[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - მის ინტერესებს სტრასბურგში სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაიცავს

ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის გაძევების საქმეზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებთ, გვსურს გაცნობოთ საქმის მომდინარე მდგომარეობა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 30 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ და მას ნებაყოფლობით ქვეყნის დასატოვებლად 10-დღიანი ვადა განუსაზღვრა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის ოფიციალურ ზეპირ კომუნიკაციაში მოცემული განმარტებით, აღნიშნული ვადის ათვლა ჯერ არ დაწყებულა და ის მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც სასამართლო მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაძევების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. ვადების ათვლასთან და მომავალ პროცედურებთან დაკავშირებით მსგავსი განმარტება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოს სახალხო დამცველსაც მისცა.

ადგილობრივ დონეზე სასამართლო დავის დასრულებისა და გაძევების პროცედურების დაწყებისთანავე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს დროებითი ღონისძიების მექანიზმის გამოყენება, თურქეთში მისი იძულებითი გაძევების პირობებში მოსალოდნელი უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით.

საქმესთან დაკავშირებული ძირითადი გარემოებები

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიგრაციის დეპარტამენტმა თემურ ქათამაძის გაძევების პროცედურები 2025 წლის 16 იანვარს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ის ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს ბათუმის პროტესტში აქტიური მონაწილეობის გამო. თემურ ქათამაძე ბათუმის უწყვეტი პროტესტის მედროშე და აქტიური მონაწილე იყო.

თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. ის თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის - “ჩვენებურების” - აქტიური წევრი, ლიდერი და აქტივისტია. ის საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ ქვეყანა არ დაუტოვებია. მისი მიზანი საქართველოში სრული რეინტეგრაცია და ცხოვრება იყო. თემურ ქათამაძე 2019 წლამდე ქვეყანაში სამუშაო ვიზით ცხოვრობდა, თუმცა 2020 წელს ვიზის გაგრძელებაზე უარი მიიღო. ამ პერიოდში თემურ ქათამაძემ საქართველოს მოქალაქეობის მიღება სამჯერ სცადა (2012, 2015, 2019 წლებში), თუმცა ყველა შემთხვევაში უარი მიიღო. ამჟამად თემურ ქათამაძე სასამართლოს მეშვეობით ისევ აგრძელებს მოქალაქეობის მოპოვებას და ეს დავა 2019 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

მისი გაძევების საკითხი დღის წესრიგში პირველად მხოლოდ მას შემდეგ დადგა, რაც იგი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ადგილობრივმა პოლიციამ თვითნებურად დააკავა და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გათავისუფლებისთანავე იგი დროებითი მოთავსების იზოლატორის შენობის წინ ხელახლა დააკავეს, ამჯერად საიმიგრაციო წესების დარღვევის გამო.

დაკავების შემდეგ თემურ ქათამაძემ მიგრაციის დეპარტამენტს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით მიმართა, რომელმაც გადაწყვეტილება 3 დღეში მიიღო და უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. თემურ ქათამაძე ამტკიცებდა, რომ 2023 წლის 8 იანვარს, თბილისში თურქეთის საელჩოსგან მიღებული ელექტრონული წერილით ეცნობა, რომ მის მიმართ თურქეთში გამოცემულია დაკავების ორდერი, თუმცა, მისი არა ერთი მცდელობის მიუხედავად მას თურქეთის მიერ არ ეცნობა დაკავების სამართლებრივი საფუძველი და მიზეზი. პასპორტის ვადის ამოწურვის გამო მას თურქეთმა არ გაუკეთა საჭირო მინდობილობა, რამაც მას პრაქტიკულად წაართვა სამართალსუბიექტობა საკუთარი უფლებების დაცვისთვის. თემურ ქათამაძე ვარაუდობს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში, მის მიმართ გამოძიება, სავარაუდოდ შეიძლება მის საქმიანობას უკავშირდებოდეს. ამასთან მისი განმარტებით, მის მიმართ გამოძიება შესაძლოა ფეთულა გიულენის ორგანიზაციის წევრებთან, საქართველოში მის პირად მეგობრობას უკავშირდებოდეს, რაც დაუსაბუთებელი ეჭვია. თურქეთში თემურ ქათამაძის დაკავებისა და დევნის გარემოებები სათანადოდ არ შეისწავლა არც მიგრაციის დეპარტამენტმა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა თემურ ქათამაძეს წართმეული ჰქონდა სამართლებრივი შესაძლებლობები მიეღო ინფორმაცია მისი დაკავების საფუძვლების შესახებ და შესაბამისად, სათანადოდ დაეცვა თავი.

სამწუხაროდ, მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა და ორივე ინსტანციის სასამართლომ დაჩქარებულად, 4 თვეში მიიღო გადაწყვეტილება. ეროვნულ დონეზე საქმის წარმოებაში თემურ ქათამაძეს სამართლებრივ დაცვას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ორგანიზაცია უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური თავშესაფრის საკითხზე მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრებაც (Amicus curiae), რომელიც მიმოიხილავდა თემურ ქათამაძის საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, თურქეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და მის საქართველოდან გაძევების შემთხვევაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისა და თვითნებური და დისკრიმინაციული დევნის რისკებს. სასამართლო მეგობრის პოზიციაში წარმოდგენილი იყო თურქეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების უახლესი ანგარიშები და შეფასებები, თუმცა სასამართლომ ჩვენი პოზიცია სათანადოდ არ გაიზიარა.

2025 წლის 29 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ამით თავშესაფრის მოთხოვნის გასაჩივრების შესაძლებლობა ეროვნულ დონეზე ამოიწურა. ერთ დღეში, 30 აპრილს მიგრაციის დეპარტამენტმა გააგრძელა გაძევების შეჩერებული პროცედურა და ქათამაძეს ნებაყოფლობითი გაძევებისთვის 10 დღიანი ვადა განუსაზღვრა.

მიგრაციის დეპარტამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება თემურ ქათამაძემ, საქართველოს ახალგაზრდად იურისტთა ასოციაციის დახმარებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა, თუმცა ის ფიქრობდა, რომ აღნიშნული სარჩელი მის გაძევებას ვერ შეაჩერებდა. მიგრაციის დეპარტამენტის წერილში, სადაც თემურ ქათამაძის გაძევების რეჟიმი და ვადებია აღწერილი, ექსპლიციტურად მითითებული როგორ აითვლება ნებაყოფლობითი და იძულებითი გაძევების ვადები. საერთაშორისო დაცვის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმები ამ კუთხით პირდაპირ ჩანაწერებს არ ითვალისწინებს და სწორედ ეს იყო სამართლის მოთხოვნების და რეგულაციების განჭვრეტის მიზეზი.

მიმდინარე წლის 8 მაისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში ვთხოვეთ განმარტება და მათ მიერ ზეპირსიტყვიერად გვეცნობა, რომ ვინაიდან გაფფარ ილმაზმა კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული ბრძანება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, მისი მოქმედების ვადა ჩერდება, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მიგრაციის დეპარტამენტმა იგივე დაუდასტურა სახალხო დამცველის აპარატსაც.

ამ ეტაპზე თემურ ქათამაძე კვლავ მიგრაციის დეპარტამენტის დროებით მოთავსების ცენტრში იმყოფება და ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გაფფარ ილმაზის (თემურ ქათამაძის) ინტერესების დაცვას გეგმავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მათ შორის, აპირებს, ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე დროებითი ღონისძიების მოთხოვნას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის სიახლეებს საქმესთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“