[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

ცხოვრება საგანგებო მდგომარეობაში

“Law is the ultimate science.“

- Frank Herbert, Dune

21 აპრილს, „ქართული ოცნების“ დაარსებიდან 13 წლის თავზე გამოქვეყნებულ წერილში, პარტია მის მთავარ მიღწევად აცხადებს, რომ ამ დროის განმავლობაში „ქვეყანას ომი არ ჰქონია.“ განცხადებაში დამატებით ვკითხულობთ: „ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული 3 წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის პირდაპირი საფრთხე შეექმნა, თუმცა, უმძიმესი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება, საზოგადოება კი ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა და შანტაჟი, ვერავითარი სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარ-ცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუტანდა.“[1]

მართლაც, ეს ბოლო 3 წელიწადი, რომელიც რეალურად უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან აითვლება (ცხადია, ეს განცხადებაში აღნიშნული არაა), ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სირთულე შეუდარებელია უკრაინელი ხალხის ტანჯვასთან, ჩვენც ერთგვარად ომის რეალობაში ვცხოვრობთ. წინამდებარე თვალსაზრისი სწორედ იმის ახსნის მცდელობაა, თუ როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს საქართველოში ლოკალური ომის საწარმოებლად - ომის, საკუთარ მოსახლეობასთან. საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი შიშების კულტივირებით, „ქართული ოცნება“ ქმნის დე-ფაქტო საგანგებო მდგომარეობას, სადაც სახელმწიფო აპარატის მხრიდან ადამიანების ტერორი, დაშინება და ინდივიდუალური თავისუფლებების ხელყოფა ნორმალიზებულია.

სტატია ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო წლები წარმოადგენს საზოგადოების ანომიურ - ანუ სამართლისაგან დაცლილ - რეალობაში ცხოვრების მაგალითს. ეს თავისთავად იმას არ ნიშნავს, რომ სოციალური და პოლიტიკური სივრცეები ნორმატიულ რეგულირებებს არ ექვემდებარება. უფრო პირიქით: საკანონმდებლო ბაზის კონვეირიზაციაა სწორედ დე-ფაქტო საგანგებო მდგომარეობის მანიფესტაციაც და მისი ინსტიტუციური სხეულიც, კანონის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჭარბად შემოჭრის იდეა კი სამართლის რეალური შინაარსისგან დაცლაში მდგომარეობს. სხვა სიტყვებით, კანონების ინვაზია საჭიროა უკანონობის რეჟიმის შექმნისთვის. ამ გაგებით, საქართველოს ამჟამინდელ ყოფაზე რეფლექსია მოითხოვს „დაკანონებული სამოქალაქო ომის“ რეალობაზე მსჯელობას, სადაც სამართლისა და სამართლიანობის დეაქტივაცია პოლიტიკური ძალაუფლების მიერ ამ კატეგორიების ტოტალური ინტრუმენტალიზაციის პრაქტიკებს ეფუძნება.

 

საგანგებო მდგომარეობის თეორია

ტერმინი ‘საგანგებო მდგომარეობა’ ტრადიციულად აღწერდა სამოქალაქო ან საგარეო საფრთხეების დროს სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების ლოგიკიდან გადახვევას. მის ცენტრალურ კომპონენტად ყოველთვის მიიჩნეოდა პოლიტიკური ძალაუფლების ღერძის საკანონმდებლოდან აღმასრულებლისკენ გადახრა, ამ უკანასკნელისთვის კანონის ძალის მქონე აქტების გამოცემის უფლებამოსილების მინიჭებით.[2] როსიტერი აღნიშნს, რომ „დემოკრატიული, კონსტიტუციური სახელმწიფოს კომპლექსური სისტემა შექმნილია ნორმალურ, მშვიდობიან კონდიციებში ფუნქციონირებისთვის, და არათანაზომადია დიდი, ეროვნული მნიშვნელობის კრიზისებისთვის.“[3] ამგვარ მიდგომას პარადოქსულ დაშვებებამდე მივყავართ: კრიზისის დროს დემოკრატიული მმართველობა უნდა შეიცვალოს შესაბამისი გარემოებების აღდგენამდე; ‘კრიზისული მმართველობის’ მიზანი უნდა იყოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, კონსტიტუციური წესრიგის, პოლიტიკური და სოციალური თავისუფლებების დაცვა; მან ეს მიზანი უნდა შეასრულოს ‘კონსტიტუციური დიქტატურით’, ანუ თავად იმ წესრიგის უარყოფით, რომლის დაცვასაც ის ცდილობს.[4]

მიუხედავად იმისა, რომ როსიტერი ‘კონსტიტუციური დიქტატურის’ იმანენტურობის დასაბუთებას და ‘არაკონსტიტუციური დიქტატურისგან’ მის გამიჯვნას ცდილობს, ის თავადვე აღიარებს ამგვარი მდგომარეობის ნორმალიზების რისკებს.[5] მისი მიდგომა გამოხატავს დომინანტურ აკადემიურ პოზიციას იმის თაობაზე, რომ საგანგებო მდგომარეობა იურიდიულად უნდა განიმარტოს. თავის დროზე ამ პარადოქსის გადალახვას ეცადა კარლ შმიტი. მისი თქმით, რამდენადაც საგანგებო მდგომარეობა „არსებული მთლიანი სამართლებრივი წესრიგის შეჩერებას” იწვევს, ის „თავს იძვრენს ყველანაირი სამართლებრივი განხილვისაგან.”[6] შმიტმა შესაძლებელი გახადა იმის დანახვა, რომ ის, რის მოქცევასაც საგანგებო მდგომარეობა საკუთარ ფარგლებში ცდილობს, არსებითად იურიდიული წესრიგის მიღმა მდებარეობს.

შმიტის აზრით საგანგებო მდგომარეობაში მაინც არსებობს გარკვეული წესრიგი, რაც ორი გარემოებით იხსნება. პირველი, შმიტი ერთმანეთისგან მიჯნავს ‘კომისარულ’ და ‘სუვერენულ’ დიქტატურას. კომისარული დიქტატურის შემთხვევაში, კონსტიტუციის მოქმედება ჩერდება in concreto, მისი ქმედითობის გაუქმების გარეშე, „რადგან ამგვარი შეჩერება მხოლოდ კონკრეტულ გამონაკლისს ეხება.”[7] ამასთან, ნორმის შეჩერება ხელისუფალისთვის მინიჭებული კონსტიტუციური უფლების ხარჯზე ხდება. თეორიულ დონეზე ეს ნიშნავს, რომ კომისარიული დიქტატურა „მთლიანად მოიაზრება ნორმასა და მისი განხორციელებისათვის აუცილებელ ტექნიკურ-პრაქტიკულ წესებს შორის არსებულ სხვაობაში.”[8] საპირისპიროდ, სუვერენული დიქტატურის მიზანია ისეთი რეალობის შექმნა, სადაც ახალი კონსტიტუციის შემოღება იქნება შესაძლებელი. ამგვარად, ასეთ დროს „საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივ წესრიგთან დამაკავშირებელი ფაქტორი დამფუძნებელ და დაფუძნებულ ძალაუფლებას შორის სხვაობაა.” დამფუძნებული ძალაუფლება კონსტიტუციიდანაა ამოზრდილი, თუმცა მისი გაუქმება ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან მას იურიდიული ფორმა არ გააჩნია (formlos), წარმოადგენს „კონსტიტუციის მინიმუმს“[9] და ნებისმიერი  პოლიტიკური ნაბიჯის პირობას. ამ გაგებით, სუვერენული დიქტატურის შემთხვევაშიც კი, საგანგებო მდგომარეობსა და სამართლებრივ წესრიგს შორის კავშირი უზრუნველყოფილია.

