმრად ვარ მასთან. თინა[1] 56 წლის ქალია. 7 წელი იქნება რაც ვიცნობ. ვენდობი და ვგრძნობ, რომ ისიც მენდობა, რადგან ბევრ მნიშვნელოვან თემაზე მიყვება პირად გამოცდილებებს. ეღიმება, მაგრამ თავიდან; ვერ ხვდება, მისი ისტორია ვინმესთვის რატომ შეიძლება საინტერესო იყოს. მერე ფიქრობს, იხსენებს წარსულს და აწმყოზე დარდობს. აღარ ეცინება და ყავაც დუღდება.

თინას გორში შევხვდი. წინასწარ შევუთანხმდი, რომ მასთან მის შრომაზე, ცხოვრებაზე საუბარი მინდოდა. უყოყმანოდ დამთანხმდა. ვიჭორაოთო, მითხრა. მეც ამ ტექსტს თინასთან ჭორაობის საფუძველზე ვაგებ. ვწერ იმას, რაც თინამ ჩვენი გულწრფელი საუბრის დროს გამანდო. ვრეფლექსირებ იმ ფორმით, რა ფორმითაც თავად აფასებდა თავის წარსულ და აწმყო ცხოვრებას. მომავალზე არ უსაუბრია და ამიტომ ტექსტში მომავლის ფანჯარას ღიას ვტოვებ.

თინა უკვე სამი წელია დამლაგებლად მუშაობს. გორიდან თბილისში. რამდენიმე ოჯახის დამხმარეა. ამ ოჯახების საოჯახო შრომას თინა თვეში რამდენჯერმე ასრულებს. ალაგებს, რეცხავს. იშვიათად, მებაღის ფუნქციასაც ითვისებს. უყვარს ბაღი, რადგან სოფელში დიდი დრო აქვს გატარებული. ამბობს, რომ მცენარეებთან ურთიერთობა განტვირთვაა თუმცა, მაინც იღლება. სხვის ბაღს უვლის, თუმცა საკუთარი არ აქვს. თინა მარჯვენა ხელია, ასე მისი დამსაქმებლები ეძახიან. მისი შრომა არაფორმალურია, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი. მისი შრომა არსად წერია და არც ჩანს სადმე. მისი შრომა დასაქმებულთა სტატისტიკაში ვერ ხვდება და მისი საჭიროებებიც უხილავად განაგრძობენ არსებობას.

წარსული

თინამ სკოლა გორში, სადგურის დასახლების საჯარო სკოლაში დაამთავრა. კარგად სწავლობდა. განსაკუთრებით მათემატიკა უყვარდა. მითხრა, რომ მისი მათემატიკის მასწავლებლისგან სულ შექებას იმსახურებდა. მერე ბუღალტრად დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდს ერთგვარი სევდით იხსენებს. არ ამბობს, მოსწონდა თუ არა. თუმცა აზუსტებს, რომ სტაბილური იყო - იცოდა, როდის უნდა ემუშავა და როდის დაესვენა. ხელფასი ზუსტად რამდენი ექნებოდა და რა კონკრეტული საქმე უნდა შეესრულებინა.

24 წლის დაოჯახდა და ორი შვილი ეყოლა. ბავშვების გაჩენის შემდეგ რამდენიმე წელი ანაზღაურებად შრომას გამოეთიშა. ბავშვებს უვლიდა და საოჯახო შრომას დედამთილის დახმარებით უძღვებოდა. მას შემდეგ, რაც ბავშვები წამოიზარდნენ, ოჯახს ახალი საზრუნავი და ვალდებულებები გაუჩნდა. თინას თქმით, მისი ოჯახი ყოველთვის ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. უკეთესი მომავლის იმედით თინას თურქეთში მოუწია ემიგრაცია. სამ თვეზე მეტ ხანს გასტანა მისმა თურქეთში მუშაობამ. სახლს ალაგებდა. მძიმე შრომა იყო, მაგრამ ვიტანდიო, გამიმხილა. ამ პერიოდში მისი ერთი შვილი უკვე უნივერსიტეტში სწავლობდა, მეორე - აბიტურიენტი იყო და რეპეტიტორებთან მომზადებისთვის ყოველთვიური თანხა სჭირდებოდა. თურქეთში მისი ნებით არ წასულა, ვალდებულებების და გაზრდილი გადასახადების გამო მოუწია წასვლა. შემდეგ, მალევე თინას დედამთილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ლოგინად ჩავარდა. თინაც ჩამოვიდა, რადგან ზრუნვის და მუდმივი ყურადღების გარეშე მას ვერ დატოვებდა. დედამთილზე მითხრა, რომ მართლა დედასავით უყვარდა, პატივს სცემდა და მისგანაც იგივეს გრძნობდა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, თინას ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. სამსახურის დაწყება ჭირდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში კონსულტანტად დაიწყო მუშაობა. ხელფასი მიზერული იყო და ოჯახის ბაზისურ საჭიროებებს ვერ ფარავდა. გარდა ამისა, თინასთვის განსაკუთრებულად დამთრგუნველი იყო დაურეგულირებელი შრომითი დღე. როგორც თავად აღნიშნა, ხშირად 10 საათის განმავლობაში გადაბმულადაც კი მუშაობდა. ამის გამო, იძულებული გახდა სამსახურიდან წამოსულიყო და სხვა, ალტერნატიულ შემოსავლის წყაროებზე ეფიქრა.

