[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / თარგმანი

საგანგებო მდგომარეობა - ჯორჯო აგამბენი

ნინო მიქაშავიძე 

თარგმანი: ნინო მიქაშავიძე

  1. საგანგებო მდგომარეობა, როგორც მმართველობის პარადიგმა

1.1 არსებითი კავშირი საგანგებო მდგომარეობასა და სუვერენულობას შორის ჩამოაყალიბა კარლ შმიტმა თავის წიგნში Politische Theologie (1922). მიუხედავად იმისა, რომ სუვერენის მისი ცნობილი დეფინიცია – “ის, ვინც აცხადებს საგანგებო მდგომარეობას” – ფართოდ არის განხილული, საჯარო სამართალში ჯერ კიდევ არ არსებობს თეორია საგანგებო მდგომარეობის შესახებ. იურისტები და საჯარო სამართლის თეორეტიკოსები საკითხს უდგებიან, როგორც quaestio facti- და არა, როგორც ჭეშმარიტად იურიდიულ პრობლემას. ამგვარი თეორია არა მხოლოდ განწირულია არალეგიტიმურად შერაცხვისათვის იმ ავტორების მხრიდან, რომლებიც (უძველესი მაქსიმას მიხედვით, necessitas legem non habet [აუცილებლობა არ ცნობს კანონებს]) მიიჩნევენ, რომ აუცილებლობის მდგომარეობა, რომელსაც ეფუძნება საგანგებო მდგომარეობა, ვერ შეიძენს იურიდიულ სახეს, არამედ, ვინაიდან ტერმინი პოლიტიკისა და სამართალის მიჯნაზე მდებარეობს, რთული ხდება მისი განსაზღვრაც კი. მართლაც, ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობა წარმოადგენს “მიჯნას, რომელზეც საჯარო სამართალსა და პოლიტიკურ ფაქტს შორის არსებული ბალანსი ირღვევა" (Saint-Bonnet 2001, 28), რომელიც, როგორც სამოქალაქო ომი, ამბოხი და წინააღმდეგობა, – “ბუნდოვან, გამოუცნობ განაპირა ზოლში, პოლიტიკურისა და სამართლებრივის კვეთაზე არსებობს” (Fontana 1999, 16).

საზღვრების პრობლემა კიდევ უფრო მეტად მწვავდება, თუკი საგანგებო ზომები პოლიტიკური კრიზისის პერიოდების შედეგია და, როგორც ასეთი, უნდა განვიხილოთ პოლიტიკურ და არა იურიდიულ-კონსტიტუციონალურ ჭრილში (De Martino 1973, 320); შედეგად, ისინი აღმოჩნდებიან პარადოქსულ სიტუაციაში, წარმოადგენენ რა სამართლებრივ ზომებს, რომლებიც არ იკითხება სამართლის ენაზე. საგანგებო მდგომაროება კი წარმოჩინდება, როგორც სამართლებრივი ფორმა იმისა, რასაც ვერ ექნება სამართლებრივი ფორმა. მეორე მხრივ, თუკი კანონი იყენებს საგანგებო მდგომარეობას, როგორც ორიგინალურ საშუალებას, რათა დაუკავშირდეს ცხოვრებას და მოიცვას იგი, რაც თავისთავად კანონის ქმედითობის გაუქმებას გულისხმობს, მაშინ საგანგებო მდგომარეობის თეორია იქნება წინაპირობა, რომლის მეშვეობითაც მყარდება ისეთი ტიპის ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც მჭიდროდ აკავშირებს და ამავდროულად, მიჯნავს ცოცხალ არსებასა და კანონს ერთმანეთისაგან.

სწორედ ეს უკაცრიელი სივრცე, რომელიც საჯარო სამართალსა და პოლიტიკურ ფაქტს, იურიდიულ წესრიგსა და ცხოვრებას შორის არსებობს, არის წინამდებარე ნაშრომის საკვლევი თემა. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ მიახლოებით მაინც გავიგოთ მნიშვნელობის მასშტაბურობა, რომელიც პოლიტიკურსა და იურიდიულს, კანონსა და ცოცხალ არსებას შორის არსებულ სხვაობას (ან სავარაუდოდ არსებულ სხვაობას) ეხება, თუ ამ ბუნდოვან ტერიტორიას ფარდას ავხდით. იქნებ მხოლოდ ამის შემდეგ გახდეს შესაძლებელი, რომ პასუხი გაეცეს კითხვას, რომელიც მუდმივად დაისმის დასავლური პოლიტიკის ისტორიაში: რას ნიშნავს, იმოქმედო პოლიტიკურად?

გაეცანით თარგმანის სრულ ვერსიას⇓

საგანგებო_მდგომარეობა__1539857226.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“