გარდა ამისა, შმიტის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობასა და სამართლებრივ წესრიგს შორის კავშირი დგინდება ნორმისა (Norm) და გადაწყვეტილების (Entscheidung, Dezision) განსხვავებით. კერძოდ, ნორმის შეჩერება ხდება სპეციფიკურად ფორმალურ-იურიდიული ელემენტით - გადაწყვეტილებით.[10] საგანგებო მდგომარეობაში ნორმის დროებითი გაუქმება ხელმისაწვდომი რჩება სამართლებრივი გაგებისთვის, რადგან „ორივე ელემენტი - ნორმაც და გადაწყვეტილებაც, რჩება იურიდიულ ჩარჩოში.”[11] შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, თავად სუვერენი უზრუნველყოფს მის კავშირს სამართლებრივ წესრიგთან. თუმცა, იმის გამო, რომ საკითხი კონსტიტუციური ნორმების გაუქმებას ეხება სუვერენი მოქმედებს ერთდროულად სამართლებრივი წესრიგის გარეთ და მის შიგნითაც (რადგან გადაწყვეტილების მიღებაზე ის არის პასუხისმგებელი). საბოლოოდ, ეჭვგარეშეა, რომ შმიტის მიზანია, დააფიქსიროს საგანგებო მდგომარეობა სამართლებრივ წესრიგში.

ჯორჯო აგამბენი ცვლის საგანგებო მდგომარეობის აქამდე არსებულ დომინანტურ ხედვებს და პარადოქსებს ამ კონცეფციის რეალობასთან მისადაგების ფუნდამენტური გადახედვით. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა უნდა განიმარტოს კენომურ, ანომიის სივრცედ, კანონის სიცარიელედ და უმოქმედობად, სადაც ყოველგვარი სამართლებრივი გაგება, უპირველესად კი სხვაობა საჯაროსა და კერძოს შორის, დეაქტივირებულია.[12] სუვერენის მიერ ასეთ მდგომარეობასთან კავშირის დამყარების სურვილი აიხსნება საგანგებო მდგომარეობის დროს განხორცილებული ქმედებების სამართლებრივი განუსაზღვრელობით. საგანგებო მდგომარეობა ათავისუფლებს ერთგვარ „ძალას“, რომლელსაც სუვერენი ეუფლება. ამ ჰეგემონურ ლოგიკაში, ცარიელი სამართლებრივი სივრცე გადამწყვეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ამ დროს განოხრციელებული ქმედებები „არც დანაშაულებრივი, არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო არ არის, სამართალთან მიმართებაში ისინი აბსოლუტურ „არ ადგილას“ მდებარეობენ.”[13]

შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობა, როგორც ანომიური მოცემულობა, მარტივად ინტეგრირდება ყოველდღიურ რეალობაში კონსტიტუციურ-სამართლებრივი ტექნიკებისა და დიქტატორული მოდელებისგან დამოუკიდებლად, რადგან ის ‘ძალაუფლების სისავსეს’ არ წარმოადგენს. ისაა მოქმედების აბსოლუტურად ბუნდოვანი ველი პოლიტიკურისა და სამართლებრივის მიჯნაზე. პოლიტიკური ხელისუფლებები ახდენენ ამგვარი კენომური სივრცეების აპროპრიაციას და მის ჩაშენებას ფიქციურ სამართლებრივ ჩარჩოებში. ამ გზით, თანამედროვე ტოტალიტარული სახელმწიფოები აგამბენისთვის განიმარტებიან „დაკანონებულ სამოქალაქო ომის რეჟიმებად“, სადაც პოლიტიკური ოპონენტებისა და სისტემისთვის არასასურველი ადამიანების/ჯგუფების განადგურება ლეგალური ხდება. ამდენად, „მუდმივი საგანგებო მდგომარეობის შეგნებულად შექმნა (თუნდაც, მისი ფორმალური გამოცხადების გარეშე) თანამედროვე სახელმწიფოების, მათ შორის, ე.წ. დემოკრატიული სახელმწიფოების, ერთ-ერთ არსებით პრაქტიკად იქცა.”[14]

ამდენად, საგანგებო მდგომარეობის შესახებ შეგვიძლია ორი ფუნდამენტური დაშვების გაკეთება, რომელიც როგორც შმიტისულ, ისე აგამბენისეულ მიდგომას ეფუძნება. პირველი, საგანგებო მდგომარეობა ტექნიკურად რეალიზდება იურიდიული ფორმებით შემოსაზღვრულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. ამით ის ინარჩუნებს კავშირს სამართლებრივ რეალობასთან. მეორე, საგანგებო მდგომარეობა პრაქტიკულად დაღდასმულია სამართლის იდეის გაუქმებით. სივრცე, რომლის დაკავებასაც სუვერენი ასეთ დროს ცდილობს, არ ექვემდებარება ღირებულებით-სამართლებრივ შეფასებას და, ამ გაგებით, სამართლისთვის მიუწვდომელია. იმისთვის, რომ ეს ორი დაშვება თანადროულად რეალიზდეს, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს დისკურსული შრე - როგორ დაინახება და კულტივირდება საგანგებო ვითარება საზოგადოებაში, როგორ ხდება მისი ლეგიტიმაცია და ნორმალიზება, რადგან ნარატივებს აქვთ ‘სამართლებრივი ფუნქცია’ (legal function),[15] „კანონი კი თავად წარმოადგენს ამბის თხრობის კონკრეტული ფორმას.“[16] სწორედ ამის ახსნას შევეცდები შემდგომ ქვეთავებში საქართველოს მაგალითზე.

 

საგანგებო მდგომარეობის დისკურსი საქართველოში

ბოლო წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ განსაკუთრებით გაააქტიურა ომისა და მშვიდობის დისკურსი. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მთავარი წინასაარჩევნო საკითხი და მასვე დაეფუძნა ქვეყანაში დე-ფაქტო საგანგებო მდგომარეობის ნორმალიზება.