აწმყო

ახლა თინა ორ შვილთან, მეუღლესა და ხანდაზმულ მამამთილთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეც დასაქმებულია, ოჯახში მთავარი შემომტანი ის არის. ოჯახის ბიუჯეტს მეუღლესთან ერთად განკარგავს, ისე რომ თვიდან თვემდე გახდეს სამყოფი. მიუხედავად მუდმივი შრომისა, ოჯახს მცირე დანაზოგიც კი არ აქვს. როგორც თავად ამბობს, არც ლხინისთვის, არც - შავი დღისთვის.

მისი ორივე შვილი სტუდენტია. ამჟამად, არ მუშაობენ. თინა და მისი მეუღლე ცდილობენ შვილებს მაქსიმალური დრო მისცენ მეცადინეობისთვის. თინა და მისი მეუღლე საოჯახო შრომას ინაწილებენ. თინა ამბობს, ასე რომ არ იყოს, ფიზიკურად ვერ გაწვდებოდა ცხოვრებას. ვერ ეყოფოდა დრო და ენერგია იმისთვის, რომ ყველაფერი მოესწრო.

თინამ დამლაგებლად მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ისე, რომ ამის გეგმა არც ჰქონია. რამდენჯერმე დაალაგა სხვისი სახლი. ჯერ გორში, შემდეგ თბილისში. მერე, ეს შრომა სისტემატურ დატვირთვად აქცია. ახლა დაახლოებით 8 ოჯახის დამხმარეა. მათთან ყოველკვირეულად, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით მუშაობს. ალაგებს, მცენარეებს რწყავს, სარეცხს რეცხავს და მცირეწლოვან ბავშვსაც იტოვებს. გორიდან თბილისში ახლობლის მანქანით დადის. უსასყიდლოდ. ამის ერიდება და ცდილობს, ახლობელს დაუფასოს ამაგი და შეძლებისდაგვარად პატივი სცეს.

სულ გადარბენაზეა. სულ სადღაც ეჩქარება. ბევრი საქმე აქვს - როგორც სახლში, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან, ასევე - მის დამსაქმებლებთან. თავად ამბობს, რომ ყველაფერს ასწრებს, მაგრამ ხშირად ერთბაშად იღლება და ყველაფერი ბეზრდება:

მე რომ დავჯდე და ყველაფერზე უარი ვთქვა, ეს სადამდე მიგვიყვანს. როგორ ვიცხოვროთ (იცინის). ძლივსძლივობით გაგვაქვს თავი. ეხლა კი არა ვარ დაღლილი, მაგრამ ხან მაქვს ხოლმე პერიოდები, აი, როგორ გითხრა, ერთბაშად ვითიშები და ვიღლები. როცა ვისვენებ, მაშინ უფრო ვგრძნობ ხოლმე დაღლას. ალბათ ჩემ თავთან რომ მარტო ვრჩები მაგიტომ. რომ ვმუშაობ დაღლას როგორ გავიგებ. ყველა დრო გაწერილი მაქ, ყველა წუთი ჩამოწიკწიკებული. ადრე ჩემ ქმარსაც ვეუბნებოდი, კიდე კაი დასვენება იშვიათად მაქვს, დაღლა რომ ვერ ვიგრძნო-მეთქი. ამ ჩემ ქმარსაც რა მოვთხოვო. მართლა მუშაობს. რისი გასაქანიც აქვს იმას აკეთებს. მეც მეხმარება. ბავშვებსაც არ დაზარდება არაფერში. ჩვენ იმდენ შრომას ვხარჯავთ და იმდენ ენერგიას, სამართალი რო იყოს მართლა არ უნდა გვიჭირდეს. ჩვენ რაა, ბევრი ჩვენი ახლობელი ესეთ დღეშია. ზოგი უფრო უარესში როა იმაზე მე რაღა უნდა ვთქვა. იმათ შემხედვარე ჩემ პრობლემებზე ლაპარაკს რო დავიწყებ ხოლმე, მერე ვჩუმდები.