წინასაარჩევნო პოლიტიკური კამპანია „ქართულმა ოცნებამ“ დიდწილად დააშენა იმ არგუმენტზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომში შესაძლოა ჩაითრიონ საქართველოც. ეს პროცესი სახელდებოდა როგორც „მეორე ფრონტი“, მისი განხროციელების მსურველად კი - „გლობალური ომის პარტია.“ ირაკლი კობახიძე 2024 წლის 23 აგვისტოს აცხადებდა, რომ არსებობს „უცხოური აგენტურა, რომელიც მუდმივად არის მომართული ომისკენ, ქვეყნის არევისკენ.” ამასთან ერთად, „ქართული ოცნების“ დისკურსში აქტიურად შემოდიოდა ‘შიდა მტრების’ ცნება, რომელშიც პოლიტიკური პარტიების გარდა მოიაზრებოდნენ სამოქალაქო აქტორები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აქტივისტები და ოპოზიციური ამომრჩევლებიც კი - ე.წ. ‘აგენტები.’[17] 2024 წლის 29 აპრილს, ბიძინა ივანიშვილის თქმით: „საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა.”[18]

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ცხადი გახდა „ქართული ოცნების“ გეოპოლიტიკური ტრაექტორიისა და ევროპეიზაციის პოლიტიკური დისკურსის ფუნდამენტური შემობრუნება (მიუხედავად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანისა, რაც საზოგადოების მხრიდან ზეწოლის შედეგი იყო, და როგორც შემდგომ გამოჩნდა, სრულად გაუფასურდა ხელისუფლების მომდევნო ნაბიჯებით). ომის დაწყებიდან მალევე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებში აშკარად შეინიშნებოდა ამ თემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების სურვილი საზოგადოებაში შიშის დათესვის გზით. მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის 30 აპრილს, განაცხადა: „ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ დავუშვათ ომი, არეულობა, დესტაბილიზაცია. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და მე ამ დაკვეთას შევასრულებ, ჩვენი გუნდი ამ დაკვეთას შეასრულებს. ბოლომდე დავიცავთ ქვეყანაში მშვიდობას, ჩვენი ხალხის მშვიდობას და სტაბილურობას, რაც არის ერთადერთი საფუძველი ჩვენი ქვეყნის განვითარების. სხვანაირად არაფერი გამოვა.”[19] ომისა და მშვიდობის დიქოტომიაში ევროპისა და აშშ-ის ლიბერალური ნომენკლატურა წარმოჩინდებოდა მისტიური ‘გლობალური ომის პარტიის’ საყრდენად. ამასთან, „ქართული ოცნებამ“ კიდევ უფრო გაააქტიურად მჭიდრო კავშირების ძიება იმ ძალებთან, ვინც ევროპის წიაღში მისთვის იდეოლოგიურ მსგავსს წარმოადგენენ, კერძოდ კი ულტრამემარჯვენე ძალებთან და უფრო ვიწროდ - ვიქტორ ორბანის ხელისუფლებასთან.[20]

2022-2023 წლებში საჯარო პოლიტიკური ველი უკვე სრულად გაიჟღინთა ომისა და მშვიდობის თემებით, რომელსაც თან ერთვოდა საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებითა და კონსერვატიული განწყობებით მანიპულირება. ამ გზით, ნებისმიერი პოლიტიკური საკითხის, პროტესტის, კანონპროექტისა თუ ინიციატივების გადაწყვეტა/რეგულირებას ‘დანის პირზე’ უნდა გაევლო. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა 2023 წლის ბოლოს, ვითარება „იმდენად გართულდა“, რომ „მცირე შეცდომაც კი [...] ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს.”[21] ეს მყარდებოდა სუს-ის ანგარიშებითა და ინსტიტუციური პოზიციონირებითაც.

სუს-ის 2022-2023 წლების ანგარიშები გაჯერებულია მითითებით როგორც უცხო, ასევე შიდა “დესტრუქციულ ძალებზე” (კონკრეტიკის გარეშე), “მტრულად განწყობილ სუბიექტებზე”, რომელთა მიზანი ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობაა.[22] ანგარიშებში საუბარია, რომ უცხო ქვეყნის ძალები იყენებენ მათზე მატერიალურად თუ სხვაგავარად დამოკიდებულ ან ლოიალურ ორგანიზაციებს, აქტივისტებს, კულტურისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებს ჰიბრიდული ომის საწარმოებლად.[23] 2024 წლის 8 მაისს, საპროტესტო აქციების შეფასებისას, სუს მიუთითებდა, რომ მათი (აქტივისტების) მიზანია საქართველოს „მაიდანიზაცია“ და „ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება.“[24] ეს შიშის კულტივირების ტექნიკები შემდგომ აქტიურად აისახებოდა პროპაგანდისტულ მედიებში.[25]

„ისფედის“ მიერ 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიების ფეისბუქ სოციალური მონიტორინგის შედეგები ნათლად აჩვენებს ომის შიშისა და შიდა-გარე მტრების სახეხატების კულტივირების მასშტაბებს. ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვებს შორის (გარდა პარტიული და სახელმწიფო დასახელებებისა) გვხვდება „მშვიდობა“, „ომი“, „ნაციონალური“, „ხალხი“, „ქვეყანა“, „მსოფლიო“, „საკუთარი“ და „ქართველი.“[26] ამ გზით, „ქართული ოცნება“ ახდენდა გლობალური მასშტაბის საფრთხეების და ამ კონტექსტში საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის საკითხების ინსტრუმენტალიზებას. მათ წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო გაააქტიურეს 2008 წლის „აგვისტოს ომის“ თემა და მას „გარე პატრონაჟის დაკვეტად“ აფასებდნენ.[27]

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცდილობდა წარმოეჩინა თავი ერთადერთ პოლიტიკურ სუბიექტად, რომელსაც ერთდროულად ჰქონდა სურვილიც და უნარიც, ქვეყანაში მშვიდობის შეენარჩუნებინა. არჩევნებზე ხმის სხვისთვის მიცემა, ან არჩევნების შედგომ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქტივობა, ავტომატურად ითარგმნა ომისა და არეულობის ხელშეწყობაში. სოციალურ ქსელებში ყველაზე დიდი ინტერაქცია „არა ომს, კი მშვიდობას“ კამპანიის პოსტებს ჰქონდა. აღნიშნულის პიკური გამოხატულება იყო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე ჩაშვებული ვიდეორგოლი, სადაც ერთ მხარეს, შავ-თეთრ ფონზე, უკრაინაში ომის შედეგად დანგრეული ქალაქები და ინფრასტრუქტურა იყო აღბეჭდილი, მეორე მხარეს კი - საქართველო, ფერადი ფონით.[28] ამ ვიდეორგოლს 5 მილიონზე მეტი ნახვა და ყველაზე ფართო ინტერაქციის/გადაზიარების მაჩვენებელი ჰქონდა.[29]

საბოლოოდ, 26 ოქტომბრის არჩევნები „ქართული ოცნების” მიერ „შეიფუთა“ როგორც ‘არჩევანი ომსა და მშვიდობას’, ‘ფსევდოლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობას’ შორის, ‘საქართველოს ყოფნა-არყოფნის გადამწყვეტი დღე.’ ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას ჰპირდებოდა „ომის და ბობმბების წვიმას.“[30] უკვე პარტიის თავმჯდომარის რანგში, ირაკლი ღარიბაშვილი მიუთითებდა, რომ არსებობდა მესამე მსოფლიო [ბირთვული] ომის საფრთხე, და რომ რუსეთ-უკრაინის ომი სწორედ ამის გამოხატულება იყო. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, სახელმწიფოს არ უნდა დაეშვა „ქვეყნის შიგნით რამე არაპროგნოზირებადი განვითარება.”[31]

ომის და ეროვნული იდენტობის დაკარგვის შიშის კულტივირებით სახელმწიფოსა და საზოგადოების მართვა არათუ განელდა, არამედ უფრო გაძლიერდა არჩევნების შემდგომ, რისი მიზეზიც, როგორც ჩანს, ამ ძალაუფლების ტექნიკის (technique of power) წარმატებულობაა. მართლაც, როგორც ზოგიერთი ავტორი აღნიშნავს, შიში ხშირად გამოიყენება „სტრატეგიულ იარაღად თითქმის ყველაფრის ლეგიტიმაციისთვის.“[32] 2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე ოფიციალურად შეწყვეტის თაობაზე და გაიმეორა ის ორი მთავარი პოლიტიკური [ფსევდო] ხაზი, რაც მანამდე ვითარდებოდა „ქართული ოცნების“ მიერ. კერძოდ, მან დასავლურ სტრუქტურებს ბრალი დასდო ერთი მხრივ კანდიდატის სტატუსის მანიპულაციის გზით საქართველოს ომში ჩართვის, რევოლუციის მოწყობასა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობებში, ხოლო მეორე მხრივ „ღირსებაზე უარის თქმაში.“[33] ამ უკანასკნელში ის გულისხმობდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა „’ენჯეოების’ გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმება, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაუქმება, სანქციების დაწესება და საქართველოს ეკონომიკის ჩვენივე ხელით ჩამოშლა, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და სხვ.”[34]

2025 წლის 8 იანვარს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც ზემოაღნიშნულ პათოსს იმეორებდა და დამატებით ექსპლიციტურად მიუთითებდა, რომ ევროკავშირი, მალე, მაღალი ალბათობით, საქართველოს რუსეთთან ომის დაწყებას მოსთხოვდა.[35] განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და „დიფ სთეითის“ ხელით, კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებების პირებს უწესებენ. ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას.”[36] ეს ნარატივები ყოველდღიურად ვრცელდება „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებისგანაც.[37]

განხილული განცხადებები, კამპანიები, სტრატეგიები თუ პროპაგანდისტული ნარატივები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია ქვეყნაში შეიქმნას იმგვარი განწყობები და ვითარება, სადაც ნებისმიერი ანტი-დემოკრატიული ნაბიჯი ‘გარდაუვალი აუცილებლობის’ მოტივით გამართლდება. იმ ფონზე, როცა პოლიტიკური იერარქიისა და საზოგადოების მართვის ღერძები ეფუძნება პოლიციური სახელმწიფოს ლოგიკას, ‘საგანგებოობის’ დისკურსი და მისი ფაქტობრივი პოლიტიკური იმპლემენტაცია ხდება ამგვარი მმართველობის ლეგიტიმურობის [გაცხადებული] პირობა. ეს ტაქტიკა კარგად მჟღავნდება იმით, თუ როგორ საბუთდება ერთი მხრივ აქციების ძალადობრივი მეთოდებით დაშლის პრაქტიკები და ინდივიდუალური ადამიანების დევნა, მეორე მხრივ კი მიღებული თუ დაანონსებული რეპრესიული და ავტორიტარული კანონმდებლობები.

 

„ქართული ოცნების“ მმართველობის ბუნება

დღევანდელი საქართველო შეიძლება დახასიათდეს როგორც პოლიციური სახელმწიფო - ქვეყანა, რომელიც იმართება დანაშაულისა და სასჯელის კატეგორიებით, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები საბუთდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელებისა და უკანონობის აღკვეთის ინტერესებით. პოლიციურ სახელმწიფოს აქვს ხილული და უხილავი ძალაუფლების შრეები: სახელმწიფოს მართვის სადავეები დიდწილად ძალოვანი უწყებების ქვეშაა მოქცეული. ერთი მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო მის ქვეშ არსებული რესურსებით, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში იჭრება და სამოქალაქო სივრცეების ‘პატრულირებას’ უზრუნველყოფს; მეორე მხრივ, სუს-ის გავლენები და მისი ძალაუფლების დაფარული საცეცები ინდივიდების დაშინების, საზოგადოებაზე თვალთვალის, საარჩევნო პროცესების მართვისა და პოლიტიკური მანიპულაციების წყაროა. სრულად პოლიტიზირებული პროკურატურის სისტემა და ტოტალურ კონტროლს დაქვემდებარებული სასამართლო ამგვარი სახელმწიფოს ფუნქციონირების გარანტია.

ბუნებრივია, პოლიციურ სახელმწიფოს სჭირდება საზოგადობის გარკვეულ წრეებში მაინც ერთგვარი ლეგიტიმაციის მოპოვება. ეს სახელმწიფო არაა ლიბერალური, ინდივიდუალური თავისუფლებების დაცვის იდეა რომ ამოძრავებდეს; ის არც სოციალურია, საზოგადოებრივი სიკეეთეების შექმნა რომ დაისახოს; პოლიციური სახელმწიფო თავისი არსით რეპრესიულია, და ამიტომაც მისი ფუნქციონირების საყრდენები ხელოვნურად უნდა შეიქმნას. ეს განსაკუთრებით საჭიროა საქართველოს მსგავს კონტექსტში, სადაც ავტორიტარიზმის კონსოლიდირება ბოლომდე ვერ მოხდა, სადაც ინფორმაციული თავისუფლების, დემოკრატიულ სივრცეებთან გეოპოლიტიკური და კულტურული კავშირების, ჩვენი სამეზობლოს ავტორიტარულ რეჟიმებთან პოლიტიკური დისტანცირების და სხვა სოციალური და ისტორიული გამოცდილებები ჯერ კიდევ ახდენს საზოგადოებრივ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას.