კოვიდ-19-ის ქვეყანაში გავრცელებამ თინას დამატებითი შფოთვები გამოიწვია. ღელავდა ოჯახის წევრებისა და საკუთარ ჯანმრთელობაზე და იმაზეც, თუ როგორ მოახერხებდა სამსახურების შენარჩუნებას. პანდემიის დროს, მაშინ როდესაც პირველი მასობრივი შეზღუდვები დაწესდა, თინას ორი ოჯახი, რომელთანაც ის დამლაგებლად მუშაობდა საკუთარი ინიციატივით დაეხმარა. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში კი საკუთარი შემოსავლის გარეშე დარჩა. საუბრის დროს თინამ აღნიშნა, რომ ის რაც პანდემიამდე სტაბილური ჩანდა, მოულოდნელად გაქრა და ამან დამატებითი დაუცველობის განცდა მოუტანა. ცდილობდა, მაქსიმალური ეკონომიით მოეხმარა გაზი და დენი. აღნიშნა, რომ ხშირად მრიცხველს ამოწმებდა და ყოველთვიურ კომუნალურ გადასახადებს ამ ფორმითაც აკონტროლებდა. პირველი ტალღის გადავლის შემდეგ, დამსაქმებლებმა ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაიბარეს საკუთარი საქმის გასაკეთებლად. მისი შრომა პანდემიამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა. უფრო მეტ სადეზინფექციო საშუალებასთან ჰქონდა კონტაქტი და შრომასაც მეტი დრო მიჰქონდა. გარდა ამისა, მუშაობის პროცესში სულ საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ფიქრობდა. ფრთხილობდა იმაზეც, რომ ყველა რეგულაცია დაეცვა და საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნებით, სხვები ზიანისგან დაეცვა.

თინა ახლაც მუშაობს. აგრძელებს საკუთარი საქმის გულდასმით შესრულებას. კვლავ იცავს რეგულაციებს და ცდილობს, საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნებით სხვების სხვების ჯანმრთელობაზეც იზრუნოს. საკუთარი შვილების დაჟინებული თხოვნით, აცრილია და ეს მას შვებას გვრის; ამბობს: ვფრთხილობ. სულ ვფრთხილობ. მარა აცრილი რომ ვარ ეს მეიმედება კიდევაც. ჩემებიც აიცრნენ და დამსაქმებლების უმეტესობა აცრილია. მისი შრომა რუტინულია და დარდობს, რომ ეს რუტინა არ დაირღვეს. სურვილი აქვს, რომ დასვენებისთვის დრო აღარ დარჩეს, რადგან იცის, თუ ასე არ მოხდება მის ოჯახს სერიოზული პრობლემები შეექმნება. მუდმივად დარდობს ისეთ გაუთვალისწინებელ საკითხებზე, რაც დამატებითი ხარჯის გაღებას მოითხოვს. დარდობს, რომ დანაზოგი არ აქვს მის ოჯახს და ღმერთმა არ ქნას ვინმეს რამე, ვთქვათ, მკურნალობა დასჭირდეს, ამას ვერ გაწვდება. შრომას აგრძელებს. შრომას, რომელიც მას ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

შეჯამება

უკვე საღამო იყო, როცა თინასთან საუბარი დავასრულე. მასთან საუბრის შემდეგ, ვეცადე მისი ისტორია მშრალად, მისივე შენარჩუნებული სიფრთხილითა და კონკრეტიკით  გადმომეცა. მოცემული ტექსტით, ვეცადე დღეს არსებული შრომის დომინანტური ფორმა, არაფორმალური დასაქმება აღმეწერა. მესაუბრა იმაზე, თუ როგორია შრომა, ჯანმრთელობის დაზღვევის, სტაბილური შემოსავლისა და სხვა სოციალური დაცვის გარანტიების გარეშე; მესაუბრა იმაზე, თუ როგორ მიუღწეველ აწმყოდ იქცა დღეს, მუდმივი შრომის მიუხედავად, მცირე დანაზოგის გაკეთება;  ნაცვლად ამისა, დღის წესრიგში მუდმივად ეკონომიურად ცხოვრების საჭიროება. შევეცადე, ხაზი გამესვა იმისთვის, რომ ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის საჭირო დასვენების დრო არასასურველ პრივილეგიად იქცა; ის საფრთხის შემცველია არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის - თუ ისვენებ, ბაზისურ საჭიროებებზე წვდომას კარგავ, ხოლო თუ მუშაობ, ცხოვრებას რუტინულ შრომით პრაქტიკებს უქვემდებარებ. თინას ისტორია პირადია, ინდივიდუალური. თუმცა, ვფიქრობ, ის ზოგად უსამართლობებს აღწერს. იმ უსამართლობებს, რომელიც საჯარო პოლიტიკური სივრციდან გამოხმაურების, სათანადო რეაგირების გარეშე განაგრძობს არსებობას.

 

ბლოგი მომზადდა პროექტის - “ფორმალურ და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება“, ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ფონდის მიერ.

ბლოგი გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორების პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ღია საზოგადოების ფონდის შეხედულებებს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] რესპონდენტის კონფიდენციალობის შენარჩუნების მიზნით, სახელი პირობითია

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“