ის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის ლოგიკა პოლიციური და ავტორიტარულ მართვის სტილთან თანაზიარია, ცხადად ჩანს ბოლო დროს კონვეირული წესით მიღებულ კანონებსა და რეპრესიებში. ჯერ კიდევ 2023 წლიდან, საზოგადოება თვალს ადევნებს ნორმატიული ბაზის ექსპონენციალური სისწრაფით ტრანსფორმაციას, რომელიც ე.წ. აგენტების კანონით დაიწყო. „ქართულმა ოცნებამ“ პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 1 წლის თავზე, არა მხოლო ‘აგენტების რუსული კანონი’ მიიღო, არამედ რადიკალურად გაამკაცრა სამოქალაქო აქტივობებთან თუნდაც პოტენციურად ირიბ შემხებლობაში მყოფი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობები; შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების განხორციელების ფორმები და მექანიზმები; პოლიტიკური რეპრესიების ქვეშ მოაქცია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები (ლგბტქია+, ნარკოდამოკიდებული პირები და სხვა) კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე განწყობების გამოკვებისა და ამ გზით პოლიტიკური დივიდენტების მიღებისთვის; დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების და სოციალური პროტესტების პირდაპირი დევნა; მიიღო მედიის შემზღუდავი კანონები და სხვა.

 „ქართული ოცნება“ ახორციელებს საზოგადოების აქტიური ჯგუფების, აქტივისტებისა და უბრალოდ რიგითი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების არნახულ რეპრესიას, ზოწალასა და დაშინებას - ნორმალიზებულია ადამიანების ინდივიდუალური თავისუფლებების ხელყოფა. საპროტესტო აქციების დაშლა განსაკუთრებული სისასტიკით ხორციელდება. „ქართული ოცნება“ დემონსტრანტების მიმართ გამოყენებულ მეთოდებს ამართლდებს იმ არგუმენტით, რომ მათი მოქმედებები არა უბრალოდ ძალადობრივია, არამედ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მომავალს და მიზნად ისახავს ქვეყნის დესტაბილიზაციას. ამავდროულად, ეს პროცესები, „ქართული ოცნების“ ნარატივში იმავე გარე ძალების მიერაა ორკესტრირებული, რომლებსაც საქართველოში ‘მეორე ფრონტი’ და ‘მაიდნის მოწყობა’ სურთ.[38] ირაკლი კობახიძე 2024 წლის ბოლოს აცხადებდა, რომ აქციების სამაგალითო დასჯით ქვეყანამ პროცესების „უფრო მძიმე განვითარება” აიცილა თავიდან.[39]

აქციების დაწყების შემდეგ, ათობით ადამიანს პროტესტის გამოხატვის გამო წლობით ემუქრება თავისუფლების აღკვეთა, ასობით ადამიანს კი მძიმე ფინანსური სანქციები აწევს. გამკაცრებული კანონმდებლობები, რომლითაც „ქართული ოცნება“ სოციალური მოვლენების რეგულირების, ჩახშობას თუ განეიტრალებას ცდილობს, მათ მიერ ასევე მართლდება ვითარების სიმძიმის არგუმენტით, თითქოს ამ პირობებში ‘ლოალური’ (რეალურად - დემოკრატიული, სამართლიანი და ჰუმანური) მიდგომები ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. მაგალითად, 2025 წლის 3 თებერვალს, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსიში ახალი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების დაანონსებისას, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ ვერავის მივცემთ საშუალებას, წლების განმავლობაში დაგროვილი ძალიან ბევრი, გარედან ინსპირირებული, თავს მოხვეული ცვლილებების გამოყენება შეძლოს ვინმემ იმისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხი შეზღუდოს, ხელისუფლებას არ ჰქონდეს ქვეყნის მართვის საშუალება პრაქტიკულად და ეს ფაშისტური გამოხტომები ისე იქნეს რეალიზებული, რომ ამაზე სახელმწიფოს პასუხი არ ჰქონდეს.”[40] მსგავსად, ე.წ. პარტიების აკრძალვის კანონპროექტის ოფიციალური გამართლებაა იმ ძალების პოლიტიკური ველიდან ჩამოცილება, რომლებიც „მუდმივად არიან დაკავებულები მცდელობებით, რომ დაამხონ, ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება.”[41]

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დე-ფაქტო ნორმალიზება ორდინალურ შემთხვევაში კიდევ უფრო ცხადად ჩანს ავტომაგისტრალებზე აქციების კრიმინალიზების ახალი რეგულაციებიდან. „ქართულმა ოცნებამ“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაითვალისწინა ქმედებისთვის, რომელიც საკანონმდებლო აქტითაც კი არ არის გათალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად მათთვის საკანონმდებლო აქტის მიღებაც არ იქნებოდა პრობლემა (ხელისუფლების ყველა შტოს ტოტალური კონტროლის პირობებში), ამით ისინი ამჟღავნებენ წარმომადგენლობითი დემოკრატიის ძირითადი ნიშნის მოსპობის თუ არად ჩაგდების ფაქტობრივ რეალობას, რაც კლასიკური ‘საგანგებო მდგომარეობის’ რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი.

ფაქტი, რომ აღნიშნული პროცესები ‘მკაცრი ხელის’ გამოყენებით საზოგადოების მართვას ისახავს მიზნად, რეალურად არც ყოფილა უარყოფილი. დღეს უკვე „ქართული ოცნების“ ნარატივი ის არ არის, რომ მათი მმართველობის ეს სტილი ლიბერალური დემოკრატიის ნიმუშია. მათი მიზანია, საზოგადოების ფართო წრეებში (ან სულ მცირე მათ ამომრჩევლებში მაინც) გაამყარონ აზრი, რომ პოლიციური მართვა აუცილებელი და გარდაუვალია ამ მოცემულობაში - სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, ‘იდენტობის’ თუ სხვა ღირებულებების დასაცავად.

„ქართული ოცნების“ მმართველობა არ დგას მხოლოდ შიშველ ძალადობაზე. შეიძლება უფრო მეტადაც კი, მისთვის მნიშვნელოვანია ძალადობის ინფრასტრუქტურა - ძალოვანი და მართლმსაჯულების უწყებების ქცევა სახელმწიფოს მართვის ცენტრალურ ღერძად. ეს ნიშნავს, რომ ეს აპარატი უნდა იყოს ერთდროულად ადამიანურად და ფინანსურად ძლიერიც, პოლიტიკურად მორჩილიც და გარკვეული შინაგანი ავტონომიის მქონეც. შემთხვევითი არ არის, რომ სუს-ში, შსს-ში და სასამართლო სისტემაშიც ძალაუფლების კონსოლიდაცია მუდმივად ცვალებადი პროცესია, სადაც საჭიროა განსხვავებული ძალაუფლების საცეცების დაბალანსება, ‘ელიტების’ კმაყოფილების დონის ზრდა, კომპრომისები და გარანტიები - ერთგვარი პოლიტიკური ეკვილიბრიუმის პერმანენტული მცდელობები.

საზოგადოებრივი პროცესების მართვა და პროტესტების განეიტრალებაც სწორედ ძალაუფლების ამ ღერძის სიძლიერის გამომხატველი უნდა იყოს. ის უნდა რეალიზდებოდეს არა იმდენად და უმთავრესად ‘სისხლით’, არამედ ძლიერი და მრავალრიცხოვანი პოლიციით, რომელსაც ძალაუფლების ასიმეტრიის ჩვენება და ადგილზე ინფრასტრუქტურული დომინაციის შექმნა შეუძლია; სუს-ით, რომელსაც ინფორმაციული ჰეგემონიის ჩამოყალიბება ინდივიდებზე თვალთვალისთვის საჭირო ტექნიკურ და ლეგალურ ინსტრუმენტებზე სრული კონტროლით, პროპაგანდის ინფრსატრუქტურითა და ლოკალური და არაფორმალური ძალაუფლების ინსტრუმენტებით შეუძლია; სასამართლოთი და პროკურატურით, რომლებიც კანონისა და სამართლიანობის სახელით ამჟღავნებენ ინსტიტუციურ ჩაგვრასა და რეპრესიას - სადაც რიგითი ადამიანი უძალოა დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე, საზოგადოება კი კონვეირული წესით ექვემდებარება ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ სანქციებს. ასეთია „ქართული ოცნების“ ძალადობა: შიშველი, თუმცა ამავდროულად და უფრო მეტადაც, ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული.

 

იდეოლოგიური კავშირები ევროპულ ულტრა-მემარჯვენე ძალებთან

საგანგებო მდგომარეობის დისკურსის აპროპრიაციის იდეა მდგომარეობს მისი ნორმალიზების მცდელობაში. ამ გაგებით, ის ერთგვარ პარადოქსულ ფუნქციებს ასრულებს: ერთი მხრივ მმართველი კლასი ცდილობს საზოგადოებაში დათესოს ურგენტულობისა და საფრთხის რეალურობის განცდა; მეორე მხრივ, ის იყენებს იმგვარ რიტორიკასა და ტაქტიკებს, რომლებიც ადაპტირებულია სხვა ქვეყნებშიც. საქართველოს შემთხვევაში, ეს პარალელები ცხადად ივლება ევროპის ულტრა-მემარჯვენე და კონსერვატიულ ძალებთან, რომლებიც წლებია არიან რუსული ჰიბრიდული ომის გამტარები. შესაბამისად, ‘საგანგებო’ ვითარება ერთდროულად ასრულებს საგანგაშოობისა და ნორმალიზების ფუნქციებს.

ევროპაში უკვე კარგად ფესვგადმულ და რამდენიმე შემთხვევაში პოლიტიკურ ძალაუფლებაში მყოფ მემარჯვენე პოპულისტურ ძალებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ მათთვის რუსეთი დაინიახება ‘გლობალისტური’ დასავლეთის საპირწონედ. ამ ნარატივში, რუსეთს შესწევს უნარი, რომ ‘კვდომის პირას’ მყოფი ევროპის ალტერნატივა გახდეს, დაიცვას ინდივიდუალური ქვეყნების კულტურული იდენტობა და ეროვნული სუვერენიტეტი.[42] თავის მხრივ, პუტინი ძლიერ, კონსერვატიულ ლიდერად დაინახება.[43] მკვლევრები აღნიშნავენ, რომ პუტინთან ევროპული მემარჯვენე ალიანსების და გეოპოლიტიკური კავშირების ძიება ეყრდნობა იმედს, რომ რუსეთს შეუძლია დაეხმაროს ევროპას „მითოლოგზირებული და რომანტიზებული ერი-სახელმწიფოს რეკონსტრუქციაში.“[44]

ამის ნათელი მაგალითია უნგრეთი, სადაც უკვე მრავალი წელია (ვიქტორ ორბანის ძალაუფლებაში 2010 წელს მოსვლიდან მალევე, განსაკუთრებით 2014 წლიდან) ულტრამემარჯვენე ძალების დომინირება რუსეთთან გამყარებულ გეოპოლიტიკურ კავშირებსა და დე-ევროპეიზაციის პროცესებში ითარგმნება.[45] ორბანის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მმართველმა პარტიამ ფაქტობრივად სრული კონტროლი დაამყარა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ხელში ჩაიგდო სასამართლო, შეზღუდა მედიის თავისუფლება, მიიღო საზოგადოებრივი ორგანიზაციიების შევიწროების კანონები (ე.წ. რუსული, აგენტების კანონი) და განსაკუთრებული რეპრესიის ქვეშ მოაქცია ლგბტია+ ადამიანები.

უნგრეთში წამყვანი კონსერვატიული პოლიტიკური დისკურსი ეყრდნობა ორმაგი საფრთხის არსებობის იდეას: გარე მტრებად დაინახება მუსლიმი მიგრანტები, რომლებიც, ულტრა-მემარჯვენე დისკურსში ქრისტიანული ცივილიზაციის ეთნიკური და კულტურული საფუძვლებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ; შიდა მტრებს კი უწოდებენ .ე.წ დეკადანტურ მემარცხენე-ლიბერალურ ძალებს, რომლებსაც დღის წესრიგში შემოაქვთ ქალთა და ქვიარ საკითხები.[46] ულტრა-მემარჯვენე ნარატივებში აქტიურად გვხვდება კონსპირაციული თეორიებიც, მაგალითად ჯორჯ სოროსთან დაკავშირებით, რამაც, მათ შორის, მის მიერ დაფუძნებული ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის უნგრეთში საქმიანობის პრაქტიკული შეწყვეტა გამოიწვია. ამ წარმოდგენებში, რუსეთი ევროკავშირისა და ‘ნატოს’ საპირისპიროდ, ეთგვარად ‘ნორმალურობის’ მაგალითად აღიქმება.[47]

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პოლიტიკურ დიქტომიებში ორბანის მთავრობამ უკვე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ომისა და მშვიდობის საკითხებზე. მმართველი პარტია (Fidesz) ღიად ავრცელებს ანტი-უკრაინულ, ანტი-დასავლურ და პრო-რუსულ ნარატივებს ზემოდან ქვემოთ, ცენტრალიზებულად, მძლავრი პროპაგანდის მანქანებით როგორც მეინსტრიმ, ასევე სოციალური მედიის მეშვეობით.[48]

რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ორბანის ხელისუფლების მიდგომა გლობალური გეოპოლიტიკური აღმნიშვნელებით ლოკალური პოლიტიკის ინტრუმენტალიზებას ეფუძნება (რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების და უკრაინის ტრანსკარპატიის რეგიონში მცხოვრები უნგრულენოვანი მოსახლეობის საკითხის პოლიტიზებასთან ერთად). ორბანისთვის ეს ომი აშშ-ისა და რუსეთს შორის გავლენებისთვის ბრძოლის მატერიალიზების ნიმუშია, სადაც უნგრეთმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა და წარმოადგენდეს „მშვიდობის კუნძულს.“[49] ომის დაწყებიდან მალევე ორბანი აღნიშნავდა, რომ უნგრეთი არის „პატარა ქვეყანა, მოქცეული მსხვილი გეოპოლიტიკური მოთამაშეების მიერ გაჩაღებულ ცეცხლში,“ რომ მათ უნდა შეინარჩუნონ „სტრატეგიული სიმშვიდე“ და „თავი შორს დაიჭირონ ამ ომისგან.“[50]

ომის გაგრძელებასთან ერთად ორბანის მთავრობა კიდევ უფრო აძლიერებს დისკურსს, რომ ამ ომში არსებობს არა ‘აგრესორი’ და ‘მსხვერპლი’, არამედ „ომის და მშვიდობის პარტიები.“[51] ‘მულტიპოლარული სამყაროს’ იდეის მხარდაჭერით შეფუთული ეს ნარატივები თავდაპირველად აღმოცენდა წინასაარჩევნო პერიოდში და, „ქართული ოცნების“ მსგავსად, გამოიყენებოდა ოპოზიციის პრო-ომის და Fidesz-ის პრო-მშვიდობის ნიმუშებად წარმოსაჩენად.[52] შემდგომ, ამ საკითხის ინსტრუმენტალიზებით, მშვიდობის მიზნებისთვის შეუსაბამოდ ჩაითვალა რუსეთისთვის სანქციების დაწესება და უკრაინის სამხედრო იარაღით დახმარება. ორბანის თქმით, ის დღესდღეობით არის „მშვიდობის ენით მოსაუბრე ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, მაშინ როცა სხვა ყველა ევროპელი ლიდერი ომის ხმის გამჟღერებელია.“[53]

ორბანის მაგალითი ყველაზე თვალსაჩინოა იმის საჩვენებლად, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არსაიდან არ მოსულა. მეტიც, ეს მაგალითი ევროპის მასშტაბით მკვეთრად გაძლიერებულ ულტრამემარჯვენე ტრენდს გამოხატავს,[54] სადაც ადგილობრივი პოლიტიკის საკითხები დაინახება ომისა და მშვიდობის პარადიგმის შუქზე და ამ გზით მათ ენიჭება ურგენტულობის, საგანგებოობისა და ეგზისტენციალურობის მნიშვნელობები. ასე გამოიყენა „ქართულმა ოცნებამაც“ ეს საკითხები საზოგადოებრივი პროცესების მართვის, არადემოკრატიული კანონების მიღებისა და სახელმწიფოს მიტაცების მიზნებისთვის.  

ამასთან, ეს „მშვიდობის“ ნარატივი სრულად დაცლილია საზოგადოებრივ ჯუფებს შორის თანხმობის მიღწევის, კონსენსუსის, სამართლიანობისა და თანასწორობის იდეებისგან. ესაა რეპრესიული მშვიდობა, რომელიც ეფუძნება საზოგადოების ჰომოგენიზაციას, განსხვავებების წაშლას და ძალაუფლების ცენტრალიზაციას. ამგვარი მშვიდობა კი ღირებულებითი ასპექტებისგან დაშორებულია და გამოიყენება ჩაგვრისა და ავტორიტარიზმის გამართლების ფასადად. სწორედ ამგვარი ფასადურობისა და თვალთმაქცობის ანტითეზად უნდა დაინახებოდეს საზოგადოებრივ პროტესტში აქტიურად გამოყენებული საპროტესტო შეძახილიც: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა.“

შეჯამება

იმის გამო, რომ საგანგებო მდგომარეობის თეორია სამეცნიერო ლიტერატურაში მჭიდროდაა დაკავშირებული მისი გამოცხადების, სახელმწიფო ორგანოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების და პრაქტიკული განხორციელების კონსტიტუციურ-სამართლებრივ ლაბირინთებთან, ხშირად მხედველობის არედან ქრება მისი დისკურსული დე-ფაქტო იმპლემენტაციის რისკები და მაგალითები. არადა, როგორც ზოგიერთი ავტორი აღნიშნავს, საგანგებო მდგომარეობა დღევანდელ სამყაროში უკვე ნორმალიზებული ფენომენია, მისი დე-იურე გამოცხადებისგან დამოუკიდებლად. ეს ნიშნავს, რომ ის პრაქტიკები, რაც ტრადიციულად საგანგებო მდგომარეობას მიეწერებოდა, რეალურად ხორციელდება ყოველდღიურობაში.

„ქართული ოცნების“ ავტორიტარული მმართველობის წარმატების ფორმულა საგანგებო მდგომარეობის დე-ფაქტო რეჟიმით სამართლებრივი ვაკუუმის შექმნაა. ამგვარ კენომურ რეალობაში განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიები თავისუფლდება სამართლებრივი შეფასებებისგან, რადგან ის დაღდასმულია აუცილებლობის კატეგორიებით. ესაა მისი ლეგიტიმურობის პირობა.

ბენიამინი აღნიშნავს, „ჩაგრულთა ტრადიცია გვასწავლის, რომ „საგანგებო მდგომარეობა“, რომელშიც ვცხოვრობთ, წესია. აუცილებელია, გამოვიმუშაოთ ისტორიის ისეთი გაგება, რომელიც ამ ფაქტს შეესაბამება.”[55] დღევანდელი საქართველო იმართება საგანგებო მდგომარეობის დისკურსის გავლით, რომელიც ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და სამართლიანობას დროით და სივრცულ ანომალიად ხედავს. დღეს ამ ანომალიის ადგილი, „ქართული ოცნების“ პერსპექტივით, საზოგადოებაში არ არის. თუმცა, ისტორიისა და რეალობის სწორი გაგება გვკარნახობს, რომ ჩვენ სწორედ დემოკრატია, სამართლიანობა და ადამიანის უფლებები გვჭირდება.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება. 2025 წლის 21 აპრილი. ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/posts/pfbid02NevGQvLJiaxRn1JV1kuE4q4fVi5mWaAfvUqHf6ESoRznPCxuQ6aGGY6LK7VaaBozl

[2] აგამბენი, ჯორჯო. 2005. საგანგებო მდგომარეობა. ნინო მიქაშავიძის თარგმანი. ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/sagangebo-mdgomareoba

[3] Rossiter, Clinton L. 1948. Constitutional Dictatorship. Princeton University Press. P. 5.

[4] Ibid.

[5] Ibid, p. 297.

[6] აგამბენი, ჯორჯო. 2005. დასახელებული ნაშრომი, გვ. 37.

[7] იქვე, გვ. 38.

[8] იქვე, გვ. 38.

[9] იქვე.

[10] იქვე, გვ. 39.

[11] იქვე.

[12] იქვე, გვ. 54, 57.

[13] იქვე, გვ. 58.

[14] იქვე, გვ. 2.

[15] Young, Stephen M. 2024. “Naked ambitions and masked violence: the critical importance of story for law.” Law and Humanities, p. 2. DOI: 10.1080/17521483.2024.2421097

[16] Ibid, p. 1.

[17] კაკაჩია, კორნელი, ლევან კახიშვილი და ნინო სამხარაძე. 2024. „წინასაარჩევნო ნარატივები: როგორ საქართველოზე ოცნებობს ქართული ოცნება?” საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, გამოცემა #77. გვ. 5.

[18] იქვე, გვ. 7.

[19] საზოგადოებრივი მაუწყებელი. 2022. „ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ქვეყანაში მშვიდობა და არ დავუშვათ ომი, არეულობა, დესტაბილიზაცია, ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ამ დაკვეთას შევასრულებ.” ხელმისაწვდომია: https://1tv.ge/news/irakli-gharibashvili-chveni-mtavari-amocana-unda-iyos-qveyanashi-mshvidoba-da-ar-davushvat-omi-areuloba-destabilizacia-es-aris-chveni-khalkhis-dakveta-da-am-dakvetas-shevasruleb/

[20] იქვე, გვ. 8.

[21] რუსთავი 2. 2023. „საქართველო გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რთული გამოწვევების წინაშე დგას, მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან, ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს - ბიძინა ივანიშვილი.” ხელმისაწვდომია: https://rustavi2.ge/ka/news/272555

[22] საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშები: 2023. გვ. 18; 2022: გვ. 16-18. ხელმისაწვდომია: https://ssg.gov.ge/uploads/user-10-d3d9446802a44259755d38e6d163e820/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%202022.pdf და https://ssg.gov.ge/uploads/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%202023.pdf

[23] იქვე, გვ. 24-25.

[24] Civil.ge. 2024. „სუსი აქციების დროს „უცხოეთიდან დაფინანსებული პროვოკაციების“ შესახებ აფრთხილებს.” ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/604505

[25] სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED). 2024. „ქართული ოცნების“ პროპაგანდა პროტესტის ჩასახშობად.“ ხელმისაწვდომია: https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/qartuli-otsnebis-propaganda-protestis-chasakhshobad-

[26] სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED). 2025. „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანია ფეისბუქზე საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.“ გვ. 10-11.

[27] იქვე, გვ. 12.

[28] იქვე, გვ. 12-13.

[29] იქვე, გვ. 13.

[30] იქვე.

[31] ნეტგაზეთი. 2024. „ღარიბაშვილის თქმით, III მსოფლიო ომის ალბათობაზე რუსეთი და ნატოს სახელმწიფოები საუბრობენ.” ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/725083/

[32]  Bargetz, Brigitte. 2021. “Haunting sovereignty and the neurotic subject: contemporary constellations of fear, anxiety and uncertainty.” Citizenship Studies, 25(1) 20-35. DOI: 10.1080/13621025.2020.1786502

[33] რადიო თავისუფლება. 2024. „„ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს.” ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33219304.html

[34] იქვე.

[35] „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება. 2025 წლის 8 იანვარი. ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/posts/pfbid0SWJf42HhXfPJC4CgYyZPUMeiVoqgVUU4D9sy826rXHb4KH6m397vbZb8RdEumZYkl

[36] იქვე.

[37] მაგ. იხ.: Civil.ge. 2025. „„ქართული ოცნების“ ლიდერები „დიფ სთეითის“ შეთქმულების შესახებ ნარატივს აძლიერებენ.” ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/669245

[38] Civil.ge. 2024. „მდინარაძე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე.” ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/636621

[39] საზოგადოებრივი მაუწყებელი. 2024. „ირაკლი კობახიძე - სირცხვილია, რასაც ვისმენთ, რომ სისტემური ძალადობა და მშვიდობიანი პროტესტი იყო, ასეთი სამარცხვინო ტყუილი დასავლური სივრციდან, ძალიან მძიმედ აისახება დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციაზე.” ხელმისაწვდომია: https://1tv.ge/news/irakli-kobakhidze-sirckhvilia-rasac-visment-rom-sistemuri-dzaladoba-da-mshvidobiani-protesti-iyo-aseti-samarckhvino-tyuili-dasavluri-sivrcidan-dzalian-mdzimed-aisakheba-dasavluri-institutebis-re/

[40] საზოგადოებრივი მაუწყებელი. 2025. „„ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.” ხელმისაწვდომია: https://1tv.ge/news/qartulma-ocnebam-daainicira-cvlilebebi-romlebic-ramdenime-mimartulebit-kanonmdeblobis-gamkacrebas-itvaliswinebs/

[41] Civil.ge. 2025. „„ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ნაციონალური მოძრაობის „მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას“ ითვალისწინებს.“ ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/672285

[42] Molas, Bàrbara, and Kacper Rekawek. 2024. “Introduction: Russia’s “Political Warfare” via the Far-Right.” In Russia and the Far-Right: Insights from Ten European Countries, edited by Kacper Rekawek, Thomas Renard, and Bàrbara Molas. The Hague: ICCT Press, p. 4.

[43] Ibid.

[44] Ibid.

[45] Müller, Patrick, Joanna Dyduch, and David Gazsi. 2025. “Populism, party-cohesion, and the de-Europeanisation of national foreign policy institutions in Hungary and Poland.” Cambridge Review of International Affairs. DOI: 10.1080/09557571.2025.2476032. pp. 8-12.

[46] Zgut-Przybylska, Edit. 2024. “Hungary: The pro-Russian Far-Right is Reinforced by the Orbán Regime.” In Russia and the Far-Right: Insights from Ten European Countries, editied by Kacper Rekawek, Thomas Renard, and Bàrbara Molas. International Centre for Counter-Terrorism (ICCT), p. 112.

[47] Ibid.

[48] Ibid, p. 113.

[49] Merabishvili, Gela. 2023. “Orbán’s three perspectives on the Russian-Ukrainian War.” UGSP Analytical Paper Series, p. 2.

[50] Ibid, p. 8.

[51] Ibid, p. 9.

[52] Ibid.

[53] Ibid.

[54] Molas, Bàrbara, and Kacper Rekawek. 2024. დასახელებული სტატია, pp. 3-6.

[55] Benjamin, Walter. 1940. “On the Concept of History.” VIII thesis. ხელმისაწვდომია: https://www.marxists.org/reference/archive/benjamin/1940/history.htm

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“